დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.05.2026
საქმის ნომერი
ას-155-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-155-2026 01 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 84641.95 ლარისა და ჯარიმის 150 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ნ.ვ.დ–ვას“ მოსარჩელის მიმართ დაეკისრა 84 791.95 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და სს „ნ.ვ.დ–ვას“ შორის, 2021 წლის 31 დეკემბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის NCON02/665/03 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, დაზიანების შემთხვევაში, აღედგინა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები.

6.2. ქ. ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 2022 წლის 04 ოქტომბერს დაზიანდა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, დაზღვეული „მიცუბიში L200-ის“ მარკის ავტომობილი სახ: .........

6.3. სს „ნ.ვ.დ–ვამ“ 2022 წლის 21 აპრილის N1123725 წერილით უარი განაცხადა 2022 წლის 04 ოქტომბერს დაზიანებული, დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული, დაზღვეული დაზიანებული „მიცუბიში 200“ სახ: ......... ავტომობილის შეკეთებაზე.

6.4. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, გაუწიოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, კერძოდ: იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდება საგარანტიო პირობები, განხორციელდება შესაბამისი მარკის ავტორიზებულ სერვის ცენტრში, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც არ ვრცელდება საგარანტიო პირობები, განხორციელდება მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვის-ცენტრებში.

6.5. ქ. ოზურგეთში, 2022 წლის 04 ოქტომბერს, აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული/დაზღვეული დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „მიცუბიში L200-ის“ მარკის ავტომობილის სახ: .......საბალანსო ღირებულება შეადგენს 98 741.95 ლარს. ვინაიდან ავტომანქანა დაზიანების დროს, იმყოფებოდა საგარანტიო პერიოდში, მისი აღდგენის ღირებულება დაანგარიშდა შპს „კ.მ–ის“ მიერ 2023 წლის 05 ივნისის N910/22 ინვოისით და აღდგენის ღირებულებამ შეადგინა ჯამში 179 842 ლარი.

6.6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ NCON02/665/03 ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია, სადაზღვევო შემთხვევის ჯერადობის მიუხედავად, ნაწილობრივი ზარალის ფარგლებში აანაზღაუროს სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ღირებულება სრულად (კონკრეტული რემონტის ხარჯი მთლიანად, რომელიც მითითებულია დეფექტურ აქტში), თუ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებზე ჯამურად გაწეული/გასაწევი ხარჯები არ გადააჭარბებს კონკრეტული სატრანსპორტო საშუალების საბალანსო ღირებულების 80%-ს“. დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი შპს „კ.მ–ის“ ინვოისით დაანგარიშებული ავტომანქანის აღდგენის ღირებულება 179 842 ლარი აჭარბებს საბალანსო ღირებულების 80%-ს.

6.7. მოსარჩელის მიერ დაანგარიშებულმა ზიანის ოდენობამ, დაზიანებული ავტომანქანის საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით, შეადგინა 98 741.95 ლარი.

6.8. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და „ნ.ვ.დ–ვას“ შორის 2021 წლის 31 დეკემბერს დადებული კონსოლიდირებული ტენდერის NCON02/665/03 ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურება/აღდგენის ვალდებულების გარდა, მიმწოდებელს ეკისრება რიგი პასუხისმგებლობები: ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა ხელშეკრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე 150 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.3 პუნქტიდან გამომდინარე, დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლო 150 ლარის ოდენობით.

6.9. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და „ნ.ვ.დ–ვას“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2021 წლის 31 დეკემბრის NCN02/665/03 ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საბანკო გარანტიით, ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების დარღვევის შემთხვევაში, დაზღვევა უზრუნველყოფს მიმწოდებლისთვის გადახდას. 2022 წლის 04 ოქტომბერს ავტოავარიის შედეგად დაზიანებული დეპარტამენტის კუთვნილი ავტომაქანის „მიცუბიში L200“-ის N .......შეუკეთებლობის გამო, დეპარტამენტის 2023 წლის 22 მაისის N1433327 წერილის საფუძველზე, სს „პ.ბ–გან“ მოთხოვნილ იქნა საგარანტიო თანხა, აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2023 წლის 08 ივნისის N581487 საგადახდო დავალებით მოსარჩელეს ჩაერიცხა 14100 ლარი.

6.10. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი/დაზღვეული „მიცუბიში L200-ის“ (სახ. .........) მარკის ავტომობილის 2022 წლის 04 ოქტომბრის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული მატერიალური ზიანის გათვალისწინებით, რაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ზოგადი პირობების მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტის დაცვით განისაზღვრა არა ავტომობილზე 2023 წლის 05 ივნისის N910/22 ინვოისით დაანგარიშებული თანხა, არამედ ავტომობილის საბალანსო ღირებულება, ჯამში, 98 741.95 ლარი, რასაც გამოაკლდება 2021 წლის 31 დეკემბერს დადებული NON02/665/03 ხელშეკრულების ფარგლებში არსებული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული და დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის სს „პ.ბ.“ მიერ 2023 წლის 08 ივნისის N 581487 საგადახდო დავალებით ჩარიცხული 14 100 ლარი, შესაბამისად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა სს „ნ.ვ.დ–ვის“ მხრიდან „შემსყიდველის“ მიმართ, მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ჯამში - 84 791.95 ლარს შეადგენს.

6.11. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას არ დასტურდებოდა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა შეფასებულიყო დამზღვევის ქმედების ბრალეულობის ხარისხი (უხეში თუ მარტივი გაუფრთხილებლობა) და დადგენილიყო, არსებობდა თუ არა მზღვეველის ზიანის ანაზღაურებისაგან გათავისუფლების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

6.13. სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო პალატის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან დამზღვევის განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. დაზღვევის ხელშეკრულების მხარეებმა აღნიშნულისაგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმების სურვილის არსებობისას (კერძოდ, ბრალის (განრაზ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მიუხედავად მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების ვალდებულება), ამის შესახებ ხელშეკრულებაში პირდაპირ უნდა მიუთითონ. თუ ხელშეკრულებით მხარეები პირდაპირ არ გაითვალისწინებენ ამ პირობას (პირდაპირ არ შეთანხმდებიან დამზღვევის ბრალით სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესახებ), აღნიშნული შემთხვევა დარეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლით, რომელიც განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით მომხდარი შემთხვევისას ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს.

6.14. პალატამ განმარტა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ბრალეულობის მარტივ ან უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას და იგი უნდა განისაზღვროს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენითა და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.

6.15. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სს „ნ.ვ.დ–ვის“ მიერ საქმეში წარმოდგენილ აუდიოჩანაწერზე, საიდანაც ირკვეოდა, რომ მართალია, ავტომანქანის მძღოლმა შეჯახებამდე 5-7 წუთით ადრე თავი ცუდად იგრძნო, თუმცა, შემდეგ მან ავტომანქანის მართვა იმ მოცემულობაში განაგრძო, რომ თავს უკვე კარგად გრძნობდა. პალატამ მიიჩნია, რომ მძღოლის ვარაუდს მასზედ, რომ ავტომანქანის მართვის გაგრძელება დამდგარ შედეგს არ გამოიწვევდა, ამყარებდა ისიც, რომ მან წუთიერი ცუდად გახდომა ავტომანქანით მაღალ გადასასვლელზე მოკლე დროში ასვლა-ჩამოსვლას დაუკავშირა და იფიქრა, რომ გადაუარა, რადგან, დაახლოებით, ორი წუთის გასვლის შემდეგ თავი კარგად იგრძნო. წინდახედულების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, პალატამ იმ გარემოებაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ აღნიშნული შეგრძნება/შეუძლოდ გახდომა მართლაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალ გადასასვლელზე გადასვლამ/წნევის ცვალებადობამ. ასეთ ფაქტობრივ მოცემულობაში კი, ადამიანის მოლოდინი ის უფროა, რომ მას ცუდად ყოფნის შეგრძნება გადაუვლის და არა ის, რომ მას გული წაუვა და ავტომანქანის მართვას ვეღარ შეძლებს. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული მსჯელობა მიმართული იყო არა მძღოლის ბრალეული ქმედების სრულად გამოსარიცხად, არამედ ბრალის ხარისხის შესაფასებლად.

6.16. სააპელაციო პალატამ მხედველობაში მიიღო სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 ნოემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N007230722 დასკვნა, სადაც აღწერილი და შეფასებული იყო მძღოლის განმარტების შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის იმდროინდელი მდგომარეობა. პალატამ მიიჩნია, რომ მძღოლს, აღწერილ ვითარებაში, გონების დაკარგვის მოლოდინი არ მართებდა და შესაბამისად, მისი მხრიდან მანქანის მართვის გაგრძელება უხეში გაუფრთხილებლობა არ იყო.

6.17. სააპელაციო პალატამ მძღოლის ქმედებაში ბრალის ხარისხის შესაფასებლად ყურადღება გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 ნოემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N007230722 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ პლატონ დანელიას სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი, ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. 6.18. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოებები მასზე, რომ მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია განზრახ, ანდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და ა.შ. შესაბამისად, მძღოლის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა დაკვალიფიცირებულიყო, რადგან სამართალდამრღვევის დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ წარმოადგენდა იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს შექმნიდა. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამორიცხავდა იმგვარი შემთხვევის არსებობას, რომლის დროსაც, მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურების გადახდისაგან თავისუფლდება.

6.19. რაც შეეხება სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურების ოდენობას, სააპელაციო პალატამ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თვალსაზრისით მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს ზიანის აღნიშნულისაგან განსხვავებულ ოდენობაზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემდა. მოპასუხისაგან იმ გარემოებაზე მითითება, რომ ავტომანქანის აღდგენის ღირებულება ბუნდოვანია, საკმარისი საფუძველი არ იყო ზიანის განსხვავებული ოდენობით დადგენისათვის. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მზღვევლისათვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით 84 791.95 ლარის დაკისრების საფუძველი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ნ.ვ.დ–ვამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უგულებელყო მთელი რიგი გარემოებები მძღოლის ქმედების უხეში გაუფრთხილებლობის შეფასების პროცესში და არსებითი დარღვევევით არ მიიჩნია მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს და ეკრძალებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვა.

8.2. კასატორი მიიჩნევს, რომ გარდა უხეში გაუფრთხილებლობისა არსებული შემთხვევა ექცევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გამონაკლისთა ნუსხაში. კერძოდ, დაზღვევის პირობების მე-2 მუხლის საერთო გამონაკლისების შესაბამისად, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ზარალი, თუ იგი დადგა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების არაუფლებამოსილი პირის მიერ მართვისას.

8.3. გამომდინარე იქიდან, რომ დამადგარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს ადგილი არ ჰქონია უკიდურესი აუცილებლობის ფაქტს, სადაზღვევო კომპანიის მხრიდან შემთხვევა მართებულად შეფასდა უხეშ გაუფრთხილებლობად.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 04 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.

16. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება; დამზღვევის მიერ შესრულებულია ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით სადაზღვევო პრემიის გადახდის თაობაზე. დადგა სადაზღვევო შემთხვევა და დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა.

18. სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე და უარის თქმის საფუძვლად მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლზე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით). სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სადაზღვევო კომპანიის მიერ ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაზღვევის პირობების შესაბამისად, ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, ასევე მიიჩნია, მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება არ დგინდებოდა. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა, რომელიც მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, სს „ნ.ვ.დ–ვას“ საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის საფუძვლად მზღვეველი დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებაზე მიუთითებს, რაც მოპასუხეს აძლევს უფლებას უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურებაზე. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგამონაკლისო შემთხვევას, არაუფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვის სახით. შესაბამისად, საკასაციო პალატის შეფასების საგანს სწორედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაციის საფუძვლისა და საგამონაკლისო შემთხვევის არსებობა წარმოადგენს.

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

20. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

21. „უხეში გაუფრთხილებლობის“ ლეგალურ დეფინიციას როგორც უკვე აღნიშნა სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა და მისი წინაპირობები ხელშეკრულებით არც მხარეებს განუსაზღვრავთ. შესაბამისად, საკასაციო პალატამ დაზღვევის ნორმების სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა შეაფასოს აღნიშნული საკითხი.

22. კასატორი მხარე მიუთითებს, შემთხვევის დადგომის დროს მძღოლის მიერ ავტომანქანის მართვისას სიფრთხილის ნორმების მაღალი ხარისხით დარღვევით მოქმედებაზე და მიიჩნევს, რომ მძღოლი სატრანსპორტო საშუალებას მართავდა მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს. აღნიშნულს პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულობის ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, გამორიცხვის მეთოდით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად. პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება მძღოლის მიერ წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევად მიჩნევის საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 16 ნოემბრის ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N007230722 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილ პლატონ დანელიას სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი, ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მხარეები არ მიუთითებენ, რომ მძღოლი მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით. საქმეში სს „ნ.ვ.დ–ვის“ მიერ წარმოდგენილია აუდიოჩანაწერი, სადაც დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი განმარტავს, რომ „ჩოხატაურის რაიონში გადავიდნენ დიდი გადასასვლელით (როგორც მძღოლი უწოდებს „პერევალით“, 22 კილომეტრიანი სიგრძის), შემთხვევამდე 5-7 წუთით ადრე გახდა ცუდად, მის გვერდით მჯდომს („მეწყვილეს“) უთხრა, რომ ცუდად იყო, დაუბნელდა თვალებიდან (უთხრა, რომ ,,კინაღამ წავედიო“) და სთხოვა, ჩაერთო კონდიციონერი და მიებრუნებინა მისკენ, ორი წუთის გასვლის შემდეგ მისმა მეწყვილემ ჰკითხა, თუ როგორ იყო და უპასუხა, რომ კარგად. მძღოლის განმარტებით, მან იფიქრა, რომ გადასასვლელიდან ჩამოსვლის გამო დაემართა აღნიშნული, რადგან მისი სიმაღლე 1200 მეტრია ზღვის დონიდან; მძღოლის მითითებით, მსგავსი რამ არასოდეს დამართია, რვა წელია რაც სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში მართავს ავტომობილს, მანამდე კი საკუთარს. მისი განმარტებით, შემდგომში ეგონა, აღნიშნული (ცუდად გახდომა) შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო არსებული ჰაიმორიტით, თუმცა ექიმის თქმით, ამ ჩვენებას გამოიწვევდა მაღალი წნევა, რადგან საავადმყოფოში მიყვანისას წნევის მაჩვენებელი 165/100-ზე იყო, ამის შემდეგ ორი დღე მაღალი წნევა კიდევ ჰქონდა. დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი განმარტავს, რომ, ალბათ გული ,,წაუვიდასავით“, მას ის სამი წუთი არ ახსოვს, როგორც მანქანაში მყოფი პირები უყვებიან, ეუბნებოდნენ, „შეცვალეს მარშრუტი, რომ ჯერ კრედო ბანკში უნდა მისულიყვნენ“; მძღოლი განმარტავს, რომ მას არ ახსოვს არც შეჯახების მომენტი, არც ის, თუ როგორ გადმოიყვანეს დაზიანებული ავტომანქანიდან, როდესაც გონზე მოვიდა, უკვე მაცხოვრებლის მიერ გამოტანილ სკამზე იჯდა. მძღოლი ასევე ხაზს უსვამს, რომ თავისი სამსახურეობრივი გამოცდილების ფარგლებში, არასდროს ახსოვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მსგავსი პრობლემა, არასდროს წასვლია გული“. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ისნტაციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით არ დასტურდება მოსარჩელის უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედება, ვინაიდან, მართალია, ავტომანქანის მძღოლმა შეჯახებამდე 5-7 წუთით ადრე თავი ცუდად იგრძნო, თუმცა, შემდეგ მან ავტომანქანის მართვა განაგრძო იმის გათვალისწინებით, რომ თავს უკვე კარგად გრძნობდა. წუთიერი ცუდად გახდომა ავტომანქანით მაღალ გადასასვლელზე მოკლე დროში ასვლა-ჩამოსვლას დაუკავშირა, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით ლოგიკურია, მაღალ გადასასვლელზე წნევის ცვალობედობის გამო. ის გარემოება, რომ მძღოლმა საგზაო შემთხვევამდე თავი ცუდად იგრძნო, უპირობოდ ვერ შეფასდება ისეთ ფაქტად, რომელიც დარღვევას უხეშ ხასიათს შესძენდა და წინდახედულებისა, თუ უსაფრთხოების ნორმების უხეშად უგულებელყოფაზე მიუთითებდა. მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მძღოლმა თავი მალევე კარგად იგრძნო, ლოგიკურ ვარაუდს ქმნის იმის თაობაზე, რომ მძღოლი მოკლებული იყო შესაძლებლობას, ჯეროვნად შეეფასებინა ვითარება და გაეკეთებინა დასკვნა მასზედ, რომ მისი იმწუთიერი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო მოთხოვნებს. საქმის გარემოებებიდან ის სურათი იკვეთება, რომ მძღოლმა ავტომანქანის მართვა განაგრძო, რადგან თავს კარგად გრძნობდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოვლენების შემდგომი განვითარება უკვე ადამიანის კონტროლის სფეროს მიღმა არსებული რისკი იყო.

23. პალატა კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ არსებობდა საგამონაკლისო შემთხვევა, რადგან დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი, ვერ გაიზიარებს. კასატორის ეს პრეტენზია გამომდინარეობს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის თანახმად, „მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა“. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავის ფარგლებში, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ფაქტობრივად იმწუთიერთმა გაუარესებამ და საქმის მასალებით არ დასტურდება, აღნიშნული მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ზოგადად შეუსაბამობა, სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებთან, აღნიშულ პრეტენზიაზე აპელირება, საფუძველს მოკლებულია.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ერთობლიობა, არ იძლევა მძღოლის მოქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას და არამართლზომიერია ამ მოტივით სადაზღვევო კომპანიის უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4239.59 ლარის 70% – 2967.71 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4239.59 ლარის (საგადახდო დავალება N1771417599, გადახდის თარიღი 18.02.2026) 70% – 2967.71 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია