დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-275-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-275-2026 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),მირანდა ერემაძე (მომხსენებელი),მოსამართლე:

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ც.ს–ძე (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ი.კ–ძე, თ.კ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უღირს მემკვიდრედ ცნობა, მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელე არის მამკვიდრებლის 2023 წლის 12 მაისს გარდაცვლილი ვ.ს–ძის და. მათი დედა - ი.ს–ძე (კ–ი) გარდაიცვალა 2000 წლის 24 მაისს, ხოლო მამა - ზ.ს–ძე - 2001 წლის 5 თებერვალს;

2. ვ.ს–ძე 1978 წლის 6 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ქ.კ–თან. ამავე წელს მათ შეეძინათ ტყუპი ქალიშვილები - თ. და ი.კ–ძეები.

3. 1979 წლის ნოემბერში ქ.კ–ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კალინინის სახელობის რაიონის სახალხო სასამართლოს, ვ.ს–ძესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნით. ვ.ს–ძე დაეთანხმა მოთხოვნას და მათ შორის ქორწინება შეწყდა.

4. ვ.ს–ძე 1977 წლის 12 იანვრიდან 16 მარტამდე დიაგნოზით - რეაქტიული ფსიქოზი, ხოლო 2005 წლის 6 სექტემბრიდან 22 ნოემბრამდე და 2010 წლის 18 აპრილიდან 31 მაისამდე დიაგნოზით - პარანოიდული შიზოფრენია F20.0 იმყოფებოდა ფსიქიატრიულ სტაციონალურ მკურნალობაზე შპს ,,ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ში“. ვ.ს–ძე 2005 წლის 30 ნოემბრიდან 2019 წლის 20 თებერვლამდე იმყოფებოდა ფსიქიატრიულ ამბულატორულ მკურნალობაზე შპს ,,ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ში“.

5. 2005 წლის 19 აპრილს ვ.ს–ძეს დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი - ზომიერად უვადოდ, დიაგნოზი - მარჯვენა მტევნის მე-3, მე-4, მე-5 თითების ტრავმული ამპუტაცია.

6. 2022 წლის 22 ნოემბერს ვ.ს–ძე მოთავსებული იქნა შპს ,,ს.ხ.ს.ს.კ–ში“ დიაგნოზით ბარძაყის დიფუზიური მოტეხილობა, მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა დიაფიზის ზემო მესამედში ცდომით, სადაც მკურნალობდა 29 ნოემბრამდე. პაციენტის გაწერისას საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე დაფიქსირდა სახელმწიფოს ასანაზღაურებელი 4962,74 ლარი, ხოლო პაციენტის გადასახდელი 551,42 ლარი, რაც გადახდილია კლინიკის სალაროში.

7. 2022 წლის 29 ნოემბრიდან 2023 წლის 12 მაისამდე ვ.ს–ძე მკურნალობდა კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში. ამ ხნის განმავლობაში მისი მკურნალობის ხარჯებს იხდიდნენ მისი და და დისშვილი, მათ მიჰქონდათ საკვები, პამპერსი, საპარსი და სხვა მომხმარების საგნები მოჰქონდა. სხვა პირი ვ. ს–ძის მოსანახულებლად კლინიკაში არ ყოფილა;

8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დაინიშნა ძმის - ვ.ს–ძის მეურვედ.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და ვ.ს–ძე ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: ნებისმიერი სახელმწიფო გასაცემლის (პენსიის, ნებისმიერი სოციალური დახმარების მათ შორის, საანაბრე-სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვებული თანხის) დანიშვნა, აღდგენა, მიღება და განკარგვა და ამ მიზნით ნებისმიერ სახელმწიფო და კერძო, ასევე საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა; მკურნალობაზე /რეაბილიტაციაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების შეძენა და მიღება (მათ შორის სპეციალიზირებულ სააფთიაქო დაწესებულებებში); ც.ს–ძე დაინიშნა ვ.ს–ძის მხარდამჭერად ზემოთ აღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისათვის მინიჭებული უფლებები, მხარდასაჭერი პირისათვის შესაბამისი ნების გამოხატვაში დახმარების გზით. მხარდაჭერის ვადა (მისი გადასინჯვის პერიოდულობა) განისაზღვრა 5 (ხუთი) წლით.

10. 2022 წლის 11 ივნისს სს ,,ლიბერთი ბანკმა“ და ვ.ს–ძემ დადეს ვადიანი ანაბრის ხელშეკრულება. ანაბრის მოცულობა შეადგენს 2278 აშშ დოლარს, ანაბრის დასრულების თარიღი - 11.06.2023 წელი.

11. 2023 წლის 12 მაისს ვ.ს–ძე გარდაიცვალა გულის შეგუბებითი უკმარისობით.

12. ვ.ს–ძეზე ზრუნავდნენ მისი და -მოსარჩელე და დის ოჯახი. მათვე დაკრძალეს ვ. ს–ძე და გაიღეს შესაბამისი ხარჯები. მოპასუხეებს არც მამკვიდრებლის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ რაიმე მონაწილეობა ვ. ს–ძესთან დაკავშირებულან ხარჯებში არ მიუღიათ.

13. უძრავი ქონების - მის: ქ. თბილისი, ............, ს/კ № ........., ½ წილი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ირიცხება ვ.ს–ძის სახელზე, ხოლო ½ წილი - დ.მ–ძის სახელზე.

14. ნოტარიუსი ნ.ჯ–ის წარმოებაშია 2023 წლის 12 მაისს გარდაცვლილი ვ.ს–ძის სამკვიდრო საქმე. 2023 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, სანოტარო მოქმედების შესრულება გადაიდო ც.ს–ძის განცხადების საფუძველზე, ხოლო ამავე წლის 17 ნოემბრის დადგენილებით, სანოტარო მოქმედება შეჩერდა სასამართლოში სამართლებრივი დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

15. ზ.ს–ძე და ი. კ–ი 2023 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული არ არიან. 2023 წლის 18 სექტემბრის მდგომარეობით ვ.ს–ძე ასევე არ იყო საგადასახადო აღრიცხვაზე გადასახადის გადამხდელ პირად.

16. ვ.ს–ძისა და ქ.კ–ძის დაშორების შემდეგ, მალევე, ვ. ს–ძის ოჯახის წევრებს რამდენჯერმე ჰქონდათ ბავშვების მონახულებისა და დახმარების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. ქ. კ–ძის ოჯახმა დახმარების მიღებაზე და კომუნიკაციაზე უარი განაცხადა. მას შემდეგ მხარეთა ოჯახებს ურთიერთობა არ ჰქონიათ, მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 20-22 წლის ასაკში ჰქონდა დ.მ–ძეს ბიძაშვილების გაცნობის მცდელობა.

17. მოპასუხეთათვის ცნობილი არ იყო ვ.ს–ძის დახმარების საჭიროების შესახებ, რასაც ც.ს–ძის ოჯახი უზრუნველყოფდა.

18. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

18.1. ც.ს–ძემ (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.კ–ძისა და თ.კ–ძის (შემდეგში მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების 2023 წლის 12 მაისს გარდაცვლილი ვ.ს–ძის (შემდეგში მამკვიდრებელი) უღირს მემკვიდრეებად ცნობა და მათთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა.

18.2. სარჩელის მიხედვით, მამკვიდრებელი მოსარჩელის ძმაა, რომელიც გარდაიცვალა 2023 წლის 12 მაისს. ის 1978 წლის 6 ივნისიდან 1979 წლამდე დაქორწინებული იყო ქ.კ–ძეზე. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ტყუპები - თამარი და ირინე (მოპასუხეები). ბავშვების დაბადებიდან ორ კვირაში, რძლის დედის მოთხოვნით, მათი ოჯახი დაინგრა, მიუხედავად მისი ძმისა და მშობლების არაერთი თხოვნისა. მათ კარს არ უღებდნენ და ბავშვებთან კომუნიკაციის უფლებას არ აძლევდნენ. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელს ჰქონდა როგორც ფსიქიკური, ისე ჯანმრთელობის სხვა პრობლემები. 1977 წელს მას დაუდგინდა დიაგნოზი - რეაქტიული ფსიქოზი. მას სჭირდებოდა სათანადო ყურადღება და მკურნალობა. ამ პერიოდში მას მშობლები და მოსარჩელე უვლიდნენ. მოსარჩელის ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში მისი მეუღლეს და შვილს უწევდათ მოხუცი, ავადმყოფი მშობლებისა და ძმის მოვლა-პატრონობა. მოსარჩელე უგზავნიდა თანხას მის ძმასა და მშობლებს. მამკვიდრებელს არ ჰქონდა მარჯვენა ხელის თითები, რომლებიც დაზგაში დაუზიანდა და დაკარგა. იმის გამო, რომ მოსარჩელის მეუღლეს და შვილს გაუჭირდათ მისი ძმის მოვლა, მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში, რადგან მამკვიდრებელს სხვა მეურვე არ ჰყავდა. მამკვიდრებელი 2010 წელს სასამართლომ ცნო ქმედუუნაროდ, ხოლო 2019 წელს მიიღო მხარდამჭერის სტატუსი. მოსარჩელის განმარტებით, მამკვიდრებელი მიიჩნევდა, რომ მას შვილები აღარ ჰყავდა, ვინაიდან მისმა შვილებმა მამის გვარი უარყვეს და გადავიდნენ დედის გვარზე - კ–ძეზე. მათ სრულწლოვანების ასაკის მიღწევიდან 27 წლის მანძილზე არასოდეს გამოუთქვამთ მამის გაცნობის სურვილი. ოჯახიდან წასვლის დღიდან მოსარჩელის ყოფილი რძალი და შემდგომ ძმისშვილები არ დაინტერესებულან მამის მდგომარეობით. მოპასუხეებს მამა არასდროს მოუკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ ას მეტრში ცხოვრობდნენ მამის საცხოვრებელი სახლიდან. მამკვიდრებელს მისი დისშვილები მიაჩნდა თავის შვილებად. 2022 წლის ნოემბრის ბოლოს მამკვიდრებელი გადაიყვანეს ხ–ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობით, საიდანაც შემდგომ გადაიყვანეს კრიტიკული მედიცინის ცენტრში. ამ პერიოდშიც, მოპასუხეებს არ მოუკითხავთ მამის მდგომარეობის შესახებ. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის შვილმა გარდაცვლილი გადმოასვენა მის სახლში, რადგან კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სადავო ბინაში ძველი რემონტი იყო. გარდაცვლილის შვილები მოვიდნენ მხოლოდ მამის დაკრძალვის დღეს პანაშვიდზე. მამკვიდრებლის დაკრძალვისა და საფლავის ხარჯები მოსარჩელემ გაიღო. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად მამკვიდრებლის მცდელობებისა, მამობა გაეწია შვილებისათვის, არ მიეცა ამის საშუალება. მან ვერ იბრძოლა თავისი უფლებებისათვის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის, ქმედუუნარობის გამო. შვილებმა, რომლებმაც იცოდნენ მისი მდგომარეობა, ერთხელაც არ სცადეს მონახულება და კონტაქტი, ელოდნენ მის გარდაცვალებას, რომ მემკვიდრეობა მიეღოთ.

19. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მათთვის ცნობილია, რომ მამა საპენსიო ასაკის მიღწევამდეც მუშაობდა, გააჩნდა საკმარისი შემოსავალი და არასდროს არ განიცდიდა მძიმე ქონებრივ მდგომარეობას. ამასთან, მათთვის უცნობია, რომ მოსარჩელე შეზღუდული შესაძლებლობის პირი იყო. მოპასუხეთა განმარტებით, 1979 წელს, მათი დაბადებიდან ორ კვირაში, მშობლები განქორწინდნენ და სიტუაციის იმგვარად წარმოსახვა, რომ მამასა და შვილებს შორის ურთიერთობის უქონლობა შვილების ბრალით მოხდა, არასწორია. მათთვის ისიც უცნობია, რომ თითქოს მამა და მისი მშობლები მიდიოდნენ მათ სანახავად და გაგზავნილ დახმარებას უკან აბრუნებდნენ. მოპასუხეთა მოსაზრებით, ბავშვების სანახავად მისული მამის, ბებისა და პაპისთვის კარების გაუღებლობა (თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა), არ არის საკმარისი მიზეზი საკუთარ შვილებთან ურთიერთობის სამუდამოდ შეწყვეტისთვის. მამკვიდრებელს მონაწილეობა არ მიუღია შვილების აღზრდაში, თუმცა როგორც მოსარჩელე მართებულად უთითებს, სულ რაღაც 100 მეტრში ცხოვრობდა. მათი განმარტებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ არ აინტერესებდა მამის პიროვნება. მათ სიამოვნებდათ იმისი გაგება, რომ მამა საზოგადოებაში კარგი სახელით სარგებლობდა, სურდათ კიდეც მამის გაცნობა, მაგრამ ვერ გადალახეს ფსიქოლოგიური ბარიერი. ისინი თვლიდნენ, რომ მათთვის გაუგებარი მიზეზის გამო, თავად მამას არ სურდა მათი გაცნობა. მოპასუხეთა განმარტებით, მათ დედის გვარი მამის თანხმობით მიიღეს მაშინ, როდესაც დაახლოებით ორი წლის იყვნენ. მოპასუხეთა მითითებით, მოსარჩელე ცდილობს მიანიშნოს, რომ მამკვიდრებლის ნებას წარმოადგენდა სამკვიდროს არა საკუთარი შვილებისთვის, არამედ მოსარჩელის შვილებისთვის დატოვება. ასეთი შემთხვევაში, მამკვიდრებელი აუცილებლად შეადგენდა ანდერძს ან სიცოცხლეშივე გადასცემდა ქონებას საკუთრებას დისშვილებს. მას ასევე შეეძლო კანონით მემკვიდრეებისთვის (შვილებისთვის) მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთვა ანდერძის საშუალებით და, რაკი, მან ასეთი ქმედება არ განახორციელა, ცხადია, რომ მის ნებას სამკვიდროს სწორედ შვილებისთვის დატოვება წარმოადგენდა.

20. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

21. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლის წარმომადგენელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

23. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

23.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

23.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1311-ე მუხლი. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით რეალურად დგინდებოდა მოპასუხეებისთვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საკმარისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვ.ს–ძე 1997 წლის 12 იანვრიდან 16 მარტამდე რეაქტიული ფსიქოზის დიაგნოზით მკურნალობდა, 2002 წლის 6 სექტემბრიდან 22 ნოემბრამდე, ხოლო 2010 წლის 10 აპრილიდან 31 მაისამდე პარანოიდული შიზოფრენიით იმყოფებოდა ფსიქიატრიულ კლინიკაში. 2005 წელს მას დაუდგინდა შშმ პირის სტატუსი ზომიერად, უვადოდ მარჯვეა მტევნის მე-3, მე-4, მე-5 თითების ტრავმული ამპუტაცია. 2022 წლის 22 ნოემბერს ვ.ს–ძე მოათავსეს კლინიკაში ბარძაყის დიფუზიური მოტეხილობით, სადაც მკურნალობდა 2023 წლის 29 ნოემბრამდე. ასევე, 2022 წლის 29 ნოემბრიდან 2023 წლის 12 მაისამდე მკურნალობდა კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში, რის ხარჯებსაც იხდიდნენ მისი და და დისშვილი.

23.3. 2021 წლის 2 დეკემბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ვ.ს–ძის მეურვედ დაინიშნა მისი და ც.ს–ძე. ასევე, 2019 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ც.ს–ძეს მიანიჭა ვ.ს–ძის მხარდამჭერის სტატუსი.

23.4. 2023 წლის 12 მაისს ვ.ს–ძე გარდაიცვალა. დაკრძალვის ხარჯები გაიღეს კასატორმა და მისმა ოჯახის წევრმა. მოწინააღმდეგე მხარეს კი არც მამკვიდრებლის სიცოცხლეში ან გარდაცვალების შემდეგ, რაიმე სახის მონაწილეობა ვ.ს–ძესთან დაკავშირებულ ხარჯებში არ მიუღიათ.

23.5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ თითქოს მოპასუხეებმა არ იცოდნენ ვ.ს–ძის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ვ.ს–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად სამედიცინო ინფორმირება არ იყო საჭირო, ეს ისედაც ნათელი იყო მისი ნახვისას, თუმცა მოპასუხეებმა არ ისურვეს მისი მკურნალობა და მეთვალყურეობა. მოპასუხეები მასის საცხოვრებლიდან 100 მეტრში ცხოვრობდნენ, თუმცა არასდროს მოუკითხავთ მამკვიდრებელი. არასდროს დახმარებიან მას სიცოცხლის პერიოდში, ხოლო გარდაცვალებისას არ გაუწევიათ მასთან დაკავშირებული რაიმე სახის ხარჯი. მათი ინტერესი მხოლოდ მემკვიდრეობის მიღებაა, სწორედ ამიტომ ისინი უნდა იყვნენ უღირს მემკვიდრეებად აღიარებულნი.

24. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

25. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

28. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

29. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურ სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

30. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

31. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

32. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

33. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

34. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვის კრიტერიუმების შეფასება, კერძოდ, რამდენად აკმაყოფილებენ მოპასუხეები აღნიშნულ კრიტერიუმებს და რამდენად სწორად არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებები სააპელაციო პალატამ.

35. სსკ-ის 1311-ე მუხლის თანახმად, შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით. სსსკ-ის 1218-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შვილები მოვალენი არიან იზრუნონ მშობლებისათვის და დაეხმარონ მათ.

36. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია [საქართველოს კონსტიტუციის 19.1. მუხლი]. მემკვიდრეობის უფლება, როგორც ძირითადი კონსტიტუციური უფლება, გათანაბრებულია საკუთრებასთან. საკუთრება პიროვნული თავისუფლების გამოხატულება და წინაპირობაა. მემკვიდრეობის ჩამორთმევა არა მხოლოდ საკუთრების უფლების ჩამორთმევას, არამედ ღირსების შელახვასა და გასაკიცხ ქმედებაში მხილებასაც გულისხმობს. საკუთრების მიმართება პიროვნების თავისუფლებასთან, უწინარეს ყოვლისა, ქონებრივ ურთიერთობებში გამოიხატება, სადაც საკუთრების ამოცანაა მოქალაქეთათვის ფართო შესაძლებლობათა უზრუნველყოფა მეწარმეობის, ვაჭრობის, ქონების თავისუფალი განკარგვის, მემკვიდრეობის და სხვა მსგავს სფეროებში. მემკვიდრეობის უფლებაჩამორთმეული მემკვიდრეები შეიძლება ორ ჯგუფად დაიყოს, პირველი მემკვიდრეები, რომლებიც ვერც ანდერძით და ვერც კანონით იქნებიან მემკვიდრეები – უღირსი მემკვიდრე და მეორე მემკვიდრეები, რომლებიც ვერ იქნებიან მხოლოდ კანონით და, შესაძლებელია, იყვნენ ანდერძით მემკვიდრეები. ამგვარი დაყოფა აიხსნება, ერთი მხრივ, მოანდერძის ნების პრიორიტეტისა და, მეორე მხრივ, მემკვიდრეთა მიერ მამკვიდრებლის სიცოცხლეში მისი ინტერესების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის ჩადენის გათვალისწინებას შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობით (დ. ბერეკაშვილი, „უღირს მემკვიდრედ აღიარება და მემკვიდრეობითსამართლებრივი სანქციები სავალდებულო წილის მემკვიდრის მიმართ“, „სამართლის ჟურნალი“, №1, 2019, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020, გვ. 19, 20).

37. სსკ-ის 1311-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეობის ჩამორთმევის წინაპირობაა საოჯახო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატება მემკვიდრის მხრიდან კანონით მასზე დაკისრებული მამკვიდრებლის რჩენის ვალდებულებისათვის ბოროტად თავის არიდებით. ასეთი მემკვიდრე ინარჩუნებს მემკვიდრეობის მიღების შესაძლებლობას, თუ მამკვიდრებელმა იგი დაასახელა ანდერძისმიერ მემკვიდრედ და მიიღებს ანდერძისმიერ მემკვიდრეობას მამკვიდრებლის მხრიდან „სულგრძელი მიტევების“ გამო, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში, კანონით მემკვიდრეობის უფლება ჩამოერთმევა, რადგან კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობით, ის არ ასრულებს თავის ვალდებულებას არა მხოლოდ მამკვიდრებლის, არამედ კანონისა და საზოგადოების წინაშეც (დ. ბერეკაშვილი, „უღირს მემკვიდრედ აღიარება და მემკვიდრეობითსამართლებრივი სანქციები სავალდებულო წილის მემკვიდრის მიმართ“, „სამართლის ჟურნალი“, №1, 2019, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2020, გვ. 32, 33).

38. სსკ-ის 1311-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების კანონით მემკვიდრეებად ვერ იქნებიან მშობლები, რომლებსაც ჩამოერთმევათ მშობლის უფლება და სამკვიდროს გახსნის დღისათვის არ არიან აღდგენილნი ამ უფლებებში. აღნიშნულ ნორმაში იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მშობლებს ჩამორთმეული აქვთ მშობლის უფლება სსკ-ის 1206-ე მუხლის საფუძველზე [სსკ-ის 1206.2. მუხლი: მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა].

39. რაც შეეხება 1311-ე მუხლის მე-2 წინადადებას, რომლის თანახმად, კანონით მემკვიდრეები ვერ იქნებიან აგრეთვე პირნი, რომლებიც ბოროტად თავს არიდებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი, თუ ეს გარემოება დადასტურებულია სასამართლო წესით, აღნიშნული წესი მშობელთან მიმართებით შესაძლოა გავრცელდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი ბოროტად თავს არიდებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ერჩინა შვილი, თუმცა მშობლის უფლება არ ჰქონდა ჩამორთმეული.

40. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მამკვიდრებელი 1977 წლის 12 იანვრიდან 16 მარტამდე დიაგნოზით - რეაქტიული ფსიქოზი, ხოლო 2005 წლის 6 სექტემბრიდან 22 ნოემბრამდე და 2010 წლის 18 აპრილიდან 31 მაისამდე დიაგნოზით - პარანოიდული შიზოფრენია F 20. 0 იმყოფებოდა ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობაზე შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ში“, მამკვიდრებელი 2005 წლის 30 ნოემბრიდან 2019 წლის 20 თებერვლამდე იმყოფებოდა ფსიქიატრიულ ამბოლატორიულ მკურნალობაზე შპს „ფ.ჯ. და ნ.პ.ც–ში". პალატა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე დაინიშნა მისი ძმის - მამკვიდრებლის მეურვედ. ასევე, საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლითაც მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და მამკვიდრებელი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად კონკრეტულ სფეროში და მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისათვის მინიჭებული უფლებები, მხარდასაჭერი პირისათვის შესაბამისი ნების გამოხატვაში დახმარების მიზნით. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მშობლების დაშორების შემდეგ, მამკვიდრებლის ოჯახის წევრებს რამდენჯერმე ჰქონდათ ბავშვების/მოპასუხეების მონახულებისა და დახმარების მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. დედის ოჯახმა დახმარების მიღებაზე და კომუნიკაციაზე უარი განაცხადა. ის გარემოება, რომ თავად მამკვიდრებელი არ ცდილობდა შვილებთან ურთიერთობას და მათზე ზრუნვას, დასტურდება მოსარჩელე მხარის მიერ მოწვეული მოწმეთა ჩვენებებითაც. გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მითითებით, მამკვიდრებელს მარჯვენა ხელის თითები მოუყვა დაზგაში და დაკარგა, რის გამოც მას 2005 წლის 19 აპრილს დაუდგინდა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი - ზომიერად უვადოდ, რაც ადასტურებს, რომ ამ პერიოდამდე ის მუშაობდა და ჰქონდა შესაბამისი ანაზღაურება. დადგენილია, რომ მამკვიდრებელზე ზრუნავდნენ მოსარჩელე და მისი ოჯახი. მათვე დაკრძალეს და გაიღეს შესაბამისი ხარჯები. მოპასუხეებს არც მამკვიდრებლის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ რაიმე მონაწილეობა მამკვიდრებელთან დაკავშირებულ ხარჯებში არ მიუღიათ.

41. დადგენილია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეები, რომლებიც მამისგან განცალკევებით, მასთან ყოველგვარი კონტაქტის გარეშე გაიზარდნენ, უარყოფენ მამის ავადმყოფობის თაობაზე ინფორმაციის ქონას და, ამასთან, სამედიცინო დოკუმენტების გადაცემისა და მხარდამჭერად დანიშვნის პერიოდში მათი ინფორმირებულობის არარსებობის საკითხი დადასტურებულია, მხოლოდ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის საკმარისი მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოპასუხეთათვის ცნობილი იყო მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დახმარების საჭიროების შესახებ.

42. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1311-ე მუხლი მემკვიდრეობის შეზღუდვას განსაზღვრავს თუ კი მემკვიდრე ბოროტად თავს არიდებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ერჩინათ მამკვიდრებელი. თავის არიდებაში იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როდესაც მემკვიდრემ იცის მამკვიდრებლის მდგომარეობა, თუმცა არ გამოხატავს რჩენის ინიციატივას და ასეთი სახის უმოქმედობა გამოვლენილია „ბოროტად თავის არიდებაში“. ამგვარი ნორმატიული დეფინიცია, თავად ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, მათ შორის მოიცავს ეთიკური მოწესრიგების მასშტაბსაც, რის გამოც, სასამართლოს განმარტების ფართო დისკრეცია ეძლევა. თუმცა, ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ აღნიშნულის განმარტებამდე, უნდა დასტურდებოდეს, რომ მემკვიდრეს ჰქონდა ინფორმაცია მამკვიდრებლის მდგომარეობის შესახებ. გამოდის, იმისთვის, რომ მოცემული ნორმით გათვალისწინებული დისპოზიცია დაკმაყოფილდეს, აუცილებელია სახეზე იყოს სამი კუმულაციური კრიტერიუმი: 1) რჩენის მოვალეობის წარმოშობა; 2) მემკვიდრის ინფორმირებულობა; 3) მოვალეობის განზრახ, „ბოროტად“ თავის არიდება.

43. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არ დასტურდება მემკვიდრის ინფორმირებულობა, რაც თავისთავად გამორიცხავს მესამე კრიტერიუმის წარმოშობის საფუძველს. დადგენილია, რომ შვილებს არ ჰქონდათ მამის ჯანმრთელობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია, რამდენადაც მათთვის არ არსებობდა ინფორმირებულობის ობიექტური საშუალება. ამავდროულად, თავად მამას არ გამოუხატავს თავის შვილებთან კომუნიკაციის ინიციატივა, რადგან ლოგიკურია, როდესაც ოჯახის წევრს წარმოეშობა რამე სახის ჯანმრთელობის (ან ნებისმიერი) პრობლემა, თავად ოჯახის წევრია ვალდებული/უფლებამოსილი ამის შესახებ აცნობოს ოჯახის სხვა წევრებს და მოითხოვოს რჩენის მიღება. თუ კი დადგენილია, რომ მას აქვს რაციონალურად აზროვნების უნარი (თუნდაც პერიოდულად) და შეუძლია საკუთარი თავისუფალი ნების გამოვლენა, უფლებამოსილია ოჯახის წევრს მიმართოს და მოსთხოვოს რჩენის ვალდებულების რეალიზება. სხვაგვარად, თუ კი მხარეებს შორის შეზღუდული ან გაუქმებულია კომუნიკაცია, შეუძლებელი ხდება ამ შემთხვევაში, შვილების ინფორმირება მათი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული დასაბუთება განსაკუთრებულად ინტენსიურია იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მამა-შვილური ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყდა ბავშვების დაბადებიდან ორი კვირის შემდეგ. შვილები კი სრული სოციალური და ფსიქოლოგიური გაუცხოების პირობებში გაიზარდნენ, როდესაც თავად მამას არ გამოუჩენია შვილებთან ურთიერთობის აღდგენის ინიციატივა. თავად შვილებს კი არ ჰქონდათ მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების თავისთავადი შესაძლებლობა. ასეთ მოცემულობაში, მამას, თუ კი ჰქონდა შვილების მხრიდან დახმარების, რჩენის მიღების სურვილი, პირველ რიგში თავადვე უნდა ეცადა შვილების ინფორმირება, რაც საქმეში არ დასტურდება. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძვლის სსკ-ის 1311-ე მუხლის მეორე წინადადების გაფართოებული ინტერპრეტაცია არღვევს კანონიერების პრინციპს და ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლების შეზღუდვის აუცილებელ კრიტერიუმად, რამდენადაც მამკვიდრებლის დაცვის საჭიროება ვერ გარდაიქმნება შვილების სანქცირების ვალდებულებად, როდესაც მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია და რეალური ქმედების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სსკ-ის 1311-ე მუხლით გათვალისწინებული, დასახელებული წინაპირობების კუმულაცია, რაც წინამდებარე საქმეში, ფაქტობრივი გარემოებების დაუდასტურებლობის გამო მოპასუხეთა პასუხისმგებლობას ვერ დაადგენს.

44. საბოლოო ჯამში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.

45. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ც.ს–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ც.ს–ძეს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ. ბ–ის (პ.ნ...........) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (საბუთის ნომერი) N662; გადახდის თარიღი: 10.02.2026) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. მარსაგიშვილი

მომხსენებელი: მ. ერემაძე

მოსამართლე: ა. კოჭლამაზაშვილი