დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 21.05.2025
საქმის ნომერი
ას-385-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.05.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-385-2026 07 ივლისი, 2026 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ააიპ სოფლის განვითარების სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.უ–ი” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.12.2025წ. გადაწყვეტილებით სს „ს.კ.უ–ის” (შემდეგში: სადაზღვევო კომპანია ან მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.01.2024წ. გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო ან მოსარჩელე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 24.12.2021წ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №01/07 ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება) დაიდო;

2.2. ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო კომპანიამ სააგენტოს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების ვალდებულება იკისრა თანდართული დაზღვევის პირობების, დანართი №1-ის, დანართი №2-ის შესაბამისად;

2.3. ხელშეკრულების ღირებულება 29552.75 ლარით განისაზღვრა ;

2.4.ხელშეკრულების დანართი №1-ის, მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა უხეში გაუფრთხილებლობით დადგა;

2.5. ხელშეკრულების №01/07 დანართი №2-ის შესაბამისად დაზღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება “SUZUKI JIMNY“, სახელმწიფო ნორმით: ........, გამოშვების წელი: 2013წ., რომლის საბალანსო ღირებულება 15700 ლარით განისაზღვრა (შემდეგში - დაზღვეული ავტომანქანა);

2.6. 01.03.2022წ. მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზღვეული ავტომანქანა დაზიანდა, რომელსაც მოსარჩელის თანამშრომელი - ა.თ–ი მართავდა;

2.7. სატრანსპორტო შემთხვევაში ბრალეულ პირად ცნობილ იქნა ა.თ–ი;

2.8. სს „ა–ის“ მიერ შედგენილი დეფექტური აქტის თანახმად, დაზიანებული დაზღვეული ავტომანქანის აღსადგენად საჭირო დეტალებისა და ხელობის ღირებულებად 21 190 ლარი განისაზღვრა;

2.9. სადაზღვევო კომპანიამ სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

3. მოსარჩელის მოთხოვნა - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 799.1 მუხლით მოაწესრიგა.

4. რაკი, მზღვეველი სადაზღვევო თანხის გაცემაზე უარს იმ საფუძვლით აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხზე წარმოშობილი იყო თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის მიხედვით მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

5. დადგენილი იქნა, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ორმხრივი მოძრაობის გზაზე გადაადგილებისას საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადავიდა, სადაც გზის გვერდულზე არსებულ რკინის დამცავ ჯებირს შეეჯახა, გზიდან გადავარდა, გადაბრუნდა და გზის მიმდებარედ მიწაყრილზე დაეცა.

6. დადგენილი იქნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილი იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად.

7. დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ ჩადენილ გადაცდომის უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, ასეთ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევა მაგალითად „...უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა...“ (შდრ: სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი). საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის აკრძალვას ითვალისწინებს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა.

8. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გარკვეული ობიექტური გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელია, სადავო სამართალდარღვევა არ დაკვალიფიცირდეს უხეშ გაუფრთხილებლობად. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, დამზღვევმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა გამოწვეული იყო ისეთი ობიექტური გარემოებით, რაც დარღვევის ხარისხში პირის ბრალეულობას იმდენად ამსუბუქებს, რომ გამოირიცხება სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესის გამოყენების შესაძლებლობა.

9. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა გამოიწვია მძღოლის მიერ ტელეფონზე დახედვამ, კერძოდ დაზღვეული ავტომობილი მიდიოდა მის სამოძრაო ზოლში, არ ჰქონდა წინ რაიმე სახის წინაღობა და ტელეფონზე დახედვის შედეგად მძღოლმა დაკარგა კონტროლი ავტომობილზე, რის შედეგადაც გადავიდა საპირისპირო მოძროაბის ზოლში, შეეჯახა დამცავ რკინის ბარიერს, გადავიდა გზიდან და გადაბრუნდა. მოსარჩელის მითითებით, ეს დარღვევა მარტივ გაუფრთხილებლობად უნდა დაკვალიფიცირდეს, რაც წარმოშობს მზღვეველი ვალდებულებას ზიანის ანაზღაურებაზე.

10. მოსარჩელის პოზიცია, სამართალდარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქმედების მარტივ კვალიფიკაციად შეფასებისათვის და აღნიშნა, მძღოლს ჩადენილი აქვს რამდენიმე ტიპის სამართალდარღვევა, კერძოდ მობილური ტელეფონით სარგებლობა ავტომობილის მართვის დროს („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად), საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა), დამცავ ჯებირზე შეჯახება.

11. ზემოაღნიშნული დარღვევები იმდენად დიდ საფრთხეს უქმნის მართლწესრიგს, ადამიანთა, მათ შორის, ბრალეული მძღოლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომ განსაკუთრებული ობიექტური აუცილებლობის მტკიცების გარეშე, ვერ იქნება მიჩნეული მარტივ გაუფრთხილებლობად. ასეთ აუცილებლობად კი, მობილურ ტელეფონზე თუნდაც წამიერი ყურადღების გადატანა, არ მიიჩნევა.

12. ამასთან, დამდგარი შედეგი იმდენად მძიმეა, რომ ეჭვქვეშ დგება თავად უფლებამოსილი მძღოლის განმარტებების სისწორეც, მათ შორის, ავტომობილის დაშვებული სიჩქარით მოძრაობის ფაქტი, ვინაიდან დადგენილია, რომ ავტომობილი გზის დამცავმა ჯებირმაც ვერ შეაჩერა. მოსარჩელე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მხოლოდ ტელეფონზე დახედვის ფაქტს უთითებდა, რაც დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, ვერ იქნება საკმარისი მძღოლის ქმედებების მარტივ გაუფრთხილებლობად შესაფასებლად. არსებობს აშკარა არაპროპორციულობა შედეგსა და მოსარჩელის მიერ მითითებულ გამომწვევ მიზეზს შორის, რაც, როგორც ზემოთ იქნა განმარტებული, ეჭვქვეშ აყენებს დამზღვევის განმარტებებს.

13. იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დგინდება მძღოლის მიერ მოძრაობის წესების უხეში დარღვევა - საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობა, თუკი დაზღვეული არ დაადასტურებს, რომ სახეზე იყო დარღვევის გამომწვევი ობიექტური გარემოება და გადაცდომა მხოლოდ მძღოლის მაღალი ხარისხის დაუდევრობით არ იყო გამოწვეული. მოსარჩელემ კი, ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც მისი პოზიციის გაზიარებაზე უარის თქმას დაედო საფუძვლად, მაშასადამე, სსკ-ის 829-ე მუხლის შემადგენლობა გამოიკვეთა, რაც მზღვეველს სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ გაასაჩივრა.

15. კასატორი დავობს მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე - აღნიშნავს, რომ მძღოლმა გარკვეულ მომენტში დახედა ტელეფონს, რაც თავისთავად არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც ავტომატურად მიუთითებს ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობაზე. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაცია დააფუძნა ვარაუდს და არა მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგებს. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება თუ რა ინტენსივობით გამოიყენა მძროლმა ტელეფონი, იყო ეს მხოლოდ დახედვა ტელეფონზე თუ ტელეფონის აქტიური გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ ვარაუდზე აფუძნებს დასკვნას. კასატორი სადავოდ ხდის მძღოლის საპირისპირო ზოლში გამიზნულად გადასვლის ფაქტს და მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მძღოლის მიერ შევსებული განაცხადი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მძღოლმა დაკარგა საჭის მანევრი, რამაც გამოიწვია საპირისპირო ზოლში გადასვლა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

20. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც თავისი არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განაწილების თვალსაზრისით ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. სახელდობრ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო. მზღვეველი კი, იმ თვალსაზრისით რისკავს, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, 85.).

21. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (სსკ-ის 327-ე მუხ.) (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, 2017, 119).

22. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ, დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია, რათა გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, და ამით მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება, და სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს საფრთხე არ დაემუქროს.

23. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, შეიძლება განიმარტოს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი (სუსგ №ას-88-2025, 17 აპრილი, 2025 წელი).

24. განსახილველი საქმის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ, სწორად განსაზღვრა კვლევის ძირითადი საგანი - დაზღვეული ავტომობლის მძღოლი მოძრაობისას მოქმედებდა თუ არა უხეში გაუფრთხილებლობით.

25. საკასაციო პალატა ყურადღებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე ამახვილებს, კერძოდ, დგინდება, რომ ავტოავარიის შემდეგ მძღოლმა ა.თ–მა შეავსო ავტოტრანსპორტის ზიანის ფაქტზე განაცხადი, სადაც მიუთითა, რომ „ვმოძრაობდი ავტომანქანით ჩუმლაყი-ბაკურციხის შემოვლით გზაზე. მობილურ ტელეფონზე ყურადღების გადატანის გამო, დავკარგე საჭის მანევრი და ჩემგან მარცხენა მხარეს შევეჯახე გზის დამცავ ჯებირს. შეჯახების დროს მანქანა გადაბრუნდა და დაეცა გზის მიმდებარედ მიწაყრილზე“.

26. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს 2022 წლის 29 მაისის წერილის თანახმად, ბაკურციხე-გურჯაანი-ჩუმლაყის შემოვლით საავტომობილო გზაზე ჩუმლაყიდან-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანა „სუზუკი“ სახ. ნომრით ........, რომელსაც მართავდა ა.თ–ი გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში, შეეჯახა გზის გვერდულზე არსებულ რკინის დამცავ ჯებირს და გადავარდა გზიდან, რის შედეგადაც ა.თ–მა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები. საქმეზე ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მძღოლის ა.თ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 21 პუნქტი 8-ს მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში აღნიშნული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა, ხოლო ქიმიურ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ეთილის სპირტი, (ფხიზელი).

27. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მძღოლის ქმედებაში უხეში გაუფრთხილებლობის კვალიფიკაციისთვის აუცილებელი კომპონენტები იკვეთებოდა, რაზედაც პრეტენზიას გამოთქვამს კასატორი (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი), რომელსაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ სადავო შემთხვევაში, მძღოლის ქმედებაში უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, რამდენადაც აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა მძიმეა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ბრალი“ შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი. ასეთ დროს, სასამართლომ უნდა შეაფასოს დარღვევა ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით. ამასთან, შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს.

29. გაუფრთხილებლობა „უხეშია“ თუ „მარტივი“, დგინდება კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. „უხეში“ გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც განსაკუთრებით მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. თავის მხრივ, წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს (იხ., სუსგ №ას-618-618-2018).

30. მძღოლის „უხეში“ გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ-ები №ას-745-713-2014;, №ას-943-901-2013). უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, პირი აცნობიერებს თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათსა და საფრთხის ხარისხს, მიუხედავად ამისა, შეგნებულად მოქმედებს და ზედმეტი თავდაჯერებით ელის, რომ ნეგატიურ შედეგებს აირიდებს. ამისგან განსხვავებით, შემთხვევითი გადაცდომა მაგალითად, მოსახვევში არასწორი მანევრის შედეგად საპირისპირო ზოლში მოხვედრა არ ასახავს ასეთ ცნობიერ და რისკზე დამყარებულ დამოკიდებულებას, შესაბამისად, არ შეიძლება შეფასდეს როგორც უხეში გაუფრთხილებლობა. ხოლო, გამორიცხვის მეთოდით, „მარტივ“ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას (შდრ:. სუსგ №ას-1306-1226-2015).

31. საგულისმოა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი მოწესრიგება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში.

32. უწყვეტი ხაზის გადაკვეთა წარმოადგენს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, თუმცა, ეს ფაქტი თავისთავად არ ქმნის საკმარის საფუძველს, რომ ნებისმიერი ასეთი ქმედება შეფასდეს როგორც უხეში გაუფრთხილებლობა. ამგვარი შეფასება ვერ იქნება განყენებული თავად დარღვევის შინაარსისა და კონკრეტული გარემოებებისგან.

33. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ უწყვეტი ხაზის გადაკვეთით ფორმალურად დგინდება სამართალდარღვევა, აუცილებელია შეფასდეს, არსებობდა თუ არა ისეთი დამატებითი ფაქტორები, რომლებიც ამ ქმედებას განსაკუთრებულ სიმძაფრესა და უხეშ ხასიათს სძენს. სწორედ დარღვევის გამომწვევი და თანმდევი გარემოებების ანალიზის საფუძველზე უნდა განისაზღვროს, აღწევს თუ არა ქმედება უხეში გაუფრთხილებლობის ხარისხს. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში, ქმედების კვლიფიკაციისას სასამართლომ აღნიშნა: „...მძღოლი საპირისპირო ზოლში არ გადასულა განსაკუთრებული გულგრილობით, შეგნებულად ან ისეთი დაუდევრობით როგორიც შეიძლება იყოს მოხვევის დროს გადასწრება, ტელეფონით საუბარი ან სხვა სახის ფაქტორი.....“ (შდრ: სუსგ №ას-1301-2025, 12 მარტი, 2026 წელი, პ.49).

34. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლს მიერ ჩადენილი ქმედების შეფასებისას გასათვალისწინებელი გარემოებები შემდეგია, კერძოდ:

35. - საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა), დამცავ ჯებირზე შეჯახება.

36. - მობილური ტელეფონით სარგებლობა ავტომობილის მართვის დროს („საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას მძღოლი უნდა მოერიდოს ნებისმიერ მოქმედებას, რომელიც დაკავშირებული არ არის მართვასთან. მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა. ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც მძღოლი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად),37. ზემოაღნიშნული დარღვევების ერთობლიობა საკასაციო პალატის შეფასებით დიდ საფრთხეს უქმნის მართლწესრიგს, ადამიანთა, მათ შორის ბრალეული მძღოლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც, ვერ იქნება მიჩნეული მარტივ გაუფრთხილებლობად. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ არსებობს 829-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, ამიტომ, სსკ-ის 799-ე მუხლის შესაბამისად, მზღვეველს არ მოუწევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.

38. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ააიპ სოფლის განვითარების სააგენტოს (ს/კ: ..........) დაუბრუნდეს 2026 წლის 18 თებერვალს №04304 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 1190.06 ლარი, ზედმეტად გადახდილი 22.74 ლარი და 1167.32 ლარის 70% – 817.12 ლარი, ჯამში კასატორს დაუბრუნდეს 839.86 ლარი შემდეგი ანგარიშიდან:ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე