დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 19.06.2026
საქმის ნომერი
ას-612-2026
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
19.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-612-2026 19 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ხ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2026 წლის 08 აპრილის განჩინებები

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ხ–ძემ (შემდგომში - „განმცხადებელი“ ან „მოსარჩელე“) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ნ.ხ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „საჩივრის ავტორი“) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (ს/კ: ..........) 1/3 წილზე ყადაღის მოხსნა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის განცხადება დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოყენებული (შეცვლილი) უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ამავე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ..........) 1/3 წილს შემდეგი დასაბუთებით:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სახელზე 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული N171501207 სამკვიდრო მოწმობა ქ. ქუთაისში, ...........(ყოფილი ...........) ქუჩა N117/21-ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. ............) 1/3 ნაწილის მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღების ნაწილში და აღნიშნული უძრავი ქონების 1/3 ნაწილი აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად;

2.2. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ნაცვლად უძრავი ქონების (მდებარე ქ. ქუთაისში, .......... (ყოფილი ..........) ქუჩა N117/21-ში, საკადასტრო კოდი .........) 1/2 ნაწილისა, ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ამავე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ...........) 1/3 წილს;

2.3. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო განხილვის შემდეგ შევიდა კანონიერ ძალაში და 2024 წლის 5 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოსარჩელე (პ/ნ .........) წარმოადგენს კრედიტორს;

2.4. 2024 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოყენებული (შეცვლილი) უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. განმცხადებლის მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების წარდგენისა და ქონების რეგისტრაციის მიზნისთვის აუცილებელია სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება;

2.5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3 და 2671 მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას კანონიერ ძალაში შესული, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2022 წლის 10 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ითხოვს კრედიტორის წარმომადგენელი;

2.6. დადგენილია, რომ 2024 წლის 24 აგვისტოს გაცემული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, კრედიტორის - მოსარჩელის (პ/ნ ..........) სასარგებლოდ აღსასრულებელია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად: „ბათილად იქნას ცნობილი ნ.ხ–ძის სახელზე, 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა N171501207, ქ. ქუთაისში, ........... (ყოფილი .........) ქუჩა N117/21-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი .........) 1/3 ნაწილის ნ.ხ–ძის მიერ მემკვიდრეობით მიღების ნაწილში; ქ.ქუთაისში, .......... (ყოფილი .........) ქუჩა N117/21-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი ..........) 1/3 ნაწილი აღირიცხოს ნ.ხ–ძის საკუთრებად; შეიცვალოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ნაცვლად უძრავი ქონების (მდებარე - ქ. ქუთაისში, ............. (ყოფილი ........) ქუჩა N117/21-ში, საკადასტრო კოდი ........) 1/2 ნაწილისა, ყადაღა დაედოს ნ.ხ–ძის სახელზე რეგისტრირებული ამავე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 03...........) 1/3 წილს; ნ.ხ–ძეს, ნ.ხ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს ნ.ხ–ძის მიერ სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 414 ლარის ოდენობით“.

2.7. სსსკ-ის 191.1 მუხლის მიხედვით, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება კრედიტორის მოთხოვნის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით. კრედიტორის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, იგი, არსებითად, კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარს აცხადებს, რაც საფუძველს აცლის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობას;

2.8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას ითხოვდა კრედიტორი - მოსარჩელე და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი განცხადება საფუძვლიანი იყო. შესაბამისად, არსებობდა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

3. მოპასუხემ ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე დაყრდნობით:

3.1. გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან აღსრულება, რომელიც სააღსრულებო ფურცლით არის მოთხოვნილი, უკანონო და დაუსაბუთებელია. კერძოდ, ხელს უშლის კეთილსინდისიერი მესაკუთრის - მოპასუხის 2/3 წილის დანიშნულების შესაბამისად გამოყენებას, ვინაიდან მასზე აღინიშნება შეზღუდვები, რაც გამოწვეულია მოსარჩელის მიერ 1/3 წილის საკუთრებაში დაკანონებით. მოპასუხისთვის აღნიშნულის შესახებ 2026 წლის 13 მარტს გახდა ცნობილი. სააღსრულებო ფურცლით დარეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ხელს უშლის საჩივრის ავტორის კონსტიტუციურ უფლებას, უძრავი ნივთის 2/3-ის ფლობა-განკარგვას და სხვა დანიშნულებით გამოყენებას, შესაბამისად, საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააღსრულებო ფურცლით განხორციელებულ ქმედებას. უძრავი ქონების 1/3-ზე ყადაღის მოხსნა და უძრავის ქონების 1/3-ის დარეგისტრირება არალოგიკური, უკანონო და დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს სააღსრულებო ფურცელი და უზრუნველყოფის სახით დარჩეს ყადაღა უძრავ ქონებაზე, მდებარე ...........117/21, საკადასტრო კოდი: .........., 1/3 ნაწილზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე (სამოქალაქო საქმე №2/ბ-139-2021) მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების თანახმად:

5.1. წარმოდგენილი საჩივრის ძირითად არგუმენტად მომჩივანი მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება ხელს უშლის მესაკუთრის - მოპასუხის მიერ საკუთარი 2/3 წილის სათანადოდ გამოყენებას, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი მოსარჩელის უფლებითაა გამოწვეული. მომჩივნის აღნიშნული არგუმენტები და მოთხოვნა იმის შესახებ, რომ უნდა გაუქმდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლად გაცემული სააღსრულებო ფურცელი, არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს;

5.2. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს მითითებას ისეთ გარემოებებზე, რომლებიც იძლევა განსხვავებული სამართლებრივი დასკვნის გაკეთების საფუძველს, რაც გასაჩივრებულ განჩინებაშია ასახული. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნიდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით [სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილი]. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების კანონიერება.

9. დადგენილია, რომ კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სახელზე 2017 წლის 27 დეკემბერს გაცემული N171501207 სამკვიდრო მოწმობა ქ. ქუთაისში, ........... (ყოფილი ..........) ქუჩა N117/21-ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ. .........) 1/3 ნაწილის მოპასუხის მიერ მემკვიდრეობით მიღების ნაწილში და აღნიშნული უძრავი ქონების 1/3 ნაწილი აღირიცხა მოსარჩელის საკუთრებად. ამავე გადაწყვეტილების მე-5 პუნქტით შეიცვალა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ნაცვლად უძრავი ქონების (მდებარე ქ. ქუთაისში, ......... (ყოფილი ........) ქუჩა N117/21-ში, საკადასტრო კოდი .........) 1/2 ნაწილისა, ყადაღა დაედო მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ამავე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი .........) 1/3 წილს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო განხილვის შემდეგ შევიდა კანონიერ ძალაში და 2024 წლის 5 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს კრედიტორს.

10. 2024 წლის 16 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოყენებული (შეცვლილი) უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

11. სსსკ-ის 191.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ის კონკრეტული გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1302-2019, 26 დეკემბერი, 2019 წელი). სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და, ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ა-1222-ბ-10-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი), ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის მიმართ და/ან მის წინააღმდეგ, რათა მოსარჩელის კანონიერი ინტერესები მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედებისგან იყოს დაცული (იხ. სუსგ საქმე №ას-198-2026, 19 მარტი, 2026 წელი).

13. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა მოსარჩელისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული შესაძლებლობაა, რათა თავიდან აიცილოს შემდგომში მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობა თუ აღსრულების გართულება, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა, სსსკ-ის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარის დისპოზიციური უფლებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-902-2024, 24 სექტემბერი, 2024 წელი).

14. სსსკ-ის 2.1 მუხლით, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სსსკ-ის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

15. დისპოზიციურობის პრინციპი ორიენტირებულია უფლების მქონე სუბიექტის თავისუფალ ნებაზე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური თუ საპროცესო უფლებები და ყოველგვარი რისკი, რომელიც ამ ნორმის ფარგლებში გამოვლენილ ნებას შეიძლება თან სდევდეს, ნების გამომვლენს აწევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1023-2018, 30 ნოემბერი, 2018 წელი). აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე, რომლის შუამდგომლობის საფუძველზე და რომლის სასარგებლოდაც არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, მოითხოვს მის გაუქმებას, დადგენილი შეზღუდვის ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს (იხ. სუსგ საქმე №ას-902-2024, 24 სექტემბერი, 2024 წელი). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად გააუქმა ამავე სასამართლოს 2022 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხის საჩივარი უსაფუძვლოა, სააპელაციო სასამართლოს განჩინებები კი -დასაბუთებული და არ არსებობს მათი გაუქმების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ხ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2026 წლის 08 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე