გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-144-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-144-2026 30 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ბ–მა“ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 194 070.28 ლარის გადახდა და 217 642.64 ლარის გადახდა;

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხე მხარემ წარდგენილი შესაგებელითა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა 166 729.54 ლარის ანაზღაურება; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მხარეთა სააპელაციო მოთხოვნები

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 2 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო, მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5.2. მხარეთა შორის 2021 წლის 22 ივლისს, დაიდო საკონტრაქტო ხელშეკრულება NCEB/EE/W/NCB/05-2021 თბილისის N36-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის ზომების შემოღების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, დამკვეთი და შემსრულებელი შეთანხმდნენ შემდეგზე: შემდეგი დოკუმენტები შეადგენს ხელშეკრულების ნაწილს: ეს ხელშეკრულება არის უპირატესი ძალის მქონე სხვა სახელშეკრულებო დოკუმენტებთან შედარებით: a. საკონტრაქტო ხელშეკრულება; b. მიღების წერილი; c. წინადადება; d. ერთიანობის დანაწესები; e. ხელშეკრულების კონკრეტული პირობები; f. ხელშეკრულების ზოგადი პირობები; g. სპეციფიკაციები; h. ნახაზები; i. რაოდენობების უწყისი; j. ადგილმდებარეობისთვის სპეციფიკური ნარჩენების მართვის გეგმა.

5.3. დამკვეთი იძლევა პირობას, განახორციელოს გადახდები კონტრაქტორის მიმართ, სამუშაოების შესრულებისა და დეფექტების გამოსწორების მიმართ, სამუშაოების შესრულებისა და დეფექტების გამოსწორების შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება და სხვა თანხები, რაც შეიძლება იყოს გადასახდელი ხელშეკრულების შესაბამისად ხელშეკრულებაში მითითებული ვადების და პირობების შესაბამისად. კონტრაქტის კონკრეტული პირობების ზოგადი ნაწილის კონტრაქტის ზოგადი პირობების 1.1. (v) ქვეპუნქტის თანახმად, სამუშაოები სრულად შესრულების დაგეგმილი თარიღი განისაზღვრა დაწყების თარიღიდან - 12 (თორმეტი) თვით. ამავე პირობების ზოგადი ნაწილის კონტაქტის ზოგადი პირობების 1.1. (hh) ქვეპუნქტის მიხედვით, პროექტი გულისხმობს არსებული შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს და მისი ენერგო ეფექტურობის ზრდას, შენობის შესაბამისობაში მოყვანას შშმ პირების საჭიროებებთან, ლანდშაფტს, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას და ახალი ბოილერის აშენებას. N36-ე სკოლის შენობის სრული ფართობი არის 4054 კვ.მ. პროექტი გულისხმობს შენობის ძველი ელემენტების დაშლას და ახლებით ჩანაცვლებას. შენობის ინტერიერის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს ახალი სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად. უნდა მოეწყოს ახალი კედლები, იატაკები და ჭერები, შეიცვალოს კარ-ფანჯარა და მოეწყოს იზოალუმინის გამოყენებით, დამონტაჟდეს სამგზავრო ლიფტი, მოეწყოს სკოლის ლანდშაფტი და ღობე, მოეწყოს სპორტული მოედანი, შეიცვალოს ინტერიერის და ექსტერიერის საინჟინრო კომუნიკაციები, მოეწყოს გარე განათება. სამუშაოების ძირითადი რაოდენობებია: 1. კედლების მოწყობა ბლოკით (ზოგადი სპეციფიკატების მე-7 თავის შესაბამისად) – 36 კვ.მ.; 2. იატაკების მოწყობა ვინილის ფილებით, კერამიკული ფილებით, კერამოგრანიტის ფილებით და ხით სპორტულ მოედანზე (ზოგადი სპეციფიკატების მე-9 თავის შესაბამისად) – 3310 კვ.მ.; 3. კედლების მოწყობა აკუსტიკური და გიფსო კარდონის ფილებით - 3170 კვ.მ.; 4. კარ-ფანჯრის მოწყობა ემდეეფით და იზოალუმინით (ზოგადი სპეციფიკატების მე-11 თავის შესაბამისად) – 894 კვ.მ. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს შემსრულებლის ყველა ვალდებულების შესრულებას (მათ შორის, ისეთების, რომლებზეც მითითებული მიახლოებითი ფასები) და ყველა საგანს, რომელიც საჭირო არის ყველა სამუშაოების ჯეროვანი და სრული შესრულებისთვის და დეფექტების აღმოსაფხვრელად. თუ ხარჯთაღრიცხვაში არ არის მოცემული რომელიმე სამუშაო ან ვალდებულება, რომელიც გაწერილი არის უპირატესი ძალის მქონე დოკუმენტით, შემსრულებელმა უნდა შეასრულოს ეს სამუშაოები ხელშეკრულების ღირებულებით, ფასის გაზრდის ან ვადის გაგრძელების მოთხოვნის გარეშე. კონტრაქტის ზოგადი პირობების 47.1. ქვეპუნქტის თანახმად, მთელი ობიექტის სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების ჯარიმა შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ფასის 0,1%-ს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე. მთელი ობიექტის სამუშაოების ვადაგადაცილების ჯარიმის მაქსიმალური თანხა შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ფასის 10%-ს. კონტრაქტის ზოგადი პირობების 31.1. ქვეპუნქტის თანახმად, კონტრაქტორი ვალდებულია, შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში მოაწოდოს პროექტის მენეჯერს ინფორმაცია მოსალოდნელ მოვლენებზე ან გარემოებებზე, რომლებსაც შეუძლია უარყოფითად იმოქმედონ სამუშაოთა ხარისხზე, გაზარდონ კონტრაქტის ღირებულება ან შეაყოვნონ სამუშაოთა განხორციელება. პროექტის მენეჯერს შეუძლია მოსთხოვოს კონტრაქტორს, შეაფასოს ამგვარი მოვლენებითა და გარემოებებით გამოწვეული ზემოქმედება კონტრაქტის ღირებულებაზე ან ობიექტის დასრულების ვადაზე. კონტრაქტორმა მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული შეფასება. მხარეთა შეთანხმებით, საკომპენსაციო გარემოებად ითვლება, მათ შორის, შემდეგი შემთხვევები: (ბ) დამკვეთი იმგვარად ცვლის სხვა კონტრაქტორების გრაფიკებს, რომ ეს გავლენას ახდენს კონტრაქტორის სამუშაოებზე მოცემული კონტრაქტის ფარგლებში; (თ) სხვა კონტრაქტორები, საზოგადოებრივი დაწესებულებები, კომუნალური სამსახურები, ან დამკვეთი არ მუშაობენ კონტრაქტში აღნიშნული თარიღების და სხვა მითითებული ვადების ფარგლებში, რაც იწვევს შეყოვნებას ან დამატებით ხარჯს კონტრაქტორისთვის. 42.3. ქვეპუნქტის თანახმად, როგორც კი კონტრაქტორი წარმოადენს ინფორმაციას კონტრაქტორის ხარჯებზე, საკომპენსაციო გარემოებების ზეგავლენის შესახებ, მენეჯერმა უნდა შეაფასოს აღნიშნული ინფორმაცია და ამის შესაბამისად დააკორექტიროს კონტრაქტის ფასი. თუ კონტრაქტორის პროგნოზი უსაფუძვლოდ იქნება მიჩნეული, პროექტის მენეჯერმა უნდა დააკორექტიროს კონტრაქტის ფასი საკუთარი პროგნოზის საფუძველზე. პროექტის მენეჯერი ვარაუდობს, რომ კონტრაქტორი კომპეტენტურ და ოპერატიულ რეაგირებას არ მოახდენს ამ გარემოებაზე. 42.4. ქვეპუნქტის თანახმად, კონტრაქტორს არ აქვს კომპენსაციის მიღების უფლება იმ შემთხვევაში, რამდენადაც შეილახა დამკვეთის ინტერესები იმის გამო, რომ კონტრაქტორმა ვერ უზრუნველყო დროული გაფრთხილება ან არ ითანამშრომლა პროექტის მენეჯერთან. 45.1. ქვეპუნქტის მიხედვით, რესურსების ხარჯებში მომხდარი ცვლილებების მიხედვით ფასების კორექტირება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ითვალისწინებს „კონტრაქტის კონკრეტული პირობები“. ამგვარი დებულების არსებობის შემთხვევაში, გადახდის თითოეულ სერტიფიკატში დამოწმებული თანხა უნდა გაკორექტირდეს საავანსო გადახდის გამოქვითვამდე შესაბამისი კოეფიციენტის გამოყენებით გადასახდელი თანხების მიმართ. 47.1. ქვეპუნქტის თანახმად, ობიექტის დასრულების დაგეგმილი ვადის გადაცილების თითოეული დღისათვის კონტრაქტორმა დამკვეთს უნდა გადაუხადოს ჯარიმა „კონტრაქტის კონკრეტულ პირობებში“ მითითებული განაკვეთის შესაბამისად. ჯარიმის მთლიანი თანხა არ უნდა აღემატებოდეს „კონტრაქტის კონკრეტულ პირობებში“ განსაზღვრულ ოდენობას. დამკვეთს შეუძლია დაუკავოს კონტრაქტორს საჯარიმო თანხა მისთვის კუთვნილი გადახდიდან. ჯარიმის გადახდა გავლენას არ ახდენს კონტრაქტორის ვალდებულებებზე. კონტრაქტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების ზოგადი აღწერა მოცემულია დეტალურ სპეციფიკაციებში. პროექტი ითვალისწინებს არსებული სკოლის შენობის რეაბილიტაციას, ტერიტორიის კეთილმოწყობას, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (ელექტროსისტემა და წყალ კანალიზაცია), ასევე, გარე განათებას, ახალი საქვაბეს აშენებას. დეტალურ სპეციფიკაციებში აღწერილი საერთო სამუშაოების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება: 1. სკოლის შენობის რეაბილიტაცია, 2. ახალი საქვაბის მოწყობა, 3. ტერიტორიის კეთილმოწყობა, 4. გარე სანათების ქსელების მოწყობა, 5. გარე წყალ კანალიზაციის ქსელების მოწყობა, 6. ღია სპორტმოედნის მოწყობა, 7. საყრდენი კედლების მოწყობა, 8. გარე ლიფტის მოწყობა. სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩამონათვალია: სადემონტაჟო სამუშაოები: 1. მოხდეს ეზოს ტერიტორიაზე არსებული გზის საფარის დემონტაჟი, 2. არსებული საქვაბის და სპორტული მოედნის დემონტაჟი, 3. სკოლის შენობის არსებული სახურავისა და გადახურვების დემონტაჟი, 4. არსებული ღობის და კუტიკარ(ებ)ის დემონტაჟი, 5. შენობის ყველა კარ-ფანჯრის დემონტაჟი, 6. სკოლის ტერიტორიაზე არსებული სამშენებლო ნარჩენების გატანა, 7. სკოლის შენობაში კედლების, ტიხრების, ფანჯრების, კარების, იატაკების, შეკიდული ჭერების, არსებული ბათქაშის და პროექტით გათვალისწინებული ყველა მოცულობის დემონტაჟი, 8. სკოლის შენობის სასწავლო ბლოკის სახურავის ფენილის დემონტაჟი, 9. სახურავზე და ფასადებზე არსებული წყალგადამყვანი სისტემების დემონტაჟი, 10. არსებული გათბობის სისტემისთვის განკუთვნილი ლითონის მილების დემონტაჟი, 11. სხვენში დანაგვიანებული დამათბუნებელი წიდასა, სამშენებლო ნაგვის და სახიფათო ნარჩენების გატანა, 12. სკოლის შენობის კიბის უჯრედებში მოაჯირების საფეხურების დემონტაჟი; სამონტაჟო სამუშაოები: 1. არსებული სკოლის შენობაში გეგმარებით გათვალისწინებული ახალი კედლების, ტიხრების, ღიობების მოწყობა, 2. სხვენის დათბუნება წიდით, 3. ახალი სახურავის ფენილის მოწყობა პროექტის შესაბამისად, 4. წყალამრიდი და წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა, 5. კიბის საფეხურების და მოაჯირების თავიდან მოწყობა, 6. პროექტით გათვალისწინებული ახალი იატაკების და შეკიდული ჭერების მოწყობა, 7. შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების წარმოება (ლესვა, შეღებვა), 8. ახალი საქვაბის მოწყობა, 9. გარე სპორტული მოედნის მოწყობა, 10. გარე კიბეები, ბაქნების და ჩარდახების მოწყობა, 11. სკოლის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკების და სამანქანო გზის მოწყობა, 12. შშმ პირთათვის ლიფტის სამონტაჟო სამუშაოები, 13. ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შემდეგ ტერიტორიის მოსწორება-მოწესრიგება, 14. ტერიტორიის გრუნტის გაფხვიერება და გამწვანების მოწყობა. მხარეთა შეთანხმებით, მშენებლობის ღირებულების ნაკრები სახარჯთაღრიცხვო ანგარიში განისაზღვრა 3 445 583,91 ლარით.

5.4. 30.08.2021 წლის N1 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 16 647,56 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 12 115,72 ლარი. 28.09.2021 წლის N2 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 75 316,08 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 71 550,28 ლარი. 28.09.2021 წლის N3 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 20 274,52 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 19 260,79 ლარი. 29.10.2021 წლის N4 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 87 750,52 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 57 491,78 ლარი. 29.10.2021 წლის N5 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 50 255,69 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 47 742,91 ლარი. 30.11.2021 წლის N6 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 137 715,65 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 89 511,83 ლარი. 30.11.2021 წლის N7 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 167 379,29 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 159 010,33 ლარი. 23.12.2021 წლის N8 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 203 198,13 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 128 065,43 ლარი. 23.12.2021 წლის N9 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 129 949,01 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 123 451,56 ლარი. 03.02.2022 წლის N10 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 110 929,35 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 67 829,87 ლარი. 03.02.2022 წლის N11 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 8 073,67 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 7 669,99 ლარი. 24.02.2022 წლის N12 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 158 388,39 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 97 252,99 ლარი. 24.02.2022 წლის N13 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 3 034,31 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 2 882,59 ლარი. 30.03.2022 წლის N14 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 262 237,15 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 249,125,29 ლარი. 30.03.2022 წლის N15 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 61 791,27 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 58 701,71 ლარი. 21.04.2022 წლის N16 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 186 014,55 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 104 014,18 ლარი. 21.04.2022 წლის N17 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 48 626,85 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 46 195,51 ლარი. 16.05.2022 წლის N18 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 46 707,53 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 25 534,02 ლარი. 16.05.2022 წლის N19 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 7 835,05 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 7 443,30 ლარი. 31.05.2022 წლის N20 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 144 333,66 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 78 593,18 ლარი. 31.05.2022 წლის N21 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 2 978,34 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 2 829,42 ლარი. 28.06.2022 წლის N22 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 185 196,31 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 55 603,60 ლარი. 22.08.2022 წლის N23 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 555 918,88 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 166 909,87 ლარი. 22.08.2022 წლის N24 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 107 989,58 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 102 590,10 ლარი. 29.09.2022 წლის N25 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 324 876,75 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 168 661,21 ლარი. სერტიფიკატის თანახმად, სულ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება განსაზღვრულია 455 678,91 ლარით. 29.09.2022 წლის N26 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 34 220,14 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 32 509,13 ლარი. 31.10.2022 წლის N27 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 162 015,73 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 0,00 ლარი. 31.10.2022 წლის N28 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 57 686,95 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა 54 802,60 ლარი. 03.08.2023 წლის N29 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს - 25 439,24 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა - 24 167,28 ლარი. 03.08.2023 წლის N30 გადახდის სერტიფიკატის თანახმად, ამავე სერტიფიკატით განსაზღვრულ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 161 870,79 ლარს. სერტიფიკატით გადასახდელმა თანხამ შეადგინა - 40 293,02 ლარი. ამავე სერტიფიკატის მიხედვით, კონტრაქტის საბოლოო ღირებულებად განსაზღვრულია 3 346 039,23 ლარი, სულ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება - 3 346 039,23 ლარი, სულ შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება - 0,00 ლარი, სულ გადახდილი თანხა - 3 130 935,60 ლარი.

5.5. 2022 წლის 17 აგვისტოს, ცვლილება შევიდა მხარეთა შორის დადებულ NCEB/EE/W/NCB/05-2021 ხელშეკრულებაში. N3 შესასრულებლად, საჭირო ცვლილების თანახმად, დამატებითი ხელშეკრულების სამუშაოების ღირებულების ზრდა. გაზრდილი/დამატებითი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 190 922,21 ლარი (დღგ-ს გარეშე), ხოლო, შემცირებული მოცულობის სამუშაოების ღირებულება გახდა 170 860,71 ლარი (დღგ-ს გარეშე). სხვაობამ შეადგინა 20 061,50 ლარი (დღგ-ს გარეშე), რისი გამოყენებაც მოხდა „გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან“. შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება არ შეცვლილა და დარჩა 3 445 583,91 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია 45 კალენდარული დღით, ე.ი. 2022 წლის 19 სექტემბრამდე.

5.6. 2022 წლის 20 აგვისტოს, შპს „ბ–სა“ და შპს „უ–ს“ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, ქ. თბილისში, ........... მდებარე საჯარო სკოლის ობიექტზე მდფ-ის ტიხრების მოწყობის სამუშაოების თაობაზე. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 35 472,50 ლარით.

5.7. 2022 წლის 18 მარტს, შპს „ბ–სა“ და შპს „მ.ს–სს“ შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება, ქ. თბილისის N181-ე, N36-ე და N169-ე სკოლებში ვენტილაციის მოწყობის თაობაზე. მომსახურების საფასური განისაზღვრა 463 117,00 ლარით.

5.8. 2022 წლის 26 სექტემბერს, ქალაქ თბილისის საჯარო სკოლის დირექტორმა NMES 8 22 0001159238 წერილით მიმართა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს N36-ე საჯარო სკოლაში ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით.

5.9. 2022 წლის 19 ოქტომბერს, ზედამხედველთა ჯგუფმა, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა N36-ე საჯარო სკოლაში შპს „ბ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები. 19.10.2022 წელს ჩატარებული შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ ობიექტზე სამუშაოები დასრულებული არ არის, ხოლო, რიგ შემთხვევებში, ჩატარებული/მიმდინარე სამუშაოების ხარისხი მიუღებელია.

5.10. 2022 წლის 31 ოქტომბერს, შპს „ბ–სა“ და მ.ჩ–ს შორის გაფორმდა სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, 2022 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისში, გ. სულუხიას ქუჩაზე მდებარე N36-ე სკოლის შენობა-ნაგებობის, კერძოდ, შენობის სართულების დასუფთავების მომსახურების თაობაზე. გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 5 000 ლარი. 2022 წლის 1 ნოემბერს, შპს „ბ–სა“ და ა.კ–ძეს შორის გაფორმდა სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, 2022 წლის 1 ნოემბერს, ქ. თბილისში, გ. სხულუხიას ქუჩაზე მდებარე N36-ე სკოლაში ფანჯრებისა და სართულების სრული დასუფთავების მომსახურების თაობაზე. გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 22 500 ლარი. 2022 წლის 18 ნოემბერს, შპს „ბ–სა“ და მ.ჩ–ს შორის გაფორმდა სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი, 2022 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისში, გ. სხულუხიას ქუჩაზე მდებარე N36-ე სკოლის შენობა-ნაგებობის, კერძოდ, შენობის სართულების დასუფთავების მომსახურების თაობაზე. გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 11 000 ლარი.

5.11. შპს „ბ–მა“ შპს „ჯ“-გან შეიძინა 3 456 ლარის ღირებულების უჟანგავი მილი. შპს „ბ–მა“ ბ.ც–გან შეიძინა 3 990 ლარის ღირებულების სკამი და 1 680 ლარის ღირებულების სანაგვე ურნა. 13 7.10. 2022 წლის 12 დეკემბერს, ეპტისა სერვისიოს დე ინხენიერია ეს-ელ-ის ფილიალის მიერ NCEB/EE/W/NCB/05-2021 ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ბ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე გაცემული იქნა სერტიფიკატი, რომლის თანახმადაც, 2022 წლის 12 დეკემბერს, კონტრაქტორმა შეასრულა თბილისის N36-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ძირითადი სამუშაოები, შესაბამისად, ხელშეკრულების ზოგადი პირობების (GCC) 53 და 54 პუნქტების შესაბამისად, ზედამხედველმა გასცა სამუშაოების დასრულების სერტიფიკატი.

5.12. 2023 წლის 17 მარტს, მოსარჩელე კომპანიამ N17/03 წერილით მიმართა მოპასუხეს და საზედამხედველო კომპანია ეპტისას N4 ცვლილებებში შემდეგი საკითხების ასახვის მოთხოვნით: 2022 წლის 30 სექტემბრის N2731-გ წერილით მოპასუხეს დაევალა დამატებითი სამუშაოების შესრულება, რომლის ვადაც დამოკიდებული არ იყო შემსრულებელზე, კერძოდ, ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების სიმძლავრის გაზრდას ახორციელებს სს „თ–ი“. მომსახურების განხორციელების სტანდარტული ვადა არის 40 სამუშაო დღე. იმის გათვალისწინებით, რომ დავალების მიღებიდან ვადა 2022 წლის 29 ნოემბერს გავიდა, მოპასუხის მითითებით, ხელშეკრულების შესრულების საბოლოო თარიღად უნდა დაფიქსირდეს 2022 წლის 29 ნოემბერი. ამასთან, მოპასუხეს პროექტის ზედამხედველმა სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურებაზე უარი განუცხადა. დასახელებული სამუშაოებია: მდფ-ის ტიხრები: 35 470.75 ლარი, ვენტილაციის სისტემები: 116 562 ლარი, შიდა დასუფთავება: 45 430 ლარი, ჯამში: 197 462.75 ლარის ოდენობით.

5.13. 2023 წლის 29 მარტს, ცვლილება შევიდა მხარეთა შორის გაფორმებულ NCEB/EE/W/NCB/05-2021 ხელშეკრულებაში. N6 ცვლილების თანახმად, რეაბილიტაციის სამუშაოების მიმდინარეობისას, დიზაინის ცვლილების, დამატებითი სამუშაოებისა და სამუშაოების მოცულობის შემცირების გამო, რომელიც N4 ცვლილებას ეფუძნება, პროექტის მენეჯერის EPTISA Servicios de Ingenieria SL (ესპანეთი) მიერ წარმოდგენილი ღირებულებების შეფასებისა და შესწორებული რაოდენობების საფუძველზე საჭირო გახდა სახელშეკრულებო ფასის გაზრდა, დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად. მატების/დამატებითი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 285 128,42 ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ხოლო, შემცირებული მოცულობების ღირებულება 265 358,40 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. გაზრდილ და შემცირებულ სამუშაოებს შორის განსხვავება 19 770 ლარის ოდენობით დაფინანსდება გაუთვალისწინებელი სამუშაოების მუხლიდან. გაუთვალისწინებელი სამუშაოების დარჩენილი ღირებულება 89 244,24 ლარი დღგ-ს ჩათვლით ჩამოაკლდება ხელშეკრულების ღირებულებას. შესაბამისად, ხელშეკრულების ფასი - 3 445 583,91 ლარი შემცირდა და გახდა 3 356 339,67 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. დამატებით, N4 ცვლილების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადა გაგრძელდა 2022 წლის 15 ოქტომბრამდე. ამავე ცვლილების მე-5 პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ (ა) შემსრულებელს არ აქვს დამატებითი პრეტენზიები და თხოვნები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, (ბ) ცვლილებაში მითითებული ფასი მოიცავს ყველა სამუშაოს, მასალას, ხარჯებს და/ან გაუთვალისწინებელ ხარჯებს, (გ) ცვლილების 14 ხელმოწერით შემსრულებელი კისრულობს პასუხისმგებლობას არ წამოწიოს რაიმე მოთხოვნა ან პრეტენზია დაგვიანების ღირებულებასთან, შესრულების ფასებთან და/ან დროსთან დაკავშირებით, რაც წარმოიშობა წინამდებარე ცვლილებიდან.

5.14. 2023 წლის 26 აპრილს, შპს „ბ–სა“ და სს „თ–სს“ შორის, ქ. თბილისში, N36-ე საჯარო სკოლაში ელექტრომომარაგების სიმძლავრის გაზრდის მომსახურებაზე, შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. აქტის თანახმად, სამუშაოები დასრულდა 2022 წლის 22 ნოემბერს.

5.15. 2023 წლის 25 მაისს, შპს „ბ–მა“ N62/05 წერილით მიმართა სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს და აცნობა, რომ 2022 წლის 30 სექტემბრის N2731-გ წერილით შპს „ბ–ს“ დაევალა დამატებითი სამუშაოების შესრულება, რომლის ვადაც დამოკიდებული არ იყო შემსრულებელზე, კერძოდ, ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების სიმძლავრის გაზრდას ახორციელებს სს „თ–სი“. მომსახურების განხორციელების სტანდარტული ვადა არის 40 სამუშაო დღე. იმის გათვალისწინებით, რომ დავალების მიღებიდან ვადა 2022 წლის 29 ნოემბერს გავიდა, შპს „ბ–ის“ მითითებით, ხელშეკრულების შესრულების საბოლოო თარიღად უნდა დაფიქსირდეს 2022 წლის 29 ნოემბერი. ამავე წერილის თანახმად, შპს „ბ–ს“ პროექტის ზედამხედველმა სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურებაზე უარი განუცხადა. დასახელებული სამუშაოებია: მდფ-ის ტიხრები: 35 470,75 ლარი, ვენტილაციის სისტემები: 116 562 ლარი, შიდა დასუფთავება: 45 430 ლარი, საქვაბის მონტაჟი: 5 262,59 ლარი, გათბობის, წყლის და საკანალიზაციო დგარების შეფუთვა: 950,91 ლარი, უჟანგავი ლითონის მოაჯირი: 7 275,79 ლარი, საპარკე სკამი: 7 275,79 ლარი, სანაგვე ურნა: 7 276,97 ლარი, ჯამში: 225 504,80 ლარის ოდენობით.

5.16. N5 ცვლილებათა უწყისის თანახმად, 2023 წლის 14 ივნისს, NCEB/EE/W/NCB/05-2021 ხელშეკრულების საკონტრაქტო ღირებულება განისაზღვრა 3 346 039,23 ლარით.

5.17. 2023 წლის 20 ივნისს, ცვლილება შევიდა შპს „ბ–სა“ და სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის დადებულ NCEB/EE/W/NCB/05-2021 წლის ხელშეკრულებაში. N7 ცვლილების თანახმად, დამატებითი სამუშაოების შესასრულებლად, საჭირო გახდა ხელშეკრულების ღირებულების შემცირება. შემცირებული/ამოღებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 10 300,44 ლარი (დღგ-ს ჩათვლით) რაც, დააკლდა ხელშეკრულების ღირებულებას. შესაბამისად, ხელშეკრულების ღირებულება 3 356 339,67 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ნაცვლად, შემცირდა და გახდა 3 346 039,23 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).

5.18. მოსარჩელის განმარტებით, პირგასამტეხლოს დაანგარიშების ნაწილში სასამართლომ არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლომ პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას 60 დღიან პერიოდზე, 2022 წლის 15 ოქტომბრიდან- 14 დეკემბრამდე გამოიყენა 2022 წლის 15 ოქტომბრის თარიღისათვის დარჩენილი სამუშაოების ღირებულება - 455 678.91 ლარი, მაშინ როდესაც მხარეთა შორის 2022 წლის 28 ოქტომბერს შედგა დამატებითი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის გაფორმების შემდეგაც დარჩენილი სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 235 976.23 ლარი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას სასამართლოს ბაზად უნდა გამოეყენებინა 2022 წლის 16 ოქტომბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით - 455.67 X13 დღეზე = 5 923.71 ლარი, 2022 წლის 29 ოქტომბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით - 235.97 X 47 დღეზე = 11 090.59 ლარი. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და პირგასამტეხლოს დარიცხვის პრინციპის გათვალისწინებით შპს „ბ–ზე“ დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო არა სასამართლოს მიერ დაანგარიშებული 27 340.74 ლარი, არამედ- 10 326.44 ლარით ნაკლები 17 014.30 ლარი. ამასთან, ელექტრო ენერგიის სიმძლავრის გაზრდის სამუშაოები დასრულდა 2022 წლის 22 ნოემბერს. შესაბამისად, მენარდე კომპანია ამ თარიღამდე ვერ შეძლებდა სამუშაოების საბოლოო ჩაბარებას. შესაბამისად, აღნიშნულ თარიღამდე პირგასამტეხლოს დარიცხვა საერთოდ არ უნდა მომხდარიყო, ხოლო 2022 წლის 23 ნოემბრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით პირგასამტეხლოს დარიცხვის ბაზად უნდა გამოყენებულიყო 235 976.23 ლარი, ხოლო დასარიცხი პირგასამტეხლო იქნებოდა 235.97X22 დღეზე = 5191.34 ლარი ანუ 22 149.40 ლარით ნაკლები, ვიდრე ეს დაადგინა სასამართლომ. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვა პირგასამტეხლოს ნაწილში სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების სააგენტოს დამატებით დაეკისროს 22 149.40 ლარის გადახდა.

5.19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის N6 ცვლილებით შეთანხმებული იქნა, 2021 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებით, შპს „ბ–ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადად 2022 წლის 15 ოქტომბერი. ამასთან, დადგენილია, რომ პროექტის ზედამხედველის მიერ NCEB/EE/W/NCB/05-2021 ხელშეკრულებით განსაზღვრული რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2022 წლის 12 დეკემბერს.

5.20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელემ, შემკვეთს 2021 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაო, ნაცვლად 2022 წლის 15 ოქტომბრისა, წარუდგინა 2022 წლის 12 დეკემბერს, 60 დღის დაგვიანებით.

5.21. საქმეში წარმოდგენილი 2023 წლის 26 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დგინდება, რომ სს „თ–სის“ მიერ ქ. თბილისში არსებული, N36-ე საჯარო სკოლის ელექტრომომარაგების სიმძლავრის გაზრდის მომსახურების სამუშაო დასრულდა 2022 წლის 22 ნოემბერს. ამდენად უცნობია, სამუშაოების დაწყებისა და ხანგრძლივობის პერიოდი, ასევე, სამუშაოთა ინტენსივობა.

5.22. მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი ზედამხედველობის მიერ შედგენილი წერილისა და თანდართული მასალების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, ზედამხედველი ჯგუფი მოსარჩელე ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, 2022 წლის 19 ოქტომბერს ეწვია N36-ე საჯარო სკოლას, რა დროსაც ჩატარდა შენობის, როგორც შიდა, ასევე - გარე ტერიტორიის გამოკვლევა. ზედამხედველის წერილში მითითებულია, რომ N36-ე საჯარო სკოლაში სამუშაოები დასრულებული არ არის. წერილის თანახმად, მთლიანი სამუშაოები (სამოქალაქო, მექანიკური, ელექტრო) ჯერ არ დასრულებულა, შენობა და ობიექტი არ არის დასუფთავებული და სხვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ გარდა უშუალოდ სს „თ–სის“ მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისა, შესრულების ვადის ამოწურვის - 2022 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, შპს „ბ–ს“ შეუსრულებელი ჰქონდა იმგვარი ვალდებულებები, რაც ზედამხედველის მხრიდან მიჩნეული იქნა 2021 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ჯეროვან შეუსრულებლობად, აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება აპელანტის მიერ არ წარდგენილა.

5.23. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით დგინდება 2021 წლის 22 ივლისს, მხარეთა შორის დაიდო საკონტრაქტო ხელშეკრულება N CEB/EE/W/NCB/05-2021 თბილისის N36-ე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის ზომების შემოღების თაობაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 3 346 039.23 ლარია. კონტრაქტის ზოგადი პირობების 47.1. ქვეპუნქტის თანახმად, მთელი ობიექტის სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების ჯარიმა შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ფასის 0,1%-ს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე. მთელი ობიექტის სამუშაოების ვადაგადაცილების ჯარიმის მაქსიმალური თანხა შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ფასის 10%-ს. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შპს „ბ–ის“ მიერ 2021 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაო, ნაცვლად 2022 წლის 15 ოქტომბრისა, წარედგინა 2022 წლის 12 დეკემბერს, 60 დღის დაგვიანებით. საქმეში წარდგენილი სერტიფიკატების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ 2022 წლის 15 ოქტომბრისათვის მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განსაზღვრული იყო 455 678,91 ლარით, დღგ-ს ჩათვლით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმის კონკრეტული გარემოებები, შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, დარღვევების გათვალისწინებით და მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო კონტრაქტის საბოლოო ფასის 0,1%-ს თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრულია, მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, პირგასამტეხლოს ოდენობად 27 340,74 ლარი.

6. შემკვეთის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით.

6.2. კასატორის მტკიცებით, მენარდე მეწარმე სუბიექტია და მსგავს ხელშეკრულებებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, შესაბამისად, კარგად ჰქონდა შეფასებული ხელშეკრულების პირობები და ამ გარემოების გათვალისწინებით, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს და არა სასამართლოს მიერ განსაზღვრული არაგონივრულად დაბალი ოდენობით.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეზე დავის საგანია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს სახით დაქვითული თანხის უკან დაბრუნება, შესაბამისად სარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია სსკ-ის 629-ე მუხლი „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი „პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს“. სსკ-ის 991 ე მუხლი: „პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული“. სსკ-ის 417-ე მუხლი „პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“. ამავე კოდექსის 418-ე მუხლი „ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს“. სსკ-ის 420-ე მუხლი „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“.

13. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს, იზიარებს მათ სამართლებრივ შეფასებას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის N6 ცვლილებით შეთანხმდა, 2021 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებით, მენარდის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადად 2022 წლის 15 ოქტომბერი. ამასთან, დადგენილია, რომ პროექტის ზედამხედველის მიერ NCEB/EE/W/NCB/05-2021 ხელშეკრულებით განსაზღვრული რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების ძირითადი სამუშაოები დასრულდა 2022 წლის 12 დეკემბერს. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შესასრულებელი სამუშაო, შემკვეთს 60 დღის დაგვიანებით წარედგინა. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ სს „თ–სმა“, ნარდობის ობიექტის ელექტრომომარაგების სიმძლავრის გაზრდის სამუშაო 2022 წლის 22 ნოემბერს დაასრულა, თუმცა უცნობია სამუშაოების დაწყებისა და ხანგრძლივობის პერიოდი და ინტენსივობა.

14. საქმის მასალებით, კერძოდ ზედამხედველი მიერ შედგენილი წერილისა და თანდართული მასალების მიხედვით დადგენილია, რომ N36-ე საჯარო სკოლაში სამუშაოები დასრულებული არ არის. წერილის თანახმად, მთლიანი სამუშაოები (სამოქალაქო, მექანიკური, ელექტრო) ჯერ არ დასრულებულა, შენობა და ობიექტი არ არის დასუფთავებული და სხვა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება, რომ გარდა უშუალოდ სს „თ–სის“ მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისა, შესრულების ვადის ამოწურვის - 2022 წლის 15 ოქტომბრის შემდეგ, მენარდეს შეუსრულებელი ჰქონდა იმგვარი ვალდებულებები, რაც ზედამხედველის მხრიდან მიჩნეული იქნა 2021 წლის 22 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების ჯეროვან შეუსრულებლობად.

15. ზემოაღნიშნულთან ერთად, დადგენილია, რომ 2022 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, რის თაობაზეც ზედამხედველმა, სამუშაოების დასრულების სერთიფიკატი გასცა, რაც დადასტურებულია მენარდის მიერ.

16. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად სამუშაოების დასრულებისა, უდავოა, სადავო სამუშაოები დაგვიანებითაა შესრულებული. უდავოა, რომ სამუშაოების დასრულების თარიღად მხარეებმა, 2022 წლის 15 ოქტომბერი განსაზღვრეს. ასევე უდავოა, რომ დასახელებული დროისთვის სამუშაოები არსებითად შეუსრულებელი იყო, ხოლო, სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2022 წლის 12 დეკემბერს დასრულდა. შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ირკვევა, რომ 2022 წლის 15 ოქტომბრისათვის მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განსაზღვრული იყო 455 678,91 ლარით, დღგ-ს ჩათვლით (იხ. ტ. I, ს.ფ. 320-321), რის გამოც უდავოა, კასატორის მიმართ ვალდებულება დაირღვა, თუმცა, დაკავებული პირგასამტეხლოს ოდნოება მართებულად შეაფასეს ქვემდგომა ინსტანციის სასამართლოებმა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და შეამცირეს გონივრულ ოდენობამდე.

17. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო– მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა– მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

18. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197). (სუსგ. ას-902-2019).

19. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან, მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული (სუსგ ას-1755-2018; №ას-358-2024 14 ივნისი, 2024 წელი).

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასას და დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს რომ, საქმის კონკრეტული გარემოებების კერძოდ: ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის; პროექტის საერთო ღირებულების; ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის (ვადაგადაცილებული დღეები ნაცვლად, 2022 წლის 15 ოქტომბრისა, ვალდებულება შესრულდა ამავე წლის 12 დეკემბერს) გათვალისწინებით დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია და სავსებით კანონშესაბამისია, შესაბამისად, არ არსებობს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და უფრო მაღალი ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების ასანაზღაურებელი თანხის დაკავებული ოდენობიდან) პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (206074193) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №09858, გადახდის თარიღი 17/11/2025) 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია