დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 03.07.2026
საქმის ნომერი
ას-645-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-645-2026 3 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ხ.ქ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.ქ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტის და წარსული დროის ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ხ.ქ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ.ქ–ძის მიმართ ალიმენტის და წარსული დროის ალიმენტის დაკისრების, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვისა და არასრულწლოვან ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. ხ.ქ–ძე და შ.ქ–ძე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2017 წლის 13 ოქტომბრიდან. მხარეებს 2021 წლის 29 აპრილს შეეძინათ ტყუპები - ნ.ქ–ძე და ნ.ქ–ძე. ბავშვების დაბადებიდან სამი თვის შემდეგ მოპასუხემ მიატოვა ოჯახი და საცხოვრებლად დაბრუნდა ბათუმში.

2.2. შ.ქ–ძემ, რომელიც ფლობს მსხვილ ბიზნესებს, ეკუთვნის სასტუმროები, ეწევა ჩინეთიდან ავტომობილების საბურავების იმპორტს, იღებს ტენდერებში მონაწილეობას და ასრულებს ძვირადღირებულ პროექტებს, საერთოდ შეწყვიტა მეუღლესა და შვილებზე ზრუნვა, ამყოფებდა უკიდურეს გაჭირვებაში.

2.3. ხ.ქ–ძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც მამით ობოლია და არის მხოლოდ დედის კმაყოფაზე. შ.ქ–ძე არის სხვადასხვა კომპანიის მფლობელი და მეწილე, გააჩნია სოლიდური ყოველთვიური შემოსავალი.

2.4. ხ.ქ–ძე ქორწინებამდე მუშაობდა და ცხოვრობდა საზღვარგარეთ, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შესაძლოა დაბრუნდეს ემიგრაციაში. მას სურვილი აქვს შვილები მასთან ერთად გაიზარდონ, შესაბამისად არასრულწლოვნების საზღვარგარეთ გაყვანისთვის საჭიროა მამის თანხმობა, რაზეც მოპასუხე უარს აცხადებდა.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. შ.ქ–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. მისი განმარტებით სურს, შეინარჩუნოს ოჯახი და ბავშვები გაიზარდნენ მშობლებთან ერთად. მოსარჩელე ცდილობს გამდიდრდეს შვილების ხარჯზე, აიძულებს მოპასუხეს სახლიდან წასვლას. მოპასუხე არის მზრუნველი მამა, არჩენს და უზრუნველყოფს არასრულწლოვნებს საცხოვრებლით, იხდის კომუნალურებს, ყიდულობს საოჯახო ტექნიკას, ავეჯს, ზრუნავს შვილების შინაგან სამყაროზე, იცავს მათ ინტერესებს და ურიცხავს ალიმენტს 450-450 ლარის ოდენობით (ან მეტი).

3.3. მოპასუხის განმარტებით, პირველი ქორწინებიდან ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი (14, 16 და 17 წლის, რომელიც დავის მიმდინარეობისას შესრულდა სრულწლოვანი), რომელთა სასარგებლოდაც იხდის ალიმენტს. სიცრუეა მოსარჩელის განმარტებები მოპასუხის ბიზნეს საქმიანობასთან და შემოსავლებთან დაკავშირებით. შ.ქ–ძის შემოსავლები ასახულია შემოსავლების სამსახურის ცნობაში. მოსარჩელე მანიპულირებს სხვადასხვა ორგანიზაციების წილების მითითებით, მის მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პასიურია/არ მუშაობს.

3.4. შესაგებლის თანახმად, ხ.ქ–ძე მას აშანტაჟებს არასრულწლოვნების საზღვარგარეთ გაყვანის საკითხით. მას არ აქვს სიდუხჭირე, არის დასაქმებული და იღებს ხელფასს 2000 ლარის ოდენობით. არასრულწლოვნების საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში მათ არ ექნებათ საშუალება აღიზარდონ მამასთან. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ მისთვის უცნობი იყო მორიგების აქტის შინაარსი, რაზეც სარჩელშია მითითებული.

4. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები:

4.1. შ.ქ–ძემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა: განისაზღვროს შ.ქ–ძის ურთიერთობა შვილებთან ნ.ქ–ძესთან და ნ.ქ–ძესთან მათ 6 წლის შესრულებამდე შემდეგი წესით: ა) ხუთშაბათი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 20:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, ............, საცხოვრებელი ფართი 1/9, ან/და ქუთაისი, .........., წაყვანის უფლებით და უკან დაბრუნების ვალდებულებით. ბ) ივნისის თვეში 15-დან 30 რიცხვამდე დედისთვის წინასწარ მითითებული ბავშვების დასასვენებელი ადგილის მისამართზე, წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით გ) ივლისის თვეში 15-დან 30 რიცხვამდე დედისთვის წინასწარ მითითებული ბავშვების დასასვენებელი ადგილის მისამართზე, წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით. დ) აგვისტოს თვეში 15-დან 30 რიცხვამდე დედისთვის წინასწარ მითითებული ბავშვების დასასვენებელი ადგილის მისამართზე, წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით ე) დეკემბრის თვეში 25-დან 30 რიცხვამდე მისამართზე: ქუთაისი, ........... წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით ვ) იანვრის თვეში 5-დან 15 რიცხვამდე მისამართზე: ქუთაისი, .......... წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით ზ) თებერვლის თვეში 15-დან 28 რიცხვამდე დედისთვის წინასწარ მითითებული ბავშვების დასასვენებელი ადგილის მისამართზე, წაყვანის უფლებით და დაბრუნების ვალდებულებით.

4.2. შეგებებული სარჩელის თანახმად, ხ.ქ–ძე ბავშვებთან ერთად ცხოვრობს შ.ქ–ძის კუთვნილ ბინაში და არ აძლევს სახლში შესვლის საშუალებას. მოპასუხე ემუქრება მას, რომ გამოიძახებს პოლიციას და გამოაწერინებს შემაკავებელ ორდერს. შ.ქ–ძე იძულებული გახდა გარიდებოდა ამ სიტუაციას და ამის გამო ვეღარ ნახულობს შვილებს. ხ.ქ–ძის მიერ სარჩელის წარმოდგენის შემდეგ შ.ქ–ძემ არაერთხელ მიმართა მას ბავშვების ნახვის თხოვნით, თუმცა მხოლოდ ორჯერ მოხერხდა მათთან შეხვედრა.

4.3. ხ.ქ–ძის ერთადერთი მიზანია, რომ შ.ქ–ძეს გამოსძალოს ქონება, ამისათვის კი, იყენებს არასრულწლოვნებს. მამას ბავშვებთან არ აქვს კომუნიკაცია და ვერ ზრუნავს მათზე პირადად მხოლოდ და მხოლოდ ხ.ქ–ძის მუქარების გამო. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შვილების მატერიალური დახმარების მიზნით ყოველთვიურად რიცხავს 450-450 ლარს ხ.ქ–ძის ანგარიშზე. მამამ ბავშვებთან ურთიერთობის აღდგენა შეძლო მხოლოდ შეგებებული სარჩელის წარმოდგენის პერიოდში (როდესაც ამის შესახებ შეიტყო ხ.ქ–ძემ). შეგებებული სარჩელის ავტორის ცნობით, მოპასუხე კვირის დღეებში დასაქმებულია და ამ პერიოდში არასრულწლოვნებს უტოვებს დედას, ასევე ისინი დადიან ბაღში. ხ.ქ–ძე ისვენებს შაბათ-კვირა დღეებში. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დრო გაატარონ მამასთანაც და დედასთანაც.

5. შეგებებული მოპასუხის პოზიცია:

5.1. ხ.ქ–ძემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.

5.2. მოპასუხის განმარტებით, არ არის თანახმა შ.ქ–ძემ ღამე გაათიოს და ფაქტობრივად იცხოვროს მის საცხოვრებელ სახლში, შესაბამისად ხუთშაბათი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 20:00 საათამდე შუალედში ვერც ბავშვების საცხოვრებელ მისამართზე იქნება და ვერც მათ სხვა ქალაქში წაყვანას და დაბრუნებას უზრუნველყოფს. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ვერ უზრუნველყოფს ბავშვებზე სათანადო ზრუნვას და მათი სასწავლო პროცესის შეუფერხებლობას. დედის გარეშე ბავშვებთან ურთიერთობისა და მათზე ზრუნვისთვის შ.ქ–ძე მზად არ არის.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხ.ქ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შ.ქ–ძეს არასრულწლოვანი შვილების, 2021 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ.ქ–ძისა და 2021 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ.ქ–ძის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან 17.08.2023 წლიდან თითოეულის მიმართ 500-500 ლარის, სულ 1 000 ლარის, ხოლო 2024 წლის 01 ოქტომბრიდან თითოეულის მიმართ 1000 - 1000 ლარის, სულ 2000 ლარის ოდენობით ბავშვების სრულწლოვანებამდე. ხ.ქ–ძის სასარჩელო მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შ.ქ–ძეს არასრულწლოვანი შვილების - 2021 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ.ქ–ძისა და 2021 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ.ქ–ძის მიმართ შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - პასპორტის (პირადობის მოწმობის) აღების და საზღვარგარეთ კერძოდ, ევროპის ქვეყნებში (მათ შორის თურქეთში) გაყვანის თანხმობის გაცემის ნაწილში, წელიწადში არაუმეტეს 2 თვისა და თითოეულ გასვლაზე (იგულისხმება საზღვარგარეთ ყოფნა) არაუმეტეს 2 კვირისა. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ხ.ქ–ძემ არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ გაყვანა არ უნდა განახორციელოს იმ ქვეყნებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო ან საომარი მდგომარეობა. ხ.ქ–ძემ არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ გაყვანის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს მათ შესახებ ინფორმაციის მიწოდება შ.ქ–ძისთვის გაყვანამდე არაუგვიანეს 3-4 დღისა სატელეფონო „ესემეს შეტყობინების გზით“. კერძოდ, რომელ ქვეყანაში იქნებიან არასრულწლოვანი შვილები, როდის გადიან ქვეყნიდან და როდის ბრუნდებიან საქართველოში. შ.ქ–ძის მიერ ტელეფონის ნომრის ცვლილების შემთხვევაში, ამ უკანასკნელის მიერ მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ხ.ქ–ძისათვის. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი /რაც ეხება შ.ქ–ძის მიერ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიური საალიმენტო ვალდებულების დაკისრება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან/ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამავე გადაწყვეტილებით, შ.ქ–ძის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: შ.ქ–ძეს არასრულწლოვან შვილებთან ნ.ქ–ძესთან და 2021 წლის 29 აპრილს დაბადებულ ნ.ქ–ძესთან ურთიერთობა განესაზღვრა შემდეგი სახით: ა) თავდაპირველად 04 თვის მანძილზე ყოველი კვირის შაბათი დღის 12 საათზე 2-3 საათი; ბ) 04 თვის შემდგომ - ყოველი შაბათი დღის 11 საათიდან იმავე დღის 19-20 საათამდე ბავშვების წაყვანის და უკან დედის, (ხ.ქ–ძის) საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით (იგულისხმება „ა და ბ“ ქვეპუნქტები); გ) 1.5 წლის ასაკიდან შ.ქ–ძეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა მიეცა შემდეგი სახით: ყოველ პარასკევ დღეს სასწავლებიდან (ასეთის არარსებობის შემთხვევაში დღის 16 საათიდან) შაბათი დღის 20:00 საათამდე ბავშვების წაყვანის და უკან, დედის ხ.ქ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; გ) შ.ქ–ძეს არასრულწლოვან შვილებთან 06 წლის ასაკიდან ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში მიეცა დამატებითი ურთიერთობის წესი შემდეგი სახით: ზაფხულში, ივნის-ივლის აგვისტოს თვეში ყოველი თვის 20 რიცხვიდან იმავე თვის 24 რიცხვამდე არასრულწლოვანი შვილების წაყვანის და უკან დედასთან, ხ.ქ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით; ზამთრის არდადეგებზე: 05 იანვრიდან 09 იანვრამდე არასრულწლოვნების წაყვანის და უკან დედასთან, ხ.ქ–ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანი ბავშვების, ნ.ქ–ძისა და ნ.ქ–ძის მამასთან, შ.ქ–ძესთან ურთიერთობა უნდა წარიმართოს არასრულწლოვნების ნების (სურვილის) გათვალისწინებით. ე) მამა-შვილების განსაზღვრული /იხ. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტები/ ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მშობლების (შ.ქ–ძის და ხ.ქ–ძის) ურთიერთშეთანხმებით. ვ) იმ შემთხვევაში თუ შ.ქ–ძე ვერ ახერხებს მისთვის განსაზღვრულ დროს შვილებთან ურთიერთობას (მისვლას) - ეს უკანასკნელი ვალდებულია სატელეფონო „ესემეს შეტყობინების გზით“ აცნობოს ხ.ქ–ძეს - შვილებთან შეხვედრამდე არაუგვიანეს 10-12 საათისა. ზ) შ.ქ–ძის შვილებთან (ნ. და ნ.ქ–ძესთან) ურთიერთობის პერიოდში - შ.ქ–ძის მხრიდან უზრუნველყოფილ უნდა იყოს ტელეფონის ტექნიკური გამართულობა-ჩართულობა დედის, ხ.ქ–ძის მხრიდან შვილების მოკითხვის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ შ.ქ–ძისა და არასრულწლოვანი შვილების - ნ.ქ–ძის და ნ.ქ–ძის დადგენილი ურთიერთობის წესი (იხ. ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) - არ მოქმედებს ხ.ქ–ძის მიერ შვილების -ნ.ქ–ძის და ნ.ქ–ძის საზღვარგარეთ გაყვანის პერიოდში. ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ მოცემულ 2/23103-23 საქმეზე არსებული დროებითი განკარგულება გაუქმდება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე.

6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.ქ–ძემ.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ.ქ–ძისათვის არასრულწლოვანი შვილების 2021 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ.ქ–ძისა და 2021 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ.ქ–ძის სასარგებლოდ 2024 წლის 01 ოქტომბრიდან თითოეულის მიმართ 300-300 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით ხ.ქ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების 1.1 პუნქტი შ.ქ–ძისათვის არასრულწლოვანი შვილების: 2021 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ.ქ–ძისა და 2021 წლის 29 აპრილს დაბადებული ნ.ქ–ძის სასარგებლოდ 17.08.2023 წლიდან 01.10.2024 წლამდე თითოეული ბავშვის მიმართ ალიმენტის 500-500 ლარის, სულ 1000 ლარის დაკისრების ნაწილში, 2024 წლის 01 ოქტომბრიდან თითოეულის მიმართ 700-700 ლარის, სულ 1400 ლარის ოდენობით ბავშვების სრულწლოვანებამდე დაკისრების ნაწილში და გადაწყვეტილების 1.3 პუნქტი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის ნაწილში.

7.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოიხმო ბავშვთა უფლებათა კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის ყურადღება მიაპყრო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობას მხარეთა შემოსავლების შესახებ, რომლითაც დგინდებოდა, რომ ხ.ქ–ძის შემოსავალი 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 31756.25, ხოლო შ.ქ–ძის 17 000 ლარს. პალატის აზრით, სადავო არ იყო არც ის გარემოება, რომ არასრულწლოვნები - ნ.ქ–ძე და ნ.ქ–ძე - ცხოვრობენ დედასთან ერთად, შ.ქ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ბინაში და აპელანტი იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. ამასთან, ხ.ქ–ძე ფლობდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მერსედესი, გამოშვებული 2005 წელს), რომელიც ეკუთვნის შ.ქ–ძეს. გარდა ამისა 22/05/2024 წლიდან არასრულწლოვნების - ნ.ქ–ძის და ნ.ქ–ძის - სახელზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა შ.ქ–ძის მიერ 2021 წლის 21 ივლისს 82060 აშშ დოლარად შეძენილი უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი N........... სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შ.ქ–ძეს უფიქსირდებოდა შემოსავალი საშუალოდ თვეში 4055 ლარი (დასაბეგრი), ხოლო 2024 წლის დეკემბრიდან მისი თვიური შემოსავალი შემცირდა თვეში 1545 ლარამდე (დასაბეგრი).

7.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ იმდენად რამდენადაც აპელანტი არასრულწლოვნებს სხვაგვარადაც უზრუნველყოფდა (მაგ. საცხოვრებლით უზრუნველყოფა), ამ პირობებში თითო ბავშვზე 1000 ლარის განსაზღვრით შესაძლოა დარღვეულიყო გონივრული ბალანსი, რასაც შესაძლოა გამოეწვია მშობლის რეალურ შესაძლებლობებისა და ბავშვის ინტერესების არაპროპორციული გადანაწილება. ამასთან, მეორე მშობლის ფინანსური სტაბილურობის მხედველობაში მიღებით, არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე, მათი საჭიროებების, პირველი ქორწინებიდან ორი არასრულწლოვანი შვილის საალიმენტო ვალდებულების (თვეში 1000 ლარის ოდენობით) გათვალისწინებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციისა“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად, პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მხოლოდ 2024 წლის 1 ოქტომბრიდან დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები.

7.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოცემული პერიოდიდან ალიმენტი თითო ბავშვზე უნდა განსაზღვრულიყო 700-700 ლარით, სულ 1400 ლარის ოდენობით ბავშვების სრულწლოვანებამდე, ხოლო სარჩელის აღძვრიდან - 17.08.2023 წლიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა 500-500 ლარი უნდა დარჩენილიყო უცვლელად. პალატამ დასძინა, რომ ალიმენტი მოიცავს შვილის ჯანმრთელობისთვის, კვებისთვის, ჩაცმისათვის, ჰიგიენისთვის, დასვენებისათვის, სოციალური აქტივობებისთვის, სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის გასაწევ ხარჯებს და აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის ოდენობის უფრო მეტად შემცირების საფუძველს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლეოდა.

7.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა ხ.ქ–ძემ.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

8.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

8.2. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მიმემართება სასამართლოს მიერ დადგენილ ალიმენტის ოდენობას. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რასაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა შედეგად. კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიუთითა, თითქოს მოპასუხეს პირველი ქორწინებიდან ჰყავდა სამი არასრულწლოვანი შვილი, რომელთა წინაშეც ალიმენტის სახით იხდიდა 1500 ლარს. კასატორი ამტკიცებს, რომ იგი ალიმენტის სახით მხოლოდ 500 ლარს იხდის და პირველი ქორწინებიდან მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს.

8.3. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა მისი ხელფასის ოდენობაც და მასში შეიყვანა პერიოდული გასაცემლებიც, როგორიცაა პრემია და ბონუსი, რაც არ ასახავს რეალურ სურათს. ამასთან, არასწორად იქნა დადგენილი 6.3. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ უძრავი ქონება ს/კ ....... არ ირიცხება მოპასუხის სახელზე, ვინაიდან ეს ქონება წარმოადგენდა მოდავე მხარეთა საერთო საკუთრებას და მოპასუხემ იგი თაღლითური გზებით გადაუფორმა პირველი ქორწინებიდან შეძენილ შვილებს, ხოლო მის შვილებს გადაუფორმა ისეთი უძრავი ქონება, რომელიც არ არის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში.

8.4.. კასატორი ითხოვს სასამართლომ გამოითხოვოს დამატებითი მტკიცებულებები, რაც საჭიროა ალიმენტის ოდენობის მართებულად განსაზღვრისთვის.

8.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 მაისის განჩინებით, ხ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ასევე, სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- შ.ქ–ძე და ხ.ქ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 13 ოქტომბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში - 2021 წლის 29 აპრილს, შეეძინათ ორი შვილი - ნ.ქ–ძე და ნ.ქ–ძე;

- მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. შ.ქ–ძე დასაქმებულია და ძირითადად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, არასრულწლოვანი ნ.ქ–ძე და ნ.ქ–ძე ცხოვრობენ დედასთან ერთად, შ.ქ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ბინაში (ს/კ N...........). ხ.ქ–ძესთან მათთვის შექმნილია მზრუნველი და კეთილსაიმედო გარემო. - არასრულწლოვნებს დადებითი დამოკიდებულება აქვთ დედის და მამის მიმართ. სოციალური მუშაკის თანდასწრებით შედგა მამა-შვილებს შორის ურთიერთობის განახლება, რამაც დადებითად ჩაიარა. ორივე მშობელი პასუხისმგებლობით ეკიდება არასრულწლოვნების უფლებას - ჰქონდეთ მშობლებთან ურთიერთობა, დროებითი განკარგულების ფარგლებში უკვე შედგა რამდენიმე შეხვედრა;

- შ.ქ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთები, მდებარე: 1) ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი N..........; 2) ქ. თბილისი, ........, საცხოვრებელი ფართი N1/9, საკადასტრო კოდი N........ შ.ქ–ძემ 2021 წლის 21 ივლისს 82060 აშშ დოლარად შეიძინა უძრავი ნივთი - საცხოვრებელი ბინა, ბლოკი „დ“ მე-2 სართულ, ბინა N1, საერთო ფართი 149.20, საკადასტრო კოდი ......... მწვანე კარკასის მდგომარეობით (მშენებარე);

- შ.ქ–ძე რეგისტრირებულია: შპს „გ.ლ–ის“ (ს/კ .......) 100% წილის მესაკუთრედ და დირექტორად; შპს „ა–ას“ (ს/კ .........) 75% წილის მესაკუთრედ და დირექტორად; სს „I.კ–ის“ (ს/კ ...........) დირექტორად.

- ხ.ქ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ნივთი, მდებარე: წყალტუბოს რ-ნი, სოფელი ......, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 საერთო ფართი 192.23 კვ.მ, საკადასტრო კოდი N.......... - ხ.ქ–ძე ფლობს ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მერსედესი, გამოშვებული 2005 წელს), რომლითაც ბავშვები მიჰყავს ბაღში, ავტომობილი ეკუთვნის შ.ქ–ძეს (რეგისტრირებულია შპს „ა–ას“ საკუთრებაში);

- 22/05/2024 წლიდან არასრულწლოვნების - ნ.ქ–ძისა და ნ.ქ–ძის სახელზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხება შ.ქ–ძის მიერ 2021 წლის 21 ივლისს 82060 აშშ დოლარად შეძენილი უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი N.........;

- შ.ქ–ძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს სამი შვილი. ამ დროისათვის ორი არასრულწლოვანია და მათ სასარგებლოდ იხდის ალიმენტს თვეში თითოეულის სასარგებლოდ 500 ლარის ოდენობით;

- ნ. და ნ.ქ–ძეები რეგისტრირებულნი არიან და სწავლობენ N135 საჯარო ბაგა-ბაღში, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, ........... არასრულწლოვნები ხ.ქ–ძის სამსახურში ყოფნის პერიოდში იმყოფებიან ბებიასთან (დედის დედა), რომელიც ასევე ცხოვრობს ქ. თბილისში, გლდანში;

- შ.ქ–ძეს ხ.ქ–ძის ანგარიშზე 14.07.2023 წლიდან 07.09.2023 წლის ჩათვლით ალიმენტის სახით გადარიცხული აქვს 1710 ლარი. სს „თ. ბ–ის“ მიერ 10.01.2024წ. გაცემული N232365 ცნობის თანახმად, 2022 წლიდან 2023 წლამდე ი/მ შ.ქ–ძის ანგარიშიდან ხ.ქ–ძესთან ჯამურად გადარიცხული თანხა შეადგენს 17360 ლარს;

- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით (09.11.2023 წლის მდგომარეობით), 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით ხ.ქ–ძეს უფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა შპს „ი.ა.გ–დან“, ამ პერიოდის გათვალისწინებით საშუალოდ მისმა შემოსავალმა თვეში შეადგინა (დასაბეგრი) 2291 ლარი.

- 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შ.ქ–ძეს უფიქსირდება ხელფასის ჩარიცხვა შპს „ა–ან“, ამ პერიოდის გათვალისწინებით საშუალოდ მისმა შემოსავალმა თვეში შეადგინა (დასაბეგრი) 4055 ლარი;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია შ.ქ–ძისა და ხ.ქ–ძის შემოსავლების შესახებ 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე პერიოდისათვის.

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 20.11.2025 წლის ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის ჩათვლით ხ.ქ–ძეს მიღებული აქვს 31 756.25 ლარი (დაკავებული შემოსავალი 6224.23), ხოლო შ.ქ–ძეს 17 000 ლარი (დაკავებული გადასახადი 3332 ლარი; მიღებული თანხა თვეში 1242,54 ლარი).

13. საკასაციო პრეტენზიის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არასრულწლოვანი შვილებისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე მოთხოვნის დასაბუთებულობა. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოპასუხეს სურს, კერძოდ, ალიმენტის შემცირება, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1234.1-ე (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2-ე (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

14. კასატორი სადავოდ ხდის არასრულწლოვანი შვილებისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და ითხოვს მის გაზრდას 700 ლარიდან 1000 ლარამდე (თითოეულ ბავშვზე) საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999).

15. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27.06.2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18.11.2021 წ.; №ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; №ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; №ას-495-469-2015, 01.07.2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04.02.2013 წ).

16. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14.06.2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17.10. 2017 წ.).

17. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე შვილის საჭიროებებს. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

18. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.

19. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).

21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის ოდენობის გაზრდის ნაწილში, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, იგი მიუთითებს, რომ მისი შემოსავალი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს ქვემდგომმა სასამართლომ დაადგინა ვინაიდან საერთო თანხაში შესულია ბონუსისა და პრემიის ოდენობებიც, რაც არ წარმოადენს ფიქსირებულ ხელფასს, იგი ასვე ამტკიცებს, რომ იგი აღარ იყენებს გადაწყვეტილებაში მითითებულ მანქანას ვინაიდან იგი ქმარმა წაართვა, ამასთან, აპელირებს პირველი ქორწინებიდან მოპასუხის შვილების საალიმენტო ვალდებულების მოცულობაზე, თუმცა, მითითებული გარემოებების მამტკიცებელი გარემოებები საქმის მასალებში არ მოიპოვება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს Nას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; Nას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; Nას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).

22. საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს არ წარმოუდგენია. მეტიც, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ემყარება საქმის მასალებში არსებულ და თავად სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილ მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც დგინდება, რომ ხ.ქ–ძის შემოსავალი 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 31756.25, ხოლო შ.ქ–ძის 17 000 ლარს. არასრულწლოვნები - ნ.ქ–ძე და ნ.ქ–ძე - ცხოვრობენ დედასთან ერთად, შ.ქ–ძის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ბინაში და მამა იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. ამასთან, ხ.ქ–ძე ფლობდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მერსედესი, გამოშვებული 2005 წელს), რომელიც ეკუთვნის შ.ქ–ძეს. გარდა ამისა 22/05/2024 წლიდან არასრულწლოვნების - ნ.ქ–ძის და ნ.ქ–ძის - სახელზე თანასაკუთრების უფლებით ირიცხება შ.ქ–ძის მიერ 2021 წლის 21 ივლისს 82060 აშშ დოლარად შეძენილი უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდი N.......... ასევე ხაზგასასმელია, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოთხოვილი მტკიცებულების მიხედვით, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით შ.ქ–ძეს უფიქსირდებოდა შემოსავალი საშუალოდ თვეში 4055 ლარი (დასაბეგრი), ხოლო 2024 წლის დეკემბრიდან მისი თვიური შემოსავალი შემცირდა თვეში 1545 ლარამდე (დასაბეგრი). საკასაციო საჩივარში მოხმობილი ფაქტობრივი გარემოებები მხოლოდ ზეპირსიტყვიერადაა შედავებული, რაც, რა თქმა უნდა, ვერ გახდება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, თუმცა საკასაციო პალატა მოდავე მხარეებს განუმარტავს, რომ მათ მიერ სასამართლო სხდომებზე/დოკუმენტაციაში მიწოდებული ცნობებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების არაკეთილსინდისიერად შეცვლა, რაც რეალურად დაედო გადაწყვეტილების მიღებას საფუძვლად, შესაძლებელია გახდეს ცალკე სასამართლო განხილვის საგანი.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და დასძენს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1214-ე მუხლებზე დაყრდნობით, მოპასუხის შემოსავლის, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, არასრულწლოვანი ბავშვების ასაკისა და მათი ნორმალური რჩენა - აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა დააკისრა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, რაც 2024 წლის 1 ოქტომბრიდან თვეში 700-700 ლარს (სულ 1400 ლარი) შეადგენს. შესაბამისად, საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის შედავებებს და აღნიშნავს, რომ მათ ამომწურავად გაეცა პასუხი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში (შდრ. იხ. სუსგ. საქმე №ას-1233-2025 16 თებერვალი, 2026 წელი, ასევე, იხ. საქმე №ას-3-2026 9 თებერვალი, 2026 წელი,).

24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki, v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).

25. ამდენად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას დაკისრებული ალიმენტის არაგონივრულობასთან დაკავშირებით, ეთანხმება მეორე ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, თითოეულ ბავშვზე 700 - 700 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ადეკვატური და სამართლიანია.

26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

28. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ხ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი