შეწყდა

სამოქალაქო 27.07.2026
საქმის ნომერი
ას-846-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-846-2026 27 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

კასატორი – შპს „ჯ.ს.კ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ გ.პ–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით გ.პ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ჯ.ს.კ–იას“ მოსარჩელე გ.პ–იას სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ასანაზღაურებლად 6889.64 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა; პირგასამტეხლოს, 2021 წლის 17 ივლისიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6889.64 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში 0.05%-ის - 3.44 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

2026 წლის 8 ივნისს კი, კასატორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომლითაც უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და შუამდგმლობს განუხილველად დატოვების თაობაზე. 2026 წლის 24 ივლისს კი, შპს „ჯ.ს.კ–იის“ დირექტორმა, გ.ჯ–ძემ, წარმოდგენილი განცხადებით დაადასტურა დავის გაგრძელების ინტერესის არარსებობა და იშუამდგომლა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე, ამ შემთხვევაში კი კასატორი (მოპასუხე) – შპს „ჯ.ს.კ–ია“ უფლებამოსილია მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, რაც თავის მხრივ შედეგად იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორს უნდა განემარტოს, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მაისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ.ს.კ–იის“ შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს „ჯ.ს.კ–იის“ საკასაციო საჩივარზე გ.პ–იას მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მაისის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 მაისის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი