დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 25.06.2026
საქმის ნომერი
ას-276-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-276-2026

25 ივნისი 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - გ.ჭ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ნ–ა“ (მოპასუხე)

დავის საგანი - დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის დაკისრება, აღდგენის შეუძლებლობის კომპენსაციის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ.ჭ–იამ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“,) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სს „ნ–ას“ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“), მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის მიერ 20.11.2024 წლით დათარიღებული N20/11/03-2024 წერილობით გამოვლენილი ნება მოსარჩელის მიმართ, დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ.

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის მიერ 27.11.2024 წლით დათარიღებული N27/11/02-2024 წერილობით გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ.

1.3 მოპასუხე სს „ნ–ას“, დაეკისროს მოსარჩელე გ.ჭ–იას სასარგებლოდ, ყოველთვიურად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 27.11.2024 წლიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, დარიცხული ხელფასის 2 200 ლარის გადახდა.

1.4 მოპასუხე სს „ნ–ას“, დაეკისროს მოსარჩელე გ.ჭ–იას სასარგებლოდ, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე, აღდგენის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით - 100 000 ლარის გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.ჭ–იას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის მიერ 20.11.2024 წლით დათარიღებული N20/11/03-2024 წერილობით გამოვლენილი ნება მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის მიერ 27.11.2024 წლით დათარიღებული N27/11/02-2024 წერილობით გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; მოპასუხე სს „ნ–ას“, დაეკისრა მოსარჩელე გ.ჭ–იას სასარგებლოდ, ყოველთვიურად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 27.11.2024 წლიდან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის, დარიცხული ხელფასის 2200 ლარის გადახდა; მოპასუხე სს „ნ–ას“, დაეკისრა მოსარჩელე გ.ჭ–იას სასარგებლოდ, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, 13 200 ლარის გადახდა.

3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, გ.ჭ–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 გ.ჭ–ია დასაქმებული იყო სს "ნ–აში" 2005 წლიდან, ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, ხოლო 2016 წლის მარტიდან, ქსელისა და სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე, უვადოდ.

4.2.2 22.10.2024წ. მოპასუხის გენერალურ დირექტორსა და ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის, მათ შორის, მოსარჩელესთან მოხდა შეხვედრა, სადაც გაჟღერებულ იქნა ინფორმაცია მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ. დირექტორის განმარტებით, თანამშრომლებს შეუძლიათ მათი სურვილისამებრ არ იარონ მომდევნო 1 თვე სამსახურში, ეს არ იქნება დარღვევა და ისინი მაინც მიიღებენ ანაზღაურებას.

4.2.3 2024 წლის ოქტომბრის თვის შრომის ანაზღაურება მოსარჩელეს ჩაერიცხა სრულად.

4.2.4 მოსარჩელემ 21.11.2024წ. წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანება და მისი წერილობითი დასაბუთება.

4.2.5 27.11.2024წ. წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ 2024 წლის 22 ოქტომბერს, გენერალური დირექტორის მიერ მასთან მოხდა ზეპირი კომუნიკაცია. კომუნიკაციის შემდეგ მოსარჩელე სამსახურში აღარ გამოცხადებულა. მოსარჩელე, არ პასუხობდა ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლების შეტყობინებებს და ზარებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2024 წლის 20 ნოემბერს, მოსარჩელეს გამოეცხადა საყვედური სამსახურში გამოუცხადებლობის გამო, ხოლო 27 ნოემბერს, მოხდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

4.2.6 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისთვის, მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა, დარიცხულ 2 200 ლარს.

4.3 სააპელაციო პალატის განმარტებით, კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს. ამ მოცემულობით, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება. კომპენსაცია ცალკე თანხაა, რომელიც დასაქმებულს აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეძლევა აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ და მასში განაცდურის კომპონენტი აღარ გაითვალისწინება, რადგან უკანონოდ გათავისუფლებულს განაცდური კომპენსაციის პარალელურად დამოუკიდებელი დაანგარიშების წესით ეძლევა.

4.4 სააპელაციო პალატამ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა - 13 200 ლარი - დასაქმებულის ასაკის, კვალიფიკაციის, ხელფასის ოდენობის, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების, სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობისა და უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპების გათვალისწინებით, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 ნოემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5.2 კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში არ იქნა მიღებული გ.ჭ–იას ოჯახური და სოციალური მდგომარეობა. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებები, რომლითაც ცალსახად დასტურდება, რომ გ.ჭ–იას ოჯახის წევრებს აქვთ უმძიმესი დიაგნოზი ავთვისებიანი სიმსივნე, რომელთა მკურნალობის კოლოსალური ხარჯების დასაფარად მოსარჩელის მიერ გამოტანილი იქნა სესხი. ცალსახაა, რომ უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ იმ პირობებში, როდესაც 20 წლის მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა კომპანიას, მასთან შრომითი ურთიერთობა კვლავ გაგრძელდებოდა, ექნებოდა სამსახური, დაზღვევა, შემოსავალი და შეძლებდა დაეფარა მის მიერ აღებული ვალდებულება, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი ოჯახისთვის. უკანონო გათავისუფლებით, შემოსავლის გარეშე დარჩა არა მხოლოდ გ.ჭ–ია, არამედ მისი ოჯახი, მცირეწლოვანი შვილები, ვინაიდან, მოსარჩელე წარმოადგენს ოჯახის ერთადერთ მარჩენალს.

5.3 კასატორის განმარტებით, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, თუ როგორი ტყუილისა და თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა უვადოდ დასაქმებული მოსარჩელე, ასევე მისი და მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და ის სოლიდური ოდენობით საბანკო სესხი, რომელიც ოჯახის მკურნალობის მიზნით აქვს გამოტანილი და რომლის გადახდაც აღარ შეუძლია უკანონო გათავისუფლების გამო.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.

11. დასაქმებული, საკასაციო საჩივრით, სადავოდ ხდის კომპენსაციის ოდენობას და მიუთითებს მის არაგონივრულობაზე. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს კომპენსაციის სახით უნდა დაეკისროს 100 000 ლარის გადახდა.

12. კასატორის პრეტენზიის საპასუხოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე, თანახმად, სასამართლოს მიერ, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

13. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ „როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე. (იხ. სუსგ-ები: Nას-792-2019, 18.02.2021წ; №ას-146-2023,11.04.2023წ.).

14. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შესაფასებელია კომპენსაციის კუთხით, სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თუ არა ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად განსაზღვრა თუ არა მოსარჩელის სასარგებლოდ ანასაზღაურებელი კომპენსაციის მოცულობა.

15. საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით, მოპასუხე სს „ნ–ას“, დაეკისრა მოსარჩელე გ.ჭ–იას სასარგებლოდ, ყოველთვიურად, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 27.11.2024 წლიდან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის აღსრულებამდე პერიოდისათვის, დარიცხული ხელფასის 2200 ლარის სახით. იმის გათვალისწინებით, რომ სრული უფლებრივი რესტიტუცია - პირვანდელ პოზიციაზე აღდგენა შეუძლებელია, გამოვლენილია დასაქმებულის არამართლზომიერი გათავისუფლების გამო, მის სასარგებლოდ, დამსაქმებლისათვის კომპენსაციის დაკისრების წინაპირობაც. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმებს ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თანამდევ სამართლებრივ შედეგს (სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი) იმ შემთხვევებისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა ან მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება, მისი დასაქმების პერსპექტივა და სხვა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ ,,კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან (იხ. სუსგ-ები Nას-727-680-2017, 15.09.2017წ.; Nას-353-338-2016, 03.05.2016წ.). ამასთან, მხედველობაშია მისაღები, რომ კომპენსაციის ზოგადი მიზანი და ორიენტირი არის ის რომ მან დაფაროს დროის ის მონაკვეთი (მინიმალურად), რაც საჭირო იქნებოდა ახალი სამსახურის მოსაძებნად. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 48.8 მუხლი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება (იხ. სუსგ-ები №ას-1623-2018, 29.01.2019 წ.; Nას-1203-2022, 23.12.2023წ.; Nას-552-2023, 20.06.2023წ.) .

17. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ.სუსგ-ები №ას-727-680-2017, 15.09.2017წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017წ.; №ას-632-2019, 21.06.2019წ.; №ას-395-2019, 27.06.2019წ.; Nას-1421-2020, 5.03.2021წ.; ას-361-2022, 10.06.2022წ; ას-1163-2022, 15.02.2023წ.; ას-523-2023, 6.07.2023წ.). პალატა კასატორს განუმარტავს, რომ კომპენსაციის განსაზღვრისას, სასამართლოს ვალდებულებაა კომპენსაციის განმსაზღვრელი კრიტერიუმის საფუძველზე უზრუნველყოს დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებრივ მდგომარეობას შორის სამართლებრივი თანაფარდობა. კომპენსაცია, როგორც იმ დამსაქმებლის დასჯის მექანიზმი, რომელმაც არამართლზომიერად გაათავისუფლა მუშაკი თანამდებობიდან, განისაზღვრება არამხოლოდ უფლებადარღვეული დასაქმებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ გასათვალისწინებელი ფაქტორია თავად კომპანიის გადახდისუნარიანობაც. კომპენსაცია განუზომელ ტვირთად არ უნდა დააწვეს დამსაქმებელს, სხვაგვარად ის დაკარგავს თავის სამართლებრივ ფუნქციას (იხ.: სუსგ. №ას-1482-2019, 20.05.2020წ.).

18. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 5 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48-ე მუხლის მე-9 ნაწილით, რომელიც განსხვავებით მანამდე მოქმედი რედაქციისგან კომპენსაციის დაკისრებასთან, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან, ერთად იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, უპირველესია დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლიანი ბალანსის აღდგენა მოხდეს. ამასთან, იძულებითი განაცდურის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თანადროულად, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული, არ ქმნიდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს.

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება დადებული იყო უვადოდ, რაც 2024 წლის 27 ნოემბერს, ვადაზე ადრე, არამართლზომიერად, შეწყდა. მოსარჩელეს მოთხოვნილი აქვს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დასაქმებულს მისი მოთხოვნის ფარგლებში, ასევე, უნდა აუნაზღაურდეს შრომითი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ შეწყვეტისათვის სშკ-ის 48.8 მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია, რომლის გონივრულ და სამართლიან ოდენობად სასამართლო, კანონით მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში - დასაქმებულის ასაკის, კვალიფიკაციის, ხელფასის ოდენობის, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის, სხვაგან დაუსაქმებლობის, დაკისრებული იძულებითი განაცდურის, ასევე, სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობის, უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპების გათვალისწინებით - მიიჩნევს 13200 ლარს.

20. საკასაციო პალატა გარემოებათა გაანალიზების საფუძველზე თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაცია შეესატყვისება კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტს. კომპენსაციის გონივრულობის სტანდარტის შეფასებისას, საკასაციო პალატა ითვალისწინებს არაერთ ფაქტორს, მათ შორის, დამსაქმებლის გადახდისუნარიანობას, ასევე - თავად დასაქმებულის დასაქმების პერსპექტივას (ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი კომპენსაციის გამოთვლისას უნდა იყოს ის სავარაუდო, გონივრული დროის მონაკვეთი, რომელიც გათავისუფლებულს სჭირდება ახალი სამსახურის მოსაძებნად) (იხ.: სუსგ №ას-395-2019, 27.06.2019წ.; №ას-1330-2021, 16.03.2022წ.), ასაკს, სამუშაო გამოცდილებას და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული კომპენსაცია 13200 ლარის ოდენობით, სწორად იქნა განსაზღვრული და აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული საკასაციო შედავება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის გადახედვის სამართლებრივი მოცემულობა (სუსგ. იხ. საქმე №ას-843-2022 31.07.2024წ.).

21. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. პროცესის ხარჯები

კასატორი განთავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჭ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი