დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1215-2025
28 მაისი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სსიპ „ბ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.მ–ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სსიპ „ბ.ბ–ის“ წარმომადგენელმა (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, „კასატორი“), სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ტ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სსიპ „ბ.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ტ.მ–ძეს, დაეკისრა სსიპ „ბ.ბ–ის“ სასარგებლოდ, 9 716 ლარის გადახდა; ტ.მ–ძეს, დაეკისრა სსიპ „ბ.ბ–ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლო 2019 წლის 25 ივლისიდან - 2019 წლის 20 ოქტომბრამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის (9 716 ლარი) 0.05%-ის ოდენობით, ჯამში 276 ლარი.
3.2 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით, სსიპ „ბ.ბ–ის“ განცხადება დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა გასწორდა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე და მეოთხე პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ,,2. ტ.მ–ძეს, დაეკისრა სსიპ „ბ.ბ–ის“ სასარგებლოდ, პირგასამტეხლო 2019 წლის 25 ივლისიდან, 2019 წლის 20 ოქტომბრამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის (9 716 ლარი) 0.05%-ის ოდენობით, ჯამში 422.64 ლარი"; ,,3. ტ.მ–ძეს, დაეკისრა სსიპ „ბ.ბ–ის“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა, 304.15 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად."
3.3 აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით, სსიპ „ბ.ბ–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სსიპ „ბ.ბ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 სსიპ „ბ.ბ–ს“ და ტ.მ–ძეს შორის 2017 წლის 27 ივლისს, გაფორმდა, სსიპ „ბ.ბ–ის“ სარგებლობაში არსებული უძრავ ქონებაზე იჯარის ხელშეკრულება N196 , რომლითაც მოიჯარემ დროებით სარგებლობაში აიღო სსიპ "ბ.ბ–ის“ სარგებლობაში არსებული 675 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ........) მდებარე, ბ.ბ–ში, სასტუმრო „მ–ას“ გასწვრივ, მარცხენა მხარეს (სექტორი №7 მარცხენა მხარე), საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.
4.2.2 ხელშეკრულების მე-3 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს იჯარით გადასაცემი ქონების ქირის ღირებულება და გადახდის წესი. კერძოდ: წლიური საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენდა 12 956 ლარს. სარგებლობის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად, ეტაპობრივად: ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველი წლის 25 ივლისამდე. პირველი წლის - 12 956 ლარი გამარჯვებულმა, სააუქციონო პირობის შესაბამისად, გადაიხადა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე - 2017 წლის 27 ივლისს; მეორე წლის - 12 956 ლარის საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს, 2018 წლის 25 ივლისამდე; მესამე წლის - 9 716 ლარის საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 25 ივლისამდე, რადგან გამარჯვებულს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე 3 240 ლარი ეთვლება მესამე წლის ბოლო გადახდად.
4.2.3 ხელშეკრულების 5.5 მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო – გადაუხდელი ქირის 5%, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.2.4 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 23 ივნისს სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ გაფრთხილებული იყო კანონით დადგენილი წესით.
4.2.5 სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას. აღნიშნული კი გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას;
4.2.6 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 9 716 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია, ამიტომ, სააპელაციო პალატამ მხოლოდ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების საკითხი შეაფასა.
4.3 სააპელაციო პალატის შეფასებით, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.
4.4 სააპელაციო პალატის განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას, მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
4.5 სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც - მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის მოცულობა მცირეა, დარღვევის სიმძიმე უმნიშვნელო და მისი მხრიდან ვალდებულების დარღვევას კრედიტორისათვის რაიმე საფრთხის გამომწვევი არ ყოფილა, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, თავისი არსით მაღალი პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობას არ ქმნიდა, და მისი ოდენობის გაზრდის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.
4.6 სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა სასამართლოს წინაშე დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, სსკ-ის 418-ე მუხლი განამტკიცებს მხარეთა უფლებას თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. აღნიშნული მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს პირგასამტეხლოზე შეთანხმების ჩამოყალიბება წერილობითი ფორმით. სწორედ ასეთ შეთანხმებას ითვალისწინებს მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 27 ივლისის სსიპ ,,ბ.ბ"-ს სარგებლობაში არსებული ქონების იჯარის შესახებ N196 ხელშეკრულება.
5.3 ხელშეკრულების 5.5. მუხლის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი ქირის 5 %-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აქედან გამომდინარე, 2019 წლის 25 ივლისიდან, მოპასუხეს ყოველდღიურად ერიცხებოდა პირგასამტეხლო - 485,80 ლარის ოდენობით, რამაც 2019 წლის 25 ივლისიდან - 2019 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით შეადგინა (87 დღე * 485,80 ლარი) 42 264, 60 ლარი. კასატორის განმარტებით, მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს სრულად.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის, 26 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.
11. იმის გათვალისწინებით, რომ საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე, ძირითადი საიჯარო დავალიანების - 9 716 ლარის დაკისრების ნაწილში, სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს, სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს შემცირების კანონიერება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. ასევე, სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოების დასკვნას, რომ შემკვეთის მიერ მოთხოვნილი თანხა გაუმართლებლად და შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით, ქვემდგომმა სასამართლოებმა მართებულად შეამცირეს პირგასამტეხლო 422 ლარამდე.
12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1068-2024, 30.10.2024წ.; N ას-1345-2024, 30.10.2024წ.; N ას-1052-2024, 30.10.2024წ.; N ას-1283-2024, 30.11.2024წ.).
13. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ.; Nას-258-2024, 12.04.2024წ.; N ას-463-2024, 5.07.2024წ.; N ას-1020-2024, 3.10.2024წ.; N ას-1068-2024, 30.10.2024წ.; N ას-1345-2024, 30.10.2024წ.; N ას-1052-2024, 30.10.2024წ.; N ას-1283-2024, 30.11.2024წ. №ას-398-2025 31.10.2025წ., №ას-1318-2025 12.03. 2026წ.).
14. სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთ მითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად. შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად, ხოლო მეორე მხრივ კი - პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ. №ას-535-2021, 29.10.2021წ., №ას-1555-2025, 18.02.2026წ.)
16. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;
17. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ, გააჩნია 2017 წლის 27 ივლისის, სსიპ „ბ.ბ–ის“ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების შესახებ N196 იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება (მესამე წლის საიჯარო ქირა) 9 716 ლარის ოდენობით. საკასაციო პალატა, მიუთითებს ხელშეკრულების საგანზე, რომლის თანახმად, მოიჯარეს 675 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ ..........) მდებარე, ბ.ბ–ში, გადაეცა საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. იჯარის ხელშეკრულებით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო, გადაუხდელი ქირის 5% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ხელშეკრულებით განსაზღვრული მხარის ქონებრივი პასუხისმგებლობა არაპროპორციულია. კერძოდ, საიჯარო ქირის გადაუხდელობისთვის, 2019 წლის 25 ივლისიდან, 2019 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, პირგასამტეხლო განისაზღვრა - 9 716 ლარის 5%-ის ოდენობიდან, 42 264.60 ლარი (დღეში 485.80 ლარი), როდესაც უშუალოდ საიჯარო ქირის დავალიანება 9716 ლარი, წარმოადგენდა წლიურად გადასახდელ ოდენობას.
18. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით, არაგონივრულია და მისი ოდენობა გონივრულ ოდენობაში მოყვანის მიზნით უნდა შემცირდეს 0.05 %. ანუ, ნაცვლად 5%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაეკისროს ვადამოსული გადასახდელი თანხის - 0.05%. კონკრეტულად, ძირი თანხის 9716-ის ლარის 0.05% შეადგენს 4.858 ლარს (9716 X 0.05%=4.858), ხოლო 2019 წლის 25 ივლისიდან, 2019 წლის 20 ოქტომბრამდე (დღეთა რაოდენობა შეადგენს 87 კალენდარულ დღეს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯამური თანხა შეადგენს (4.858 X 87=422.64) 422.64 ლარს.
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დარღვევის საპირწონეა, ამასთან, წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობის, ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, ადეკვატურ და სამართლიან მოცულობას წარმოადგენს.
20. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
21. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
22. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2133.22 ლარის 70% –1479,25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სსიპ „ბ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ხაზინაში, 03.09.2025წ. საგადახდო მოთხოვნა N04526 გადახდილი 2133.22 ლარის 70% –1479,25 ლარი. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი