დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-93-2026
14 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – უ.მ.მ...(მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.მ... (მოსარჩელე)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ნ.მ...-მ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „დედა“) სარჩელი აღძრა სასამართლოში უ.მ.მ...-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მამა“ ან „კასატორი“) მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 01 აგვისტოს განჩინებით წინამდებარე საქმეში ჩაერთო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, რომელსაც გაეგზავნა საქმის მასალები და დაევალა: ბავშვის ინტერესების დაცვის მიზნით, წარმომადგენლის დანიშვნა; მხარეთა სოციალური გარემოს, საცხოვრებელი პირობებისა და საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა; ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასებისა და მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით, დავის საგანთან მიმართებით მხარეთა პოზიციის გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის წარდგენა. 4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი დაეთანხმა მეურვეობის ორგანოს მიერ მომზადებულ დასკვნებს, რომელთა მიხედვით: არსებული გარემოებების, რისკებისა და ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სასამართლომ იმსჯელოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით დავის საგანთან მიმართებით. ვინაიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესი სწორედ ორივე მშობელთან დადებითი ურთიერთობის ქონაა, არ უნდა ეშლებოდეს ამ პროცესს ხელი არც მამის და არც დედის მხრიდან. რაც შეეხება მამასთან ურთიერთობას, მიღებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი მამასთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს, არ იკვეთება ნეგატიური ზეგავლენა. გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხის მხრიდან არ დასტურდება რაიმე სახის საფრთხის შემცველი (ფიზიკური/ფსიქოლოგიური) ქმედება მცირეწლოვნის მიმართ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ბავშვთან ურთიერთობისა და მამა-შვილური ემოციური კავშირის ჩამოყალიბების, მისი გაძლიერებისათვის. საბოლოოდ, როგორც დასკვნაში მითითებული, ისე სხდომაზე დაფიქსირებული პოზიციით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას. რაც შეეხება, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას, ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, იმგვარად, რომ არ დაირღვეს არასრულწლოვნის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს/მამას შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ პასპორტის აღების, საქართველოს საზღვრის კვეთისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადებისა და მისი „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გადაადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის ნაწილში, წელიწადში არაუმეტეს 7 კვირისა; მამას განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: მამას მიეცა უფლება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი ყოველი კვირის ოთხშაბათს და პარასკევს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დასრულებიდან 21:00 საათამდე შუალედში, დღეში არაუმეტეს 4 (ოთხი) საათისა, შაბათს - 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, დედის თანდასწრებით. დედის თანხმობით მამის მიერ ბავშვის წაყვანის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია ბავშვი დააბრუნოს დედის საცხოვრებელ ადგილას იმავე დღეს, არაუგვიანეს 21:00 საათისა. აღნიშნული გადაწყვეტილება არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 8.1. მოსარჩელე და მოპასუხე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2011 წლიდან. მხარეთა შორის ქორწინება შეწყვეტილია 2021 წლის 11 ნოემბრიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
8.2. მხარეებს ჰყავთ ერთი საერთო შვილი - 2019 წლის 27 იანვარს დაბადებული იზაბელლა მია მაკკარტი III;
8.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.01.2020წ. განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 1 200 ლარის ოდენობით; ამასთან, მოპასუხეს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: მამას მიეცა უფლება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი ყოველი კვირის ხუთ დღეს არასამუშაო დროს საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე არსებულ შუალედში, მოსარჩელის თანდასწრებით. მოსარჩელე და მოპასუხე შესაძლოა შეთანხმდნენ მამის მიერ ბავშვის ნახვაზე დამატებით, ნებისმიერ დროს, დედის თანდასწრებით. მოპასუხეს ბავშვის მონახულებისას ნებისმიერ დროს შეუძლია თან ჰყავდეს თავისი არასრულწლოვანი შვილი ს.რ.მ–ი. ამგვარი შეხვედრა უნდა წარიმართოს მოსარჩელის თანდასწრებით. ალიმენტის დაკისრების ნაწილში გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება. მოპასუხე არ იხდის დაკისრებულ ალიმენტს, თუმცა პერიოდულად ყიდულობს შვილისთვის სხვადასხვა ნივთებს, იხდის მკურნალობისა და სხვა ხარჯებს;
8.4. მოსარჩელე 2022 წლის 05 მაისიდან ქორწინებაში იმყოფება ნ.ბ–თან, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა;
8.5. მოსარჩელე არის შპს „ე.კ.პ–ის“ და შპს „ე.პ–ის“ დირექტორი, რომლის დამფუძნებელსაც წარმოადგენს მისი მეუღლე - ნ.ბ–უ. ნ.ბ. ხშირად უწევს საზღვარგარეთ გამგზავრება სამსახურებრივი ვიზიტებით;
8.6. მოსარჩელეს და მის მეუღლეს საქართველოში უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნიათ. დედა არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრობდა ქირავნობის საფუძველზე შემდეგ მისამართზე: თბილისი, …………. საქმის განხილვის დროისათვის მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს ასევე ქირავნობის საფუძველზე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ………. (დამქირავებელი ნ.ბ–უ);
8.7. მოპასუხე არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე. იგი სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა საქველმოქმედო და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებში. ასევე, გარკვეულ პერიოდში იყო დიპლომატიური/ საკონსულო წარმომადგენელი საქართველოში;
8.8. ამჟამად, მოპასუხეს აქვს სამედიცინო კლინიკა შპს „ა. ე. ე. ე–ს“. კომპანიის შემოსავალმა 2017 წლიდან 2019 წლის 01 დეკემბრამდე შეადგინა 1 429 903 ლარი, საიდანაც მოპასუხის დივიდენდი შეადგენდა 58 276 ლარს. 2019 წლის 01 დეკემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე კომპანიის შემოსავლის ჯამი არის 291 383 ლარი, ხოლო მისაღები დივიდენდი 58 276 ლარი;
8.9. მოპასუხე ქირაობს საცხოვრებელ სახლს შემდეგ მისამართზე: თბილისი, …………, რისთვისაც იხდის თვეში 700 აშშ დოლარს;
8.10. მოპასუხეს სახლში ჰყავს ძაღლი. ვეტერინარული საავადმყოფოს 13.10.22წ. ცნობის თანახმად, ცხოველს ჩატარებული აქვს ვაქცინაციები: NOBIVAC Rabies A576A01 – 13.10.22, NOBIVAC KC A122A01 – 13.10.22. ექტო და ენდო პარაზიტებზე დამუშავება: SIMPARIKA Trio – 05.10.22. ამავე ცნობით, ცხოველი არის ჯანმრთელი, ვაქცინირებული. დამუშავებული გარეგან და შინაგან პარაზიტებზე. არის უსაფრთხო, როგორც ხალხისთვის, ისე ცხოველებისთვის;
8.11. არასრულწლოვანი 2019 წლის 03 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა სტაციონარულ მკურნალობაზე ბოჭორიშვილის კლინიკაში, სადაც მეთვალყურეობდა მამა. ასევე, არასრულწლოვანი ავადობდა 2022 წლის აგვისტოს თვეში შეტევითი ხველითა და დაუზუსტებელი რინიტით. არასრულწლოვანს პერიოდულად აღენიშნება შეტევითი, სპაზმური ხველის ეპიზოდები;
8.12. 2019 წლის 03 დეკემბრის შეთანხმებით მოსარჩელემ მოპასუხეს ნება დართო, ეზრუნა არასრულწლოვნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
8.13. მოპასუხეს, გარდა არასრულწლოვანისა, ჰყავს ორი შვილი წინა ქორწინებიდან: 2001 წლის 22 მარტს დაბადებული მ.მ–ი და 2008 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ს.რ.მ–ი. საქართველოში ამჟამად ცხოვრობს მხოლოდ ს.რ.მ–ი, მ.მ–ი იმყოფება საზღვარგარეთ;
8.14. არასრულწლოვანი ქართულ ენაზე არ საუბრობს. მისი საკომუნიკაციო ენა არის ინგლისური. არასრულწლოვანი დადიოდა საბავშვო ბაღში „ტაბულა რასა”, რომლის ღირებულება 1000 ლარის ოდენობით გადახდილია მოპასუხის მიერ. ამჟამად, ბავშვი დადის შპს „ე.ს–ის“ საბავშვო ბაღში, რომლის სწავლის ღირებულებაც გადახდილია მოსარჩელის მიერ. ბავშვი განათლებას იღებს ინგლისურ ენაზე;
8.15. მხარეთა შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა, მათ შორის, არასრულწლოვანთან დაკავშირებულ საკითხებზეც. გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი. მოსარჩელემ რამდენჯერმე გამოიძახა საპატრულო პოლიცია იმ მიზეზით, რომ მოპასუხემ დათქმულ დროს არ დააბრუნა არასრულწლოვანი დედასთან. აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელემ მიმართა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსაც შესაბამისი რეაგირებისათვის;
8.16. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 11.10.2022წ. და 20.10.2022წ. დასკვნებით, მოპასუხისგან აღებული ბიოლოგიურ მასალის შემოწმებისას ნარკოტიკულ საშუალებებზე: ამფეტამინზე, ბუპრენორფინზე, მორფინზე, მეთადონზე და ჰიდროკანაბინოლზე მიღებულია უარყოფითი შედეგი. ასევე, მოპასუხის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი;
8.17. მოსარჩელე დიდი ხნით არ იმყოფებოდა საზღვარგარეთ და ბავშვი არ დაუტოვებია უმეთვალყურეოდ;
8.18. მოპასუხეს მოსარჩელეზე ფიზიკურად არ უძალადია;
8.19. მამის მხრიდან არასრულწლოვანზე ნეგატიური ზეგავლენის კვალი არ გამოკვეთილა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1202-ე, 1205-ე, 1197-ე, 1198-ე და 1199-ე მუხლები, ხოლო შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს კი წარმოადგენს სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 1202-ე მუხლი.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნასთან - არასრულწლოვანი შვილის საზღვარგარეთ გაყვანისა და საზღვარგარეთის პასპორტის მიღებაზე თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით, მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი შედავება ეფუძნება დედის მხრიდან ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ქვეყანაში დაუბრუნებლობის რისკს. კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, დედას გადაწყვეტილი აქვს ბავშვის საქართველოს საზღვრებს გარეთ საცხოვრებლად გაყვანა და მამასთან სამუდამოდ დაშორება. იმ შემთხვევაში, თუკი მას ამის შესაძლებლობა მიეცემა, იგი ბავშვს აღარ დააბრუნებს და მოპასუხეს აღარ ექნება შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. თუმცა, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც ზემოაღნიშნულ პოზიციას გაამყარებდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის ეჭვის გაზიარების საფუძველი ვერ გახდება მოსარჩელის ყოფილი მეუღლის - ნ.ბ., უცხო ქვეყნის მოქალაქეობასა და მათ ერთობლივ საქმიანობაზე აპელირება, რამდენადაც მოსარჩელესა და ნ.ბ–ს შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით, 2024 წლის 18 დეკემბერს. ამასთან, ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ამჟამად მხოლოდ ინგლისურ ენას ფლობს, არ არის საკმარისი საფუძველი იმ რისკის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელე ბავშვს საქართველოში არ დააბრუნებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოება მოსარჩელემ ახსნა ბავშვის ორივე მშობელთან კომუნიკაციის საჭიროებით, რამდენადაც მამა/მოპასუხე ინგლისურენოვანია და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, ამავდროულად არასრულწლოვანიც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა (იხ. ტ. 7, ს.ფ. 447-449). ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მამას არ მიუთითებია და არ დაუდასტურებია რაიმე ისეთი გარემოება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას, რომ დედა ბავშვთან ერთად ემიგრაციაში წასვლას აპირებს.
11. ზემოაღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნასა და სასამართლოში დაფიქსირებულ პოზიციაზე (რომლის მიხედვითაც, ორგანო არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას მშობლის უფლების შეზღუდვის თაობაზე, ვინაიდან მოპასუხის/მამის მხრიდან არ დასტურდება რაიმე სახის საფრთხის შემცველი (ფიზიკური/ფსიქოლოგიური) ქმედება მცირეწლოვნის მიმართ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ბავშვთან ურთიერთობისა და მამა-შვილური ემოციური კავშირის ჩამოყალიბების, მისი გაძლიერებისათვის) და აღნიშნა, რომ სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე, 352-ე, 354.1 მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამასთან, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით (სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც, მათ შორის, სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად განსაზღვროს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის პირობები, იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობა დასაბუთებულია და, ამავდროულად, გამოკვეთილი და დადგენადია მისი გაყვანის პერიოდულობა, ხანგრძლივობა და სხვა დეტალები.
12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფა არამხოლოდ სასამართლოს ან სახელმწიფო ინსტიტუტების ვალდებულებაა, არამედ ამაზე ზრუნვა ევალებათ ბავშვების აღზრდაზე პასუხისმგებელ პირებსაც. შესაბამისად, სხვა ქვეყნების მონახულების, ტურისტული ვიზიტების განხორციელების, სხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და გასართობი დაწესებულებების მონახულების, სხვა კულტურასთან ზიარების ან კურორტზე დასვენების მიზნით, ბავშვის საკეთილდღეოდ, დედას უნდა მიეცეს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ბავშვისათვის პასპორტის აღებითა და დედასთან ერთად საზღვარგარეთ კონკრეტული ვადით სამოგზაუროდ წასვლით არ იზღუდება მისი უფლება იმავდროულად იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში და ჰქონდეს ურთიერთობა მეორე მშობელთან, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ურთიერთობის წესი სასამართლოს გადაწყვეტილებითაა დადგენილი.
13. სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელე ყურადღებას ამახვილებდა ევროპის ქვეყნებში ბავშვის დასასვენებლად წაყვანაზე, ხოლო საქართველო არის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ჰააგის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფო, სამართლებრივი თვალსაზრისით, შესაძლებელია, დაზღვეულ იქნეს ის რისკი, რის გამოც მამა უარს ამბობს შვილისთვის პასპორტის აღებისა და საზღვრის კვეთის ნაწილში თანხმობის გაცემაზე. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონვენცია არის დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტი იმ პირების დასახმარებლად, ვისი მეურვეობის ან ნახვის უფლებაც დარღვეულ იქნა. შესაბამისად, პირებს ამავე კონვენციით აქვთ არჩევანის შესაძლებლობა – მიმართონ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალურ ორგანოებს, ანუ გამოიყენონ კონვენციის მექანიზმები, თუ აირჩიონ უშუალო ქმედების გზა - სასამართლოსადმი მიმართვისა იმ სახელმწიფოში, სადაც ბავშვი იმყოფება. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანუ როდესაც დაინტერესებული პირი მიმართავს სასამართლოს, მას შეუძლია მეორე არჩევანიც გააკეთოს და წარადგინოს განცხადება „კონვენციის დებულებების გამოყენებით ან მის გარეშე” (შდრ. სუსგ Nას-318-2024, 24.05.2024წ.). სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო იმ გარემოებაც, რომ სადავო შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, საზღვარგარეთ გაყვანის უფლება შეზღუდულია კონკრეტული პერიოდით, კერძოდ, წელიწადში არაუმეტეს 07 კვირისა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეში იკვეთება ფაქტობრივი გარემოებები, რაც გამოიხატება მოპასუხის/მამის მიერ არასრულწლოვანი შვილის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ გადაწყვეტილებების მიღებაში, პასპორტის აღებისა და დასასვენებლად საზღვარგარეთ გაყვანაში ხელის შეშლის ნაწილში.
14. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის დაკმაყოფილებით უზრუნველყოფილი და დაბალანსებული იქნება, როგორც ორივე მშობლის, ასევე, ბავშვის ინტერესები. შესაბამისად, მამას უნდა შეეზღუდოს წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვნის მიმართ პასპორტის აღების, საქართველოს საზღვრის კვეთისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადებისა და მისი „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გადაადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის ნაწილში, წელიწადში არაუმეტეს 07 კვირისა.
15. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტის შემდეგი პრეტენზია არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას ეხება, კერძოდ, აპელანტი მოითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.01.2020წ. განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების შეცვლას იმგვარად, რომ მამას მიეცეს უფლება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი ყოველი კვირის ორ დღეს: ოთხშაბათსა და პარასკევს 18:00 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათ დღეს 14:00-დან 18:00 საათამდე (იხ. 21.10.2025წ. სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:31:18 წუთიდან სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე). მოსარჩელემ ურთიერთობის წესის შეცვლა არასრულწლოვნის საჭიროებებითა და ინტერესებით ახსნა, რამდენადაც მორიგების დამტკიცების პერიოდში ბავშვი ერთი წლისაც არ იყო, არ დადიოდა ბაღში ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, მისი გრაფიკი და ინტერესები განსხვავდებოდა ამჟამად არსებული მდგომარეობისგან. აღნიშნული მოთხოვნის წინააღმდეგ მოწინააღმდეგე მხარის ძირითადი შედავება ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ მას რამდენიმე თვეა შვილი არ უნახავს, შვილთან კომუნიკაციის საშუალებას კი მისი ყოფილი მეუღლე/მოსარჩელე არ აძლევს. მათ შორის მუდმივი კონფლიქტი და დაძაბულობა, რაც აისახება მის ბავშვთან ურთიერთობაზე. ამასთან, მოპასუხე მოსარჩელის მხრიდან ბავშვის მიმართ ცუდ დამოკიდებულებაზეც აპელირებდა.
16. სააპელაციო პალატამ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.01.2020წ. განჩინებით დამტკიცებულ მორიგების პირობებზე, რომლის მიხედვით, არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის მამას განესაზღვრა კვირის განმავლობაში ჯამში 20 საათი. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, იმგვარად, რომ არ დაირღვეს არასრულწლოვნის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნების თანახმად, არ იკვეთება რაიმე ნეგატიური ფაქტორი, რაც ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის შეცვლის საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. სოციალური მუშაკი იმყოფებოდა მამის საცხოვრებელ ადგილზე. ბავშვს აქვს საკუთარი ოთახი და პირადი სივრცე. სოციალურ მუშაკს არ გამოუკვეთავს რაიმე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი გარემოება. სოციალური მუშაკის მითითებით, მას არ მიეცა მამისა და შვილის ურთიერთობაზე დაკვირვების შესაძლებლობა, თუმცა წარდგენილი მასალებით, მათ შორის, ვიდეოჩანაწერებით, ბავშვი მამასთან თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად გრძნობს (იხ. ტ. 3, ს.ფ. 87-92). ამასთან, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ 24.10.2025წ. შედგენილი სიტუაციური ანალიზის საფუძველზე განხორციელებული ინტერვენციისა და დაკვირვების შედეგად არ გამოვლენილა რისკ გარემოება იმისა, რომ რაიმე ფორმით ამჟამინდელი მზრუნველი პირის/დედის მიერ უგულებელყოფილია არასრულწლოვნის უფლებები და საჭიროებები. ბავშვი ცხოვრობს მზრუნველ გარემოში, სადაც წახალისებულია მისი ინტერესები და ხელი ეწყობა მის განვითარებას (იხ. ტ. 9, ს.ფ. 35-36).
17. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იყოს იმგვარი გრაფიკი, რაც შეესაბამება ბავშვის ასაკსა და მდგომარეობას, მისი სწავლისა და დასვენების დროს, ძილის რეჟიმს. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30.01.2020წ. განჩინებით მორიგების დამტკიცებისას არასრულწლოვანი იყო 1 წლამდე და მისი საჭიროებები და ინტერესები ასაკის ზრდასთან ერთად შეიცვალა, მამასთან დადგენილი ურთიერთობის გრაფიკიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და მის საჭიროებებს უნდა მიესადაგოს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამას უნდა მიეცეს უფლება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი ყოველი კვირის ოთხშაბათს და პარასკევს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დასრულებიდან 21:00 საათამდე შუალედში, დღეში არაუმეტეს 4 საათისა, ხოლო შაბათს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, მოსარჩელის თანდასწრებით. ამასთან, მოსარჩელის თანხმობით მოპასუხის მიერ ბავშვის წაყვანის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია ბავშვი დააბრუნოს დედის საცხოვრებელ ადგილას იმავე დღეს, არაუგვიანეს 21:00 საათისა.
18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს მორიგების აქტით განსაზღვრული ბავშვთან ურთიერთობის კონკრეტული წესის შეცვლა არ მოუთხოვია, მისი პრეტენზიები ამ აქტის აღსრულების პრობლემებს ეხება, რაც მოცემული დავის განხილვის საგანი არაა. სააპელაციო პალატამ მხარეებს განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს. დედა-შვილს შორის ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. შესაბამისად, ორივე მშობელს ევალება, საკუთარი შვილის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც მშობლის ზნეობრივი მოვალეობაცაა და გამიზნულია ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარების ხელშეწყობისათვის. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნებისმიერმა პროცესუალურმა დაყოვნებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქმის შედეგზე, რაც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ხელყოფას გამოიწვევს (იხ. საჰინი გერმანიის წინააღმდეგ, Sahini v. Germany, No 30943/96, 8.7.03, par. 65).
19. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა (დეტ. იხ. ტ. 11, 23.03.2026წ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მშობლის (მამის) წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვისა (არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში) და მამისათვის არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესის ცვლილების მართლზომიერება. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“; Van de Hurk v. The Netherlands, § 61; Garcia Ruiz v. Spain [GC] § 26; Perez v. France [GC], § 81). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა“ და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. დასახელებული კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე Nას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66). აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლისა და 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში; მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით; იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. დასახელებული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე Nას-458-440-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი; ამასთან, სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წაყენებისას მოსარჩელეს ეკისრება შეზღუდვის აუცილებლობის დამტკიცების ვალდებულება (იხ. სუსგ საქმე Nას-857-2019, 18 დეკემბერი, 2020 წელი). წინამდებარე საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის ურთიერთშეჯერების შედეგად, ასევე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მამისათვის მშობლის უფლების ნაწილობრივ - პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, შეზღუდვის საფუძველი. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, კასატორის ძირითადი პრეტენზია დედის მიერ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ქვეყანაში დაუბრუნებლობის რისკს ეფუძნება, თუმცა მოპასუხემ ეს გარემოება სათანადოდ ვერ დაადასტურა. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მამას მშობლის უფლება შეეზღუდა მხოლოდ ბავშვის „ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ ჰააგის კონვენციის“ ხელშემკვრელ სახელმწიფოებში გადაადგილებისათვის სახელმწიფო საზღვრის კვეთის ნაწილში, აღნიშნული კონვენციის შესაბამისად კი, ქვეყნიდან არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნების ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად მკაცრად რეგლამენტირებული მექანიზმები მოქმედებს. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „დასვენებისა და განვითარების, თვალსაწიერის გაფართოების მიზნით მოგზაურობა/სხვა ქვეყანაში პერიოდულად ცხოვრება (მით უფრო დედასთან ერთად დროის გატარება) ბავშვის ინტერესებში ყოველთვის შეიძლება შედიოდეს, თუკი რაიმე ისეთი გარემოება არ იკვეთება, რაც ბავშვის ამ უფლების შეზღუდვას უპირატეს ინტერესად აქცევს. მაგალითისთვის, ეს შეიძლება იყოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მგზავრობის დაუძლეველი შიში, განათლების მიღებაში ხელშეშლა და სხვა“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1260-2024, 29 ოქტომბერი, 2025 წელი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება; იმავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების განქორწინების შემდეგ ბავშვთან კონტაქტის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან, რომელიც ეფექტური და შეძლებისდაგვარად რეგულარული უნდა იყოს. რასაკვირველია, ამ საკითხის გადაწყვეტის დროს, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესების გათვალისწინება უნდა მოხდეს, რომელიც ორ ასპექტს გულისხმობს: ერთი მხრივ, ბავშვის ინტერესებშია, რომ იგი განვითარდეს ჯანსაღ გარემოში და მშობელს არ მიეცეს ისეთი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, რომელიც ზიანს მიაყენებს მის ჯანმრთელობასა და განვითარებას; მეორე მხრივ, ცხადია, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ შენარჩუნდეს მისი კავშირი მამასთან, რათა გაძლიერდეს მამის როლი და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში(იხ. სუსგ საქმე Nას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემაში იგულისხმება არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და პატივისცემა, არამედ, ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულება ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნების ქვეშ ნაგულისხმევია არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, არამედ, მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირი, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადაწონის მშობლის ინტერესს (იხ. სუსგ საქმე Nას-1449-1369-2017, 20 აპრილი, 2018 წელი). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). შესაბამისად, უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თითოეული მშობლის მიერ წახალისებული უნდა იყოს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს ბავშვის სრულყოფილი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელ წინაპირობას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მამას განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის შემდეგი წესი: მამას მიეცა უფლება ინახულოს არასრულწლოვანი შვილი ყოველი კვირის ოთხშაბათს და პარასკევს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო პროცესის დასრულებიდან 21:00 საათამდე შუალედში, დღეში არაუმეტეს 4 (ოთხი) საათისა, შაბათს - 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, დედის თანდასწრებით. დედის თანხმობით მამის მიერ ბავშვის წაყვანის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი ვალდებულია ბავშვი დააბრუნოს დედის საცხოვრებელ ადგილას იმავე დღეს, არაუგვიანეს 21:00 საათისა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ურთიერთობის წესთან მიმართებით. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ვერ ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და მამა-შვილს შორის ურთიერთობა, რაც განსახილველი დავის საგანს სცდება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. უ.მ.მ...-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. უ.მ.მ...-ს (პ.ნ. .........) დაუბრუნდეს მის მიერ 2026 წლის 11 თებერვალს №31888089905 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია