დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 06.05.2026
საქმის ნომერი
ას-1589-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1589-2025

06 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ა.ს–ნი, თ.გ–ი, ნ.ს–ნი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.ბ–ი'' (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და კასატორების სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ძირითადი სარჩელის დავის საგანი – ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, დაკისრებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს გაუქმება

შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ა.ს–ნმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს ,,ს.ბ–ის'' მიმართ, ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, დაკისრებული სარგებლისა და პირგასამტეხლოს გაუქმების მოთხოვნით.

მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

სს ,,ს.ბ–ის'' წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ა.ს–ნის, თ.გ–ისა და ნ.ს–ნის მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ა.ს–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სს ,,ს.ბ–ის'' შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ა.ს–ნმა, თ.გ–მა და ნ.ს–ნმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებით ა.ს–ნის, თ.გ–ისა და ნ.ს–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა.ს–ნმა, თ.გ–მა და ნ.ს–ნმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ა.ს–ნის, თ.გ–ის და ნ.ს–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ა.ს–ნს, თ.გ–ს და ნ.ს–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: მათ მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მაგრამ არაუმეტეს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირებისათვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობის – 6 000 ლარისა.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს-ა.რ–ოს გაეგზავნა 2025 წლის 29 დეკემბერს და ჩაბარდა პირადად 2026 წლის 05 იანვარს.

2026 წლის 15 იანვარს კასატორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და კასატორების მძიმე ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით ა.ს–ნის, თ.გ–ის და ნ.ს–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ა.ს–ნს, თ.გ–ს და ნ.ს–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მაგრამ არაუმეტეს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირებისათვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობის – 6 000 ლარისა.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს - ა.რ–ოს ელ. ფოსტის საშუალებით ჩაბარდა 2026 წლის 16 თებერვალს.

ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში - 2026 წლის 25 თებერვალს კასატორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და კვლავ იშუამდგომლა საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, კასატორების მძიმე ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე და როგორც საგამონაკლისო შემთხვევა ხარვეზის შევსების მიზნით მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება ორი თვის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მარტის განჩინებით ა.ს–ნის, თ.გ–ის და ნ.ს–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ა.ს–ნს, თ.გ–ს და ნ.ს–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მაგრამ არაუმეტეს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირებისათვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობის – 6 000 ლარისა.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა და ჩაბარდა 2026 წლის 17 მარტს.

2026 წლის 27 მარტს კასატორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და კვლავ იშუამდგომლა საქმეში უკვე არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, კასატორების მძიმე ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე და როგორც საგამონაკლისო შემთხვევა ხარვეზის შევსების მიზნით მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება ერთი თვის ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 აპრილის განჩინებით ა.ს–ნის, თ.გ–ის და ნ.ს–ნის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ა.ს–ნის, თ.გ–ის და ნ.ს–ნის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ა.ს–ნს, თ.გ–ს და ნ.ს–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მაგრამ არაუმეტეს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირებისათვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობის – 6 000 ლარისა.

ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა 2026 წლის 06 აპრილს და ჩაბარდა ნ.ც–ს (თანაშემწეს) 2026 წლის 16 აპრილს.

2026 წლის 27 აპრილს კასატორების წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და როგორც საგამონაკლისო შემთხვევა, ხარვეზის შევსების მიზნით მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება კიდევ ორი კვირის ვადით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორების წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ა.ს–ნს, თ.გ–ს და ნ.ს–ნს დაევალათ მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ: მათი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, მაგრამ არაუმეტეს საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ფიზიკური პირებისათვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობის – 6 000 ლარისა. ხოლო იმავე სასამართლოს 2026 წლის 20 იანვრის, 2026 წლის 05 მარტის და 2026 წლის 06 აპრილის განჩინებებით კასატორებს საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდათ სამჯერ, მთლიანობაში 30 (ოცდაათი) დღით.

სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორების წარმომადგენელმა კვლავ მომართა განცხადებით უზენაეს სასამართლოს და როგორც საგამონაკლისო შემთხვევა მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის კიდევ ორი კვირით გაგრძელება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

განსახილველ შემთხვევაში კასატორების წარმომადგენელი შუამდგომლობს საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე ისე, რომ არ წარმოუდგენია კასატორების მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში კასატორების მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე. კასატორებს არ განუხორციელებიათ არც სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ გადახდა, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს მხარეთა სურვილში აღმოფხვრას არსებული ხარვეზი და მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორებს ოთხჯერ განესაზღვრათ ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ 2025 წლის 24 დეკემბერს, 2026 წლის 20 იანვარს, 2026 წლის 5 მარტს და 2026 წლის 06 აპრილს, მთლიანობაში 40 (ორმოცი) დღით, თუმცა კასატორებმა მითითებული ხარვეზი არ გამოასწორეს და კვლავ ითხოვენ ხარვეზის გამოსწორებისთვის განსაზღვრული საპროცესო ვადის ორი კვირით გაგრძელებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2025 წლის 24 დეკემბერი) გასულია 4 თვეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს კასატორებს კვლავ გაუგრძელოს ხარვეზის შევსებისათვის მის მიერ განსაზღვრული დრო.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორების მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ არის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 396.3-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა.ს–ნის, თ.გ–ის და ნ.ს–ნის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია