დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 04.06.2026
საქმის ნომერი
ას-582-2026
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
04.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

04 ივნისი 2026 წელი

№ას-582-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - შ.პ.ს. „გ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „რ.ჯ–ია“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „გ“-ს სარჩელი (თანხის დაკისრების შესახებ) შ.პ.ს. „რ.ჯ“-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო შ.პ.ს. „რ.ჯ“-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებს საქართველოში რეგისტრირებულ ბანკებსა და საკრედიტო დაწესებულებებში 14 000 ლარის ფარგლებში. ამასთან, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა არ გავრცელდა მოპასუხის სახელმწიფოს წინაშე არსებულ საგადასახადო და სახელფასო ვალდებულებებსა და მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო ანგარიშებზე შესასრულებელ გადარიცხვებზე.

2. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, შ.პ.ს „გ“-ს სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად. ამასთან, აპელანტმა წარმოადგინა სარჩელის დამატებითი უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე განცხადება, რომლითაც მოითხოვა ყადაღის დადება მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე დამატებით 4000 აშშ დოლარის ფარგლებში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

5. 2025 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა აპელანტმა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე 4000 აშშ დოლარის ფარგლებში დამატებით ყადაღის დადება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განჩინებით, საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

6.1. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე 4000 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადების აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ აღნიშნული თანხა სარჩელის ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს და უზრუნველყოფილი არ არის. ამასთან, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მოპასუხეს უძრავი ქონება არ გააჩნია და არსებობს რისკი, რომ თანხები სხვა ანგარიშებზე გადარიცხოს ან გაიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია 14000 ლარის ფარგლებში.

6.2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 03 ივნისის განჩინებით, მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა 14 000 ლარის ფარგლებში. ამასთან, ყადაღა არ გავრცელდა მოპასუხის სახელმწიფოს წინაშე არსებულ საგადასახადო და სახელფასო ვალდებულებებზე, აგრეთვე, მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო ანგარიშებზე შესასრულებელ გადარიცხვებზე.

6.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო როგორც უკვე აღინიშნა, საქმეზე უკვე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხის საბანკო ანგარიშებს 14 000 ლარის ფარგლებში ადევს ყადაღა. პალატის შეფასებით, საჩივარი არ შეიცავს საკმარის დასაბუთებას იმ ვარაუდისათვის, რომ გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მით უფრო მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღების სახით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ქმნის მოთხოვნის დაცვის საკმარის გარანტიას და დამატებითი უზრუნველყოფის აუცილებლობა არ ვლინდებოდა.

6.4. საჩივრის საფუძვლებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხოლოდ ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობას. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა არ ქმნის საკმარის საფუძველს იმ ვარაუდისათვის, რომ იგი თავს აარიდებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული.

6.5. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება წარმოადგენს გამონაკლის და უკიდურეს ღონისძიებას, რომლის გამოყენებაც დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოუყენებლობა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად გაართულებს ან შეუძლებელს გახდის. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს მოთხოვნის მიზნის თანაზომიერი და არ უნდა იწვევდეს მოპასუხის უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მის სამეწარმეო საქმიანობასა და გადახდისუნარიანობაზე, მათ შორის, ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობაზე. ამდენად, აღნიშნული ღონისძიების გამოყენებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა ინტერესების ბალანსის დაცვასა და შეზღუდვის პროპორციულობას.

6.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების გართულების რეალური საფრთხე. პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შექმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე დამატებითი ყადაღის დადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი იყო.

6.7. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი არ ვლინდებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ.პ.ს. „გ”-ს საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებაზე და ძალაში დარჩა დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული განჩინება.

9. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არსებობდა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე დამატებით 4 000 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადების საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული თანხა დავის საგანს წარმოადგენს, მოპასუხეს უძრავი ქონება არ გააჩნია და არსებობს შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულების გართულების საფრთხე.

10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო:

10.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

10.2. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020წ.).

10.3. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (შდრ: ს.უ.ს.გ. №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნას ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

10.4. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (იხ. გ.კაჟაშვილი საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018წ., გვ. 60).

10.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).

10.6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30). აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა შეაფასებს განსახილველ საქმეში დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

10.7. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 03 ივნისის განჩინებით, შ.პ.ს. „რ.ჯ“-ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებს დაედო ყადაღა 14 000 ლარის ფარგლებში. ამასთან, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე აპელანტმა დამატებით მოითხოვა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე 4 000 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადება.

10.8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, ისევე როგორც მისი პირველად გამოყენება, საჭიროებს შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების არსებობასა და მათ სათანადო დასაბუთებას. როდესაც საქმეზე უკვე გამოყენებულია უზრუნველყოფის ღონისძიება, განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს არა მხოლოდ აღსრულების გართულების ან შეუძლებლობის საფრთხის არსებობა, არამედ ისიც, თუ რატომ არის უკვე გამოყენებული ღონისძიება არასაკმარისი და რატომ არსებობს დამატებითი შეზღუდვის დაწესების აუცილებლობა.

10.9. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი დამატებითი უზრუნველყოფის მოთხოვნას უკავშირებს იმ გარემოებას, რომ 4 000 აშშ დოლარის მოთხოვნა ასევე წარმოადგენს დავის საგანს, მოპასუხეს არ გააჩნია უძრავი ქონება და არსებობს თანხების სხვა ანგარიშებზე გადატანის საფრთხე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ აღნიშნული გარემოებები წარმოდგენილია მხოლოდ ზოგადი მითითებებისა და ვარაუდების სახით და არ არის გამყარებული იმგვარი კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, რომლებიც შექმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ მოპასუხე განახორციელებს ისეთ მოქმედებებს, რომლებიც შესაძლო გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად გაართულებს ან შეუძლებელს გახდის.

10.10. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ გააჩნია უძრავი ქონება ან მხარეთა შორის არსებობს დავა ფულადი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, თავისთავად არ წარმოადგენს დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკმარის საფუძველს. ვალდებულების შეუსრულებლობა თავისთავად არ ადასტურებს იმას, რომ მოვალე მომავალში თავს აარიდებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ან შექმნის აღსრულებისათვის ხელისშემშლელ გარემოებებს.

10.11. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ მოთხოვნილი ღონისძიება შეეხება მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშებზე დამატებითი ყადაღის დადებას. საბანკო ანგარიშებზე ყადაღა თავისი ბუნებით წარმოადგენს ქონებრივ უფლებაში მნიშვნელოვან ჩარევას, რის გამოც მისი გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნულის აუცილებლობა კონკრეტული გარემოებებით არის განპირობებული და სათანადოდ დასაბუთებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია დაირღვეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსი.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. ს.უ.ს.გ. საქმე №ას-956-921-2016, 02.11.2016). ამდენად, მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც აღნიშნული ღონისძიების საჭიროება სათანადოდ არის დასაბუთებული და მის გარეშე გადაწყვეტილების აღსრულება რეალურად გართულდება ან შეუძლებელი გახდება.

10.12. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული გარემოება თავისთავად არ გამორიცხავს სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, დამატებითი უზრუნველყოფის აუცილებლობის შეფასებისას, იგი ერთ-ერთ გასათვალისწინებელ გარემოებათა წრეს განეკუთვნება.

10.13. აღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდებოდა მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე დამატებით 4 000 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.პ.ს. „გ“-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი