დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 06.07.2026
საქმის ნომერი
ას-139-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
06.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-139-2026 06 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „კ–ამ“ (შემდეგში: მოსარჩელე), სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 90 000 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „კ–ას“ სარჩელი შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ მიმართ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 90 000 ლარის გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 დეკემბრის განჩინებით შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივ გარემოებები:

6.1. შპს „კ–ა“ რეგისტრირებულია 2004 წლის 06 აგვისტოს, კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მის დირექტორს ნ.თ–ს.

6.2. შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–ია“ რეგისტრირებულია 2013 წლის 21 იანვარს, მისი 100% წილის მესაკუთრე არის რ.ე–ი.

6.3. 2015 წლის 18 თებერვლის N221 ხელშეკრულებით (შემდგომში- „ნასყიდობის ხელშეკრულება“) შპს „კ–ამ“ ფინეთის კომპანიიდან „ჯ.ტ.ო“ 14 მილიარდ რუსულ რუბლად შეიძინა მეორადი ლუდსახარში აღჭურვილობა (CO2-ის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხანა), ხელშეკრულებას ხელს აწერენ ფინეთის კომპანიიდან „ჯ.ტ.ო–ს“ თავმჯდომარე ი.კ–ი და შპს „კ–ას“ დირექტორის ზ.ფ–ი.

6.4. 2015 წლის 14 სექტემბერს, შპს „კ–ასა“ და შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ შორის გაფორმდა Nმშ-1/2015 სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ შპს „კ–ას“ დირექტორი ზ.ფ–ი და ნ.თ–ი და შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ დირექტორი რ.ე–ი.

6.5. ხელშეკრულების 1-ელი მუხლის თანახმად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულების მიხედვით, შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ უნდა შეესრულებინა CO2-ის ქარხნის ნახშიროჟანგის სისტემის ელექტრო და მექანიკური მონტაჟი (კომპრესორის სარემონტო სამუშაოების შესრულება). სამუშაოების მოცულობა და ღირებულება განისაზღვრა აღნიშნული ხელშეკრულების N1 დანართით (რომლის თანახმადაც, მითითებული სამუშაოების წინასწარმა სახარჯთაღრიცხვო ღირებულებამ შეადგინა 125 000 ლარი). ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად (სამუშაოს ღირებულება და ანგარიშწორების წესი), ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოებისა და მოცულობის წინასწარი სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 125 000 ლარს. ამასთან, დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება შემდეგი პირობებით: ავანსი - ხელშეკრულების ღირებულების 60%. საბოლოო, ხელშეკრულების ღირებულების 40%-ის ანგარიშწორება მოხდება წარმოდგენილი ფორმა 2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამასთანავე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით. ხელშეკურლების მე-3 მუხლით (მხარეთა პასუხისმგებლობა) შემსრულებელი ვალდებულია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან დაუყოვნებლივ უმოკლეს დროში, აღმოფხვრას ყველა დეფექტი საკუთარი სახსრებით, რომელიც წარმოშობილია სამუშაოს არაჯეროვანი და უხარისხო შესრულების შედეგად. ხელშეკრულების მე-5 მუხლით, ხელშეკურულება შედის ძალაში დაუყოვნებლივ მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტამდე.

6.6. ამდენად, 2015 წელს, შპს „კ–ასა“ და შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ შორის გაფორმებული N-1/2015 სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ უნდა შეესრულებინა CO2-ის ქარხნის ნახშიროჟანგის სისტემის ელექტრო და მექანიკური მონტაჟი (კომპრესორის სარემონტო სამუშაოების შესრულება), რომლის ღირებულება, 125 000 ლარს შეადგენდა. ამასთან, შპს „კ–ას“ ავანსის სახით, შემსრულებლისათვის უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ღირებულების 60% (125 000-ის 60%) 75 000 ლარი, ხოლო, საბოლოო, ხელშეკრულების ღირებულების 40%-ის (50 000 ლარის) ანგარიშწორება მოხდებოდა წარმოდგენილი ფორმა 2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ამდენად, შპს „კ–ას“ საბოლოო, ხელშეკრულების ღირებულების 40%-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ ფორმა 2-ისა და მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, კონკრეტულად ვადა ხელშეკრულებაში არ იყო მითითებული, თუმცა, ხელშეკრულება მოიცავდა ჩანაწერს მასზედ, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მომენტამდე.

6.7. შპს „კ–ამ“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ანგარიშში, შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ საბანკო წესით გადაურიცხა 90 000 ლარი, კერძოდ, 2015 წლის 11 დეკემბერს 74 000 ლარი ავანსის სახით და 2015 წლის 29 დეკემბერს 16 000 ლარი შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენდა სადავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების, CO2-ის ქარხნის ნახშიროჟანგის სისტემის ელექტრო და მექანიკური მონტაჟის (კომპრესორის სარემონტო სამუშაოების შესრულების), შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ მიერ ჯეროვნად შესრულების ფაქტი.

6.6. სასამართლომ იმსჯელა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე და დადგენილად მიიჩნია, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. პალატამ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ როგორც წერილობით მტკიცებულებებზე, ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, რის საფუძველზეც, არ გაიზიარა მოპასუხის ახსნა-განმარტება, რომ მოპასუხემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება სრულად და ჯეროვნად. კერძოდ, დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი: - ქარხნის მონტაჟის დროს გაირკვა, რომ დანადგარები იყო გაუმართავი, ხოლო მართვის პულტი-დაბლოკილი, ამის გამო მოპასუხემ, სს „ქ.ლ.კ–ის“ (იგივე „ზედაზენი“) ოთხ თანამშრომელთან ერთად დაიწყო ქარხნის დანადგარების გარემონტება; - შეთანხმების მიხედვით, ქარხნის დანადგარები უნდა ამუშავებულიყო 01.01.2016 წელს, მაგრამ არ მოხდა აღნიშნული დანადგარების მონტაჟის დასრულება, არც მათი სატესტო გაშვება. მოპასუხემ დანადგარების მონტაჟი განახორციელა ტექნიკური პასპორტის გარეშე, რასაც ადასტურებს შემდეგი დოკუმენტები: 1) 17.11.2015 წელს მოპასუხემ ხელი მოაწერა ქარხნის დანადგარების დეფექტურობის აქტს, რომლითაც აღიარებულია ამ დანადგარების უვარგისობა; 2) კომპანია „ჯ.კ–ის“ 25.10.2016 წლის ანგარიში დანადგარებზე მოწყობილობების (პანელი) შეუთავსებლობის შესახებ; 3) კომპანია „ჰ–ის“ 28.06.2016 წლის აუდიტორული ანგარიში, რომლის თანახმადაც ფილტრის შესაძლებლობები არ შეესაბამება ორიგინალ სპეციფიკას, რის გამოც, ეფექტური სამუშაო დრო შემცირებულია 50%-მდე, დასჭირდება რეგულარული შეკეთება; 4) თურქული კომპანია „ქ.ქ.გ.ვ.ს.ფ–ის“ 05.11.2018 წლის დასკვნით დანადგარებში არ არის დამატებული გოგირდ-წყალბადის შემაკავებელი რაიმე სახის ფილტრი და მათგან მოხსნილია ზოგიერთი ზედმეტი დეტალი, არაკომპეტენტურადაა დამონტაჟებული ჭის თავზე CO2-ის წყლისგან განმაცალკევებელი 4 ცალი სეპარატორი; - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.03.2016 წლის N5001115516 დასკვნით დადგენილია, რომ: „ნახშიროჟანგის ორივე კომპრესორს და ამიაკის ხრახნულ კომპრესორს საქარხნო რესურსი არ გააჩნიათ, შესაბამისად გამორიცხულია მათი სტაბილური მუშაობა. მოწვეული უნდა იქნას საქართველოში არსებული კვალიფიცირებული კომპანია, რომელიც ჩაატარებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს (მათ შორის, კომპრესორის კაპიტალურ რემონტს) და მოამზადებს მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლებს ტექნიკური ზედამხედველობის პასპორტიზაციისათვის. ტექნიკური დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ჭაბურღილიდან მიღებული ნახშიროჟანგის გადამუშავების წარმოებისათვის საერთოდ არ არის საჭირო: ქაფდამჭერი, აეროზოლი სამრეცხი, სკრუბერი, გაზგოლდერი“. ამავე დასკვის თანახმად, ნახშიროჟანგის კომპრესორი TZV 70-2 ცალი - ამ დანადგარის მუშაობაზე არის ძირითადად დამოკიდებული სისტემის სტაბილური ფუნქციონირება, კომპრესორებს აუცილებელია ჩაუტარდეს შუალედური რემონტები და 30000 საათის მუშაობის შემდგომ კაპიტალური რემონტი, რაც არ არის ჩატარებული, ხოლო კომპრესორებს ნამუშევარი აქვს 37000 საათი, ამდენად, აუცილებელია კაპიტალური რემონტის ჩატარება, სხვა შემთხვევაში კომპრესორს რესურსი ფაქტიურად არ გააჩნია; - 2015 წლის 22 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, 2015 წლის დეკემბრის ბოლოს გადაწყდა ქარხნის საკონტროლო-საექსპერტო გაშვება; - 2015 წლის 24 დეკემბრის წერილით დასტურდება, რომ მიმდინარეობდა დანადგარების მონტაჟის პროცესი, თუმცა ხარვეზებით; - 2015 წლის 28 დეკემბრის აქტში, რომელიც შედგენილია რ. ე–ის მიერ, აღნიშნულია, რომ ქარხნის დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვების მომენტში რეზინის მანჯეტი გამოვიდა წყობილებიდან და მოხდა ზეთის გაშვება, ასევე, პრობლემა შეიქმნა დანადგარების პროგრამული უზრუნველყოფისათვის საჭირო ადმინისტრაციული კოდის მონაცემებზე, რომელიც მოწოდებული ინფორმაციის შედეგად აღმოჩნდა არასწორი; ამავე აქტში მოცემულია მსჯელობა, რომ ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხემ შეასრულა ქარხნის დანადგარების ელექტრო და მექანიკური მონტაჟი, რასაც ნაკისრი ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად თავის მსჯელობაში დაეყრდნო მოპასუხის წარმომადგენელი, გამოირიცხება 2015 წლის 27 დეკემბრის წერილით, რომელსაც ხელს აწერენ შპს ,,კ–ის’’ მოწვეული სპეციალისტები - ზ.ო–ძე, ი.ფ–ძე და გ.წ–ი, რომლის თანახმად, ამიაკის ხრახნული კომპრესორი მოდელი SAB 128HF სარემონტოა, თუ რა სახის სარემონტო სამუშაოებია მასზე ჩასატარებლი, განისაზღვრება მას შემდეგ, როდესაც მიიღებენ ოფიციალურ ინფორმაციას იმ წარმოებიდან, სადაც მიმდინარეობდა მისი ექსპლუატაცია, ანალოგიური მდგომარეობაა ნახშიროჟანგის ორ კომპრესორზე მოდელი TZV-70, ვინაიდან ნამუშევარი საათები ორივე შემთხვევაში შეადგენს 37000 საათს. ამდენად, დასახელებულ წერილში თავად რ. ე–ის განმარტება, რომ შეასრულა მონტაჟი, არ არის საკმარისი აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად; - 2016 წლის 14 იანვრის რ. ე–ის წერილით დასტურდება, რომ ამ დროისთვის ქარხნის გაშვება ვერ მოხდა, შესაბამისად, ვერ განხორციელდა სრულყოფილი მონტაჟიც; - ნ.თ–ი პერიოდულად ითხოვდა დანადგარების შესყიდვის ხელშეკრულებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გადაცემას; - შპს „კ–ის“ მოწვეული სპეციალისტების - ზ.ო–ძის, ი.ფ–ძისა და გ.წ–ის მიერ შედგენილი 2016 წლის 29 თებერვლის ტექნიკურ მდგომარეობის შეფასების აქტით დასტურდება, რომ ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის კომპრესორი მოდელი SAB 128HF ექვემდებარება კაპიტალურ რემონტს, ვინაიდან ნამუშევარი საათები შეადგენს 37000 საათს, ნახშიროჟანგის გაზის კომპრესორი TZV-70, (ორი ერთეული) ასევე ექვემდებარება კაპიტალურ რემონტს, ვინაიდან ნამუშევარი აქვს 37000 საათი; - 2016 წლის 18 მარტის წერილით, ნ. თ–ი მოპასუხისგან ითხოვს მიღება - ჩაბარების აქტის წარდგენას ნაკისრი ვალდებულების შესრულების დასადასტურდებლად, თუმცა საქმეში აგვარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ამასთან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2016 წლის 19 აპრილს, მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ფორმდება ხელშეკრულება კომპანია „ჯ.კ–თან“ ამიაკის კომპრესორის მართვის პულტის ინსპექტირების მიზნით, ასევე, 2016 წლის 25 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება ჰოლანდიურ ფირმა „ჰ. ბ.ვ-სთან“, რაც მიზნად ისახავდა CO-2-ის რეკუპერაციის სადგურის კომპიუტერული პროგრამის მართვის სისტემაში გამოვლენილი შეცდომების ტექნიკურ აუდიტს; - ქარხნის სრული მონტაჟი დასრულებული არ იყო არც 2019 წლის 02 სექტემბრის მდგომარეობით; - 2018 წლის 04 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ა–ას“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს მუშა პროექტს; ხოლო შპს „კ–ის“ დირექტორის ზ. ო–ძის წერილის მიხედვით ქარხანაში არსებულ ტექნიკაზე კაპიტალური რემონტის ჩატარების შემთხვევაშიც კი, ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება და მიღებული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის მიღება უწყვეტ რეჟიმში ვერ მოხერხდება; - 2022 წლის 20 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, „ქარხანას სრული სტაბილური მუშაობისთვის სჭირდება ნედლი ნახშიროჟანგის სტაბილური მიწოდება, რაც პრაქტიკულად გამორიცხულია ჭაბურღილიდან. რესურსის ამოწურვა არ ნიშნავს მის არავარგისიანობას, უკიდურეს შემთხვევაში ის ამცირებს წარმადობას 5-15%-ის ფარგლებში, რა დროსაც აუცილებელი ხდება მათი კაპიტალური რემონტი და მისი რესურსული მდგომარეობის სრული აღდგენა“. 2018 წლის სამი აგვისტოს დამფუძნებელ-პარტნიორთა კრების ოქმით დასტურდება, რომ შპს „კ–ამ“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად უნდა მოახდინოს CO2 ერთი კომპრესორით სატესტო რეჟიმში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, რაც არ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას; - პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი ს.ბ–ძე, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, კერძოდ, განმარტა, რომ შპს „კ–ას“ ქარხანაში ორჯერ არის ნამყოფი, წლები ზუსტად არ ახსოვს, დანადგარების მონტაჟი ამ დროს დასრულებული არ იყო. მოწმის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, პროექტის გარეშე მოხდა დანადგარის ნაწილების მიერთება. ექსპერტის განმარტებით, შესასრულებული სამუშაოების ნახაზის არსებობა აუცილებელია, რაც კონკრეტულ სიტუაციაში არ იყო. გაზის მწარმოებელი დანადგარი და ლუდსახარში წარმოების დანადგარი სხვადასხვაა, ლუდის წარმოების ელემენტები გაზის წარმოებისთვის ხელისშემშლელი იყო. ლუდის წარმოებაში გამოყენებული დანადგარები გაზის წარმოებას ვერ განახორციელებდა. სტაბილურად ვერ იმუშავებდა, რადგან ჭაბურღილიდან მიწოდებულ გაზს ვერ აწარმოებდა. მოწმის განმარტებით, დანადგარების მონტაჟი მოხდა არასწორად, რადგან ტექნოლოგიური პროექტის გარეშე არანაირი სამუშაოს შესრულება არ არის შესაძლებელი. ტექნოლოგიური ნახაზის არსებობა აუცილებელია. მუშა პროექტის გარეშე დანადგარები ვერ დამონტაჟდებოდა. ამ დანადგარებს შეუძლიათ CO2-ს წარმოება, თუმცა არა იმ ოდენობით, რაც საჭიროა. - პროცესზე მოსარჩელე მხარის შუამდგომლობით მოწმის სახით დაიკითხა გ.ჩ–ი, რომლის განმარტებით 2013 წლის ოქტომბრის თვიდან არის შპს „კ–ას“ თანამშრომელი. იცნობს რ. ე–ს 2014 წლიდან, როდესაც რუსეთიდან შემოვიდა შპს „კ–ასთვის“ განკუთვნილი დანადგარები, რომელსაც უნდა მიეღო და გადაემუშავებინა ჭაბურღილიდან მიღებული CO2 გაზი. 2014 წლის სექტემბრის თვეში მოწმეს დაურეკა მოქმედმა დირექტორმა ზ.ფ–მა და უთხრა, რომ ავტომანქანებმა საბაჟო გადმოკვეთეს და მიეყვანა ქარხნამდე. იგი შეხვდა მძღოლს, თუმცა ქარხანამდე ვერ მივიდნენ და იქვე გააჩერეს მანქანები, მეორე დილით ზ., რ. ე–ი, ა.თ–ი და შემდუღებელი ბიჭები მოვიდნენ და გადაიყვანეს ავტომობილები ქარხანამდე და დაიწყეს დაცლა. ჩამოსული ტვირთი იყო რკინის უჟანგავ მილებში ჩალაგებული ყოველგვარი შეფუთვის გარეშე, რადგან ეს დანადგარები მეორადი იყო; ტვირთი რ. ე–მა და ა.თ–მა მიიღეს, ჩამოცლაში თავადაც ეხმარებოდა. დანადგარები, რომელიც ჩამოვიდა, იყო მეორადი და მონტაჟის პერიოდში ბევრი ხარვეზი გამოჩნდა, ელექტრონული მართვის სისტემა დაბლოკილი იყო, ეს დანადგარები ზედაზენზე წაიღეს, მერე ისევ უკან ჩამოიტანეს, მაგრამ არ იმუშავა, მოიწვიეს აგრეთვე სამხარაულის ექსპერტიზა, ჰოლანდიელი პროფესიონალი, რომელიც ეცადა გამოსწორებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. ჭაბურღილის გაზს ეს დანადგარები ვერანაირად ვერ ამუშავებდა, თურქმა სპეციალისტმაც იგივე დაადასტურა, რადგან წარმადობა ჰქონდა დაბალი, ჭაბურღილის სისტემისთვის ეს იყო ძალიან უმნიშვნელო კომპრესორი. მოწმის განმარტებით, რადგან კომპრესორებს ჰქონდა ხარვეზები, გ.ჩ–ი, რ. ე–ი და ა.თ–ი უზრუნველყოფდნენ ექსპერტების ჩამოყვანას, ძირითადად გ.ჩ–ი. მოწმის განმარტებით, მონტაჟი არ დასრულებულა, რ. ე–ს და დანარჩენებს მცდელობა ჰქონდათ, რომ ეს დანადგარები მწყობრში მოეყვანათ და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა იცოდნენ, რომ ლუდის ქარხანაში ნამუშევარი დანადგარები გაზის ჭაბურღილში არ გამოდგებოდა. მოწმის განმარტებით, დანადგარებს ჩამოყვა რუსი ექსპერტი, რომელსაც სულ სხვანაირად უნდოდა ამ დანადგარების დამონტაჟება, ვიდრე რ. ე–ს, საბოლოოდ, განლაგება მოხდა, ისე როგორც რ–ს სურდა. რ. ე–მა თავიდანვე შეამჩნია, რომ ეს დანადგარები არ გამოდგებოდა, მიუხედავად ამისა, რატომ დაიწყეს მონტაჟი მოწმისთვის უცნობია; მხარეებისთვის ამ დანადგარების უვარგისობა მაშინ გახდა ცნობილი, როცა კომპრესორები ითიშებოდა, რადგან ვერ ამუშავებდა ჭაბურღილს. მოწმის განმარტებით, მისთვის მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების შესახებ არ არის ცნობილი, თუმცა იცის, რომ ძირითადად რ. ე–ი ხელმძღვანელობდა ყველაფერს და ზედაზენის თანამშრომლები ჩამოჰყავდა ხოლმე; მოწმის განმარტებით, რ. ე–ს, როგორც სპეციალისტს, შეეძლო წინასწარ გაეთვალა, რომ ეს შედეგი დადგებოდა, განსაკუთრებით მონტაჟის პერიოდში შეეძლო ამის გათვლა, რადგან საკმაოდ ძლიერი სპეციალისტია ამ სფეროში. მოწმე ვარაუდობს, რომ რ. ე–მა იცოდა, რომ დანადგარები არ იმუშავებდა და ფორმაში ვერ მოიყვანდა, ყველა დანადგარს კაპიტალური რემონტის ჩატარება ესაჭიროებოდა. ნორმალურ მდგომარეობაში, ამ დანადგარებს რამდენიმე ხანი სატესტო რეჟიმში უნდა ემუშავა და მერე სპეციალისტებს გადაეწყვიტათ საბოლოოდ დამონტაჟდებოდა თუ არა. - პროცესზე დაკითხული ი.დ–ის განმარტებით, მან შპს „კ–ას“ ქარხანაში შეასრულა დანადგარების ელექტრო-მონტაჟი, დანადგარები იყო სარემონტო, თუმცა რა იყო მოსაწესრიგებელი, ზუსტად არ ახსოვს. მართვის სისტემის ამუშავებას თავისი სპეციალისტი სჭირდება, რადგან სისტემა დაბლოკილი იყო, თვითონ ელექტრო მონტაჟის დროს მხოლოდ დაერთებას ასრულებდა, აგრეთვე ძაბვის მიწოდებას, ხოლო გამართვას სჭირდება სხვა სპეციალისტი; მოწმის განმარტებით მისი მხრიდან მონტაჟი დასრულდა. იგი „კ–ას“ კუთვნილ ქარხანაში მუშაობდა რ. ე–ის მოწვევით, სხვა შემხებლობა არ ჰქონია კომპანიასთან. მისთვის ცნობილი არ იყო მომსახურების ხელშეკრულების არსებობის და პირობების შესახებ. მას რ–თან ჰქონდა სიტყვიერი მოლაპარაკება, რომ ელექტრო მონტაჟი შეესრულებინა, რა დანადგარებიც ჩამოიტანეს იმის ელექტროობა უნდა გაემართა, მოწმის განმარტებით, მან თავისი ვალდებულება შეასრულა, თუმცა რ. ე–მა როდის დაასრულა მონტაჟი, ზუსტი ვადები არ იცის. პროცესზე დაკითხული ა.თ–ის განმარტებით, იგი დასაქმებულია „ზედაზენის“ ლუდის ქარხანაში, პროფესიით არის გეოლოგი, მოწმის განმარტებით, იგი რ. ე–ს დაეხმარა სადავო ტვირთის ჩამოცლაში, რ. ე–მა მიიღო ეს დანადგარები, მისი ვარაუდით ხელშეკრულების საფუძველზე. მისთვის უცნობია მხარეთა შორის ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების არსებობის შესახებ, დაახლოებით იცის, რომ მიღებული ტვირთი კომპრესორები იყო, მას შეუძლია დაადასტუროს მხოლოდ ის, რომ რაღაც ტვირთი ჩამოცალა. ვერ იხსენებს იმ ფაქტს, ვინ ესწრებოდა ტვირთის ჩამოცლას. დანადგარების რემონტს, დამონტაჟებას იგი არ ესწრებოდა, თუმცა დამონტაჟების პროცესში ასულა ყაზბეგში ქარხანაში, როგორც რ–ის მეგობარი. მოწმის განმარტებით, რ. ე–ი „ზედაზენის“ მთავარი ინჟინერი იყო და არის. მოწმე ჩამოცლილი ტვირთის გახსნას არ დასწრებია, შეფუთვაზე ივარაუდა, რომ მეორადი იყო, რ. ე–სა და შპს „კ–ას“ შორის რაიმე სახის კონფლიქტს ვერ იხსენებს; მოწმე ზ.ფ–ის ჩვენების თანახმად, იგი 2014 წლის მაისში დაინიშნა შპს „კ–ას“ დირექტორად, დანადგარების საკითხში არაპროფესიონალი იყო. არ ჰქონდა საინჟინრო განათლება. რ. ე–ს დიდი ხანია იცნობს, იგი დღესდღეობით „ზედაზენის“ მთავარი ინჟინერია. მოწმე ადასტურებს, რომ თავად მოაწერა ხელი „ჯადე ტრეიდინგთან“ დადებულ #221 ხელშეკრულებას, მეორადი დანადგარების შესყიდვის შესახებ. თუმცა ისე მოაწერა ხელი, რომ არ წაუკითხავს; ტვირთი მიდიოდა ქ.ლ.კ–ა „ზედაზენში“, წესით უნდა წასულიყო ყაზბეგში, თუმცა რაღაცეები შეიცვალა და წაიღეს ზედაზენზე გ.ჩ–ის დავალებით. მოწმის განმარტებით „მ. და ლ.ტ.ჯ–იამ“ არ იცოდა, რომ დანადგარები სარემონტო იყო. ის თანხა, რაც „კ–ამ“ გადაიხადა დანადგარებში, შესაბამისი იყო მეორად დანადგარებთან, ახალი დანადგარები დაახლოებით 2 მილიონი ჯდებოდა, თუმცა „კ–ამ“ მხოლოდ 250 000 ევრო გადაიხადა (დაახლოებით ახსოვს). „კ–ას“ კრედიტის აღებაც მოუწია, რომ ეს თანხა გადაეხადა დანადგარებში. მოწმის განმარტებით, დათქმულ დროზე ქარხანა ვერ გაუშვეს, „მ. და ლ. ტ.“ ჯ–თან ანუ რ. ე–თან ხელშეკრულება ნივთის ჩამოსვლის შემდეგ გააფორმეს, მოწმემ განმარტა, იგი ქარხანაში ტვირთის მიღებას ესწრებოდა, გახსნისა და ჩამოცლის დროსაც იქ იყო. ტვირთის მიღება-ჩაბარების შესახებ აქტი არ შემდგარა, საბუთიც არ შედგენილა, იმ დროს ხელშეკრულებაზეც არავის უფიქრია, თ–მა, დ–მა და ე–მა მიიღეს ტვირთი. დოკუმენტაცია აღნიშნულ ტვირთს ჰქონდა თუ არა, მოწმემ არ იცის, ეს დოკუმენტები მას არ უნახავს, ვარაუდობს, რომ გ.ჩ–ს ექნებოდა. ქარხნიდან მას ცალკეული ნაწილები რ. ე–ის დავალებით მიჰქონდა ხოლმე. მოწმის განმარტებით ქარხანა გაეშვა, რაღაც ოდენობა მიღებული გაზი გაყიდეს კიდეც. ჩამოსული დანადგარების ინსტრუქცია მოწმეს არ უნახავს, მაგრამ ვარაუდობს, რომ აუცილებლად ექნებოდა, მოწმეს შპს „კ–ი“ არ ახსოვს, თუმცა ახსოვს ზ.ო–ძე, რომლის ჩართვაც მოითხოვა „კ–ამ“, იმისათვის, რომ გადამოწმებულიყო დანადგარების მუშაობა და მონტაჟი რამდენად სწორად მიმდინარეობდა, ამის გამო, ქალბატონი ნანული ხშირად ითხოვდა დოკუმენტებს შპს „კ–თან“ გადასამოწმებლად. დანადგარების მონტაჟის პროცესში გამოიკვეთა ნაწილი დანადგარების უვარგისობა, ნაწილის ვარგისიანობა, ამიტომ ქარხანა ვერ გაეშვა. მონტაჟი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ დაასრულეს. დანადგარებს კაპიტალური რემონტი დასჭირდა თუ არა არ იცის. ნაკისრი ვალდებულება ვადაში ვერ შესრულდა, რაზეც ხელიც აქვს მოწერილი, ამის მიზეზად მიიჩნევს, რომ დანადგარები არ იყო მწყობრში; დანადგარის დაგვიანების გამო ხელშეკრულება გაგრძელდა 2016 წლის დასაწყისიდან, როდესაც მოწმემ თავად სთხოვა დოდოს 6 თვიანი დამატებითი ვადის მიცემა. რ. ე–მა არსებულ დანადგარებზე ყველაფერი დაასრულა. შემდეგ წლებში მოვიდნენ ექსპერტები: რუსები, თურქები, ჰოლანდიელები, გამოჩნდა, რომ დანადგარი იყო ამორტიზებული. მოგვიანებით კაპიტალური რემონტის ჩატარება გადაწყდა. კაპიტალური რემონტი არ დასრულებულა, როცა გაზი დატვირთეს, ქარხნის გაშვებამდე რ. ე–ი იქ იმყოფებოდა, თუმცა წელი ზუსტად არ ახსოვს. ყველას ჰქონდა ნდობის ფაქტორი, რის გამოც დოკუმენტაციას დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. დარჩენილი თანხა მოპასუხე კომპანიას აღარ გადაუხადეს, რადგან ამ ქარხანას უნდა გამოემუშავებინა 17 თუ 18 ტონა გაზი და ისე გამოვიდა, რომ დაახლოებით 8-10 ტონას ამუშავებდა, აქედან გამოვიდა დასკვნა, რომ დანადგარები იყო დაძველებული და შეექმნა პრობლემა.

6.7. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ ხელშეკრულების ნაკლიანი შესრულების გამო მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2016 წლის იანვრიდან ან 2016 წლის 4 მარტამდე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილი იყო, რომ ამ დროისთვის უნდა მომხდარიყო მხოლოდ ქარხნის სატესტო გაშვება, თუმცა, რ. ე–ის წერილითაც დასტურდებოდა, რომ რიგი ხარვეზების გამო ქარხნის გაშვება ვერ მოხდა და ეს გამოსწორებითი ღონისძიებები გრძელდებოდა 2019 წლის სექტემბრამდე; საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება აპელირებას, რომ სამონტაჟო სამუშაოები აპელანტმა დაასრულა 2015 წლის 28 დეკემბერს, რაც დასტურდება იმით, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს შპს „კ–ამ“ მას ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულება, სარჩელი კი სასამართლოში აღძრული იყო 2021 წლის 11 ნოემბერს, პალატამ არც ეს არგუმენტი გაიზიარა, ვინაიდან, მოსარჩელეს ჩარიცხული ქონდა შესრულებული სამუშაოსთვის თანხის ნაწილი, რაც ადასტურებდა არა ვალდებულების სრულად, არამედ ნაწილობრივ შესრულებას, მითუფრო, რომ დარჩენილი თანხის ანაზღაურება მოპასუხეს არ მოუთხოვია.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 02 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ უგულებელყო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო შეესრულებინა შემდეგი სამუშაოები: CO2-ის მიმღებ-გადამამუშვებელი ქარხნის ნახშიროჟანგის სისტემის ელექტრო და მექანიკური მონტაჟი და მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს იმ ვალდებულების შესრულება, რაც მას არ უკისრია. მოცემულ შემთხვევაში, დავის დაწყებამდე, თავად შპს „კ–ას“ ამჟამინდელი დირექტორი ნ.თ–ი წერილობით აღიარებდა, რომ შპს „კ–ას“ ჰქონდა შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ დავალიანება - 35000 ლარი, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ შპს „კ–ას“ მოპასუხის ვალდებულება შესრულებულად მიაჩნდა.

8.2. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასწორად აქვს განსაზღვრული, რა ვალდებულება უნდა შეესრულებინა შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა დამონტაჟებულიყო მეორადი, ექსპლუატაციაში ნამყოფი მოწყობილობები. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე მხარე მუდმივად აპელირებდა, თითქოს მოპასუხის მიერ დამონტაჟებული დანადგარები წარმოადგენს ლუდსახარშს, 2015 წლის 18 თებერვალს შპს „კ–ასა“ და j. T. O-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი 1-სა და დანართი N2ის მიხედვით ირკვევა, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენს რეგენერაციის კონპლექსური სადგური C. რადგან დანადგარები იყო მეორადი, მოპასუხეს არ ევალებოდა გაერკვია, შეძლებდა თუ არა ქარხანა C-ის წარმოებას.

8.3. კასატორის მოსაზრებით, მოთხოვნა არის ხანდაზმული. სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2021 წლის 11 ნოემბერს. სამონტაჟო სამუშაოები კასატორმა დაასრულა 2015 წლის 28 დეკემბერს. აღნიშული დასტურდება იმით, რომ 2025 წლის 29 დეკემბერს შპს „კ–ამ“ მას ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულება. ასეც რომ არ იყოს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული იყო არაუგვიანეს 2016 წლის 4 მარტამდე. ჰაფმანის აუდიტის დასკვნით დასტურდება, რომ არაუგვიანეს 2016 წლის 28 ივნისამდე სისტემა სრულად იყო დამონტაჟებული და შესაძლებელი გახდა C-ის წარმოებაც. შესაბამისად, ნებისმიერი აღნიშნული თარიღიდან ხანდაზმულობის ვადა არის გასული.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში, უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ: №ას-1172-2021, 10 ივნისი, 2022, პ.14).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის შესაბამისად, წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ.: სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა), თბილისი, 2016 წ., გვ.288).

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ საქმე №ას-696-696-2018, 6 ივლისი 2018 წელი).

18. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და სარჩელის საფუძვლიანობის დადასტურებულად მიჩნევის შესახებ. პალატა მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი წერილობით მტკიცებულებები, ასევე, სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები გამორიცხავს მოპასუხის იმ პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას, რომ შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იამ“ ნაკისრი ვალდებულება შეასრულად სრულად და ჯეროვნად. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის იმ პრეტენიასაც, რომ მის ვალდებულებაში არ შედიოდა კონკრეტული რაოდენობის გაზის წარმოების პროცესის კონტროლი. მოწმეთა ჩვენებებით და წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სწორედ რ. ე–ის მოწვევით სხვადასხვა სპეციალისტები ცდილობდნენ ხარვეზების გამოსწორებას, რაც მიუთითებს მასზედ, რომ დანადგარების მონტაჟი არ დასრულებულა. ამასთან, მოპასუხე, როგორც შემსრულებელი კომპანნია, ვერ მიუთითებს იმ გარემოებაზე, თუ რატომ არ მოითხოვა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა და ვალდებულების სრულად შესრულების მოტივით სრული ანგარიშსწორება. პროცესზე დაკითხული მოწმეების ჩვენებების თანახმად ასევე დასტურდება, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მათივე ჩართულობით მოწვეული იქნა არაერთი ქართველი თუ უცხოელი სპეციალისტი დანადგარების სრულყოფილი მონტაჟისთვის, რათა საბოლოოდ ქარხანას ეწარმოებინა C; მართალია სატესტო გაშვების პროცესში შესაძლებელი გახდა გარკვეული რაოდენობის გაზის წარმოება, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად დასტურდება, რომ აღნიშნული მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა იმ ოდენობას, რაც გამართული მუშაობის პირობებში უნდა მიეღო მოსარჩელე კომპანიას. ამდენად, მოპასუხე მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ვალდებულებაში მხოლოდ ნახშიროჟანგის სისტემის ელექტრო და მექანიკური მონტაჟი (კომპრესორის სარემონტო სამუშაოს შესრულება) შედიოდა, რაც კეთილსინდისიერად შეასრულეს, არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების თანახმად მოპასუხე კომპანიის წარმომადგენელმა რ. ე–მა, როგორც სპეციალისტმა, თავის თავზე აიღო პროექტისა და ნახაზის გარეშე დანადგარების მონტაჟის სამუშაოს შესრულება, რომელიც არაერთი მცდელობის მიუხედავად ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ამასთან, ხელშეკრულების საგანია კომპრესორის სარემონტო სამუშაოს შესრულება, 2016 წლის 04 მარტის ექსპერტიზის დასკვნით კი დასტურდება, რომ აუცილებელია კაპიტალური რემონტის ჩატარება, სხვა შემთხვევაში კომპრესორს რესურსი საერთოდ არ გააჩნია, ვინაიდან მას ნამუშევარი ჰქონდა 37000 საათი. მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი იმის დასტურად, რომ მათ სწორედ კომპრესორის კაპიტალური რემონტი განახორციელეს. დადგენილია, რომ რ. ე–მა მიიღო ტვირთი, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მისი დანიშნულების შესახებ, დადგენილია, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ტვირთის ჩამოსვლის შემდეგ, ის ფაქტი, რომ შპს „კ–ამ“ მეორადი წარმოების ლუდსახარში აღჭურვილობა შეიძინა უდავოა, თუმცა, რამდენად შესაძლებელი იყო შესყიდული დანადგარების სრულყოფილი და სწორი მონტაჟი შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციისა და ნახაზის გარეშე, მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, რომ ქარხანამ სატესტო რეჟიმში აწარმოა გარკვეული რაოდენობის გაზი, რომლის რეალიზაციაც მოხდა, აღნიშნული ცალსახად არ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროში შესრულებას, ვინაიდან დადგენილია, რომ ქარხანა უფუნქციოა, ხოლო მხარეებს შორის დადებული სადავო ხელშეკრულება ნახშიროჟანგის სისტემის ელექტრო და მექანიკური მონტაჟის პირობებში მოსარჩელისთვის სასურველი შედეგის მიღებას, C-ის წარმოებას ისახავდა მიზნად.

19. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად შემკვეთმა საწარმომ სასამართლოს მიუთითა მოვლენათა განვითარების ამგვარი ჯაჭვის არსებობის დამადასტურებელ გარემოებებზე, ასევე, როდესაც მოსარჩელის პოზიციის სისწორეს ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებიც, მტკიცების ტვირთი, რომ მენარდემ ჯეროვნად შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულება, შეუბრუნდა მოპასუხე კომპანიას, რომელსაც შესაბამის საპროცესო ეტაპზე ეკისრებოდა ვალდებულება, მის წინააღმდეგ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარედგინა და შემკვეთი საწარმოს მტკიცებისათვის დასაბუთებული პრეტენზია დაეპირისპირებინა, რა მას არ განუხორციელებია. მხარის მარტოოდენ წერილობით პოზიცია და ახსნა-განმარტება კი, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე მინიმალური სტანდარტითაც არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის რომელიმე წინაპირობას.

20. რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, საკასაციო სასამართლო არც ამ ნაწილში იზიარებს კასატორის მოსაზრებას.

21. პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს საკუთარი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა).

22. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (შდრ. სუსგ №ას-934-899-2016, 14.02.17).

23. პალატა არ იზიარებს მოპასუხის მითითებას, რომ ხელშეკრულების ნაკლიანი შესრულების გამო მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2016 წლის იანვრიდან ან 2016 წლის 4 მარტამდე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ამ დროისთვის უნდა მომხდარიყო მხოლოდ ქარხნის სატესტო გაშვება, თუმცა რ. ე–ის წერილითაც დასტურდება, რომ რიგი ხარვეზების გამო ქარხნის გაშვება ვერ მოხდა, და ეს გამოსწორებითი ღონისძიებები გრძელდებოდა 2019 წლის სექტემბრამდე. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. რაც შეეხება აპელირებას, რომ სამონტაჟო სამუშაოები აპელანტმა დაასრულა 2015 წლის 28 დეკემბერს, რაც დასტურდება იმით, რომ 2015 წლის 29 დეკემბერს შპს „კ–ამ“ მას ჩაურიცხა შესრულებული სამუშაოების ღირებულება, სარჩელი კი სასამართლოში აღძრული იყო 2021 წლის 11 ნოემბერს, პალატა ვერც ამ არგუმენტს გაიზიარებს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომ ვინაიდან, მოსარჩელეს ჩარიცხული აქვს შესრულებული სამუშაოსთვის თანხის ნაწილი, აღნიშნული ადასტურებს არა ვალდებულების სრულად, არამედ ნაწილობრივ შესრულებას, მით უფრო, რომ დარჩენილი თანხის ანაზღაურება მოპასუხეს არ მოუთხოვია.

24. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულება მოქმედებდა ვალდებულების შესრულების მომენტამდე. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულების დრო არ არის განსაზღვრული, მოთხოვნის წარმოშობის დროზე მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას და კრედიტორის ნება მიუვა მოვალეს. რაც შეეხება 129-ე მუხლით დადგენილ ზოგად სამწლიან ვადას, იგი მოსარჩელის მიერ არ არის დარღვეული, კერძოდ, პალატა მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევს 2018 წლის 04 დეკემბერს, როდესაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ შპს „ა–ას“ მიერ მომზადებული დოკუმენტაცია არ წარმოადგენს მუშა პროექტს. ხოლო შპს „კ–ის“ დირექტორის ზ. ო–ძის წერილის მიხედვით ქარხანაში არსებულ ტექნიკაზე კაპიტალური რემონტის ჩატარების შემთხვევაშიც კი, ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება და მიღებული სტანდარტების შესაბამისი პროდუქციის მიღება უწყვეტ რეჟიმში ვერ მოხერხდება. განსახილველი სარჩელი კი, მოსარჩელე მხარის მიერ აღძრულია 2021 წლის 11 ნოემბერს, კანონით გათვალისწინებულ ხანდაზმულობის 3 წლიან ვადაში.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით გათვალისწინებულ შესაბამის სამართლებრივ შედეგებს განაპირობებენ.

26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც კასატორის საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივნისის განჩინებით, კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე 4500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 4500 ლარის 30%-ის - 1350 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „მ. და ლ.ტ.ჯ–იას“ (..........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი -TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 300773150) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 4500 ლარის 30%-ის - 1350 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია