დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 11.06.2026
საქმის ნომერი
ას-213-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-213-2026 11 ივნისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სადაზღვევო თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და სს ,,ნ.ვ.დ–ვას“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 02/01/22-CON ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი CON210000477), რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა ხელმოწერის დღიდან 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით. აღნიშნული ხელშეკრულებით მათ შორის დაზღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება (Volkswagen Crafter) სახ.ნომერი ........

2. სს „ნ.ვ.დ–ვის“ მიერ 01/01/2022 წელს გაიცა No AUTO-.....-..... სადაზღვევო პოლისი, რომლის თანახმად, დაზღვეულ იქნა სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბალანსზე არსებული ავტომანქანა, Volkswagen Crafter, სახ.ნომერი .........

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2022 წლის 31 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მძღოლის - გ.შ–ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნას, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც, მას შეეძლო მომხდარი საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

4. სსიპ-საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მძღოლი გ.შ–ძე, 2022 წლის 19 ივლისს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით, 04:00 საათზე, ქ.ზუგდიდში, ......... ქუჩაზე, ........... ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, გ.შ–ძეს ჩაეძინა, გადავიდა სავალი ნაწილიდან და შეეჯახა საცხოვრებელი სახლის ღობეს. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანებებით ექიმი ი.ხ. და მედდა მ.ჯ. გადაიყვანეს ევექსის ჰოსპიტლების ზუგდიდს რეფერალურ ჰოსპიტალში.

5. შპს „ი.ა–ოს“ 2022 წლის 20 სექტემბრის ინვოისით დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების (Volkswagen Crafter) სახ.ნომრით ........... დაზიანებებით მიყენებულმა ზიანის ოდენობამ შეადგინა 83 149 ლარი.

6. მოსარჩელეს, 2022 წლის 18 ოქტომბრის წერილის თანახმად, უარი ეთქვა ზარალის ანაზღაურებაზე, მოპასუხის განმარტებით, გ.შ–ძის (უფლებამოსილი მძღოლი) ქმედება წარმოადგენდა უხეშ გაუფრთხილებლობას.

7. ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას არ დადასტურდა დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის ფაქტი.

8. სასარჩელო მოთხოვნა

მოსარჩელე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელმა, 2024 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ნ.ვ.დ–ვის“ წინააღმდეგ და მოითხოვა სს „ნ.ვ.დ–ვისათვის“ სადაზღვევო თანხის - 83 149 ლარის, ასევე, პირგასამტეხლოს სახით, 95 955.10 ლარის დაკისრება.

9. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სარჩელი, მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვის“ მიმართ სადაზღვევო თანხის - 83 149 ლარისა და პირგასამტეხლოს 95 955.10 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება; სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ნ.ვ.დ–ვას“, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა სადაზღვევო თანხის - 83 149 ლარისა და პირგასამტეხლოს - 9 595 ლარის გადახდა.

13. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

13.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13.2. კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში უგულებელყოფილია რიგი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი ნორმები, რისი გათვალისწინების შემთხვევაშიც სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული.

13.3. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად. ასევე, არ გამოიყენა სსკ-ის 829-ე მუხლი, რომელიც მზღვეველს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. ასევე დაუსაბუთებელია პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე მუხლიდან გამომდინარე. მძღოლის ჩაძინება, სავალი ნაწილიდან გადასვლა, ღობეზე დაჯახება ად მგზავრების დაზიანება სწორედ უხეშ გაუფრთხილებლობას წარმოადგენს.

13.4. შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული დასკვნით დადასტურდა, რომ მძღოლის ქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებს. აღნიშნულის დაცვის შემთხვევაში, მძღოლი თავიდან აიცილებდა ავარიას.

13.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მძღოლის სამსახურებრივი სპეციფიკა უძილობას ვერ შეაფასებს ისეთ გარემოებად, რომელიც უხეშ ხასიათს ატარებს. აღნიშნულს ვერ გაიზიარებს საკასაციო პალატა, რადგან ხელშეკრულების პირობები და მოწესრიგება სწორედ სპეციფიკური ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე გაწერდა სადაზღვევო შემთხვევისთვის პასუხსაგებ გარემოებებს. ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე კი დაუსაბუთებელია პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთ შემთხვევაზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ამ შემთხვევაში „ჩაძინება“ არ იყო გათვალისწინებული როგორც პასუხისმგებლობის საფუძველი, არ იყო დაფარული რისკი, აქედან გამომდინარე, სადაზღვევო შემთხვევაზე პასუხისმგებელი ვერ იქნება სადაზღვევო კომპანია.

13.6. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ თითქოს სწორედ სამსახურებრივი სპეციფიკა და მაღალი ღირებულების სიკეთის გადარჩენაზე ფიქრი გადაწონის უძილიობით გამოწვეულ ჩაძინების რისკს. კასატორის მითითებით, სწორედ კრიტიკულ სიტუაციაშია ვალდებული მძღოლი მომეტებულად გამოიჩინოს ყურადღებიანობა რათა აღიკვეთოს მისი მხრიდან დაუდევრობა და პაციენტმა მიიღოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. ამასთან, მძღოლს შეეძლო მიმხვდარიყო წინასწარ ჩაძინების რისკებს და პრევენციის მიზნით არ გაეგრძელებინა მანქანის მართვა.

13.7. ავტოსატრანსპორტო საშუალება მომეტებული საფრთხის წყაროა, მძღოლმა კი სრულად უგულებელყო წინდახედულობა მაშინ, როდესაც ის ჩვეულებრივი სამოქალაქო მძღოლი არ არის და მეტი ვალდებულება აქვს ზედმიწევნით დაიცვას მასზე დაკისრებული მოვალეობები. რადგან მან ეს ყველაფერი არ შეასრულა, სახეზე ნამდვილადაა უხეში გაუფრთხილებლობა, რაც ათავისუფლებს სადაზღვევო კომპანიას პასუხისმგებლობისგან.

13.8. კასატორი ასევე არ ეთანხმება ზიანის ოდენობას, რამდენადაც მისი მოსაზრებით, სასამართლოს აპრიორულად არ უნდა გაეზიარებინა შპს „ი.ა–ოს“ ინვოისი. ინვოისით არ დგინდება მითითებული დაზიანებები 2022 წლის 19 ივლისის შემთხვევიდან გამომდინარეობს თუ არა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ინვოისი რამდენიმე თვის დაგვიანებითაა შედგენილი. რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიის მიერ მტკიცებულების წარდგენის ვალდებულებას, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას ჩაეტარებინა ალტერნატიული შეფასება, რადგან სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა, მზღვეველი ისედაც არაა პასუხისმგებელი, ამიტომ ოდენობის განსაზღვრა არარელევანტურია.

13.9. კასატორი არ იზიარებს პირგასამტეხლოს ოდენობასაც, მიიჩნევს რა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო მოწესრიგებაზე, ასევე, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებაც სახეზე არაა. ასევე, შეუსაბამოდ მაღალია მისი ოდენობა, რაც მისი გაუქმების საფუძველია.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მთავარი კვლევის საგანია შეფასება, რამდენადაა სახეზე სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურების საფუძველი, რისთვისაც უნდა შეფასდეს მძღოლის ქმედების პასუხისმგებლობის ხარისხი - მოქმედებდა ის მარტივი თუ უხეში გაუფრთხილებლობით. აქედან გამომდინარე, შესაფასებელია ზიანისა და პირგასამტეხლოს ოდენობები.

20. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), ამავე კოდექსის 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლები.

21. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).

22. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, მხარეებს დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ რისკის ფარგლები გამიჯნული მაგალითად მარტივ და უხეშ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მარტივ გაუფრთხილებლობაზე იქნება კომპანია პასუხისმგებელი. ამავე მსჯელობით განმარტებულია თუ რა პრინციპით შეიძლება ჩაითვალოს ესა თუ ის ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად, კერძოდ აღნიშნული განჩინების მიხედვით - „საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (ას-1306-1226-2015, 1.07.2015); სიჩქარის გადაჭარბებასთან, როგორც გარკვეულ შემთხვევებში უხეში გაუფრთხილებლობის ერთ-ერთ საფუძველთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 829-ე მუხლის სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე#ას-745-713-2014, 30.04.2015, #ას-943-901-2013, 17.02.2014, #ას-1217-1146-2012, 22.10.2012 და #ას-1510-1425-1212, 18.02.2013).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (იხ. სსკ-ის 799.1 მუხლი). ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოვალეობის უმთავრეს პირობას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომა. თუ არ არსებობს სადაზღვევო შემთხვევა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც არ არსებობს. მეორე პირობა ამ ნორმის მოთხოვნისა ისაა, რომ მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ანუ სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას მხარეები თანხმდებიან დაზღვევის ინტერესისა და საგნის შესახებ, განისაზღვრება სადაზღვევო რისკი, სადაზღვევო თანხა და სხვა, რის შემდეგაც ფორმდება სადაზღვევო ხელშეკრულება.

24. სსკ-ის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

25. სამოქალაქო კანონმდებლობა არ ქმნის უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-865-2023, 29.09.2023წ.; №ას-422-2023, 9.11.2023წ.). უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (იხ.: სუსგ №ას-654-2019, 26.06.2020წ.; №ას-499-2023, 7.06.2023წ.). გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანხვდენილი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე, სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის დაუთმობლობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე ან არაფხიზელი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ.: სუსგ №ას-1306-1226-2015, 01.07.2016წ.; №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

26. „უხეში გაუფრთხილებლობის“ ლეგალურ დეფინიციას როგორც უკვე აღნიშნა სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა და მისი წინაპირობები ხელშეკრულებით არც მხარეებს განუსაზღვრავთ. შესაბამისად, საკასაციო პალატამ დაზღვევის ნორმების სამართლებრივი ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით უნდა შეაფასოს აღნიშნული საკითხი.

27. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მძღოლი ვალდებულია იცოდეს საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, მაგალითად, დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ.

28. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა მძღოლის ჩაძინება. საქმის გადაწყვეტისთვის კი ამოსავალია პასუხი გაეცეს კითხვას, ჩაძინება, როგორც ქმედება რამდენად შესაძლოა იყოს უხეში ან მარტივი გაუფრთხილებლობა. თუ კი ის განიმარტება, როგორც უხეში, მოპასუხის პასუხისმგებლობა თავისთავად გამოირიცხება, თუმცა, მარტოოდენ ჩაძინების ფაქტი პასუხისმგებლობის დადგენის კვლევისთვის მწირია თუ კი არ შეფასდება რა გარემოებაში, რის საფუძველზე მივიდა მძღოლი დასახელებულ კონდიციამდე და თავად შექმნა თუ არა მისი წინაპირობა (მაგალითისთვის, ალკოჰოლის მიღება თვითნებური ქცევაა, როდესაც მძღოლს წინდახედულად შეუძლია განჭვრიტოს თრობის ზემოქმედების დროს არსებული გაზრდილი რისკები).

29. საკასაციო პალატა მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საკასაციო პალატის მიერ განხილულ საქმეს, და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სადავო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოების (უხეში გაუფრთხილებლობა, როგორც ბრალის ფორმა) არსებობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, ამ შემთხვევაში, მხარეთა მიერ უხეში გაუფრთხილებლობა, აუცილებელი ყურადღებიანობის მაღალი ხარისხი, განხილულია როგორც მძღოლის სუბიექტური დამოკიდებულებით და მისი მოქმედებით აშკარა უყურადღებობის გამოხატვა ელემენტარული მოთხოვნების მიმართ. ასეთი ხარისხის უყურადღებობად კი, ვერ შეფასდება მძღოლის ჩაძინება საჭესთან, რომელიც აუცილებელი ყურადღებიანობის დარღვევის ხარისხით ვერ შეედრება ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებს. ზოგიერთ შემთხვევაში, მძღოლის საჭესთან ჩაძინება შესაძლოა არც კი იყოს დამოკიდებული მძღოლის ნებაზე. მით უმეტეს, მოპასუხე ვერ უთითებს, რაიმე გარემოებაზე ან შესაბამის მტკიცებულებაზე, რომელიც წინ უძღოდა მომხდარ შემთხვევას და რომელიც მიგვითითებს, რომ მძღოლს ფაქტობრივი წინაპირობებიდან გამომდინარე უნდა შეეცნო ჩაძინების საფრთხე. არ ჩანს ისეთი გარემოებები, რომელიც მიუთითებს, რომ მძღოლმა აუცილებელი ყურადღებიანობა არ გამოიჩინა და ამას მოჰყვა მისი გათიშვა ან ჩაძინება.

30. ასევე ხაზგასასმელია, რომ დამზღვევის პასუხისმგებლობის ფარგლების სადაზღვევო კომპანიის მხრიდან განხორციელებული განმარტება ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ არსს, რადგანაც ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დამზღვევის ნებისმიერი მოქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდეს და მზღვეველმა არ აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. სადაზღვევო რისკის რეალიზაცია მზღვეველის ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი წინაპირობაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო პრემია წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაწეული „რისკის ტარების“ ღირებულებას. თავისთავად, რისკი შეიძლება იყოს წინასწარ განჭვრეტადი, მაგრამ მისი რეალიზაციის (სადაზღვევო შემთხვევის დადგომის) ალბათობა უნდა იყოს განუჭვრეტელი და თავისუფალი მხარეთა გავლენისაგან. რისკი რომ სადაზღვევოდ ჩაითვალოს (დაზღვევადი რისკი), ის გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. სადაზღვევო რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაში ჰქონდათ ხელშეკრულების მხარეებს, სააპელაციო პალატის აზრით, მოიცავდა მომხდარ შემთხვევას. თუ ყოველ ადმინისტრაციულ ან სხვაგვარ გადაცდომას უხეშ გაუფრთხილებლობად მივიჩნევთ მზღვეველის მიერ გაწეული სადაზღვევო რისკი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და დაზღვევაც კარგავს კანონით განსაზღვრულ მიზანს (შრდ. იხ. სუსგ. საქმეზე საქმე №ას-1479-2019 21 იანვარი, 2020 წელი).

31. ზემოაღნიშნული განმარტებების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, ჩაძინების ფაქტის არსებობა (თუნდაც გამოწვეული იყოს უძილობით) დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უპირობოდ ვერ შეფასდება ისეთ გარემოებად, რომელიც დარღვევას უხეშ ხასიათს შესძენდა და წინდახედულებისა თუ უსაფრთხოების ნორმების უხეშ უგულებელყოფაზე მიუთითებდა.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ.შ–ძე დასაქმებული იყო სსიპ „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში“ მძღოლის პოზიციაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მისი საქმიანობის სპეციფიკა კი უდავოდ გულისხმობს მძიმე სამუშაო რეჟიმს, მათ შორის, ღამის საათებშიც, როდესაც განსაკუთრებულად ინტენსიური შესაძლოა იყოს დატვირთვის ხარისხი. განსახილველ შემთხვევაშიც, ავარია ღამით, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. თავად შემთხვევა კი არა მძღოლის მიერ წინასწარ შექმნილი ინდივიდუალური მიზეზით (მაგ. თრობა), არამედ მძიმე სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე იყო განპირობებული, რაც გამორიცხავს მძიმე გაუფრთხილებლობის არსებობას. ასეთ პირობებში, გასათვალისწინებელია რომ უძილობისას ყოველთვის არ შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ჩაძინების რეალური ან მოსალოდნელი საფრთხის აღქმა. მით უმეტეს, როდესაც იგი ასრულებს ისეთ მოვალეობას, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასა და გადარჩენას ემსახურება. ასეთ ვითარებაში უფრო ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ პირის ყურადღება მიმართული იქნება უფრო მაღალი საზოგადოებრივი ღირებულების მქონე სიკეთის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ, ვიდრე დაღლილობით ან უძილობით გამოწვეული შესაძლო ჩაძინების რისკის გააზრებისკენ.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მარტოოდენ ჩაძინების ფაქტი სამართლებრივად მწირია, თუ კი მისი წინაპირობები არ არის გამოკვლეული, რამდენადაც, ჩაძინება შესაძლოა საერთოდ არ იყოს მძღოლის ნებაზე დამოკიდებული, განსხვავებით ისეთი შემთხვევისგან, როდესაც მძღოლი თავად ქმნის ჩაძინების მაპროვოცირებელ წინაპირობებს. სწორედ ეს განსხვავებული წინაპირობებია პასუხისმგებლობის ზომის საფუძველი, რაც ამ შემთხვევაშიც ცალსახად საკითხის მარტივ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირებას ადასტურებს.

34. დამატებით აღსანიშნავია, რომ გამოირიცხა ალკოჰოლური თრობის ფაქტი, რამდენადაც დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს წერილის თანახმად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N005182522 დასკვნით გ.შ–ძის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი, ასევე ნარკოტიკული საშუალებები. საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია განზრახ, ანდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და ა.შ.

35. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე არსებული გარემოებების/მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის/მასშტაბის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად, რის გამოც სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა მართლზომიერია. რამდენადაც, არ დადგინდა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა - უხეში გაუფრთხილებლობა, ამიტომ დაზღვეული უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება.

36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მძღოლის ქმედება, მიიჩნია რა ის მარტივ გაუფრთხილებლობად, რაც ექცევა სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანაზღაურებად შემთხვევად. ამასთან, პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ საჭესთან ჩაძინება უხეშ გაუფრთხილებლობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს, მით უფრო მაშინ, როდესაც მძღოლი გადაუდებელი დახმარების სამსახურს წარმოადგენს, რადგან სამართალდამრღვევის დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ წარმოადგენს იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის საფუძველს შექმნიდა.

37. რაც შეეხება ზიანის ოდენობის განსაზღვრას, დადგენილია, რომ ავტოტრანსპორტის საშუალების (Volkswagen Crafter) სახ.ნომერი ........... დაზიანებებით მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 83 149 ლარი. კასატორის შედავება ამ კუთხით არარელევანტურია, რადგან მას არ წარუდგენია შპს „ი.ა–ოს“ ინვოისით მითითებული ზიანის ოდენობისგან განსხვავებული მტკიცებულება. მისი შეფასება მხოლოდ ვერბალურია და არ არის დაფუძნებული რამე სახის დასკვნაზე. კასატორის პრეტენზია, რომ თითქოს წარდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება უშუალოდ დასახელებული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად განიცადა თუ არა ავტომობილმა მსგავსი ზიანი - ვერ ჩაითვლება არგუმენტირებულ შედავებად, რამდენადაც თუ კი თავად ხდიდა სადავოდ დასახელებული მტკიცებულების დასკვნის სისწორეს, ჰქონდა პროცესუალური შესაძლებლობა ალტერნატიულად წარედგინა დასახელებული შეფასების გამომრიცხველი ფაქტი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება სასამართლოსთვის დამაჯერებელია, რამდენადაც მან უზრუნველყო მის ნაწილში არსებული მტკიცების ტვირთის დაკმაყოფილება, განსხვავებით მოპასუხისგან, რომელმაც იმავე სტანდარტით ვერ უზრუნველყო საკუთარი პოზიციის გამყარება და მოსარჩელის მტკიცების უარყოფა.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რამდენადაც დადგენილია, რომ სახეზე იყო მარტივი გაუფრთხილებლობა, ხოლო აღნიშნული ექცევა დაზღვევის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ანაზღაურების წინაპირობებში, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მზღვეველისათვის სადაზღვევო ანაზღაურების სახით 83 149 ლარის დაკისრების საფუძველი არსებობდა.

39. შემდეგი საკასაციო შედავება პირგასამტეხლოს ოდენობას შეხება, რამდენადაც სააპელაციო პალატამ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოთხოვნილი 95 955.1 ლარი ათჯერ შემცირებული სახით დააკისრა მოპასუხეს.

40. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეუსრულებელი ან არაჯეროვანი შესრულების შედეგების აღმოფხვრას ემსახურება. საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული პირგასამტეხლოს ფუნქცია და დანიშნულება. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.სუსგ. №ას-1451-1371-2017,13.11.2018).

41. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

42. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, იკვეთება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

43. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 02/01/22-CON ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტი ითვალისწინებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვალდებულების ვადაგადაცილების შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს დაკისრებას შეუსრულებელი ვალდებულების (83149 ლარის) 0.2%-ის ოდენობით, ყოველ გადაცილებულ დღეზე, რაც მოსარჩელის მითითებით, ყოველდღიურად შეადგენს 166.30 ლარს, ხოლო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე მზღვეველის უარიდან (2022 წლის 18 ოქტომბერი) სარჩელის წარდგენის მომენტისთვის (2024 წლის 16 მაისი, 577-დღე) 95955,10 ლარს.

44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებას დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

45. ასევე, საკასაციო პალატა მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რომლის შესაბამისად: ა) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ბ) ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; გ) ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით.

46. განხილული დასაბუთებისა და ფაქტობრივი გარემოებების სუბსუმირების შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ პირგასამტეხლოს დაკისრება მართლზომიერია, ამავდროულად მისი ათჯერადად შემცირებული ოდენობის მოპასუხისთვის დაკისრება გონივრულ, რელევანტურ ოდენობას წარმოადგენს, ხოლო კასატორის შედავება არ ქმნის არც ამ კუთხით საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

48. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

49. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ, სსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

50. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ნ.ვ.დ–ვას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (ს.კ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N1773388748; გადახდის თარიღი: 13.03.2026) 4637.2 ლარის 70% - 3246.04 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი