დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.06.2026
საქმის ნომერი
ას-665-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-665-2026 26 ივნისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ა.ე–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,მ.ო.მ.ბ.კ–ი"

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ე–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მ.ბ.კ–ის“ მიმართ სააღსრულები ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2021 წლის 15 ივლისს დაზუსტებული სარჩელით მიმართა მოსარჩელე შპს „მ.ა–ოს“ და ა.ე–ძის წარმომადგენელმა მოპასუხის „მ.ო.მ.ბ.კ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

3. მოსარჩელემ, ასევე, იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებულიყო ნოტარიუს ნ.თ–ას მიერ 2021 წლის 8 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის მოქმედება და შესაბამისად, შეჩერებულიყო ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით, შპს ,,მ.ა–ოს'' და ა.ე–ძის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შეჩერდა ნოტარიუს ნ.თ–ას მიერ 2021 წლის 08 ივლისს გაცემულ №210709596 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A21098494.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2023 წლის 13 ნოემბერს განცხადებით, მიმართა სს “მ.ო.მ.ბ.კ–ის„ წარმომადგენელმა და მოითხოვა 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სს “მ.ო.მ.ბ.კ–ის'' წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერდა ნოტარიუს ნ.თ–ას მიერ 2021 წლის 08 ივლისს გაცემულ №210709596 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A21098494 მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

7. სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-198-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემულ დავაზე საქმის წარმოება იყო დასრულებული. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში. შესაბამისად, აღარ არსებობდა ის გარემოებები, რომელიც ქმნიდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობებს. კერძოდ, საქმისწარმოება დამთავრებული იყო, გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში და უნდა მომხდარიყო მისი აღსრულება.

8. 2024 წლის 04 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ა.ე–ძის წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით ა.ე–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება.

10. გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია სსსკ-ის 191-ე მუხლზე მითითებით. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ 2025 წლის 16 აპრილის განჩინება კანონიერია და საჩივრის არგუმენტები უსაფუძვლოა. სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი ან მნიშვნელოვნად გართულებული გახდება. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს დროებით მექანიზმს და მოქმედებს სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

11. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს „მ.ა–ოსა“ და ა.ე–ძის სარჩელის საფუძველზე შეჩერებული იყო ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. შემდგომში სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლო 21 799.73 ლარიდან 2 180 ლარამდე შეამცირა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ეტაპზე.

12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის საგანი იყო სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა და სწორედ ამ მიზნით იყო გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება. ვინაიდან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უკვე კანონიერ ძალაშია შესული, კრედიტორს უფლება და ინტერესი აქვს დაიწყოს აღსრულება სასამართლოს მიერ განსაზღვრული მოცულობით. შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი ძალაში დარჩეს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც ხელს უშლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა და სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

14. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება) განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კვლავ გასაჩივრების პროცესუალური შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი:

16. მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლომ და დააკმაყოფილა იგი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება). ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლომ არც მოსარჩელის მიერ ამ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი დააკმაყოფილა და იგი განსახილველად გადაუგზავნა ზემდგომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 აპრილის განჩინება).

17. სააპელაციო სასამართლომ განიხილა მოსარჩელის მიერ წარდგენილი საჩივარი და არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, რასაც არ დაეთანხმა მოსარჩელე, და წარადგინა მასზე საჩივარი (კერძო საჩივარი). საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, გასაჩივრებული განჩინება არ ექვემდებარება გასაჩივრებას, იგი ითხოვდა მის მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვას, რადგან სარჩელი მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მისი მოსაზრებით, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩენილიყო.

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას საჩივრის ფარგლებში მიღებული განჩინების კვლავ გასაჩივრების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ, რადგანაც ამგვარ შესაძლებლობას მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, სახელმძღვანელო ნორმას წარმოადგენს სსსკ-ის 1971 მუხლი, რომლითაც მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები, კერძოდ, სსსკ-ის 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

19. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე კანონმდებლობა ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს განჩინება საბოლოოა და აღარ საჩივრდება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის საქმე Nას-471-439-2017 განჩინება). შესაბამისად, მის კანონიერებას დამატებით მესამე ინსტანცია აღარ შეამოწმებს. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია სსსკ-ის 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც პროცესუალური შედეგის განმსაზღვრელად მიიჩნევს სსსკ-ის 419-ე მუხლს, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საჩივრის განხილვის დასრულებაზე (სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

20. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო საჩივრის/განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სსსკ-ის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩინებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში, შეუძლებელია, რაიმე ფორმით შევიდეს მესამე ინსტანცია - საკასაციო სასამართლო. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სსსკ-ის 1971.3 და 419.3 მუხლებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლოს მიერ საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, მიუხედავად სამართლებრივი შედეგისა, საბოლოოა და არც ერთი მხარის მიერ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ Nას-976-940-2016, 25 ნოემბერი, 2016 წელი; სუსგ №ას-625-597-2016, 29 ივლისი, 2016 წელი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ე–ძის საჩივარი მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი