დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.05.2026
საქმის ნომერი
ას-306-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-306-2026 25 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ფ-მა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ა-ფ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 10000 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5000 ლარის გადახდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2022 წლის 13 ოქტომბერს, მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მოსარჩელე ბიუროს, რის საფუძველზეც დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა. ხელშეკრულების ფარგლებში, ექსპერტს დაევალა ქ. თბილისში, ….......... (ს/კ ...........) შპს „კ–ის“ მიერ მომზადებული სასაწყობე შენობის პროექტის საანგარიშო მოდელის და კონსტრუქციული ნაწილის კვლევა. 2022 წლის 24 ოქტომბერს მომზადდა N007292022 დასკვნა.

6.2. 2022 წლის 17 ნოემბერს, მოპასუხის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ამავე რიცხვში გაფორმდა ხელშეკრულება. ბიუროს დაევალა 24.10.2022 წელს უკვე გაცემული დასკვნის ფარგლებში შპს „კ–ის“ მიერ მომზადებულ კორექტირებულ სასაწყობე პროექტთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება (საანგარიშო მოდელის და კონსტრუქციული ნაწილის კვლევა). აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გასცა 2022 წლის 06 დეკემბერს.

6.3. 2023 წლის 13 თებერვალს, მოპასუხის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა მოსარჩელე ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. ამავე რიცხვში გაფორმდა საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება. ბიუროს დაევალა შპს „კ–ის“ მიერ მომზადებული, ქ. თბილისში ......... ს/კ ....... სასაწყობე შენობის კორექტირებულ პროექტთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება (კორექტირებულ პროექტში ან საანგარიშო მოდელში ისეთი ხარვეზების დადგენა, რაც ასაშენებელი შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე მოახდენს გავლენას). მოსარჩელე ბიურომ 2023 წლის 02 მარტს გასცა დასკვნა.

6.4. 2023 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული საექსპერტო მომსახურების ღირებულება მოსარჩელე ბიურომ განსაზღვრა 10 000 ლარით. მომსახურების საფასურის განსაზღვრა მოხდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით დამტკიცებული მოსარჩელე ბიუროს მომსახურების ტარიფებით. მომსახურების ღირებულება მოპასუხეს არ აქვს ანაზღაურებული.

6.5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 02 მარტს გაცემული დასკვნა მომზადდა განმეორებითი ექსპერტიზის ფარგლებში და მასზე უნდა გავრცელდეს საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით დამტკიცებული მომსახურების ტარიფები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეებს შორის გაფორმებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომელიც არის სასყიდლიანი, რამეთუ შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (როგორც წესი, ფულადი სახით). (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, ნარდობის ხელშეკრულება (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.38.).

6.10. პალატამ მიუთითა, სსჯ-ის 630.2-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსევბობს, მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება. ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.

6.11. პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს.

6.12. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ როგორც 2023 წლის 02 მარტის საექსპერტო დასკვნა, ასევე 2022 წლის 06 დეკემბრის და 2022 წლის 24 ოქტომბრის დასკვნები ეხება შპს „კ–ის“ მიერ მომზადებული ქ. თბილისში ............ ს/კ ....... სასაწყობე შენობის პირველადი და კორექტირებული პროექტის საანგარიშო მოდელის და კონსტრუქციული ნაწილის კვლევას. 2023 წლის 02 მარტის საექსპერო დასკვნა მოსარჩელე ბიუროს მიერ გაიცა მოპასუხის 2023 წლის 13 თებერვლის განცხადებისა და ამავე რიცხვში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2023 წლის 02 მარტის ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბიუროს მიერ 24.10.2022 წელს გაცემულ დასკვნაში გამოთქმულ შენიშვნებზე პროექტის ავტორებმა (შპს „კ–ის“ ექსპერტებმა) გასცეს განმარტებები/კორექტირებული პროექტი, რაც წარდგენილია განმეორებით ექსპერტიზაზე. გარდა ამისა, თავად 02.03.2023 წლის ექსპერტიზის დასკვნაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ პროექტი წარმოდგენილია განმეორებით ექსპერტიზაზე, დასკვნა გაიცა განმეორებითი ექსპერტიზის ფარგლებში.

6.13. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ განმეორებითი ექსპერტიზა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა სახეზე, თუკი როგორც პირველი, ასევე მეორე ექსპერტიზა ჩატარდებოდა საქართველოს მთავრობის 16.01.2023 წლის N14 დადგენილების მიღების შემდგომ.

6.14. პალატამ მიუთითა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას ახორციელებდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით. ამავე დადგენილების თანახმად, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის მომსახურების ტარიფები პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ექსპერტიზის შემთხვევაში (ერთი შენობა) განისაზღვრა 5001 მ2-დან 15000 მ2-მდე ფართის პირობებში 4500 ლარით (კოდი 13004), ხოლო პროექტის საინჟინრო ნაწილის, სივრცითი ანგარიშისა და გეოლოგიის ექსპერტიზის შემთხვევაში (ერთი შენობა) – 0- 5000მ2 პირობებში 500 ლარით. შენიშვნის მიხედვით, განმეორებითი ექსპერტიზის შემთხვევაში საწყისი ტარიფი ნახევრდება (შენიშვნა გავრცელდება წინა ორ კოდზე (13004 და 13005). როგორც საქმეზე დადგენილია, საექსპერტო კვლევა ეხება პროექტის კონსტრუქციული ნაწილის, ასევე საინჟინრო ნაწილის ექსპერტიზის შემთხვევაში ორ-ორ ობიექტს და საექსპერტო მომსახურების ღირებულება ჯამში შეადგენს 10000 ლარს.

6.15. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ 2023 წლის 02 მარტის ექსპერტიზის დასკვნა მომზადდა განმეორებითი ექსპერტიზის ფარგლებში და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დასაბუთებული პრეტენზია აპელანტს არ ქონდა წარდგენილი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 2023 წლის 13 თებერვლის ხელშეკრულება დადებულია მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე. რომლის მიხედვითაც, მხარე თანახმა იყო გაეფორმებინა ბიუროსთან ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენდა ახალი სამართლებრივი ურთიერთ-მოვალეობების წარმოშობის საფუძველს და მასში საუბარი არი იყო განმეორებით ექსპერტიზაზე.

8.2. სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ცალსახად ადასტურებდა სარჩელში მითითებულ და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, გამოსაკვლევად წარმოდგენილი პროექტის შინაარსი და არასწორად განმარტა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების მე-5 მუხლი, რომლის თანახმად, „ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლევან სამარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას განახორციელებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ესპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით“. ასევე ყურადღების მიღმა დატოვა ამავე დადგენილების მე-7 პუნქტი, რომელიც დადგენილების ამოქმედების ვადას განსაზღვრავს. კერძოდ, „დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 01 თებერვლიდან“.

8.3. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებელი არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი.

16. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

19. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით, ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების ფარგლებში, მოპასუხისთვის (შემკვეთისათვის) თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) მუხლებიდან მომდინარეობს.

20. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად შესრულებული უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ა) მხარეთა შორის დადებული უნდა იყოს ნარდობის ხელშეკრულება; ბ) მენარდეს შესრულებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო; გ) შემკვეთს არ უნდა ჰქონდეს ანაზღაურებული შესრულებული სამუშაო.

21. საკასაციო პალატა საკასაციო პრეტენზიების გათვალისწინებით მიუთითებს საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე:

21.1. 2022 წლის 13 ოქტომბერს, მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა მოსარჩელე ბიუროს, რის საფუძველზეც დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა. ხელშეკრულების ფარგლებში, ექსპერტს დაევალა ქ. თბილისში, ..........(ს/კ ........) შპს „კ–ის“ მიერ მომზადებული სასაწყობე შენობის პროექტის საანგარიშო მოდელის და კონსტრუქციული ნაწილის კვლევა. 2022 წლის 24 ოქტომბერს მომზადდა N007292022 დასკვნა.

21.2. 2022 წლის 17 ნოემბერს, მოპასუხის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ამავე რიცხვში გაფორმდა ხელშეკრულება. ბიუროს დაევალა 24.10.2022 წელს უკვე გაცემული დასკვნის ფარგლებში შპს „კ–ის“ მიერ მომზადებულ კორექტირებულ სასაწყობე პროექტთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება (საანგარიშო მოდელის და კონსტრუქციული ნაწილის კვლევა). აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ექსპერტიზის ბიურომ დასკვნა გასცა 2022 წლის 06 დეკემბერს.

21.3. 2023 წლის 13 თებერვალს, მოპასუხის წარმომადგენელმა კვლავ მიმართა მოსარჩელე ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. ამავე რიცხვში გაფორმდა საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება. ბიუროს დაევალა შპს „კ–ის“ მიერ მომზადებული, ქ. თბილისში ........... ს/კ ........ სასაწყობე შენობის კორექტირებულ პროექტთან დაკავშირებით საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარება (კორექტირებულ პროექტში ან საანგარიშო მოდელში ისეთი ხარვეზების დადგენა, რაც ასაშენებელი შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე მოახდენს გავლენას). მოსარჩელე ბიურომ 2023 წლის 02 მარტს გასცა დასკვნა.

22. უდავოა, რომ მენარდემ შეასრულა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, რომელიც შემკვეთს არ აუნაზღაურებია. მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა, მოსარჩელის მიერ გაწეული საექსპერტო მომსახურების სანაცვლოდ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა, იმაზე მითითებით, რომ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადება წარმოადგენდა 2022 წელს დაწყებული წარმოების გაგრძელებას, თავდაპირველი განაცხადი შეტანილი იყო 2022 წელს და შესაბამისად, მასზე არ უნდა გავრცელებულიყო 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილებით დამტკიცებული მომსახურების ტარიფები.

23. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არასწორი შეფასებისა და იმის შესახებ, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი არ პასუხობს კანონის მოთხოვნებს. პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის N14 დადგენილების მე-5 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების ამოქმედებამდე მიღებულ საექსპერტო დაკვეთებზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მომსახურებას ახორციელებდა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171 დადგენილებით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული პირობებით. ამავე დადგენილებაში მოცემული შენიშვნის მიხედვით, განმეორებითი ექსპერტიზის შემთხვევაში საწყისი ტარიფი ნახევრდება (შენიშვნა გავრცელდება წინა ორ კოდზე (13004 და 13005). როგორც საქმეზე დადგენილია, საექსპერტო კვლევა ეხება პროექტის კონსტრუქციული ნაწილის, ასევე საინჟინრო ნაწილის ექსპერტიზის შემთხვევაში ორ-ორ ობიექტს და საექსპერტო მომსახურების ღირებულება ჯამში შეადგენს 10000 ლარს. 2023 წლის 02 მარტის ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ „პროექტი წარმოდგენილია განმეორებით ექსპერტიზაზე“, შესწავლილ იქნა ადრე გაცემული დასკვნა და მისი გათვალისწინებით გაიცა შენიშვნები და რეკომენდაციები.

24. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. მოცემულ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ სადავო ექსპერტიზის გაფორმებისას მხარეებს არ მიუთითებიათ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარებას. ხოლო, საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები ან გარემოებები კასატორს არ მიუთითებია.

25. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის ბიუროს მიერ ფაქტობივად ჩატარდა განმეორებითი ექსპერტიზა, რის შესაბამისად, დაკმაყოფილდა სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა ჩატარებული ექსპერტიზის ღირებულების ნახევრის ანაზღაურება. საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება კი, არ ადასტურებს კასატორის (მოსარჩელის) მოთხოვნის მართლზომიერებას. პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს დამაჯერებლად ვერ დაუსაბუთა მის მიერ მოხოვნილი ოდენობით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლიანობა.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს (204952089) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N01747, გადახდის თარიღი 02.02.2026) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი