დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-659-2024 19 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს ს.კ.„პ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 4 ოქტომბრის წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილებით დადგინდა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები, რომლებიც სადაზღვევო შემთხვევისა და მზღვეველის პასუხისმგებლობის არსებობას უკავშირდებოდა, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის საკითხი დარჩა შემდგომი განხილვის საგნად. კერძოდ: 2019 წლის 18 აპრილს, ერთი წლის ვადით, სს ს.კ.„პ–სა“ (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და შპს „ს–ის“ (შემდგომში - მოსარჩელე) შორის დაიდო საწარმოო და კომერციული დაწესებულების ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ დააზღვია მოსარჩელის კუთვნილი, ქ. თბილისში, ........ მდებარე ავტოსამრეცხაოს შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები და სასაქონლო მარაგები; დაზღვევის ხელშეკრულებით სადაზღვევო რისკად განსაზღვრული იყო სტიქიური უბედურება - მეწყერი; 2020 წლის 18 აპრილს მეწყერის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ქონება; ამასთან, დადგენილია, რომ დაზღვეული ქონების დაზიანება არ გამოუწვევია: დამზღვევის (მისი მფლობელის, მენეჯმენტის ან დირექციის) განზრახ ქმედებას ან უსაფრთხოების წესების სხვა სახის დარღვევას; დაზღვეული შენობა-ნაგებობის იმ დეფექტებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც არსებობდა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის და ცნობილი უნდა ყოფილიყო დამზღვევის ან მისი უფლებამოსილი პირებისათვის; ასევე წარმოების დეფექტებს, უხარისხო მასალებს, პროექტირების, დაგეგმარებისა და დიზაინის შეცდომებს. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ დაზღვეული ქონების მეწყერით დაზიანება წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და აღნიშნულით დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.
2. მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის არგუმენტები. მოპასუხის პოზიციით, მოსარჩელისთვის ზიანის მიყენება გამოწვეული არ ყოფილა სტიქიური მოვლენის შედეგად, არამედ მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობის არასწორი დაპროექტების გამო. მისი მტკიცებით, მეწყერი ბუნებრივად არ გააქტიურებულა და მისი გამომწვევი მიზეზი გარე ჩარევა იყო, რაც სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რისკებში არ ექცევა. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2020 წლის 16 ნოემბრის საექსპერტო დასკვნის თანახმად, მეწყრულად აქტიური ქანის ფერდის ძირში ავტოსამრეცხაოს მშენებლობისას განხორციელებული ფერდის ქუსლის ჩამოჭრამ გაზარდა გრუნტის ჩამოშლის საფრთხე; თიხარინების ფენამ დაკარგა მზიდუნარიანობა, ხოლო ფერდმა - მდგრადობა. მოპასუხის განმარტებით, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა უნდა გაეთვალისწინებინა, ვინაიდან ანალოგიური შინაარსის სხვა საექსპერტო მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე ასევე უთითებს, რომ მოსარჩელემ ექსპერტის წინაშე დასვა კითხვა სადავო შენობის სამშენებლო ნებართვის პირობებთან შესაბამისობის შესახებ, რაც, მისი შეფასებით, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენდა. მისი პოზიციით, სადაზღვევო ხელშეკრულების საგამონაკლისო დათქმების მიზანი იყო შენობის სამშენებლო პირობებთან შესაბამისობის შეფასება და არა მისი შესაბამისობა მუნიციპალიტეტის მიერ გაცემულ ნებართვასთან.
6. კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შედგენისას ექსპერტს შენობის პროექტი არ უნახავს, თუმცა ეს არც იყო საჭირო, რადგან ექსპერტმა ადგილზე დაათვალიერა უშუალოდ შენობა. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სადავო ტერიტორიას რაიმე სტატუსი მინიჭებული არ ჰქონდა, მაგრამ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო, რომ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 19 აგვისტოს №21/2575 წერილის თანახმად, ქ.თბილისში, ........ ქუჩაზე არსებული მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებს უკავშირდება, რისი წარმოშობის მიზეზია, როგორც ბუნებრივი, ასევე, ანთროპოგენული ფაქტორები. წერილის შესაბამისად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ სადავო შენობა-ნაგებობა განთავსებული იყო ისეთ ადგილას, სადაც ხშირი იყო მეწყერის ფაქტები, ჯერ კიდევ 70-იანი წლებიდან, ხოლო შენობის ნაკლოვანება მდგომარეობდა იმაში, რომ მეწყრული ზონისთვის შესაბამისი დამცავი კედელი მას მოწყობილი არ ჰქონდა. როცა შენობის მშენებლობა დაიწყო, პარალელურად „კავკაზუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებდა ამავე მთაზე მეწყრის გამაგრებით სამუშაოებს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
10. 2019 წლის 18 აპრილს მხარეთა შორის გაფორმდა საწარმოო და კომერციული დაწესებულებების ქონების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ დააზღვია ქ. თბილისში, ........ ქუჩა №90ბ-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული ავტოსამრეცხაოს შენობა 98 000 აშშ დოლარის ოდენობით, მანქანა-დანადგარები 65 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო სასაქონლო მარაგები 3000 აშშ დოლარის ოდენობით.
11. დაზღვევის ხელშეკრულებით სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა სტიქიური უბედურება - მეწყერი.
12. მხარეთა შორის გაფორმებული საწარმოო და კომერციული დაწესებულებების ქონების დაზღვევის №PI001/16 პირობების 2.1.5 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა სტიქიური უბედურებები, მათ შორის - მეწყერი.
13. უდავოა, რომ 2020 წლის 18 აპრილს მეწყერის შედეგად დაზღვეული ქონება დაზიანდა.
14. დაზღვეული ქონების დაზიანების მიზეზი არ ყოფილა: დამზღვევის (მისი მფლობელის, მენეჯმენტის ან დირექციის) განზრახი ქმედება ან სხვა ტიპის უსაფრთხოების ზომების დარღვევა; დაზღვეული შენობა-ნაგებობის ის დეფექტები და ნაკლოვანებები, რომლებიც არსებობდა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის და ცნობილი უნდა ყოფილიყო დამზღვევის ან მისი უფლებამოსილი პირებისთვის; ასევე, წარმოების დეფექტები, უხარისხო მასალები, პროექტირების, დაგეგმარებისა და დიზაინის შეცდომები.
15. დაზღვეული ქონების მეწყერით დაზიანება წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და აღნიშნულით დამზღვევისათვის მიყენებული ზიანი ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას.
16. სადაზღვევო პირობების 3.1.5 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი არ იყო ვალდებული, გაეცა ანაზღაურება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც სახეზე იქნებოდა დამზღვევის (მოსარგებლის) ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის (იურიდიული პირის შემთხვევაში - მისი მფლობელის, მენეჯმენტის ან დირექციის) განზრახი ქმედება, მათ შორის, კანონით ან სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი სახანძრო ან სხვა ტიპის უსაფრთხოების ზომების დარღვევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი ნორმებიდან გადახრა შეთანხმებული იყო სპეციალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან.
17. სადაზღვევო პირობების 3.1.13 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევას არ წარმოადგენს დაზღვეული შენობა-ნაგებობების ის დეფექტები და ნაკლოვანებები, რომლებიც არსებობდა დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის და ცნობილი უნდა ყოფილიყო დამზღვევის ან მისი უფლებამოსილი პირებისთვის, აგრეთვე, წარმოების დეფექტები, უხარისხო მასალები, პროექტირების, დაგეგმარებისა და დიზაინის შეცდომები.
18. მხარეთა შორის გაფორმებული საწარმოო და კომერციული დაწესებულებების ქონების დაზღვევის №PI001/16 პირობების მითითებულ პუნქტებზე დაყრდნობით, სადაზღვევო კომპანიამ უარი განუცხადა დამზღვევს მეწყერის შედეგად ქონების დაზიანების სადაზღვევო შემთხვევად აღიარებასა და შესაბამისი ანაზღაურების გაცემაზე.
19. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ სადავო ტერიტორიისათვის რაიმე სახის სპეციალური სტატუსი არ მიუნიჭებია.
20. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, როდესაც დაადგინა როგორც სადაზღვევო შემთხვევის არსებობა, ისე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სადაზღვევო თანხის ანაზღაურების საფუძვლის არსებობა.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
22. განსახილველი დავა გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებიდან და შეეხება მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულების არსებობას. კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, წარმოადგენს თუ არა დაზღვეული ქონების მეწყერის შედეგად დაზიანება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევას და, შესაბამისად, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, მხარეთა შორის სადავოა, გამოწვეულია თუ არა დამდგარი ზიანი ისეთი გარემოებებით, რომლებიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო დათქმების საფუძველზე გამორიცხავს მზღვეველის პასუხისმგებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების, ასევე მისგან გამომდინარე უფლებებისა და ვალდებულებების სწორ განმარტებასა და შეფასებას.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს ხელშეკრულება წარმოადგენს. საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილი და დაცულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება კანონს.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს; ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-862-828-2016, 24.02.2017წ.; №ას-1205-2022, 23.12.2022წ.).
25. სადაზღვევო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრის მიზნით, სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 799-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი - აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-663-624-2011, 17.2012წ.; №ას-528-2025, 23.10.2025წ.).
26. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დაზღვევის სამართლებრივ არსსა და სადაზღვევო საქმიანობის შინაარსს. კერძოდ, ხსენებული მუხლის პირველი პუნქტი ადგენს დაზღვევის ცნებას და მიუთითებს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე. ნორმის აღნიშინული დანაწესიდან გამომდინარე, დაზღვევის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს დამზღვევის ქონებრივი ინტერესების დაცვა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სადაზღვევო საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ დაზღვევის ხელშეკრულების დადებას, არამედ მის განხორციელებასაც, რაც გულისხმობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტას.
27. აღსანიშნავია, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
28. საგულისხმოა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის „causa proxima-ს“ არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.; №ას-426-2024, 22.07.2023წ.).
29. საკასაციო პალატის განმარტებით, პასუხისმგებლობის ფარგლები შესაძლოა განისაზღვროს როგორც კანონით, ისე მხარეთა შეთანხმებით. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება არ შეიცავს პასუხისმგებლობის ფარგლების მკაფიო გამიჯვნას და მხარეებს ერთმანეთისაგან არ აქვთ გამიჯნული უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები, შეფასებისათვის გამოყენებას ექვემდებარება სსკ-ის 829-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი სტანდარტი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით გამოწვეულ ზიანზე, ხოლო უხეში გაუფრთხილებლობა, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება წარმოადგენდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ სსკ-ის 829-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის განმარტებისას არაერთხელ მიუთითა, რომ უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როდესაც პირი უგულებელყოფს იმგვარ აშკარა საფრთხეს, რომლის გათვალისწინება და თავიდან აცილება ობიექტურად შესაძლებელი იყო. ამასთან, მარტივ გაუფრთხილებლობად მიიჩნევა ისეთი მოქმედება, რომელიც არ აღწევს წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევის ხარისხს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1479-2019, 21.01.2020წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.).
30. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალის სამართლებრივი კატეგორია განსაკუთრებული იურიდიული მნიშვნელობის მქონეა, როგორც კონტინენტური, ისე საერთო სამართლის სისტემაში.
31. სამოქალაქო სამართალში განასხვავებენ ბრალის ორ ფორმას: განზრახვა (dolus) და გაუფრთხილებლობა (culpa), რომლებიც პირის ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტებია.
32. ცივილისტურ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში გამოიყენება განზრახ ბრალის ის ცნება, რომელიც სისხლის სამართალშია შემუშავებული. განზრახ მოქმედებს ის, ვინც აცნობიერებს თავისი მოქმედების როგორც შედეგს, ისე მისი მოვალეობებისადმი წინააღმდეგობას და ამას აკეთებს საკუთარი სურვილით.
33. ამდენად, განზრახვა - ეს არის მართლსაწინააღმდეგო შედეგის ცოდნა და სურვილი. განზრახვა მოიცავს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა უფლება-მოვალეობების ცოდნას, ასევე, ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებას. განზრახვის აუცილებელი კომპონენტია საკუთარი ქმედების „შედეგის ცოდნა და სურვილი მართლწინააღმდეგობის შეგნებით“ (იხ. Palandt/Heinrichs,. §276. Rn.6. Staudinger/Löwisch, §276. Rn.15.).
34. ქმედების მართლწინააღმდეგობის შეგნება ბრალის ინტელექტუალური (კოგნიტური) ელემენტია, რომელიც სამართალდამრღვევის ცნობიერების შეფასებას გულისხმობს. სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტებისა და გარემოებების ცოდნა გადამწყვეტია პირის ბრალეულობის განსაზღვრისათვის. ვალდებულების შეუსრულებლობის ეტაპზე სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების ცოდნას და გაცნობიერებას იურიდიული დოქტრინა პასუხისმგებლობისათვის განსაზღვრულ დატვირთვას ანიჭებს (იხ. Principles of European Contract Law. Part I and II - Revised 1998, Part III, 2003. www.lexmercatoria.org). განზრახვის მეორე ისეთი ნიშანი, როგორიცაა ნებელობითობა, გულისხმობს, რომ სამართალდამრღვევს სურს ამა თუ იმ შედეგის დადგომა.
35. გაუფრთხილებლობა ბრალის ყველაზე გავრცელებული ფორმაა სამოქალაქო სამართალში. თუ განზრახვასთან მიმართებით ცივილისტიკა მთლიანად სისხლის სამართალს ემყარება, გაუფრთხილებლობაში მას გარკვეული კორექტივები შეაქვს. გაუფრთხილებლობა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი აუცილებელი წინდახედულობისა და ყურადღებიანობის უგულებელყოფას.
36. კერძო სამართალში დამკვიდრებული გაუფრთხილებლობის კონცეფცია ძირეულად განსხვავდება სისხლის სამართალში განმტკიცებული ანალოგიისაგან. „გაუფრთხილებლად მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ აუცილებელ ყურადღებიანობას“, რომელიც განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით და არა კონკრეტული ინდივიდის პიროვნებიდან გამომდინარე. სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეს მოეთხოვება მისი პროფესიის „საშუალო წარმომადგენლისათვის“ დამახასიათებელი ჩვეული წინდახედულების დაცვა (იხ. ცვაიგერტი/კიოტცი, შედარებითი სამართალმცოდნეობის შესავალი კერძო სამართლის სფეროში, ტომი II, 2001, 290).
37. გაუფრთხილებლობის არსი გერმანულ სამართალშიც ობიექტურადაა განსაზღვრული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 276-ე პარაგრაფის II აბზაცის თანახმად, გაუფრთხილებლობით მოქმედებს პირი, რომელიც ვერ იჩენს სამოქალაქო ბრუნვაში აუცილებელ გონივრულ ყურადღებიანობას (იხ. Staudinger/Löwisch, §276. Rn. 26. Bamberger/Roth (Hrsg) Grüneberg §276. Bd. 1. Rn.17).
38. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის მნიშვნელობა არა აქვს, კონკრეტული მოვალე სუბიექტურად რამდენად უნარიანია, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. მას მოეთხოვება წინდახედულობის ის ხარისხი, რაც, ჩვეულებრივ, მიღებულია სამოქალაქო ბრუნვაში და მოსალოდნელია მისი პროფესიის საშუალო დონის წარმომადგენლისაგან (იხ. ჩიტაშვილი, ბრალის მნიშვნელობა სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის „სამართლის ჟურნალი“, №1, 2009, 150).
39. გაუფრთხილებლობისას გამოირიცხება სამოქალაქო ბრუნვისათვის აუცილებელი წინდახედულობა და კეთილგონიერება, რასაც ვალდებულება, კონკრეტული ურთიერთობის ხასიათის გათვალისწინებით, აკისრებს სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტს. ხშირად გაუფრთხილებლობა გულისხმობს გონივრული მოქმედების განუხორციელებლობას მოსალოდნელი დარღვევის აღსაკვეთად ან ზიანის შესამცირებლად, თუმცა განზრახვისაგან განსხვავებით, გაუფრთხილებლობა ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილის გარეშე (იხ. ჭანტურია/ზოიძე/ნინიძე/შენგელია/ხეცურიანი (რედ). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, გვ. 386).
40. სასამართლო მიუთითებს, რომ სახელშეკრულებო შეთანხმებით უმთავრესად რეგულირდება ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების საკითხი. კონტრაჰენტებს შეუძლიათ, ხელშეკრულების ცალკეული პირობების დაცვა თავიანთი ვალდებულების სფეროდან გამორიცხონ. დაუშვებელია მსგავსი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რომელთა შეუსრულებლობა არსებით დარღვევას აფუძნებს. მხარეთა მიერ განსაზღვრული ან კანონით დადგენილი არსებითი პირობების დაცვა ხელშეკრულების მონაწილეთა ძირითადი ვალდებულებაა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1479-2019, 21.01.2020წ.).
41. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 1:301-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, „განზრახ ქმედებად ითვლება პირის გაცნობიერებული ქცევა, რომელიც გამიზნულად (შეგნებულად) მიმართულია ქმედების სამართლებრივი შედეგების წარმოშობისაკენ, ასევე, უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებული ქმედებაც, რომლის დროსაც, პირი ითვალისწინებს თავისი ქცევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგს, მართალია, მიზანმიმართულად არ მიისწრაფვის, მაგრამ გულგრილად ეკიდება მის დადგომას. ამის საპირისპიროდ, მარტივი გაუფრთხილებლობისას პირი არ აცნობიერებს თავისი ქცევის შესაძლო სამართლებრივ შედეგს და, შესაბამისად, ეს არ ჩაითვლება განზრახ ქმედებად. ამრიგად, ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახ და მარტივ გაუფრთხილებლობას. ევროპის სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებში განვითარებული პოზიციის მიხედვით, განზრახვა და უხეში გაუფრთხილებლობა აუცილებლად გულისხმობს მხარის გაცნობიერებულ ქმედებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1479-2019, 21.01.2020წ.).
42. დაზღვევის ხელშეკრულებით შესაძლოა, მოხდეს მხარეთა შეთანხმებით სახელშეკრულებო ვალდებულებებთან მიმართებით პასუხისმგებლობის სრულად ან ნაწილობრივ გამორიცხვა ან შეზღუდვა. პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული მოწესრიგება უპირატესად გამოსაყენებელი დებულებაა და გამორიცხავს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა წარმოშობას, თუმცა მოცემული საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია სწორად დადგინდეს ვალდებულების წარმომშობი გარემოებების არსებობა, რათა მზღვეველის მხრიდან გამოირიცხოს საგამონაკლისო დებულებებით უსაფუძვლო აპელირება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1479-2019, 21.01.2020წ.; №ას-984-2024, 29.11.2024წ.).
43. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასების წესს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
44. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
45. სამოქალაქო სამართალწარმოებაში მტკიცების პროცესი, როგორც გაშუალებული შემეცნება, საკმაო სისრულითაა მოწესრიგებული კანონით. მაგალითად, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონი განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება ფაქტების მითითებისა და ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, მტკიცების რა საშუალებები დაიშვება და რა არ დაიშვება, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება და შეფასება და ა.შ.
46. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება-გამართლების მიზნით. მნიშვნელოვანია, რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას. სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მაგრამ მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
47. მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.
48. „სამართლებრივი დავისას სამოქალაქო საქმის განმხილველ მოსამართლეს ორი ამოცანა აქვს დასაძლევი: პირველ რიგში, მან უნდა გამოარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. მეორე რიგში კი მოსამართლემ სამართლებრივად უნდა შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, არსებობს თუ არა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უკვე ამ საფუძველზევე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს არა აქვს უფლება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი გარემოებები და შეაგროვოს მტკიცებულებები. თუ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულია ყველა იმ გარემოებაზე, რომლებიც კანონის მიხედვით ადასტურებენ მოთხოვნის არსებობას, მაშინ უკვე მოპასუხეზეა დამოკიდებული, ამ გარემოებების არსებობის უარყოფა“ (იხ. თომას ჰერმანი, მტკიცებულებითი სამართალი, GIZ, თბილისი, 2016, გვ. 3-4). „მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არამარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 200-, გვ.64). ამრიგად, ფაქტებზე თვითონ მხარეებმა უნდა მიუთითონ. სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ მხარეთა გამოკითხვისა და შეკითხვების მიცემის გზით, ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების სრულად და ზუსტად განსაზღვრას.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი. „მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა სამოქალაქო საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს მოსარჩელისა და მოპასუხისათვის თანაბარი პროცესუალური შესაძლებლობების მინიჭებას. შეჯიბრებითობის პრინციპი ეფუძნება მხარეთა თანაბარ შესაძლებლობას, აღიჭურვონ სათანადო საპროცესო ინსტრუმენტებით...“ (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: №1/8/594, 30.09.2016; №2/6/746, 01.12.2017).
50. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, მხარეთა განმარტებები, ექსპერტთა მოსაზრებები და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რის საფუძველზეც დაადგინა, რომ სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა მეწყერი, ხოლო სადავო ქონება სწორედ მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანდა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ბუნებრივი მოვლენა არ იყო გამოწვეული დაზღვევის პირობების 3.1.5 და 3.1.13 პუნქტებით გათვალისწინებული საგამონაკლისო გარემოებებით. შესაბამისად, დაზღვეული ქონების მეწყერით დაზიანება წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას, რაც მზღვეველს წარმოუშობს დამზღვევისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
51. კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომლის საფუძველზეც სასამართლომ წინამდებარე დავის გადაწყვეტისას არ გაიზიარა სადაზღვევო კომპანიის ინიციატივით ჩატარებული შპს „ვ–ის“ საექსპერტო დასკვნა. აღნიშნული დასკვნით ექსპერტი მეწყერის წარმოშობას უკავშირებდა მოსარჩელის მიერ სადავო დაზღვეული ნაგებობების მშენებლობის პროცესში დაშვებულ შეცდომებს.
52. აღნიშნული შეფასების საწინააღმდეგოდ მეტყველებს საქმეზე დართული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი, კერძოდ:
53. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2020 წლის 19 აგვისტოს №21/2575 წერილით დასტურდება, რომ ქ.თბილისში, ........ ქუჩაზე არსებული მეწყერული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება მოხდა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან, რომლის წარმოშობის მიზეზია როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური ფაქტორები; რაც შეეხება 2020 წლის 18 აპრილს სააგენტოს სპეციალისტების მიერ მეწყერზე დაფიქსირებულ პროცესს, აღნიშნულს ადგილი ჰქონდა დიდი მეწყერული სხეულის (ფართობი - 9.92 ჰა) მხოლოდ ლოკალურ უბანზე - ........ ქუჩის გასწვრივ, თუმცა არამაშტაბურად... ამ პერიოში მეწყრულ სხეულზე მიმდინარეობდა მაშტაბური გამაგრებითი სამუშაოები“.
54. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2020 წლის 9 სექტემბრის წერილით დასტურდება, რომ 2016 წლის 16 მარტიდან 16 აპრილამდე მოსული ნალექების თვიური ჯამური რაოდენობა შეადგენს 35.5 მმ-ს, 2017 წლის 16 მარტიდან 16 აპრილამდე მოსული ნალექებისა - 28.9 მმ-ს, 2018 წლის 16 მარტიდან 16 აპრილამდე მოსული ნალექებისა - 33 მმ-ს, 2019 წლის 16 მარტიდან 16 აპრილამდე მოსული ნალექებისა - 28.8 მმ-ს, 2020 წლის 16 მარტიდან 16 აპრილამდე მოსული ნალექების თვიური ჯამური რაოდენობა კი - 80.7 მმ-ს.
55. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2020 წლის 22 დეკემბრის №21/4131 წერილის თანახმად, ქ.თბილისში, ........ ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყერი, თავისი გენეზისის მიხედვით, განეკუთვნება ბუნებრივ-ტექნოგენურს, მოცულობის მიხედვით, ძალიან დიდს, ღრმა მეწყერს, ცოცვით ბლოკურს, გადაადგილების საშუალო სიჩქარით. აღნიშნულ მეწყრულ სხეულს, სააგენტოს მხრიდან, რაიმე სახის სპეციალური სტატუსი მინიჭებული არ აქვს.
56. ქ.თბილისში, ........ ქ.№90-ის მოპირდაპირედ მიწის ნაკვეთის (ს.კ .........) მიმდებარე ფერდობზე 2020 წლის 18 აპრილს წარმოშობილი მეწყერის შესახებ ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გ.ჭ–ძის დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების ვიზუალური მოკვლევა-დათვალიერებისას დადგინდა, რომ მოხდა ფერდობზე წლების განმავლობაში მიძინებული მეწყრის გააქტიურება, რამაც გამოიწვია მიწის ნაკვეთზე არსებული დამცავი კედლის და შენობა-ნაგებობის ძლიერი დაზიანება, დაზიანებიდან გამომდინარე მეწყრის ენა დაახლოვებით 14-18 მეტრს შეადგენდა. ვიზუალური მოკვლევა-დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დამცავ კედელზე მოწოლილი მიწის მასა წარმოადგენს წყლით დამძიმებულ თიხნარევ მასას, რაც იძლევა საფუძველს, რომ მეწყერის გააქტიურების მიზეზად მიჩნეულ იქნას გრუნტის წყლები, რომელიც დროთა განმავლობაში ზედაპირული ნალექის დაგროვებითაა გამოწვეული. წყალი ამძიმებს ფერდობის მასას და იწვევს მეწყერული პროცესის გააქტიურებას.
57. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომლის თანახმადაც, საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლივი, ურთიერთშეჯერებული და ლოგიკური შეფასების შედეგად არ დგინდება, რომ სადავო მეწყრული პროცესი გამოწვეული იყო დაზღვევის პირობების შესაბამისი პუნქტებით გათვალისწინებული საგამონაკლისო გარემოებებით. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება მოსაზრებას, რომ დაზღვეული ქონების დაზიანება გამოწვეული იყო არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის - მეწყერის დადგომით, არამედ თავად დაზღვეული ობიექტის პროექტირების, დაგეგმარების ან მშენებლობის პროცესში დაშვებული ხარვეზებით. თუმცა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულება, რომელიც საქმის მასალათა ერთობლივი შეფასების პირობებში შესაძლებელს გახდიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთებას, წარმოდგენილი არ არის.
58. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების საგამონაკლისო დათქმები, როგორც მზღვეველის პასუხისმგებლობის შემზღუდველი პირობები, ექვემდებარება ვიწრო და შეზღუდულ განმარტებას. შესაბამისად, მზღვეველის პასუხისმგებლობის გამოსარიცხად საკმარისი არ არის მხოლოდ ვარაუდი ან ალბათობა, რომ ზიანის დადგომაზე გავლენა იქონია გარკვეულმა სამშენებლო, საპროექტო ან ტექნიკურმა გარემოებებმა. აუცილებელია ცალსახად და დამაჯერებლად დადგინდეს, რომ დამდგარი ზიანი უშუალო, პირდაპირ და განმსაზღვრელ მიზეზობრივ კავშირშია სწორედ იმ გარემოებასთან, რომელსაც ხელშეკრულება პასუხისმგებლობის გამომრიცხავ საფუძვლად მიიჩნევს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსგავსი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა. პირიქით, სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ადასტურებს, რომ ქ. თბილისის, ........ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ფიქსირდებოდა და მისი წარმოშობის მიზეზი დაკავშირებული იყო როგორც ბუნებრივ, ისე ანთროპოგენურ ფაქტორებთან. ამასთან, სააგენტოს მიერ მითითებულია, რომ 2020 წლის 18 აპრილს განვითარებულ პროცესს ადგილი ჰქონდა დიდი მეწყრული სხეულის მხოლოდ ლოკალურ უბანზე, რა დროსაც თავად მეწყრულ სხეულზე მიმდინარეობდა მასშტაბური გამაგრებითი სამუშაოები. აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ სადავო ტერიტორია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხასიათდებოდა მეწყრული პროცესების განვითარებით და მეწყერის წარმოშობა მხოლოდ დაზღვეული ობიექტის არსებობას ან მისი მშენებლობის პროცესს ვერ დაუკავშირდება.
59. ამავე დროს, სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას, რომლის თანახმადაც, მხოლოდ იმ გარემოებას, რომ სადავო ტერიტორიაზე წარსულშიც ფიქსირდებოდა მეწყრული პროცესები, უნდა გამოეწვია მზღვეველის პასუხისმგებლობის გამორიცხვა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ აღნიშნულ ტერიტორიას მინიჭებული ჰქონდა რაიმე სპეციალური, განსაკუთრებული ან შეზღუდული სამართლებრივი სტატუსი, რომელიც მოსარჩელეს ობიექტურად დაავალდებულებდა, თავი შეეკავებინა მშენებლობის განხორციელებისაგან ან რომელიც მიანიშნებდა დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობების არსებობაზე. პირიქით, სააგენტოს 2020 წლის 22 დეკემბრის წერილით დადასტურებულია, რომ აღნიშნულ მეწყრულ სხეულს რაიმე სპეციალური სტატუსი მინიჭებული არ ჰქონია. ამიტომ, მხოლოდ ტერიტორიის გეოლოგიური თავისებურებების არსებობა ვერ შეფასდება დამზღვევის მხრიდან ისეთ ქმედებად ან უმოქმედობად, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოების არსებობას დაადასტურებდა.
60. საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ წარმოდგენილ მონაცემებს ნალექების რაოდენობის შესახებ. არსებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2020 წლის 16 მარტიდან 16 აპრილამდე პერიოდში მოსული ნალექების რაოდენობა წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არსებითად იყო გაზრდილი. ეს გარემოება თანხვედრაშია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გ. ჭ–ძის დასკვნასთან, რომლის თანახმადაც, ადგილი ჰქონდა ფერდობზე წლების განმავლობაში მიძინებული მეწყრის გააქტიურებას, ხოლო პროცესის გამომწვევ მიზეზად მიჩნეულია გრუნტის წყლების დაგროვება და წყლით დამძიმებული მიწის მასის გადაადგილება. აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთთან ლოგიკურ და შინაარსობრივ კავშირშია და ქმნის ურთიერთშეჯერებულ სურათს მეწყრული პროცესის ბუნებრივ განვითარებასთან დაკავშირებით.
61. ამასთან, მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მშენებლობის პროცესში შესაძლოა არსებობდა გარკვეული ტექნიკური, საინჟინრო ან საპროექტო ხარვეზები, თავისთავად ვერ გახდება მზღვეველის პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი. ამისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ სწორედ აღნიშნული გარემოებები წარმოადგენდა ზიანის დადგომის უშუალო და განმსაზღვრელ მიზეზს. კონკრეტულ შემთხვევაში კი, კასატორის მიერ წარმოდგენილი შპს „ვ–ის“ დასკვნა ვერ აქარწყლებს საქმეში არსებულ სხვა ოფიციალურ და სსსკ-ის 102.3 მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ მტკიცებულებებს, რომლებიც ურთიერთშეჯერებულად მიუთითებენ, რომ მეწყრული პროცესის განვითარება გამოწვეული იყო ბუნებრივი და ბუნებრივ-ტექნოგენური ფაქტორების ერთობლიობით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიები არსებითად მიმართულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განსხვავებული შეფასებისაკენ, თუმცა წარმოდგენილი არგუმენტები ვერ აქარწყლებს სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ საფუძველზე გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
62. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეზე დავის საგანი მოიცავს ორ ერთმანეთისაგან გამიჯნულ სამართლებრივ კომპონენტს, კერძოდ: ერთი მხრივ, სადაზღვევო შემთხვევისა და მზღვეველის პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობის საკითხს, ხოლო, მეორე მხრივ, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის საკითხს.
63. საქმის მასალების, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ დაზღვეული ქონების დაზიანება გამოწვეული იყო სადაზღვევო რისკით - მეწყერით. შესაბამისად, მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება სწორია.
64. საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში მხარეებს სრულად ჰქონდათ შესაძლებლობა, წარედგინათ როგორც ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტები, ისე შესაბამისი მტკიცებულებები სადაზღვევო შემთხვევის არსებობის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების დასადასტურებლად. აღნიშნული საკითხები სასამართლოების მიერ გამოკვლეული და შეფასებულია სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტის მიხედვით.
65. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მოცემული დავის თავისებურებას, კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, რომლის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაც - გაუქმდა კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად, არსებითად შეეხება არა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის არსებობის საკითხს, არამედ ზიანის ოდენობის განსაზღვრასა და აღნიშნულ ნაწილში საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების მართლზომიერებას. კერძო საჩივრის განხილვის ფარგლებში უკვე შეფასებულია მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესი, სააპელაციო წესით იდავოს სწორედ აღნიშნულ ნაწილში, რის შედეგადაც საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა განსახილველად.
66. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზიანის ოდენობის განსაზღვრის საკითხი თავისი სამართლებრივი ბუნებით განსხვავდება მოთხოვნის საფუძვლის დადგენისაგან. ზიანის ოდენობის განსაზღვრა უკავშირდება მტკიცებულებათა საკმარისობასა და ანაზღაურების მოცულობის დადგენას, მაშინ როდესაც პასუხისმგებლობის საფუძვლის შეფასება გულისხმობს სადაზღვევო შემთხვევის არსებობის, მიზეზობრივი კავშირისა და პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების კვლევას. განსახილველ შემთხვევაში სწორედ ეს უკანასკნელი საკითხებია უკვე სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით არ ვლინდება ისეთი ახალი ფაქტობრივი გარემოების არსებობის შესაძლებლობა, რომელმაც შეიძლება ზიანის ოდენობის განსაზღვრის პროცესში პასუხისმგებლობის საკითხის განსხვავებული სამართლებრივი შეფასება განაპირობოს.
67. ამასთან, მოთხოვნის საფუძვლის ნაწილში საქმის ხელახალი დაბრუნების პროცესუალური საფუძველი არ არსებობს. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო წარმოების ფარგლებისა და დასაშვებობის სტანდარტის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მიმართაც წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია ისეთი პრეტენზია, რომელიც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივი დასკვნების გადახედვას ან დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების კვლევას საჭიროებდეს. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს დასკვნები საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულია, ხოლო საქმის მასალები არ შეიცავს გარემოებებს, რომლებიც საკითხის ხელახალ შეფასებას გაამართლებდა. შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლის ნაწილში საქმის დაბრუნება გამოიწვევს უკვე სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული საკითხების განმეორებით განხილვას, მაშინ როდესაც დავის დარჩენილი ნაწილი შეეხება მხოლოდ სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრასა და ამ ნაწილში წარმოდგენილი მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებას.
68. პალატის აზრით, საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქმის ხელახალი დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ვერ იქნება გამართლებული და ვერ მოემსახურება ვერც საქმის სრულყოფილ განხილვას და ვერც საპროცესო ეკონომიის პრინციპის რეალიზებას.
69. ამგვარ ვითარებაში საქმის დაბრუნება სცდება როგორც წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიის, ისე სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო სასამართლოს განხილვის ფარგლებს.
70. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის შემდგომი განხილვა სააპელაციო სასამართლოში უნდა გაგრძელდეს მხოლოდ სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი მტკიცებულებების შეფასების ფარგლებში. ამავე დროს, აღნიშნული არ გამორიცხავს ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილებას, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საპროცესო მოქმედებები.
71. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
72. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
76. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების სააპელაციო და საკასაციო წესებით გასაჩივრებისას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 05.07.2024 წელს №670 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ს.კ.„პ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს ს.კ.„პ–ს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 05.07.2024 წელს №670 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია