დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
26 ივნისი, 2026 წელი, საქმე № ას-116-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „დ.ჯ–ია“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „გ–ი“, დ.ხ–ვა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „დ.ჯ–იამ“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა შპს „გ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც 1-ლი მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) და დ.ხ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე), წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ - 148 119. 23 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 4443.60 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი - 50 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2 000 ლარის სოლიდარულად ანაზღაურება დაეკისრათ.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება შეწყდა აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის მოტივით.
5. სააპელაციო სასამართლომ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები მიღებული იქნა განსახილველად.
5.2. 2025 წლის 18 დეკემბერს მეორე მოპასუხემ/აპელანტმა საქმისწარმოების შეწყვეტისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. განცხადებას დაურთო პირველი მოპასუხის/აპელანტის მიერ მოსარჩელისთვის 2025 წლის 4 სექტემბერს - 10 000 ლარის, ხოლო 2025 წლის 17 დეკემბერს - 138 119.23 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები.
5.3. 2025 წლის 23 დეკემბერს მეორე მოპასუხემ/აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოსარჩელისთვის - 6493.6 (სახელმწიფო ბაჟი - 4,443.6 ლარ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება - 50 ლარი, იურუდიული მომსახურება - 2,000.00 ლარი) ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებაც წარადგინა.
5.4. 2025 წლის 26 დეკემბერს აპელანტებმა კვლავ მიმართეს სასამართლოს და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმისწარმოების შეწყვეტა და გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება ითხოვეს.
5.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა 372-ე, 272-ე და 378.1 მუხლებზე და მიიჩნია, რომ დავის საგნის არ არსებობის გამო, სააპელაციო საჩივარზე საქმისწარმოება უნდა შეწყვეტილიყო.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ საქმისწარმოება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდგომ შეწყდა; შესაბამისად, მათ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად წარმომადგენლისთვის დამატებითი ხარჯები გასწიეს, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მოპასუხეებისთვის დაკისრებული ვალდებულების სრულად შესრულების მიუხედავად, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ იკვეთებოდა (დეტალურად იხ. კერძო საჩივრი).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
9. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების/მოპასუხეების შუამდგომლობა დავის საგნის არარსებობის გამო საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ და მოცემულ საქმეზე შეწყდა წარმოება.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული გარემოებების სამართლებრივად შეფასება უნდა განხორციელდეს სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
11. კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმისწარმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და მიღწეულია ის მიზანი, რის გამოც აღიძრა სარჩელი, სახეზეა სსსკ 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმისწარმოების შეწყვეტის ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობა.
12. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ის მიზანი, რომელსაც მოსარჩელე სარჩელის აღძვრით ისახავდა (შპს "გ–ის" და დ.ხ–ვას მიერ თანხების გადახდა) სრულად იყო მიღწეული, კრედიტორის ინტერესი სრულყოფილად დაკმაყოფილდა. მხარეებს შორის აღარ არსებობდა დავის საგანი, რაც წინამდებარე საქმეზე წარმოების შეწყვეტის საფუძველს ქმნიდა.
13. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებულ მსჯელობას და საქმისწარმოების შეწყვეტის პირობების არსებობის შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს - 148 119. 23 ლარის, სახელმწიფო ბაჟის - 4443.60 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი - 50 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის - 2 000 ლარის სოლიდარულად გადახდა დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ;
2) მოპასუხეებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები მოსარჩელეს აუნაზღაურეს სრულად, სახელდობრ, 1-მა მოპასუხემ 2025 წლის 4 სექტემბერს, მოსარჩელეს - 10 000 ლარი, 2025 წლის 17 დეკემბერს - 138 119.23 ლარი, ხოლო მეორე მოპასუხემ/აპელანტმა - 6493.6 (სახელმწიფო ბაჟი - 4,443.6 ლარ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება - 50 ლარი, იურუდიული მომსახურება - 2,000.00 ლარი) ჩაურიცხა.
3) აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სასამართლოს და სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, საქმისწარმოების შეწყვეტა ითხოვეს.
14. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის მიზანი, რომელსაც მოსარჩელე სარჩელის აღძვრით ისახავდა სრული მოცულობითაა მიღწეული აღნიშნული კი, სსსკ 272-ე მუხლის „ა1“ პუნქტის გამოყენებისა და დავის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის უპირობო საფუძველია.
15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ვინაიდან, საქმისწარმოება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემდგომ შეწყდა, მხარემ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად წარმომადგენლისთვს დამატებითი ხარჯები გასწია, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ მოპასუხეებისთვის დაკისრებული ვალდებულების სრულად შესრულების მიუხედავად, სსსკ-ის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა არ იკვეთებოდა და მოპასუხეებს სააპელაციო ინტანციაში გადახდილი წარმომადგენლის ხარჯიც უნდა აენაზღაურებინათ.
აღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 53.1 მუხლში (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე).
აღნიშნული ნორმა არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ზუსტ ოდენობას, არამედ მისი განსაზღვრა სასამართლომ უნდა მოახდინოს გონივრულ ფარგლებში, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის სირთულე, კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა შესრულებული ადვოკატის მიერ, რა სახის რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა.
16. კასატორის პრეტენზიის ფარგლებში პალატა აღნიშნავს, რომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მოსარჩელეს/კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო სასამართლოში იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება არ წარუდგენია. ხოლო რაც შეეხება საქალაქო სასამართლოში წარდგენილ შპს „ლეგალ სერვის ჯგუფის“ დირექტორს პაატა ლობჟანიძესა და მოსარჩელე კომპანიას შორის გაფორმებული სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებას, აღნიშნული გარიგება კლიენტის ინტერესების დაცვას მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში გულისხმობდა. ხაზგასასმელია, რომ მოსარჩელის სახელით წარდგენილი სააპელაციო შესაგებელი წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობას არ შეიცავს და მას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში იურიდიული ხარჯის ანაზღაურების დამადასტურებელი მტკიცებულება არ აქვს დართული.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე დამატებით იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების საფუძველი გამოკვეთილი არაა და კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასახელებული გარემოება არ შეიძლება, გახდეს დავის საგნის არ არსებობის გამო საქმისწარმოების შეწყვეტის განჩინების მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია და ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „დ.ჯ–იას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია