დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 29.04.2026
საქმის ნომერი
ას-1613-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1613-2025

29 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - გ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ხ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ხ–იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.მ–ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების - 2008 წლის 7 ივნისს დაბადებული მ.მ–ის სასარგებლოდ 1000 ლარისა და 2012 წლის 6 მარტს დაბადებული ა.მ–ის სასარგებლოდ 1000 ლარის ალიმენტის დაკისრება, სარჩელის სასამართლოში შეტანის დღიდან მათ სრულწლოვანებამდე.

2. სარჩელის თანახმად, 2007 წლის 9 ივნისს მხარეებმა შექმნეს ოჯახი. თანაცხოვრების პერიოდში, 2008 წლის 7 ივნისს შეეძინათ შვილი მ.მ–ი, ხოლო 2012 წლის 6 მარტს - ა.მ–ი. 2023 წლის 14 აგვისტოდან მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში და ამდროიდან მოპასუხე თავს არიდებს პასუხისმგებლობას, არჩინოს არასრულწლოვნები, აქვს კერძო ბიზნესი, კერძოდ, ამუშავებს თვითმცლელებს (ტრაილერებს), წლიური ბრუნვა შეადგენს 2 000 000 ლარს. ამასთან, მოპასუხე არის 7 ტრაილერის მესაკუთრე. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვნებზე ზრუნავს მხოლოდ დედა, მამის ჩართულობის გარეშე. გარდა მატერიალური აუცილებელი ხარჯისა, მოსარჩელე ასევე იხდის ბავშვების პედაგოგებთან მოსამზადებელ თანხებს. კერძოდ, გერმანულში იხდის 500 ევროს და ინგლისურში 800 აშშ დოლარს.

3. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ალიმენტის, 500 ლარის, დაკისრების ნაწილში და მიუთითა, რომ მოსარჩელის პრეტენზიის გამო, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და საქმისწარმოების დასრულებამდე, მისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეუძლია გადაიხადოს ამ თანხაზე მეტი.

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები: შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვან შვილებთან, 2008 წლის 7 ივნისს დაბადებულ მ.მ–თან და 2012 წლის 6 მარტს დაბადებულ ა.მ–თან, ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგნაირად: ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან კვირა საღამოს 17:00 საათამდე, ასევე ზამთრის არდადეგების ერთი კვირა (06 იანვრის 11:00 საათიდან 14 იანვრის 20:00 საათამდე). აგრეთვე, ზაფხულის არადადეგების ერთი თვე - ყოველი წლის 1-ელი ივლისის 11:00 საათიდან, 30 ივლისის 20:00 საათამდე. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა დაშორების შემდეგ, ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ეს უკანასკნელი კი, არ აძლევს მას უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან.

5. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ, კერძოდ, მისი განმარტებით, ბავშვებს არ სურთ მივიდნენ იმ სახლში, სადაც ბებია და მამიდა ცხოვრობს. თუ მამა მარტო იცხოვრებს, ბავშვებს ექნებათ ურთიერთობა მამასთან.

6. რუსთავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილებით, ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების - 2008 წლის 7 ივნისს დაბადებული მ.მ–ის და 2012 წლის 6 მარტს დაბადებული ა.მ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 700 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან (01.02.2024წ) ბავშვების სრულწლოვანებამდე. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, მოსარჩელეს მიეცა უფლება ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილებთან - 2008 წლის 7 ივნისს დაბადებულ მ.მ–თან და 2012 წლის 6 მარტს დაბადებულ ა.მ–თან ყოველი კვირის შაბათი დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე, ასევე ყოველი კვირის კვირა დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე, ასევე ყოველი წლის ზაფხულის არდადეგების პერიოდში ერთი თვით (30 დღე) და ზამთრის არდადეგების პერიოდში ერთი კვირით (7 დღე), ბავშვების დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში ურთიერთობის კონკრეტული დრო განისაზღვროს მშობლების შეთანხმებით და ბავშვების სურვილის გათვალისწინებით.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გ.მ–მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება 500 (250-250 ლარი) ლარის ნაწილში.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ნოემბრის განჩინებით, გ.მ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 აპრილის გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10. სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა მოპასუხის პრეტენზიაზე მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების შესახებ, კერძოდ, აპელანტი მოითხოვდა, რომ ალიმენტის ოდენობა, ნაცვლად 1400 (700-700) ლარისა, განისაზღვროს ყოველთვიურად 500 (250-250) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3, მე-8, მე-18, 27.2-ე მუხლებზე.

12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტი განსაზღვრა მისი ქონებრივი მდგომარეობის არასათანადოდ შეფასების შედეგად და არ გაითვალისწინა ბავშვების დედის შემოსავლები.

13. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე დედა, შვილების მოვლა-აღზრდას ახორციელებს დამოუკიდებლად, რაც მოითხოვს დროისა და ადამიანური რესურსების უდიდეს ნაწილს. მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს, ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით.

14. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე დასაქმებულია შპს „ქ.ც–ში“ და აქვს სტაბილური შემოსავალი. ხოლო, მოპასუხის ერთობლივი შემოსავალი, 01.2021 წლიდან 09.2024 წლის ჩათვლით, შეადგენდა 3 636 094,06 ლარს და 2024 წლის 1-ელ მარტს მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი.მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის წარმოება და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს 300 000 ლარიანი გირაო. რაც შეეხება არასრულწლოვნის საჭიროებებს, პალატამ მიუთითა, რომ მ. და ა.მ–ები არიან სკოლის მოსწავლეები, მ. იმყოფება დამამთავრებელ კლასში, არის აბიტურიენტი. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 14.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით, მ. და ა. ირიცხებიან ქ. რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის №4 საჯარო სკოლაში. მ. ირიცხება მე-11 კლასში და მისი გადმოცემით, აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ასევე, მ. სკოლის გარეთ იღებს გაკვეთილებს: ინგლისურში, გერმანულში, ქართულსა და მათემატიკაში. მოსარჩელის განმარტებით, გერმანულ ენაში გადასახადი შეადგენს 500 ევროს ეკვივალენტი ლარს, ხოლო ინგლისურ ენაში 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარს.

15. პალატამ განმარტა, რომ ბავშვის ამჟამინდელი ასაკი არის გადამწყვეტი, მისი მომავალი ცხოვრების ნორმალური განვითარებისათვის სკოლის დამამამთავრებელი პერიოდი გარდამტეხია და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა განსაკუთრებულ, სტაბილურ ფინანსურ და ასევე ემოციურ მხარდაჭერას მოითხოვს. მისი უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რისთვისაც ის ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია მოპასუხის განმარტებით, მას ამ ეტაპზე არა აქვს სტაბილური შემოსავალი, თუმცა, ის შრომისუნარიანია და არ აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც ხელს შეუშლიდა დასაქმებასა და მატერიალური შემოსავლის მიღებაში.

17. პალატის განსჯით, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თვეში 700-700 ლარი.

18. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე გ.მ–მა წარადგინა საკასაციო საჩივარი.

19. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

19.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გამოიკვლია და შესაბამისად, არ შეაფასა ის გარემოებები, რომ მოსარჩელეს აქვს დიდი შემოსავალი და მოპასუხე კი ამჟამად ბრალდებულია, მის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმისწარმოება და ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 თებერვლის განჩინებით, გ.მ–ის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულია დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 22. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 24. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების კანონიერების შემოწმება, რომლითაც უცვლელად დარჩა მოპასუხის (აპელანტი) საალიმენტო ვალდებულების 700-700 ლარით განსაზღვრის შესახებ რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

27. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

28. სსსკ-ის თავი XLIII განსაზღვრავს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

29. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე - შვილის საჭიროებებს. 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

30. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით, მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა, მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო.

31. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს, ამოსავალია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას, უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1328-2023, 07 მარტი, 2024წ.; №ას-1023-2023, 16 ნოემბერი, 2023 წელი.; №ას-623-2025, 18 სექტემბერი, 2025წ.).

32. ამდენად, სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრულწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში (იხ. სუსგ №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019წ.).

33. ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს (იხ. სუსგ №ას-159-2024; 23/01/2025წ.). როგორც წესი, იმ მშობლის მიერ გაწეული ხარჯები, რომელთანაც ბავშვი მუდმივად ცხოვრობს, გაცილებით მეტია, იგი მოიცავს ბავშვის სწავლა-განათლებისათვის, ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჰიგიენისთვის, სოციალური აქტივობებისთვის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გაწეულ ხარჯებს. ამას ემატება ის მორალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, რაც როგორც წესი მეტი აქვს იმ მშობელს, ვისთანაც ბავშვები განქორწინების შემდგომ, მუდმივად ცხოვრობენ, აღნიშნული კი კომპენსირებული უნდა იყოს მეორე მშობლის მიერ გონივრული ფულადი დახმარებით (იხ. სუსგ Nას-341-2022, 14/06/2022წ.).

34. „ბავშვთა უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01/07/1994წ.) მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

35. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაც, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

36. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად კი, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს (იხ. სუსგ №ას-334-2024; 16/05/2024წ.).

37. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც, მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე, არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებული არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ, შესაძლოა, დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999.

39. კონკრეტულ სადავო საკითხთან მიმართებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა დააკისრეს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, რაც თვეში 700-700 ლარს შეადგენს.

40. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მხარეთა მატერიალური მდგომარეობა, ამ თვალსაზრისით, პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოებმა შეისწავლეს მოპასუხის შემოსავლები, სრულად გამოიკვლიეს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, გამოკვლეულ იქნა არასრულწლოვნების საჭიროებებიც. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ მიიჩნევა მოპასუხის მითითებაც, რომ ამჟამად არის ბრალდებული და ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი, მის მიერ მითითებული გარემოება კი არ გამორიცხავს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც. საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს.

41. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.მ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. გ.მ–ს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს დ.ბ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადახდო დავალება #31605386521, გადახდის თარიღი 26.01.2026);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე