დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-79-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-79-2026 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - მ.ღ–ი (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ს–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.ღ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის მტკიცებით სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული. სასამართლომ საფუძვლიანად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ქონებაზე არ დასტურდება. უდავოა, რომ 2019 წლის 4 მარტის მორიგეს განჩინებით, გიული სეფიაშვილს 22.64 კვ. მ. ფართი გადაეცა, რომელიც არის თ.ღ–ის დანაშთი ქონება. ამავე დროს, თ.ღ–ის მემკვიდრე მ.ღ–ი, სწორედ ამ უკანასკნელი კუთვნილი წილიდან გადაეცა ს–ს ფართი. აღნიშნული შენობა, მორიგების განჩინებით, სწორედ მ.ღ–ის საკუთრებაში არსებული 1/3 ნაწილში მდებარეობს. მორიგებაც სწორედ ამიტომ შედგა მ.ღ–სა და გ.ს–ს შორის. ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გ.ს–ს აქვს 22.64 კვ.მ. მ.ღ–ის 1/3 წილიდან.

4. შეთანხმება შედგა ერთდროულად, მ. ღ–ისა და მემკვიდრეების ლ. ღ–თან და თ.ს–სთან ერთად, რომლებმაც თავიანთი წილი დათმეს 5 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. თუ შეთანხმება შედგა შიდა ფართზე, რატომ მიეცემოდა უპირატესობა გ. ს–ს. მაშინ, გაყოფა უნდა მომხდარიყო დანაშთი ფართის მიხედვით. გ. ს–ი სასამართლოში ითხოვდა 1/3 ნაწილს 1.4-ს, 32 კვ.მ.-ს, იმდენს, რამდენიც მას რეალურად აქვს, თუმცა მორიგება შედგა 22.64 კვ. მეტრზე, სადაც არ ყოფილა წარდგენილი აზომვითი ნახაზი მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს ნახაზი შედგენილი ჰქონდა. ნახაზი მომზადდა 28 თებერვალს, ხოლო პროცესი ჩატარდა 4 მარტს. ასევე, ფართის რეგისტრაციისას სახლმფლობელობის მესამე მესაკურთე ნ. ფ–მა გ.ს–ზე გასცა თანხმობა დაერეგისტრირებინა მ.ღ–ის 1/3 დან მისი ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართი, რითაც დადასტურდა, რომ გ. ს–ი ცხოვრობდა მ.ღ–ის საკუთრებაში.

5. თუ სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო აღძრული, მას უნდა შეეთავაზებინა მოსარჩელესთვის შეცვლა, რაც არ მომხდარა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო დაეყენებინა წინამდებარე მოთხოვნა.

6. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა წარდგენილ ნახაზებს შრის არსებული აცდენები, ის, რომ ახალი ნახაზით კედლები შიგნიდან თვალშისაცემად დასქელებულია, მაგრამ ფართი იგივე რჩება, რომ ნახაზებზე კედლების სიგრძეების ნამრავლი არ ედრება საბოლოო შედეგს. გ.ს–ს აზომვითი ნახაზი გაკეთებული ჰქონდა, თუმცა სასამართლოზე არ წარმოადგინა, რადგან სახლის ფართობი ფარულად შეეცვალა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო პალატა საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:მა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

12. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ სავარაუდო მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი სავარაუდო უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონებიდან (შენობა- ნაგებობები: N1, N2, N3, N4, N5 (საკადასტრო კოდი N ........)) ნ.ფ–ის საკუთრებაშია 2/3 ნაწილი, გ.ს–ის - მ.ღ–ის წილიდან შენობა N1 და N2 ფრაგმენტი I სართული ფართი 22.64 კვ.მ. და მ.ღ–ის - 1/3 ნაწილი. მტკიცებულება: - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განჩინებით (საქმე N2/14524-17) ლუდმილა ღ–ს, თ.ს–ს და მ.ღ–ს (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - გ.ს–ი) დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მემკვიდრეები: ლ.ღ–ი, მ.ღ–ი და თ.ს., რომლებიც არიან მამკვიდრებლის დანაშთი ქონების 1/3 - 1/3 წილის ფაქტობრივი მფლობელები მორიგდნენ და შეთანხმდნენ, რომ ლ. ღ–სა და თ.ს–ს მ.ღ–ი გადაუხდის სამკვიდროს 1/3 - 1/3 წილზე კომპენსაციას 10 000 (ათი ათას) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში. აღნიშნული თანხის ნაწილის - 7 000 (შვიდი ათას) აშშ დოლარის გადახდა მოხდება 6 თვის განმავლობაში, ხოლო დანარჩენს 3 000 (სამი ათას) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში გადაუხდის სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ლ. ღ–ს და თ.ს–ს უფლება ექნებათ მოითხოვონ სამკვიდროს 1/3 - 1/3 წილი. თანხის განაწილება მოხდება შემდეგნაირად: ლ.ღ–ი 6 თვის განმავლობაში მიიღებს თავის წილს 5 000 (ხუთი ათას) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში, ხოლო თ.ს. მიიღებს თავის წილს 2 0000 (ორი ათას) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში, ხოლო დანარჩენ თანხას 3 000 (სამი ათას) აშშ დოლარს ექვივალენტს ლარში - სამი წლის განმავლობაში ეტაპობრივად. წინამდებარე დავაში, თ.ღ–ის მომავალი მემკვიდრე მ.ღ–ი და მესამე პირი გ.ს–ი შეთანხმდნენ შემდეგზე: საკუთრებაში გადაეცეს გ.ს–ს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი 22.64 კვ.მ, რომელიც შეადგენს მამკვიდრებლის თ. ღ–ის დანაშთ ქონებას, კერძოდ: გ. ს–ის სარგებლობაში არსებული ფართი ფანჯრიდან არსებულ კედლამდე, რომელიც გაემიჯნება ძირითად სახლს და მისი მონგრევისა და სანიაღვრე სამუშაოების ჩატარება დაიწყება და დასრულდება 6 თვის განმავლობაში.

15. რეკონსტრუქციისა და მონგრევის საკითხი ევალება გ.ს–ს, რომელიც ასევე სანიაღვრე არხის შეკეთება-გაყვანაში სოლიდარულად მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ფართში გ.ს–ი მომავალ მესაკუთრეს მ.ღ–ს გადაუხდის 3 000 (სამი ათას) ლარს გაფორმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე.

16. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 21/10/2019წ. N419570 გადაწყვეტილებით გ.ს–ს მიეცა თანხმობა ქ. თბილისში, .......... (საკადასტრო კოდი N..........) თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგბეობის ფასადზე კარისა და ფანჯრის ღიობის მოწყობის და ფასადის მოპირკეთების თაობაზე. მტკიცებულება: - N419570 გადაწყვეტილება.

17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17/02/2022წ. N00099712 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ....... მდებარე N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1/1 და N2/1 შენობების ნაწილის განაშენიანების ფართი შეადგენს 32.54 კვ.მ.-ს.

18. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 22/09/2022წ. N006592122 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, ........... მდებარე N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სანიაღვრე მილი განთავსებულია გ.ს–ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული შენობის აღმოსავლეთ კედლის ქვეშ. ხოლო, 2.07.01-89 სამშენებლო ნორმებისა და წესების გათვალისწინებით, სანიაღვრე კანალიზაცია 3 მეტრით უნდა იყოს დაშორებული შენობა-ნაგებობის საძირკველიდან.

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – „მარქსი ბელგიის წინააღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

20. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

21. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია. სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, როგორც სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, ისე ამ ქონების მოპასუხის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი, რისი დადასტურების შემთხვევაშიც, ნივთზე მფლობელობის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხე მხარეზე. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

22. მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ- სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებული იყო უპირველესად დაედასტურებინა სადავო უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების არსებობის ფაქტი. თუ კი ზემოაღნიშნული კუმულაციური კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი მაინც სახეზე არ იქნება, გამოირიცხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

24. დადგენილია, რომ მ.ღ–ის საკუთრებაში ირიცხება 1/3 ნაწილი, ხოლო, გ.ს–ის - მ.ღ–ის წილიდან შენობა N1 და N2 ფრაგმენტი I სართული ფართი 22.64 კვ.მ. გ.ს–ის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 მარტის განჩინება მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (საქმე N2/14524-17).

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურების მიზნით ფოტოსურათებსა და მორიგების აქტის შინაარსზე მითითება არარელევანტური მტკიცების ხარისხია იმისთვის, რომ დადასტურდეს მოსარჩელის მიერ საკუთრების უფლების ფაქტი. საქმეში დადგენილია, რომ მოსარჩელეს საერთო საკუთრებაში ეკუთვნის იდეალური წილი (1/3). ამავდროულად, არ არის წარმოდგენილი აზომვითი ნახაზი, რომლითაც განხორციელდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ფართის იდენტიფიცირება. ასევე, მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ და საკუთრებად რეგისტრირებულ ფართებს შორის არსებული მცირედი განსხვავება გამორიცხავს სადავო ქონების უკანონო მფლობელობის დადგენას.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს, რომლის თანახმად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების იდეალური წილის მესაკუთრეს და საქმის მასალებში არ მოიპოვება შესაბამისი მტკიცებულებები სასარჩელო მოთხოვნით უკანონო მფლობელობიდან გამოსათხოვ სადავო ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლების დასადგენად, მხოლოდ აპელანტის (მოსარჩელე) განმარტებები ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.

27. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დასაბუთების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (105 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ღ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. მ.ღ–ს (პ.ნ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელად გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 45 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი