დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 15.06.2026
საქმის ნომერი
ას-516-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-516-2026 15 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ჯ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ჯ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.ბ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა:

სს ,,ს.ბ–ის“ მიერ ა.ჯ–ის მიმართ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2023 წლის 04 დეკემბერს მიღებული N213-კ ბრძანების ბათილად ცნობა;

სს „ს.ბ–ისთვის“ ა.ჯ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის დაკისრება 19 008 ლარის ოდენობით;

სს „ს.ბ–ისთვის“, ა.ჯ–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 4 დეკემბრიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 1584 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ჯ–ის სარჩელი სს „ს.ბ–ის“ მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: - ბათილად იქნა ცნობილი სს „ს.ბ–ის“ მიერ 2023 წლის 04 დეკემბერს მიღებული ბრძანება N213-კ ა.ჯ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; სს „ს.ბ–ს“ ა.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის ანაზღაურება - 4 000 (ოთხიათასი) ლარის ოდენობით; სს „ს.ბ–ს“ ა.ჯ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 05 დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე ყოველთვიურად 1584 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), ხოლო 2024 წლის მარტის თვიდან ამავე წლის ივნისის თვის ჩათვლით პერიოდზე ჯამში 1260.95 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. ა.ჯ–ი 2013 წლიდან დასაქმებული იყო სს „ს.ბ–ში“ სხვადასხვა პოზიციებზე. 2019 წლის აგვისტოდან, მუშაობდა ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტში, ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის, მონიტორინგის ჯგუფის ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის ოფიცრის პოზიციაზე და მოსარჩელის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 1584 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე). მხარეთა შორის არსებობდა უვადო შრომითი ურთიერთობა.

6.2. მოსარჩელის სამუშაო მოვალეობას წარმოადგენდა მათ შორის ს.ბ–ის ფილიალებში ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლი, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, დარღვევების/გაუმართაობის აღწერა და შესაბამისობაში მოყვანისთვის ანგარიშების მომზადება. [მოსარჩელის პოზიციის სამუშაო აღწერილობა წერილობით წარმოდგენილი არ არის].

6.3. 2020, ასევე 2021 წელს, ახალი წლის პერიოდში, სს „ს.ბ–მა’’ გადაწყვიტა ბანკის სერვის-ცენტრების საახალწლო ატრიბუტიკით მორთვა. ამ მიზნით, ბანკმა კონტრაქტორ ლ.მ–თან გააფორმა მომსახურების 2 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 9900 ლარი, რომლის ფარგლებშიც ბანკის დაახლოებით 86-87 სერვის-ცენტრისთვის უნდა მომხდარიყო მომსახურების გაწევა.

6.4. სს „ს.ბ–სა“ და კონტრაქტორ ლ.მ–თან არსებული შეთანხმების ფარგლებში, ბანკის სერვის-ცენტრების საახალწლო ატრიბუტიკით მორთვის სამუშაოები, როგორც 2020, ასევე 2021 წელს შეასრულა მათ შორის მოსარჩელე ა.ჯ–მა და ს.ბ–ის არსებულ ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოსთვის ჩაერიცხა 2000 ლარი.

6.5. მოსარჩელის მიერ, სს „ს.ბ–ის“ სერვის-ცენტრების საახალწლო ატრიბუტიკით მორთვის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, დამსაქმებელმა დასაქმებულს ჩამოართვა ახსნა-განმარტება.

6.6. 2023 წლის 29 ნოემბრის ა.ჯ–ის ახსნა-განმარტებაში, დასაქმებულმა დაადასტურა მის მიერ სამუშაოს შესრულება, ასევე შესრულებული სამუშაოსთვის, ლ.ვ–ძის მხრიდან მის კუთვნილ ანგარიშზე 2000 ლარის ჩარიცხვის ფაქტი. ამასთან აღნიშნა, რომ პირადად არ იცნობდა კონტრაქტორს, არ მიუღია მონაწილეობა კონტრაქტის დეტალებისა და პირობების შეთანხმებაში. ახსნა-განმარტებაში ა.ჯ–მა აღნიშნა, რომ მის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედის თბილისის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთის ნაწილის ბანკის სერვის-ცენტრების ინფრასტრუქტურული საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარება, რასაც მიეკუთვნება ოფისებში ელ.ენერგიის მიწოდებასთან, ქსელის ხარისხთან და ზოგადი სამშენებლო-სარემონტო სფეროსთან დაკავშირებული საკითხები. იგი გარკვეული პერიოდულობით აკეთებს პასუხისმგებლობაში არსებული ობიექტების შემოვლას, პრობლემების იდენტიფიცირებას, რასაც არეგისტრირებს ინციდენტად. ამის შემდეგ საკითხის მოგვარებაში ერთვება დეპარტამენტის სხვა სამსახურის წარმომადგენლები.

6.7. მოსარჩელის მიერ სს „ს.ბ–ის“ სერვის-ცენტრების საახალწლო ატრიბუტიკით მორთვის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, დამსაქმებელმა ასევე ჩამოართვა ახსნა-განმარტებები სხვა თანამშრომლებს, ლ.ვ–ძეს და დ.დ–ს, რომელთაც ახსნა-განმარტებაში ასევე დაადასტურეს სამუშაოს შესრულება და შესაბამისი ანაზღაურების მიღება.

6.8. სს „ს.ბ–ის“ დირექტორის 2023 წლის 04 დეკემბრის N213-კ ბრძანებით, ა.ჯ–ი საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 04 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

6.9. 2023 წლის 05 დეკემბერს, ა.ჯ–მა წერილობით მიმართა მოპასუხე სს „ს.ბ–ს“ და მოსთხოვა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება.

6.10. საქმეში წარმოდგენილი, სს „ს.ბ–ის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 26 დეკემბრის წერილის თანახმად, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელის მხრიდან კორპორაციული სახელმძღვანელოს 2.1.1; 2.1.9; 2.1.10; 2.3.3.5 პუნქტების უხეში დარღვევის გამო.

6.11. სს „ს.ბ–ის“ თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.1.1. პუნქტის თანახმად, ბანკის თანამშრომელი უნდა იყოს პატიოსანი და ობიექტური, როგორც კლიენტების, აგრეთვე თავისი კოლეგების და ხელქვეითების მიმართ; 2.1.9 პუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია არ განახორციელოს არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური ქმედება; 2.1.10 პუნქტის მიხედვით, თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკების, პროცედურების, კოდექსების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების დარღვევა; 2.1.31. პუნქტის თანახმად სახელმძღვანელოს 2.1.5; 2.1.8; 2.1.10-2.1.17; 2.1.19-2.1.30 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს უხეშ დარღვევას თანამშრომლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

6.12. ა.ჯ–ს, 2024 წლის მარტის და აპრილის თვეებში, შპს „ჯ. ე–ან“ მიღებული აქვს ხელფასი, ყოველთვიურად დარიცხული 1530,61 ლარის ოდენობით. იმავე კომპანიიდან 2024 წლის მაისის თვეში ხელფასის სახით მიღებული აქვს 382,65 ლარი და 437,3 ლარი, ივნისის თვეში კი 1193,88 ლარი. 2024 წლის ივლისის თვიდან, მოსარჩელე დასაქმებულია შპს „წ.ჯ–ში“, საიდანაც 2024 წლის ივლისის თვეში ხელფასის სახით მიღებული აქვს 637,76 ლარი და 1875 ლარი, ხოლო აგვისტოსა და სექტემბრის თვეებში ასევე ყოველთვიურად 1875 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

6.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.

6.15. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შრომის კოდექსის 47-ე მუხლი შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა) უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული, რამეთუ მითითებული ნორმის ამგვარი განმარტება წაახალისებდა დამსაქმებლის თვითნებობას, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა.

6.16. პალატის მითითებით, მოსარჩელე 2013 წლიდან მუშაობდა სს „ს.ბ–ში“ სხვადასხვა თანამდებობებზე, ბოლოს ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტში, ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის მონიტორინგის ჯგუფის ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლის ოფიცრის პოზიციაზე. მას მრავალწლიანი მუშაობის პერიოდში რაიმე სახის შენიშვნა ან გაფრთხილება, დისციპლინური სახდელი მიღებული არ ქონია.

6.17. დამსაქმებელი მიუთითებდა ინტერესთა კონფლიქტზე და აღნიშნავდა, რომ ვინაიდან, თავად მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა კონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, შესრულებული სამუშაოს დარღვევა/დაზიანებების შესაბამისი წესით ასახვა, ანგარიშის მომზადება, ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ იმ საქმის შესრულება, რომლის კონტროლის ვალდებულებაც მას ეკისრებოდა, წარმოადგენდა კეთილსინდისიერად მოქმედების პრინციპის დარღვევას.

6.18. პალატამ მიიჩნია, რომ ინტერესთა კონფლიქტის არსებობა არ დასტურდებოდა. თუმცა, მოპასუხის მიერ სამუშაო აღწერილობასთან მიმართებით წარმოდგენილი განმარტების დადასტურებულად მიჩნევის და ინტერესთა კონფლიქტის დადგენილად ცნობის შემთხვევაშიც, სახდელი არაპროპორციული იყო. განვითარებულ მოვლენათა, ქმედების საჯაროდ, ღიად განხორციელების, თავად მოსარჩელის მიერ დაკავებული, არამენეჯერული პოზიციის, მისი მრავალწლიანი, კეთილსინდისიერი მუშაობის და იმის გათვალისწინებით, რომ დამსაქმებელს ქონდა შესაძლებლობა გაეკონტროლებინა დასაქმებულის ქცევა, გამოვლენიდან გონივრულ ვადაში განემარტა პირისათვის, რომ ქმედებას მიიჩნევდა დარღვევად და მიეცა გამოსწორების შესაძლებლობა, რაც არ განუხორციელებია, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული უკიდურესი ღონისძიება არ წარმოადგენდა სათანადო სახდელს. დამსაქმებელს არ დაუსაბუთებია ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის სათანადო საფუძველი.

6.19. სააპელაციო პალატამ შეაფასა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მტკიცება, რომ დასაქმებულმა მოტყუების გზით, ფარულად მოახდინა მატერიალური სარგებლის მიღება. პალატის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარე თავადაც ადასტურებდა, რომ საახალწლო მორთულობების დამაგრებას მოსარჩელე ახორციელებდა საჯაროდ და თვალსაჩინოდ, 86-87 სერვის ცენტრში, როგორც 2021, ასევე 2022 წელს. თუმცა რაიმე მითითება ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ბანკს არ გაუცია. ამასთან, უდავოდ დგინდება, რომ თანხა, რომელიც მოსარჩელემ მიიღო სამუშაოს შესრულებისთვის, ჩარიცხული აქვს მის პირად, „ს.ბ–ის“ ანგარიშზე.

6.20. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ შეძლო იმის დამტკიცება, რომ არსებობდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის წინაპირობები, რაც მართლზომიერ საფუძველზე განაპირობებდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ხელშეკრულების ვადის, თანამდებობრივი სარგოს და სხვაგან დასაქმების პერიოდის გათვალისწინებით, პალატამ გამართლებულად მიიჩნია სს ,,ს.ბ–ისათვის“ ა.ჯ–ის სასარგებლოდ 4000 ლარის ოდენობით კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 05 დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე ყოველთვიურად 1584 ლარის ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე), ხოლო 2024 წლის მარტის თვიდან ამავე წლის ივნისის თვის ჩათვლით პერიოდზე ჯამში 1260.95 ლარის (53,39+53,39+764,05+390,12) ოდენობით (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 03 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს.ბ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიუთითებს, რომ საბანკო საქმიანობა განსაკუთრებული სპეციფიკით ხასიათდება, რაც გავლენას ჰპოვებს საბანკო სექტორში დასაქმებულ პირთა შრომით ურთიერთობებზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, თუ რა პოზიციას იკავებდა მოსარჩელე ბანკში. კასატორი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ ინტერესთა კონფლიქტის ფაქტმა განაპირობა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

8.2. კასატორის მითითებით, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე გახადა სადავოდ მისი სამუშაო აღწერილობა, არ შეესაბამება სინამდვილეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული არგუმენტი მოსარჩელემ პირველად მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წამოჭრა. კსატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელე დამატებით სამუშაოს ასრულებდა აშკარად და ბანკთან შეთანხმებით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა.

16. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).

17. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

18. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-48 მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის სამუშაო მოვალეობას წარმოადგენდა ს.ბ–ის ფილიალებში ინფრასტრუქტურის მართვისა და ხარისხის კონტროლი, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, დარღვევების/გაუმართაობის აღწერა და შესაბამისობაში მოყვანისთვის ანგარიშების მომზადება.

19.1. 2020, ასევე, 2021 წელს, ახალი წლის პერიოდში, სს „ს.ბ–მა“ გადაწყვიტა ბანკის სერვის-ცენტრების საახალწლო ატრიბუტიკით მორთვა. ამ მიზნით, ბანკმა კონტრაქტორ ლ.მ–თან გააფორმა მომსახურების 2 ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 9900 ლარი, რომლის ფარგლებშიც ბანკის დაახლოებით 86-87 სერვის-ცენტრისთვის უნდა მომხდარიყო მომსახურების გაწევა.

19.2. სს „ს.ბ–სა“ და კონტრაქტორ ლ.მ–თან არსებული შეთანხმების ფარგლებში, ბანკის სერვის-ცენტრების საახალწლო ატრიბუტიკით მორთვის სამუშაოები, როგორც 2020, ასევე, 2021 წელს შეასრულა მათ შორის მოსარჩელე ა.ჯ–მა და ს.ბ–ის არსებულ ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოსთვის ჩაერიცხა 2000 ლარი.

19.3. მოსარჩელის მიერ, სს „ს.ბ–ის“ სერვის-ცენტრების საახალწლო ატრიბუტიკით მორთვის სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით, დამსაქმებელმა დასაქმებულს ჩამოართვა ახსნა-განმარტება და სს „ს.ბ–ის“ დირექტორის 2023 წლის 04 დეკემბრის N213-კ ბრძანებით, ა.ჯ–ი საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 04 დეკემბრიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

19.4. საქმეში წარმოდგენილი, სს „ს.ბ–ის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 26 დეკემბრის წერილის თანახმად, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელის მხრიდან კორპორაციული სახელმძღვანელოს 2.1.1; 2.1.9; 2.1.10; 2.3.3.5 პუნქტების უხეში დარღვევის გამო. სს „ს.ბ–ის“ თანამშრომლების კორპორატიული სახელმძღვანელოს 2.1.1. პუნქტის თანახმად, ბანკის თანამშრომელი უნდა იყოს პატიოსანი და ობიექტური, როგორც კლიენტების, აგრეთვე თავისი კოლეგების და ხელქვეითების მიმართ; 2.1.9 პუნქტის თანახმად, თანამშრომელი ვალდებულია არ განახორციელოს არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური ქმედება; 2.1.10 პუნქტის მიხედვით, თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკების, პროცედურების, კოდექსების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების დარღვევა; 2.1.31. პუნქტის თანახმად სახელმძღვანელოს 2.1.5; 2.1.8; 2.1.10-2.1.17; 2.1.19-2.1.30 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს უხეშ დარღვევას თანამშრომლის მხრიდან შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. ერთ-ერთ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პროპორციულობის პრინციპის გამოყენებისას განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ საქმე №ას-106-101-2014, 02 ოქტომბერი, 2014 წელი; №ას-1183-1125-2014, 13 თებერვალი, 2015 წელი).

21. გათავისუფლების მიზნებისათვის, საჭიროა დარღვევის ხასიათისა და ბუნების შემოწმება (მაგ. სიმძიმე, მნიშვნელობა), დარღვევის ხარისხის დადგენა, ბრალეულობა. უნდა შეფასდეს რამდენად გონივრული, აუცილებელი, პროპორციული და თანაზომიერია დარღვევებთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და ხომ არ არის შესაძლებელი უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება.

22. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში “Ultima Ratio-ს“ პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, ასევე, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცვას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1350-2019, 27.11.2019წ; №ას-368-2019, 31.07. 2019წ; Nას-416-399-2016, 29.06.2016წ.).

23. საკასაციო პალატა, ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხზე და მიუთითებს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე მიუთითებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-379-2020, 21.10.2021წ.)

24. საკასაციო პალატა მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის შეფასებით თვალსაზრისით არ იზიარებს დამსაქმებლის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ა.ჯ–ის მიერ მოთხოვნილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთების პასუხად მომზადებულ სს „ს.ბ–ის“ ოპერაციული მხარდაჭერის დეპარტამენტის დირექტორის 2023 წლის 26 დეკემბრის წერილზე, სადაც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითებულია მოსარჩელის მხრიდან კორპორაციული სახელმძღვანელოს 2.1.1; 2.1.9; 2.1.10; 2.3.3.5 პუნქტების უხეში დარღვევაზე. აღნიშნული პუნქტების თანახმად, ბანკის თანამშრომელი უნდა იყოს პატიოსანი და ობიექტური, როგორც კლიენტების, აგრეთვე თავისი კოლეგების და ხელქვეითების მიმართ; თანამშრომელი ვალდებულია არ განახორციელოს არაკომპეტენტური და არაპროფესიონალური ქმედება; თანამშრომელი ვალდებულია არ დაუშვას დამსაქმებლის პოლიტიკების, პროცედურების, კოდექსების, სტანდარტებისა და ინსტრუქციების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულ მოსარჩელეს სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული რაიმე სახის აკრძალვა ან/და შეზღუდვა ჰქონდა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია. არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოსარჩელემ იმ სამუშაოს შესრულებით, რაც საფუძვლად დაედო მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და რომლის მონიტორინგიც ევალებოდა სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში, მონიტორინგის არაკეთილსინდისიერად ჩატარებით ზიანი მიაყენა დამსაქმებელს. საახალწლო მორთულობების დამაგრება მოსარჩელემ პირველად განახორციელა 2021 წელს, შემდგომ 2022 წელს. პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე და თავადაც მიიჩნევს, რომ სამუშაოს მასშტაბის გათვალისწინებით (86-87 სერვის ცენტრი), აღნიშნული სამუშაოების მოსარჩელის მიერ შესრულება შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა დამსაქმებელს. საქმიანობა ხორციელდებოდა განგრძობადად, თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, ვიდეო კამერებით აღჭურვილ სერვის-ცენტრებში, თუმცა რაიმე მითითება ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ბანკს არ გაუცია. ამასთან, უდავოდ დგინდება, რომ თანხა, რომელიც მოსარჩელემ მიიღო სამუშაოს შესრულებისთვის, ჩარიცხული აქვს მის პირად, „ს.ბ–ის“ ანგარიშზე. ასეთ პირობებში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კორპორატიული სახელმღვანელოს ზემოაღნიშნული პუნქტების დარღვევაზე მითითება საფუძველს მოკლებულია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც, დარღვევა შესაძლოა გამხდარიყო დისციპლინური პასუხისმგებლობის და არა ისეთი უკიდურესი ღონისძიების გამოყენების საფუძველი, როგორიცაა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების შესახებ. საკასაციო პრეტენზია კომპენსაციისა და განაცდურის ოდენობას არ შეეხება, შესაბამისად, პალატა არ იმსჯელებს მათზე. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 500.64 ლარის 70% – 350.44 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სს „ს.ბ–ს“ (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 500.64 ლარის (საგადახდო დავალება N4472, გადახდის თარიღი 05.05.2026) 70% – 350.44 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი