დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1501-2025
28 აპრილი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ლ-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება, თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს „ლ–მ“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ქ. თბილისის გლდანის რაიონის გამგეობის (შემდეგში, მოპასუხე) მიმართ, პირგასამტეხლოს სახით მოპასუხის მიერ დაკავებული თანხიდან - 27 075,04 ლარიდან 21 660,04 ლარის დაბრუნების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ლ–ს“ სარჩელი, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის მიმართ, პირგასამტეხლოს შემცირებისა და თანხის დაბრუნების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
3.2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1. 2023 წლის 03 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობას („შემსყიდველი“) და შპს „ლ–ს“ („მიმწოდებელი“) შორის დაიდო №02.09.10/30/031 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადაც განისაზღვრა 2026 წლის 03 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტს წარმოადგენს - ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე „მ“-ის დასახლებაში, ......... ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები, განსაზღვრული მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ამავე მუხლის 2.2.-2.5. პუნქტების მიხედვით, შესყიდვის საშუალება არის ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე (განცხადების №NAT230003992; კლასიფიკაციის კოდი №CPV- 45232460 - საკანალიზაციო სამუშაოები), ხოლო ღირებულება - 601 438.82 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით).
4.2.2. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტით სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა - ეტაპობრივად, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, არაუგვიანეს 2023 წლის 03 ივლისისა. ამავე მუხლის 3.3. პუნქტის თანახმად, სამუშაოები შესრულებული უნდა იქნას საპროექტო დოკუმენტაციების შესაბამისად. სამუშაოების შესრულებისას გამოსაყენებელი მასალები და პროდუქცია, უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო დოკუმენტაციის გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ხოლო 3.4. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოების შესრულების კალენდარული გეგმა-გრაფიკი უნდა წარმოადგინოს და შემსყიდველთან შეათანხმოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1. პუნქტის მიხედვით, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი 5 სახე - საბანკო გარანტია ნომერი FG/23 004042, გაცემული სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ მიერ 03.04.2023 წ.-ს, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, თანხით 30 073.00 ლარი, რომლის მოქმედების ვადაა გაცემიდან 2023 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1. პუნქტის შესაბამისად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები. ამავე მუხლის 9.5. პუნქტის თანახმად, სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკის კონკრეტული პუნქტის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ამავე მუხლის 9.6. პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამშენებლო სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადის ან წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების/ხარვეზიანი სამუშაოს ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2.3. 2023 წლის 03 აპრილის №02.09.10/30/031-1 შეთანხმებით, ცვლილება შევიდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლზე შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირების განმახორციელებელი თანამშრომლების ჩამონათვალში. 2023 წლის 03 ივლისს №02.09.10/30/031-2 შეთანხმებით, გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების 03.07.2023 წ.-ს №34-01231843186 მოთხოვნის წერილისა და სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ცნობის საფუძველზე, შეიცვალა მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადა და დასრულების თარიღად, ნაცვლად 2023 წლის 03 ივლისისა, განისაზღვრა 2023 წლის 03 აგვისტო.
4.2.4. 2023 წლის 03 აგვისტოს №02.09.10/30/031-3 შეთანხმებით, გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების 03.08.2023 წ.-ს №34-0123215857 მოთხოვნის წერილის, შპს „ლ–ს“ წერილისა და კორექტირებული გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეიცვალა მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადა და დასრულების თარიღად, ნაცვლად 2023 წლის 03 აგვისტოსი, განისაზღვრა 2023 წლის 10 აგვისტო.
4.2.5. 2023 წლის 08 სექტემბრის №02.09.10/30/031-4 შეთანხმებით, გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების 08.09.2023 წ.-ს №34-012325154 მოხსენებითი ბარათის, შეთანხმების აქტისა და სხვადასხვა კორესპონდენციის საფუძველზე, შეიცვალა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და 601 438.82 ლარის ნაცვლად, განისაზღვრა 572 907.63 ლარით, რაც განპირობებული იყო სამუშაოების მიმდინარეობის დროს წარმოქმნილი სხვადასხვა მიზეზების გამო.
4.2.6. 29.09.2023 წ.-ს №02.09.10/30/031-01 მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს 03.04.2023 წლის №02.09.10/30/031 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ–ს“ მიერ ქ. თბილისში, ......... ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპის შესრულების ფაქტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 6 426 625.51 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ვადაგადაცილება კი - 42 კალენდარულ დღეს. 16.10.2023 წლის №02.09.10/30/031-02 მიღება-ჩაბარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს 03.04.2023 წლის №02.09.10/30/031 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ლ–ს“ მიერ ქ. თბილისში,......... ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოების მე-2 ეტაპის შესრულების ფაქტი, რომლის ღირებულებაც შეადგენს 146 282.12 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ვადაგადაცილება კი - 57 კალენდარულ დღეს.
4.2.7. მხარეთა მიერ 2023 წლის 16 ოქტომბერს შედგენილი №02.09.10/30/031 საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით კი დადასტურდა ხელშეკრულების დასრულებისა და შპს „ლ–ს“ მიერ 03.04.2023 წ.-ს №02.09.10/30/031 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული შემდეგი სამუშაოების ფაქტები: ქ. თბილისში, ......... ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები - ჯამური ღირებულებით - 572 907.63 ლარი, დღგ-ს ჩათვლით, საიდანაც პირველ ეტაპზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება არის 426 625.51 ლარი, ხოლო მეორე ეტაპზე შესრულებულისა - 146 282.12 ლარი.
4.2.8. შეთანხმება-შედარების აქტით, მხარეებმა დადასტურეს შპს „ლ–ს“ მიერ 572 907.63 ლარის ღირებულების 03.04.2023 წ.-ს №02.09.10/30/031 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ფაქტი. ამასთანავე, აღინიშნა, რომ აღნიშნული ღირებულებიდან სამუშაოს დაგვიანებით შესრულებაზე დარიცხული და მიმწოდებლის წერილების საფუძველზე დაკავებული პირგასამტეხლო შეადგენს 27 075.04 ლარს. ამავე შეთანხმების ფარგლებში ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და ნაცვლად 2026 წლის 03 სექტემბრისა, განისაზღვრა 2026 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით.
4.2.9. 2023 წლის 29 სექტემბერს შპს „ლ–ს“ გაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის №34-01232721420 წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ 03.04.2023 წელს გაფორმებული №02.09.10/30/031 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ლ–ს“ მიერ ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე, „მ “ ......... ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოები შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების საბოლოო ვადის და კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევით, რაც დადასტურებულია ინფრასტრუქტურის პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების 29.09.2023 წ.-ს №34-0123272477 მოხსენებითი ბარათით და №02.09.10/30/031-1 მიღება-ჩაბარების აქტით, კერძოდ: ა(ა)იპ „მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ დადასტურებული ფორმა №2-ის და მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად სამუშაოები დასრულდა 2023 წლის 21 სექტემბერს, ნაცვლად ხელშეკრულებით და ვადების გაგრძელებაზე გაფორმებული შეთანხმებებით გათვალისწინებული 2023 წლის 10 აგვისტოსი, ანუ ვადაგადაცილება შეადგენს 42 კალენდარულ დღეს, რაზეც ხელშეკრულების 9.6 პუნქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო დაგვიანებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების (426 625.51 ლარის) 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (426 625.51 ლარის 0.1% * 42 დღე), რაც ჯამში შეადგენს 17 918.27 ლარს. ასევე, გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლების მიერ, სამუშაოების მიმდინარეობის კალენდარულ გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობის კონტროლის მიზნით 24.05.2023 წ.-ს შედგენილი ინსპექტირების აქტით ირკვევა გეგმა-გრაფიკის დარღვევა №25-დან №22-18 ჭაზე ქსელის მოწყობის სამუშაოებზე, რაც აღმოფხვრილი იქნა 20.06.2023 7 წ.-ს (იხ. 20.06.2023 წ.-ს ინსპექტირების აქტი), ანუ სამუშაოების მიმდინარეობის ჩამორჩენა დაფიქსირდა 27 კალენდარული დღით გეგმა-გრაფიკის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შესასრულებელ სამუშაოებზე, ჯამური ღირებულებით - 30 321.91 ლარი, რაზეც ხელშეკრულების 9.5 პუნქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გეგმა-გრაფიკის კონკრეტული პუნქტის ღირებულების 0.1%-ის ოდენობით (30 321.91 ლარის 0.1% * 27 დღე), რამაც შეადგინა 818.69 ლარი.
4.2.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის 16.10.2023 წ.-ს №34-01232893160 წერილით შპს „ლ–ს“ ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადის 57 კალენდარული დღით გადაცილების შესახებ, რის საფუძველზეც მას 9.6. პუნქტის შესაბამისად დაერიცხა პირგასამტეხლო ჯამში 8 338.08 ლარის ოდენობით (146 282.12 ლარის 0.1% * 57 დღეზე).
4.2.11. შპს „ლ–ს“ დირექტორმა 03.10.2023 წ.-ს და 17.10.2023 წ.-ს წერილებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობას და განუმარტა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ჯარიმად, თუმცა, რამდენადაც კომპანია არის ფინანსურად გამოუვალ მდგომარეობაში, თანახმაა, რომ მათ მიერ მითითებული თანხები დაკავებული იქნას შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან. ამავე წერილებით მიმწოდებლის წარმომადგენლის მიერ ამასთანავე მოთხოვნილი იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და პირგასამტეხლოს თანხებს შორის სხვაობის ჩარიცხვაც.
4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში უდავო იყო მხარეთა შორის არსებული ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტი. კერძოდ, დადგენილია, რომ 2023 წლის 3 აპრილს, შემსყიდველს - ქალაქ თბილისის გლდანის რაიონის გამგეობასა და მიმწოდებელს - შპს „ლ–ს“ შორის გაფორმდა N02.09.10/30/031 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე „მ-“-ის დასახლებაში, ......... ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოების წარმოება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 601 438.82 043.71 ლარით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, სამუშაო წარმოების კალენდარული გეგმა გრაფიკს შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, არაუგვიანეს 2023 წლის 3 ივლისი.
4.4. 2023 წლის 03 ივლისს №02.09.10/30/031-2 შეთანხმებით, გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების 03.07.2023 წ.-ს №34-01231843186 მოთხოვნის წერილისა და სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ცნობის საფუძველზე, შეიცვალა მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადა და დასრულების თარიღად, ნაცვლად 2023 წლის 03 ივლისისა, განისაზღვრა 2023 წლის 03 აგვისტო. 2023 წლის 03 აგვისტოს №02.09.10/30/031-3 შეთანხმებით, გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების 03.08.2023 წ.-ს №34-0123215857 მოთხოვნის წერილის, შპს „ლ–ს“ 8 წერილისა და კორექტირებული გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეიცვალა მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადა და დასრულების თარიღად, ნაცვლად 2023 წლის 03 აგვისტოსი, განისაზღვრა 2023 წლის 10 აგვისტო. მოსარჩელე შპს „ლ–სათვის“ (მიმწოდებელი) მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გლდანის რაიონის გამგეობის (შემსყიდველის) მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თითოეულ დარღვევაზე განისაზღვრება ვადაგადაცილებული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ით, ხელშეკრულების 9.5 და 9.6 პუნქტების შესაბამისად, ხოლო თანხობრივად, დარიცხულ პირგასამტეხლოთა ჯამი შეადგენს 27 075.04 ლარს, საიდანაც პირველი ეტაპის სამუშაოების ვადის 42 კალენადრული დღით გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა არის - 17 918.27 ლარი (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 426 625.51 ლარის 0.1% * 42-ზე), გეგმა-გრაფიკის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის 27 დღით გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო - 818.69 ლარი (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 30 321.91 ლარის 0.1% * 27-ზე), ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადის 57 დღით გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო კი - 8338.08 ლარი (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 146 282.12 ლარის 0.1% * 57-ზე). ამასთან, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, 08.09.2023 წ.-ს №02.09.10/30/031-4 შეთანხმების გათვალისწინებით, განისაზღვრება 572 907.63 ლარის ოდენობით.
4.5. განსახილველ შეთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა დარიცხული და დაკავებული პირგასამტეხლოს თანხების შემცირება გონივრულ ოდენობამდე, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე და მიუთითა გარემოებებზე, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო მხარის მიერ მოწონებულია ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, შესრულების დამაბრკოლებელ ობიექტურ გარემოებებზე, მოსარჩელის აპელირების პასუხად, მოპასუხემ განმარტა, რომ მისთვის მოსარჩელის მიერ მიმართული წერილები ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ორივე შემთხვევაში დაკმაყოფილდა შემსყიდველის მიერ. ხოლო სამუშაოების მითითებულ ვადაში დაუსრულებლობის ფაქტები უტყუარად დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით.
4.6. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის დარიცხული და დაქვითული პირგასამტეხლოს მართლზომიერება. სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა - 27 075.04 ლარი არ აღემატება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს, რაც შეადგენს 57 290.76 ლარს), სახეზე არ იყო შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე არათანაზომიერი მოპყრობისა თუ არაპროპორციული სანქციის გამოყენება. შესაბამისად, არ არსებობდა პირგსამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4.7. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მოპასუხის მიერ პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ხელშეკრულების საერთო და არა ვადაგადაცლებით და/ან გეგმა-გრაფიკის დარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან, რადგან აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი განჩინების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი პოზიცია, რომ ვადაგადაცილება მოპასუხის ბრალეული ქმედებიდან გამომდინარეობდა, შესაბამისად მას უკანონოდ დაეკისრა პირგასამტეხლო. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად მაღალია და არასწორად არის გამოთვლილი ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, იმ პირობებში როდესაც ვადაგადაცილების დროს სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე შესრულებული იყო.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, ასევე მისი მოსაზრებით, ვალდებულის შესრულების ვადაგადაცილების გამო დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა გამოანგარიშდეს ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობიდან და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან.
13. საკასაციო პალატის საკვლევ გარემოებას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ პირგასამტეხლოს დაანგარიშების მართლზომიერების შეფასება წარმოადგენს.
14. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.
15. სსკ-ის 361.2 მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებულ ჩარჩოშია მოქცეული ხელშემკვრელ მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაც არის ნარდობის ხელშეკრულებაც, 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
16. განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადები. ასევე, უდავოა მხარეთა შორის ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. დადგენილია, რომ 2023 წლის 3 აპრილს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა N02.09.10/30/031 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც ქ. თბილისში, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე „მ-2“-ის დასახლებაში, ......... ქუჩის კანალიზაციის გარე ქსელის მოწყობის სამუშაოების წარმოება წარმოადგენდა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 601 438.82 043.71 ლარით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა ეტაპობრივად, სამუშაო წარმოების კალენდარული გეგმა გრაფიკს შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე, არაუგვიანეს 2023 წლის 3 ივლისი.
17. 2023 წლის 03 ივლისს №02.09.10/30/031-2 შეთანხმებით, გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების 2023 წლის 1 ივლისის №34-01231843186 მოთხოვნის წერილისა და სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ ცნობის საფუძველზე, შეიცვალა მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადა და დასრულების თარიღად, ნაცვლად 2023 წლის 03 ივლისისა, განისაზღვრა 2023 წლის 03 აგვისტო. 2023 წლის 03 აგვისტოს №02.09.10/30/031-3 შეთანხმებით, გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების მართვისა და პროექტირების განყოფილების 03.08.2023 წ.-ს №34-0123215857 მოთხოვნის წერილის, შპს „ლ–ს“ წერილისა და კორექტირებული გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, კიდევ ერთხელ შეიცვალა მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ვადა და დასრულების თარიღად, ნაცვლად 2023 წლის 03 აგვისტოსი, განისაზღვრა 2023 წლის 10 აგვისტო. მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თითოეულ დარღვევაზე განისაზღვრება ვადაგადაცილებული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ით, ხელშეკრულების 9.5 და 9.6 პუნქტების შესაბამისად, ხოლო თანხობრივად, დარიცხულ პირგასამტეხლოთა ჯამი შეადგენს 27 075.04 ლარს, საიდანაც პირველი ეტაპის სამუშაოების ვადის 42 კალენადრული დღით გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა არის - 17 918.27 ლარი (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 426 625.51 ლარის 0.1% * 42-ზე), გეგმა-გრაფიკის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის 27 დღით გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო - 818.69 ლარი (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 30 321.91 ლარის 0.1% * 27-ზე), ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადის 57 დღით გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო კი - 8338.08 ლარი (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 146 282.12 ლარის 0.1% * 57-ზე). ამასთან, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, 08.09.2023 წ.-ს №02.09.10/30/031-4 შეთანხმების გათვალისწინებით, განისაზღვრება 572 907.63 ლარის ოდენობით.
18. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ 2023 წლის3 ოქტომბერს და 2023 წლის 17 ოქტომბერს წერილებით მიმართა მოპასუხეს და განუმარტა, რომ დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო, თუმცა რამდენადაც, კომპანია იყო ფინანსურად გამოუვალ მდგომარეობაში, თანახმა იყო მათ მიერ მითითებული თანხები დაკავებული ყოფილიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან. ამავე წერილებით, მიმწოდებლის წარმომადგენელმა მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და პირგასამტეხლოს თანხებს შორის სხვაობის ჩარიცხვაც (იხ. ტ.1, ს/ფ 46,48).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლ–ურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლ–ური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1068-2024, 30.10.2024წ.; N ას-1345-2024, 30.10.2024წ.; N ას-1052-2024, 30.10.2024წ.; N ას-1283-2024, 30.11.2024წ.). რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ.; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1068-2024, 30.10.2024წ.; N ას-1345-2024, 30.10.2024წ.; N ას-1052-2024, 30.10.2024წ.; N ას-1283-2024, 30.11.2024წ.). მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ-ები №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ.).
22. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა, წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევის ფაქტი, კასატორის პრეტენზია მიმართულია მხოლოდ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაზე. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ არ არსებობს დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი. მოსარჩელის მოთხოვნის პასუხად, რომ მას შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად პირგასამტეხლო 0.1%-ის ნაცვლად უნდა დაკისრებოდა 0.0.2%-ის ოდენობით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე“, რომლის თანახმად, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.0.2%-ის ოდენობით, ასევე, ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შესაძლებელია პირგასამტეხლო განისაზღვროს შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც სავალდებულო ხასიათის არაა, შესაბამისად, დოკუმენტში მითითებული ოდენობა, არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სტანდარტული პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გამოთვლა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელშეკრულების სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. (იხ. სუსგ-ები საქმე №1519-2023, 21.06.2024 წ. №ას-918-2024, 11.10.2024 წ.)
23. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და გარემოებების გათვალისწინებით, როგორებიცაა, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ტიპი, ღირებულება, შესასრულებელი სამუშაო, სამუშაოს შესრულების ვადა და მისი დარღვევა, შესრულების მიმართ მოპასუხის ინტერესი, ასევე, მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა - 27 075.04 ლარი არ აღემატება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ს, რაც შეადგენს 57 290.76 ლარს), ადგილი არ აქვს მოპასუხის მხრიდან მიმწოდებლის მიმართ არაპროპორციული სანქციის დაკისრების ფაქტს.
24. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შეად. სუსგ-ებს: N ას-189-2022, 16.09.2022 წ; N ას-310-2022, 16.12.2022 წ; N ას-889-2022, 23.03.2023წ; N ას-65-2024, 15.04. 2024 წ; N ას-1519-2023, 21.06. 2024 წ; N ას-485-2024, 28.06.2024 წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების გზით მოვალისათვის დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც კრედიტორს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ N ას-504-2024, 4.10.2024წ.).
25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო ვადაგადაცილებით და/ან გეგმა-გრაფიკის დარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შემსყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოები ჩაბარდა ორ ეტაპად, საიდანაც პირველი ეტაპი შესრულდა 42 კალენდარული დღის, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები - 57 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, მიმწოდებლის მიერ ვადა გადაცილებული იქნა უშუალოდ სამუშაოების მიმდინარეობისასაც, კერძოდ გეგმა გრაფიკის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოების პროცესში დაფიქსირდა ჩამორჩენა 27 კალენდარული დღით. დადგენილია, რომ მოსარჩელისთვის მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თითოეულ დარღვევაზე ხელშეკრულების 9.5 და 9.6 პუნქტების შესაბამისად განისაზღვრა თითოეულ დარღვევაზე ვადაგადაცილებული სამუშაოების 0.1%-ით, ხოლო თანხობრივად, დარიცხული პირგასამტეხლოთა ჯამი შეადგენს 27 075.04 ლარს, საიდანაც პირველი ეტაპის სამუშაოების ვადის 42 კალენდარული დღით ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო არის - 17 918,27 ლარს (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 426 625.51 ლარის 0.1%*42-ზე), გეგმა გრაფიკის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების ვადის 27 დღით გადაცილების გამო დარიცხული 818.69 ლარი (ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 30 321.91 ლარის 0.1%*27-ზე), ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოების ვადის 57 დღით გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო არის 8338.08 ლარი ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 146 282,12 ლარის 0.1%*57-ზე). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. დამატებით, საკასაციო პალატა, კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მისეული პირგასამტეხლოს გაანგარიშება 0.02%-მდე შემცირებაზე სწორედ ვადაგადაცილებული სამუშაოების ღირებულებაზეა დამყარებული. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს ხსენებული პრეტენზია.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ლ–ს” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. შპს „ლ–ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, ნ. ღ–ძის (პ/ნ .......) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1083,002 ლარის (სს "თიბისი ბანკი", საგადახდო დავალება N1766748908, გადახდის თარიღი 2025 წლის 26 დეკემბერი), 70% – 758,10 ლარი და ამავე საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 16,998 ლარი ;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი