დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-100-2026 25 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ხულოს მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „B.B“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს შპს „B.B-მ“ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
ხულოს მუნიციპალიტეტს შპს „B.B-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ფაქტობრივად შესრულებული თანხის და გადაუხდელი თანხის 81882.85 ლარის გადახდა.
ხულოს მუნიციპალიტეტს შპს „B.B-ს“ სასარგებლოდ დაეკისროს პროექტის ცვლილების, აგრეთვე მასალების გაძვირებით წარმოშობილი დამატებითი ხარჯების 69900 ლარის გადახდა.
გაუქმდეს დარიცხული პირგასამტეხლო, რომელიც ჯამურად განისაზღვრა 104462.53 ლარით, მათ შორის: გაუქმდეს ხელშეკრულების 9.6 პუნქტის შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღრებულების 0.03% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (299 დღე), დღეში 261.8 ლარის ოდენობით, რომლის ჯამურმა თანხამ შეადგინა 26184.33 ლარი; გაუქმდეს ხელშეკრულების 9.8 პუნქტის მიხედვით დარიცხული პირგასამტეხლო 3%-ის ოდენობით, სულ 78278.2 ლარი.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „B.B-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 29 ივლისს გაფორმებული N162 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოებისათვის ასანაზღაურებელი თანხის 16 559.42 ლარის ანაზღაურება.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2016 წლის 29 ივლისს, ხულოს მუნიციპალიტეტსა და შპს „B.B-ს“ შორის, ტენდერის საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება №162, რომელიც ითვალისწინებდა მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოების შესყიდვას, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 872811 ლარს. ხელშეკრულების შესრულების საერთო ვადად განისაზღვრა 150 (ასორმოცდაათი) კალენდარული დღე, 2016 წელს - 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღე და 2017 წელს 70 (სამოცდაათი) კალენდარული დღე. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 09 ივლისის ჩათვლით პერიოდში. ხელშეკრულების 9.6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელს სამუშაოების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გაეგზავნება წერილობითი გაფრთხილება. შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში არსებული ხარვეზის/ხარვეზების აღმოუფხვრელობის ან/და შემდგომ განმეორების შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.03 %-ის ოდენობით. ასევე, მიმწოდებლის მიერ მითითებული ხარვეზის აღმოუფხვრელობის და პირგასამტეხლოს დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების 9.8 პუნქტით კი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასმტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%-ის ოდენობით.
6.2. 2017 წლის 07 ივლისს, ხულოს მუნიციპალიტეტსა და შპს „B.B-ს“ შორის გაფორმდა №162 ხელშეკრულების შეთანხმება, რომლის თანახმად, შეიცვალა სამუშაოების შესრულების ვადა და განისაზღვრა, რომ 2017 წელს შესასრულებელი სამუშაოები მიმწოდებელმა უნდა დაიწყოს 2017 წლის 01 მაისიდან და უნდა დაასრულოს არაუგვიანეს 104 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამისად 2017 წლის 12 აგვისტოს პერიოდში.
6.3. 2017 წლის 07 ნოემბერს ხულოს მუნიციპალიტეტსა და შპს „B.B-ს“ შორის გაფორმდა №162 ხელშეკრულების შეთანხმება, რომლის მიხედვით 2016 წლის 22 ივლისს წარდგენილი N1538978 საბანკო გარანტიის (თანხით 21821 ლარი) მოქმედების ვადა 2017 წლის 23 ოქტომბრიდან გახანგრძლივდა 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით.
6.4. 2017 წლის 22 იანვარს ხულოს მუნიციპალიტეტსა და შპს „B.B-ს“ შორის გაფორმდა №162 ხელშეკრულების შეთანხმება, რომლის მიხედვით 2016 წლის 22 ივლისს წარდგენილი N1538978 საბანკო გარანტიის (თანხით 21821 ლარი), რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებული იყო 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით, გახანგრძლივდა 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. ამავე შეთანხმებით, წყალსადენის მაგისტრალზე ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 ივლისამდე.
6.5. სამშენებლო-საინჟინრო სამსახურის ინსპექტირების ორგანოს - შპს „რ–ის“ მიერ 2017 წლის 24 ივლისს გაიცა ინსპექტირების ანგარიში NR-E.TPG04. FA-683.17, 2016 წელს შესრულებულ სამუშაოებზე. ინსპექტირების პერიოდი 12.07.2017-24.07.2017წ. ინსპექტირების ობიექტია ხულოს მუნიციპლიტეტის მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოები. ინსპექტირების ანგარიშის დასკვნით, შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 283045.62 ლარი, დღგ-სა და სხვა ნორმატული დარიცხვების გათვალისწინებით, ნაცვლად წარდგენილი 291162.75 ლარისა. სხვაობა შეადგენს 8117.13 ლარს.
6.6. ინსპექტირების ორგანოს - შპს „ა–ას“ მიერ 2017 წელს შესრულებულ სამუშაოებზე გაიცა NFT-264/11/01- ინსპექტირების ანგარიში, რომლის მიხედვითაც მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერთან (SPA160016733) - დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების N162 შესაბამისად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 551277.46 ლარს. საიდანაც ძირითადი სამუშაოების ღირებულებაა 540157.15 ლარი, ხოლო, გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულებაა - 11120.31 ლარი.
6.7. 2016 წლის 8 ნოემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შპს „B.B-ს“ ჩაურიცხა მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოების ღირებულება - 276604.61 ლარი. 2017 წლის 9 აგვისტოს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, შპს „B.B-“ ჩაურიცხა მთა საჯოგიადან ნეგოიანში სასმელი წყლის მიყვანის სამუშაოების ღირებულება - 124157.68 ლარი, იმავე წლის 22 სექტემბერს - 115928.65 ლარი, იმავე წლის 25 ოქტომბერს - 116045.63 ლარი, ხოლო იმავე წლის 2018 წლის 16 თებერვალს - 127820.79 ლარი.
6.8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხულოს მუნიციპალიტეტსა და შპს „B.B-ს“ შორის გაფორმებული №162 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისათვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „B.B-ს“
სულ გადაუხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 760557.36 ლარის ოდენობით, რაც მხარეთა შორის სადავო არ არის.
6.9. იმის გათვალისწინებით, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება საქმეში არსებული ინსპექტირების დასკვნების მიხედვით ჯამში შეადგენს 842440.21 ლარს, ხოლო დამკვეთის მიერ გადახდილია 760557.36 ლარი (რომლის ოდენობა მხარეთა შორის არ არის სადავო), მიმწოდებლის მხრიდან გადასახდელად დარჩენილია შესრულებული სამუშაოების ღირებულება 81882.85 ლარის ოდენობით.
6.10. 2018 წლის 20 სექტემებრს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა გამოსცა ბრძანება №640, სხდომის ოქმი №39-ის შედეგების დადასტურების თაობაზე. 2018 წლის 18 დეკემბერს ხულოს მუნიციპალიტეტმა №09/9685 წერილით მიმართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ და აცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, აგრეთვე მოითხოვა შპს „B.B-ს“ შავ სიაში რეგისტრაცია.
6.11. შპს „B.B-ს“ მიერ ხულოს მუნიციპალიტეტისთვის გაგზავნილი წერილობითი
შეტყობინებებითა და ამ შეტყობინებებზე მუნიციპალიტეტის წერილობითი პასუხების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სხვადასხვა საფუძველზე მითითებით, მიმწოდებელი ითხოვდა სამუშაოების შესრულების ვადის გახანგრძლივებას, ხარჯთაღრიცხვის კორექტირებას, სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ღირებულების მატების მოტივით და თვითნებურად (თანხმობის გარეშე) ახდენდა სამუშაოების შეჩერებას. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს მასალების გაძვირებით წარმოშობილი დამატებითი ხარჯები - 69 900 ლარის ოდენობით, თუმცა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.
6.12. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა სამუშაოების შემდგომი ეტაპები დროულად ვერ განახორციელა. 2017 წლის 07 ივლისის შეთანხმებით, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 12 აგვისტომდე პერიოდი. 2017 წლის 07 ნოემბრის შეთანხმებით - 2018 წლის 22 იანვრის ჩათვლით, ხოლო 2018 წლის 22 იანვარს კვლავ გაფორმდა №162 ხელშეკრულების შეთანხმება, მიმწოდებლის მიერ წარდგენილ იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა და განისაზღვრა 2018 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით, აგრეთვე 2018 წლის 01 ივლისამდე განისაზღვრა წყალსადენის მაგისტრალზე ჰიდრავლიკური გამოცდის ჩატარების ვადა, რაც მხარეებს შორის შეთანხმებული წესის დაცვით არ ჩატარებულა.
6.13. 2018 წლის 17 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე შექმნილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიისა და ტექნიკური ზედამხედველობის ჯგუფის“ სხდომის ოქმი №39-ის მიხედვით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ხულოს მუნიციპალიტეტსა და შპს „B.B-ს“ შორის არსებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, რომლის მიხედვითაც შპს „B.B-ს“ დაეკისრა პირგასამტეხლო ჯამურად 104462.53 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ხელშეკრულების 9.6 პუნქტისა (ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.03 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (299 დღე), დღეში 261.8 ლარის ოდენობით, ჯამურმა თანხამ შეადგინა 26184.33 ლარი) და ხელშეკრულების 9.8 პუნქტისა (ხელშეკრულების საერთო ღირებულების 3%-ის ოდენობით, თანხამ შეადგინა 78278.2 ლარი).
6.14. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოსა (65323.4315 ლარი) და მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის (81882.85 ლარის) გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის გადასახდელად დარჩენილია შესრულებული სამუშაოების ღირებულება - 16.559.42 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განხილვის საგანი იყო ხელშეკრულების თანახმად, გააჩნდა თუ არა დამკვეთს შესრულებული სამუშაოების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულება, მიუხედავად ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების, ხელშეკრულების შეწყვეტისა და მიწოდებლისთვის პირგასამტეხლოდ დაკისრებისა.
6.16. ვინაიდან, მოპასუხე ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად მიიჩნევდა მოპასუხის მხრიდან ჰიდრავლიკური გამოცდის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შეუსრულებლობას და აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მიერაც დადასტურებული იყო, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, რის გამოც, დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა მართლზომიერი იყო. შესაბამისად, მართლზომიერი იყო ხელშეკრულების შეწყვეტის თანმდევი შედეგი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
6.17. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აპელანტის მოთხოვნიდან გამომდინარე, იმ გარემოების შესაფასებლად, მოპასუხეს, პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის გათვალისწინებით (გაქვითვით), დარჩენილი ქონდა თუ არა მოსარჩელის მიმართ, ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული შესასრულებელი ვალდებულება, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს შემცირება მოპასუხის (აპელანტის) მიერ შედავებული არ იყო, ხოლო ვალდებულების არარსებობის დამადატურებელ მტკიცებულებაზე აპელანტმა ვერ მიუთითა. აპელანტმა მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ შპს „ა–ას“ მიერ გაცემულ NFT264/11/01-2017 ინსპექტირების ანგარიშში მითითებულ 11120.31 ლარზე მიუთითა და განმარტა, რომ აღნიშნული თანხის გადახდის საკითხი, დამკვეთის შეხედულების მიხედვით უნდა გადაწყვეტილიყო, ვინაიდან ამ ხარჯის თაობაზე, მხარეებს შორის შეთანხმება არ არსებობდა. აღნიშნული შეფასება სასამართლომ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ვალდებული პირის განსაზღვრა (სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე) სამართლებრივი კატეგორიაა და ინსპექტირების ანგარიშის - როგორც მტკიცებულების ფუნქციის ფარგლებს მიღმაა.
6.18. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის მოცულობა მინიმალური იყო (სამუშაო შესრულებულია ხარვეზების გამოვლენის გარეშე, თუმცა ვადადარღვევით და ჰიდრავლიკური გამოცდის გარეშე), დარღვევის სიმძიმე იყო უმნიშვნელო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულებული იყო სრულად, რაზეც შემსყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია, ასეთ პირობებში, დამკვეთის მიერ დარიცხული და დაკავებულია პირგასამტეხლოს შეუდავებელი ოდენობა, სააპელაციო პალატამ მიიჩნევს, რომ არსებობდა შესრულებული სამუშაოების აუნაზღაურებელი ნაწილის მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკავება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია იმ პერიოდში, როდესაც თანხა ჩაერიცხა პირგასამტეხლოს გამოკლებით. აღნიშნული საკითხი სადავო გახადა ერთი წლის შემდეგ, როდესაც შემსყიდველმა შეუწყვიტა ხელშეკრულება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე.
8.2. კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „ა–ას“ მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, 11120.31 ლარის სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო და აღნიშნული თანხის გადახდა შემსყიდველის ნებაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოების ფარგლებში, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის (შემკვეთისათვის) თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის (მენარდის) მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 636 (შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი), 361.2 (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ., ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016წ., გვ.288), თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას (შდრ: სუსგ №ას-1522-2019, 12 თებერვალი, 2021 წელი, პ.34.; სუსგ №ას-1504-2022,10 მარტი, 2023 წელი).
17. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთისთვის თანხის დაკისრების საფუძვლის არსებობა. ასევე, აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერება.
18. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
19. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შესრულების ფაქტი. კასატორის (მოპასუხის) პრეტენზია შეეხება იმას, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკავება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია იმ პერიოდში, როდესაც თანხა ჩაერიცხა პირგასამტეხლოს გამოკლებით. აღნიშნული საკითხი სადავო გახადა ერთი წლის შემდეგ, როდესაც შემსყიდველმა შეუწყვიტა ხელშეკრულება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე. კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ შპს „ა–ს“ მიერ მომზადებული ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, 11120.31 ლარის სამუშოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო და აღნიშნული თანხის გადახდა შემსყიდველის ნებაზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა.
20. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.
21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 872811 ლარს. მხარეებს შორის არ არის სადავო და საქმეში არსებული ინსპექტირების დასკვნებით დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 842440.21 ლარს (შესაბამისად, შესრულებულია სამუშაოების 96.52%). დადგენილია, რომ დამკვეთის მიერ გადახდილია 760557.36 ლარი (რომლის ოდენობა მხარეთა შორის არ არის სადავო, დამკვეთის მიერ აღიარებულია სამუშაოების 87.13%-ით (760557,36/872811X100%) შესრულების ფაქტი და მიუთითებს, რომ ხელშეკრულების შესრულების ხარვეზები არ გამოვლენილა, გარდა ჰიდრავლიკური გამოცდისა). აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, უდავოდ დადგენილია, რომ მიმწოდებლის მხრიდან გადასახდელად დარჩენილია შესრულებული სამუშაოების ღირებულება 81882.85 ლარის ოდენობით. მოპასუხე ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებად მიიჩნევდა მოპასუხის მხრიდან ჰიდრავლიკური გამოცდის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად შეუსრულებლობას და აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მიერაც დადასტურებულია. შესაბამისად, ხელშეკრულება შესრულდა არაჯეროვნად, რის გამოც, დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა და მისი თანმდევი შედეგი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, მართლზომიერია.
22. სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილობრივ შემცირებითა და შემკვეთის მიერ აუნაზღაურებელი შესრულებული სამუშაოს გაქვითვის შემდგომ დარჩენილი სხვაობის ნაწილში დაკმაყოფილდა. პირგასამტეხლოს შემცირება კასატორის მიერ სააპელაციო და საკასაციო საჩივრებით სადავოდ არ გამხდარა, ხოლო ვალდებულების არარსებობის დამადატურებელ მტკიცებულებაზე, ან სათანადო გარემოებებზე, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია. კასატორის შედავება მასზედ, რომ პირგასამტეხლოს დაკავება მოსარჩელემ სადავოდ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახადა, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. აღნიშნული საკითხი დისპოზიციურობის პრინციპს განეკუთვნება, რომელიც მოსარჩელეს აძლევს თავისუფლებას, თავად განკარგოს მატერიალური და საპროცესო უფლებები და თავად გადაწყვიტოს დაიწყებს თუ არა, ან როდის დაიწყებს საქმის წარმოებას სასამართლოში. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას მასზედ, რომ 11120.31 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა საქმეში წარმოდგენილი შპს „ა–ს“ მიერ გაცემულ NFT264/11/01-2017 ინსპექტირების ანგარიშში მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა ვერ დაეთანხმება. მითითებული ინსპექტირების ანგრიშის თანახმად, 11120.31 ლარის გადახდის საკითხი, დამკვეთის შეხედულებით უნდა გადაწყვეტილიყო, ვინაიდან, ამ ხარჯის თაობაზე, მხარეებს შორის შეთანხმება არ არსებობდა. აღნიშნულ მოსაზრებას პალატა ვერ გაიზიარებს და კასატორს განუმარტავს, რომ ინსპექტირების ანგარიში წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რომელსაც სხვა მტკიცებულებებთან ერთად სსსკ-ის 105-ე მუხლის საფუძველზე აფასებს სასამართლო და საკუთარი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ინსპექტირების ანგარიში და მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო თანხის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
26. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია