დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 04.05.2026
საქმის ნომერი
ას-164-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-164-2026 4 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – ზ.პ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჭ.წ.კ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება, გადაუხდელი ხელფასისა და დაგვიანებისათვის შესაბამის თანხის ანაზღაურება.

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ზ.პ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორის), შპს „ჭ.წ.კ–იის“ წინააღმდეგ, სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება, კომპენსაციის დაკისრება, გადაუხდელი ხელფასისა და გადახდის დაგვიანებისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურება მოითხოვა.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო მათ კომპანიაში, სადაც ხელზე ასაღები მისი ხელფასი შეადგენდა 1 500 ლარს.

3. საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.

5.2. 2024 წლის პირველი აპრილიდან, მოსარჩელე დასაქმებული იყო, მოპასუხე საწარმოს საავარიო ჯგუფის ექსკავატორის ოპერატორის პოზიციაზე, სადაც თვეში მისი დასაბეგრი შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1 879,07 ლარს (ს.ფ.41-47).

5.3. შრომის ხელშეკრულების დანართი 1-ის თანახმად, სამუშაო დღეებია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო დრო-დილის 8 საათიდან, საღამოს 17 საათამდე; შესვენების დრო - 13:00 საათიდან 14:00 საათამდე; დასვენების დრო-შაბათი და კვირა (იხ. დანართის 2.4.-2.7 პუნქტები) (ს.ფ. 44).

5.4. შრომითი ხელშეკრულების 3.4. პუნტი განსაზღვრავს შრომითი ურთიერთობის პირობებს, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული ერთი სრული სამუშაო დღით ან უფრო ხანგრძლივი პერიოდით არ გამოცხადდება სამუშაოზე, იგი ვალდებულია სამუშაოზე დაბრუნებისთანავე წარმოადგინოს გაცდენილ სამუშაო საათების საპატიო მიზეზით გაცდენის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.5. ამავე ხელშეკრულების 9.1. პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე, პირადად, კურიერის მათ შორის რეგისტრირებული ფოსტის მეშვეობით...“. (იხ.ს.ფ. 41-43).

5.6. მოსარჩელემ, დამსაქმებელს მიმართა განცხადებით 2024 წლის 6 სექტემბერს და მოითხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულება 2024 წლის 6 სექტემბრიდან - 20 სექტემბრის ჩათვლით, რაც შპს ჭ.წ.კ–იის დირექტორის ბრძანებით დაკმაყოფილდა. (ს.ფ. 49).

5.7. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ზ.პ–ძე 2024 წლის 23-24 სექტემბერს სამსახურში არ გამოცხადებულა, რისთვისაც კომპანიის დირექტორის 2024 წლის 25 სექტემბრის N86 ბრძანებით, ზ.პ– დისციპლინური პასუხისმგებლობის სახდელად განესაზღვრა საყვედური და მისი მოქმედება 1 საანგარიშო წლის პერიოდზე გავრცელდა.

5.8. ბრძანების საფუძვლად მითითებულია ფაქტი იმის თაობაზე, რომ დასაქმებული ზ.პ–ძე 2024 წლის 23 და 24 სექტემბერს, ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე არ გამოცხადდა სამსახურში, არ შეუსრულებია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სამსახურებრივი მოვალეობები, ხოლო კომპანია მოწოდებულია აღკვეთოს ნებისმიერი გარემოება, რომელიც შესაძლოა ხელშემშლელი აღმოჩნდეს საწარმოს პროცესების გამართულად მუშაობისათვის. (ს.ფ.22; 50).

5.9. 2024 წლის 25 სექტემბრის N86 ბრძანება ზ.პ–ძეს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 26 სექტემბერს, თუმცა 2024 წლის 1 ოქტომბრამდე არც სამსახურში გამოცხადებულა, არც დამსაქმებელთან რაიმე სახის კომუნიკაცია არ განუხორციელებია და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების დასადასტურებლად რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია (ს.ფ.53, 106).

5.10. კომპანიის დირექტორის 2024 წლის 1 ოქტომბრის N88 ბრძანებით, ზ.პ–თან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. საფუძვლად მითითებულია შემდეგი: დასაქმებული ზ.პ–ძე 2024 წლის 23 სექტემბერიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე არ გამოცხადდა სამსახურში, არ შეუსრულებია მის მიერ, შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სამსახურებრივი მოვალეობები. დასაქმებულს, ანალოგიური დისციპლინური დარღვევის გამო, 2024 წლის 25 სექტემბერს გამოეცხადა საყვედური და ბრძანებაც ჩაბარებულია დასაქმებულის მიერ. მიუხედავად აღნიშნულისა, დასაქმებული არ გამოცხადდა სამუშაო ადგილზე. დასაქმებულის მხრიდან ადგილი აქვს, როგორც ხელშეკრულებით ასევე შინაგანაწესის უხეშ დარღვევას განგრძობითად. შესაბამისად შეუძლებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება (ს.ფ.54).

5.11. 2024 წლის 1 ოქტომბრის N88 ბრძანება, მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა 2024 წლის 3 ოქტომბერს (ს.ფ.56).

5.12. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო ბარათით ირკვევა, რომ 2024 წლის 17 სექტემბერს, პაციენტთან გამოძახების საფუძველზე დადგინდა, რომ ზ.პ–ძე უჩივოდა საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, გულისრევის შეგრძნებებს და რომ სტაციონარში გადაყვანილი არ ყოფილა (ს.ფ. 82).

5.13. საქმეში განთავსებულია, შპს „მ–ის“ 2025 წლის 11 თებერვლის დეტალური ამონაბეჭდის მოთხოვნის ფორმა, რითაც დასტურდება 2024 წლის 16 სექტემბერს, მოსარჩელის სატელეფონო ნომრიდან, ნომერთან ............ სატელეფონო საუბრის არსებობა. მხარის განმარტებით აღნიშნული ნომერი ეკუთვნის მის უშუალო ხელმძღვანელს - მ.მ–ძეს (ს.ფ. 134-135).

5.14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით არ გაიზიარა მოსარჩელის შედავება, რომ ვინაიდან, 1 სექტემბრიდან-24 სექტემბრამდე იმყოფებოდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე და შიმშილობდა, არ შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო კომპანიის წარმომადგენლებისთვის, რადგანაც არაერთხელ აცნობა სიტყვიერად. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ადასტურებდა საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა.

5.15. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ანაზღაურების გარეშე შვებულებაში იმყოფებოდა, მისივე განცხადების საფუძველზე განსაზღვრული ვადით, ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამსახურში არ გამოცხადებულა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, დისციპლინური ღონისძიების სახით საყვედურის გამოყენება შრომის კოდექსის შესაბამისი ქმედებაა დამსაქმებლის მხრიდან.

5.16. სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის მითითებაზე, რომ შრომისუუნარობის გამო ვერ გამოცხადდა სამსახურში რის თაობაზეც ხელმძღვანელს შეატყობინა განმარტა, რომ საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდებოდა. ამავე საკითხის შესახებ წარდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტში მითითებულია, რომ მოსარჩელე საერთო სისუსტეს უჩიოდა, თუმცა სტაციონარში არ ყოფილა მოთავსებული.

6. დასაქმებულის საკასაციო საჩივარი

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რაც მოსარჩელეს სურს, სშკ-ის 48.8 „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“, 58-ე „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ და 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით. რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი „შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სკ-ის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული ნორმაცია სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც ერთის მხრივ იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და მეორე მხრივ - დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე, რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე სამსახურში აღდგენა, თუმცა, აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქოსამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად „სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.

15. საკასაციო სასამართლო მტკიცების ტვირთზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს– ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64)- შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ.; N ას-1329 2018, 22.02.2019წ.; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.; N ას-804-2019, 19.03.2021წ; N ას-1133 2019, 30.07.2021წ; N ას-754-2021, 02.12.2021წ.; N ას-1183-2022, 23.12.2022წ.; N ას-1572 2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.; N ას-852-2024, 22.11.2024წ.; N ას-1031 2024, 22.11.2024წ.; N ას-1324-2024, 13.12.2024წ.; N ას-1199-2024, 26.12.2024წ.; N ას-24 2024, 26.12.20204წ.; N ას-1550-2024, 15.01.20205წ.).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და შესაბამისი უფლებრივი რესტიტუცია. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებით, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი- კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით, გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438 9 2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).

18. სშკ-ის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია: ა) გაფიცვა; ბ) ლოკაუტი; გ) აქტიური საარჩევნო უფლების ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება; დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადება; ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს; ლ) ანაზღაურებისგარეშე შვებულება; მ) ანაზღაურებადი შვებულება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან მისი შეჩრების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ კასატორმა ვერ დაადასტურა სამსახურში გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზები, ან ასეთი გამოუცხადებლობის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების ფაქტი.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გასათვალისწინებელია ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული; მეორე „Ultima Ratio” კი, განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რამდენადაც მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის შემთხვევაში. შესაბამისად, როდესაც კანონმდებლობა დამსაქმებელს ანიჭებს შესაძლებლობას, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა თავისუფლების შეზღუდვისას გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის-ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა, ანუ დამსაქმებელმა იმოქმედოს სამართლიანი და გონივრული შესაძლებლობით შრომითი ხელშეკრულების შესანარჩუნებლად. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნების სამართლიანობის, კანონიერებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (იხ.: სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016წ.; №ას 512-2020, 18.01.2021წ.; №ას-1421-2020, 05.03.2021წ.; №ას-1284-2023, 26.12.2023წ.; №ას-37-2024, 30.04.2024წ.). ამასთან, დასაქმებულისათვის სასარგებლო წესთა უპირატესობა არ გულისხმობს დამსაქმებლის მიერ დასაბუთებული გათავისუფლების საფუძვლების იმთავითვე უარყოფას. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით, უნდა დადგინდეს დასაქმებულის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი, რაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად ხდება. ამასთან, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა არის თუ არა „უხეში“, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ინდივიდუალური შეფასების საგანია, რაც ყველა კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით ფასდება, პირველ რიგში კი, სამსახურის დანიშნულებისა და დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობებით (იხ.: სუსგ №ას-557 2021,24.03.2022წ.;№ას-1392-2023,25.01.2024წ.).

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ გარემოებაზე და განმარტავს, რომ 2024 წლის 23-24 სექტემბერს ზ.პ–ძე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სამსახურში, შესაბამისად მოპასუხე საწარმოს დირექტორის 2024 წლის 25 სექტემბრის N86 ბრძანებით გამოყენებული იქნა ზემოთ მითითებული პრინციპი და საწარმოს დირექტორი შემოიფარგლა მხოლოდ საყვედურის გამოცხადებით. ასევე საყურადღებოა, რომ კანონით დადგენილი წესით 2024 წლის 6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით ზ.პ–ძეს შეჩერებული ჰქონდა შრომითი ურთიერთობა. რაც შეეხება დროებით შრომისუუნარობას, აღნიშნული არ დასტურდება. მოსარჩელეს 2024 წლის 26 სექტემბერს ჩაბარდა აღნიშნული ბრძანება, თუმცა არც შემდგომ დღეებში არ გამოცხადებულა სამსახურში.

22. სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

23. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ გარემეობებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ უდავოა, კასატორი არ გამოცხადდა სამსახურში, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოყენებულია დისციპლინური სახდელი, ხოლო, ამის შემდეგ, კვლავ არ გამოცხადდა სამსახურში მთელი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით.

24. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან არ არსებობს სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის საფუძვლები, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად არ იმსჯელეს დასაქმებულის იმავე თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის გაცემის საკითხზე.

25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.პ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ზ.პ–ძეს (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №31526976466, გადახდის თარიღი 21.01.2026 და საგადახდო დავალება №32098277913, გადახდის თარიღი 23.02.2026) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია