დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-466-2026 04 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჩ–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.ჩ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დელიქტით მიყენებული ზიანის 41158.74 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ნ.ჩ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 41158.74 ლარის ანაზღაურება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ნ.ჩ–ვას საკუთრებაში ირიცხება ორი: N67 და N68 საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ.ფოთი, .........., უძრავი ქონების საკადასტრო კოდები: N.......... და N .......... ბინები რეგისტრირებულია ორ საკადასტრო ერთეულად, მაგრამ წარმოადგენს ერთიან საცხოვრებელ სივრცეს.
6.2. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 2012 წლის 23 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „დ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N310 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „დ–მა“ განახორციელა ქალაქ ფოთში .........., N1ა, N5 და N7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლების შეფუთვის (გადახურვა - ფასადის მოწყობის) სამუშაოები. მათ შორის 2012 წელს, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის ფარგლებში, შესრულდა ნ.ჩ–ვას საცხოვრებელი კორპუსის შეფუთვის (გადახურვა და ფასადი) სამუშაოები. ამ პროექტის ფარგლებში, სახურავზე, ნ.ჩ–ვას საკუთრებაში არსებული ბინების თავზე, მოეწყო ახალი კონსტრუქცია გუმბათის სახით, რომელსაც დეკორაციის დანიშნულება ჰქონდა. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, საცხოვრებელი კორპუსის შეფუთვის სამუშაოებს ახორციელებდა შპს ,,დაგი“. გუმბათის დამონტაჟების დღეს, სამუშაოთა მწარმოებლებმა მოითხოვეს, რომ მოსარჩელეს, უსაფრთხოების მიზნით, დაეტოვებინა საცხოვრებელი ბინა, რის გამოც სამუშაოების მიმდინარეობის დროს, ის და მისი ოჯახის წევრები არ იმყოფებოდნენ ადგილზე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით - ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტოსურათებით დგინდება, რომ გუმბათის კონსტრუქციის დასამაგრებლად, ლითონის სამაგრები და კაუჭები მოეწყო მოსარჩელის კუთვნილ ბინის ჭერზე. გუმბათის დამონტაჟებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამაგრების ადგილებიდან ატმოსფერული ნალექების დროს წყალმა დაიწყო დენა, რამაც დააზიანა ჭერი, კედლები, იატაკი და ა.შ.
6.3. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ რამდენჯერმე ჩაატარა გუმბათის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში წყლის დენა ჩერდებოდა, თუმცა შემდეგ გუმბათი ისევ ირყეოდა და
წყალი ისევ ჩადიოდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში. ნ.ჩ–ვა მერიისაგან განცხადებებით ითხოვდა გუმბათის დემონტაჟს და სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას.
6.4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შესრულებული 16.07.2024წ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს N0048442240 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. ფოთში, ......... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გუმბათის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო. მისი ლითონის კარკასი შესრულებული იყო სამშენებლო ნორმების დარღვევით და საჭიროებდა დემონტაჟს. მეხუთე სართულის ბინაში სახურავი უნდა აღდგენილიყო თავდაპირველი მდგომარეობით, ხოლო აღნიშნულ ბინას უნდა ჩატარებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.
6.5. ნ.ჩ–ვას დაკვეთით შესრულებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 23.07.2024წ. N005040624 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ფოთში, ........... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის N67 და N68 ბინაში მიყენებული ზარალის ღირებულება, აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით, საორიენტაციოდ შეადგენდა 10 689.38 ლარს.
6.5.1. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N67 და N68 ბინა დათვალიერდა ვიზუალურად, დასურათდა და ჩატარდა საკონტროლო აზომვები. დათვალიერებით დადგინდა, რომ ბინის სათავსოებში შეინიშნებოდა წყლის ჩამოსვლის კვალი. რიგ ადგილებში დაზიანებული იყო კარი და კედლები. მესაკუთრის განცხადებით, რიგ ადგილებზე დაზიანებული იყო ელექტროგაყვანილობა. მეპატრონის მიერ ნაჩვენები დაზიანებული ადგილები დათვალიერდა, აიზომა და დამზადდა დაზიანებული ადგილების შეკეთების ხარჯთაღრიცხვა. ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული არ იყო ელექტრო სამუშაოები, რადგან მათი სრულად დათვლა ტექნიკურად შეუძლებელი იყო.
6.6. 2025 წლის 05 აგვისტოს, ნ.ჩ–ვამ განცხადებით მიმართა ქალაქ ფოთის მუნიცპალიტეტის მერიას და მოითხოვა ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ზიანის 10 689.38 ლარის და ექსპერტიზის ხარჯის - 700 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულ განცხადებას, მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
6.7. გუმბათის დემონტაჟის და სახურავის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის სამუშაოები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესრულდა 2024 წლის დეკემბრის თვეში. ნ.ჩ–ვას 2024 წლის 17 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე, მოპასუხემ 2024 წლის ოქტომბრის თვიდან უზრუნველყო მოსარჩელე ქირით, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში. მოსარჩელე მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში.
6.8. ნ.ჩ–ვას დაკვეთით შესრულებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.02.2025წ. N000994125 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ფოთში, ......ს ქუჩა N1/67-68 საცხოვრებელ ბინებში არსებული დაზიანებები, გამოწვეული იყო სახურავზე არასათანადოდ შესრულებული გუმბათის მოწყობის შედეგად, განვითარებული წყლის ჩამოსვლის გამო. მიყენებული ზიანის ღირებულება კი, აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით, საორიენტაციოდ შეადგენდა 41 158.74 ლარს.
6.8.1. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი N67 და N68 ბინა დათვალიერდა ვიზუალურად, დასურათდა და ჩატარდა საკონტროლო აზომვები. დათვალიერებით დადგინდა, რომ ბინის სათავსოებში შეინიშნებოდა წყლის ჩამოსვლის კვალი. დაზიანებული იყო ჭერი, კედლები და ატაკები. მესაკუთრის განცხადებით, დაზიანებული იყო ელექტრო გაყვანილობა, რის გამოც ენერგოკომპანიამ მოახდინა ბინების მომარაგების ქსელიდან გათიშვა. ბინის ყველა სათავსოში შეინიშნებოდა წყლის ჩამოსვლისგან გამოწვეული დაზიანებები. მეპატრონის განცხადებით, წყლის ჩამოსვლა გამოიწვია ბინების თავზე არასათანადოდ მოწყობილმა გუმბათის კონსტრუქციამ. დღეის მდგომარეობით, შენობის სახურავიდან მოხსნილი იყო გუმბათი, სახურავი აღდგენილი იყო და წყლის ჩამოსვლა აღარ შეინიშნებოდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ქ. ფოთი, ........ 1/67-68 საცხოვრებელ ბინებში არსებული დაზიანებები, გამოწვეული იყო სახურავზე არასათანადოდ შესრულებული გუმბათის მოწყობის შედეგად განვითარებული წყლის ჩამოსვლის გამო. ექსპერტიზის მიერ მიყენებული ზიანის დასადგენად აიზომა წარმოდგენილი ბინები და დამზადდა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა. ექსპერტიზის მიერ დათვალიერების და ადგილზე ჩატარებული აზომვების შესაბამისად, რესურსული მეთოდით დადგენილი იქნა ქალაქ ფოთში, ........... მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, N67 და N68 ბინაში მიყენებული ზიანის ღირებულება, აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით, რომელიც თანახმად N1 დანართისა საორიენტაციოდ შეადგენდა 41158,74 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.9. სააპელაციო პალატის მითითებით, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია დელიქტური ვალდებულება, რაც გულისხმობს, რომ პირს ვალდებულება წარმოეშობა ზიანის მიყენების (დელიქტის) შედეგად, განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან.
6.10. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე - სსკ-ის 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. მხოლოდ აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, უნდა დაეკისროს, პირს (ზიანის მიმყენებელს) დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018).
6.11. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტების მხედველობაში მიღებით, არსებობდა დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობები, რაც მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველი იყო.
6.12. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.02.2025წ. N000994125 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ფოთში, .......... ქუჩა N1/67-68 საცხოვრებელ ბინებში არსებული დაზიანებები, გამოწვეული იყო სახურავზე არასათანადოდ შესრულებული გუმბათის მოწყობის შედეგად, განვითარებული წყლის ჩამოსვლის გამო. მიყენებული ზიანის ღირებულება კი, აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით, საორიენტაციოდ შეადგენდა 41 158.74 ლარს.
6.13. მოპასუხე მხარემ მართალია, სადავოდ გახადა აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული, აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით, მიყენებული ზიანის ღირებულება, თუმცა, დასკვნისა და მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგოდ, მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის სიტყვიერი განმარტებით. მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც სანდო სამართლებრივი ღირებულებისა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საპირწონე იქნებოდა. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მის მხარეზე არსებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილება. ამდენად, სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიუთითებს, რომ სადავოდ ხდის მიყენებული ზიანის ოდენობას და ასევე მიაჩნია, რომ ვინაიდან, აღნიშნული გუმბათის მოწყობის სამუშაოები ჩატარებული იქნა შპს „დ–ის“ მიერ, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამუშაოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ დროს შესრულებაზე. შესაბამისად, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს აღნიშნულ დავაში.
8.2. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, შესაბამისად, მასში აღნიშნული ზიანის ოდენობა ვერ იქნება ობიექტური.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 16 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
16. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
17. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად, დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
18. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
19. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოები სასამართლოს მიერ დადგენილია. თუმცა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორი (მოპასუხე) სადავოდ ხდის ფაქტობრივი გარემოებას მასზედ, რომ იგი ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია. გარდა ამისა, კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული ზიანის ოდენობასაც.
20. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
22. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.
23. კასატორის შედავებასთან მიმართებით, დაკისრებული ზიანის ოდენობის მართებულობის თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ხდის სადავოდ მხარე ზიანის ოდენობას. კასატორის არგუმენტი ისაა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ ემყარება სათანადო მტკიცებულებებს. აღნიშნული არგუმენტი საკასაციო პალატისათვის არარელევანტურია იმდენად, რამდენადაც, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17.02.2025წ. N000994125 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი ქალაქ ფოთში, .......... ქუჩა N1/67-68 საცხოვრებელ ბინებში არსებული დაზიანებები, გამოწვეული იყო სახურავზე არასათანადოდ შესრულებული გუმბათის მოწყობის შედეგად, განვითარებული წყლის ჩამოსვლის გამო. მიყენებული ზიანის ღირებულება კი, აღდგენითი სამუშაოების ჩათვლით, საორიენტაციოდ შეადგენდა 41 158.74 ლარს. იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიყენებული ზიანი არის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ოდენობისაგან განსხვავებული სწორედ მოპასუხეს აკისრია, რაც მხარემ ვერ დაადასტურა. შესაბამისად, იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, რაც საქმეშია წარმოდგენილი, სასამართლო ზიანის ოდენობას გონივრულად მიიჩნევს. საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რა დროსაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი, სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ემტკიცებინა, რომ შესაბამისი ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, რაც კასატორმა/მოპასუხემ ვერ განახორციელა.
24. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა, ვერ დაეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ფოთში, .......... ქუჩაN1-ში მდებარე ნ.ჩ–ვას კუთვნილი საცხოვრებელი ბინების დაზიანებები გამოწვეულია უხარისხოდ შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, რომელიც მერიამ, თავისივე ზედამხედველობით, მის მიერვე შერჩეული მენარდის მეშვეობით განახორციელა. შესაბამისად, მოპასუხის დაკვეთით და მისი ზედამხედველობით, გადახურვის სამუშაოთა უხარისხოდ ჩატარების ფაქტი ქმნის მისთვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობას, რაც მოცემულ დავაში ფოთის მუნიციპალიტეტის სათანადო მოპასუხედ მიჩნევის საფუძველია.
25. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის შესახებ. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ უზრუნველყო სარჩელში მითითებული იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია სწორედ იმ ოდენობის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა, ხოლო კასატორს არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია