დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-274-2026 18 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „ს.კ.ა–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ო.ო–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2023 წლის 13 აპრილს აგროდაზღვევის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილების შესაბამისად, ერთი მხრივ, სს „ს.კ.ა–ისა“ და, მეორე მხრივ, ო.ო–ს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება (სადაზღვევო პოლისები №2001301...., №20013......., №20013.......).
2. დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, დაიზღვა ო.ო–ის საკუთრებაში არსებული, კახეთში, ქ. გურჯაანში ......... ტერიტორიაზე, დამზღვევის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ: ........., ს/კ: .........., ს/კ: ........, ს/კ: ........., ს/კ: ..........., ს/კ: .........., ს/კ: ..........) მდებარე მრავალწლიანი ნარგავები, კერძოდ - ატამი, ასევე გურჯაანის რაიონის სოფელ ........, ამავე პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: .........) მდებარე მრავალწლიანი ნარგავი, კერძოდ - გარგარი.
3. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 2023 წლის 13 აპრილიდან 2023 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. დაზღვეული რისკებია: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის 01 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით).
4. 2023 წლის 13 აპრილს ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, ხოლო, მეორე მხრივ, ო.ო–ს შორის დაიდო შეთანხმებები აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
5. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების მე-5 მუხლის თანახმად, რომელიც სამივე პოლისზე (№20013011....., №200130....., №2001301......) იდენტურია, განისაზღვრა ფრანშზის სახე, ოდენობა და გამოყენების წინაპირობები: არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისათვის. ფრანშიზა გამოითვლება როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10%.
6. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილების მეორე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ფრანშიზა არის არაანაზღაურებადი მინიმუმი, რომლის გამოქვითვა ხორციელდება თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის. ფრანშიზა გამოითვლება როგორც სადაზღვევო ლიმიტის 10% ან მისაღები მოსავლის ოდენობის სადაზღვევო ანაზღაურების გაანგარიშებისას გამოყენებულ ფასზე გამრავლებით მიღებული ღირებულების 10%. მითითებული ორი სიდიდიდან გამოიქვითება ის ოდენობა, რომელიც უფრო მცირე იქნება.
7. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მზღვეველის მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანისთვის გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა (ფრანშიზის გათვალისწინებამდე) გამოიანგარიშება შემდეგნაირად: „ა“ მისაღები მოსავლის ნამრავლით ზიანის პროცენტზე და ნორმატიულ ფასსა და საბაზრო ფასს შორის უმცირესზე.
8. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილების დანართი №1 თანახმად, ბაღჩეული კულტურის ატმის სადაზღვევო ტარიფია 8%; მაქს. ნორმატიული ფასი ლარი/ჰა 13.800; მაქს. ნორმატიული ფასი ლარი/კგ 0.6; მაქს. ნორმატიული მოსავლიანობა კგ/ჰა 23000.
9. დაზღვევის პირობების 3.1.1 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში, დამზღვევი ან მოსარგებლე ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე მზღვეველს 24 საათის განმავლობაში, სატელეფონო ზარით შეატყობინოს. ამავდროულად, 5 სამუშაო დღეში ტელეფონით ან ელექტრონულად მზღვეველთან დააზუსტოს შემდეგი ინფორმაცია: დამზღვევის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, სადაზღვევო პოლისის ნომერი, დამზღვევის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, დაზღვეული დაზიანებული ნაკვეთის ადგილმდებარეობა, ფართობი და განხორციელებული რისკი. დამზღვევის/მოსარგებლის იდენტიფიცირებიდან 15 კალენდარულ დღის ვადაში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში, 21 კალენდარული დღის ვადაში მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შემთხვევაში და 30 კალენდარულ დღეში ციტრუსოვანი კულტურების შემთხვევაში ადგენს დაზიანებული დაზღვეული ტერიტორიის (ნაკვეთის) დათვალიერების აქტს.
10. დაზღვევის პირობების მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დამზღვევის/მოსარგებლის მიმართ.
11. ქ. გურჯაანის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით 2023 წლის 31 მაისს დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძლიერი სეტყვა. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დამზღვევმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში აცნობა მზღვეველს.
12. 2023 წლის 12 ივნისს ს.კ.ა–ის წარმომადგენლებმა შეამოწმეს დაზღვეული ნაკვეთები. შემოწმების დროს შეადგინეს დათვალიერების აქტები და დაადგინეს, რომ მხოლოდ №20013011293 სადაზღვევო პოლისით დაზღვეულ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ატმის დაზიანების პროცენტული ოდენობა შეადგენდა 8%-ს.
13. სს „ს.კ.ა–ის“ განმარტებით აღნიშნული პროცენტული ოდენობა ჯდება არაანაზღაურებად მინიმუმში, რომელიც შეადგენს 10%-ს, შესაბამისად, არ მოახდინა მომხდარი შემთხვევის ანაზღაურება.
14. ო.ო–ი არ დაეთანხმა აღნიშნულ აქტებს და უარი განაცხადა ხელმოწერაზე.
15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 16 აგვისტოს დასკვნის შესაბამისად, ობიექტი №1 (ს/კ: .......; ს/კ: .......) მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფების საშუალო ოდენობა შეადგენს 40.3%-ს; ობიექტი №2 (ს/კ: .......; ს/კ: ........; ს/კ: .........) მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფების საშუალო ოდენობა შეადგენს 41.6%-ს. ობიექტი №3 (ს/კ: .........; ს/კ: .........) მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფების საშუალო რაოდენობა შეადგენს 34.5%-ს. დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ გამოსაკვლევი დაზიანება ნაყოფმა მიიღო 2023 წლის 31 მაისს მომხდარი ძლიერი სეტყვის გამო.
16. №20013011.... სადაზღვევო პოლისზე დაზღვეულია შემდეგი მიწის ნაკვეთები: ს.კ: ..........; ს.კ: .......... და ს.კ: .........; ........ მიწის ნაკვეთზე დაზღვეულია 173 ხე; ........ მიწის ნაკვეთზე დაზღვეულია 166 ხე. №200130..... სადაზღვევო პოლისზე დაზღვეულია შემდეგი მიწის ნაკვეთები: ს.კ: ......... და ს.კ: ........... ......... მიწის ნაკვეთზე დაზღვეულია 200 ხე; ......... მიწის ნაკვეთზე დაზღვეულია 200 ხე. №2001301....... სადაზღვევო პოლისზე დაზღვეულია შემდეგი მიწის ნაკვეთები: ს.კ: .........., ს.კ: ......... და ს.კ: ........... ს.კ:.......... მიწის ნაკვეთზე დაზღვეულია 200 ხე; ს.კ:....... მიწის ნაკვეთზე დაზღვეულია 94 ხე; ს.კ:......... მიწის ნაკვეთზე დაზღვეულია 94 ხე.
17. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
17.1. მოპასუხე სს „ს.კ.ა–ის“, მოსარჩელე ო.ო–ის სასარგებლოდ, დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 13 659.08 ლარის გადახდა; მოპასუხე სს „ს.კ.ა–ის“, მოსარჩელე ო.ო–ის სასარგებლოდ, დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვადის დარღვევის გამო, პირგასამტეხლოს სახით, ასანაზღაურებელი თანხის (13 659.08 ლარის) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის - 13.65 ლარის გადახდა, 2023 წლის პირველი აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით, სულ 655.2 ლარის ოდენობით.
17.2. 2023 წლის 4 აპრილს სს „ს.კ.ა–ისა“ და ფ/პ ო.ო–ს შორის, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულებები და გაიცა სამი სადაზღვევო პოლისი (№2001301......, №2001301........., №2001301......). სადაზღვევო პოლისები და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებით დამტკიცებული აგროდაზღვევის პროგრამა ერთიანობაში წარმოადგენდა სადაზღვევო ხელშეკრულებას. შეთანხმების მიხედვით დაზღვეული იქნა კახეთში, ქ. გურჯაანში, ე.წ. ........ ტერიტორიაზე, დამზღვევის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ ........, ს/კ ........, ს/კ ........, ს/კ ........, ს/კ ......., ს/კ ........., ს/კ ........) მდებარე მრავალწლიანი ნარგავები, კერძოდ - ატამი, ისევე როგორც, გურჯაანის რაიონის სოფელ ........, ამავე პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ......) მდებარე მრავალწლიანი ნარგავი, კერძოდ - გარგარი. დაზღვევის პერიოდი განისაზღვრა 13.04.2023 წ.-დან 30.08.2023 წ.-ს ჩათვლით. დაზღვეული რისკების ჩამონათვალშია სეტყვაც.
17.3. პოლისით №2001301...... დაზღვეული იქნა მიწის ნაკვეთებზე - ს/კ ........., ს/კ .........., ს/კ .......... მდებარე მრავალწლიანი ნარგავები (ატამი და გარგარი) 2023 წლისათვის მისაღებ მოსავალზე. პოლისით №2001301....... დაზღვეული იქნა მიწის ნაკვეთებზე - ს/კ ....... და ს/კ ....... მრავალწლიანი ნარგავები (ატამი) 2023 წლისათვის მისაღებ მოსავალზე; პოლისით №2001301...... დაზღვეული იქნა მიწის ნაკვეთებზე - ს/კ ........, ს/კ ......... და ......... მდებარე მრავალწლიანი ნარგავები (ატამი) 2023 წლისათვის მისაღებ მოსავალზე.
17.4. სადაზღვევო პოლისებში მითითებულია სადაზღვევო პრემიის სუბსიდირების თანხა და დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანხის ნაწილის ოდენობა. დამზღვევმა პირნათლად გადაიხადა მისი კუთვნილი გადასახდელი სადაზღვევო პრემიის თანხის წილი.
17.5. 2023 წლის 31 მაისს ქ. გურჯაანში დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძლიერი სეტყვა, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზიანა ქ. გურჯაანში, ე.წ ........ ტერიტორიაზე მდებარე დაზღვეული მოსავალი. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ დამზღვევმა მზღვეველს მაშინვე აცნობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. 2023 წლის 12 ივნისს ს.კ.ა–ის წარმომადგენლებმა შეამოწმეს დაზღვევის ობიექტი და დამზღვევს განუმარტეს, რომ დაზიანების ხარისხი არ აღემატებოდა 7%-ს, რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. დამზღვევი კარგად ხედავდა, რომ ზიანი გაცილებით მეტი იყო. ბუნებრივია, იგი არ დაეთანხმა ალდაგის მიერ დაფიქსირებული ზიანის ოდენობას და შესაბამისად, არც დაზღვევის ობიექტის შემოწმების აქტი დაუდასტურებია ხელმოწერით.
17.6. მოსარჩელემ 20 ივნისს მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სეტყვისგან მიყენებული ზარალის შეფასების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზიანის ოდენობა რამდენჯერმე აღემატება მზღვეველის მიერ ხელოვნურად შემცირებულ სავარაუდო ზიანის ოდენობას, კერძოდ, დასკვნის მიხედვით: 1. ობიექტი №1 (ს/კ ......; ს/კ ........): მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფის საშუალო რაოდენობა შეადგენს 40.3%–ს; 2. ობიექტი №2 (ს/კ .......; ს/კ .........; ს/კ ..........): მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფის საშუალო რაოდენობა შეადგენს 41.6%-ს; 3. ობიექტი №3 (ს/კ ........; ს/კ ...........): მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფის საშუალო რაოდენობა შეადგენს 34.5%-ს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია სეტყვის ზემოქმედებაზე, რამაც გამოიწვია ნაყოფის დაზიანება.
17.7. სადაზღვევო პოლისების (ანუ მხარეთა შეთანხმების) მიხედვით, თითოეული მიწის ნაკვეთისათვის მოსალოდნელი მისაღები მოსავლის რაოდენობა 1 ჰა-ზე და მოსალოდნელი მისაღები მოსავლის 1 კგ-ზე სავარაუდო ფასი ტოლია სადაზღვევო ლიმიტისა, რომელიც კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არის განსაზღვრული ინდივიდუალურად. უფრო დეტალურად, მაგ: №20013011293 პოლისით დაზღვეულია ორ მიწის ნაკვეთზე არსებული ატამი (ვაშლატამა) თითოეული მიწის ნაკვეთის ფართობია 0.50 ჰა, მოსალოდნელი მისაღები მოსავლის სავარაუდო რაოდენობა 1 ჰა-ზე 23000 კგ-ს შეადგენს, მოსალოდნელი მისაღები მოსავლის 1 კგ-ზე სავარაუდო ფასი კი - 0.60 ლარს. ერთი ჰექტრისათვის სავარაუდო მოსავალი 23000 კგ გამრავლებული 1 კგ-ზე მისაღები მოსავლის სავარაუდო ფასზე - 0.60 ლარზე უდრის 13800 ლარს. ვინაიდან თითოეული მიწის ნაკვეთისათვის სადაზღვევო ლიმიტი განისაზღვრა ინდივიდუალურად, 0.50 ჰექტრისათვის ეს ციფრი შეადგენს 6900 ლარს, რაც მითითებულია სადაზღვევო პოლისში. №2001301.... და №200130...... პოლისებში თითოეული ნაკვეთისათვის 1 ჰა-ზე მოსალოდნელი საშუალო მოსავლის ოდენობა და საშუალო ფასის ნამრავლი ტოლია სადაზღვევო ლიმიტისა. სადაზღვევო თანხის ლიმიტი უდრის მისაღები საშუალო მოსავლის ოდენობისა და საშუალო ფასის ნამრავლს.
17.8. მოპასუხემ ზიანი უნდა აანაზღაუროს მისაღები მოსავლის საშუალო ოდენობისა და ფასის მიხედვით, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი დეტალურად, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ზიანის პროცენტების გაანგარიშებით, კერძოდ: 1. ობიექტი №1 (ს/კ ......; ს/კ ........): მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფის საშუალო რაოდენობა შეადგენს 40.3%-ს. ამ მიწის ნაკვეთებზე მხარეთა შეთანხმების - ანუ პოლისის მიხედვით მისაღები მოსავლის საშუალო ოდენობა შეადგენს 13 800 ლარს (69000+6900=13800). 13800-ის 40.3% უდრის 5561.4 ლარს. ანუ ასანაზღაურებელი თანხა - 5561.4 ლარია; 2. ობიექტი №2 (ს/კ ........; ს/კ .......; .......): მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფის საშუალო რაოდენობა შეადგენს 41.6%-ს. ამ მიწის ნაკვეთებზე მხარეთა შეთანხმების - ანუ პოლისის მიხედვით მისაღები მოსავლის საშუალო ოდენობა მთლიანობაში შეადგენს 13398.42 ლარს, 13398.42 ლარის 41.6% უდრის 5573.74 ლარს; 3. ობიექტი №3 (ს/კ ........; ს/კ ........): მექანიკურად დაზიანებული/ხეზე არსებული ნაყოფის საშუალო რაოდენობა შეადგენს 34.5%-ს. იმავე პრინციპით, 11714.82-ის 34.5% უდრის 4041.61 ლარს. ასანაზღაურებელი თანხების ჯამური ოდენობა უდრის 15 176.75 ლარს. სადაზღვევო შეთანხმებით განისაზღვრა არაანაზღაურებადი თანხა (ფრანშიზა) 10%. 15176.75-ის 10% არის 1517.67. ამრიგად, ფრანშიზის გამოკლებით ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 13 659.08 ლარით.
17.9. სადაზღვევო შემთხვევის დათვალიერების აქტი შედგა 2023 წლის 12 ივნისს. მიუხედავად ამისა, მზღვეველი დღემდე არ უნაზღაურებს დამზღვევს რეალურად მიყენებული ზიანის ოდენობას. სადაზღვევო ხელშეკრულების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. დამზღვევს თანხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა სადაზღვევო შემთხვევის დათვალიერების აქტის შედგენიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ. მართალია, ხელშეკრულების მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში გაწერილია, რომ მზღვეველი ვალდებულია სადაზღვევო ანაზღაურების აქტის ხელმოწერიდან 15 სამუშაო დღის ვადაში გადაიხადოს თანხა, მაგრამ ეს არის კაბალური პირობა და პირგასამტეხლოს გადახდა ამ გარემოებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. რადგან ხელშეკრულებით პირგასამტეხლოა განსაზღვრული ასანაზღაურებელი თანხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევისათვის, მოპასუხეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს ზიანის დათვალიერების აქტის შედგენიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, რაც შეიძლება საშუალოდ იყოს 15 დღე, მაქსიმუმ ერთი თვე ან თვე-ნახევარი.
18. მოპასუხის შესაგებელი
18.1. მოპასუხემ 2023 წლის 20 ოქტომბერს და 2023 წლის 06 დეკემბერს წარმოდგენილი შესაგებლებით, ასევე სასამართლო სხდომებზე დაფიქსირებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს „ს.კ.ა–სა“ და მოსარჩელე ო.ო–ს შორის სადაზღვევო პოლისები №2001301....., №2001301..... და №2001301....... გაცემულია 2023 წლის 13 აპრილს. №20013011.... სადაზღვევო პოლისის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: ........ და ........ დაიზღვა ატამი, ხოლო მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდით: ........დაიზღვა გარგარი.
18.2. სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 26.06.2023 წ.-ს წერილის მიხედვით, 2023 წლის 31 მაისს ქ. გურჯაანის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით და შემოსული შეტყობინებების საფუძველზე დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - სეტყვა. თუმცა, სეტყვის ბუნებიდან გამომდინარე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად დაისეტყვა დაზღვეული ტერიტორია. ცნობა აღნიშნავს, რომ ზოგადად ქ. გურჯაანში მოხდა სეტყვა, თუმცა, დაისეტყვა თუ არა დაზღვეული მიწის ნაკვეთები არ არის დადასტურებული. სადაზღვევო შემთხვევის განცხადების შემდეგ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენელმა (მენეჯერმა) და დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეამოწმეს დაზღვეული მიწის ნაკვეთები. შემოწმების დროს დადგინდა, რომ სადაზღვევო პოლისით - №20013011... დაზღვეულ მიწის ნაკვეთებზე გაშენებული ატმის დაზიანების პროცენტული ოდენობა შეადგენდა 8%-ს. აღნიშნული პროცენტული ოდენობა ჯდება არაანაზღაურებად მინიმუმში, რომელიც შეადგენს 10%-ს. შესაგებელზე წარმოდგენილია როგორც ვიდეო, ასევე ფოტო მასალა, რომელზეც მკაფიოდ არის ნაჩვენები, რომ მოსავლის აბსოლუტური უმრავლესობა არის დაუზიანებელი და ვარგისია რეალიზაციისთვის. გარკვევით უნდა აღინიშნოს, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამით (რომლის ყოველ ნიუანსსაც ადგეს საქართველოს მთავრობა და სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ უფლება შეცვალონ ის) ხდება არა ხარისხობრივი, არამედ რაოდენობრივი დანაკარგის ანაზღაურება. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ხელშეკრულების სრული დაცვით შეამოწმა ტერიტორია, რაც ასახულია ვიდეო ჩანაწერში.
18.3. სადაზღვევო პოლისით - №2001301....... დაზღვეული მიწის ნაკვეთის შემოწმებისას გაირკვა, რომ ნაკვეთებზე გაშენებული ხეხილი უკვე მოკრეფილი ჰქონდა დამზღვევს, რასაც ის ადასტურებს ვიდეო ჩანაწერში, რომლის გადაღება აუცილებელია სახელმწიფო აგრო პროექტის ფარგლებში და რომელზეც წინასწარი თანხმობა აღებული ჰქონდა სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენელს (მენეჯერს). სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, ასეთ შემთხვევაში არ გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება.
18.4. სადაზღვევო პოლისით - №2001301..... დაზღვეული მიწის ნაკვეთის შემოწმებისას გაირკვა, რომ სახეზე საერთოდ არ იყო სადაზღვევო შემთხვევა. ნაყოფები არ არის დაზიანებული და ძირს ჩამოყრილი, აღნიშნული გადაღებულია, როგორც ფოტოსურათების, ასევე ვიდეოს სახით და წარმოდგენილია სასამართლოში. შესაბამისად, წარმოუდგენელია რა სახის ზარალზეა საუბარი, როდესაც გადაღებულ მასალაზე მკაფიოდ ჩანს, რომ მოსავალს არ შეხებია სეტყვა. დამზღვევთან გაგზავნილია ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, კითხვები სამხარაულის ექსპერტიზის ირგვლივ (რაც მკაფიოდ მიანიშნებს იმაზე, რომ მოპასუხე მოტივირებულია საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება), თუმცა, უშედეგოდ.
18.5. ექსპერტიზასთან დაკავშირებით მოპასუხემ აღნიშნა, რომ რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი: 1. მოცემული ექსპერტიზა არ ახდენს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ნაკვეთის იდენტიფიცირებას, არამედ ის მხოლოდ მატერიალურად ამოწმებს იმ ობიექტს, რომელზეც ექსპერტიზის დამკვეთი მიუთითებს, ხოლო რა მიუთითა, შესაბამისად, რომელ მიწის ნაკვეთზე ჩატარდა ექსპერტიზა, თვით ექსპერტიზის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ზუსტად დადგენილი იყოს. აღნიშნულის საპირისპიროდ, მზღვეველის წარმომადგენელი ყოველთვის GPS სისტემით ამოწმებს თუ სად იმყოფება, აღნიშნულის აუცილებლობა მკაფიოდაა გაწერილი დანართ №6-ის მე-7 მუხლში. 2. სამხარაულის ექსპერტიზა არ ზომავს ე.წ. დაზღვეულ და დაუზღვეველ რისკებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზარალის რეგულირების დროს, არამედ ის წარმოდგენილია ერთიანი პროცენტის სახით. შესაბამისად, დასკვნებში ერთმანეთშია არეული და არ ირჩევა დაზღვეული რისკით, დაზღვეულ რისკთან კავშირში (რომელიც ასევე დაუზღვეველ რისკად ითვლება) და დაუზღვეველი რისკებით მიყენებული ზიანი. ცხადია, ნებისმიერი ფაქტობრივი მასალის, რომელსაც მოსარჩელე უთითებს, მათ შორის იმის, რომ სამხარაულის ექსპერტიზაში მითითებული პროცენტული ოდენობა არის დაზღვეული რისკის ხდომილებით მიყენებული, ეკისრება მოსარჩელეს. ამასთან, წარმოუდგენელი პროცენტული ოდენობებია მითითებული დასკვნაში, რაც ბადებს კითხვას, თუ რა შეამოწმეს სამხარაულის ექსპერტებმა, სად არის ვიდეო ჩანაწერი და ა.შ.
18.6. მოცემულ შემთხვევაში, პოლისში მითითებულია მისაღები მოსავლისა და სარეალიზაციო ფასის სავარაუდო ოდენობები, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს, მაგალითად, მისაღები მოსავალი შემცირდეს. თვით მოსარჩელის ექსპერტიზით შემცირდა მოსავლიანობა, შესაბამისად, ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს. უფრო კონკრეტულად: №20013011.. პოლისით დაზღვეულ მოსავალზე - მიწის ნაკვეთებზე: ს/კ ......., ს/კ ...... და ს/კ ....... მოხდა მისაღები მოსავლის შემცირება, კერძოდ, მისაღებ მოსავლად დადგინდა საშუალოდ 37.5 კგ. ნორმატიულად დადგენილია 1 ჰექტარზე 23 000 კგ მოსავლის მიღება. მცენარეების განაშენიანება არის 5მ/5მ-ზე, ანუ სრულ ჰექტარზე დარგულია 400 ძირი ხე. შესაბამისად, ნორმატიულად ერთი ძირი ისხამს 57.5 კგ. ნაყოფს საშუალოდ. სამხარაულის ექსპერტიზამ მიუთითა 37.5 კგ. საშუალოდ. თუმცა, ის შემცირებულია დასკვნაში, შესაბამისად, გაანგარიშებაში გამოყენებული უნდა იქნას შემცირებული ოდენობა. დადგენილების 9.1.ბ მუხლის მიხედვით, „თუ დაზღვეული ტერიტორიიდან მისაღები მოსავალი ნაკლებია ნორმატიულ მოსავლიანობაზე - მისაღები მოსავლის ნამრავლით ზიანის პროცენტზე და ნორმატიულ ფასსა და საბაზრო ფასს შორის უმცირესზე“. სადაზღვევო პოლისის №20013011.... ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე - საკადასტრო კოდით: ........ და ........ დაიზღვა ატამი, ხოლო მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ........დაიზღვა - გარგარი. სამხარაულის ექსპერტიზამ ერთიანად შეაფასა ნაკვეთი და საშუალო ოდენობად მიუთითა 52.5 კგ. ატმის შემთხვევაში ნორმატიულად დადგენილია 1 ჰექტარზე 23 000 კგ მოსავლის მიღება, მცენარეების განაშენიანება არის 5მ/5მ-ზე, ანუ სრულ ჰექტარზე დარგულია 400 ძირი ხე. შესაბამისად, ნორმატიულად ერთი ძირი ისხამს 57.5 კგ. თუმცა, იგი დასკვნაში ამ შემთხვევაშიც შემცირებულია და გაანგარიშებისას, დადგენილების 9.1.ბ მუხლის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნას შემცირებული ოდენობა. სამხარაული დასკვნაში სადაზღვევო პოლისით №20013011... დაზღვეულ მოსავალზე - მიწის ნაკვეთებზე: ........, ........, ....... ასევე მოხდა მისაღები მოსავლის შემცირება, კერძოდ, მისაღები მოსავლად დადგინდა საშუალოდ 37.5 კგ. ნორმატიულად დადგენილია 1 ჰექტარზე 23 000 კგ მოსავლის მიღება, მცენარეების განაშენიანება არის 5მ/5მ-ზე, ანუ სრულ ჰექტარზე დარგულია 400 ძირი ხე. შესაბამისად, ნორმატიულად ერთი ძირი ისხამს 57.5 კგ. ნაყოფს საშუალოდ. სამხარაულის ექსპერტიზამ მიუთითა 37.5 კგ საშუალოდ. თუმცა, იგი დასკვნაში ამ შემთხვევაშიც შემცირებულია და გაანგარიშებისას, დადგენილების 9.1.ბ მუხლის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა იქნას შემცირებული ოდენობა.
18.7. შესაბამისად, რამდენადაც შემცირებულია მოსავლიანობა, მისაღები მოსავლიანობა და სადაზღვევო ლიმიტი გამოდის შემდეგნაირად: ს/კ ........... მიწის ნაკვეთზე - მოსავლიანობა 7500 კგ, რადგან მასზე არის 200 ძირი, რომლებიც ცალ-ცალკე ისხამენ 37.5 კგ ნაყოფს. სადაზღვევო ლიმიტი შეადგენს - 4500 ლარს (3525 კგ * 0.6 ლარზე). ს/კ ........ მიწის ნაკვეთზე - მოსავლიანობა 3525 კგ, რადგან მასზე არის 94 ძირი, რომლებიც ცალ-ცალკე ისხამენ 37.5 კგ ნაყოფს. სადაზღვევო ლიმიტი - 2115 ლარი (3525 კგ * 0.6 ლარზე). ს/კ ........ მიწის ნაკვეთზე - მოსავლიანობა 3525 კგ, რადგან მასზე არის 94 ძირი, რომლებიც ცალ-ცალკე ისხამენ 37.5 კგ ნაყოფს. სადაზღვევო ლიმიტი - 2115 ლარი (3525 კგ * 0.6 ლარზე). თუკი სასამართლო გაითვალისწინებს სამხარაულის დასკვნას, მაშინ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: ს/კ ............. მიწის ნაკვეთზე - 4500*41.6%= 1872 ლარი, რომელსაც გამოაკლდება ფრანშიზა 10%-ის ოდენობით, შესაბამისად, ასანაზღაურებელ თანხად უნდა ჩაითვალოს - 1872 – 187.2 = 1684.8 ლარი. ს/კ ......... მიწის ნაკვეთზე - 2115*41.6%= 879.84 ლარი, რომელსაც გამოაკლდება ფრანშიზა 10%-ის ოდენობით, შესაბამისად, ასანაზღაურებელ თანხად უნდა ჩაითვალოს 879.84 - 87.984 = 791.856 ლარი. ს/კ .......... მიწის ნაკვეთზე - 2115*41.6%= 879.84 ლარი, რომელსაც გამოაკლდება ფრანშიზა 10%-ის ოდენობით, შესაბამისად, ასანაზღაურებელ თანხად უნდა ჩაითვალოს - 879.84 – 87.984 = 791.856 ლარი. შესაბამისად, №20013011.... პოლისის ფარგლებში მაქსიმალური ასანაზღაურებელი თანხა (რომელსაც არ ეთანხმება მოპასუხე) შეადგენს 1684.8 + 791.856 + 791.856 = 3268.512 ლარს.
18.8. სადაზღვევო პოლისის №20013011292 ფარგლებში მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ........ და ........, დაიზღვა ატამი, ხოლო მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო კოდით: ......, დაიზღვა გარგარი. როგორც უკვე აღინიშნა, სამხარაულის ექსპერტიზამ ერთიანად შეაფასა ნაკვეთი და საშუალო ოდენობად 52.5 კგ მიუთითა. ატმის შემთხვევაში ნორმატიულად დადგენილია 1 ჰექტარზე 23 000 კგ მოსავლის მიღება, მცენარეების განაშენიანება არის 5მ/5მ-ზე, ანუ სრულ ჰექტარზე დარგულია 400 ძირი ხე. თუმცა, დადგენილების 9.1.ბ მუხლიდან გამომდინარე, შემცირებული მოსავლიანობის გათვალისწინებით, გამოდის შემდეგნაირად: ს/კ ........ მიწის ნაკვეთზე - მოსავლიანობა 9082.5 კგ, რადგან მასზე არის 173 ძირი, რომლებიც ცალ-ცალკე ისხამენ 52.5 კგ ნაყოფს. სადაზღვევო ლიმიტი შეადგენს - 5449.5 ლარს (9082.5 კგ ლარზე). ს/კ ........ მიწის ნაკვეთზე - მოსავლიანობა 8715 კგ, რადგან მასზე არის 166 ძირი, რომლებიც ცალ-ცალკე ისხამენ 52.5 კგ. ნაყოფს. სადაზღვევო ლიმიტი შეადგენს - 5229 ლარს (5229 კგ * 0.6 ლარზე). შესაბამისად, თუ სასამართლო გაითვალისწინებს, სამხარაულის დასკვნას, მაშინ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: ს/კ ........ მიწის ნაკვეთზე - 5449.5*34.5%= 1880.1 ლარი, რომელსაც გამოაკლდება ფრანშიზა 10%-ის ოდენობით, შესაბამისად, ასანაზღაურებელ თანხად უნდა ჩაითვალოს - 1880.1 – 188.01 = 1692.09 ლარი. ს/კ ........ მიწის ნაკვეთზე - 5229*34.5%= 1804.1 ლარი, რომელსაც გამოაკლდება ფრანშიზა 10%-ის ოდენობით, შესაბამისად, ასანაზღაურებელ თანხად უნდა ჩაითვალოს - 1804.1 – 180.41 = 1623.69 ლარი. შესაბამისად, №20013011292 პოლისის ფარგლებში მაქსიმალური ასანაზღაურებელი თანხა (რომელსაც არ ეთანხმება მოპასუხე) შეადგენს 1692.09 + 1623.69 = 3315.78 ლარს.
18.9. №20013011293 სადაზღვევო პოლისის შემთხვევაში მისაღები მოსავალი არ შემცირებულა, შესაბამისად, ფრანშიზის გამოკლებით, თუ სასამართლო გაიზიარებს სამხარაულის დასკვნას, ასანაზღაურებელი იქნება - ს/კ ......... მიწის ნაკვეთის შემთხვევაში - 2502.63 ლარი; ს/კ .......... მიწის ნაკვეთის შემთხვევაში - 2502.63 ლარი. №20013011293 სადაზღვევო პოლისიდან გამომდინარე, ჯამში - 5005.26 ლარი.
18.10. მოსარჩელის მიერ თანხები დათვლილია არასწორად, კერძოდ, მასში არ არის გათვალისწინებული შემცირებული მოსავლიანობა, რასაც თვით სამხარაული უთითებს. წარმოუდგენელია, ერთი მხრივ, მოსარჩელეს მოჰქონდეს სამხარაულის ექსპერტიზა და დავობდეს იქ მითითებული დაზიანების პროცენტული ოდენობით და ამავე დროს ყურადღებას არ აქცევდეს იმას, რომ მოსავლიანობა შემცირებულია. აღნიშნული კიდევ ერთხელ მიუთითებს მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებაზე.
18.11. როგორც თავად მოსარჩელე უთითებს, 15 დღიანი ვადის ათვლა იწყება მაშინ, როდესაც მზღვეველი არ გადაიხდის შეთანხმებულ საზღაურს. მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის სადაზღვევო შემთხვევა, შესაბამისად, მოცემული მუხლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მას არ ითვალისწინებს ხელშეკრულება. თუ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ბუნებრივია, მისი დაკისრება მხარისთვის ვერ მოხდება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო დაადგენს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებას მოპასუხის მიმართ.
19. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო.ო–ის (პ/ნ: .........) სარჩელი, სს „ს.კ.ა–ის“ (ს/კ: .........) წინააღმდეგ. სს „ს.კ.ა–ის“ ო.ო–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 9556 ლარის ოდენობით; სს „ს.კ.ა–ის“ ო.ო–ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 458.6 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ო.ო–ის მოთხოვნა სს „ს.კ.ა–ისთვის“ 4103.08 ლარის დაკისრების ნაწილში;
20. სააპელაციო საჩივარი
აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა; აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
21. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
22. საკასაციო საჩივარი
22.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
22.2. კასატორის მითითებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთვის ტერიტორიაზე გამოცხადდნენ დადგენილ ვადაში ალდაგის მენეჯერი და დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც შეადგინეს დათვალიერების აქტი. აღნიშნული აქტი უნდა ყოფილიყო ზიანის ანაზღაურების საფუძველი. აღნიშნული ზიანის პროცენტი დადგენილია დამოუკიდებელი აგრო ექსპერტის მიერ, რომელმაც მხოლოდ ტექნიკურად დაეხმარა კომპანიის მენეჯერი. დათვალიერება უნდა ჩატარებულიყო 21 დღეში, ხოლო სამხარაულის ექსპერტიზა გაცილებით გვიან მივიდა ადგილზე.
22.3. სადაზღვევო პოლისით N 20013011... დაზღვეულ მიწის ნაკვეთზე გაშენებული ატმის ხეების ზიანის პროცენტულობა 8% -ია, რაც ჯდება არაანაზღაურებად 10%-იან მინიმუმში. ასევე, წარმოდგენილია ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ჩანს, რომ დაზიანების ხარისხი ძალიან მცირეა. ამ ფონზე, სასამართლოს მოსაზრება დაუსაბუთებელია, რომ თითქოს აღნიშნული მასალა არასაკმარისია ობიექტური მდგომარეობის ასასახად. ამასთან, ზარალის ანაზღაურება კასატორის მიერ წარდგენილი დასკვნის მიხედვით ჩატარდა ზუსტად ისე, როგორც ასეთ შემთხვევაში იყო გათვალისწინებული. ასევე, დაუსაბუთებელია რატომ მიანიჭა სასამართლომ უპირატესობა დასახელებულ დასკვნასთან შედარებით სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზას.
22.4. სადაზღვევო პოლისით N20013011... დაზღვეული მიწის ნაკვეთის შემოწმებით ცალსახად დადგენილია, რომ საერთოდ არ დგინდება დასაზღვევო შემთხვევის ფაქტი. აღნიშნულის დასადასტურებლად ასევე წარმოდგენილია ფოტო-ვიდეო მასალაც, სადაც ჩანს, რომ დაზიანება აღნიშნულ ტერიტორიაზე არ ფიქსირდება.
22.5. სადაზღვევო პოლისით N20013011... დაზღვეული მიწის ნაკვეთის შემოწმების შემთხვევაში შემოწმება ვერ მოხერხდა, რამდენადაც მიწაზე არ წაუყვანიათ მენეჯერი და დამოუკიდებელი აგრო ექსპერტი. აღნიშნულის მიზეზი იყო თავად მოსარჩელე, რომელმაც არ მისცა წარმომადგენელს ტერიტორიაზე შესვლისა და შემოწმების უფლება მაშინ, როდესაც დადგენილების 10.3.ბ მუხლი პირდაპირ უთითებს ასეთი უფლებამოსილების არსებობაზე, რამდენადაც კომპანიამ მოულოდნელობით დააზღვიოს მზღვეველის კეთილსინდისიერება. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია დადგინდეს ზიანის ოდენობა ობიექტურად, რამდენადაც მოპასუხეს არ აქვს შესაძლებლობა დაარეგულიროს დაშვების დონეზე არსებული სადაზღვევო შემთხვევა. აქედან გამომდინარე, რამდენადაც მოპასუხეს სრულად არ მიეცა ადგილის გამოკვლევისა და ზიანის ოდენობის განსაზღვრის უფლება, მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ვერ უნდა გახდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი რელევანტური საფუძველი. მოსარჩელის მხრიდან ნაკვეთების დათვალიერებაზე უარის თქმა მითითებულია წარდგენილ ვიდეომასალაში, სადაც ის დუმილით არ პასუხობს კითქვას „სხვაგან სად გაქვს ნაკვეთი“.
22.6. ზემოაღნიშნული შემოწმების წესები წინასწარშეთანხმებული იყო შეთანხმებული. კერძოდ, მთავრობის 236-ე დადგენილებით ზიანის შეფასება სააგენტოს მიერ შემუშავებული ზიანის შეფასების საერთო წესის დაცვით ხდება, რომელიც სააგენტოსა და სადაზღვევო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება. აქედან გამომდინარე, ზიანის დათვლისას გამოიყენება აიპ „სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და ალდაგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების N6 დანართი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო კიდეც დათვლა. აღნიშნული სტანდარტით სამხარაულის ბიუროს არ დაუთვლია ზიანის ოდენობა. დანართში მითითებულია შემოწმების პირობები და მეთოდები, რომლებიც სამხარაულის ბიუროს არ გამოუყენებია. ასევე ნაკვეთი არ დაუიდენტიფიცირებიათ GPS კოორდინატებით, რაც დამატებით მათი ადგილმდებარეობის შესახებ დამატებით ეჭვებს აჩენს. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მტკიცების ტვირთი, დაედასტურებინა, რომ დაზღვეულ ტერიტორიაზე სამხარაულის ექსპერტები არ იყვნენ, რაც ნეგატიურ მტკიცებას წარმოადგენს და მოპასუხეს ფიზიკურად არ შეუძლია მისი დადასტურება.
22.7. დასახელებული დადგენილებით მოპასუხეს არ ეკისრება მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მხარეთა შორისაა შეთანხმებული და გამოირიცხება შეუთანხმებელი ზიანის ანაზღაურება. ასეთი შესაძლოა იყოს დაავადება, მწერის და მღრღნელის გავრცელება, დაგვიანებული მწიფობა და ასე შემდეგ. სამხარაულის ექსპერტიზაში კი არ გამიჯნულა ზიანი უშუალოდ სეტყვის შედეგად იყო გამოწვეული თუ მისი ნაწილი სხვა არასახელშეკრულებო ზიანის შედეგიც იყო. ამასთან, პალატამ არასწორად მიუთითა, რომ ნეკროზი, ლპობა და გომოზი დაზღვეული რისკია და ის სეტყვის შედეგად დადგა, თუმცა, თუნდაც ასე იყოს, 236-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ზიანი არ ანაზღაურდება თუ გამოწვეულია დაუზღვეველი რისკებიც, თუნდაც ზიანი სადაზღვევო რისკთან ერთად იყოს დამდგარი. ამიტომ, ალტერნატიული ექსპერტიზის სანდოობა დამოკიდებული იყო აღნიშნული ზიანის გამიჯვნაზე.
23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით: სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. განსახილველ შემთხვევაში, მთავარ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზიანის ანაზღაურების მართლზომიერების კვლევა. ზიანის ანაზღაურება დამოკიდებული იყო იმაზე, რამდენად იქნებოდა სახეზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი და ზიანის ის პროცენტული მაჩვენებელი, რის შემდგომაც მზღვეველი ვალდებული ხდება აანაზღაუროს ზიანი. შესაბამისად, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, რამდენად შეეძლო წინამდებარე სავარაუდო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველს უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე.
28. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე [„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლი].
29. დაზღვევის ხელშეკრულების ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 799-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
30. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).
31. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 14, გვ. 4, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).
32. მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში [სსკ-ის 821-ე მუხლი]. სადაზღვევო თანხად ჩაითვლება ქონების ღირებულება, თუ დაზღვეულია ქონება და საქმის გარემოებებით სხვა რამ არ არის დადგენილი [სსკ-ის 823-ე მუხლი].
33. სადაზღვევო თანხა ის ფულადი თანხაა, რომლის ფარგლებშიც ხდება დაზღვევის ობიექტის დაზღვევა. სადაზღვევო თანხა განისაზღვრება დაზღვევის ობიექტის ეკონომიკური ღირებულების მიხედვით (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 24, გვ. 7, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016). შესაბამისად, თუ დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ქონების ეკონომიკური ღირებულება იცვლება, აღნიშნული უნდა აისახოს სადაზღვევო თანხაზეც. ამ თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსი ადგენს როგორც გადაჭარბებული დაზღვევის (იხ. 822 I), ისე შემცირებული (არასრული) დაზღვევის მოწესრიგების წესებს (იხ. 827 I). სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის ეკონომიკური ღირებულება, რომელიც დაზღვეულ ქონებას გააჩნია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 821-ე მუხლის კომენტარი, ველი 3, 5, გვ. 1, ბოლო დამუშავება: 15 მარტი, 2016).
34. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 829-ე მუხლის მოთხოვნებზე გაამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულია სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებას კისრულობს სადაზღვევო კომპანია, ხოლო ხელშეკრულება მოიცავს იმ სტანდარტული გამონაკლისების ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობა გამოირიცხება.
35. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სახეზეა აგროდაზღვევა, რომელიც სახელშეკრულებო პირობებთან ერთად წესრიგდება „აგროდაზღვევის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებით, სახეზეა სპეციფიური სახის სადაზღვევო ურთიერთობა, შესაბამისად, სასამართლომ წინამდებარე განსახილველი საკითხი უნდა შეაფასოს დასახელებული დადგენილების, ხელშეკრულების პირობებისა და ზემოაღნიშნული ნორმატიული მოწესრიგების საფუძველზე.
36. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
37. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
38. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
39. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
40. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში უნდა შემოწმდეს. განსახილველი ნორმის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამდენად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი ფორმალურ-პროცესუალურად დასაბუთებულია, თუკი მოსარჩელე მიუთითებს: დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობაზე, ხელშეკრულებით განსაზღვრული სადაზღვევო რისკის დადგომასა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობაზე. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, იმის მიხედვით, ზემოხსენებულთაგან რომელ წინაპირობებს გახდის მზღვეველი სადავოდ, განისაზღვრება მტკიცების საგანი და მათი მტკიცება ნაწილდება მხარეთა შორის (იხ., სუსგ., №ას-658-2025 11 ივლისი 2025 წელი). ამასთან, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის, ზიანის არარსებობის ან შემცირების შესახებ შესაგებლის წარდგენისას თავად მოპასუხეა ვალდებული დაასაბუთოს შედავებული პოზიციის სისწორე.
41. განსახილველი დავის ფარგლებში, კასატორის შედავება გულისხმობს როგორც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის არარსებობას, ისე ზიანის ოდენობის საკითხსაც. საჩივრის არგუმენტაცია აგებულია მოსარჩელის მიერ წარდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის კრიტიკაზე, კერძოდ, კასატორის მითითებით, ექსპერტიზა ჩატარდა მთავრობის N236-ე დადგენილებისა და ხელშეკრულების N6 დანართის უგულებელყოფით, ასევე ექსპერტიზის ჩატარების ადგილმდებარეობის დაუსაბუთებლობითა და მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირების, ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებისა ხელშეკრულებით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი რისკის გამიჯვნის ვალდებულების არარსებობით. დამატებით, შედავება გულისხმობს ექსპერტირების ვადის დარღვევასაც.
42. შედავებული ექსპერტიზის დასკვნის კონტექსტში, საკასაციო პალატა მსჯელობს რამდენად სწორად შეძლო სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დასკვნის სარწმუნოობის შემოწმება. დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზა აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში არსებული საქართველოს მთავრობის N236 დადგენილებით განსაზღვრული დანაკარგების მეთოდოლოგიის გათვალისწინებით ჩატარდა, რაც ასევე დაადასტურეს ექსპერტებმა ნ.მ–ძემ და ა.ხ–ძემ. შესაბამისად, ამ მხრივ სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეთოდოლოგიიდან გადახვევის ფაქტი არ იკვეთება როგორც თავად დასკვნიდან, ასევე ექსპერტების ჩვენებებიდან გამომდინარე - დასაბუთებულია და სარწმუნოდ უნდა იქნეს მიჩნეული დასკვნაში მითითებული ინფორმაცია. ამავდროულად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი კასაციური შედავება დაუსაბუთებელია იმისთვის, რომ უგულებელყოფილ იქნეს დასახელებული ექსპერტიზის დასკვნა.
43. კასატორის მორიგი შედავება ლოკაციის დაუსაბუთებლობას შეეხებოდა, რამდენადაც, მისი შეფასებით, GPS-ის გამოყენება იყო აუცილებელი, რათა დადასტურებულიყო, რომ ექსპერტებმა ზუსტად ის ადგილი ნახეს, რაც სწორედ სადაზღვევო ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული. აღნიშნულის კონტრარგუმენტად ასევე წარდგენილია ექსპერტ ნ.მ–ძის განმარტება, რომლის მიხედვითაც დასკვნის მომზადებისას აუცილებლად მოწმდება ლოკაცია, რისთვისაც წინამდებარე შემთხვევა არ იყო გამონაკლისი. ასევე მანვე მიუთითა, რომ ადგილდებარეობის დადგენისთვის ერთადერთ საშუალებას არ წარმოადგენს GPS ნავიგაცია, რამდენადაც დასკვნის მომზადებისას იყვნენ საკადასტროდ რეგისტრირებულ ყველა შესაბამის მიწის ნაკვეთზე.
44. დადგენილია, რომ მიწის №20013011... ([ატმის მოსავალზე] დაზღვეული მიწის ნაკვეთები - ს/ნ ........ და ს/ნ ........ (მდებარეობა: ქ. გურჯაანი, .......)), №20013011... (დაზღვეული მიწის ნაკვეთები - ს/ნ ........ და ს/ნ ......... (მდებარეობა: ქ. გურჯაანი, .......)) და №20013011....... (დაზღვეული მიწის ნაკვეთები - ს/ნ ........., ს/ნ ........... და ს/ნ .......... (მდებარეობა: ქ. გურჯაანი, .......)) სადაზღვევო პოლისებით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 აპრილის №236 დადგენილებით დამტკიცებული „აგროდაზღვევის პროგრამის“ მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის („სადაზღვევო რისკი - ამ ქვეპუნქტში მითითებული მოვლენა, რომლის დადგომის შედეგად მიყენებული ზიანი ექვემდებარება მზღვეველის მიერ ანაზღაურებას, პროგრამით გათვალისწინებული წესით: პ.ა) სეტყვა - ატმოსფერული ნალექები, ყინულის წარმონაქმნების სახით (მცირე მარცვლიდან - მსხვილი კვერცხისოდენა ზომის წარმონაქმნამდე.), რომლებიც, როგორც წესი, ზაფხულში თან ახლავს კოკისპირულ წვიმას ან ჭექა-ქუხილს. სეტყვა იწვევს სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანებას ან განადგურებას მცენარეთა მიწისზედა ორგანოებზე უშუალო მექანიკური ზემოქმედების შედეგად.“) დანაწესის გათვალისწინებით, ერთ-ერთ დაზღვეულ რისკს წარმოადგენდა სეტყვა.
45. დადგენილია, რომ სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ 2023 წლის 26 ივნისის №12/ს972 ცნობის თანახმად, ქ. გურჯაანის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2023 წლის 31 მაისს დაფიქსირდა საშიში მეტეოროლოგიური მოვლენა - ძლიერი სეტყვა. უშუალოდ შეეხო თუ არა სეტყვა მოსარჩელის დაზღვეულ მიწის ნაკვეთებს, საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2023 წლის 16 აგვისტოს გაცემული №005799.. დასკვნა იძლევა ინფორმაციას, რომ სეტყვა სწორედ აღნიშნულ ნაკვეთებზე იყო, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მსჯელობა ამ კუთხითაც მართლზომიერია.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი დასახელებული დასკვნა ადასტურებს დაზღვეულ მიწაზე სეტყვის არსებობას.
47. რაც შეეხება ზიანის არსებობაზე შედავებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნაში მითითებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, დასეტყვილი, შესაბამისად, დაზიანებული, დეფორმირებული და არაერთგვაროვანია ნაყოფი სეტყვისგან გამოწვეული მექანიკური დაზიანების გამო, რამაც შემდგომში გამოიწვია ლპობისა და დანეკროზების, ასევე ტოტებზე - გომოზის პროვოცირება. ამ კუთხით კასატორისეული შედავება მიუთითებს საგამონაკლისო დათქმებზე, რომლის თანახმად, ლპობა/გომოზი/ნეკროზი საგამონაკლისო შემთხვევაა და არ ანაზღაურდება თუნდაც მათი გამოწვევის მიზეზი სეტყვა იყოს. აღნიშნული გამონაკლისი მოწესრიგებულია დასახელებული N236 დადგენილების მე-2 მუხლის „ჟ“ ქვპუნქტს, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში, ასევე მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში, რომელთა ერთიანი განმარტების თანახმად, ზიანი ვერ ანაზღაურდება თუ ის გამოწვეულია დაუზღვეველი რისკებით, მაშინაც კი, თუ ასეთი ზიანი დადგა სადაზღვევო რისკთან ერთად ან მასთან კავშირში. მიყენებული ზიანი ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიყენებულია უშუალოდ სადაზღვევო რისკ(ებ)ის შედეგად; მზღვეველის მიერ ანაზღაურებას არ ექვემდებარება ზიანი, რომელიც დადგა შემდეგი გარემოებების დროს, ასეთი გარემოებების ფონზე ან მათთან კავშირში: დაავადებათა, მწერთა და მღრღნელთა გავრცელება, დაგვიანებული მწიფობა და სხვა.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანია, რამდენად ექცევა სადავო ზიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში და ხომ არ წარმოადგენს ისეთ პირობადებულ გამონაკლისს, რის გამოც, თუმცა დასტურდებოდეს მისი არსებობა და გამოწვევის მიზეზი ანაზღაურებადი რისკი იყოს, ის მაინც რჩებოდეს ანაზღაურების გარეშე. ამ შემთხვევაში, ერთმანეთს უპირისპირდება ორი მოცემულობა - პირველი სახელშეკრულებო მოწესრიგება, რომელიც გამორიცხავს თუნდაც სადაზღვევო შემთხვევიდან გამოწვეულ, მაგრამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ ზიანს, ხოლო მეორე - ასეთი სახის ზიანი ხომ არ გულისხმობს თავის თავში ისეთ ზიანს, რომელიც თავისთავად შემადგენელია სადაზღვევო შემთხვევით ანაზღაურებადი ზიანის. სხვაგვარად რომ ითქვას, თუ კი წინამდებარე ხელშეკრულების/დადგენილების პირობებით გამოირიცხება ნაყოფის სეტყვის შედეგად გამოწვეული ლპობით ან გომოზით მიღებული ზიანი, არის თუ არა შესაძლებელი გაიმიჯნოს სად გადის ზღვარი ანაზღაურებად და არაანაზღაურებად ზიანს შორის. სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პალატა მოიხმობს პროცესზე გამოკითხული ექსპერტის ნადეჟნა მიროტაძის მითითებას, რომლის თანახმად, კითხვაზე - რამდენად შესაძლებელია სეტყვის შედეგად ნაყოფი დაზიანდეს, მაგრამ მან ლპობა არ გამოიწვიოს, უპასუხა, რომ დაზიანებისას ლპობა ლოგიკურია. მანვე განმარტა თუ როგორ ან რატომ იწყებს ლპობას ნაყოფი სეტყვის შედეგად მექანიკური დაზიანების მიღებისა და მზის სხივების ზემოქმედების პირობებში. ცალსახად დაადასტურა ისიც, რომ ლპობა/გომოზი ამ შემთხვევაში გამოწვეული იყო მექანიკური დაზიანებით - მექანიკური დაზიანება კი განაპირობა სეტყვამ. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნაყოფის გამიჯვნა და გამოცალკევება იმის მიხედვით, ზიანი უშუალოდ სეტყვამ გამოიწვია თუ სეტყვის შემდგომ ნაყოფის ლპობა/გომოზმა ან ნაყოფის მთლიან მოცულობაში როგორია მათი დიფერენცირების პროცენტი, თითქმის შეუძლებელია დადგინდეს. ამავდროულად, ექსპერტმა ა.ხ–ძემაც დაადასტურა, რომ თუკი დათვალიერებულ ნაკვეთებზე ნაყოფი იყო დაზიანებული, ეს დაზიანებები განპირობებული იყო სეტყვით. ასევე, ასეთ დროს ლპობა/გომოზი „გადამდები“ არ არის, ანუ ერთი ნაყოფიდან მეორეზე არ ვრცელდება, როგორც ეს დაავადებული ნაყოფების/ბაღის შემთხვევაშია. შესაბამისად, დროის ფაქტორიც ვერ იქონიებდა გავლენას ლპობადაწყებული თუ გომოზიანი ნაყოფის რიცხოვნობის გაზრდის კუთხით. აღნიშნული მსჯელობიდან და ექსპერტების დასაბუთებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ზიანის გამომწვევი მიზეზი უშუალოდ სადაზღვევო შემთხვევა - სეტყვა იყო, დამზღევისთვის კი ზიანი მაინც საერთო და იგივეა, რამდენადაც დასეტყვილი იქნება ნაყოფი თუ სეტყვის შედეგად ლპობა/გომოზის მქონე, დამზღვევისთვის ზიანის ოდენობა ერთი და იგივე იქნება. სხვაგვარად გამოდის, რომ თუნდაც დადასტურდეს სადაზღვევო შემთხვევა, შეუძლებელი იქნებოდა მისი ანაზღაურება ყველა მგავს შემთხვევაში. თითქმის მთლიანი სეტყვით დაზიანებული ნაყოფი აღმოჩნდებოდა ანაზღაურების მიღმა, რაც არარელევანტური ბმაა მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის კონტექსტში. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, ლპობა/გომოზი/ნეკროზი სადაზღვევო რისკთან ერთად ან მასთან კავშირში დამდგარ დაუზღვეველი რისკს კი არ წარმოადგენს, არამედ თავადაა რეალიზებული დაზღვეული რისკის - სეტყვის ფაქტობრივად დამდგარი უარყოფითი შედეგი. საქმეში დასტურდება, რომ ნაყოფი სეტყვამ დააზიანა, ნაყოფზე განვითარებული ლპობა/ნეკროზის უშუალო მიზეზი სეტყვაა, შესაბამისად, ლპობა სეტყვის უშუალო შედეგია - სეტყვისგან დაზიანებული ნაყოფიდან გავითარდა ლპობა დამოუკიდებელი სხვა მიზეზის გარეშე. ასეთ დროს, ნაყოფის ბუნებრივი ლპობა არ იყო ნავარაუდევი, რამდენადაც სეტყვამ გამოიწვია ის. განსხვავებულია შემთხვევა, როდესაც ლპობა ნაყოფის სუბსტანციური თვისებიდან გამომდინარე კანონზომიერად მოხდება, რაც სეტყვის მიზეზობრივობას გამორიცხავს. განსახილველ შემთხვევაში კი, რამდენადაც ლპობა უშუალოდ გამოწვეულია სეტყვის შედეგად, სახეზეა სწორედ ის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც წინასწარ ნავარაუდევი, გარე ჩარევების გარეშე ნაკლებად მიღწევადი იყო. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულების დასახელებული პირობები ვიწროდ უნდა განიმარტოს, სხვაგვარად, შეუძლებელი იქნება აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევის ოდესმე დადასტურება და ზიანის ანაზღაურება.
49. დამატებით, ყურადღება სადაზღვევო რისკის ეკონომიკურ ეფექტსაც უნდა მიექცეს, რამდენადაც დამზღვევის სურვილს ნაყოფის დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა, ხოლო ინტერესს ნაყოფის რეალიზების პირობებში დამატებითი ფინანსური საფრთხეების შემცირება. წინამდებარე შემთხვევაში კი მისი ფინანსური ინტერესი ცალსახად დაუსაბუთებლად შეიძლება შეილახოს, რამდენადაც გაიმიჯნება თუ არა ზიანის გამომწვევი მიზეზი, მისი რეალური დანაკარგი მაინც უცვლელი რჩება, ასეთი ინტერპრეტაცია კი არ შეესაბამება კეთილსინდისიერების პრინციპს.
50. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნის დაუსაბუთებლობაზე კასატორის მითითებას, მტკიცების ტვირთი პარალელურად მას აკისრებდა ვალდებულებას დაესაბუთებინა ზიანის არარსებობა ან შემცირების ფაქტი. მის მიერ წარმოდგენილი დასკვნა სააპელაციო პალატამ მართლზომიერად არ მიიჩნია სარწმუნოდ, რამდენადაც მისი შემდგენელი თავად მზღვეველის თანამშრომლები იყვნენ რაც დასკვნის შინაარსის ტენდენციურობის საფრთხეს თუ არ ადასტურებს, ვერც გამორიცხავს, განსხვავებით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნისგან. ამასთან, თუნდაც სასამართლოსთვის არ ყოფილიყო მოპასუხის მიერ წარდგენილი დასკვნის მიუკერძოებლობა ეჭვგარეშე, თავად დასკვნის შემდგენელთა ექსპერტული ცოდნის არარსებობა გამორიცხავს მისი შინაარსის სისწორეს, ამიტომ ამ კუთხით საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იზიარებს, რომლის თანახმად, ვიდეომასალა სასამართლოს ნაყოფის ვარგისიანობის ან/და მასზე აღბეჭდილი ნაყოფის კონკრეტული დაზიანების განმაპირობებელი გარემოებების განსაზღვრის შესაძლებლობას არ აძლევს, რამდენადაც ეს ყოველივე სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და სცდება მისი კომპეტენციის ფარგლებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ არც მზღვეველის მიერ ჩატარებული დათვალიერების პროცესი თუ მის შედეგად შედგენილი დათვალიერების აქტი აქარწყლებს სადავოდ გამხდარი ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას. იმის გარდა, რაზედაც საქალაქო სასამართლომაც გაამახვილა ყურადღება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დათვალიერების აქტის არასარწმუნოობასთან მიმართებაში, უნდა აღინიშნოს, რომ ვიდეოჩანაწერებში ნათლად არის აღბეჭდილი, რომ გადარჩევის/შეფასების/შერჩევის პროცესში აქტიურ როლს ასრულებს ამ კუთხით არაკვალიფიციური პირი - მენეჯერი (რომელიც უშუალოდ ახორციელებს ვიდეოგადაღებას სამხრე კამერით. იგი თავადაც არჩევს ნაყოფს და მითითებებსაც აძლევს დამზღვევს. განსაზღვრავს თითოეული ნაყოფი სეტყვითაა დაზიანებული თუ არა. მის მიერ გადარჩეული ნაყოფების ექსპერტის მხრიდან გადამოწმების ფაქტი კი ვიდეოჩანაწერში, რომელშიც ტერიტორიის დატოვებამდე მოვლენებია აღბეჭდილი, არ ჩანს.) და არა - სპეციალური ცოდნის მქონე დამოუკიდებელი ექსპერტი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ვიდეოჩანაწერები სასამართლოს ურყევ შინაგან რწმენას ვერ შეუქმნის იმ ფაქტისადმი, რომ 2023 წლის 12 აგვისტოს მზღვეველის მიერ დათვალიერება ჩატარდა კვალიფიციურად, ობიექტურად და ყველა იმ მოთხოვნის დაცვით, რაც იმავე დადგენილებით თუ მისგან გამომდინარე ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, რომელზედაც თავადვე აპელირებს მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ.
51. კასატორის შემდგომი არგუმენტი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის დაგვიანებას შეეხება. აღნიშნულ პრეტენზიას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან დადგენილია, რომ სეტყვის შედეგად დაზღვეული ობიექტი დაზიანდა 2023 წლის 31 მაისს, მზღვეველმა მიწა დაათვალიერა ამავე წლის 12 ივნისს. მოსარჩელემ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა 2023 წლის 20 ივნისს, რის შემდგომაც ექსპერტები 28 ივნისს გამოცხადდნენ ადგილზე, ხოლო დასკვნა მომზადდა 16 აგვისტოს. ანუ ორივე ექსპერტიზის ჩატარების დროითი სხვაობა 16 დღეა. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაესაბუთებინა აღნიშნული 16 დღიანი სხვაობა რამდენად განსხვავებულ შედეგს აჩვენებდა ექსპერტიზის დასკვნებში. აღნიშნულ კითხვას თავად ექსპერტების მოსაზრებები სცემს დასაბუთებულ პასუხს. კერძოდ, ექსპერტმა ნადეჟნა მიროტაძემ განმარტა, რომ შესაფასებელი იყო საშემოდგომო ჯიშები, რამაც მისცა მათ ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა. ექსპერტმა ა.ხ–ძემ განმარტა, რომ შესაბამისი მცენარის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, როგორც წესი, ისინი ექსპერტიზას აღარ ატარებენ, თუმცა, ადგილზე მაინც ცხადდებიან და აფასებენ ვითარებას - თუ ჩათვლიან, რომ დასკვნა დამაჯერებელი იქნება, ატარებენ კვლევას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აბრუნებენ შეუსრულებელი სახით. ორივე ექსპერტმა დაადასტურა, რომ მათ მიერ დაანგარიშებული ზიანის პროცენტული ოდენობა კი გამოთვლილია მხოლოდ სეტყვის შედეგად დაზიანებული ნაყოფის გათვალისწინებით. ექსპერტმა ა.ხ–ძემ დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად კიდევ უფრო ხანგრძლივი დროის შემდეგ (მაგ. 40 დღეში) ჩასვლის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა მეტი ნაყოფი ყოფილიყო ჩამოცვენილი, თუმცა ეს პროცენტულ სხვაობას არ მისცემდა მათ. შესაბამისად, სასამართლოსთვის ცხადია, რომ აღნიშნული დროითი სხვაობა არსებით გავლენას არ მოახდენდა შესაფასებელი ობიექტისთვის და ამავდროულად, არსებითად არ შეცვლიდა ზიანის ოდენობის დადგენის შესაძლებლობას.
52. კასატორის შემდგომი არგუმენტი ექსპერტიზის ჩატარებისას მოსარჩელის მიერ მზღვეველის თანამშრომლებისთვის დაზიანებული ობიექტების დათვალიერების შესაძლებლობის ხელშეშლაა. აღნიშნულ საკითხზე საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს, რომლის თანახმად, არც ერთი მტკიცებულებით (არც ვიდეოჩანაწერით, არც ხელმოწერილი ოქმით ან ფოტოსურათით) დასტურდება მითითებული ფაქტი მაშინ, როდესაც თავად მზღვეველის ვალდებულება იყო უზრუნველეყო ისეთი მტკიცებულების შექმნა, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ ხელშეშლის ფაქტს. სულ მცირე, მათ შეეძლოთ მოსარჩელესთან ერთად შეედგინათ დათვალიერების ოქმი სადაც მითითებული იქნებოდა დათვალიერებული კონკრეტული ობიექტების მონაცემები და ხელმოწერილი იქნებოდა ორივე მხარის მიერ, ან პირიქით, თუმცა რამდენადაც მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით სააპელაციო პალატამ ვერ დაადგინა მითითებული ფაქტი, შესაბამისად, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მიერ წარდგენილი აღნიშნული პრეტენზია.
53. ზიანის ოდენობის დაანგარიშების ნაწილში კასატორის პრეტენზია მიუთითებს, რომ არ არის დათვლილი ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით. საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულ პრეტენზიას დაეთანხმება, რამდენადაც სააპელაციო პალატამ (თავის მხრივ საქალაქო სასამართლომაც) ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განსაზღვრა იმავე პრინციპით, რომელზეც თავად კასატორი მიუთითებს. კერძოდ, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა თანხვედრაშია იმ ოდენობასთან, რასაც თავად მოპასუხე 2024 წლის 10 ოქტომბრის განცხადებაში მიუთითებს. ამიტომ, ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია საჩივარი.
54. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ნაწილში შედავებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 07 ივლისი, 2022 წელი).
56. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
57. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით მხარეებმა განსაზღვრეს პირგასამტეხლოს დაკისრების წესი. კერძოდ, სადაზღვევო ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით დამზღვევის/მოსარგებლის მიმართ.
58. რამდენადაც დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ დაუსაბუთებლად არ შეასრულა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ავტომატურად წამოიშვა მისი, როგორც მეორეული მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო საფუძველი. შესაბამისად, მისი დაანგარიშების წესი - არის შემდეგი: 458.6 9556 X 0.1%=9.556 ლარი; 9.556 X 48 = 458.6 ლარი (მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ პერიოდი -01.08.2023 წ.-დან 17.08.2023 წ.-ს ჩათვლით შეადგენს 48 დღეს). აღნიშნული დაანგარიშების საპირისპირო დაანგარიშება მოპასუხეს არ წარუდგენია და არ დაუსაბუთებია მისი სისწორე, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
59. ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე არსებული გარემოებების/მტკიცებულებების (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის) ანალიზის საფუძველზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის/მასშტაბის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად, რის გამოც სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა მართლზომიერია.
60. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
61. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ს.კ.ა–ს“ (ს.კ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N c691cfdbb2624fa4; გადახდის თარიღი: 23.03.2026) 500.73 ლარის 70% - 350.51 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი