დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 03.07.2026
საქმის ნომერი
ას-200-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-200-2026 3 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.თ.ე.ბ–ს“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.თ.ე.ბ–სის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „თ.თ.ე.ბ–სს“ შორის, 2022 წლის 10 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №127 ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტი იყო შს სამინისტროს ბალანზე რიცხული, NAT210024251 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული სხვადასხვა მარკა/მოდელის ავტობუსების, სატვირთო და სპეციალიზებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით და ხისტი მისაბმელით მომსახურება) (საქართველოს ტერიტორია, დღე- ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით განსაზღვრული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით.

2.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, 3.2.6 პუნქტის თანახმად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა შეადგენდა დეფექტური აქტის ხელმოწერის თარიღიდან არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს.

2.3. შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „MERCEDES BENZ 375.30“ სახ. №........, 2022 წლის 10 მარტს გადაყვანილი იქნა შპს „თ.თ.ე.ბ–სში“ დაზიანებული დანადგარის ჰიდრავლიკის ტუმბოს ძრავის შეცვლის მიზნით, შესაბამისად ავტომანქანას ჩაუტარდა ტექნიკური დათვალიერება და შედგის შესაბამისი დეფექტური აქტი. სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების „MERCEDES BENZ 375.30“ სახ.No ....... შეკეთებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილი არ იყო გათვალისწინებული მხარეთა შორის გაფორმებული №127 ხელშეკრულების პრეისკურანტით, რის გამოც, მხარეთა შორის, 2022 წლის 25 მარტს გაფორმდა შეთანხმების ოქმი. ვალდებულების შესრულების ვადის დინება დაიწყო 2022 წლის 26 მარტიდან, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 09 მაისი - 2022 წლის 25 მარტიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა.

2.4. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-3 მუხლის, მე-2 პუნქტის, მე-6 ქვეპუნქტის შესაბამისად დადგენილი მომსახურების გაწევის ვადა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2022 წლის 9 მაისისა, გაწეულ იქნა 2022 წლის 09 ივნისს, 31 (ოცდათერთმეტი) კალენდარული დღის დაგვიანებით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლით, თანახმად, მოპასუხემ აღიარა ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევა თუმცა მიუთითა შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე.

3.3. შესაგებლის თანახმად, მომსახურების გასაწევად საჭირო სათადარიგო ნაწილი წარმოადგენდა დეფიციტურ პროდუქციას და მიმწოდებელი იძულებული გახდა აღნიშნული ნაწილი შეეკვეთა საზღვარგარეთ. მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების გაწევის ვადის გადაცილება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზით - უცხოელი პარტნიორისგან ნაწილის მიწოდება მოხდა დაგვიანებით, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია მის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულება.

3.4. მოპასუხის მტკიცებით, უმნიშვნელო დარღვევაზე (2700 ლარი) პირგასამტეხლოს საერთო ხელშეკრულების ღირებულებიდან იყო უსამართლო, ხოლო 0,15% აღემატებოდა შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციით დადგენილ პირგასამტეხლოს ზღვარს.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი მოპასუხე შპს „თ.თ.ე.ბ–სის“ (ს/კ №.........) მიმართ და შპს „თ.თ.ე.ბ–სს“ დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ 800 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით, გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. სადაც მითითებულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გარდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, რომელიც მიმწოდებელს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ეკისრება. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა რიგ შემთხვევებში არაპროპორციულად მაღალია. შედეგად, პირგასამტეხლოს ფუნქციის, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გამოკვლევის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას: შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით (იხ. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე №ას-896-846- 2015, , შდრ. სუსგ. 2015 წლის 6 მარტის №ას-1342- 1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება, სუს 2021 წლის 25 მარტის განჩინება, საქმე №ას-186- 2021,http://www.procurement.gov.ge/News/recomendacia-pirgasamtexlo.aspx.).

5.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ საქმის კონკრეტული გარემოებების, შესრულების ღირებულების, ვალდებულების შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობისა და დარღვევის შინაარსის გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების და არა შესასრულებელი ვალდებულების 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, არაგონივრული და მაღალი იყო, ამასთან ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დაანგარიშებული პირგასამტეხლო, როგორც შეუსაბამოდ მაღალი მართებულად შეამცირა და განსაზღვრა 800 ლარით.

5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, ეწინააღმდეგება კანონსა და მხარეთა ნების ავტონომიის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების პირობებს.

6.2. კასატორი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ნორმის გამოყენების წინაპირობაა, ისეთი ფაქტების მითითება, რომლებიც ქმნიან შეფასების საფუძველს და რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად, მხოლოდ სუბიექტური შეფასების შედეგად აღნიშნა, რომ შემსრულებლის დარღვევის ხარისხი და ვადაგადაცილება არ შეესაბამებოდა მერიის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლოს ინდივიდუალური მიდგომით უნდა მოეხდინა სუბიექტური და ობიექტური კრიტერიუმების დადგენა და მხოლოდ მას შემდეგ არგუმენტირებულად განემარტა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლთან მიმართებით რატომ იყო ფონდის მიერ, მხარეთა ნების საფუძველზე, შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსაბამოდ მაღალი კონტრაქტორისთვის.

6.3. კასატორი მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის, რომ შესაკეთებელი ავტომობილი წარმოადგენდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიკროავტობუსს, რომლის შეკეთების დაგვიანებით შეფერხდა მთელი სამსახურის საქმიანობა.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ წარმოადგენდა ე.წ. „სადამსჯელო სანქციას“, არამედ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული თანხა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რაც განისაზღვრა სწორედ იმ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდებოდა სამუშაოების დროულად დასრულებას, მოსარჩელემ კი ვერ დაადასტურა თუ კონკრეტულად რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიიჩნევდა დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ, რის გამოც ვერ დასძლია მტკიცების ტვირთი.

6.5. კასატორი ამტკიცებს, რომ პირგასამტეხლოს 30 225 ლარიდან 800 ლარამდე შემცირება აზრს უკარგავს დაკისრებულ პირგასამტეხლოს.

6.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „თ.თ.ე.ბ–სს“ შორის, 2022 წლის 10 თებერვალს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №127 ხელშეკრულება. ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტია შს სამინისტროს ბალანზე რიცხული, NAT210024251 ტენდერის სატენდერო პირობებით განსაზღვრული სხვადასხვა მარკა/მოდელის ავტობუსების, სატვირთო და სპეციალიზირებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით და ხისტი მისაბმელით მომსახურება) (საქართველოს ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად), აღნიშნულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტით განსაზღვრული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალების გამოყენებით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 650000 ლარით. ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 იანვრის ჩათვლით. ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.2. პუნქტით განისაზღვრა, რომ მომსახურების გაწევის ვადები შემსყიდველის მხრიდან დეფექტური აქტის ხელმოწერის თარიღიდან თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს: 3.2.6 ქვეპუნქტის თანახმად, სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა შეადგენს არაუმეტეს 45 კალენდარულ დღეს. ხელშეკრულების მეცხრე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის მათ შორის ხარვეზის აღმოფხვრის ან/და ნაკლის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „MERCEDES BENZ 375.30“ სახ. №......., 2022 წლის 10 მარტს გადაყვანილი იქნა შპს „თ.თ.ე.ბ–სში“ დაზიანებული დანადგარის ჰიდრავლიკის ტუმბოს ძრავის შეცვლის მიზნით. ავტომანქანას ჩაუტარდა ტექნიკური დათვალიერება და შედგენილი იქნა დეფექტური აქტი. ავტოსატრანსპორტო საშუალების „MERCEDES BENZ 375.30“ სახ.№........ შეკეთებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილი არ იყო გათვალისწინებული მხარეთა შორის გაფორმებული №127 ხელშეკრულების პრეისკურანტით, რის გამოც, მხარეთა შორის, 2022 წლის 25 მარტს გაფორმდა შეთანხმების ოქმი. ვალდებულების შესრულების ვადის დინება დაიწყო 2022 წლის 26 მარტიდან, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2022 წლის 09 მაისი - 2022 წლის 25 მარტიდან 45 კალენდარული დღის ვადა;

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალება „MERCEDES BENZ 375.30“ სახ. №......, ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2022 წლის 9 მაისისა, გაწეულ იქნა 2022 წლის 09 ივნისს, 31 კალენდარული დღის დაგვიანებით, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობამ კი შეადგინა 30 225 ლარი.

12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს სრულად დაკისრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური), 361-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 420-ე (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. სააპელაციო პალატამ დაადგინა და ამ ნაწილში, განჩინება კანონიერ ძალაშია შესული, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო მენარდის ბრალით და არ არსებობდა მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები. სააპელაციო პალატამ ასევე, საქმეზე დაადგინა, რომ შესასრულებელი ვალდებულების ოდენობა პრეისკურანტის მიხედვით შეადგენდა 2800 ლარს, ხოლო ვალდებულების დარღვევის ვადამ შეადგინა 31 დღე.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა და სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის უკანონოდ შემცირების კანონიერება. შესაბამისად, კვლევის საგანს წარმოადგენს, როგორც დაკისრებული პირგასამტეხლოს გამოთვლის ფორმა, ასევე მისი შემცირების კანონიერება. კასატორი განსახილველ დავაში წარმოადგენდა მოპასუხეს, რომელიც მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ წარმოადგენდა ე.წ. „სადამსჯელო სანქციას“, არამედ ეს იყო წინასწარ შეთანხმებული თანხა ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, რაც განისაზღვრა სწორედ იმ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდებოდა სამუშაოების დროულად დასრულებას. კასატორის მტკიცებით, კონტრაქტორის მიერ ვალდებულების დარღვევამ გამოიწვია ზიანი - განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის ფუნქციონირების შეფერხება, ხოლო 30 225 ლარის 800 ლარამდე შემცირება აზრს უკარგავდა პირგასამტეხლოს ფუნქციას.

15. მოხმობილ არგუმენტს საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი; №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016 წელი).

16. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022 წელი; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).

17. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბ., 2020 წელი, გვ. 89; სუსგ №ას-1006-2021,31 მაისი, 2022 წელი, პ.17).

18. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019 წელი). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010 წ. გვ. 232).

19. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება მოხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, მაშინ როდესაც ამ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა მასზედ, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს. სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ საქმე Nას-774-2023, 12.09.2023წ.; Nას-905-2021, 12.01.2022წ.; Nას-971-2019, 28.10.2019წ.; Nას581-2019, 31.07.2019წ.; Nას-164-160-2016, 28.07.2016წ.). შესაბამისად, მართალია, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების ღირებულებიდან, თუმცა, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას, რომლის თანახმადაც პირგასამტეხლოს დაანგარიშებისას სასამართლოს ბაზად უნდა გამოეყენებინა რეალურად შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება - 2800 ლარი.

20. საკასაციო პალატა დასძენს, რომ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის მიხედვით, პირგასამტეხლოს დაანგარიშება მთლიანი შესრულების ღირებულებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ერთიანი შესრულების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იკვეთება, როდესაც ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობა საფუძველს აცლის ძირითად შესრულებას, ე.ი, როდესაც, ვალდებულების ნაწილობრივი შეუსრულებლობა, თავისი არსით, მთლიანი ვალდებულების შეუსრულებლობას უთანაბრდება (შდრ. იხ. სუსგ. საქმეზე №ას-254-2025, 15 ივლისი 2025 წელი). თუმცა, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი კვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება იმ ტიპის ვალდებულება, რომლის ნაწილის შეუსრულებლობაც მთლიანი ვალდებულების შესრულებას დაუკარგავდა აზრს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მთლიანი თანხიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება გამართლებულია, განსახილველ შემთხვევაში კი, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, მეტიც - მან მიიღო დაგვიანებული შესრულება.

21. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის არც იმ შედავებას, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ დგინდება დაკისრებული პირგასამტეხლოს - 800 ლარის გამოთვლის მექანიზმი. საკასაციო პალატა მხარეს განუმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში პრობლემური იყო არა მხოლოდ პირგასამტეხლოს გამოთვლის მექანიზმი არამედ მისი ოდენობაც. სწორედ ამ მოტივით, სააპელაციო პალატამ სრულიად მართებულად მიუთითა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციაზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. სადაც მითითებულია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატენდერო დოკუმენტაციით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გარდა, მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლოა გათვალისწინებული, რომელიც მიმწოდებელს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის ან ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ეკისრება. სააგენტოს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა რიგ შემთხვევებში არაპროპორციულად მაღალია. შედეგად, პირგასამტეხლოს ფუნქციის, ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის გამოკვლევის შედეგად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს რეკომენდაციას: შემსყიდველმა ორგანიზაციებმა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით; ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0.02%-ის ოდენობით; ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 10%-ის ოდენობით (იხ. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმე №ას-896-846- 2015, , შდრ. სუსგ. 2015 წლის 6 მარტის №ას-1342- 1380-2014 განჩინება, სუს 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება, 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება, სუს 2021 წლის 25 მარტის განჩინება, საქმე №ას-186-2021,http://www.procurement.gov.ge/News/recomendacia-pirgasamtexlo.aspx.).

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოხმობილი რეკომენდაციის, საკასაციო პალატის მიერ დადგენილი პრაქტიკისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, დარიცხული პირგასამტეხლო 800 ლარამდე მართებულად შემცირდა ვინაიდან, სადავო ნაწილის შეკეთება საერთოდ არ შედიოდა თავდაპირველად ხელშეკრულებით მენარდის მიერ ნაკისრ ვალდებულებებში და მისი შეცვლა დამატებითი პრეისკურანტით იკისრა მხარემ, ნაწილი იყო დეფიციტური, რომლის შეკვეთა მოხდა უცხოეთში და მისი ტრანსპორტირების პროცესზე პასუხს მოსარჩელე ვერ აგებდა და ბოლოს, პალატის განსჯით, ვადაგადაცილებულ დღეთა მხედველობაში მიღებით (31 დღე) დაკისრებული პირგასამტეხლო სრულად უზრუნველყოფს შემკვეთის დარღვეული ინტერესების რეპარაციას.

23. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი