დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.05.2026
საქმის ნომერი
ას-1314-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1314-2024 1 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),გოჩა ჯეირანაშვილი (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – გ.ხ–ძე, ა.გ–ძე (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - თ.ფ–ას უფლებამონაცვლეები: ნ.დ.ლ–ი, ნ.ი.ლ–ი, ქ.ლ–ი, გ.კ.ლ–ი, ს.ე.ლ–ი (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნაგებობის დემონტაჟი (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ.ფ–ას (შემდგომში - „თავდაპირველი მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) ძირითადი სარჩელი გ.ხ–ძისა და ა.გ–ძისთვის (შემდგომში - „მოპასუხეები“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) საკუთრების ხელშეშლის აღკვეთის და დაზიანებული ნივთის (კაპიტალური ღობის) პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ, საკადასტრო კოდი .......... და ........., არ დაკმაყოფილდა (პირველი პუნქტი); შეგებებული სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის (ს.კ. ..........) ის ნაწილი, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10/09/2015 წლის დასკვნის N5004592115 მიხედვით უკავია შეგებებული სარჩელით მოპასუხის ღობეს (მეორე პუნქტი); დაევალა შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთზე (...........) მის მიერ აღმართული ნაგებობის (მიწის ნაკვეთის გამყოფი ღობის) დემონტაჟი.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ოქტომბრის საოქმო განჩინებით, თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ: ნ.დ.ლ–ი, ნ.ი.ლ–ი, ქ.ლ–ი, გ.კ.ლ–ი, ს.ე.ლ–ი (შემდგომში - „მოსარჩელეები“ ან „შეგებებული სარჩელით მოპასუხეები“).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით შეწყდა სასარჩელო წარმოება თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლეების სარჩელზე; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების პირველი პუნქტი, რომლითაც ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 08 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-2 და შემდგომი პუნქტები და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდით: N.......... (წინა საკადასტრო კოდი: ...........), წარმოადგენდა თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებას. ამავე მისამართზე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: N.........., საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თავდაპირველი მოსარჩელისა და ი.თ–ძის თანასაკუთრებაში (იხ. ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, შპს „ჯ–ის“ განმარტებითი ბარათი, ტ.1,. ს.ფ. 92-93, 94-95; ტ. 2. 122-123, 157). უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდით: N........ (დაზუსტებული ფართობი 293.00 კვ.მ. წარმოადგენს N.........., 93.00 კვ.მ. და N.........., 200.00 კვ.მ. საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების შედეგად წარმოქმნილ ქონებას) საკუთრების უფლებით ირიცხება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების სახელზე. ზემოაღნიშნული უძრავი ქონებები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს;

5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ი.თ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს - წინამდებარე საქმეში მოპასუხეებს/შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს აეკრძალათ ხელშეშლის აღკვეთა, კერძოდ, ი.თ–ძის ღობის დანგრევა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინებით დატოვებული იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 აპრილის განჩინება). ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ღობის დანგრევის ნაწილში სახეზე იყო ი.თ–ძის საკუთრების გაუმართლებელი ხელყოფა, შესაბამისად, სახეზე იყო ნეგატორული მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა. სასამართლოს შეფასებით, ის, რომ მოსარჩელის ღობე გადასცდა მისი მიწის ნაკვეთის საზღვრებს, არ წარმოადგენდა მოპასუხეთა მხრიდან მათ მიწის ნაკვეთზე გადასული ღობის აღების საფუძველს, ვინაიდან სახეზე იყო მდგომარეობა, როდესაც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე განზრახ არ გადასულა სხვის მიწის ნაკვეთზე (გადაწყვეტილების 4.3. პუნქტი);

5.3. ზემოაღნიშნულ საქმეზე (მხარეები - მოსარჩელე: ი.თ–ძე; მოპასუხეები: წინამდებარე საქმეზე მოპასუხეები/შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები) დავის საგანს წარმოადგენდა საკუთრების ხელშეშლის აღკვეთა და გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმ უძრავ ქონებაზე, რომელიც წარმოადგენს განსახილველი სარჩელის დავის საგანს. მითითებულ გარემოებას დაეთანხმნენ მხარეები და სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც შეწყდა წარმოება თავდაპირველი მოსარჩელეების უფლებამონაცვლეების სარჩელზე და გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. 26.03.2024წ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი და საოქმო განჩინება). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მოპასუხეების/შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება;

5.4. შეგებებული სარჩელის თანახმად, დარღვევა ვლინდება იმაში, რომ თავდაპირველი მოსარჩელის ნაკვეთის ღობის ნაწილი, რომელიც 4 მეტრამდე სიმაღლის ბლოკის კედელს წარმოადგენს, ცდება ნაკვეთის წითელ ხაზებს, რის შედეგადაც ზოგიერთ მონაკვეთში ნაწილობრივ ან სრულად გადადის მათ ნაკვეთზე. მოსარჩელეთა განმარტებით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ღობის ნაწილი არ გადის წითელ ხაზზე, ამასთან, ის მდებარეობს მათ ნაკვეთზე და ხელს უშლით საკუთრების უფლების რეალიზებაში, მათ შორის, მშენებლობის განხორციელებაში. არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებული პროექტის მიხედვით იქ, სადაც დღეს ფაქტობრივად ღობის ნაწილი ექცევა, უნდა მდებარეობდეს მათი შენობის კედელი, რომელიც, თავის მხრივ, მომავალში ისედაც შეასრულებს გამყოფი მიჯნის ფუნქციას;

5.5. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თბილისში, კოტე მესხის მე-2 აღმ. N9-ში სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის 2003 წლის 01 სექტემბრის ნებართვის საფუძველზე და აღნიშნულ პროექტში დაფიქსირებულია ასევე ღობე, რომელიც მიღებულია ექსპლუატაციაში მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის N124-17 27.05.2005წ. დადგენილებით (არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილება N2251699, წერილი, ტ.2, ს.ფ. 183-184, 185). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 მაისის N1-1133 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის 2005 წლის 27 სექტემბრის დადგენილების N8 ოქმი, საყრდენი კედლის (ღობის) ექსპლუატაციაში მიღების ნაწილში (ბრძანება, ტ.2, ს.ფ. 259-272).

5.6. განმარტებითი ბარათის შესაბამისად, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ..........) ღობე გადადის შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ღობის გადასვლა (გადაფარვა) ფიქსირდება როგორც 2014 წლის თებერვლის მდგომარეობით არსებული ......... და ......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების რეგისტრირებულ საკადასტრო მონაცემებთან, ასევე მას შემდეგ განხორციელებული ცვლილებების შედეგად რეგისტრირებულ ......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებზე (შპს „ჯ–ის“ გეოდეზისტის ალექსანდრე სოხაძის განმარტებით ბარათი, ტ.2, ს.ფ. 157). საქმის მასალებში წარმოდგენილია არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ თავდაპირველი მოსარჩელის ღობის ნაწილი მოქცეულია შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთზე, ხოლო ნაწილი მოქცეულია მის ფარგლებს გარეთ (იხ. საქმის მასალები, ექსპერტიზის დასკვნები).

6. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოქცეულია მოპასუხის კუთვნილი ღობის ნაწილი. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 115-ე, 170.2 მუხლებით და აღნიშნა, რომ არ არსებობდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, ვინაიდან ღობის დემონტაჟი და შესაბამისი მიწის ნაკვეთის გამოთხოვა გაუმართლებლად ხელყოფდა თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლეების საკუთრების უფლებას.

7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 179.1 მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, რა შემთხვევაშიც სსკ-ის 172.2 მუხლის საფუძველზე, მესაკუთრის მიერ დემონტაჟის მოთხოვნა საფუძვლიანი იქნებოდა. გამოსაყენებელი ნორმის მიზნებიდან გამომდინარე კი, თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. სააპელაციო პალატამ საქმის შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო მდგომარეობა, როდესაც მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე განზრახ არ გადაცილებულა სხვის მიწის ნაკვეთს. საქმეში არსებული მტკიცებულებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ისიც, რომ არსებული ღობე არსებობს წლების განმავლობაში და მის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სადავოდ არ გაუხდია მითითებული ღობის არსებობის საკითხი. მხარეებმა საქმის ზეპირი განხილვისას კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ სადავო ღობე აშენდა 2003 წელს, ხოლო მხარემ უძრავი ქონება შეიძინა 2014 წელს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს 26.03.2024წ. სასამართლო სხდომის ოქმი). აღნიშნული გარემოებები კი, პალატის შეფასებით, ქმნიდა სსკ-ის 179-ე მუხლის გამოყენების უპირობო საფუძველს, რაც ღობის აღების მცდელობას განიხილავს არამართლზომიერად ქმედებად.

8. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ მიუთითა იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სადავო ღობე წლების მანძილზე თავდაპირველი მოსარჩელის მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ქონების შეძენისას სადავოდ არ გაუხდიათ და არც ღობის მათ საზღვარზე შეჭრის გამო წამოუყენებიათ პრეტენზია. აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გამხდარა არც მათი წინამორბედი მესაკუთრეების მიერ. პალატამ განმარტა, რომ თმენის ვალდებულება ესაა სამეზობლო ინსტიტუტიდან გამომდინარე საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რა შემთხვევაშიც სახეზეა ინსტიტუტის კანონისმიერი დატვირთვები.

9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

10. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებმა მიუთითეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

10.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები ვერ ახერხებენ მშენებლობის დაწყებას იმის გამო, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს სამეზობლო მიჯნისა და თავისივე შეთანხმებული პროექტის დარღვევით აქვს ღობის დიდი ნაწილი აშენებული. ღობე ფაქტობრივად გადმოდის მოსარჩელეთა ნაკვეთში, რაც არც თავდაპირველი მოსარჩელის პროექტით ყოფილა განსაზღვრული და რაზეც არც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა ნაკვეთის ყოფილ მესაკუთრეებს და არც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს თანხმობა არ მიუციათ;

10.2. გარდა იმისა, რომ არსებობს წითელი ხაზების აშკარა დარღვევა, აღსანიშნავია, რომ ღობის მდებარეობა არ შეესაბამება მოსარჩელის შეთანხმებულ პროექტს. 2003 წელს შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ღობე უნდა იყოს შენობის კონტურის გაგრძელებაზე და შენობის კედელთან ერთად უნდა ქმნიდეს ერთ სწორ ხაზს. რეალურად კი ის შენობის კედლის გარეთაა მიშენებული და ზოგიერთ ადგილზე შენობის კედელსა და ღობეს შორის სივრცეც არის დატოვებული, რაც საბოლოოდ პროექტთან მნიშვნელოვან ცდომილებას იძლევა.

11. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოადგინეს შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვეს შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტა შემდეგი დასაბუთებით:

11.1. სადავო ნივთის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე სარჩელზე. სარჩელის იგივეობა განისაზღვრება სარჩელის საგნის, ფაქტობრივი საფუძვლისა და მხარეთა თანადამთხვევით. 2020 წლის 17 ნოემბრის ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობები მეზობელთა შორის. დადგენილია ისიც, რომ სამეზობლო ურთიერთობათა შედეგად სსკ-ის 179-ე მუხლის საფუძველზე კასატორთა მიერ ღობედ წოდებული ნივთი და სინამდვილეში კი შეგებებული სარჩელით მოპასუხეთა საკუთრებაში მყოფი ქონების საყრდენი კედელი იქცა მათი უძრავი ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილად, რაც გამორიცხავს ნივთის ვინდიკაციის შესაძლებლობას. ამიტომ, სახეზეა არსით იგივე სარჩელი, რაც წარმოშობს საპროცესო შედეგს - საქმის შეწყვეტას სსსკ-ის 272-ე მუხლის საფუძველზე.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

16. განსახილველ შემთხვევაში შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს აღძრული აქვთ ვინდიკაციური სარჩელი და დავის საგანს წარმოადგენს შეგებებული სარჩელით მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეთა მიწის ნაკვეთის (ს/კ: .........) იმ ნაწილის გამოთხოვა, რომელიც სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 10/09/2015 წლის დასკვნის N5004592115 მიხედვით უკავია მოპასუხეთა ღობეს, ასევე, ნაგებობის (ღობის) დემონტაჟი [სსკ-ის 170.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას; 172.1 მუხლი: მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება].

17. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 245) (იხ. სუსგ საქმე №ას-457-2021, 5 ოქტომბერი, 2021 წელი).

18. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოქცეულია მოპასუხე მხარის კუთვნილი ღობის ნაწილი. დავის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამეზობლო სამართლის ნორმებით.

19. სამეზობლო სამართალი სანივთო სამართლის ნაწილია და ამ ნორმათა მიზანია მეზობლებს შორის არსებული დავების გადაჭრა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა. სამეზობლო სამართლის ნორმებით დგინდება მეზობელ მიწის ნაკვეთსა ან სხვა უძრავ ქონებაზე დასაშვები ზემოქმედების ფარგლები, „მეზობელი მესაკუთრის“ ვალდებულება. მეზობელი უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის მრავალგვარი კონფლიქტი შეიძლება არსებობდეს, თუმცა, სამეზობლო სამართლის ნორმებში თავმოყრილია მხოლოდ კანონმდებლის მიერ მოსაწესრიგებლად მიჩნეული საკითხები. პრაქტიკაში გავრცელებულია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის, დაუშვებელი ხელყოფის, სხვის მიწის ნაკვეთზე გადასვლის შემთხვევებთან დაკავშირებული დავები (იხ. თამარ ზარანდია, „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 263) (იხ. სუსგ საქმე №ას-1065-2020, 8 აპრილი, 2021 წელი).

20. მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება [სსკ-ის 174-ე მუხლი]. აღნიშნული ნორმა, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1046-1007-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).

21. სსკ-ის 179-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს, მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრემ ეს უნდა ითმინოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დამრღვევი მეზობელი ვალდებულია გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, რომელიც ყოველწლიურად წინასწარ უნდა იქნეს გადახდილი.

22. სსკ-ის 179-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებელობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდა მეზობელი ნაკვეთის საზღვარს. საკვანძო საკითხი ამ დროს არის ის, თუ როგორ მოხდა საზღვრის გადაცდენა: განზრახი თუ გაუფრთხილებელი მოქმედების შედეგად. თუ საზღვრის გადასვლა მოხდა განზრახ, მესაკუთრეს შეუძლია დაეყრდნოს 172.2 მუხლს და მოითხოვოს ნაგებობის დემონტაჟი. თუ საზღვრის გადაცდენა მოხდა განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაში სახეზეა მეორე მხარის ეკონომიკური ინტერესი, კანონმდებლობა ავალდებულებს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, ითმინოს მის მიწის ნაკვეთზე ეს ზემოქმედება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის წინააღმდეგ მან წინასწარ ან შეტყობისთანავე განაცხადა. საზღვრის დარღვევა, თუკი ასეთს აქვს ადგილი, ადვილად შესამჩნევი ხდება მეზობელი მესაკუთრისათვის. სწორედ ამიტომ, კანონმდებლობა იმ მესაკუთრისაგან, რომლისათვისაც მნიშვნელოვანია, რომ მის მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდეს ადგილი მსგავს ზემოქმედებას, მოითხოვს საზღვრის დარღვევის შესახებ მეორე მხარის დაუყოვნებლივ ინფორმირებას შეტყობისთანავე - იმ მომენტში, როგორც კი მისთვის აღნიშნულის შესახებ გახდა ცნობილი. თუკი მესაკუთრემ არ განახორციელა ეს მოქმედება, შემდგომ იგი კარგავს მის მიწის ნაკვეთზე არსებული კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნის უფლებას (იხ. თამარ ზარანდია „სანივთო სამართალი“ , თბილისი, 2019 წელი, გვ. 276) (იხ. სუსგ საქმე №ას-1065-2020, 8 აპრილი, 2021 წელი).

23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნორმის მიზანია, დააბალანსოს მიწის მესაკუთრეთა ინტერესები, როდესაც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მშენებლობის დროს განზრახვის გარეშე გადასცდება მეზობელი ნაკვეთის საზღვრებს. მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულება ანაზღაურდება შესაბამისი ფულადი კომპენსაციით. სსკ-ის 179-ე მუხლი არის ამავე კოდექსის 170-ე მუხლის მოდიფიცირება იმ თვალსაზრისით, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლება მეზობელი მიწის ნაკვეთიდან საზღვრის დარღვევით განხორციელებული მშენებლობით იზღუდება. ნორმის მიხედვით, არსებობს საჯარო ინტერესი, შენარჩუნდეს მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ნაგებობის ეკონომიკური ერთიანობა, რის გამოც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მშენებლობის განმახორციელებელი მეზობლის მიმართ არ აქვს ნაგებობის დანგრევის მოთხოვნის უფლება (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018, გვ. 103). ამდენად, კანონი, ერთი მხრივ, იცავს ნაგებობის მესაკუთრის ინტერესებს, ხოლო, მეორე მხრივ, უფლებადარღვეულ მესაკუთრეს ანიჭებს თმენისათვის კომპენსაციის მიღების უფლებას. საკუთრების ბოჭვის ამგვარი წინაპირობა სრულად შეესაბამება საკუთრების ინსტიტუტის სოციალურ არსს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტითაა რეგლამენტირებული (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-740-692-2017, 27 ოქტომბერი, 2017 წელი).

24. განსახილველ საქმეში დადგენილია, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე განზრახ არ გადაცილებულა საზღვარს; არსებული ღობე არსებობს წლების განმავლობაში და მის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს სადავოდ არ გაუხდია მითითებული ღობის არსებობის საკითხი; სადავო ღობე წლების მანძილზე თავდაპირველი მოსარჩელის მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რაც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ქონების შეძენისას სადავოდ არ გაუხდიათ და არც ღობის მათ საზღვარზე შეჭრის გამო წამოუყენებიათ პრეტენზია. აღნიშნული ფაქტი სადავოდ არ გამხდარა არც მათი წინამორბედი მესაკუთრეების მიერ. მხარეებმა დაადასტურეს, რომ სადავო ღობე აშენდა 2003 წელს, ხოლო მხარემ უძრავი ქონება შეიძინა 2014 წელს. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს წარმოეშვათ სსკ-ის 179.1 მუხლით დადგენილი თმენის ვალდებულება, რის გამოც მათი საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა. კასატორთა ზოგადი შედავება, რომ თავდაპირველ მოსარჩელეს სამეზობლო მიჯნისა და თავისივე შეთანხმებული პროექტის დარღვევით აქვს ღობის დიდი ნაწილი აშენებული, ვერ აბათილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებას, რომ მეზობელი ნაკვეთის საზღვრების გადაცდენა მოხდა განზრახვის გარეშე.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

26. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. საკასაციო პალატა იმსჯელებს ასევე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე შეგებებული სარჩელით მოპასუხეთა შუამდგომლობაზე და მიუთითებს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა (სსსკ-ის მე-2 მუხლი). სასამართლოსათვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპროცესო გარანტიაა, თუმცა, ეს უფლება აბსოლუტური არ არის. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება ქარწყლდება მას შემდეგ, რაც დავა სასამართლო წესით უკვე გადაწყვეტილია. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გადასინჯვას აღარ ექვემდებარება, ხოლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები - გადახედვას (სსსკ-ის 266 მუხლი). შესაბამისად, იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით სარჩელის ინიცირება გამორიცხულია. ასეთი სარჩელის დასაშვებობის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც სასამართლოსათვის სარჩელის დასაშვებობის შემოწმების დროს უცნობია ამავე დავაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის ფაქტი, სასამართლო ახლად ინიცირებულ სარჩელზე შეწყვეტს წარმოებას. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოგვარებულ დავაზე სამართალწარმოების პროცესის ინიცირების დაშვებით ილახება სამართლიანი სასამართლოს უფლება, ვინაიდან კანონის უზენაესობა სამართლებრივი განჭვრეტადობის პრინციპს ემყარება, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოწესრიგებული საკითხი აღარ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, გარდა შიდა სამართლით მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი 2020, გვ. 49-54) (იხ. სუსგ საქმე №ას-1031-2019, 4 მარტი, 2021 წელი).

29. დავის საგნის იგივეობის განმარტების მიზნებისათვის, პალატა მიუთითებს, რომ ციტირებულ ნორმაში მოხსენიებული „იგივე საგანი“ გულისხმობს იმ მატერიალურ-სამართლებრივ უფლებას, რომელიც ერთხელ უკვე იყო გაცხადებული სასამართლოს წინაშე, ხოლო „იგივე საფუძველში“ მოიაზრება ის ფაქტები, რომელიც მატერიალური უფლების სასამართლოს წინაშე გაცხადებას ერთხელ უკვე დაედო საფუძვლად. ამასთან, საქმის წარმოების შეწყვეტის მიზნებისათვის, მნიშვნელობა არ გააჩნია, იგივე მხარე იმავე მატერიალურ-სამართლებრივ უფლებაზე უკვე დასრულებულ დავაში მიუთითებდა როგორც მოსარჩელე, თუ მოთხოვნის უფლების გამომრიცხავი შესაგებლის ფორმატში, როგორც მოპასუხე. მთავარია, რომ მატერიალური უფლების არსებობა-არარსებობის საკითხი სასამართლოს არსებითად უკვე შეფასებული ჰქონდეს და აღნიშნული აქტი შესული იყოს კანონიერ ძალაში (იხ. სუსგ საქმე №ას-82-2023, 06 აპრილი, 2023 წელი).

30. კანონმდებელი საქმის წარმოების შეწყვეტას უკავშირებს აღნიშნულისათვის ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობას, კერძოდ, საქმის წარმოების შეწყვეტა დასაშვებია, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დასრულდა დავა იმავე მხარეებს შორის, ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელის იმავე ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამო. ამასთან, მითითებული წანამძღვრები წარმოდგენილ უნდა იქნენ კუმულაციურად, რაც ნიშნავს, რომ ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვერ შეწყვეტს საქმის წარმოებას და ვალდებულია, იმსჯელოს ახალ სარჩელზე(იხ. სუსგ საქმე №ას-1280-1220-2014, 9 თებერვალი, 2015 წელი).

31. განსახილველ შემთხვევაში წინამდებარე საქმეში შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს წარმოდგენილი აქვთ ვინდიკაციური სარჩელი (მოპასუხეები - თ.ფ–ას უფლებამონაცვლეები), ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, დაკმაყოფილებულია ნეგატორული სარჩელი (მხარეები - მოსარჩელე: ი.თ–ძე; მოპასუხეები: წინამდებარე საქმეზე მოპასუხეები/შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები). გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის დავის საგნის ერთგვაროვნება. შესაბამისად, ვინაიდან საქმის წარმოების შეწყვეტისათვის კუმულაციურად უნდა იყოს სახეზე სამივე წინაპირობა - დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით (სსსკ-ის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი), დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარეთა პრეტენზია საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, საფუძვლიანად რომც იქნეს მიჩნეული ზემოაღნიშნული შუამდგომლობა, სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, შეგებებული სარჩელით მოპასუხეთა ინტერესი მიღწეულია, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და, შესაბამისად, შეგებებული სარჩელი უარყოფილია,32. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მოწინააღმდეგე მხარეების: ნ.დ.ლ–ის, ნ.ი.ლ–ის, ქ.ლ–ის, გ.კ.ლ–ისა და ს.ე.ლ–ის შუამდგომლობა გ.ხ–ძისა და ა.გ–ძის შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

2. გ.ხ–ძისა და ა.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. კასატორებს გ.ხ–ძესა (პ/ნ:.......) და ა.გ–ძეს (პ/ნ: .........) დაუბრუნდეთ შპს „ნ., უ. და პარტნიორების“ მიერ (ს/ნ: .........) 2024 წლის 01 ნოემბერს №1730444673 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. მარსაგიშვილი

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

ლ. ქოჩიაშვილი