დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-255-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-255-2026 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ბ.ნ–ია (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ც–ვა, ე.ღ–ია (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

მ.ც–ვასა და ე.ღ–იასათვის ბ.ნ–იას სასარგებლოდ 6420 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხე მ.ც–ვას სესხის სახით გადასცა 11 800 აშშ დოლარი, საიდანაც, მისივე განმარტებით მოვალემ დაუბრუნა 5380 აშშ დოლარი და ითხოვს დარჩენილი თანხის, 6420 აშშ დოლარის დაბრუნებას.

2. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარებს, რომ გადასახდელად დარჩენილი აქვს მხოლოდ 700 აშშ დოლარი,3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით ბ.ნ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მ.ც–ვას ბ.ნ–იას სასარგებლოდ დაეკისრა 700 აშშ დოლარის გადახდა

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მხარემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. საკასაციო საჩივარი

6.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორი სოლიდარული ვალდებულების წარმოშობის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ე.ღ–იამ საკუთარი ნებით სესხის მთლიანად დაბრუნების ვალდებულება აიღო. მან წერილობით მიმოწერაში დაადასტურა, რომ, ვინაიდან დედამისი ვერ გადაიხდიდა, თვითონ უზრუნველყოფდა თანხის გადახდას. ამის შემდეგ, ე.ღ–იამ გადაიხადა 2500 აშშ დოლარი.

6.3. კასატორის განმარტებით, სასესხო დავალიანება შეადგენს არა 700 აშშ დოლარს, არამედ 6420 აშშ დოლარს. მართალია, მხარეებს შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არის დადებული, თუმცა დავალიანების ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია. კერძოდ, ე.ღ–იას და მ.ნ–ას მიმოწერაში საუბარია დავალიანების ნაწილობრივ გადახდაზე 2500 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ე.ღ–იამ მხოლოდ 500 აშშ დოლარი გადაიხადა. ამდენად, დადასტურებული დავალიანება მინიმუმ 2000 აშშ დოლარია.

6.4. სასამართლო ე.ღ–იასა და მ.ნ–ას მიმოწერას სათანადო სამართლებრივ შეფასებას არ აძლევს, იმ არგუმენტზე მითითებით, რომ მ.ნ–ა სასესხო ურთიერთობის მონაწილე არ იყო. თუმცა, უდავოა, რომ აღნიშნული მიმოწერა ბ.ნ–იასა და მ.ც–ას შორის არსებულ სასესხო ურთიერთობას შეეხება, რადგანაც მხარეებს სხვა ფინანსური თუ საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონიათ. მიმოწერაში საუბარია სწორედ მისი დედის დავალიანებაზე და მიმოწერით გამოგზავნილი ქვითრების ფოტოასლი საბანკო ანგარიშის ამონაწერს ემთხვევა, სადაც გადარიცხვები ფიქსირდება. ამდენად, აღნიშნული მიმოწერა ერთ-ერთი მტკიცებულებაა მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის დასადგენად.

6.5. ე.ღ–იასა და მ.ნ–ას მიმოწერა მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა დავალიანების ოდენობის დასადგენადაც. კერძოდ, მ.ნ–ა სთხოვს ე.ღ–იას, ნაწილობრივ გადაუხადოს დავალიანება, რადგანაც მას მანქანის განბაჟებისთვის ესაჭიროებოდა 2500 აშშ დოლარი, რაც მეორე მხარეს არ უარუყვია. ამ მიმოწერის შემდეგ ე.ღ–ია იმავე მიმოწერაში აგზავნის 500 აშშ დოლარის გადარიცხვის დამადასტურებელ ქვითრის ფოტოასლს. ეს ფაქტი ადასტურებს დავალიანების არსებობას მინიმუმ 2000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც სხვა გადახდა მოპასუხეებს არ განუხორციელებიათ.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

11. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

13. განსახილველ შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი საკითხი შეეხება მხარეთა სასესხო ურთიერთობის არსებობის დადასტურებასა და გამსესხებლის მიერ სავარაუდოდ გაცემული თანხის მოთხოვნის რეალიზების შესაძლებლობას. მოსარჩელე უთითებს, რომ მოპასუხესთან დადებული სესხის თანახმად გადაცემულია 11 800 აშშ დოლარი, რომლიდან 6420 აშშ დოლარი მოპასუხეს დასაბრუნებელი აქვს. აღნიშნული დავის ფარგლებში პირველ რიგში დასადასტურებელი იყო მხარეთა შორის გარიგების არსებობა, რომლის მტკიცების ტვირთიც სწორედ მოსარჩელე მხარეზე იყო დაკისრებული. როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის არსებული სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე 11 800 აშშ დოლარის გადაცემისა და ნაშთის სახით დასაბრუნებელი - 6430 აშშ დოლარის ვალდებულების არსებობის ფაქტებს. აქედან გამომდინარე, დადგენილია მ.ც–ვასა და ბ.ნ–იას - შორის სესხზე შეთანხმების ფაქტი, თუმცა სადავო არის სესხის თანხის ოდენობა, ასევე დაბრუნებული და დასაბრუნებელი თანხის მოცულობა

14. მოსარჩელე მიუთითებს ელექტრონულ მიმოწერაზე, რომელიც განხორციელებულია მოსარჩელე ბ.ნ–იას შვილსა და მოპასუხე მ.ც–ვას შვილს შორის, სადაც საუბარია სასესხო ურთიერთობაზე და გარკვეული თარიღებში თანხის ჩარიცხვებზე, თუმცა იგი არ შეიცავს არანაირ მონაცემს სესხის თანხის ოდენობასა და ვალდებულების შესრულების ვადაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართლზომიერად დაასკვნა, რომ აღნიშნული მიმოწერა არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას სარჩელში მითითებული ოდენობით მ.ც–ვას ვალის დასადასტურებლად.

15. მოსარჩელის მიერ წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, როგორიცაა მიმოწერა (რომლის ადრესატები არ არიან სესხის თაობაზე შეთანხმების სუბიექტები) არ ადგენს მხარეთა შორის სასესხო ვალდებულების არსებობის ფაქტს, რაც სააპელაციო ეტაპზე სასამართლომაც შესაბამისად განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, რადგან საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგნილი ფაქტობრივი გარემოებები, დასაბუთებული პრეტენზიის არარსებობის პირობებში, საკასაციო პალატა არაუფლებამოსილია იმსჯელოს ფაქტობრივ გარემოებების შეფასების შესახებ.

16. ამავდროულად, მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ სასესხო ურთიერთობიდან მას გადასახდელი აქვს 700 აშშ დოლარი. შესაბამისად, ამ ნაწილში მართლზომიერია სასამართლო მოპასუხეს დააკისროს სწორედ იმ თანხის მოსარჩელისთვის გადახდა, რომელსაც თავად მოპასუხე აღიარებს. დანარჩენ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილს რაც შეეხება, დადგენილია, რომ ვერ დადასტურდა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნილი ნაშთის ოდენობის არსებობა, ამიტომ დაუსაბუთებლობის გამო, დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მართლზომიერია.

17. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ნაწილს, რომ საბანკო ანგარიშზე განთავსებით მოსარჩელე მიიღებდა პროცენს, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელე ვერ ამყარებს მტკიცებულებებით ვერც სესხად გაცემული თანხის ოდენობას და ვერც იმ დასაბრუნებელი თანხის მოცულობას, რომლის საფუძველზეც შეძლებდა კონკრეტული ოდენობის შემოსავლის მიღებას. ამგვარი არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობა გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც მიუღებელი შემოსავლის ნაწილში.

18. პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოსარჩელის მიერ ვალდებულების სოლიდარულად შესრულების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნავს, რომ არც სოლირადული მოვალეობისა და არც თანამკისრებლის ვალდებულება მეორე მოპასუხეს არ აუღია მოსარჩელის წინაშე. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მიმოწერები არ ქმნის ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც საკმარისი იქნებოდა მოვალეთა წრის გაზრდისთვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიცია ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

19. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ნ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ბ.ნ–იას (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ა–ის (პ.ნ..........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (საბუთის ნომერი) N5819; გადახდის თარიღი: 16.03.2026) 780.48 ლარის 70% - 546,33 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი