დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-13-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-13-2026 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (აპელანტი, მოსარჩელე)

მეორე კასატორი - შპს „მ“ (აპელანტი, მოპასუხე )

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირგასამტეხლოს სახით 237 (ორას ოცდაჩვიდმეტი) ლარის დაკისრება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2023 წლის 15 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ“-ს შორის გაფორმდა №565 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი იყო ქ. ამბროლაურში ახლად გარემონტებული ადმინისტრაციული შენობისთვის და ქ. აბასთუმანში ახლად აშენებული ადმინისტრაციული შენობისთვის, დანართი №1 და №2- ის მოთხოვნების შესაბამისი ვოიპ ტელეფონები.

3. ამავე მუხლის 2.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 18 786.69 ლარი, რაც მოიცავდა როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

4. ამავე მუხლის 2.5. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში იყო 2023 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

5. ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში. 3.2. პუნქტით კი მიწოდების ადგილად განისაზღვრა: ქ. თბილისი, ........

6. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

7. შპს „მ“-მ 15.05.2023 წ.-ს №565 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილი 13 დღის ვადაგადაცილებით, 2023 წლის 27 ივლისს შეასრულა, ნაცვლად 2023 წლის 14 ივლისისა, რა დროსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა 7867.93 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტი - ვოიპ ტელეფონი.

8. 2023 წლის 01 აგვისტოს შპს „მ“-მ წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აცნობა, რომ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ ახერხებდა შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდებას, ლოჯისტიკური პრობლემებიდან გამომდინარე (გვიანდებოდა ტვირთის საქართველოში შემოსვლა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო). აღნიშნულზე მითითებით კი ითხოვა, რომ გაგრძელებულიყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადა 1 თვით, ვადაგადაცილება მიჩნეულიყო საპატიოდ და არ გამოყენებულიყო სანქციები.

9. 2023 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 15.05.2023 წ.-ს №565 ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.5. პუნქტში და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მაგრამ არაუადრეს მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვნად შესრულებამდე.

10. რაც შეეხება შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას (3.1 პუნქტი) და ამ ვადის დარღვევისთვის გათვალისწინებულ სანქციას (8.3 პუნქტი) ისინი არ შეცვლილა.

11. შპს „მ“-მა 15.05.2023 წ.-ს №565 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად 2023 წლის 15 სექტემბერს, ნაცვლად 2023 წლის 14 ივლისისა, 63 დღის ვადაგადაცილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა დარჩენილი, 10 918.76 ლარის ღირებულების შესყიდვის ობიექტი - ვოიპ ტელეფონი.

12. 15.05.2023 წელს №565 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტით გათვალისწინებული წესისამებრ, შპს „მ“-ს დაერიცხა პირგასამტეხლო, თითოეულ მიწოდებაზე ცალ-ცალკე, შემდეგი ოდენობებით: - 27.07.2023 წ.-ს განხორციელებულ მიწოდებასთან მიმართებაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 18 786.69 ლარის 0.5%-ის ოდენობით (18 786.69 * 0.5% * 13), რამაც თანხობრივად შეადგინა - 1221.13 ლარი; - 15.09.2023 წ.-ს განხორციელებულ მიწოდებასთან მიმართებაში - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 18 786.69 ლარის 0.5%-ის ოდენობით (18 786.69 * 0.5% * (63-13)), რამაც თანხობრივად შეადგინა 4696.67 ლარი.

13. პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ ინფორმირების მიზნით, შპს „მ“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ გაეგზავნა 18.08.2023 წ.- ს №MIA 9 23 02410066 და 21.02.2024 წ.-ს №MIA 824 00523511 წერილები, რომლებითაც განესაზღვრა 30 კალენდარული დღის ვადა, მოთხოვნილი თანხების გადახდის უზრუნველსაყოფად.

14. 2024 წლის 05 აპრილს შპს „მ“-მ წერილობით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5917.80 ლარის ოდენობით დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით, რაც არ დაკმაყოფილდა.

15. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

15.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „მ“-ს მიმართ და მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 5 917.80 ლარის დაკისრება მოითხოვა. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა:

15.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „მ“-ს შორის, 2023 წლის 15 მაისს გაფორმდა №565 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა ქ. ამბროლაურში ახლად გარემონტებული ადმინისტრაციული შენობისთვის და ქ. აბასთუმანში ახლად აშენებული ადმინისტრაციული შენობისთვის ვოიპ ტელეფონები, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, არაუგვიანეს 2023 წლის 14 ივლისისა.

15.3. შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 2023 წლის 28 ივლისის №2181225 და 17 აგვისტოს №2398517 სამსახურებრივი ბარათების მიხედვით, მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა და ვოიპ ტელეფონების ნაწილი, ნაცვლად 2023 წლის 14 ივლისისა, მიაწოდა 2023 წლის 27 ივლისს - 13 კალენდარული დღის დაგვიანებით.

15.4. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტით გათვალისწინებული წესისამებრ, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების - 18 786.69 ლარის 0.5%-ის ოდენობით (18 786.69* 0.5% * 13), რამაც თანხობრივად შეადგინა 1221.13 ლარი. აღნიშნულის შესახებ მიმწოდებელს გაეგზავნა შსს ეკონომიკური დეპარტამენტის №2410066 წერილი.

15.5. შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 2023 წლის 03 ოქტომბრის №2883442 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით კი, ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტით განსაზღვრული ვადა ასევე დაირღვა მეორე მიწოდების შემთხვევაშიც, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის (დარჩენილი ნაწილის) მიწოდება, ნაცვლად 2023 წლის 14 ივლისისა, დასრულდა 2023 წლის 15 სექტემბერს - 63 კალენდარული დღის დაგვიანებით. მიმწოდებელს ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ასევე დაეკისრა ამ დარღვევისთვისაც, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 18 786.69 ლარის 0.5%-ის ოდენობით (18 786.69 * 0.5% * (63-13)), რამაც თანხობრივად შეადგინა 4 696.67 ლარი. აღნიშნულზე მიმწოდებელს გაეგზავნა №523511 წერილი.

15.6. ამდენად, 15.05.2023 წ.-ს №565 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „მ“-სთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა განისაზღვრება 5 917.80 (1221.13 + 4696.67) ლარით.

15.7. შსს ეკონომიკურ დეპარტამენტში შპს „მ“-მ პირგასამტეხლოს შემცირების მიზნით წარადგინა წერილები, რაზეც 2024 წლის 12 მარტის №743196 და 2024 წლის 10 აპრილის №1074630 წერილებით ეთქვა უარი.

16. მოპასუხის შესაგებელი

16.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით შპს „მ“-მ სარჩელი არ ცნო და მიუთითა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე, რის გამოც მოითხოვა მისი განაკვეთის 0.02%-მდე შემცირება და ჯამში მხოლოდ 237 ლარით განსაზღვრა.

16.2. აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი მიწოდება, რომელიც ხელშეკრულების საერთო ღირებულების საქონლის დაახლოებით ნახევარს მოიცავდა, განხორციელდა მხოლოდ 13 დღის ვადაგადაცილებით. მეორე მიწოდებასთან მიმართებაში დაკისრებული პირგასამტეხლო კი, მიუხედავად 2023 წლის 27 ივლისს შესყიდული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილის მიწოდებისა, კვლავაც დაანგარიშებული იქნა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, ნაცვლად შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებისა. ასეთ მოცემულობაში კი, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ამგვარად გამოყენებული სანქცია ემსახურება არა კანონიერ მიზანს, არამედ მის უსაფუძვლო გამდიდრებას.

16.3. მოპასუხე მხარემ ამასთანავე განმარტა ისიც, რომ ვალდებულების დარღვევა ლოჯისტიკურმა პრობლემებმა განაპირობა, კერძოდ, მათ საზღვარგარეთ ჰქონდათ შეკვეთილი მისაწოდებელი საქონელი და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემის გამო დაგვიანდა ტვირთის საქართველოში შემოტანა. მართალია, მოსარჩელეს ამის შესახებ ეცნობა წერილობით, ასევე ეთხოვა, ხელშეკრულების შესრულების ვადის გაგრძელება, სანქციების გამოყენების გარეშე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის შემდგარი შეთანხმებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა, სანქციის გამოყენებასთან მიმართებაში მოპასუხის თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „მ“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 2958.9 ლარის გადახდა დაეკისრა.

18. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლის წარმომადგენელმაც ამ ნაწილში მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

19. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ნაწილობრივ მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „მ–“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 05 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „მ–“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 3 950.80 ლარის გადახდა.

21. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

21.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

21.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი. ის გამომდინარეობს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან. მხარეები, როგორც საკუთარი ინტერესების საუკეთესო შემფასებლები თანხმდებიან გარიგების პირობებზე, ახდენენ სახელშეკრულებო თავისუფლების რეალიზებას და ახორციელებენ მომავალი მოქმედებების თვითშეზღუდვას. მოპასუხე დათანხმდა ხელშეკრულებით შეთავაზებულ პირობებზე და იკისრა მთელი რიგი ვალდებულებები, რომლებიც არ შესრულებულა მის მიერ.

21.3. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებაში პირგასამტეხლოს ითვალისწინებს არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით და აღნიშნულით უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.

21.4. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებით ხელშეკრულების დამრღვევ მხარეს ექმნება იმის მოლოდინი, რომ ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულების პირობებშიც კი, მოსალოდნელი პასუხისმგებლობის ფარგლები ძალიან მცირე იქნება, რაც შემსყიდველ მხარეს (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს) ვალდებულების დროულად შესრულების უზრუნველყოფის ბერკეტს ართმევს, ასევე არ იმუშავებს მისი შემაკავებელი ეფექტი. მით უფრო, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყვეტი და კოორდინირებული მუშაობა სტრუქტურული მნიშვნელობისაა სახელმწიფოსთვის.

21.5. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების ობიექტი პირდაპირ კავშირშია სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის მოსარჩელის საქმიანობის განხორციელებას. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ამგვარად დაუსაბუთებლად შემცირება არაპროპორციულია და სცდება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.

22. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

22.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

22.2. კასატორის მტკიცებით, პირველი ვალდებულების ნახევრის მიწოდება მხოლოდ 13 დღის დაგვიანებით მოხდა, რაც არ წარმოადგენს არსებით და გრძელვადიან დარღვევას.

22.3. მეორე მიწოდების ნაწილში, კასატორი უთითებს, რომ პირგასამტეხლო მთლიანი ვალდებულებიდანაა დათვლილი, მაშინ, როდესაც მიწოდების ნაწილი 2023 წლის 27 ივლისს შესრულდა.

22.4. საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მიწოდების დაგვიანება გამოიწვია ობიექტურმა ლოჯისტიკურმა გარემოებებმა. კერძოდ, პროდუქტი შეკვეთილი იყო საზღვარგარეთ და მისი ჩამოტანა შეფერხდა. აღნიშნული ფაქტი ეცნობა კრედიტორს და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება იქნა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე. მართალია, კრედიტორმა ვადა გააგრძელა, თუმცა პირგასამტეხლოს არდაკისრება გაუთვალისწინებელი დარჩა. ამის გამო, შესრულება დაგვიანდა 13 დღით, რაც გამორიცხავს როგორც თვის ჩავარდნას, ისე ვალდებულების გრძელვადიან ან არსებით დარღვევას.

22.5. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ის არის არაგონივრულად მაღალი. მოპასუხე ითხოვდა მის შემცირებას 237 ლარამდე, ხოლო სასამართლომ 3950,8 ლარამდე შეამცირა ის, სწორედ სხვაობით უნდა შემცირდეს დამატებით მისი ოდენობა.

23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 და 18 თებერვლის განჩინებებით, საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

24. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

25. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

27. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

28. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

29. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

30. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

31. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

32. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

33. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულად განსაზღვრის შეფასება. სასამართლო აქვე დასძენს, რომ რადგან ორივე მხარე პირგასამტეხლოს ოდენობას ხდის სადავოდ, ერთი სამართლებრივი პრობლემის გამო, პალატა ორივე საჩივარზე იმსჯელებს ერთდროულად.

34. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. განსახილველ შემთხვევაში პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

35. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა). პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ). დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ). ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ). პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

36. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (შდრ. სუსგ.-ებები. №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ. №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).

37. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს). ამ მხრივ, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონეა მოვალის (მოპასუხე) შესაგებელი. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი.

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIძ), 2013წ., 19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი.

39. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან.

40. თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17)

41. საკასაციო სასამართლო დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად განმარტავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულების ღირებულების გათვალისწინებით პირგასამტეხლო გამოთვლა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე მიუთითებს, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, ვინაიდან სამუშაოთა ნაწილის ვადის დარღვევით შეუსრულებლობა ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. იგი, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას და, მეორე მხრივ, მოვალეს უკვე შესრულებული ვალდებულების ნაწილში აკისრებს პასუხისმგებლობას. ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებულ უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე №ას-164-160-2016, 2016 წლის 28 ივლისის განჩინება, №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება).

42. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „მ“-ს 2023 ლის 15 მაისის №565 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (18 786.69 ლარის ღირებულების ვოიპ ტელეფონების მიწოდება) უნდა შეესრულებინა 2023 წლის 14 ივლისს. ასევე დადგენილია, რომ 7 867.93 ლარის ღირებულების საქონელი მოსარჩელისთვის მიწოდებულია 13 დღის დაგვიანებით, 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო დარჩენილი 10 918.76 ლარის (18 786.69 - 7867.93) ღირებულების საქონელი - 63 დღის დაგვიანებით, იმავე წლის 15 სექტემბერს.

43. მოპასუხის შედავება, რომ მესამე პირის მხრიდან საქონლის ტრანსპორტირების შეფერხება გახდა ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის მიზეზი, ვერ გახდება მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირების რელევანტური საფუძველი. თუ კი ნამდვილად არსებობს მესამე პირის მიმართ კრედიტორული მოთხოვნის წაყენების შესაძლებლობა, სადავო გარიგებაში მონაწილე მოვალეს შეუძლია რეგრესულად მოითხოვოს იმ თანხის ანაზღაურება, რაც მესამე პირის მიერ ვალდებულების დარღვევით იქნა გამოწვეული. წინამდებარე დავაში კი მოვალე საკუთარ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზს მესამე პირს ვერ გადააკისრებს.

44. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დათვლის წესს, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, (იხ. სუსგ: №ას- 971-2019, 28.10.2019წ.; №ას-581-2019, 31.07.2019წ.; №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.) პირგასამტეხლო გამოითვლება არა მთლიანი, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობიდან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კალკულაციის ნაწილშიც და მიიჩნევს, რომ რადგან პირველი მიწოდება განხორციელდა 13 დღის დაგვიანებით, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დაანგარიშდეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან (18 786.69 ლარი) და იგი 1221.13 ლარს შეადგენს (18 786.69 ლარის 0.5% X 13 დღეზე); ამასთან, დარჩენილი - 10 918.76 ლარის ღირებულების საქონლის 63 დღის დაგვიანებით მიწოდებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა 2 729.70 ლარით უნდა განისაზღვროს (10 918.96 ლარის 0.5% X 50 (63-13) დღეზე). ამდენად, შპს „მ“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 3 950.80 ლარის გადახდა (1221.10+2729.7=3950.80) გონივრული და თანაზომიერია.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას, იმისთვის, რომ ის დასაშვებად იქნეს ცნობილი, რის გამოც ის, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე შპს „მ“-ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „მ“-ს (ს.კ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს „ლ. ე. ჯ–ას“ მიერ (ს.კ.........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება 1771309877; გადახდის თარიღი: 17.02.2026) 300 ლარის 70% - 210ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი