დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-411-2026 30 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)
კასატორი/მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საგანგებო სიტუაცუების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა/ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1.სარჩელის მოთხოვნა
1.1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სს „ნ.ვ.დ–ვის“ წინააღმდეგ, მოითხოვა, მოპასუხისთვის 27 034 ლარის, აგრეთვე პირგასამტეხლოს სახით 27 034 ლარის 0.2%-ის დაკისრება 2022 წლის 24 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 27 034 ლარის გადახდა; მოპასუხე სს „ნ.ვ.დ–ვას“ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა - 27 034 ლარის 0.01%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2022 წლის 24 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ნ.ვ.დ–ვას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება; სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს „ნ.ვ.დ–ვას“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა 26 340 ლარის გადახდა; სს „ნ.ვ.დ–ვას“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა - 26 340 ლარის 0.01%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2022 წლის 24 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5.2. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 04/01/20-CON, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 აპრილი. ხელშეკრულებაში 2021 წლის 30 ივლისს შევიდა ცვლილება, შეიცვალა ხელშეკრულების N2 დანართი, დაემატა დაზღვეული 23 ავტომობილი. მათ შორის, დაზღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომერი ......... შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2021 წლის 10 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი, ირაკლი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ მუშაობს დედოფლისწყაროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის პოზიციაზე. ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა გამოძახებაზე დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მინდორში. გამოძახების შემდეგ, დააპირა ავტომანქანის გადაადგილება გარეცხვის მიზნით, თუმცა, ავტომანქანა არ დაიქოქა. ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ქონია და გარეგანი დაზიანებაც არ აღენიშნება. დადგენილია, რომ სს „ნ.ვ.დ–ვამ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 2022 წლის 23 სექტემბერს უარი განუცხადა ანაზღაურებაზე და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით დეტალურადაა განსაზღვრული სადაზღვევო რისკები. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეულია მისი საავტომობილო გზაზე გადაადგილების მიზნებისთვის და მინდორში გადაადგილება წარმოადგენს მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას. შესაბამისად, არ არსებობდა ანაზღაურების წინაპირობა.
5.3. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რისკი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში აიღო სადაზღვევო კომპანიამ საკმაოდ ფართო იყო და აღნიშნული რისკის საზღვრები ვერ დადგინდება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და გზებზე მოძრაობის წესების მოთხოვნათა დარღვევის გათვალისწინებით.
5.4. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიმართ დამდგარი შედეგების და ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, მძღოლის ქმედება ვერ შეფასდებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად. სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება, რომ დაზღვევის ობიექტი სასწრაფო დახმარების მანქანა იყო, მძღოლი ახორციელებდა საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. გამოძახების ადგილი შესაძლებელია ყოფილიყო არასაავტომობილო გზა. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომანქანა მოძრაობდა მინდორში, არ შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო სადაზღვევო რისკად. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, განზრახ ანდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და ა. შ. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მძღოლი მოძრაობდა მინდორში (არასაავტომობილო გზაზე) არ შეიძლებოდა გამხდარიყო ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს რომ ვერ იქნება გაზიარებული აპელანტის პრეტენზია, რომ ხელშეკრულება არ მოიცავდა მინდორში გადასვლის შემთხვევაში მომხდარი ავტო-საგზაო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებას. პალატა განსახილველ შემთხვევაში დაზღვეულის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ სახეზეა მოპასუხე კომპანიის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლები ზიანის 26 340 ლარის ანაზღაურების ნაწილში. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისათვის დარჩენილი 694 ლარის დაკისრებას, პალატა აღნიშნულ ნაწილში არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილი შპს „აკა“-ს მიერ გაცემულ ანგარიშფაქტურაზე (ს.ფ. 72, ტ.1), ავტოსატრანსპორტო საშუალება „მერსედეს ბენცის“ (სახელმწიფო ნომერი ........) ნაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოების ფასების კალკულაციასთან დაკავშირებით. კერძოდ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ ავტომობილის შეკეთების მიზნით შესრულდა შემდეგი სამუშაოები: სამღებრო სამუშაოები - 12 ლარი, საბურავების ბალანსირება - 12 ლარი; თვლების შეყრის კუთხის გასწორება (მთლიანად) – 70 ლარი; სავალი ნაწილის სამუშაო - 600 ლარი, ჯამში 694 ლარი.
5.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოხსენებულ დაზიანებებზე ჩატარებულ სამუშაოებზე გაღებული თანხა არ წარმოადგენს ასანაზღაურებელ ზიანის თანხას, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს ისეთ ვითარებას, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების ფაქტი გამოვლინდა აღნიშნული საშუალების გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის პირობებში, რამე თუ ვერ იქნა ძრავი დაქოქილი. შესაბამისად ის ზემოქმედება, რომელიც თუნდაც გამოიწვევდა სატრანსპორტო საშუალებაზე საღებავის ან საბურავების ბალანსის დაზიანების ფაქტს და ა.შ. გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილის მიმართ, ობიექტური განსჯის შედეგად ვერ დადგებოდა.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.
7. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
8.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველ ინსტანციაში წარდგენილი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 27 034 ლარი სრულად, ხოლო, ამავე თანხიდან გამოსათვლელი პირგასამტეხლო შემცირებული სახით. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა - 27 034 ლარი შემცირდა 26 340 ლარამდე, ხოლო, პირგასამტეხლოს პროცენტი (0.01%) დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსი. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილია ორივე მხარის საკასაციო საჩივარი, მოსარჩელე საკასაციო საჩივრის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების შესაბამისად დაკმაყოფილებას, ხოლო, მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას ითხოვს.
15. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილი „დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება“, ამავე კოდექსის 820-ე „ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით“ და 821-ე მუხლები „მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში“.
16. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა (სუსგ Nას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).
17. მხარეებს დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით მკაფიოდ უნდა ჰქონდეთ რისკის ფარგლები გამიჯნული, მაგალითად მარტივ და უხეშ გაუფრთხილებლობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მარტივ გაუფრთხილებლობაზე იქნება კომპანია პასუხისმგებელი. ამავე მსჯელობით განმარტებულია თუ რა პრინციპით შეიძლება ჩაითვალოს ესა თუ ის ქმედება მარტივ გაუფრთხილებლობად, კერძოდ აღნიშნული განჩინების მიხედვით - „საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დასკვნას და დამატებით განმარტავს, რომ პასუხისმგებლობის ფარგლები, (უფრო მკაცრი ან მსუბუქი პასუხისმგებლობა), შეიძლება გარიგებით ან კანონით დაწესდეს. ამ შემთხვევაში, მხარეებს ხელშეკრულებით არ დაუკონკრეტებიათ ეს ფარგლები, ანუ არ გაუმიჯნავთ ერთმანეთისაგან უხეში და მარტივი გაუფრთხილებლობის შემთხვევები. შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ.“ (ას-1306-1226-2015, 1.07.2015);
18. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016წ., გვ.85.).
19. სსკ-ის 799-ე მუხლით ერთმნიშვნელოვნადაა განსაზღვრული, რომ დაზღვევის მიზანი ფიზიკური და იურიდიული პირების ინტერესების დაცვაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ-ები: №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წ; №ას-948-2023, 10 ოქტომბერი, 2023 წ.).
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება 04/01/20-CON, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 30 აპრილი. ხელშეკრულებაში 2021 წლის 30 ივლისს შევიდა ცვლილება, შეიცვალა ხელშეკრულების N2 დანართი, დაემატა დაზღვეული 23 ავტომობილი. მათ შორის, დაზღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება „მერსედეს ბენცი“, სახელმწიფო ნომერი .......... შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2021 წლის 10 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი, ირაკლი ხიზანიშვილი განმარტავს, რომ მუშაობს დედოფლისწყაროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის პოზიციაზე. ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა გამოძახებაზე დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მინდორში. გამოძახების შემდეგ, დააპირა ავტომანქანის გადაადგილება გარეცხვის მიზნით, თუმცა ავტომანქანა არ დაიქოქა. ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ქონია და გარეგანი დაზიანებაც არ აღენიშნება. დადგენილია, რომ სს „ნ.ვ.დ–ვამ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 2022 წლის 23 სექტემბერს უარი განუცხადა ანაზღაურებაზე და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით დეტალურადაა განსაზღვრული სადაზღვევო რისკები. ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზღვეულია მისი საავტომობილო გზაზე გადაადგილების მიზნებისთვის და მინდორში გადაადგილება წარმოადგენს მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას. შესაბამისად, არ არსებობდა ანაზღაურების წინაპირობა.
21. ხელშეკრულების მხარის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ან შეზღუდვის საფუძვლები შეიძლება გათვალისწინებული იქნეს არა მხოლოდ ხელშეკრულებით, არამედ კანონითაც, კერძოდ, სსკ-ის 829-ე მუხლიდან (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) გამომდინარე, დამზღვევის მიერ განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევა მზღვეველის ვალდებულებისაგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველია. მითითებული ნორმის საფუძველზე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. ამდენად, მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობითმოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ.: სუსგ-ები: №ას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016წ.; №ას-254-2023, 07 ივნისი, 2023წ.; №ას-865-2023, 29 სექტემბერი, 2023წ.; №ას-331-2024, 28 ივნისი, 2024წ; №ას-691-2024, 26 ივლისი, 2024 წ.;№ას 953-2024, 29 სექტემბერი, 2025 წ.).
22. უხეში გაუფრთხილებლობა გულისხმობს აუცილებელი წინდახედულობის ნორმების განსაკუთრებით მძიმე დარღვევას. თავის მხრივ, წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს. (იხ: სუსგ-ები: №ას-654-2019, 26 ივნისი, 2020 წ; №ას-499-2023, 07 ივნისი, 2023 წ.).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა. მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ: სუსგ №ას-1479-2019 21 იანვარი, 2020 წ; №ას-1091-2022, 23 თებერვალი, 2023 წ.). შესაბამისად, იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგინდეს გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება. (შდრ: სუსგ №ას-736-2023, 01 ნოემბერი, 2023 წ.).
24. დადგენილია, რომ შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის 2021 წლის 10 ოქტომბრის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დაზღვეული ავტომანქანის მძღოლი მუშაობდა დედოფლისწყაროში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის პოზიციაზე. ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა გამოძახებაზე დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მინდორში. გამოძახების შემდეგ, დააპირა ავტომანქანის გადაადგილება გარეცხვის მიზნით, თუმცა ავტომანქანა არ დაიქოქა. ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი არ ქონია და გარეგანი დაზიანებაც არ აღენიშნება.
25. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულთან ერთად აღნიშნავს, რომ მძღოლის ქმედება მართებულად არ შეფასდა უხეშ გაუფრთხილებლობად. სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება, რომ დაზღვევის ობიექტი სასწრაფო დახმარების მანქანა იყო, მძღოლი ახორციელებდა საქმიანობას, რომელიც მიმართული იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. გამოძახების ადგილი შესაძლებელია ყოფილიყო არასაავტომობილო გზა. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომანქანა მოძრაობდა მინდორში, არ შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო არასადაზღვევო რისკად. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ფაქტობრივი გარემოებები, რომ მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, დაარღვია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, განზრახ ან/და აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და ა. შ. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ მძღოლი მოძრაობდა მინდორში (არასაავტომობილო გზაზე) არ შეიძლებოდა გამხდარიყო ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.
26. საკასაციო სასამართლო, მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეს 694 ლარის დაკისრებაზე, კერძოდ, წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით (ტ.1,ს.ფ.72), ავტომობილის შეკეთების მიზნით შესრულდა შემდეგი სამუშაოები: სამღებრო სამუშაოები - 12 ლარი, საბურავების ბალანსირება - 12 ლარი; თვლების შეყრის კუთხის გასწორება (მთლიანად) – 70 ლარი; სავალი ნაწილის სამუშაო - 600 ლარი, ჯამში 694 ლარი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული სამუშაოები არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეულ ზიანს და შესაბამისად სადაზღვევო კომპანიის ასანაზღაურებელ თანხას.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ, იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც სახეზეა.
28. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
3. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №1776157186, გადახდის თარიღი 14/04/2026) 1 461.21 ლარის 70% - 1 022.84 ლარი;
4. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს (205307960) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №17961, გადახდის თარიღი 12/03/2026) 1 461.21 ლარის 70% - 1 022.84 ლარი;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
მ. ერემაძე