დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1670-შ-57-2026
5 ივნისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ლ.წ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ს–ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს - ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ლეიკის ოლქის მეცხრამეტე საოლქო სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის N20D798 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ლეიკის ოლქის მეცხრამეტე საოლქო სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის N20D798 გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით დაამტკიცა განქორწინების მოთხოვნაში მითითებული არსებითი გარემოებები, რის შედეგადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქორწინების შეწყვეტის შესახებ. მხარეების მიმართ გამოტანილ იქნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მოსარჩელესა (ლ.წ–სა) და მოპასუხეს (ე.ს–ს) შორის არსებული ქორწინება ამით შეწყდა.
2. 2026 წლის 6 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ.წ–მა და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ლეიკის ოლქის მეცხრამეტე საოლქო სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის N20D798 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.
3. ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ლეიკის ოლქის მეცხრამეტე საოლქო სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის N20D798 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ქორწინების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ღია სასამართლო სხდომაზე და იგი შესულია ძალაში 2020 წლის 6 ივლისს.
4. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 15 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ლეიკის ოლქის მეცხრამეტე საოლქო სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის N20D798 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ლეიკის ოლქის მეცხრამეტე საოლქო სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის N20D798 გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეების მიმართ გამოტანილ იქნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მოსარჩელესა (ლ.წ–სა) და მოპასუხეს (ე.ს–ს) შორის არსებული ქორწინება შეწყდა ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.წ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ლეიკის ოლქის მეცხრამეტე საოლქო სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის N20D798 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ილინოისის შტატის ლეიკის ოლქის მეცხრამეტე საოლქო სასამართლოს 2020 წლის 06 ივლისის N20D798 გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეების მიმართ გამოტანილ იქნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება და მოსარჩელესა (ლ.წ–სა) და მოპასუხეს (ე.ს–ს) შორის არსებული ქორწინება ამით შეწყდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე