დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-300-2026 25 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორი – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–უ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ბ–უს“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 36 700.47 ლარის დაკისრება.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
პალატამ მიუთითა, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.1. შპს „ა.ჯ–ას“ ქონება, რომელიც განთავსებული იყო ქალაქ თბილისში, .........., დაზღვეული იყო მოსარჩელესთან.
6.2. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეაგირების ოქმის მიხედვით, 2022 წლის 25 აგვისტოს, ქალაქ თბილისში, .......... მდებარე ფართში, სადაც განთავსებული იყო შპს „ა.ჯ–ას“ პროდუქცია, ჩაედინებოდა წყალი, რის გამოც ზიანდებოდა კომპანიის პროდუქცია.
6.3. შპს „ბ.ჯ. ...-ის“ დასკვნის მიხედვით, ქ. თბილისში, ............ მდებარე შპს „ა.ჯ–ას“ საკუთრებაში არსებულ საწყობში მომხდარი შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი შეადგენს 37 259.36 ლარს. მოსარჩელემ ზიანის ოდენობას გამოაკლო დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფრანშიზა - 1.5% და დარჩენილი 36 700.47 ლარი აუნაზღაურა დამზღვევს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა დადასტურება. კერძოდ, მან ვერ დაამტკიცა, რომ ზიანი დადგა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. ეს გარემოება, პალატის მოსაზრებით, არ დასტურდებოდა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ 2023 წლის 04 ივლისის წერილით. მართალია, ამ წერილში კომპანია უთითებს, რომ შემთხვევა (დაზიანება)
მოხდა მოპასუხის კუთვნილი ტერიტორიის წითელ ხაზებში, ამავე ტერიტორიაზე მოპასუხის მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების ქსელზე, მაგრამ კომპანიის ეს განმარტება საკმარისი არ იყო სადავო გარემოების დასადგენად. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს „ბ.ჯ. ....-ის“ დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული იყო, რომ წყლის მილის დაზიანების ადგილი ცდებოდა კორპუსის (მოპასუხის ტერიტორიის) წითელ ხაზებს და წარმოადგენდა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკუთრებას. შესაბამისად, მილის აღდგენითი სამუშაოებიც ამ უკანასკნელმა შეასრულა.
6.11. სასამართლომ ყურადღება მიაქცია, ასევე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ 2024 წლის 26 მარტის წერილზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ტრანზიტულად გადის კომპანიის ბალანსზე რიცხული წყალმომარაგების D-100 მმ-იანი და წყალარინების D-300 მმ-იანი ქსელი. ამასთანავე, კომპანიისათვის ცნობილი არ არის მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე გადის თუ არა მესამე პირთა კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წყალსადენ-წყალარინების ქსელები.
6.12. ამ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ 04.07.2023 წლის წერილი სარწმუნოდ ვერ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ შემთხვევა (დაზიანება) მოხდა მოპასუხის კუთვნილი ტერიტორიის წითელ ხაზებში, მისსავე მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების ქსელზე. პალატამ პირველ რიგში, ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ საქმის შედეგით პირდაპირ დაინტერესებული პირია, რადგან მოპასუხის კუთვნილი ტერიტორიის წითელი ხაზების მიღმა არსებული ქსელიდან გამომდინარე საფრთხეზე თავადაა პასუხისმგებელი. ამიტომ ამ კომპანიის განმარტება სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული.
6.13. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ ზიანი დადგა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით. ეს კი, გამორიცხავდა ამ უკანასკნელის სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 01 ივლისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით ბრალეულ პირად არ მიიჩნევდა თავს.
8.2. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ხოლო, ის გარემოება, რომ მისი პასუხისმგებლობა ზიანის მიყენებაში სახეზე არ იყო, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
16. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მთავარი კვლევის საგანია რამდენად არსებობს ზიანის ანაზღაურების სუბროგაციული საფუძველი მოპასუხის მიერ.
17. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებიდან და სსკ-ის 832-ე მუხლის „თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.“ პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809- 776-2016, 04.04.2017).
18. სსკ-ის 992 მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი. დაზღვევის მიზანი მიღწევადია უშუალოდ დაზღვევის სფეროში არსებული მექანიზმებით, რომელი მექანიზმებიც უშუალოდ რეაგირებენ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქცევაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სადაზღვევო ურთიერთობებში სუბროგაციის პრინციპის არსებობას, რაც იმპლიმენტირებულია ამავე კოდექსის 832-ე მუხლში (იხ.: სუსგ. №ას-812-2022, 05.10.2022წ.). დაზღვევის კონტექსტში, სუბროგაციის დოქტრინა მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთობის ორ ძირითად ასპექტთან ასოცირდება: პირველ რიგში, იგი უფლებას აძლევს მზღვეველს, განახორციელოს და დაიცვას ის უფლებები, რომელიც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი მესამე პირის მიმართ აქვს; მეორე, სუბროგაციის დოქტრინა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ეს კი სრულ შესაბამისობაშია „ორმაგი კომპენსაციის აკრძალვის პრინციპთან“ (იხ.: SkinerM,GrossJ.,Subrogation,7.06.2007,http://www.allens.com.au/pubs/pdf/insur/pap7jun06.pdf.).
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც აქვს დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ეს უფლება გადადის მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში არა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, არამედ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი – სადაზღვევო კომპანიით (მზღვევლით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ.: სუსგ №ას-581-549- 2011, 05.09.2012 წ.; №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-812-2022, 05.10.2022წ.; №ას-1598- 2023, 20.03.2024წ.).
21. სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებაs, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის. (იხ.: სუსგ №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-1523-2019, 24.01,2020 წ. ას-799-2024).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, იმისთვის, რომ სუბროგაციული წესით ზიანის ანაზღაურება მოხდეს, აუცილებელია დადასტურდეს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა. სწორედ აღნიშნული საკითხია კასატორის მხრიდან შედავებული, რომელიც მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ზიანის მიყენება მოპასუხის მიერ.
23. საქმეში წარმოდგენილი შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ 2023 წლის 4 ივლისის წერილში მითითებულია, რომ დაზიანება მოხდა მოპასუხის კუთვნილი ტერიტორიის წითელ ხაზებში, ამავე ტერიტორიაზე მოპასუხის მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების ქსელზე. თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „ბ.ჯ. ...-ის“ დასკვნა, რომლის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ წყლის მილის დაზიანების ადგილი ცდებოდა კორპუსის (მოპასუხის ტერიტორიის) წითელ ხაზებს და წარმოადგენდა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკუთრებას. შესაბამისად, მილის აღდგენითი სამუშაოებიც ამ უკანასკნელმა შეასრულა. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული დასკვნის საფუძველზე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თავდაპირველად, შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ მიმართა, რადგან მიიჩნია, რომ სწორედ ეს კომპანია იყო ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი პირი. მას შემდეგ კი, რაც კომპანიისგან მიიღო 2023 წლის 4 ივლისის წერილი, პრეტენზია წარუდგინა მოპასუხეს, ისე, რომ არ გადაუმოწმებია, თუ სად მოხდა სინამდვილეში მილის დაზიანება.
24. მოპასუხის მიერ წარმოდგენილია შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ 2024 წლის 26 მარტის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე არსებულ მიწის ნაკვეთზე ტრანზიტულად გადის კომპანიის ბალანსზე რიცხული წყალმომარაგების D-100 მმ-იანი და წყალარინების D-300 მმ-იანი ქსელი. ამასთან, კომპანიისათვის ცნობილი არ არის მოპასუხის კუთვნილ ტერიტორიაზე გადის თუ არა მესამე პირთა კერძო საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული წყალსადენ-წყალარინების ქსელები.
25. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ გარემოების უტყუარად დადასტურება, რომ სადაზღვევო შემთხვევა მოხდა მოპასუხის კუთვნილი ტერიტორიის წითელ ხაზებში, მისსავე მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების ქსელზე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ საქმის შედეგით პირდაპირ დაინტერესებული პირია, რადგან მოპასუხის კუთვნილი ტერიტორიის წითელი ხაზების მიღმა არსებული ქსელიდან გამომდინარე საფრთხეზე თავადაა პასუხისმგებელი. ამიტომ მხოლოდ ამ კომპანიის განმარტება სარწმუნოდ ვერ მიიჩნევა. მითუმეტეს, რომ კომპანიის განმარტებას უპირისპირდება შპს „ბ.ჯ. ...-ის“ დასკვნა, რომელშიც გადმოცემულია დაზარალებულის/დაზღვეული ტვირთის მესაკუთრის განმარტება, რომ დაზიანების ადგილი მდებარეობდა მოპასუხის ტერიტორიის წითელი ხაზების გარეთ და დაზიანებაც კომპანიამ თავად აღმოფხვრა. გარდა ამისა, კომპანიის პირველ წერილს ეწინააღმდეგება მისი მეორე წერილი, რომელიც, თავისი შინაარსით, არ გამორიცხავს კომპანიის კუთვნილ ქსელზე მომხდარი ავარიით ზიანის დადგომის შესაძლებლობას. შექმნილ ვითარებაში, სწორედ მოსარჩელე იყო ვალდებული ემტკიცებინა ის გარემოება, რომ შემთხვევა (დაზიანება) მოხდა მოპასუხის კუთვნილი ტერიტორიის წითელ ხაზებში, მისსავე მფლობელობაში არსებულ წყალმომარაგების ქსელზე. ამისათვის მას შეეძლო წარმოედგინა დამატებითი მტკიცებულებები (მაგ. ფაქტების კონსტატაციის ოქმი, ექსპერტის დასკვნა და სხვა), რომლებიც დაადასტურებდა სადავო გარემოებას. ასეთი შესაძლებლობა მოსარჩელეს ჰქონდა, რადგან იგი, როგორც მზღვეველი, თავიდანვე ჩართული იყო დაზღვეული ტვირთის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეში, თუმცა მან ამ შესაძლებლობით არ ისარგებლა. ამდენად, პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, ზიანის მიყენების ფაქტი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლებრივი სიკეთე ხელყოფილი უნდა ყოფილიყო მოპასუხის ქმედებით, რაც წინამდებარე საქმის მასალებით არ დგინდება. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1836 ლარის 70% – 1285.2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. სს „ს.კ.ჯ.ჰ–ს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1836 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 25.07.2025) 70% – 1285.2 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი