არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-292-2026 21 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - პ.ს–ძე, კ.ქ–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეკრულებისა და ერთობლივი განცხადების ბათილად ცნობა, უძრავ და მოძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღძრული სარჩელით სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან იურიდიული პირი) მოითხოვა პ.ს–ძის (შემდეგში - პირველი მოპასუხე), შპს ,,ე-ის“, შპს ,,რ–სა“ და ხ–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობა.
2. გარდა დასახელებულისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელემ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ,,გამჭოლი პასუხისმგებლობის პრინციპის“ საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნითაც აღძრა სარჩელი.
3. ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი ზემოხსენებული სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს, რომელთა მისამართი და მახასიათებლებია:
ა). ამბროლაურის რაიონი, სოფ............, დაზუსტებული ფართობი 288კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 86.03......., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1, ს/კ .........;
ბ). ამბროლაურის რაიონი, სოფ........., დაზუსტებული ფართობი 402კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 86.03......., ს/კ ..........;
გ). თბილისი, ..........., ფართი: 99.72კვ.მ., ს/კ ............;
დ). თბილისი, ........., ფართი: 70.58კვ.მ., ს/კ ............
ამავე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული შემდეგი სატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა:
ა). მარკა, მოდელი: LEXUS, სახელმწიფო ნომერი .........;
ბ). მარკა, მოდელი: WOLKSVAGEN GOLF, სახელმწიფო ნომერი .......... (შემდეგში - სადავო ავტომობილი);
გ). მარკა, მოდელი: NISSAN SKYLINE, სახელმწიფო ნომერი ...........
განჩინებითვე პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შპს ,,ჯ.კ–ის“ 35%-იანი წილის გასხვისება.
4. 2018 წლის 10 სექტემბერს, პირველ მოპასუხესა და კ.ქ–ძეს (შემდეგში - მეორე მოპასუხე) შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება) დაიდო, რომლითაც ქ.თბილისში, ....... კორპუსში მდებარე უძრავ ნივთზე (შემდეგში - სადავო უძრავი ნივთი ან სადავო უძრავი ქონება) საკუთრების უფლება მეორე მოპასუხეს გადაეცა, სათანადო ჩანაწერი 2018 წლის 10 სექტემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.
5. 2018 წლის 10 სექტემბერს, WOLKSVAGEN GOLF მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით .......... (შემდეგში - სადავო მოძრავი ნივთი, სადავო მოძრავი ქონება ან ავტომობილი), ერთობლივი განცხადების საფუძველზე პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხის სახელზე გადააფორმა.
6. სადავო ნივთების ნაწილში, მათი გასხვისების გამო, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება ვერ აღსრულდა.
7. ზიანის ანაზღაურების თაობაზე პირველი მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც სადავო ნივთებზე ყადაღა უნდა გავრცელებულიყო, განუხილველად დარჩა. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.
8. წინამდებარე საქმეზე მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:
8.1. სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ კვლავ პირველი მოპასუხის დარეგისტრირება;
8.2. ერთობლივი განცხადების საფუძველზე სადავო ავტომობილის პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხისთვის გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა და მითითებული ავტომობილის თავდაპირველი მესაკუთრის სახელზე რეგისტრაცია.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
10. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 13 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ამ გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 56-ე მუხლის (ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)) გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
12. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ სარჩელზე, რომლის ფარგლებშიც სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნაა, შპს „ე-ის“ ცრუმაგიერ პირებად პირველი მოპასუხისა და ედვარდ ხნიჩიგაშვილის ცნობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი მითითებული სარჩელი დაკმაყოფილდება, დღის წესრიგში დადგება მისი აღსრულების საკითხი. აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სსიპ შემოსავლების სამსახური შეძლებს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებები, როგორც პირველი მოპასუხის, ასევე, სხვა ცრუმაგიერი პირების მიმართ გამოიყენოს და მოთხოვნა ამ გზით დაიკმაყოფილოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატის დასკვნით განსახილველ შემთხვევაში გამოკვეთილია გასაჩივრებული განჩინების და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის, განუხილველად დატოვების წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
13. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეზე გამოვლენილ შემდეგ გარემოებებს:
- პირველი მოპასუხის, შპს ,,ე-ის“, შპს ,,რ–სა“ და ხ–ის ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად ცნობის მოთხოვნით მოსარჩელემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
- გარდა ამისა, ,,გამჭოლი პასუხისმგებლობის პრინციპის“ საფუძველზე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით პირველი მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაშიც შეიტანა.
- ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სამოქალაქო სარჩელის ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე აღძრული შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ყადაღა დაედო პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთებს: (ა). ამბროლაურის რაიონის სოფელ ...... მდებარე 288კვ.მ მიწის ნაკვეთი და შენობაბა-ნაგებობის; ბ). ამბროლაურის რაიონის სოფელ .... მდებარე 402კვ.მ დაზუსტებული ფართობი; გ). თბილისში, ............ მდებარე ბინა; დ). თბილისში, ............. მდებარე ბინა. ამავე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების გასხვისება და გირავნობით დატვირთვა. მასვე აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული შპს ,,ჯ.კ–ის“ 35%-იანი წილის გასხვისება.
- 2018 წლის 10 სექტემბერს მოპასუხეებს შორის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისში, .............. მდებარე ზემომითითებული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით მეორე მოპასუხეს გადაეცა.
- ამავდროულად, 2018 წლის 10 სექტემბერს პირველმა მოპასუხემ ზემოაღნიშნული ავტომობილი მეორე მოპასუხის სახელზე გადააფორმა.
- დასახელებული ნივთების ნაწილში, მათი გასხვისების გამო, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების აღსრულება ვერ განხორციელდა.
- ზიანის ანაზღაურების თაობაზე პირველი მოპასუხის მიმართ წარდგენილი სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც სადავო ნივთებზე ყადაღა უნდა გავრცელებულიყო, დარჩა განუხილველად. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაშია შესული (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება).
- წინამდებარე საქმეზე მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა და მოითხოვა:
- სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ პირველი მოპასუხის დარეგისტრირება;
- ერთობლივი განცხადების საფუძველზე სადავო ავტომობილის პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხისთვის გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობა და მითითებული ავტომობილის მესაკუთრედ პირველი მოპასუხის რეგისტრაცია.
14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი საფუძველს გვაძლევს ჩამოვაყალიბოთ შემდეგი დასკვნა:
განსახილველი სარჩელის მიმართ მოსარჩელეს აღარ შეიძლება გააჩნდეს იურიდიული ინტერესი. კერძოდ, ვინაიდან პირველი მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც ხსენებულ ნივთებზე ყადაღა უნდა გავრცელებულიყო დარჩა განუხილველად, აშკარაა, რომ წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობებშიც კასატორის იურიდიული ინტერესი ვერ იქნება მიღწეული და სამართალწარმოების დასრულებიდან გამომდინარე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, აღარ იკვეთება არც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, არც სადავო ავტომობილის პირველი მოპასუხის მიერ მეორე მოპასუხისთვის გადაცემაზე შეთანხმების ბათილად ცნობისა და ამ ქონებების მესაკუთრედ პირველი მოპასუხის დარეგისტრირების მოთხოვნის საჭიროება.
15. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში აღნიშნულ შემდეგ განმარტებებზე:
აღიარებითი სარჩელი მისი დასაშვებობის მიზნებისათვის უნდა პასუხობდეს სსსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნებს (სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს).
კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამდენად, დასახელებული ნორმით, აღიარებითი სარჩელის წარდგენისას მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით.
მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. აქედან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას (სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი) - საჭიროა შემდეგი კრიტერიუმების არსებობა: ა). მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ). დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ). აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილებით მხარე გარკვეულ იურიდიულ შედეგს უნდა იღებდეს, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (შდრ. სუსგ, საქმე №ას-551-522-2015, 14.08.2015; საქმე №ას-937-887-2015, 10.11.2015, ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინების დასკვნები საქმეზე ას -121-117-2016).
აღიარებითი სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული იურიდიული ინტერესი უნდა იყოს ნამდვილი. სარჩელის მიმართ იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სასარჩელო წესით მოთხოვნა მიღწევადი, ხოლო უფლება რეალიზებადია. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, იურიდიული ინტერესი ნამდვილი არ არის.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს ზემოთ მოყვანილი განმარტებებიდან ცალსახად გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელე შეზღუდულია იურიდიული ინტერესის არსებობით. იურიდიული ინტერესი ნამდვილია, თუ სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად ეს ინტერესი მიიღწევა და, პირიქით, თუკი სარჩელის დაკმაყოფილებით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი ვერ მიიღწევა, მაშინ იურიდიული ინტერესი ნამდვილი ვერ იქნება.
16. აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღების ერთ-ერთი წინაპირობა, როგორც აღინიშნა, იურიდიული ინტერესის არსებობაა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2 მუხლით, რომლის თანახმადაც, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის 7.2 მუხლი) მაშინ, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. მოცემულ საქმეზე ასეთი შემთხვევა ისაა, რომ მოსარჩელეს სარჩელის იურიდიული ინტერესი არ აქვს. ეს კი, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი).
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
17. საკასაციო პალატა, ასევე, მიუთითებს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლითაც რეგლამენტირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა (მსგავსად საქართველოს კონსტიტუციის 42.1 და სსსკ-ის 2.1. მუხლებისა) ექვემდებარება ფართო განმარტებას და არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელებას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვისკენაა მიმართული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.
ამდენად, მოცემულ საქმეზე, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 257.1-ე, 284-ე, 285-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 იანვრის განჩინება, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
2. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი პ.ს–ძისა და კ.ქ–ძის მიმართ დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია