დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 24.07.2026
საქმის ნომერი
ა-3274-შ-112-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
24.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-3274-შ-112-2026 24 ივლისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.წ.გ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ო

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენი

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენით ა. ნ. ძე მ–კო ცნობილ იქნა დამნაშავედ პირთა ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით მითვისებაში და ბელარუსის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით ქონების კონფისკაციით. ამავე განაჩენით ა.მ–ოს ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.წ.გ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1 588 839,37 რუსული რუბლის ოდენობით, რაც ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით შეადგენს 349 544 661 ბელარუსის რუბლს და ასავე დაეკისრა ირიბი გადასახადის (დღგ) - 70 514 002 ბელარუსის რუბლის, სულ 420 058 663 ბელარუსის რუბლის გადახდა. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს მიერ 2015 წლის 25 მაისს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი ა.მ–ოსათვის ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.წ.გ–ის“ სასარგებლოდ 420 058 663 რუბლის (დენომინაციამდე), რაც დენომინაციის შემდეგ შეადგენს 42 005,87 ბელორუსულ რუბლს.

ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.წ.გ–ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 7 ივლისის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.წ.გ–ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

აღნიშნული განჩინება და ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.წ.გ–ის“ შუამდომლობა თანდართული მასალებით ორჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ა.მ–ოს შუამდგომლობის ავტორის მიერ მითითებულ მისამართებზე. სასამართლო კურიერების აქტებიდან ირკვევა, რომ გაზვნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა არასწორი მისამართის გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.წ.გ–ის“ შუამდომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მირებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.

მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ღია სააქციო საზოგადოება „ბ.ბ.წ.გ–ის“ შუამდომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ზავოდსკოის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 1 დეკემბრის განაჩენის დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით კვლავ მიმართოს სასამართლოს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი