გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
08 ივლისი 2026 წელი
№ას-753-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ზ.დ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ა.წ-ზ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 მარტის განჩინება
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ა.წ-ზ–ის სარჩელი, მოპასუხე ზ.დ–ის მიმართ 9240 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით, საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2026 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, 2026 წლის 26 თებერვლის უკუგზავნილით დადგინდა, რომ აპელანტს სასამართლო უწყება ჩაბარდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო, სასამართლო სხდომის თარიღი, დრო და ადგილი, აგრეთვე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.
3.2. 2026 წლის 24 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
3.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს არსებობს თუ არა აპელანტის გამოუცხადებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ. მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.
3.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ 2026 წლის 26 თებერვალს აპელანტს ჩაბარდა სასამართლო უწყება, რომლითაც ეცნობა, რომ სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2026 წლის 24 მარტს, 12:00 საათზე. ამასთან, მხარე გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დაცული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესი.
3.5. მიუხედავად სასამართლო უწყების ჩაბარებისა, აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის, რაც მისი მოვალეობა იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა დაკარგა ინტერესი მოცემული დავის მიმართ. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო, უნდა დაკმაყოფილებულიყო და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩენილიყო.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი საფუძვლებით:
4.1. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის შესახებ უწყება 2026 წლის 26 თებერვალს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მისი მტკიცებით, სასამართლო უწყება არც აპელანტს და არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა პირს არ ჩაბარებია. საქმის მასალებში არსებული უკუგზავნილი არ შეიცავს მიმღები პირის სახელსა და გვარს, ადრესატთან მის დამოკიდებულებას, ხოლო ხელმოწერისათვის განკუთვნილ გრაფაში მხოლოდ ხაზი არის დატანილი, რის გამოც, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, უკუგზავნილი არ ადასტურებს სასამართლო უწყების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტს.
4.2. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა ადასტურებდა მის ინტერესს საქმის განხილვის მიმართ. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არსებული უკუგზავნილით ვერ დგინდებოდა სასამართლო უწყების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, სასამართლოს საპროცესო გულისხმიერებიდან გამომდინარე უნდა გამოეყენებინა აპელანტთან ან მის წარმომადგენელთან კომუნიკაციის სხვა საშუალებები, მათ შორის, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა, როგორც სხდომის თარიღის, ისე მინდობილობის ვადის გასვლის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად.
4.3. ყურადსაღები იყო ისიც, რომ სხდომის დღეს აპელანტის წარმომადგენელი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა საზღვარგარეთ (აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარზე თანდართულია ავიაბილეთები), შესაბამისად, სასამართლო სხდომის შესახებ სათანადო შეტყობინების შემთხვევაში, მხარე წარადგენდა სხდომის გადადების შუამდგომლობასა და შესაბამის მტკიცებულებებს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის, აგრეთვე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი.
8. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
11. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
12. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია, ჩაბარდა თუ არა აპელანტს სასამართლო სხდომის შესახებ უწყება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სასამართლო უწყება აპელანტს 2026 წლის 26 თებერვალს სათანადო წესის დაცვით ჩაბარდა და მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი უკუგზავნილი არ ადასტურებს უწყების არც უშუალოდ ადრესატისათვის და არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარების ფაქტს.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში - ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
14. დასახელებული მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, უწყების ჩაბარების ფაქტი არ დასტურდება მხოლოდ მისი გაგზავნის ან მისამართზე მიტანის მტკიცებულებით. საჭიროა დამატებით დადგინდეს, კონკრეტულად ვის ჩაბარდა იგი და რა სამართლებრივი კავშირი აქვს ამ პირს ადრესატთან. სათანადო ჩაბარების ფაქტი უნდა დასტურდებოდეს იმგვარი მონაცემებით, რომლებიც შესაძლებელს გახდის უწყების მიმღები პირის იდენტიფიცირებას და, თუ უწყება უშუალოდ ადრესატს არ ჩაბარდა, ამ პირის ადრესატთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული კავშირის დადგენას. ამავე მუხლით განსაზღვრულ პირზე უწყების ჩაბარება უნდა დასტურდებოდეს მისი სახელისა და გვარის, ადრესატთან დამოკიდებულებისა და, შესაბამის შემთხვევაში, დაკავებული თანამდებობის მითითებით, აგრეთვე, მიმღების ხელმოწერით.
15. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2026 წლის 26 თებერვლის უკუგზავნილის მიხედვით, გზავნილის სტატუსად მითითებულია „ჩაბარებულია“. თუმცა უკუგზავნილში არ არის აღნიშნული მიმღები პირის სახელი და გვარი, ადრესატთან მისი დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა, ხოლო მიმღების ხელმოწერისათვის განკუთვნილი გრაფის ზედა ნაწილში დატანილია მხოლოდ მცირე ზომის ირიბი ხაზი (ტ. 2, ს.ფ. 48). ამდენად, აღნიშნული უკუგზავნილი არ იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს, თუ ვის ჩაბარდა სასამართლო უწყება და აკმაყოფილებდა თუ არა მისი ჩაბარება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
16. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოსთვის საგულისხმოა საქმის მასალებში წარმოდგენილი შ.პ.ს. „ს.კ.ს–ის“ (სკს) 2026 წლის 07 ივლისის წერილი (ტ.2, ს.ფ.96), რომლის თანახმად, 2026 წლის 25 თებერვალს აპელანტის სახელზე, მისამართზე: ქ. თბილისი, ..........., გაგზავნილი №214185068 კორესპონდენცია ადრესატს არ ჩაბარებია. დასახელებული წერილის მიხედვით, კურიერი მითითებულ მისამართზე იმყოფებოდა 2026 წლის 26 თებერვალს, 05 მარტსა და 11 მარტს, თუმცა სამივე შემთხვევაში მისამართზე არავინ დახვდა. ამავე წერილში განმარტებულია, რომ 2026 წლის 26 თებერვლის ვიზიტისას, კურიერმა სისტემაში მექანიკური შეცდომის შედეგად დააფიქსირა სტატუსი „ჩაბარებულია“, ნაცვლად სწორი სტატუსისა - „მისამართზე არავინ იყო“.
17. ამრიგად, საქმის მასალებში წარმოდგენილი უკუგზავნილი არ შეიცავს იმ მონაცემებს, რომლებიც სასამართლო უწყების მიმღები პირის ვინაობისა და, შესაბამის შემთხვევაში, ადრესატთან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული კავშირის დადგენას შესაძლებელს გახდიდა. ამასთან, შ.პ.ს. „ს.კ.ს–ის“ წერილით დასტურდება, რომ კორესპონდენცია ადრესატს ფაქტობრივად არ ჩაბარებია, ხოლო უკუგზავნილში ასახული სტატუსი „ჩაბარებულია“ კურიერის მიერ სისტემაში მექანიკური შეცდომის შედეგად დაფიქსირდა. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება სასამართლო უწყების აპელანტისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება.
18. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა. სასამართლო უწყების კანონით დადგენილი წესით ჩაბარების დადასტურება წარმოადგენს იმ აუცილებელ საპროცესო წინაპირობას, რომლის არსებობის გარეშეც დაუშვებელია მხარის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებული არასახარბიელო საპროცესო შედეგის გამოყენება. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის სათანადო შეტყობინება არ დასტურდება, მისი გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველიც არ ვლინდებოდა. ამ პირობებში, მნიშვნელობას კარგავს იმ გარემოების შეფასებაც, გააჩნდა თუ არა აპელანტს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დასაშვებია მხოლოდ იმ მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომელსაც სასამართლო სხდომის შესახებ უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა.
19. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
20. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, არ ვლინდებოდა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.დ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი