დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1621-2025 24 აპრილი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I საკასაციო საჩივარი - ც.მ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - კ.შ–ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
II საკასაციო საჩივარი - კ.შ–ია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ც.მ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ალიმენტის შემცირებისა და წარსული ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში
II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, თანამესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. კ.შ–იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ც.მ–ის მიმართ, განქორწინების თაობაზე. ც.მ–მა კ.შ–იას მიმართ შეგებებული სარჩელი წარადგინა, რომლითაც მოითხოვა განვლილი და მიმდინარე ალიმენტის დაკისრება და ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. კ.შ–ია და ც.მ–ი 2020 წლის 31 დეკემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. დაქორწინებიდან სამი თვის შემდეგ, ც.მ–ის ორსულობის გამო, ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ც–ს ბინაში, სადაც ცხოვრობდნენ ც–ს მშობლები, ძმა და რძალი. თავიდან ოჯახში ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა რაღაც დროის შემდეგ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ც–ს დედის დამოკიდებულება კ.შ–იას მიმართ შეიცვალა, რაც გამოიხატებოდა პერიოდულად შეურაცხმყოფელი მიმართვებით და იგნორით.
2.2. კ.შ–ია რამდენჯერმე ეცადა მეუღლესთან მიზეზის გარკვევას, თუმცა მეუღლე სთხოვდა, რომ ამისთვის ყურადღება არ მიექცია. 2021 წლის 1 ნოემბერს მათ შეეძინათ ქალიშვილი - ა.შ–ია. ც.მ–ის მშობლებისა და ძმის მხრიდან კ.შ–იას ოჯახში უმიზეზო ჩარევის გამო, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ისინი ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთად და არ ეწევიან ერთობლივ საოჯახო მეურნეობას.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე დაეთანხმა ქორწინების შეწყვეტის შესახებ სარჩელის მოთხოვნას და მიუთითა, რომ რეალურად არანაირ დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია, ჩვეულებრივი ოჯახური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ერთადერთი უკმაყოფილება რაც ოჯახში იყო, ეს შეეხებოდა კ–ის და ოჯახის შეუთავსებელი პოზიცია კოვიდ პამდემიის დროს აცრებთან დაკავშირებით.
4. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:
4.1. არასრულწლოვანი ა.შ–ია ცხოვრობს დედასთან ც.მ–თან ერთად ქ. თბილისში, ........... დედა ზრუნავს ბავშვზე და თავად უზრუნველყოფს ყველა საჭიროებას. კ.შ–ია მხოლოდ მინიმალური თანხით მონაწილეობს მისი შვილის აღზრდასა და საჭიროებების უზრუნველყოფაში. მიუხედავად იმისა, რომ ც.მ–ი სთხოვდა კ.შ–იას ბავშვის საჭიროებებში რეალურ და არა ფორმალურ, მატერიალურ დახმარებას, იგი მხოლოდ 2022 წლის აგვისტოდან იხდიდა თვეში 500 ლარს და ეს მაშინ, როდესაც მისი თვიური შემოსავალი 7000 ლარს აჭარბებს.
4.2. მეუღლეებმა ქორწინებაში განმავლობაში, 2022 წლის 24 მარტს, შეიძინეს უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, კერძოდ, ტერასა #132, 67 კვ.მ., მის.: ქ. თბილისი, .........., ს/კ #.........., ავტოსადგომი #44, სართული-2, 15.4 კვ.მ., მის.: ქ. თბილისი, .........., ს/კ #.........., და ავტოსადგომი #43, 15.4 კვ.მ., მის: ქ. თბილისი, .........., ს.კ. ........... უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა დადასტურდა ნოტარიუსის მიერ 2022 წლის 18 მარტს და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 2022 წლის 24 მარტს, კ.შ–ია და ც.მ–ი ქორწინებაში კი იმყოფებიან 2020 წლის 31 დეკემბრიდან. შესაბამისად, იგი მეუღლეთა თანასაკუთრებაა.
5. შეგებებული მოპასუხის პოზიცია:
5.1. კ.შ–იამ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა 500 ლარის ნაწილში ცნო. შეგებებული სარჩელის თანახმად, მოპასუხე აქტიურად მონაწილეობდა ბავშვის აღზრდა განვითარებაში, რაც არა მარტო თანხების გადარიცხვაში გამოიხატებოდა, არამედ ფიზიკურად ბავშვის მოვლა-პატრონობაშიც. მას შემდეგ, რაც მხარეები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ ერთად, მოპასუხე სისტემატურად ყოველთვიურად ნებაყოფლობით ურიცხავდა მოსარჩელეს 500 ლარს, ბავშვისთვის ყიდულობდა ტანსაცმელს და სათამაშოებს. 2022 წლის ოქტომბერში ბავშვი ფილტვების ანთებით მოთავსდა საავადმყოფოში, რა დროსაც მოპასუხე დიდი დროს ატარებდა მასთან, ყიდულობდა საჭირო წამლებს, გადაიხადა მკურნალობის თანხა. მოპასუხე დღესაც თანახმაა გადაიხადოს ბავშვისათვის აუცილებელი ხარჯები. მეტი თანხის გადახდასთან დაკავშირებით პრეტენზიაზე, მან ც. მ–ის შესთავაზა, ერთად განეხილათ ხარჯების საჭიროება, თუმცა ის არ დათანხმდა. გონივრულ საზღვრებს სცდება მოსარჩელეს განაცხადი იმის შესახებ, რომ იგი ბავშვის საჭიროებისათვის თვეში ხარჯავს 5 000 ლარს გაუთვალისწინებელი ხარჯების გარეშე. მოსარჩელეს შეუძლია დახარჯოს 10 000 ლარიც თვეში, თუმცა გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ბავშვის განვითარებისათვის (საჭმელი, ტანსაცმელი, სათამაშოები და სამედიცინო დახმარება საჭიროების შემთხვევაში).
5.2. კ.შ–იამ უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ ცნო შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, .......... მდებარე მშენებარე 14 სართულიან კორპუსში, წინარე ხელშეკრულებებით, შეიძინა სამი უძრავი ნივთი: საცხოვრებელი სახლი და ორი ავტოფარეხი. საცხოვრებელი სახლის ღირებულებაში შედიოდა ტერასის ღირებულებაც. მან ავტოფარეხების საფასური გადაიხადა ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ თავისივე დანაზოგი თანხებიდან, რომელიც მას გააჩნდა ქორწინებამდე 83 000 ლარის ოდენობით (მათ შორის ძმის მიერ ნაჩუქარი 12 000 ლარი). ამდენად, უძრავი ქონება შეძენილ იქნა მოპასუხის პირადი კუთვნილი თანხებით და იგი ვერ ჩაითვლება ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში შეძენილად.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, კ.შ–იას სარჩელი ც.მ–ის მიმართ განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდა. კ.შ–იასა და ც.მ–ს შორის 2020 წლის 31 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ც.მ–ის შეგებებული სარჩელი კ.შ–იას მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მას არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის პირველ ნოემბერს დაბადებული- ა.შ–იას სასარგებლოდ, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, დაეკისრა 900 ლარის გადახდა, 2023 წლის 18 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ც.მ–ის მოთხოვნა კ.შ–იასთვის წარსული დროის ალიმენტის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ც.მ–ს უარი ეთქვა უძრავი ქონების: მის.: ქ. თბილისი, .........., N132 (ს/კ ..........) მის.: ქ. თბილისი, ........., ავტოსადგომი N44, სართული-2 (ს/კ ..........), მის.: ქ. თბილისი, თენგიზ შეშელიძის ქუჩა N116, ავტოსადგომი N43 (ს/კ ..........), 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობაზე.
6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მოდავე მხარემ.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, კ.შ–იასა და ც.მ–ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც კ.შ–იას არასრულწლოვანი შვილის - 2021 წლის პირველ ნოემბერს დაბადებული ა.შ–იას სასარგებლოდ, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით, დაეკისრა 900 ლარის გადახდა. ასევე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ც.მ–ს უარი ეთქვა N.......... და N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ ცნობაზე. ახალი გადაწყვეტილებით, ც.მ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კ.შ–იას არასრულწლოვანი შვილის, 2021 წლის პირველ ნოემბერს დაბადებული ა.შ–იას სასარგებლოდ, ყოველთვიურად, ალიმენტის სახით დაეკისროს 800 ლარის გადახდა, 2023 წლის 18 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით, ც.მ–ი ცნობილ იქნა N.......... და N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ. კ.შ–იას ც.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა 1312,43 ლარის გადახდის ვალდებულება.
5.2. სააპელაციო პალატამ ალიმენტის შემცირების ნაწილში აღნიშნა, რომ 2024 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მოპასუხის შემოსავალმა, გადასახადების გადახდის შემდეგ, 37 761,1-7 401,15=30 359,95 ლარი შეადგინა. ამ მონაცემის თანახმად, მოპასუხის საშუალო, ყოველთვიური შემოსავალი 30 359,95/9=3 373,32 ლარი იყო. ამავდროულად, დაახლოებით ამავე პერიოდში მოსარჩელის საშუალო, ყოველთვიურმა ხელზე ასაღებმა შემოსავალმა (91 006,33-17 837,25)/10=7316,9 ლარი, ე.ი. ორჯერ მეტი შეადგინა. რის გამოც, პალატის აზრით, ბავშვის მოთხოვნილებებისა და მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს, ალიმენტის სახით, მისი ყოველთვიური შემოსავლის, დაახლოებით 25%, ე.ი. 800 ლარის გადახდის ვალდებულება უნდა დაჰკისრებოდა.
5.3. სააპელაციო პალატამ წარსული დროის ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სარჩელის აღძვრამდე მოპასუხე მოსარჩელეს შვილისთვის 500 ლარს უხდიდა. სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სარჩელის აღძვრამდე როდის, რა ფორმით და რა ვითარებაში მოსთხოვა მოპასუხეს 500 ლარზე მეტი ოდენობის ალიმენტი. პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილი იყო ტექსტური შეტყობინებები, რომლებსაც მხარეები ერთმანეთს უგზავნიდნენ, თუმცა ალიმენტის გაზრდის შესახებ მოსარჩელის პრეტენზიას ისინი არ შეიცავდა. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ სავსებით სწორად არ დააკმაყოფილა.
5.4. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მოიხმო სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 183-ე მუხლები და მიიჩნია, რომ იგი ნაწილობრივ დასაბუთებული იყო. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, სადავო ავტოსადგომებთან დაკავშირებით წინარე ხელშეკრულება მოპასუხემ დაქორწინებამდე დადო, თუმცა არც ისინი და არც მათი მოთხოვნის უფლება არ შეუძენია. სინამდვილეში, მოპასუხემ სადავო ავტოსადგომებზე მოთხოვნის უფლება ნასყიდობის საფასურის გადახდის შემდეგ, 2022 წლის მარტში შეიძინა, ეს საფასური კი მან მთლიანად, ქორწინების განმავლობაში გადაიხადა. უშუალოდ, ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე სადავო ავტოსადგომების მესაკუთრედ დარეგისტრირდა ქორწინების განმავლობაში, 2022 წლის 18 მარტს დაიდო. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დასძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ხოლო, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა ის, რომ ავტოსადგომების შესაძენად მხოლოდ საკუთარი, დაქორწინებამდე კუთვნილი და ძმის მიერ ნაჩუქარი თანხა გადაიხადა. პალატის მითითებით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოპასუხემ საბანკო ანაბრიდან 83 602,45 ლარი 2020 წლის 30 დეკემბერს მიიღო, ძმამ კი 12 000 ლარი 2022 წლის 6 იანვარს ჩაურიცხა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს ავტოსადგომების ნასყიდობის საფასური 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, თუმცა 2021 წლის მაისისთვის მას ეს ვალდებულება ნაწილობრივადაც კი არ ჰქონდა შესრულებული და საბოლოოდ, 9 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 28 445,7 ლარი, საწარმოს ეტაპობრივად, 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში გადაურიცხა. პალატისათვის არასარწმუნო გამოდგა ის ფაქტი, რომ მოპასუხე მთელი ამ ხნის განმავლობაში, სადავო ავტოსადგომების ნასყიდობის საფასურს, მაინცდამაინც, სადეპოზიტო ანგარიშიდან გამოტანილი ანდა ძმის ნაჩუქარი ფულით იხდიდა. გარდა ამისა, პალატის აზრით, თუ მოპასუხეს ზემოხსენებული თანხით სადავო ავტოსადგომების ნასყიდობის საფასურის გადახდა სურდა, მას ამის განხორციელება იმთავითვე, 2020 წლის 30 დეკემბერსვე შეეძლო და ამით, 2020 წლის 8 სექტემბრის ხელშეკრულების პირობებსაც ჯეროვნად შეასრულებდა, რაც არ განხორციელებულა.
5.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მოდავე მხარემ.
6. I კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1. I კასატორი - ც.მ–ი, ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის სრულად (ალიმენტის დაკისრებასა და წარსულის ალიმენტის დაკისრების ნაწილში) დაკმაყოფილებას.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პირველი პრეტენზია მიმემართება სასამართლოს მიერ დადგენილ ალიმენტის შემცირების თაობაზე გადაწყვეტილებას. კასატორის აზრით, მართალია სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებზე, თუმცა მხედველობის მიღმა დარჩა ის გარემოება, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლომ არასწორად შეაფასა, ვინაიდან იგი არ ქმნიდა მოპასუხისათვის 800 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძველს. მისივე მტკიცებით, ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტიც არ იყო საკმარისი და სააპელაციო პალატის მიერ მისი შემცირება უკანონოა. ამასთან, უმართებულო იყო პალატის ის შეფასებაც, რომლითაც მხარეს წარსული დროის ალიმენტის დაკისრებაზე უარი ეთქვა, ვინაიდან ცალსახაა, რომ მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხები არ იყო ბავშვის მოვლა პატრონობისთვის საკმარისი.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 თებერვლის განჩინებით, ც.მ–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. II კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
7.1. II კასატორი - კ.შ–ია, ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ც.მ–ის ავტოსადგომების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში.
7.2. II კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1161-ე მუხლები, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ქორწინებამდე შეძენილი ქონების ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის თაობაზე.
7.3. II კასატორის აზრით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სადავო ავტოსადგომები ქორწინების განმავლობაში გაფორმდა მის სახელზე არ წარმოშობდა მასზე თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელების სამართლებრივ წინაპირობას. მისივე მტკიცებით, საქმის მასალებში წარდგენილი დოკუმენტაციით თვალნათელია, რომ სადავო ავტოსადგომები თავდაპირველმა მოპასუხემ შეიძინა ქორწინებამდე დაგროვილი და საჩუქრად გადაცემული თანხებით.
7.4. II კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო შეჯიბრებითობის პრინციპი ვინაიდან, ც.მ–ს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ უძრავი ქონება საკუთარი თანხებით შეიძინა მოპასუხემ, იგი მხოლოდ იმაზე აპელირებდა, რომ მათი შეძენა ქორწინების განმავლობაში მოხდა, ამიტომ კასატორის აზრით, სასამართლოს არ უნდა გამოეკვლია შესაძენად გამოყოფილი თანხების წარმომავლობა.
7.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით, კ.შ–იას, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- ც.მ–ი და კ.შ–ია დაქორწინდნენ 2020 წლის 31 დეკემბერს. 2021 წლის 1-ელ ნოემბერს მათ შეეძინათ შვილი, ა.შ–ია;
- მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო ბავშვი ცხოვრობს მოსარჩელესთან;
- 2022 წლის 18 აგვისტოდან 2023 წლის 13 მარტის ჩათვლით მოპასუხე მოსარჩელის ანგარიშზე ყოველთვიურად რიცხავდა 500 ლარს დანიშნულებით - „ბავშვისათვის“;
- მოპასუხის მიერ 2021 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით მიღებული დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 228 421,12 ლარს. 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 86 650,98 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი- 16983,59 ლარს. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით იგი დასაქმებული იყო შპს „ც–ში“, შპს „ტ.ჯ–ში“, შპს „ტ.დ–ში“, შპს „ს.ქ–ში“ შპს „ს.ტ–ში“ და მისი დასაბეგრი შემოსავალი ამ პერიოდის განმავლობაში შეადგენდა 66 961,3 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენდა- 13124,36 ლარს;
- მოპასუხის მიერ 2024 წლის მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 37 761,1 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი- 7401,15 ლარს. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის დეკემბრის ჩათვლით იგი დასაქმებული იყო: შპს „ც–ში“, შპს „ტ.ჯ–ში“, შპს „ტ.დ–ში“, შპს „ს.ქ–ში“ შპს „ს.ტ–ში“ და მისი დასაბეგრი შემოსავალი ამ პერიოდის განმავლობაში შეადგენდა 112 702,09 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენდა 22089,57 ლარს;
- მოსარჩელის მიერ 2021 წლის აპრილიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით მიღებული დეკლარირებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 182 550,85 ლარს. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით იგი დასაქმებული იყო შპს „ც–ში“, შპს „გ.გ–ში“, შპს „ნ.დ.ე.მ.ც–ში“, შპს „ა.ი–ში“, შპს „ა.ა–ში“, შპს „გ-G“-ში და მისი მიღებული ხელფასი ჯამში შეადგენდა 85 785.60 ლარს. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს „ც–ში“, შპს „გ-გ–ში“, შპს „ს.ე–ში“, შპს „ა.ა–ში“, შპს „გ-G“-ში, შპს „პ“-ში და მისი დასაბეგრი შემოსავალი ამ პერიოდის განმავლობაში შეადგენდა 91 006,33 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენდა 17 837,25 ლარს. 2023 წლის მაისიდან 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს „ც–ში“, შპს „გ-გ–ში“, შპს „ს.ე–ში“, შპს „თ–ში“, შპს „პ“-ში და მისი დასაბეგრი შემოსავალი, ამ პერიოდის განმავლობაში შეადგენდა, 183 861,28 ლარს, საიდანაც დაკავებული გადასახადი შეადგენს - 36 036,82 ლარს;
- 2020 წლის 30 ივნისს მოპასუხემ ა.რ–ძისაგან იყიდა N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ბინა N120. თავის მხრივ, ა.რ–ძემ ეს ბინა შეიძინა 2019 წლის 20 თებერვალს შპს „ტ.დ–ისგან“. შპს „ტ.დ–სა“ და ა.რ–ძეს შორის დადებული ხელშეკრულების 2.3. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ, ზემოხსენებული ბინის გარდა, გამყიდველი მყიდველს საკუთრებაში გადასცემდა ასევე 66,5 კვ.მ. ფართის ტერასა/საზაფხულო ფართს (შემდგომში - „სადავო ტერასა“) მდებარეს ამავე კორპუსის სახურავზე, ბინა N120-ის ზემოთ მას შემდეგ, როცა მოახდენდა ამ ფართის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. გადასაცემი ტერასის/საზაფხულო ფართის ღირებულება შედიოდა ნასყიდობის საგნის საერთო ღირებულებაში. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ ა.რ–ძემ შპს „ტ.დ–ისაგან“, ბინასთან ერთად, სადავო ტერასაც შეიძინა, თუმცა რადგან სახლი მშენებარე იყო და ტერასა გამყიდველს ჯერ რეგისტრირებული არ ჰქონდა, იგი შემძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემოდა. თავის მხრივ, მოპასუხემ ა.რ–ძისაგან N120 ბინის ყიდვის შემდეგ მოთხოვნის უფლება სადავო ტერასაზეც შეიძინა. საბოლოოდ, მოპასუხეს სადავო ტერასა საკუთრებაში 2022 წლის 18 მარტს გადაეცა;
- 2020 წლის 8 სექტემბერს შპს „ტ.დ–მა“ და მოპასუხემ N........ და N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ავტოსადგომების (შემდგომში- „სადავო ავტოსადგომები“) ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს. ამ ხელშეკრულებით მოპასუხეს სადავო ავტოსადგომები 9 000 აშშ დოლარად უნდა შეეძინა და ნასყიდობის საფასური 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა, თუმცა ეს ვალდებულება მან ვერ შეასრულა. 2021 წლის 1-ელ მარტს მხარეებმა ხელშეკრულებაში შეიტანეს ცვლილებები. ხელშეკრულების ახალი პირობების თანახმად, მოპასუხემ სადავო ავტოსადგომების საფასურის, 9 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება იკისრა ნაწილ-ნაწილ, ყოველთვიურად, 1 000-1 000 აშშ დოლარის ოდენობით, 2021 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 30 იანვრამდე. 2021 წლის 27 მაისს მოპასუხემ შპს „ტ.დ–ის“ ანგარიშზე ჩარიცხა ავტოფარეხის საფასური 1000 აშშ დოლარის ექვ. ლარში - 3299,30 ლარი; 2021 წლის 28 ივნისს- 1000 აშშ დოლარის ექვ. ლარში- 3 148,90 ლარი; 2021 წლის 6 ოქტომბერს- 2000 აშშ დოლარის ექვ. ლარში- 6286,60 ლარი; 2021 წლის 7 დეკემბერს- 2000 აშშ დოლარის ექვ. ლარში- 6193,40 ლარი; 2022 წლის 15 თებერვალს- 1000 აშშ დოლარის ექვ. ლარში 2968,70 ლარი; 2022 წლის 7 მარტს- 2000 აშშ დოლარის ექვ. ლარში- 6548,80 ლარი, სულ 9000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში. ამის შედეგად, მოპასუხემ სადავო ავტოსადგომების საფასური სრულად გადაიხადა.
- 2022 წლის 18 მარტს შპს „ტ.დ–სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც საწარმომ მოპასუხეს სადავო ტერასა და ავტოსადგომები საკუთრებაში გადასცა, თუმცა სადავო ტერასის საფასურის თაობაზე შპს „ტ.დ–ი“ და მოპასუხე არც ამ და არც სხვა ხელშეკრულებით არ შეთანხმებულან.
13. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არასრულწლოვანი შვილისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე მოთხოვნის დასაბუთებულობა. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოპასუხეს სურს, კერძოდ, ალიმენტის გაზრდის, წარსული ალიმენტის დაკისრებისა და ქონების თანამესაკუთრედ ცნობის - მოთხოვნები სამოქალაქო კოდექსის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1234.1-ე (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) 1234.2-ე (ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.მუხლებიდან გამომდინარეობს) მუხლისა და 1158-ე მუხლის 1-ელი ნაწილებიდან (მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი) გამომდინარეობს.
14. I კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და ითხოვს მის გაზრდას, ასევე წარსულში გადაუხდელი ალიმენტის დაკისრებას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999).
15. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27.06.2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18.11.2021 წ.; №ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; №ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; №ას-495-469-2015, 01.07.2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04.02.2013 წ).
16. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14.06.2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17.10. 2017 წ.).
17. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
18. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
19. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).
21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის ოდენობის გაზრდისა და წარსული ალიმენტის დაკისრების ნაწილში, I კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; Nას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; Nას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
22. საგულისხმოა, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და დასძენს, რომ მოპასუხის შემოსავლის გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1214-ე მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა - აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა დააკისრა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რაც თვეში 800 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შედავებებს და აღნიშნავს, რომ მათ ამომწურავად გაეცა პასუხის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (შდრ. იხ. სუსგ. საქმე №ას-1233-2025 16 თებერვალი, 2026 წელი, ასევე, იხ. საქმე №ას-3-2026 9 თებერვალი, 2026 წელი,).
23. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ არც წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ფაქტობრივ სამართლებრივი გარემოებები იკვეთებოდა ვინაიდან ცალსახაა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოდან 2023 წლის 13 მარტის ჩათვლით მოპასუხე მოსარჩელის ანგარიშზე ყოველთვიურად რიცხავდა 500 ლარს დანიშნულებით - „ბავშვისათვის“. საგულისხმოა, რომ სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სარჩელის აღძვრამდე როდის, რა ფორმით და რა ვითარებაში მოსთხოვა მოპასუხეს 500 ლარზე მეტი ოდენობის ალიმენტი და აცხადებდა თუ არა უარს იგი მის გადახდაზე. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
24. რაც შეეხება II კასატორის მოთხოვნას ავტოსადგომებზე მოსარჩელის თანასაკუთრების უფლების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ მიმართებითაც არ შეიცავს ფაქტობრივ-სამართლებრივ უსწორობებს. უპირველესად საკასაციო პალატა II კასატორის არგუმენტის საპასუხოდ განმარტავს, რომ ის ფაქტი თუ ვისი ფულადი სახსრებით იქნა სადავო უძრავი ქონებები შეძენილი დავის გადასაწყვეტად არარელევანტურია, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრება), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გამოსაკვლევი იყო არა ის თუ ვისი სახსრებით იქნა შეძენილი ქონება, არამედ ის საკუთრების უფლება რეალურად ხომ არ წარმოიშვა ქორწინებამდე, აღნიშნული კი, საქმის მასალებით ვერ დადასტურდა. ასე, რომ არც იყოს, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას მასზედ, რომ მეორე კასატორის პრეტენზიას სადავო უძრავი ქონების ქორწინებამდე დაგროვილი სახსრებით შეძენის თაობაზე, წარმატების პერსპექტივა მაინც არ ექნებოდა დაუსაბუთებლობის გამო. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხემ საბანკო ანაბრიდან 83 602,45 ლარი 2020 წლის 30 დეკემბერს მიიღო, ძმამ კი 12 000 ლარი ჩაურიცხა 2022 წლის 6 იანვარს. ასევე, საქმის მასალებიდან იკვეთება, მოპასუხეს ავტოსადგომების ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულება 2020 წლის 31 დეკემბრამდე ჰქონდა, თუმცა 2021 წლის მაისისთვის მას ეს ვალდებულება ნაწილობრივადაც კი არ ჰქონდა შესრულებული და საბოლოოდ, 9 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი - 28 445,7 ლარი, საწარმოს ეტაპობრივად, 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში - ანუ ქორწინების განმავლობაში გადაურიცხა. მოხმობილი ფაქტების შეჯერების შედეგად, მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით დგინდება, სადავო ავტოსადგომების ნასყიდობის საფასურის, სწორედ სადეპოზიტო ანგარიშიდან გამოტანილი ან/და ძმის ნაჩუქარი ფულით დაფარვის ფაქტი, რაც ამ შედავებას გარდა არარელევანტურობისა დაუსაბუთებლადაც აქცევს და საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველს იძლევა.
25. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს I კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ალიმენტის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება მეორე ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, 800 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ადეკვატური და სამართლიანია. ასევე მიიჩნევს, რომ პირველ კასატორს მართებულად ეთქვა უარი წარსული ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ასევე, არ იზიარებს II კასატორის პრეტენზიას ავტოფარეხების ½ ნაწილში ც.მ–ის თანამესაკუთრედ ცნობის უკანონობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასლალებით უცილობლადაა დადასტურებული ავტოფარეხების საფასურის ქორწინების განმავლობაში პერიოდულად გადახდის ფაქტი.
26. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
28. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადების არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ც.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; კ.შ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; კ.შ–იას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 21/01/2026წ. №450 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 606,40 ლარის 70% – 424,48 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი