დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 14.05.2026
საქმის ნომერი
ას-82-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-82-2026

14 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ.ქ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ზ.ს–ი, მ.გ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ.ქ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ს–ისა (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“ ან „აპელანტი“) და მ.გ–ი (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“ ან „აპელანტი“) მიმართ არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ არასრულწლოვანი შვილიშვილის - 2020 წლის 07 იანვარს დაბადებული ე.ს–ის სასარგებლოდ ალიმენტის - ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა, 2021 წლის 09 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 6.1. მოსარჩელესა და გ.ს–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2020 წლის 07 იანვარს დაბადებული ე.ს–ი;

6.2. გ.ს–ი გარდაიცვალა 2020 წლის 22 თებერვალს;

6.3. მოპასუხეები არიან გ.ს–ის მშობლები;

6.4. მოსარჩელე მუშაობს საქართველოს პროკურატურაში და მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ 3 000 ლარია;

6.5. პირველი მოპასუხე 2018 წლის 01 დეკემბრიდან დასაქმებულია სს „გ.ს–ში“ ტექნიკურ დეპარტამენტში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1 025,51 ლარს;

6.6. მეორე მოპასუხე დასაქმებულია სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ სუფლიორის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ 1 600 ლარს;

6.7. მოპასუხეთა შვილი - მ.ს–ი დასაქმებულია შპს „ფ–ას“ სუფლიორის პოზიციაზე და მისი ხელფასი შეადგენს 1 875 ლარს. მ.ს–ი მუშაობს „ბუქინგ ცენტრის ფილიალი საქართველოში“ მონაცემთა დამუშავების ოპერატორის თანამდებობაზე და მისი ბოლო 6 თვის საშუალო ანაზღაურება შეადგენს ხელზე აღებულ 650,88 ლარს;

6.8. გარდაცვლილი გ.ს–ის სახელზე 2018 წლის 26 დეკემბერს აღირიცხა უძრავი ქონება, რომლის მისამართი და მახასიათებლებია: თბილისი, ……….. (ს.კ. ……);

6.9. მოპასუხეებმა და მ.ს–მა 2018 წლის 11 დეკემბერს სს „საქართველოს ბანკთან“ დადეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ნივთი, მდებარე: თბილისი, ……… (ს.კ. ……….). სესხზე ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს 583,89 აშშ დოლარს;

6.10. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, გ.ს–ის კუთვნილი უძრავი ქონების ¼- ¼ ნაწილი აღირიცხა მოსარჩელეზე, მოპასუხეებზე და არასრულწლოვან ე.ს–ზე; მოსარჩელემ მისი და არასრულწლოვანი შვილის წილი სამკვიდრო ქონებიდან საკუთრებაში გადასცა ქ.წ–ს; პირველმა მოპასუხემ ქ.წ–ისაგან გამოისყიდა მისი კუთვნილი წილი; 2023 წლის 11 იანვრიდან ამ უძრავი ქონების მესაკუთრეა მ.ს–ი;

6.11. პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, რომლის მისამართია: თბილისი, ……., ს.კ. …………;

6.12. მოსარჩელის მამის - გ.ქ–ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ნივთები, რომელთა მისამართებია: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ……… (……..) (ს.კ. ……….); გარდაბანი, სოფელი ……… (ს.კ. ……..; ს.კ. ………);

6.13. მოსარჩელის დედა - ლ.ა–ი რეგისტრირებულია ინდ. მეწარმედ. მის სახელზე ირიცხება უძრავი ნივთები, რომელთა მისამართებია: ქ. თბილისი, …….. (ს.კ. ………); ქ. თბილისი, ………, ავტოფარეხი (ს.კ. ……….); ქ. თბილისი, ………. (ს.კ. ……….; ს.კ. ………; ს.კ. ………; ს.კ. ……..);

6.14. მხარეთა შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა. მათ შორის მიმდინარეობს სხვა სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც მოპასუხეები ითხოვენ შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას. მოსარჩელე წინააღმდეგია, პაპა-ბებიას ჰქონდეს ურთიერთობა მის შვილთან.

7. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი და განმარტა, რომ ხსენებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პაპასა და ბებიას რჩენის ვალდებულება ეკისრებათ თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ უნდა გააჩნდეთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და, ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უნდა უზრუნველყოფდეს შვილის რჩენას. ამდენად, ბებია და პაპა ვალდებული არიან, გადაიხადონ ალიმენტი შვილიშვილის რჩენისათვის არა ყველა შემთხვევაში, არამედ იმ შემთხვევაში, თუკი მას (შვილიშვილს) სარჩოს მიღების შესაძლებლობა მშობლებისაგან არ ექნება.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, დადგენილია, რომ არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა 2020 წლის 22 თებერვალს, თუმცა არასრულწლოვნის დედა - მოსარჩელე არის შრომისუნარიანი და მუშაობს საქართველოს პროკურატურაში, მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ 3 000 ლარია. მოცემული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით დადგენილი მეორე კუმულატიური პირობის არსებობა, რაც წინამდებარე დავაში სახეზე არ არის, კერძოდ, არ დასტურდება, რომ ბავშვს არ შეუძლია მშობლისგან მიიღოს სარჩო, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტებისგან არასრულწლოვანისათვის ალიმენტის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი შემადგენლობა არ არსებობს.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თავად მოსარჩელის მითითებით, ბავშვი მისი მხრიდან უზრუნველყოფილია მაღალი სტანდარტით ყველა საჭიროებით, თუმცა, ის მიიჩნევს, რომ მამის გარდაცვალების გამო მამის, როგორც მშობლის ვალდებულება - მონაწილეობდეს მეორე მშობელთან ერთად ბავშვის რჩენაში, გადადის შემდეგი რიგის ნათესავებზე - პაპასა და ბებიაზე. სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ მსჯელობას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ „სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ გამოიტანს, როცა დარწმუნდება, რომ უსახსროდ დარჩენილ შვილიშვილს სარჩოს მიღება მშობლებისგან არ შეუძლია და პაპა-ბებიას გააჩნია საკმარისი სახსრები. არ შეიძლება მათ ალიმენტი დაეკისროთ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი შრომისუნარიანია ან შრომისუუნაროა, მაგრამ გააჩნია საკმაო სახსრები შვილის სარჩენად“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, მუხლი 125).

10. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე, მართალია, მოწინააღმდეგე მხარე განმარტავდა, რომ მას აქვს ვალდებულებები, ბავშვის საჭიროებები გაზრდილია და მას ფიზიკურად არ შეუძლია მისი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, თუმცა, იქვე მიუთითებდა, რომ პაპა-ბებიაზე დაკისრებული 300 ლარი რეალურად არის მცირედი მონაწილეობა და ეს გამომდინარეობს მათი ვალდებულებიდან, რომ შვილიშვილს დაეხმარონ და მხოლოდ მასთან ურთიერთობის უფლებით არ ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით ან/და საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ ბავშვი მოკლებულია მშობლისგან რჩენისათვის საჭირო სახსრების მიღებას.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება სამოქალაქო კოდექსის 1338-ე მუხლის თაობაზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლები აღნიშნული ნორმის წინაპირობებს არ ქმნიდა და მოცემულ საქმეში ამ ნორმის გამოყენება მართებულად არ მოხდა.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე) მოითხოვა.

13. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

13.1. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1225-ე და 1338-ე მუხლებთან დაკავშირებით არსებითად მცდარი, პრაქტიკისაგან განსხვავებული და სამართლებრივად გაუმართლებელი განმარტება გააკეთა. ამასთან, დაირღვა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის სტანდარტი;

13.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის მიხედვით, საჭირო არის ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე წინაპირობა:

ა) არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს - სარჩელზე თანდართული დაბადების მოწმობითა და სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ე.ს–ი არის მოპასუხეთა შვილიშვილი, ხოლო ნორმაში გამოყენებული ტერმინი „დახმარებას საჭიროებს“ სამართლებრივად შეუძლებელია მიემართებოდეს ბავშვის მხოლოდ ეკონომიკურ მდგომარეობას, რადგან ეს ტერმინი ბავშვთან მიმართებით უფრო ფართოდ განიმარტება;

ბ) სარჩოს მიღების შეუძლებლობა თავისი მშობლებისაგან - განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ ბავშვს გარდაცვლილი ჰყავს მამა, რაც იმთავითვე ნიშნავს, რომ მშობლისაგან სარჩოს მიღების შესაძლებლობა არ არსებობს და ბავშვის საჭიროებები ვერ დაკმაყოფილდება ორივე მშობლისაგან. შესაბამისად, ამ ფაქტიდან უკვე გამომდინარეობს ნორმის სამართლებრივი შედეგი - ბავშვი საჭიროებს დახმარებას;

ბ) პაპა-ბებიას უნდა გააჩნდეთ საკმაო სახსრები - საქმის განხილვის შედეგად დადასტურდება რომ მოპასუხეებს ინდივიდუალურად აქვთ სტაბილური შემოსავალი, არიან შრომისუნარიანები და დასაქმებულები. ამასთან, საკუთრებაში აქვთ მნიშვნელოვანი ღირებულების უძრავი ქონება, რაც მათ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე ცხადად მეტყველებს;

13.3. სააპელაციო სასამართლოში აპელანტებმა - პაპა-ბებიამ მისცეს ახსნა - განმარტებები, რომელთა თანახმად, მათი შემოსავლები ნაწილდება ყოველდღიურ ხარჯებზე, უვლიან მოხუც მშობელს, ეხმარებიან ახალგაზრდა შვილს, ჯეროვნად იხდიან საბანკო ვალდებულებებსა და სხვა. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ მათ აქვთ საკმარისი სახსრები მონაწილეობა მიიღონ შვილიშვილის ფინანსური უზრუნველყოფის პროცესში. აპელანტების მითითება, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე, მტკიცებულებებით არ დასტურდება;

13.4. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულ შესაბამისობაში იყო ზემოთ მოცემულ მსჯელობასთან;

13.5. განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებები სრულად მიესადაგება სსკ-ის 1338-ე მუხლის შინაარს და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს იძლევა. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ აპელანტებმა არასრულწლოვანი ე.ს–ის მამისაგან გ.ს–ისაგან მიიღეს კუთვნილი სამკვიდრო ქონება თითომ ¼- ¼ წილი უძრავ ქონებაში. ცხადია, არასრულწლოვანი იყო მამის რჩენაზე დამოკიდებული. გარდაცვლილი მარჩენალის მემკვიდრეები არიან მოპასუხეები, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მათ შორის, უძრავი ქონება. სამკვიდრო მოწმობაში აღნიშნულია სამკვიდროს ღირებულება. შესაბამისად, მოპასუხეებზე გადავიდა მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილისათვის სარჩოს, იგივე ალიმენტის, გადახდის ვალდებულება. ერთგვარად მოხდა ვალდებული პირის ჩანაცვლება, რაც იძლევა საალიმენტო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. რაც შეეხება ალიმენტის ოდენობას, კასატორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა მართლზომიერია.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია. განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლი [პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან] და 1234-ე მუხლის პირველი ნაწილი [იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან]. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზია არსებითად იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა, რაც პაპა-ბებიისათვის არასრულწლოვანი შვილიშვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების წინაპირობას წარმოადგენდა. აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილების რჩენა მშობლების უპირველეს ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი პირობები, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად სწორედ მშობლებს აკისრებს. ქართული კანონმდებლობა, მშობლების საალიმენტო მოვალეობის გარდა, განსაზღვრავს ოჯახის სხვა წევრების საალიმენტო მოვალეობებსაც, თუმცა, სათანადო წინაპირობების არსებობის პირობებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის შესაბამისად, პაპა და ბებია, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია სარჩო მიიღოს თავისი მშობლებისაგან. ასეთივე მოვალეობა ეკისრებათ მათ იმ შრომისუუნარო სრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ, რომელიც დახმარებას საჭიროებს, თუ მას არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლების, მეუღლის ან შვილებისაგან. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პაპასა და ბებიას შვილიშვილის რჩენის ვალდებულება ეკისრებათ, თუ სახეზეა ორი კუმულატიური პირობა: მათ უნდა გააჩნდეთ საკმაო შემოსავალი, რათა უზრუნველყონ შვილიშვილისთვის სარჩოს მიცემა და, ამასთან, სარჩოს მიმღები პირის მშობელი ვერ უნდა უზრუნველყოფდეს შვილის რჩენას (იხ. სუსგ საქმე Nას-74-407-09, 23 ივლისი, 2009 წელი). ამდენად, ბებია და პაპა ვალდებული არიან, გადაიხადონ ალიმენტი შვილიშვილის რჩენისათვის არა ყველა შემთხვევაში, არამედ იმ შემთხვევაში, თუკი შვილიშვილის სარჩოს მიღების პირველადი (მშობლისაგან) შესაძლებლობა არ არსებობს (იხ. სუსგ საქმე Nას-957-2022, 28 სექტემბერი, 2022 წელი). არ შეიძლება მათ ალიმენტი დაეკისროთ იმ შემთხვევაში, თუ მშობლები ან ერთ-ერთი მათგანი, შრომისუნარიანია ან შომისუუნაროა, მაგრამ გააჩნია საკმაო სახსრები შვილის სარჩენად (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2000, 1225-ე მუხლის კომენტარი, გვ. 219). პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულება არის სუბსიდიური ხასიათის, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ შვილიშვილს არ შეუძლია მიიღოს სარჩო თავისი მშობლებისაგან (მეუღლის ან შვილებისაგან) (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021, 1225-ე მუხლის კომენტარი, გვ. 364-365) (შედ., ასევე, იხ. სუსგ საქმე Nას-220-2022, 28 აპრილი, 2022 წელი; Nას-835-2025, 23 ოქტომბერი, 2025 წელი) ქართული კანონმდებლობა ცალკე დანაწესს არ ითვალისწინებს საალიმენტო მოთხოვნათა რანგისთვის. ეს წესი შესაბამის კონკრეტულ მოთხოვნებთანაა მიბმული. მაგალითად, როგორც აღინიშნა, პაპისა და ბებიის მიერ შვილიშვილის რჩენის საკითხი დგება მხოლოდ მაშინ, თუ მას არ შეუძლია მიიღოს ალიმენტი საკუთარი მშობლებისგან, რაც წარმოადგენს მათი მოთხოვნის რიგის განმსაზღვრელ დათქმას. ზოგადად, საალიმენტო მოთხოვნათა რანგის მიხედვით, აღმავალი ხაზის ნათესავების რიგითობას მშობელთა საალიმენტო ვალდებულება წინ უსწრებს პაპისა და ბებიის საალიმენტო ვალდებულებას. თუ წინა რიგის ალიმენტის მოვალე ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ან მის მიმართ შეუძლებელია სამართლებრივი მოთხოვნის განხორციელება, მას ანაცვლებს შემდეგი რიგის მოვალე, რისი გათვალისწინებითაც გამოდის, რომ ბებია და პაპა მხოლოდ მაშინ არიან პასუხისმგებლები, როდესაც მშობლებს სარჩოს მიცემა შვილებისათვის არ შეუძლიათ. მტკიცების ტვირთი ამ შემთხვევაში მოსარჩელეზეა და მან უნდა წარმოადგინოს სსკ-ის 1225-ე მუხლით განსაზღვრული კუმულაციური პირობების დამადასტურებელი მტკიცებულებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები) (იხ. სუსგ საქმე Nას-74-407-09, 23 ივლისი, 2009 წელი; Nას-220-2022, 28 აპრილი, 2022 წელი). ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის გამოყენებისას სასამართლო უპირველესად აფასებს არასრულწლოვნის ინტერესებისა და უფლებების განსაკუთრებულ, ინტენსიურ კავშირს ბებიისა და პაპის უფლებებთან და როდესაც ნაკლებია არასრულწლოვნის უფლებათა ბებიასა და პაპის უფლებებზე დამოკიდებულების ინტენსივობის ხარისხი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვის მშობლებს აქვთ ობიექტური შესაძლებლობა არჩინონ თავიანთი შვილი, სასამართლო ვერ ცდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს და ვერ აკმაყოფილებს სარჩელს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არასრულწლოვნის უფლებები იზღუდება, რადგან ასეთ დროს ბავშვის უპირატესი ინტერესი მიემართება უშუალოდ მის მშობლებს (იხ. სუსგ საქმე Nას-957-2022, 28 სექტემბერი, 2022 წელი). წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 1225-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობა - არ დასტურდება ბავშვის მიერ მშობლებისგან (მშობლისგან) სარჩოს მიღების შეუძლებლობა. კერძოდ, მართალია, დადგენილია, რომ არასრულწლოვნის მამა გარდაიცვალა 2020 წლის 22 თებერვალს, თუმცა სადავო არ არის, რომ არასრულწლოვნის დედა - მოსარჩელე არის შრომისუნარიანი, მუშაობს საქართველოს პროკურატურაში და მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ 3 000 ლარს შეადგენს. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ და მისმა არასრულწლოვანმა შვილმა მიიღეს მეუღლის/მამის სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება), უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, ………. (ს.კ. ………..) ¼- ¼ წილი, რომელიც შემდგომ მოსარჩელემ გაასხვისა. გარდა ამისა, თავად მოსარჩელის განმარტებით, ბავშვი მისი მხრიდან მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფილია ყველა საჭიროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს პაპა-ბებიის საალიმენტო ვალდებულების წარმოშობის წინაპირობა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1338-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, არაშრომისუნარიან პირებს, რომლებიც მამკვიდრებლის რჩენაზე იყვნენ და დამოუკიდებლად თავის შენახვა არ შეუძლიათ, თუ მათ შესახებ ანდერძში მითითებული არ არის, უფლება აქვთ მოითხოვონ სარჩო (ალიმენტი) სამკვიდროდან. დასახელებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნორმაში მითითებული „რჩენაზე მყოფი“ პირი არ წარმოადგენს მამკვიდრებლის მემკვიდრეს. ამასთან, იგი შეიძლება მემკვიდრეც იყოს, თუმცა არა იმ რიგის, რომელიც სამკვიდროს მისაღებადაა მოწვეული. ასეთ შემთხვევაში ის სამკვიდროდან წილს ვერ მიიღებს და მხოლოდ სარჩოს მოთხოვნის უფლება აქვს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეხუთე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2000, 1338-ე მუხლის კომენტარი, გვ. 396). აღნიშნულისაგან განსხვავებით, მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი, რომლის სასარგებლოდაც არის მოთხოვნილი პაპა-ბებიისათვის ალიმენტის დაკისრება, წარმოადგენს გარდაცვლილი მამის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, შესაბამისად, სახეზე არ არის სამოქალაქო კოდექსის 1338-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა. კასატორმა 16.02.2026წ. საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც იშუამდგომლა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს. ამდენად, ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, ის მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეს ახალი მტკიცებულება დაურთოს ან/და შეფასება მისცეს მას (შედ. იხ. სუსგ საქმე Nას-1011-931-2017, 16 იანვარი, 2018 წელი). შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულებების დართვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი და კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტ. 2. ს.ფ. 161-200). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნ.ქ–ის შუამდგომლობა მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მტკიცებულებები დაუბრუნდეს შუამდგომლობის ავტორს (ტ. 2, ს.ფ. 161-200);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია