დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1353-2025
24 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „პ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჯ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „პ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ჯ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 6.1. სს „თ.ბ–სა“ (შემდგომში - „ბანკი”) და მოპასუხეს შორის 2017 წლის 10 აპრილს დაიდო N2342990-8876252 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 11 100 ლარი, წლიური 16% საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ყოველთვიური შენატანი განისაზღვრა 323,01 ლარით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 16-21);
6.2. ხელშეკრულების 2.10 პუნქტის თანახმად, სესხის დაფარვისა და სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით;
6.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ვადაგადაცილების თარიღიდან - 2018 წლის 15 მარტიდან 2021 წლის 03 სექტემბრამდე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 16-20, 24);
6.4. ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს დაფარული აქვს საკომისიო - 232 ლარი, პროცენტი - 1 411,62 ლარი და ძირი - 1 741,88 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 22);
6.5. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 48 017,82 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 9 358,12 ლარი, პროცენტი - 4 744,25 ლარი და პირგასამტეხლო - 33 915,45 ლარი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 24);
6.6. ბანკმა 2021 წლის 11 ოქტომბერს, სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, N2342990-8876252 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმო შპს „გ–სს“; ხოლო, ამ უკანასკნელმა 2021 წლის 31 დეკემბერს, სესხზე მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, N2342990-8876252 ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის, ასევე, მასზე დარიცხული სარგებლისა და ჯარიმის მოთხოვნის უფლება დაუთმო მოსარჩელეს; სესხს მიენიჭა ახალი ნომერი N00001731860 (იხ. ტ. 1, ს.ფ. 25-44).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტის პრეტენზია ძირითადად იმ არგუმენტს ემყარებოდა, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება; მოპასუხეს კრედიტის თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა გარკვეული პერიოდულობით, რეგულარულად ევალებოდა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით უნდა გამოითვალოს; პერიოდი, რომელიც ხანდაზმული არ არის, სასამართლოს 2020 წლის 15 ივლისიდან უნდა აეთვალა, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი 2023 წლის 23 ივნისს არის აღძრული. სააპელაციო პალატამ მიუთითა აპელანტის განმარტებაზე, რომლის თანახმად, სასამართლომ არასწორად შეაფასა ის გარემოება, რომ საქმეში წარდგენილი არ არის სესხის გაცემისას შედგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი სესხის დაფარვის გრაფიკი, თითქოს, არ დგინდება გადახდის პერიოდულობა; მოსარჩელის მიერ წარდგენილ დაფარვის გრაფიკზე მითითებულია „გრაფიკის თარიღი - 11.09.2021“. აღნიშნულ ველში ეთითება ბანკის მიერ გრაფიკის პროგრამულად ამოღების თარიღი. ვინაიდან სადავო სესხი გაცემულია ონლაინ, დოკუმენტები არ არსებობს მატერიალურად ხელმოწერილი სახით, აქედან გამომდინარე, კომპანიის მიერ პორტფელის ყიდვის შემდგომ ხდება დოკუმენტების ეტაპობრივად მიწოდება (პროგრამიდან ამოღება). 11.09.2021 წელი არის სწორედ ის თარიღი, როდესაც ბანკმა აღნიშნული დოკუმენტი პროგრამიდან ამოიღო. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, წარდგენილი მტკიცებულება რელევანტურია, შესაბამისად, სასამართლოს ის უნდა გაეთვალისწინებინა და ხანდაზმულობის ვადაც აქედან გამომდინარე უნდა აეთვალა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესაფასებლად, მოცემულ შემთხვევაში, უნდა დადგენილიყო მხარეთა შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების არსი, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების ბუნება, ასევე, მისი განსხვავება ნაწილ-ნაწილ შესრულებისაგან. ამასთან, უნდა დაზუსტებულიყო ხანდაზმულობის საკითხის მიმართება პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებასა და მხარეთა შეთანხმებით ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებასთან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის გასაქარწყლებლად წარდგენილ გრაფიკზე და მის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, მოპასუხეს გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა თანხა. ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი იყო და მთლიანად ხანდაზმულად ვერ იქნება მიჩნეული; სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სესხის გადახდის გრაფიკი შედგენილია 2021 წლის 11 სექტემბერს, ხელშეკრულება კი დაიდო 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო სესხის გადახდის გრაფიკი წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს; მიუხედავად იმისა, რომ სესხი წარმოადგენს ელექტრონულად გაცემულ სესხს, არის ხელმოუწერელი და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მოპასუხისათვის თანხის ჩარიცხვის ფაქტი, საქმეში არ არის წარდგენილი სესხის გაცემის დროისათვის შედგენილი გრაფიკი, ხოლო, როგორც აღინიშნა, წარდგენილი გრაფიკი არის მოგვიანებით შედგენილი, რის გამოც იგი სასამართლომ რელევანტურ მტკიცებულებად არ მიიჩნია; სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქმეში წარდგენილი სესხის გადახდის ისტორიის თანახმად, მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 15 თებერვალს, სარჩელი კი სასამართლოში 2023 წლის 23 ივნისს, ე.ი. ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დარღვევით არის აღძრული. შესაბამისად, N2342990-8876252 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, საქმეში წარდგენილი არ არის სესხის გადახდის ხელმოწერილი გრაფიკი, თუმცა წარდგენილია მოსარჩელის მიერ გაცემული საგადახდო ისტორია, 2023 წლის 21 ივნისის მდგომარეობით, რომლითაც დგინდება 2017 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე პერიოდში თუ რა თანხას ფარავდა მსესხებელი; მნიშვნელოვანია, რომ მოპასუხე არ უარყოფს არც სესხის თანხის მიღების ფაქტს და არც მხარეთა შორის გრაფიკის თაობაზე შეთანხმებას, კერძოდ, მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაადასტურა, რომ მისთვის სესხის გადახდის გრაფიკის თაობაზე ცნობილი იყო და თანხას ამ გრაფიკის მიხედვით ფარავდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 16.06.2025წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 13:12:09-13:14:06 სთ). იმავე საგადახდო ისტორიის მიხედვით, მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა ფიქსირდება 2018 წლის 15 თებერვალს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 22). სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი და განმარტა, რომ მარტოოდენ ფაქტი იმის შესახებ, რომ ვალდებულება ნაწილ-ნაწილ (გარკვეული პერიოდულობით) უნდა შესრულდეს, პერიოდულ შესასრულებელ ვალდებულებად არ უნდა იქნეს მიჩნეული; ამ მიმართებით ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება ისეთი ვალდებულებისაგან, რომელიც მხარეთა შეთანხმებით დროში განაწილვადების პრინციპით, კერძოდ, ნაწილ-ნაწილ უნდა შესრულდეს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ასეთ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულების შესრულების წესზე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, კრედიტორი ვალდებულების შესრულებას ვადაზე ადრე ვერ მოითხოვს, ხოლო ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში, მას მოთხოვნის უფლება თანხის მხოლოდ იმ ნაწილის მიმართ აქვს, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია. კრედიტორს აღნიშნული განაწილვადების მიმართ ინტერესი აქვს, რადგან დროში განაწილვადების მიხედვით იღებს სარგებელს. მოვალეს ვალდებულების ერთიანი შესრულების უფლებაც აქვს, თუმცა, რიგ შემთხვევებში ერთიანი შესრულება საკომისიოს გადახდასთანაა დაკავშირებული. ვალდებულების შესრულების ამგვარი მახასიათებლები იძლევა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულება არა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, არამედ ერთიანი ვალდებულებაა, რომლის ნაწილ-ნაწილ შესრულების მიღებას კრედიტორი დასთანხმდა, შესაბამისად, იმ მომენტიდან, როდესაც კრედიტორს ხელშეკრულების შეწყვეტის გზით თანხის ერთიანად შესრულების მოთხოვნის უფლება უჩნდება, ერთიანი შესრულების მიმართ მოთხოვნის ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადის დენის ათვლა იწყება. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებას. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლის თანახმად, მოვალეს უფლება აქვს ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ (ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება), თუკი კრედიტორი ამაზე თანახმაა. მაშასადამე, ვალდებულება მოვალის მიერ უნდა შესრულდეს ერთიანად. გამონაკლის შემთხვევებში კი, კანონი ითვალისწინებს ვალდებულების შესრულებას ნაწილ-ნაწილ, იმ პირობით, რომ კრედიტორი ამაზე თანახმაა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისა და ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების გამიჯვნის მიზნით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საკასაციო პალატის შემდეგი განმარტება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2020წ. Nბს-100(კ-20) გადაწყვეტილება): „პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებასა“ და „ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულებას“ შორის ფორმალური ნიშნით მსგავსების გამო მათი ურთიერთგამიჯვნა ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულია გარკვეულ სირთულესთან, თუმცა გარიგების ამ ორი სახის გამიჯვნის თვალსაზრისით, გადამწყვეტი უნდა იყოს ის იმანენტური, კონსტიტუციური ნიშნები, რაც მახასიათებელია მხოლოდ „პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისთვის“ და რაც არ არის დამახასიათებელი „ვალდებულების ნაწილ-ნაწილ შესრულების“ ინსტიტუტისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება სახეზეა მხოლოდ მაშინ და იმ პირობებში, თუ ეს ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში რეგულარულად თავიდან წარმოიშობა და ეს წარმოადგენს მოთხოვნის ბუნებას (მაგ: ქირავნობა, იჯარა, სარჩოს, ალიმენტის გადახდის ვალდებულება და ა.შ.). სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ ვალდებულების სახეობა დამოკიდებულია აგრეთვე მოთხოვნის წარმოშობის მომენტზე, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია ვალდებულების შესრულების დროით და იმ მომენტით, თუ რამდენი ვალდებულება უნდა შესრულდეს. ვალდებულების შესრულების რამდენი მომენტიც არსებობს, არსებობს იმდენივე ვალდებულება და, შესაბამისად, წარმოიშობა იმდენივე მოთხოვნა. ამასთან, როგორც აღინიშნა, მოთხოვნა შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს, რომელთა განხორციელებაც უნდა მოხდეს მომავალში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ცალკეული/თითოეული შესრულების პერიოდული ქრონოლოგიური განმეორება არ არის მოთხოვნის ბუნების ნაწილი. პრინციპულია, რომ ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში თავიდან წარმოიშვას და მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა არ იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ კრედიტორმა ერთიანად, წინსწრებით მოითხოვოს მოვალისაგან მომავალში შესასრულებელი ვალდებულებები. პერიოდულად (რეგულარულად) განმეორებად შესრულებაში მოიაზრება ისეთი შემთხვევები, რომლებიც გულისხმობს ცალკეული შესრულების რეგულარულ, პერიოდულ განმეორებადობას, რომელსაც საწყისი ეტაპიდანვე გააჩნია მოთხოვნის უფლება (BGH NJW2001,1065, VersR 1957, 450,451). სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მსესხებელს კრედიტი შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა დაეფარა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელია, ვინაიდან ეს ვალდებულება დროის სხვადასხვა მონაკვეთში რეგულარულად თავიდან კი არ წარმოიშობა, არამედ ხელშეკრულებიდან უკვე წარმოშობილი ერთიანად შესასრულებელი ვალდებულება განსაზღვრულ პერიოდზეა შესასრულებლად გადანაწილებული. ამდენად, სახეზეა არა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, ვალდებულების წარმოშობის დამოუკიდებელი საფუძვლებით, არამედ ერთიანად შესასრულებელი ვალდებულების განაწილვადება დროში, ნაწილ-ნაწილ გადახდების ფორმით. აღნიშნულ მსჯელობას ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას, კრედიტის გამცემს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, რა დროსაც, შედეგის თვალსაზრისით, კრედიტის გამცემს საბანკო კრედიტის თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა. უფრო კონკრეტულად, სახეზე რომ არ იყოს ერთიანი/ერთი ვალდებულება, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს ვერც მისი ერთიანად მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდა. ამასთან, ბანკა და მოპასუხეს შორის 10.04.2017წ. დადებული N2342990-8876252 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ბანკის უფლება, შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში)... თუ კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე დადებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 16-18). ამდენად, ბანკი იტოვებს უფლებას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს თანხის სრული ოდენობით ანაზღაურება. აღნიშნულ გარანტიას იძლევა კანონიც, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი. შესაბამისად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისგან განსხვავებით, სახეზეა ერთი ვალდებულება, რომელსაც ფიზიკური პირი იხდის ნაწილ-ნაწილ. ცალკეული/თითოეული გადახდის პერიოდული, ქრონოლოგიური განმეორება არის ერთი მოთხოვნიდან ნაწარმოები და ვალდებულებისათვის არ არის დამახასიათებელი დროის სხვადასხვა მონაკვეთში თავიდან წარმოშობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.07.2020წ. Nბს-100(კ-20) გადაწყვეტილება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა არა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება, არამედ დროში განაწილვადებული ერთიანი ვალდებულება, რის გამოც იგი პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებად ვერ მიიჩნევა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. მან 10.04.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება დაარღვია და 2018 წლის 15 თებერვლის შემდეგ გადახდა არ ფიქსირდება (იხ. ტ. 1, ს.ფ. 22). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე მუხლებიდან გამომდინარე, საბანკო დაწესებულებას, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, აპრილის თვისათვის (კრედიტის დაბრუნების ორი ვადის ზედიზედ გადაცილების დროისათვის) ხელშეკრულების შეწყვეტის და, შესაბამისად, კრედიტის თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლი და განმარტა, რომ, მართალია, კრედიტორს, საკრედიტო ვალდებულების დარღვევის პირობებში, ნებისმიერ დროს ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება, თუმცა ამ უფლების წარმოშობიდან სამი წლის განმავლობაში მისი არგამოყენება, კრედიტორს შესრულების მიმართ მოთხოვნის უფლებას აკარგვინებს. და თუ ვამბობთ, რომ ეს ერთიანი ვალდებულებაა, შესრულების მოთხოვნის უფლება მთლიანი ვალდებულების მიმართ იკარგება. რაც შეეხება იმ გარემოებას, თუ როდის შეწყდა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საქმეში წარდგენილი არ არის გამსესხებლის შეტყობინება ან გაფრთხილება მსესხებლის მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ნების გამოვლენის შესახებ, თუმცა, ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება მხარეთა შორის მოსარჩელის მიერ სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შეწყდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 16.06.2025წ. სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერი, 13:09:28-13:41:11 სთ). სააპელაციო პალატის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ კრედიტის ამღებმა ზედიზედ სულ ცოტა გადახდის ორ ვადას გადააცილა, ვინაიდან მის მიერ გადახდა 2018 წლის 15 თებერვლის შემდგომ აღარ ფიქსირდება, რამაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლიდან გამომდინარე, ბანკს წარმოუშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება. თუმცა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან კრედიტორს არ გამოუყენებია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, ეს არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმგვარად, რომ აღნიშნულმა გარემოებამ მოვალის, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის სუსტი მხარის, ინტერესი ხელყოს. კრედიტორის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, საბანკო კრედიტის სასყიდლიანი ბუნებიდან გამომდინარე, იწვევს საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს თანხის დაგროვებას, რომლის გადახდაც შემდგომში ძირითად თანხასთან ერთად მოვალეს ეკისრება. ამიტომ, საბანკო დაწესებულების მხრიდან ამ უფლების კეთილსინდისიერად გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, გასათვალისწინებელია მსესხებლის გონივრული მოლოდინი კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების განხორციელების ვადასთან მიმართებით, იმ თვალსაზრისით, რომ მან ვალდებულება 2018 წლის თებერვლის თვეში დაარღვია, ხოლო კრედიტორმა სარჩელის აღძვრამდე (2023 წლის ივნისის თვე) არსებული მთელი პერიოდის განმავლობაში მოვალეს არც ვალდებულების შესრულება მოსთხოვა და არც ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებით ისარგებლა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ბანკსა და მოპასუხეს შორის 10.04.2017წ. დადებული ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1466 დღით. მართალია, საქმეში წარდგენილი არ არის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გრაფიკი, თუმცა მოსარჩელის მიერ გაცემული საგადახდო ისტორიიდან დგინდება, რომ 2017 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მოპასუხე კრედიტის თანხას ყოველი თვის 15-17 რიცხვში ფარავდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გადახდის ისტორიაზე დაკვირვება, კერძოდ, მსესხებლის მიერ ყოველი თვის 15-16-17 რიცხვში, ათი თვის განმავლობაში კრედიტის თანხის დაფარვა ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ მომდევნო გადახდის ვადაც იმავე პრინციპით იქნებოდა გათვალისწინებული. შესაბამისად, ვინაიდან მოვალემ ვალდებულება 2018 წლის 15 თებერვლის შემდეგ აღარ შეასრულა, კრედიტორისათვის მომდევნო გადახდის ვადის გასვლის შემდგომ, კერძოდ, იმავე წლის 15-17 მარტიდან უკვე ცნობილი იყო მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის - ვადის გადაცილების თაობაზე, ხოლო 15-17 აპრილის შემდგომ, ორკვირიანი ვადის დაცვით, საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტის უფლება წარმოეშობოდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ საბანკო კრედიტის სადავო ხელშეკრულებიდან კრედიტორს მოთხოვნის უფლება 2018 წლის 17 აპრილიდან უკვე წარმოეშვა და სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაც ამ მომენტიდან უნდა დაიწყოს. მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში 2023 წლის 23 ივნისს დარეგისტრირდა, შესაბამისად, ერთიანი შესრულების მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან 3 წლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1, 130-ე, 144.1, 145-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 873-ე მუხლების ამგვარი ინტერპრეტაციის საფუძველია უფლებათა კეთილსინდისიერად სარგებლობის პრინციპის დაცვა, რა დროსაც, კრედიტორი დარღვევაზე უნდა რეაგირებდეს, მოვალეს სათანადო წესით ატყობინებდეს. მართალია, ხელშეკრულებაში დარჩენასა და შესრულებას უპირატესობას უნდა ანიჭებდეს სახელშეკრულებო ურთიერთობების რღვევასთან შედარებით, თუმცა სახელშეკრულებო ურთიერთობაში დარჩენა ხანდაზმულობის ვადებში უმოქმედობით გამოწვეული სარგებლის დაგროვების, პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობა არ უნდა იყოს. ამასთან, მოვალეს საკრედიტო დაწესებულების მხრიდან დარღვევაზე უმოქმედობით წარმოეშობა ვარაუდის საფუძველი, რომ რადგან თვითონ არ იხდის და არც საკრედიტო დაწესებულება წყვეტს ურთიერთობას დარღვევიდან სამი წლის განმავლობაში, მისი ვალდებულება ხანდაზმულია, კრედიტორს მის მიმართ ინტერესი აღარ აქვს და ა. შ. ამდენად, ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების წარმოშობიდან კრედიტორს უჩნდება ერთიანად შესრულების მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, თუ იგი ამ უფლებას არ იყენებს და არც მოვალე ახორციელებს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გადახდას, თუნდაც ნაწილი შესრულების სახით, როგორიცაა, პროცენტი, პირგასამტეხლო, ავანსი, გარანტიის გაცემა ან ვალდებულების სხვაგვარად აღიარება, რითაც მოვალე ვალდებულების შესრულების შემდგომ მზაობას ავლენს, ერთიანი შესრულების მოთხოვნა ხანდაზმული ხდება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ნორმათა ამგვარი ინტერპრეტაციით უფრო იქნება მიღწეული სოციალური სამართლიანობის ის იდეა, რომელიც, მომხმარებელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებულად დასაცავი კატეგორია და კონსტიტუციური პირობაა. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: 24.1. მოპასუხეს კრედიტის თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა გარკვეული პერიოდულობით, რეგულარულად უნდა განეხორციელებინა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა და განმარტა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების არსი;
24.2. სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულება წარმოადგენს არა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, არამედ ერთიანი ვალდებულებაა, რომლის ნაწილ-ნაწილ შესრულების მიღებას კრედიტორი დასთანხმდა, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკა. საკასაციო სასამართლო საქმეზე Nას-902-2018, რომელიც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავას ეხება, განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება, რომლის შესრულებისთვის გათვალისწინებულია გრაფიკი, პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან წარმოშობილი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 3 წელია. მოცემული ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ თითოეული პერიოდისთვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება. უზენაესი სასამართლოს აღნიშნული განმარტება აქარწყლებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულ არგუმენტს, რომ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისგან განსხვავებით, სახეზეა ერთიანი ვალდებულება, რომელსაც ფიზიკური პირი იხდის ნაწილ-ნაწილ;
24.3. საკასაციო სასამართლომ (საქმე Nას-910-972-2014) უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 17.06.2014წ. გადაწყვეტილება საქმეზე N2ბ/1881-14, რომელიც ასევე ეხებოდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილ დავალიანებას და სადაც სასამართლომ განმარტა შემდეგი: ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, მაგრამ იგი განუხორცილებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება;
24.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა არახანდაზმული პერიოდის პროპორციულად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს აპელანტის საჩივარი უნდა დაეკმაყოფილებინა;
24.5. სიმართლეს არ შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელემ არაკეთილსინდისიერად ისარგებლა უფლებით და არ შეეწყვიტა ხელშეკრულება, რათა მოპასუხეზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ხელოვნურად გაზრდა მომხდარიყო. კრედიტორის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისგან თავის შეკავება გამომდინარეობდა კრედიტორის მიზნიდან, შესრულებულიყო ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენს ხელშეკრულების შესრულება, შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტით გამოწვეული შედეგები თავიდან აირიდონ. კრედიტორი გამუდმებით ცდილობდა მოპასუხესთან კომუნიკაციას ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა ის კომუნიკაციას თავს არიდებდა. კრედიტორის კეთილსინდისიერებაზე ასევე მეტყველებს ის ფაქტი, რომ კრედიტორის მიერ მოვალეს განესაზღვრა დამატებითი ვადა, ასევე, მან არაერთგზის შესთავაზა, სამართალწარმოების თავიდან ასაცილებლად დავა მორიგებით დაესრულებინათ;
24.6. აღსანიშნავია, ასევე, ის ფაქტი, რომ სესხის მოსარჩელე ორგანიზაციაში გადასვლის დღიდან წყდება მასზე სარგებლისა და ჯარიმის დარიცხვა, რაც ცხადყოფს, რომ კრედიტორი არ მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად;
24.7. სააპელაციო სასამართლო, მოსარჩელის განმარტების მიუხედავად, მაინც ეჭვქვეშ აყენებს გრაფიკის სანდოობას, თუმცა განმარტავს, რომ საქმეში დამატებით წარდგენილია საგადახდო ისტორია, სადაც ფიქსირდება მსესხებლის ჩარიცხვები. სწორედ აღნიშნული საგადახდო ისტორიისა და ჩარიცხვების თარიღების მიხედვით შეიძლება მსჯელობა გრაფიკის ნამდვილობაზე. ამასთან, მსესხებელს საწინააღმდეგო პოზიცია გრაფიკთან დაკავშირებით არ დაუფიქსირებია და აღნიშნა, რომ სესხის გადახდას ახორციელებდა აღნიშნული გრაფიკის მიხედვით.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობა. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის შედავებას საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება წარმოადგენს არა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, არამედ დროში განაწილვადებულ, ერთიან ვალდებულებას, ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან და სტაბილურ პრაქტიკას, რომლის შესაბამისადაც, საკრედიტო ხელშეკრულებები წარმოშობს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს და, შესაბამისად, მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი; Nას-934-899-2016, 14 თებერვალი, 2017 წელი; Nას-369-353-2016, 31 მაისი, 2017 წელი; Nას-462-462-2018, 22 ივნისი, 2018 წელი; Nას-126-126-2018, 10 იანვარი, 2019 წელი; Nას-986-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წელი; Nას-1319-2020, 25 მარტი, 2022 წელი; Nას-1134-2024, 24 თებერვალი, 2025 წელი). თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ეს გარემოება გავლენას არ ახდენს განსახილველი დავის სამართლებრივ შედეგზე. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ როდესაც სახეზეა სესხის დაბრუნების გრაფიკი, სესხად გაცემული თანხის სრულად მოთხოვნის უფლება არ წარმოადგენს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებად უფლებას, აღნიშნული მოთხოვნა წარმოიშობა მხოლოდ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მას „მეორად მოთხოვნად“ აქცევს და უთანაბრებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, რაც ვერ იქნება თავად ამ სამართალურთიერთობის ხასიათის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. შესაბამისად, ბანკის პირველად მოთხოვნას არ წარმოადგენს თანხის სრულად და ერთდროულად ანაზღაურება, არამედ, ბანკი უფლებამოსილია მხოლოდ პერიოდული, ვადამოსული ვალდებულების შესრულებაზე წარადგინოს მოთხოვნა, სწორედ ამიტომაა, რომ ხანდაზმულობის ვადა თითოეულ პერიოდულ მოთხოვნაზე ცალ-ცალკე უნდა იყოს განსაზღვრული (იხ. სუსგ საქმე Nას-1134-2024, 24 თებერვალი, 2025 წელი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს, მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით კანონმდებლის მიზანია გამოირიცხოს კრედიტორის უფლებების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა, ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას (იხ. სუსგ საქმე Nას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1 მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-68-68-2018, 03 აპრილი, 2018 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ საქმე Nას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი). პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ საქმე Nას-599-562-2010, 01 დეკემბერი, 2010 წელი). ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადაში უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს. პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხია, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ამასთან, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (იხ. სუსგ საქმე Nას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; Nას-498-466-2017, 19 ივლისი, 2018 წელი). განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს/მოპასუხეს კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა. შესაბამისად, მითითებული გარიგება წარმოშობს სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს. აღნიშნული მსჯელობა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. წინამდებარე განჩინების 32-ე პუნქტი). კერძოდ, წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ბანკსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 10 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე სესხის სახით გაიცა 11 100 ლარი, წლიური 16% საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1466 დღით, ხოლო მოპასუხის მიერ გადასახდელი ყოველთვიური შენატანი 323,01 ლარით; სადავო არ არის, რომ მსესხებელს სესხი და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი უნდა გადაეხადა ყოველთვიურად, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით; დადგენილია, ასევე, რომ მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მან სესხზე ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 15 თებერვალს და აღნიშნულის შემდგომ ბანკის მიმართ ვალდებულება აღარ შეუსრულებია; სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ გაცემული საგადახდო ისტორიიდან დგინდება, რომ 2017 წლის 10 აპრილიდან 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით პერიოდში მოპასუხე კრედიტის თანხას ყოველი თვის 15-17 რიცხვში ფარავდა. ამასთან, მოპასუხე არ უარყოფს მხარეთა შორის გრაფიკის თაობაზე შეთანხმების ფაქტს; სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გადახდის ისტორიაზე დაკვირვება, კერძოდ, მსესხებლის მიერ ათი თვის განმავლობაში, ყოველი თვის 15-16-17 რიცხვში კრედიტის თანხის დაფარვა ქმნის იმ დასკვნის საფუძველს, რომ მომდევნო გადახდის ვადაც იმავე პრინციპით იქნებოდა გათვალისწინებული. თუმცა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ არის წარდგენილი ბანკსა და მოპასუხეს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი - კრედიტის დაფარვის გრაფიკი. ასეთად ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მიერ წარდგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რომელიც არ არის მხარეთა მიერ ხელმოწერილი და, ამასთან, შედგენილია 10.04.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადების შემდგომ - 11.09.2021 წელს. კერძოდ, გრაფიკის პირველ გვერდზე აღნიშნულია შემდეგი: „გრაფიკის თარიღი: 11.09.2021”. გრაფიკზე ასევე მითითებულია სხვა თარიღიც „25.10.2024 15:28” (იხ. ტ. 1, ს.ფ. 90-91). საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ აღნიშნული გრაფიკი შედგენილია სწორედ 10.04.2017წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების დროს და მის დანართს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი). საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ საკრედიტო ურთიერთობებში კრედიტორი ფინანსური ინსტიტუტი ძლიერი მხარეა, ხოლო მისი კონტრაჰენტი შედარებით „სუსტი“, რომელსაც დაცვის მეტი სტანდარტი სჭირდება (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-444-2020, 17 მარტი, 2021 წელი; Nას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი; Nას-910-2020, 30 მაისი, 2022 წელი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის (როგორც ბანკის უფლებამონაცვლის), როგორც ძლიერი მხარის, ვალდებულებას წარმოადგენდა, სასამართლოსთვის წარედგინა ბანკსა და მოპასუხეს შორის დადებულ საკრედიტო ხელშეკრულებაზე თანდართული, ხელშეკრულების დადების დროს შედგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, ვინაიდან საქმეში არ არის წარდგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკი, სასამართლოსთვის უცნობია, ერთი მხრივ, ის გარემოება რა პერიოდულობით უნდა მომხდარიყო სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა, ხოლო, მეორე მხრივ, ასევე, თითოეულ პერიოდში გადასახდელი სესხის ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ზუსტი ოდენობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობის გაზიარების მიუხედავად, რომ კრედიტის თანხის გადახდა მოპასუხეს ყოველი თვის 15-16-17 რიცხვებში უნდა განეხორციელებინა, კრედიტის დაფარვის გრაფიკის წარუდგენლობის პირობებში, შეუძლებელია ხანდაზმული და არახანდაზმული დავალიანების (სარჩელის აღძვრამდე სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანების) ოდენობის განსაზღვრა და სასარჩელო მოთხოვნის მართლზომიერების შეფასება. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხემ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის 15 თებერვალს, ხოლო მოსარჩელის მიერ დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით სარჩელი აღძრულია 2023 წლის 23 ივნისს. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელია არახანდაზმული დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ზუსტი ოდენობის განსაზღვრა, ხოლო მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით განხორციელებული ბოლო გადახდიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია სამი წელი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „პ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „პ–ს“ (ს.ნ. .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 06 აგვისტოს №1731860 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია