დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-576-2026 26 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – შპს „ს.ს-ს.ს.დ.ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ს.ს-ს.ს.დ.ა–ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა უკანონოდ დაკავებული პირგასამტეხლოს - 172 652.59 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. 2019 წლის 2 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მისი ღირებულება განისაზღვრა 4297916 ლარით. ხელშეკრულების მიხედვით, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა თბილისში ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2.2. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებებით რამდენჯერმე დაკორექტირდა ხელშეკრულების ფასი და საბოლოო ჯამში იგი განისაზღვრა 4567174.73 ლარით. მხარეთა შორის სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ფორმდებოდა სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა შესაბამისადაც გაწეულმა შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 4 372 308.60 ლარი. აღნიშნული თანხიდან მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა 4 183 219.30 ლარი, ხოლო დარჩენილი 189 190.77 ლარი მის მიერ, როგორც პირგასამტეხლო დაკავებულ იქნა.
2.3. სარჩელის თანახმად, მიუხედავად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.6. პუნქტისა, მოპასუხის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, აღნიშნულზე მეტყველებს ასევე შესყიდვების სააგენტოს მიერ შემსყიდველისათვის მიცემული რეკომენდაცია, რომლის შესაბამისადაც მათ მიეცათ მითითება, რომ ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ მოპასუხე მხარის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაში მითითებულ ოდენობამდე.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაშია წარმოდგენილი შესაგებლით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო.
3.2. შესაგებლის თანახმად, მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას სრულად აცნობიერებდა პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებულ პირობას, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო შეესაბამებოდა მხარეთა ნამდვილ ნებას. ხელშეკრულების 9.6. პუნქტის შესაბამისად, „მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე“. აღნიშნულ პუნქტში საუბარია არა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.02%-ზე, არამედ ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ზე, ამდენად, შემსყიდველმა მხარემ, სწორედ ხელშეკრულების მითითებული პირობის საფუძველზე განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და გაქვითა ასანაზღაურებელი თანხიდან.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ს.ს-ს.ს.დ.ა–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ს.ს ს.ს.დ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 9921.95 ლარის გადახდა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ს.ს ს.ს.დ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 297.65 ლარის ანაზღაურება.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე და მიუთითა, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.
5.3. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში. სააპელაციო პალატამ იმის შეფასებისას, დარიცხული პირგასამტეხლო იყო თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, მხედველობაში მიიღო ის, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დასთანხმდა პირგასამტეხლოს გამოთვლის წესს. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო შესრულების ღირებულებას, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ხანგრძლივობას, ვალდებულების მოცულობას, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათს, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია და მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო - 179268,81 ლარის ოდენობით, იყო გონივრული და სრულად შეესაბამებოდა განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს;
5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო არ უზრუნველყოფდა ვადის დამრღვევი პირისთვის შესაბამის სანქცირებას და დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა შემცირებულიყო.
6.2. მისივე მტკიცებით, მოსარჩელის დაჯარიმების მომენტში, სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი არ არსებობდა. შესაბამისად, იმ ეტაპზე ობიექტურად შეუძლებელი იყო პირგასამტეხლოს გამოთვლა შესრულებული სამუშაოების საბოლოო ღირებულებიდან. სწორედ ამიტომ, კასატორი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდა ხელშეკრულებით პირდაპირ განსაზღვრული წესის შესაბამისად - ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის გამოყენებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 14 მაისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:
- 2019 წლის 02 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და უსფ „ი. ს. I. G.“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №03.01/30/150 ხელშეკრულება;
- „ი. ს. I. G.“ (ს/კ ..........) წარმოადგენს უცხოური საწარმოს - შპს „ს.ს-ს. და ს.დ–ა“ აზერბაიჯანის რეგისტრირებულ ფილიალს საქართველოში;
- ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ქ. თბილისში, ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 4 297 916 ლარს. ხელშეკრულება მოქმედებდა 2021 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით;
- ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 225 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით), ხოლო დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადად - არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით);
- 2019 წლის 02 აპრილის ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
- მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებებით რამდენჯერმე დაკორექტირდა ხელშეკრულების ფასი და საბოლოოდ განისაზღვრა 4567174.73 ლარით. მხარეთა შორის, 2019 წლის 13 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმებით, გაიზარდა სამშენებლო სამუშაოების მიწოდების ვადა არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბრისა (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით);
- მხარეთა შორის გაფორმებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 4372308.60 ლარი დღგ-ს ჩათვლით;
- მოპასუხემ, მოსარჩელეს გადაუხადა 4 183 219.30 ლარი, ხოლო 189 190.77 ლარი, დაუკავა ვადაგადაცილების პირგასამტეხლოს ანგარიშში;
- მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2019 წლის 5 დეკემბერს, 5 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, რისთვისაც მოპასუხემ მას დაარიცხა პირგასამტეხლო 4707.81 ლარის ოდენობით;
- მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2019 წლის 11 დეკემბერს. ვინაიდან მოსარჩელეს 5 კალენდარული დღის ვადაგადაცილებისთვის უკვე დარიცხული ჰქონდა პირგასამტეხლო, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 6 დღის (6 დეკემბრიდან 11 დეკემბრის ჩათვლით) ვადაგადაცილებისთვის 5649.37 ლარის ოდენობით;
- მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2019 წლის 19 დეკემბერს. ვინაიდან მოსარჩელეს 11 კალენდარული დღის ვადაგადაცილებისთვის უკვე დარიცხული ჰქონდა პირგასამტეხლო, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 8 დღის (12 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით) ვადაგადაცილებისთვის 7532.49 ლარის ოდენობით;
- მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2019 წლის 26 დეკემბერს. ვინაიდან მოსარჩელეს 19 კალენდარული დღის ვადაგადაცილებისთვის უკვე დაკისრებული ჰქონდა პირგასამტეხლო, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 7 დღის (20 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით) ვადაგადაცილებისთვის 6590.92 ლარის ოდენობით;
- მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2020 წლის 15 იანვარს, ხოლო ნაწილი - 2020 წლის 14 თებერვალს. ვინაიდან მოსარჩელეს 26 კალენდარული დღის ვადაგადაცილებისთვის უკვე დარიცხული ჰქონდა პირგასამტეხლო, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 50 კალენდარული დღის (27 დეკემბრიდან 14 თებერვლის ჩათვლით) ვადაგადაცილებისთვის 46768.41 ლარის ოდენობით;
- მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2020 წლის 25 თებერვალს. ვინაიდან მოსარჩელეს 76 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისთვის უკვე დარიცხული ჰქონდა პირგასამტეხლო, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 11 კალენდარული დღის (15 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით) ვადაგადაცილებისთვის 10289.03 ლარის ოდენობით;
- მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2020 წლის 10 მარტს. ვინაიდან მოსარჩელეს 87 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისთვის უკვე დარიცხული ჰქონდა პირგასამტეხლო, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 14 კალენდარული დღის (26 თებერვლიდან 10 მარტის ჩათვლით) ვადაგადაცილებისთვის 12852.36 ლარის ოდენობით;
- მოპასუხემ მოსარჩელეს შეატყობინა, რომ ამ უკანასკნელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოების ნაწილი შესრულდა 2020 წლის 29 ივნისს. ვინაიდან მოსარჩელეს 101 კალენდარული დღის ვადის გადაცილებისთვის უკვე დარიცხული ჰქონდა პირგასამტეხლო, მას დამატებით დაერიცხა პირგასამტეხლო 111 კალენდარული დღის (11 მარტიდან 29 ივნისის ჩათვლით) ვადაგადაცილებისთვის 101391.28 ლარის ოდენობით;
- ხელშეკრულების 7.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-15 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2. პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუქვითოს მიმწოდებელს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა;
- მოპასუხემ, შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებისას მოსარჩელეს დაუქვითა 205 კალენდარული დღის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო 189190.77 ლარის ოდენობით.
12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოსარჩელე კომპანიის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) ამავე კოდექსის მე-400 მუხლის (მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და ამავე კოდექსის 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. დადგენილია და საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გამხდარა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია კერძოდ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 205 კალენდარული დღის დაგვიანებით, რისთვისაც დაეკისრა პირგასამტეხლო 189 190.77 ლარი, რაც სასამართლოს მიერ შემცირდა 9921.95 ლარით.
14. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ასევე არსებობს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების ვალდებულებაც. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
15. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. შესაბამისად, მისი მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ, ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
17. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ, ხაზგასასმელია, რომ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრე, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ამოწმებს რა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს, წარმოდგენილი კასაციის ფარგლებში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისათვის უნდა დადგინდეს მატერიალურ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული გარკვეული იურიდიული ფაქტების (იურიდიული შემადგენლობის) უტყუარად არსებობა, რაც შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით აღიარებული მტკიცებულებებით. ამასთან, ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად მტკიცებულებათა მიღება და შეგროვება უნდა განხორციელდეს განკუთვნადობისა და დასაშვებობის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, რომელთა შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა. ამავე კოდექსის 105–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
19. ვინაიდან მოცემული საკასაციო საჩივრის ფარგლებში სადავოდაა გამხდარი მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (შდრ: სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,. პ.20- 21; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, პ.18; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485- 2024, 28 ივნისი, 2024 წ.).
20. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (შდრ. სუსგ №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს თანაზომიერ, საპირწონე და გონივრულ ოდენობად უნდა ჩაითვალოს 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. (შდრ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,.პ.20-21).
22. ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ იმის შეფასებისას, დარიცხული პირგასამტეხლო არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი, პალატა მხედველობაში იღებს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება (შდრ: სუსგ №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წ).
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605).
24. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორებიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.).
25. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).
26. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საგანი არ არის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოთვლა, შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი რევიზია. რაც შეეხება დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 4 372 410.07 ლარი დღგ-ს ჩათვლით. ასევე, საქმეზე დადგინდა, რომ მოპასუხემ, მოსარჩელეს სულ - 205 დღის ვადაგადაცილებისთვის დაუქვითა პირგასამტეხლო 189190.77 ლარის ოდენობით. თუმცა ხელშეკრულების 9.6 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს დაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების ღირებულების მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ საბოლო ჯამში მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე შეადგინა 4372410.07 ლარი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაასკვნეს, რომ პირგასამტეხლოს გამოთვლა უნდა განხორციელებულიყო სწორედ აღნიშნული თანხის მიხედვით, ამ შემთხვევაში კი, მოპასუხე მხარის მიერ ზედმეტად დაკავებულმა თანხამ შეადგინა 9921.95 ლარი (189190.77-(4372410.07*0.02%*205)). ხსენებულის შესაბამისად, ცხადია საქმეზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხარისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო გამოთვლილია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების დათქმების შესაბამისად, ამასთან დაკისრებული პირგასამტეხლო დარიცხულ პირგასამტეხლოსთან შედარებით მხოლოდ მიზერული ოდენობით - 9921,95 ლარით შემცირდა და 179268,81 ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას.
27. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. იხ. სუსგ-ები: №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი, №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022 წელი, №ას-889-2022, 23 მარტი, №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ., 2023წ; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024 წ; №1519-2023, 21 ივნისი, 2024 წ; №485- 2024, 28 ივნისი, 2024 წ. №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022 წელი,. №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წ)., ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი