დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.06.2026
საქმის ნომერი
ას-215-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-215-2026

30 ივნისი, 2026 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ.ლ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ნ.გ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.ლ–ის მიმართ და მოითხოვა ლ.ლ–ს, არასრულწლოვანი შვილის 2013 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ი.ლ–ის სარჩენად, დაეკისროს ალიმენტის, თვეში 1000 ლარის, გადახდა.

- სარჩელის თანახმად, ნ.გ–ი და ლ.ლ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყვნენ 2013 წლიდან 2015 წლამდე. 2013 წლის 29 აგვისტოს შეეძინათ შვილი ი.ლ–ი. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს მოსარჩელესთან, მისი შემოსავალია თვეში 1000 ლარი, ხოლო მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალია 2000 ლარი. მოპასუხის მიერ ბავშვისთვის გაწეული ფინანსური დახმარება მინიმალურია.

2. მოპასუხე ლ.ლ–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 300 ლარი. მოპასუხე დასაქმებულია საჯარო სამსახურში და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1500 ლარს, ბავშვის სამედიცინო დაზღვევის თანხას იხდის საოჯახო დაზღვევის ფარგლებში, ასევე სხვაგვარადაც ეხმარება ფინანსურად. "არარეგისტრირებულ ქორწინებაში" იმყოფება თ.ო–ძესთან, რომელთანაც 2024 წლის 10 ოქტომბერს შეეძინა შვილი ლ.ლ–ი. მისი მეუღლის დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს თვეში 1 020,4 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადია 200 ლარი. ლ.ლ–ის განმარტებით, აქვს რამდენიმე საკრედიტო ვალდებულება, 2024 წლის 5 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, სს “ს.ბ–გან” ისესხა 23 000 ლარი, ყოველთვიურად იხდის 798,98 ლარს. 2024 წლის 7 აგვისტოს სს ,,ს.ბ–თან” დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო სესხი 34 645,61 ლარი. ყოველთვიური შენატანია 812,47 ლარი. 2024 წლის 19 ოქტომბერს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, სს ,,ს.ბ–გან'' ისესხა 2 650 ლარი, ყოველთვიური შენატანია 67,43 ლარი. 2025 წლის 29 იანვარს შპს “გ.კ–თან” დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ისესხა 2 140 ლარი, ყოველთვიური შენატანია 31,66 ლარი. სს ,,ს.ბ–თან'' 2025 წლის 8 თებერვალს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ისესხა 10 350 ლარი, ყოველთვიური შენატანია 247,21 ლარი.

3. რუსთავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, ნ.გ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ლ.ლ–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2013 წლის 29 აგვისტოს დაბადებული ი.ლ–ის სარჩენად, ალიმენტის თვეში 600 ლარის გადახდა. ალიმენტის გადახდა დაიწყო 2025 წლის 28 მარტიდან. ლ.ლ–ს დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 108 ლარის გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ლ.ლ–მა, აპელანტმა მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის ნაწილობრივ გაუქმება და ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის განსაზღვრა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, ლ.ლ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, იმსჯელა მოპასუხის პრეტენზიაზე, მისთვის დაკისრებული ალიმენტის შემცირების შესახებ, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1234-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ 24-ე, 25-ე, 46-ე, 47-ე მუხლებზე, ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტზე, 27-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გაითვალისწინოს ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა: „...მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა“ (იხ. სუს 27.06.2011წ. გადაწყვეტილება ას-58-49-2011). ალიმენტი უნდა იყოს გონივრული და სავსებით საკმარისი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ბავშვის, სულ მცირე, გადაუდებელი, პირველი რიგის მოთხოვნები, რომელთა გარეშეც ბავშვის არსებობას შეექმნება ხელყოფის სერიოზული საფრთხე.

7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ლ.ლ–ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის გადახდა თვეში 600 ლარის ოდენობით. აპელანტი მისთვის დაკისრებულ ალიმენტს ნაწილობრივ ხდის სადავოდ და მიიჩნევს, რომ ბავშვზე ალიმენტის ყოველთვიური ოდენობა უნდა განისაზღვროს 300 ლარით, უთითებს, რომ ჰყავს მეორე შვილი, რომელიც არის მცირეწლოვანი და აქვს ყოველთვიურად შესასრულებელი საბანკო ვალდებულებები.

8. სააპელაციო საჩივრის ჭრილში, პალატამ განმარტა, რომ ვერ გაიზიარებდა აპელანტი მხარის არგუმენტებს.

9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, არასრულწლოვანი ი.ლ–ი არის 13 წლის, დადის სკოლაში, იგი იღებს დამატებით გაკვეთილებს ორ საგანში - ქართულსა და მათემატიკაში, რომლის გადასახადიც ჯამურად, თვეში შეადგენს 170 ლარს. ჯანმრთელობის მდგომაროების გამო, დროებით შეჩერებული აქვს სპორტზე სიარული. გარდა აღნიშნულისა, არასრულწლოვანს ესაჭიროება კვება, ჩაცმა, ჰიგიენის დაცვის საშუალებები, კომუნალური სერვისებით სარგებლობა, ტრანსპორტირება, ასაკის შესაბამის გასართობ და შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა, სასკოლო ინვენტარი, ყოველდღიური ჯიბის ფული, საჭიროებისას ექიმებთან ვიზიტი, მკურნალობა და სხვა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა როგორც ალიმენტვალდებული პირის, მამის ამჟამინდელი ფინანსური შესაძლებლობები, საკრედიტო და სხვა (მათ შორის სხვა მცირეწლოვანი შვილის ყოლის ფაქტიც) ვალდებულებების გავლენა მის გადახდისუნარიანობაზე, ასევე პოტენციალი, მიიღოს შემოსავლები და უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის საჭიროებები. მხედველობაში მიიღო ის ფაქტიც, რომ ის არ იღებს მონაწილეობას მის აღზრდა-განვითარებაში.

10. სააპელაციო სასამართლოს განსჯით, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 600 ლარი.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე ლ.ლ–მა წარადგინა საკასაციო საჩივარი.

12. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

14.1. კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი თვალსაზრისით, ვინაიდან სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები. მიუხედავად არგუმენტირებული დასაბუთებისა, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის არცერთი არგუმენტი და სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებები სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. პალატა შემოიფარგლა მხოლოდ იმის განმარტებით, რომ არასრულწლოვანი ი.ლ–ი არის 13 წლის, დადის სკოლაში, იგი იღებს დამატებით გაკვეთილებს ორ საგანში - ქართულსა და მათემატიკაში, რომლის გადასახადიც ჯამურად, თვეში შეადგენს 170 ლარს. ჯანმრთელობის მდგომაროების გამო დროებით შეჩერებული აქვს სპორტზე სიარული. გარდა აღნიშნულისა, არასრულწლოვანს ესაჭიროება კვება, ჩაცმა, ჰიგიენის დაცვის საშუალებები, კომუნალური სერვისებით სარგებლობა, ტრანსპორტირება, ასაკის შესაბამის გასართობ და შემეცნებით აქტივობებში მონაწილეობა, სასკოლო ინვენტარი, ყოველდღიური ჯიბის ფული, საჭიროებისას ექიმებთან ვიზიტი, მკურნალობა და სხვა. ხოლო, იქიდან გამომდინარე, რომ მოპასუხე არის დასაქმებული და აქვს სტაბილური შემოსავალი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო დასაბუთებული.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 აპრილის განჩინებით, ლ.ლ–ის საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულია დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

20. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია, მშობლის საალიმენტო ვალდებულება და ამავე ვალდებულებიდან გამომდინარე, კასატორის პრეტენზიის საფუძვლიანობის შეფასება, ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. კასატორის მტკიცებით მას არ აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები, არასრულწლოვნის საჭიროებების იმ თანხით უზრუნველსაყოფად, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დასაბუთებულადაა მიჩნეული და შეადგენს ყოველთვიურად 600 ლარს. კასატორმა საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ეტაპზე, დაკისრებული ალიმენტის 300 ლარამდე შემცირება მიაჩნია გონივრულ და სამართლიან ოდენობად.

22. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1214-ე (თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას), 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობდა.

23. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საალიმენტო ვალდებულება სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა და გულისხმობს ალიმენტის მიმღების უფლებასაც - მოითხოვოს ალიმენტის გადახდა. მშობლები ვალდებულნი არიან მატერიალურად დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს (იხ. დამატებით: რ. შენგელია, ე. შენგელია, საოჯახო სამართალი, თბილისი, 2009, გვ. 252; Corden A., Meyer D.R., Child Support Policy Regimes in the United States, United KLingdom, and other Countrises: Similar issues, Different approaches, University of Wisconsin-Madison Institute for Research on Poverty, Focus, Volume 21, Number 1, 2000, Spring, 75.). ბავშვები განსაკუთრებით დაუცველები არიან მშობლების განქორწინების დროს. ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც მათ შესაძლოა დაეხმაროს ამ სტრესული სიტუაციის დაძლევაში, არის ოჯახური და იმავე სოციალური გარემოს შენარჩუნება. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს პრინციპით - ბავშვს მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ცხოვრების არსებული დონე, რომელიც მას მშობლების განქორწინებამდე ჰქონდა. სასამართლოს ამოცანაა, ბავშვის მატერიალური მდგომარეობა მშობლების განქორწინების გამო, რაც შეიძლება ნაკლებად გაუარესდეს (იხ. დამატებით: Kavacek-Stanic G., Child in Single (Absent) Parent family: Maintenance and Family Home: Family Finances, (Verschragen B (ed))., Jan Sramek Verlag, Vienna, 2009, P.637.; Stark B., Internacional Family Law, an Introduction, Ashgate Publishing Limited, Great Britain, Burlington, 2012, P.211.; Duncan W., Note on the desirability of revising the Hague Conventions on Maintenance Obligations, Hague Conferrence on Private International Law, January, 1999).

24. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის მართებულად შეფასებისთვის, მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ დანაწესებზე, კერძოდ, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება.

25. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (იხ. ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმანაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).

26. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაცის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესის ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანატია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან დაკავშირებით. (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის. (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 31-ე მუხლის თანახმად, ბავშვის მოთხოვნები მოიცავს ფართო დიაპაზონს, ესენია: განათლების, კულტურული და სოციალური მოთხოვნები.

27. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (იხ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 10 ოქტომბერი, 2017 წ.; №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

28. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა.

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, ალიმენტის დაკისრებისას, სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. (იხ. სუსგ-ები: №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ., პ.24-26; №ას-1284-2020, 25 ნოემბერი, 2022 წ, პ.16.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ, პ.28.).

30. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

31. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვერდი 65.).

32. ალიმენტის გადახდის დაკისრების კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში (შდრ: სუსგ-ები: №ას-733-733-2018, 11 ივლისი, 2018 წ, პ.128; №ას-541-509-2012, 30 აპრილი, 2021 წ.; №ას-1122-1069-2013, 10 თებერვალი, 2014 წ.; №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წ.; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1173-1128-2016, 30 ივნისი, 2017 წ.; №ას-861-2019, 03 დეკემბერი, 2019 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.). სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (შდრ: სუსგ-ები: №ას-358-2023, 27 ივნისი, 2023 წ. პ.16; №ას-767-2021, 18 ნოემბერი, 2021 წ.; №ას-1355-2019, 25 თებერვალი, 2020 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ; №ას-495-469-2015, 01 ივლისი, 2015 წ.; №ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ).

33. სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვის ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მისი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა, რამდენადაც უნდა დადგინდეს გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში“ (იხ. სუსგ -ები: №ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წ; №ას-829-2019, 11 ივლისი, 2019 წ.).

34. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრებას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ასევე, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (იხ. სუსგ №ას-341-2022, 14 ივნისი, 2022წ.; №ას-1141-1061-2017, 17 ოქტომბერი, 2017 წ.). ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება ალიმენტის მიმღები პირის აუცილებლობისა და ალიმენტვალდებული პირის შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩო, რომლის მიღების უფლებაც არასრულწლოვანს მშობლისგან აქვს, უნდა წარმოადგენდეს სარჩენი პირის მოთხოვნილებათა მინიმალური დაკმაყოფილების საფუძველს მაინც. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს გონივრული და სამართლიანი ოდენობით, ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წ.; № ას-1610-1511-2012, 04 თებერვალი, 2013 წ.; №ას-1128-1075-2013, 10 თებერვალი 2014 წ.; №ას-675-641-2013, 10 თებერვალი, 2015 წ.; №ას-298-283-2016, 26 სექტემბერი 2016 წ.; №ას-1194-1154-2016, 31 მარტი, 2017 წ.; № ას-319-319-2018, 15 მაისი, 2018 წ.; №ას-332-2019, 02 აგვისტო, 2019 წ.; №ას-463-463-2018, 14 იანვარი, 2020 წ.; №ას-148-2020, 20 მაისი, 2020 წ.; №ას-46-2023, 29 მარტი, 2023 წ., №ას-1347-2022, 08 ივნისი, 2023 წ.).

35. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს სსკ-ის 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას, იმავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში და 1214-ე მუხლით, რომელიც შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (იხ. სუსგ-ები: №ას-50-2121, 05 მარტი, 2021 წ.; №ას-177-2019, 23 მაისი, 2019 წელი; №ას-284-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).№ას-621-2019, 11 ივლისი, 2019 წელი).

36. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე, დაკისრებული ალიმენტის ოდენობას, უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ მოტივით, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობა.

37. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოთხსენებულ არგუმენტს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას მოპასუხისთვის არასრულწლოვნის სასარგებლოდ ალიმენტის - 600 ლარის დაკისრების თაობაზე. კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთად არ ცხოვრობენ, მათ ჰყავთ ერთი საერთო არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ცხოვრობს მოსარჩელესთან/დედასთან, პალატა მიუთითებს ბავშვის ასაკზე (ამჟამად არის 13 წლის) და მის მზარდ საჭიროებებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე, რაც ასაკის მატებასთან ერთად ბუნებრივად ზრდის მისი რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების მოცულობას. არასრულწლოვანს მატერიალური მხარდაჭერა ესაჭიროება სრულფასოვანი განათლების მისაღებად, სკოლისგარეშე აქტივობების, კვების, ტანსაცმლით, სწავლისთვის აუცილებელი კლასაგარეშე ლიტერატურითა და სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფისთვის. აღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეფასების საფუძველზე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორის მიერ შეთავაზებული ალიმენტის ოდენობა არ არის საკმარისი არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების უზრუნველსაყოფად. ბავშვის ასაკის, მისი მზარდი საჭიროებებისა და საქმეზე დადგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად მიიჩნია, რომ ალიმენტის 600 ლარის ოდენობით განსაზღვრა შეესაბამება როგორც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესს, ისე მხარეთა მატერიალური მდგომარეობის სამართლიან შეფასებას.

38. საკასაციო სასამართლო, კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა, საბანკო ვალდებულებები და შემოსავლები, განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ხარჯების არსებობის ან/და შემოსავლის არქონის პირობებშიც კი, მშობელი ვერ გათავისუფლდება შვილის რჩენის ვალდებულებისაგან და სხვა ხარჯებს (მაგ. სახელშეკრულებო ვალდებულებებს) ვერ მიენიჭება უპირატესობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედის მატერიალური შესაძლებლობები საკმარისია, მამა ასევე ვალდებულია (თუნდაც არ იყოს დასაქმებული) სტაბილურად ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები - ორივე მშობლის მონაწილეობით.

39. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ კასატორის ჰყავს კიდევ ერთი მცირეწლოვანი შვილი, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არგუმენტი ასევე არ შეიძლება იყოს მშობლის უშუალო მოვალეობის, შვილისთვის სათანადო მატერიალური დახმარების შემსუბუქების საფუძველი. მით უმეტეს, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი და მას შესწევს უნარი შრომითი საქმიანობით უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდა.

40. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები არ შეიცავს ისეთ დასაბუთებულ შედავებას, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს შექმნიდა.

41. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ლ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ლ.ლ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს ზ. მ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადახდო დავალება #45498545977, გადახდის თარიღი 23.03.2026);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე