დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1235-2025 14 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი – შპს „ე.გ–ი“, შპს „ი–ი“ (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი.ს.ჯ–ია“ (მოსარჩელე, შეგებებული სარცელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ი.ს.ჯ–იამ“ და მოითხოვა: შეწყდეს მოსარჩელესა და მოპასუხე შპს „ე.გ–ის“ მიერ 2016 წლის 1 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე, ყველა დანართთან ერთად. ბათილად იქნეს ცნობილი შსს მომსახურების სააგენტოში მოპასუხის სახელზე, რეგისტრირებული 77 ერთეული ავტომანქანის რეგისტრაცია, მოსარჩელის საკუთრების უფლების გადასვლის დამადასტურებელი ერთობლივი განცხადებები და მითითებულ 77 ერთეულ ავტომანქანაზე საკუთრების უფლება აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე, თავისუფალი ყოველგვარი სამართლებრივი შეზღუდვისაგან საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, ყადაღა, აკრძალვა და სხვა). მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს 77 ერთეული ავტომანქანა. მოპასუხეს დაეკისროს 54 ერთეული ა/მ-ის გასხვისებით მიღებული თანხის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 1 177 583,33 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხესა და შპს „ი–ის“ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ 691 944 აშშ დოლარის ოდენობით. შპს „ე.გ–ს“ დაეკისროს შპს „ი.ს.ჯ–იას“ სასარგებლოდ სესხის სახით გადასახდელი თანხა დარიცხულ სარგებელთან ერთად, საერთო ჯამში 692 367 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ე.გ–მა“ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, თუმცა, არსებითად არ შედავებია ფაქტობრივ გარემოებებს.
3. შპს „ე.გ–ის“ შეგებებული სარჩელი
3.1. მოპასუხე კომპანიამ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში, მოითხოვა მოსარჩელისგან მის სასარგებლოდ, მომსაურების ღირებულების 438 000 ლარის გადახდა, ასევე მოითხოვა, შპს „ი.ს.ჯ–იას“ დაეკისროს შპს „ე.გ–ის“ სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 500 000 აშშ დოლარი; ოფისის რემონტისათვის გაწეული ხარჯები 395 389 ლარი; რეკლამისათვის გაწეული ხარჯები 176 000 აშშ დოლარი; მოპასუხის მიერ მოსარჩელის გარეშე გაყიდული ავტომანქანების შემოსავლის 30%, რომელიც შეადგენს 252 000 აშშ დოლარს.
4. მოსარჩელის პოზიცია მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე
4.1. შპს „ი.ს.ჯ–იამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, მოპასუხეს არ დაურღვევია ხელშეკრულების პირობები, შპს „ი.ს.ჯ–იამ“ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უზრუნველყო ერთი წლის მანძილზე 100 მანქანის მიწოდება. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „ე.გ–ს“ მიღებული აქვს გაწეული მომსახურების საფასურიც და გაყიდული ა/მ-ის გაყიდვით მიღებული თანხის საკომპენსაციო წილი. შპს „ი.ს.ჯ–იამ“ შეუქმნა სამუშაო პირობები შპს „ე.გ–ს“, მოპასუხეს ჰქონდა ავტომობილების სალონი, სადაც მუშაობის საშუალებას აძლევდა შპს „ე.გ–ს“.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ი.ს.ჯ–ია“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ი.ს.ჯ–იას“ საკუთრებაში დაუბრუნდა შპს „ე.გ–ის“ სახელზე რიცხული ავტომობილები (არსებული სამართლებრივი შეზღუდვებით); მოპასუხე შპს „ე.გ–ს“ დაეკისრა 54 ერთეული ა/მ-ის გასხვისებით მიღებული თანხის ანაზღაურება შპს „ი.ს.ჯ–იას“ სასარგებლოდ 1 177 583,33 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხე შპს „ე.გ–ს“ და შპს „ი–ის“ სოლიდარულად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება შპს ი.ს.ჯ–ას“ სასარგებლოდ 691 944 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხე შპს „ე.გ–ს“ შპს „ი.ს.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისრა სესხის სახით გადასახდელი თანხა - დარიცხულ სარგებელთან ერთად, საერთო ჯამში 692 367 ლარის ოდენობით. შპს „ე.გ–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. მოპასუხეების სააპელაციო მოთხოვნა
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
7.2. შპს „ი.ს.ჯ–ია“ 2014 წლის ივნისის თვიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, კომპანიის ამჟამინდელი დირექტორია ვ.გ–ი, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოში რეგისტრირებული კომპანია - შპს „ჯ.მ“.
7.3. მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმების დროს კომპანიის დირექტორი იყო ბ.ფ–ა, ხოლო დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ე.ა–ვი, რომელიც ბ.ფ–ას დირექტორად დანიშვნამდე თავად ხელმძღვანელობდა კომპანიას.
7.4. შპს „ე.გ–ი“ 2015 წლის თებერვლის თვიდან რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში, შპს-ს ამჟამინდელი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის ნ.ც–ძე, სადავო პერიოდში შპს „ე.გ–ის“ დირექტორი იყო ნ.ც–ძე.
7.5. მოპასუხე შპს „ი–ი“ 2017 წლის თებერვლიდან არის რეგისტრირებული სამეწარმეო რეესტრში შპს-ს დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს „ე.გ–ის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნ.ც–ძის დედა - მ.ც–ძე.
7.6. შპს „ი–ი“ შეიქმნა და ფუნქციონირებდა, როგორც ტაქსოკომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა იაფი და სწრაფი მომსახურების ტაქსებს. ასევე, კორპორტიულ მომსახურებას. შპს „ი–ი“ მუშაობდა შპს „ი.ს.ჯ–იას“ კუთვნილი ავტომანქანებით, რომელიც გადასცა შპს „ე.გ–მა“. მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანებზე განთავსებული იყო შპს „ი–ის“ ლოგო და სარეკლამო მანიშნებელი.
7.7. მოსარჩელე შპს „ი.ს.ჯ–იას“ (წარმომადგენელი ბ.ფ–ა) და მოპასუხე შპს „ე.გ–ის“ (წარმომადგენელი ნ.ც–ძე) მიერ 2016 წლის 1 მარტს დაიდო ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე. მოსარჩელე (დამკვეთი) ფლობდა ექსკლუზიურ უფლებას ავტომობილების მწარმოებელი კომპანიებისგან HAVAL და GREAT WALL და ჰქონდა უფლება მათი საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის და გაყიდვის, მოპასუხისგან (შემსრულებელი - შპს „ე.გ–ი“) მიიღო შეთავაზება მომსახურების თაობაზე, რომელიც გულისხმობდა ავტომობილის პოტენციური მყიდველის მოზიდვას (იხ. ხელშეკრულების პრეამბულა და 1.1. პუნქტი).
7.8. ავტომანქანების ჩამონათვალი და მინიმალურად დადგენილი ფასი დანართის სახით ერთვოდა ხელშეკრულებას (დანართი №2). მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა მოეხდინა ავტომანქანის გასხვისება და გასხვისებიდან 3 დღის ვადაში მოსარჩელის ანგარიშზე ჩაერიცხა ავტომანქანის ღირებულება. ხელშეკრულების 2.5.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელე (დამკვეთი) კისრულობდა ვალდებულებას მოპასუხისათვის (შემსრულებილისათვის) მიენიჭებინა ყველა უფლებამოსილება, რაც აუცილებელი იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილების გასხვისებისთვის.
7.9. მოსარჩელემ სადავო ავტომანქანებიდან (131 ც) მოპასუხეს 2016 წელს გადასცა 59 ერთეული ავტომანქანა, საერთო ღირებულებით 997 500 აშშ დოლარი, ხოლო 2017 წელს გადასცა 72 ერთეული ავტომანქანა, საერთო ღირებულებით 997 700 აშშ დოლარი.
7.10. სადავო ავტომანქანებზე მოსარჩელის თავდაპირველი კუთვნილების საკითხი დასტურდება შემოსავლების სამსახურის 27/12/2017 წ. №2521960 ცნობით, ამჟამად, შპს „ე.გ–ის“ სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 77 ერთეული ავტომანქანა, რომლებიც დაყადაღებული და ამოღებულია სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც ბრალდებულად ცნობილია ნ.ც–ძე. აღნიშნული ავტომობილების მიმართ ვრცელდება, ასევე, სამართლებრივი შეზღუდვა - აკრძალვა.
7.11. სადავო 131 ერთეული ავტომანქანიდან, როგორც აღინიშნა 77 ავტომანქანა ირიცხება კვლავ შპს „ე.გ–ზე“ საკუთრების უფლებით, ხოლო 54 ერთეული ავტომანქანა შპს „ე.გ–მა“ გაასხვისა მესამე პირებზე, პირდაპირი მიყიდვის და ზოგიერთ შემთხვევაში, ლომბარდში დაგირავების წესით. ავტომანქანების საფასური, 2016 წლის დეკემბრის შემდეგ, მოპასუხეს მოსარჩელისთვის აღარ გადაუხდია.
7.12. შპს „ე.გ–ის“ მიერ გაყიდული 54 ავტომანქანის საერთო ღირებულება, მათი მოდელების გათვალისწინებითა და 2016 წლის 1 მარტის ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად შეადგენს 1 325 000 აშშ დოლარს.
7.13. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2019 წლის 25 მარტის დასკვნის თანახმად, საბანკო ამონაწერებისა და შემოსავალ-გასავლის ორდერებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ შპს „ე.გ–ს“ ჩარიცხული აქვს შპს „ი.ს.ჯ–იას’’ ანგარიშზე მხოლოდ 353 800 ლარი.
7.14. ხელშეკრულების დანართი №2–ის შესაბამისად განსაზღვრული იყო ავტომანქანების ფასები, კერძოდ: - HAVAL H9 – 30 000 აშშ დოლარი. - HAVAL H8– 30 000 აშშ დოლარი. - HAVAL H6– 20 000 აშშ დოლარი. - HAVAL H2– 18 000 აშშ დოლარი.- GREAR WALL H3– 17 000 აშშ დოლარი.- GREAT WALL H5– 20 500 აშშ დოლარი.- GREAT VALL H6 19 000 აშშ დოლარი.- GREAT WALL C30 − 9 000 აშშ დოლარი.- GREAT WALL M4– 9 000 აშშ დოლარი.- GRWAT WALL M2– 9 000 აშშ დოლარი.- GREAT WALL WINGLE 6 PETROL– 17 000 აშშ დოლარი.- GREAT WALL WINGLE6DIESEL–19 000 აშშ დოლარი.
7.15. შსს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 დეკემბრის №49/7/1/3–01494406 ცნობის თანახმად, გაყიდულია შემდეგი ა/მანქანები: HAVAL H9– 11 ერთეული (2016 წელში გაიყიდა 7), HAVAL H8– 4 ერთეული, HAVAL H6- 6 ერთეული, HAVAL H2– 15 ერთეული, GREAR WALL H3-1 ერთეული, GREAT WALL H5- 0, GREAT VALL H6– 5 ერთეული, GREAT WALL C30– 4 ერთეული. GREAT WALL M4– 8 ერთეული, GRWAT WALLM2-0,GREATWALL WINGLE6PETROL–4ერთეული, GREATWALLWINGLE6 DIESEL- 0.
7.16. 2018 წლის თებერვალ-მარტში ექსპერტების მიერ მოძიებული იქნა 30 ავტომანქანა, შემდეგი სარეგისტრაციო ნომრებით: BF3..., BF3..., BF31..., BF3...F, BF31..., CC0...., LG3..., PB1..., QQ5..., UU8 ...., VB9..., VB98..., VB99...., XW6..., XW..., XW.....X, XW8..., XW8..., XW...., ZZ1...., ZZ19..., ZZ..., ZZ1...., ZZ1...., ZZ...., ZZ....., ZZ2...., ZZ2...., ZZ2...., ZZ2..... მათი შეფასების ნაწილში გაიცა დასკვნა N3002221818- 2018 წლის 21 მაისს.
7.17. ექსპერტმა განსაზღვრა მათი ღირებულება გამოშვების წლისა და მსგავსი ტექნიკური მდგომარეობის მქონე სხვა ავტომობილების იდენტური მდგომარეობის გათვალისწინებით. ზოგიერთი ავტომანქანა მთლიანად განადგურებულია და ხილვადია მისი დაზიანება, იყო ავტომობილები, რომელთა ყველა დაზიანება ხილვადი არ იყო ექსპერტისთვის. იმისათვის, რომ ექსპერტს განესაზღვრა ავტომანქანის ღირებულება მისი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ინდივიდუალურად, საჭირო იყო მათთვის დეფექტური აქტის წარდგენა, რომლის წარდგენაც შეუძლებელი იყო, რადგან დეფექტური აქტი გაიცემა შესაბამისი ავტომანქანის ტექნიკური შემოწმების შედეგად სპეციალურ დაწესებულებაში (ავტოსალონში მისი წარდგენით, ან ე.წ. პროფილაქტიკაში დათვალიერებით) სათანადო შემოწმებით. შეუძლებელი იყო ავტომანქანების წარდგენა სპეციალური შემოწმების მიზნით. ამიტომ, ექსპერტმა იხელმძღვანელა მათი ვიზუალური დათვალიერებით და ხილვადი დაზიანებებით და ამის საფუძველზე მოამზადა დასკვნა. დასკვნის თანახმად ავტომანქანების საერთო ღირებულება განისაზღვრა 687 300 ლარით. თითოეული ავტომანქანა შეფასებული იქნა ინდივიდუალურად - 2018 წლის მდგომარეობით.
7.18. სარჩელს ერთვის ცხრილი, სადაც მითითებულია, თუ რას შეადგენს 77 ერთეული ავტომანქანის დღევანდელი საბალანსო ფასი ექსპერტიზის დასკვნებისა და ცვეთის დარიცხვის გათვალისწინებით, 77 ერთეული ავტომანქანის საერთო ღირებულება დღეის მდგომარეობით (2020 წლის ნოემბერი) შეადგენს 276 556 აშშ დოლარს.
7.19. გამომდინარე იქედან, რომ ექსპერტებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ავტომანქანების საბაზრო ფასის განსაზღვრა, მოსარჩელის მიერ გამოყენებული იქნა ფასის განსაზღვრის ბუღალტრული მეთოდი, რაც გულისხმობს წლიური 20%-ის დარიცხვას (გამოკლებას) თითოეული ა/მ-ის ღირებულებაზე. ზიანის თანხის განსაზღვრისას გათვალისწინებულია გასაყიდი ფასი- 2016 წლის 1 მარტის ხელშეკრულების დანართი №2-ის მიხედვით, რაც 968 500 აშშ დოლარის ტოლფასია და 2018 წლის ექსპერიტიზის დასკვნაში მითითებული ფასები. ამ მოცემულობის შესაბამისად, 77 ერთეული ავტომანქანის საერთო ღირებულება დღეის მდგომარეობით (2020 წლის ნოემბერი) შეადგენს 276 556 აშშ დოლარს.
7.20. მხარეებმა 2016 წლის 18 მარტს ხელი მოაწერს სესხის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც შპს „ი.ს.ჯ–ია“ გადასცემდა შპს „ე.გ–ს“ 637 000 ლარს სესხად, წლიური 1,5%-ის დარიცხვით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე დაბრუნების პირობით. საქმის მასალებით დასტურდება (სისხლის სამართლის საქმეზე შესწალილი დოკუმენტაცია შემოსავლისა და გასავლის ორდეები), რომ შპს „ე.გ–მა“ მიიღო შპს „ი.ს.ჯ–იასგან“ 637 003,85 ლარი.
7.21. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2014 წლის ივნისიდან (შპს–ს რეგისტრაციის მომენტიდან) საქართველოში შემოიყვანა სულ 177 ავტომანქანა, რაც დასტურდება საბაჟო ოპერაციების შესახებ ინფორმაციით განხორციელებული. მოპასუხესთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მომენტიდან, მოსარჩელემ მოპასუხეს საშუალება მისცა გაეყიდა არაერთი ავტომანქანა და გაყიდვიდან მიეღო შესაბამისი ანაზღაურება (რაც ჩანს კიდეც ექსპერტის დასკვნაში). მოსარჩელეს პრეტენზია აქვს 131 ავტომანქანაზე.
7.22. მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული 131 ავტომანქანიდან მოპასუხემ გაასხვისა 54 ავტომანქანა და გაყიდვით მიღებული თანხის უმეტესი ნაწილი მიითვისა. დარჩენილი 77 ავტომანქანა კვლავ მოპასუხის სახელზე ირიცხება საკუთრების უფლებით. მოპასუხემ, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირებზე გაასხვისა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანები, არ შეასრულა ვალდებულება და 3 დღის ვადაში არ ჩაურიცხა ავტომანქანების ღირებულება დამკვეთს (მოსარჩელეს). ბოლო ტრანზაქცია მოსარჩელის ანგარიშზე ფიქსირდება 2016 წლის დეკემბერში.
7.23. სააპელაციო სასამართლომ, გარდა ხელშეკრულებიდან გასვლის ფარგლებში, გადაცემული 77 ავტომობილის დაბრუნებასთან დაკავშირებული პრეტენზიისა, ასევე იმსჯელა, მოპასუხის მიერ, მისთვის გადაცემული და უკვე გასხვისებული ავტომობილის ღირებულების - 1 177 583.33 აშშ დოლარის თაობაზეც გაამახვილა ყურადღება. დადგენილია, რომ შპს „ე.გ–ის“ მიერ გაყიდული 54 ავტომანქანის საერთო ღირებულება, მათი მოდელების გათვალისწინებით და 2016 წლის 1 მარტის ხელშეკრულების დანართი №2-ის შესაბამისად შეადგენს 1 325 000 აშშ დოლარს.
7.24. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2019 წლის 25 მარტის დასკვნის თანახმად, საბანკო ამონაწერებისა და შემოსავალ-გასავლის ორდერებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ შპს „ე.გ–ს“ ჩარიცხული აქვს შპს „ი.ს.ჯ–იას“ ანგარიშზე მხოლოდ 353 800 ლარი. საერთო ჯამში, მოსარჩელეს მოპასუხისგან უნდა მიეღო 1 325 000 აშშ დოლარი, თუმცა მიიღო მხოლოდ 353 800 ლარი, რაც იმ დროს არსებული სავალუტო კურის თანახმად, დოლარის ლართან მიმართებაში (2,4) იქნებოდა 147 416,667 აშშ დოლარი. ამდენად, შპს „ე.გ–ს“ შპს „ი.ს.ჯ–იასთვის“ გადასახდელი აქვს 1 177 583,33 აშშ დოლარი - როგორც გასხვისებული ა/მ ღირებულება.
7.25. სააპელაციო სასამართლომ, გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და შეფასება როგორც ზიანის ანაზღაურების სახის მოპასუხეებისთვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, აგრეთვე, სესხის სახით გაცემული თანხის დაუბრუნებლობისა და ამავე თანხის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
7.26. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და სწორედ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის მოტივით უარი ეთქვა მოპასუხეს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
8. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ 1. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ი.ს.ჯ–ია“ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვდა:- (1) შპს „ი.ს.ჯ–იასა“ და მოპასუხე შპს „ე.გ–ს“ შორის 2016 წლის 1 მარტს დადებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ყველა დანართთან ერთად; - (2) შსს მომსახურების სააგენტოში შპს „ე.გ–ის“ სახელზე რეგისტრირებული 77 ერთეული ავტომანქანის რეგისტრაციის ბათილად ცნობას და მითითებული 77 ერთეული ავტომანქანის შპს „ი.ს.ჯ–იას“ საკუთრებაში აღრიცხვას; 2. შპს „ე.გ–ისათვის“ 54 ერთეული ა/მ-ის გასხვისებით მიღებული თანხის ანაზღაურების დაკისრებას 1 177 583,33 აშშ დოლარის ოდენობით; 3. შპს „ე.გ–ისა“ და შპს „ი–ისათვის“ ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრებას 691 944 აშშ დოლარის ოდენობით; 4. შპს „ე.გ–ისათვის“ შპს „ი.ს.ჯ–იას“ სასარგებლოდ სესხის სახით გადასახდელი თანხის დარიცხულ სარგებელთან ერთად დაკისრებას, ჯამში 692 367 ლარის ოდენობით.
15. საპირისპიროდ, კასატორები, შეგებებული სარჩელით ითხოვნდნენ 1. გაწეული მომსახურების ღირებულების 438 000 აშშ დოლარის მოსარჩელისთვის დაკისრებას; 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო ჯარიმის დაკისრებას 500 000 აშშ დოლარის ოდენობით; 3. ოფისის რემონტისათვის გაწეული ხარჯების დაკისრებას 395 389 ლარის ოდენობით; 4. რეკლამისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას 176 000 აშშ დოლარის ოდენობით; 5. მოპასუხის მიერ მოსარჩელის გარეშე გაყიდული ავტომანქანების შემოსავლის 30%-ის დაკისრებას 252 000 აშშ დოლარის ოდენობით.
16. საკასაციო სასამართლო, საკითხის გამორკვევის მიზნით, უპირველესად სამოქალაქო სამართალში გაბატონებულ მტკიცების ტვირთზე მიუთითებს, კერძოდ განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (საქმე №ას-263-2025 30 აპრილი, 2026 წელი; საქმე №ას-1231-2024 13 დეკემბერი, 2024 წელი).
17. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ.-ები: №ას-833-833-2018, 16.11.2018წ.; №ას-867-834-2016, 22.12.2018წ.).
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
19. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
20. მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
21. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ მხარეთა შორის დაიდო შერეული ტიპის ხელშეკრულება, (ნარდობა და საკუთრების მინდობა), რომელიც მოცემულ შეთხვევაში მეტად შეესაბამება საკუთრების მინდობის ხელშეკრულებას (......მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 2.5.1. პუნქტის თანახმად, მოსარჩელე (დამკვეთი) კისრულობდა ვალდებულებას მოპასუხისათვის (შემსრულებე ლისათვის) მიენიჭებინა ყველა უფლებამოსილება, რაც აუცილებელი იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილების გასხვისებისთვის (მათ შორის მინდობილობა გასხვისებაზე, განბაჟებაზე, გადაფორმებაზე და ა.შ) ხელშეკრულების მე-2 თავში „მომსახურება“, დეტალურადაა ჩამოთვლილი ის უფლებები, რისი განხორციელების შესაძლებლობაც ჰქონდა მოპასუხეს. მათ შორის შპს ,,ე.გ–“-ს ხელშეკრულების 2.2.7- და 2.2.11 პუნქტების შესაბამისად, უფლება ჰქონდა ხელი მოეწერა ნებისმიერი კანონით დაშვებული ფორმის ხელშეკრულებისთვის სარეალიზაციო ავტომობილების გაყიდვის მიზნით.....). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 724-ე მუხლის მიხედვით „საკუთრების მინდობის ხელშეკრულებით საკუთრების მიმნდობი გადასცემს ქონებას მინდობილ მესაკუთრეს, რომელიც იღებს და მართავს მას საკუთრების მიმნდობის ინტერესების შესაბამისად“. სსკ-ის 725(2) მუხლის მიხედვით, მინდობილი მესაკუთრე მესამე პირებთან ურთიერთობაში სარგებლობს მესაკუთრის უფლებამოსილებით. თუ მინდობილი მესაკუთრე, საკუთრების მიმნდობის ინტერესების საწინააღმდეგოდ, არ იჩენს ისეთ გულისხმიერებას, როგორიც მას საკუთარი საქმეების მიმართ უნდა გამოეჩინა, იგი ვალდებულია აანაზღაუროს ამ მოქმედებით გამოწვეული ზიანი. სსკ-ის 726(1) მუხლის მიხედვით, მინდობილი მესაკუთრე მინდობილ საკუთრებასთან დაკავშირებული საქმიანობისათვის საკუთრების მიმნდობისაგან არ იღებს გასამრჯელოს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სსკ-ის 729-ე მუხლის მიხედვით საკუთრების მინდობის მიმართ გამოიყენება დავალების ხელშეკრულების შესაბამისი წესები.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა ხელშეკრულებიდან გასვლისა თუ მისი მოშლის წინაპირობები და შედეგები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სასამართლო პრაქტიკასა და დოქტრინაში არსებულ მიდგომაზე დასახელებულ საკითხზე, კერძოდ, პირველი პრობლემა, რაც ამ ინსტიტუტის დახასიათებისას წარმოიშობა, ტერმინოლოგიური ხასიათისაა. ხელშეკრულებაზე უარის თქმა, როგორც ეს მუხლია დასათაურებული, ისევე როგორც მისი სინონიმი ხელშეკრულების შეწყვეტა, არის გვარობითი ცნება. შედეგების მიხედვით უნდა განვასხვაოთ: 1. ხელშეკრულებაზე უარის თქმა უკუქცევითი ძალით (ex tunc მოქმედებით), ანუ შეცილება; 2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა ex nunc მოქმედებით მიღებულის რესტიტუციის ვალდებულებით; და 3. ხელშეკრულების სამომავლოდ გაუქმება რესტიტუციის გარეშე, ანუ ხელშეკრულების მოშლა. ხელშეკრულების მოშლას მეორე შემთხვევისაგან, რომელსაც ამ კომენტარის მიზნებისათვის გასვლად მოვიხსენიებთ, განასხვავებს სწორედ მიღებულის რესტიტუცია. მოშლის შემთხვევაში მხარეები არ აბრუნებენ მიღებულს, გასვლის შემთხვევაში კი აბრუნებენ. მოშლა ხანგრძლივი ვადით დადებული ხელშეკრულებების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, ქირავნობის ურთიერთობა ან შრომითი ხელშეკრულება, ანაცვლებს გასვლის უფლებას. ამ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება სამომავლოდ, მიღებული შესრულების უკუქცევის გარეშე (იხ. 405-ე მუხლის კომენტ.) ( იხ. სუსგ. №ას-120-2022; 10 ნოემბერი 2022 წელი).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ ბოროტად ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებით მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანები გაიფორმა თავის სახელზე, არც გაყიდული ა/მ საფასური არ გადაიხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით, ამასთან ა/მ გადასცა ოჯახის წევრის სახელზე რეგისტრირებულ ტაქსის კომპანიას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რომელიც ავტომანქანის ცვეთის გათვალისწინებით ზიანის მომტანი იყო მოსარჩელისთვის. მოპასუხის მიერ დარღვეული ვალდებულება მოსარჩელისთვის ობიექტურად იყო მნიშვნელოვანი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში (რომლის მოცულობაც ჯამურად რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს) მოსარჩელე მას გამოიყენებდა თავისი კომერციული მიზნებისთვის და მიიღებდა შემოსავალს, ასეთი დარღვევა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც უმნიშვნელო დარღვევა. ამ კონტექსტში საგულისხმოა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევას მოჰყვა შესაბამისი ზიანი - მოსარჩელემ ვერ მიიღო მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომლის მიღების იმედიც ხელშეკრულების საფუძველზე სამართლიანად გააჩნდა.
24. ამრიგად, ხელშეკრულება უნდა შეწყდეს მისი მოშლის გზით, რისი გათვალისწინებითაც, ხელშეკრულების შეწყვეტამდე მხარეთა უფლება-მოვალეობები ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას, ხოლო მისი შეწყვეტის მომენტიდან მხარეები თავისუფლდებიან სამომავლო ვალდებულებებისგან.
25. ზემოაღნიშნულის გათვალისიწინებით, შპს „ი.ს.ჯ–იას“ საკუთრებაში უნდა დაუბრუნდეს შპს „ე.გ–ი“ სახელზე რიცხული შემდეგი ავტომობილები არსებული სამართლებრივი შეზღუდვებით და არა ისე, როგორც ამას მოსარჩელე მოითხოვს, ავტომანქანების სამართლებრივი შეზღუდვების გარეშე დაბრუნება შეუძლებელია.
26. საკასაციო სასამართლო, მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული 131 ავტომანქანიდან მოპასუხემ გაასხვისა 54 ავტომანქანა და გაყიდვით მიღებული თანხის უმეტესი ნაწილი მიითვისა. დარჩენილი 77 ავტომანქანა კვლავ მოპასუხის სახელზე ირიცხება საკუთრების უფლებით. მოპასუხემ, მიუხედავად იმისა, რომ მესამე პირებზე გაასხვისა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანები, არ შეასრულა ვალდებულება და 3 დღის ვადაში არ ჩაურიცხა ავტომანქანების ღირებულება დამკვეთს (მოსარჩელეს). ბოლო ტრანზაქცია მოსარჩელის ანგარიშზე ფიქსირდება 2016 წლის დეკემბერში (მოპასუხის მიერ აღნიშნულ პერიოდში ბოლო ჩარიცხვა საგულისხმოა აგრეთვე შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის მოტივების კონტექსტშიც).
27. უდავოა, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება, ავტომანქანების გასხვისებიდან 3 დღის ვადაში მოსარჩელის ანგარიშზე ჩაერიცხა ავტომანქანის ღირებულება, თავისთვის შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ. საქმის მასალებში ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულება არ მოიძებნება, მოპასუხეს არ აქვს წარმოდგენილი საკმარისი შედავება, რომელიც გააქარწყლებდა გაყიდული ავტომანქანების ღირებულების ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას. ამდენად, შპს „ე.გ–ის“ მიერ ავტომანქანების რეალიზაციის შედეგად შპს „ი.ჯ–თვის“ გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 1 177 583,33 აშშ დოლარს (აღნიშნულ თანხას გამოკლებულია მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ჩარიცხული 353 800 ლარი = 147 416.677 აშშ დოლარი), რომელიც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელით ასევე მოთხოვნილი იყო შპს „ე.გ–ისა“ და შპს „ი–ისათვის“ ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება, 691 944 აშშ დოლარის ოდენობით.
29. საქმეზე წარდგენილი ხელშეკრულების 1.2. პუნქტი შპს „ე.გ–ს“ უკრძალავდა მესამე პირებზე უფლებების დათმობას. მოპასუხემ აღნიშნული მოთხოვნა დაარღვია და ყოველგვარი წერილობითი შეთანხმების გარეშე, ავტომობილები სარგებლობაში გადასცა ოჯახის წევრის სახელზე გახსნილ კომპანიას შპს „ი–ის“ და აღნიშნულის შესახებ რაიმე სახის ნებართვა შპს „ი.ს.ჯ–იასგან“ არ მიუღია, რაც დაადასტურა კიდეც ბ.ფ–ამ მოწმის სახით დაკითხვის დროს. ვერც შპს „ი–მა“ და ვერც შპს „ე.გ–მა“ ვერ წარადგინეს ვერანაირი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა შპს „ი–ის“ მხრიდან ავტომობილების ფლობის კანონიერებას და შპს „ე.გ–ის“ მხრიდან შპს „ი–იზე“ ავტომობილების გადაცემის კანონიერებას. ის ფაქტი, რომ შპს „ი–ი“ ნამდვილად შპს „ი.ს.ჯ–იას“ კუთვნილ ავტომობილებს ფლობდა და ამუშავებდა ტაქსებად დასტურდება ექსპერტის დასკვნითაც, რომელიც გამოთხოვილი იქნა სისხლის სამართლის საქმიდან - №34 ფინ, 27/06/2019. შპს „ი–ი“ შეიქმნა და ფუნქციონირებდა, როგორც ტაქსოკომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა იაფი და სწრაფი მომსახურების ტაქსებს. ასევე, კორპორატიულ მომსახურებას ჩინური წარმოების ავტომობილებით.
30. ამდენად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა რაოდენობით, მათ შორის სისხლის საქმეზე მოძიებული ავტომობილების შეფასებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 77 ერთეული ავტომანქანის საერთო ღირებულება 2020 წლის ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს 276 556 აშშ დოლარს. შესაბამისად, ზიანის თანხამ შეადგინა 691 944 აშშ დოლარი (968 500- 276 556).
31. ზემოაღნიშნული გარემოების, საქმეზე დადგენილი ფაქტებისა (ერთ-ერთი მოპასუხის მიერ, ამავე კომპანიის დირექტორის დედის სახელით მოქმედი მეორე კომპანიისთვის ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ავტომობილების გადაცემის) და სასამართლოს მიერ აღნიშნული ფაქტების სსკ-ის 407.1-ე, 408.1-ე, 414-ე, 463-464-ე მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საერთო ჯამში 691 944 აშშ დოლარის ოდენობით (968 500-276 556).
32. საკასაციო სასამართლო შემდეგ სასარჩელო მოთხოვნაზე მიუთითებს, კერძოდ მოსარჩელის მოთხოვნაა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 637 003.85 ლარის დაბრუნება. საქმის მასალებით დასტურდება (სისხლის სამართლის საქმეზე შესწავლილია დოკუმენტაცია შემოსავლისა და გასავლის ორდერები), რომ შპს „ე.გ–მა“ შპს „ი.ს.ჯ–იასგან“ სესხის სახით მიიღო 637 003,85 ლარი. აღნიშნული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი ინფორმაცია საქმეში არ მოიპოვება. შპს „ე.გ–ს“ დასაბრუნებელი აქვს მოსარჩელისთვის სესხის ძირი თანხა 637 003,85 ლარი და თითოეულ წელზე მითითებული თანხის 1,5%, რაც 1 წელზე 9 555 ლარია. აქედან, 2016 წელში სესხის გამოყენების ვადა არის 290 დღე, ამიტომ 2016 წელში დარიცხული სარგებლის ოდენობა შეადგენს (290* (9555/365) 26,17) 7 589 ლარს (იხ. სსკ-ის 623-625-ე მუხლები).
33. შპს „ე.გ–ის“ შეგებებულ სარჩელს და მისი უსაფუძვლობის შესახებ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2016 წლის დეკემბრის შემდეგ შპს „ე.გ–ს“ შპს „ი.ს.ჯ–იასთვის“ თანხა აღარ ჩაურიცხავს (დამატებით იხ. წინამდებარე განჩინების 26 პუნქტი), შესაბამისად ამ დროიდან შპს „ი.ს.ჯ–ია“ მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეხადა მისთვის მომსახურების საფასური, რადგან როგორც მოპასუხე აღნიშნავს, გარდა ამ შემოსავლისა, შპს „ი.ს.ჯ–იას“ არ გააჩნდა სხვა შემოსავლები. ხელშეკრულების 4.1. პუნქტი 5 000 აშშ დოლარის გადახდას განსაზღვრავს სწორედ გაწეული მომსახურების საფასურად. დადგენილია, რომ ნ.ც–ძემ ახსნა-განმარტების დროს და სარჩელშიც დაადასტურა, რომ 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით 5 000 აშშ დოლარი შპს „ი.ს.ჯ–იას“ მხრიდან ჩარიცხული აქვს.
34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შეგებებული სარჩელის ავტორმა ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნები. კერძოდ, არ წარმოუდგენია არც იმ ავტომობილების სახელობითი სია, რომელთა გაყიდვასაც ედავება შპს „ი.ს.ჯ–იას“ და არც პერიოდს უთითებს, რა პერიოდში გაყიდა შპს „ი.ს.ჯ–იამ“ დილერთან შეუთანხმებლად ავტომობილები.
35. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს შეგებებული სარჩელის სხვა მოთხოვნებსაც და განმარტავს, რომ რეკლამის განთავსება და მისთვის ხარჯის გაღება ემსახურებოდა შპს „ე.გ–ის“ მიზნებს და მას ჰქონდა უფლება გაეკეთებინა ეს რეკლამა ან/და არ გაეკეთებინა რეკლამა. ამასთან, როგორც მოპასუხე აცხადებს შპს „ი.ს.ჯ–იამ“ თავად გადასცა შპს „ე.გ–ს“ სარეკლამო მოდელები და შეეძლო ისინი გამოეყენებინა დანიშნულებისამებრ. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა, რომ არ არის წარდგენილი არანაირი მტკიცებულება რეკლამისთვის ხარჯების გაღების თაობაზე. იგივე უნდა ითქვას, ფართის ქირის შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იჯარის საჭიროება არ არსებობდა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ 2016 წლის შემდეგ მოპასუხეს ვალდებულება არ შეუსრულებია, არალოგიკურია ამ ვალდებულების შესრულების ფარგლებში რაიმე ფართის ქირავნობის შესახებ.
36. საკასაციო სასამართლო რემონტის ხარჯისა და ოდენობის შესახებ განმარტავს, რომ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, ტერიტორია მესაკუთრემ ჩამოართვა შეგებებული სარჩელის ავტორს, ამდენად, ტერიტორიაზე არსებული ყველა გაუმჯობესება მესაკუთრეს დარჩა, ამდენად, შეგებებული სარჩელის მოპასუხე (თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე) ვერ იქნება ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელი პირი, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემთხვევაშიც, ამასთან წარმოდგენილი დასკვნით არ დასტურდება რა სახის სამუშაოები და სად ჩატარდა.
37. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
41. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე.გ–ისა“ და შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ე.გ–სა“ და შპს „ი–ს“ დაეკისროთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 დეკემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილი იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე