დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 17.07.2026
საქმის ნომერი
ას-868-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-868-2024 17 ივლისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: ნიკოლოზ მარსაგიშვილი: (თავმჯდომარე)

ამირან ძაბუნიძე: (მომხსენებელი), ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ....“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი – მოთხოვნის უფლების აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „მ....“-მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღიარება ვალდებულებად, რათა მას შეესრულებინა მომრიგებელი პ.ს–ას 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება შპს „მ....“-ის მიმართ 623 315,67 ლარის გადახდის შესახებ.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. მხარეებს შორის 2016 წლის 17 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქვემო სამგორის საირიგაციო სქემის მარჯვენა მთავარი არხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე სათავო ნაგებობის რეაბილიტაციას, რაც ამავდროულად წარმოადგენდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებულ სამშენებლო პროექტს.

2.2. ხელშეკრულების ზოგადი ნაწილის 24.1 ქვეპუნქტის თანახმად, მხარეებს შორის არსებული დავა გადასაწყვეტად უნდა გადასცემოდა მომრიგებელს, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საჩივრდებოდა საარბიტრაჟო სასამართლოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედიოდა კანონიერ ძალაში. ვინაიდან მხარის ინტერესს წარმოადგენდა აღნიშნული ტენდერის მოგება და შემდგომში, მისი შესრულება, მოუწია სატენდერო პირობებზე დათანხმება.

2.3. მხარეებს შორის წარმოიშვა დავა, რომლის ფარგლებში მოსარჩელემ პრეტენზიით მიმართა მომრიგებელს. მომრიგებლის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დააკისრა 623 315,67 ლარის გადახდა. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა საარბიტრაჟო სასამართლოში, რომელმაც 2019 წლის 15 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით მოთხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით გააუქმა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რითიც ძალაში შევიდა მომრიგებლის გადაწყვეტილება.

2.4. სარჩელში აღნიშნულია, რომ მომრიგებლის 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება მხარეებისთვის საბოლოო და სავალდებულოა, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებაზე.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა იურიდიული ინტერესის არარსებობის შესახებ.

3.2. შესაგებლის თანახმად, რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით, საერთაშორისო განვითარების ასოციაციის დაფინანსებით. შესაბამისად, ტენდერი და შესყიდვის პროცედურები და ზოგადად, ხელშეკრულება შემუშავებული იყო მსოფლიო ბანკის სახელმძღვანელოს (გაიდლაინების) და აღნიშნულ სფეროში მოქმედი „კონსულტანტ ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაციის“ (FIDIC) მიერ შემუშავებული „წითელი წიგნის“ დებულებების მიხედვით. ვერც ერთი მხარე ხელშეკრულების პირობებს საკუთარი შეხედულებისამებრ ვერ შეადგენდა, შესაბამისად, არასწორი იყო მოსარჩელის მითითება, რომ იგი იძულებული იყო დასთანხმებოდა სატენდერო პირობებს.

3.3. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა წარმოადგენს კერძო ხასიათის ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას. მხარე თავად იყო დაინტერესებული მონაწილეობა მიეღო გამოცხადებულ ტენდერში, წინასწარ ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსიც და საბოლოოდ გააფორმა ხელშეკრულება, რაც ნიშნავდა, რომ მისთვის მისაღები იყო ხელშეკრულების პირობები.

3.4. შესაგებელში აღინიშნა, რომ მომრიგებლის გადაწყვეტილება იყო სარეკომენდაციო ხასიათის და ექვემდებარებოდა მხარეთა მიერ მხოლოდ ნებაყოფლობით შესრულებას. მიუხედავად არასავალდებულო ხასიათის რეკომენდაციისა, მოპასუხემ იგი გაასაჩივრა საარბიტრაჟო სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებითაც დადგინდა, რომ დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილების, ასევე მომრიგებლის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა, როდესაც განმარტა, რომ მომრიგებლის ინსტიტუტს ქართული კანონმდებლობა არ იცნობს და გაურკვეველია მისი როლი და სამართლებრივი სტატუსი დავების განხილვა/გადაწყვეტის პროცესში.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს „მ....“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „მ....“-მა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს.

5.2. სააპელაციო პალატა ერთი მხრივ, დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მომრიგებლის ინსტიტუტი არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის პროცესში მხარეების შორის წარმოშობილი დავის განხილვა/გადაწყვეტის მიზნით სამართლებრივი სტატუსის მქონე ინსტიტუტს/უწყებას. შესაბამისად, მომრიგებელ პ.ს–ას 2019 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება ვერ გახდებოდა აღსრულებადი აქტი რაც ასევე მიეთითა თავად, მომრიგებლის გადაწყვეტილების 3.5 პუნქტშიც. თუმცა, მეორე მხრივ, პალატამ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სამართალში მოქმედ მხარეთა ნების ავტონომიისა და სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპებზე, რომელთა საფუძველზეც მიუთითა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს დავის გადაწყვეტის პროცედურები, რომლის საფუძველზე მიღებული მომრიგებლის გადაწყვეტილებაც, როგორც სასამართლომ აღნიშნა, არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებულ, იძულებით აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტს, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული სახელშეკრულებო დანაწესის ფარგლებში მხარეებმა დაიწყეს დავის პროცედურები. სააპელაციო პალატამ მიუთითა, მომრიგებლის გადაწყვეტილებაზე რომლის თანახმად, მხარეთა მიერ წარმოდგენილი იყო მტკიცებულებები, არგუმენტები და შპს „ბ. და კ–ის“ აუდიტორული დასკვნა დავალიანების ოდენობის დასადგენად. ფაქტია, რომ დავის პროცესში ორგანიზებულად იყო ჩართული ორივე მხარე. ამასთან, სასამართლოს აზრით, მართალია, მომრიგებლის გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათის იყო, თუმცა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უარი არ უთქვამს აღნიშნული წესით დავის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ მომრიგებლის გადაწყვეტილება აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტს არ წარმოადგენდა. ამასთან, მის მიერ დავის გადაწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა სადავოდ არ იყო გამხდარი.

5.3. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხემ გამოიყენა მომრიგებლის გადაწყვეტილების არბიტრაჟში გასაჩივრების უფლებაც, მისი ჩაბარებიდან 28 დღეში. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტების ერთობლიობით დგინდებოდა, რომ, მართალია, მომრიგებლის გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა მომრიგებლის გადაწყვეტილების აღსრულება, არამედ მოსარჩელე ითხოვდა ვალდებულების აღიარებას რა დროსაც სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მხარეთა ნება, განემარტა სახელშეკრულებო პირობა, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის პირობებში და შეასრულეს კიდეც.

5.4. განვითარებული სამართლებრივი შეფასების თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ მომრიგებლის გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობისა და საკანონმდებლო რეგულაციების შეფასებით და სასამართლოს არ უმსჯელია/შეუფასებია თავად სახელშეკრულებო პირობა, მისი ნამდვილობა და ამგვარი პირობის შესრულების შედეგები, ასევე, სასამართლოს არ უმსჯელია მომრიგებლის გადაწყვეტილებაზე, არა როგორც აღსრულების ქვემდებარე აქტზე, არამედ როგორც ფაქტზე, რომელსაც საფუძვლად დაედო მხარეთა ნება და დადასტურდა დავის პროცედურების დაწყებით.

5.5. სააპელაციო პალატამ ასევე, ყურადღება მიაპყრო იმ ფაქტობრივ გარემოებასაც, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ძლიერი მხარე, რადგან იყენებდა აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს და მის მიხედვით იზიდავდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით პროექტებს, აცხადებდა ტენდერს, ამიტომ სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში ავტომატურად ხვდებოდა ტენდერში გამარჯვებულ მხარესთან ერთად. ამდენად, პალატის აზრით, ორივე მხარე განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების, მათ შორის შეთანხმებულ დავის რეგულირების მუხლებისადმი თანსაწორად, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარე ყოველთვის მსგავსი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მიჩნეულ იქნებოდა უთანასწორო პირობებში ჩაყენებულ და აპრიორი მოტყუებულ მხარედ.

5.6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მომრიგებელს მიმართა პრეტენზიით და მოითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების გამო კომპენსაცია, საირიგაციო პერიოდში კონტრაქტორის ტექნიკის და პერსონალის მოცდენის კომპენსაცია, რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დათქმებისა და მოქმედი კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით მომრიგებლის განსჯად საკითხთა წრეს განეკუთვნებოდა. შესაბამისად მომრიგებლის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, მოქმედ და ძალაში არსებული აქტს წარმოადგენდა იმ პროცედურების და დავის განხილვის მექანიზმის გათვალისწინებით, რაც მხარეებმა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპის ფარგლებში შეითანხმეს. შესაბამისად, პალატამ მართებულად მიიჩნია, საკითხის არა იმ სახით განმარტება, რომ მომრიგებლის ინსტიტუტი არ წარმოადგენდა სამოქალაქო ბრუნვის პროცესში მხარეებს შორის წარმოშობილი დავის სამართლებრივ ინსტრუმენტს, არამედ, აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც მხარეთა ნების საფუძველზე შეთანხმებული დავის იმგვარ მექანიზმად, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში მხარეებმა შეითანხმეს.

5.7. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო აღძრული სარჩელის სახეს და განმარტა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეემოწმებინა რამდენად რეალიზდა დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეებს შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო დათქმის ყველა ეტაპი და ხომ არ იყო სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში რაიმე სხვა დამატებით შეთანხმებული დავის გადაწყვეტის ინსტრუმენტი. ასევე, ჯეროვნად უნდა შეფასებულიყო რამდენად შეესაბამებოდა აღძრული სარჩელი მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს და შეძლებდა თუ არა მოსარჩელე თავისი ნამდვილი მიზნის, მიკუთვნებითი სარჩელით უფრო იოლად მიღწევას. თუ სასამართლო დადებითად გადაწყვეტდა ამ საკითხს, მაშინ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე უნდა მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო უფლებები.

5.8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხორციელებულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მისთვის კანონით მინიჭებულ საქმის განხილვის ფარგლებს და არასწორად დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა არა მომრიგებლის გადაწყვეტილების ნამდვილობის აღიარება, არამედ ზოგადად სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარება მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შედეგად, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა არა მხოლოდ მომრიგებლის გადაწყვეტილების კანონიერებაზე, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულების შინაარსზეც. კასატორის აზრით, ამგვარი სარჩელი ცალკე დავის საგანს წარმოადგენს, ვინაიდან აღიარებითი მოთხოვნის ნაცვლად საჭიროა მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება, რომლის მითითების უფლებამოსილებაც სააპელაციო პალატას არ გააჩნდა. მოსარჩელემ თავად აირჩია სარჩელის ფორმა, რომლის შეცვლის ან გარდაქმნის მითითების უფლებაც დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს, არ გააჩნდა.

6.2. მისივე მტკიცებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაამყარა მსჯელობა სახელშეკრულებო ნორმებს ვინაიდან განსახილველი დავის საგანს არ წარმოადგენდა ვალდებულების შესრულება. აგრეთვე არასწორად იქნა მითითებული ე.წ. „ფიდიკის კონტრატის“ დებულებები, რომელიც მხოლოდ 10 მილიონზე ნაკლები ღირებულების კონტრაქტებზე მოქმედებს. აღნიშნული ინფორმაცია მიეწოდა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა მან დაუსაბუთებლად არ გაიზიარა ეს მითითება და მსჯელობა არასწორად დააფუძნა ფიდიკის მიერ შემუშავებულ წითელი წიგნის დებულებებს.

6.3. გარდა ზემოაღნიშნულისა კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებითაც, რომ არბიტრი და მომრიგებელი ერთი და იგივე პირია. კასატორის აზრით, ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, არამედ ეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის ახნა-განმარტებას და მის მიერვე წარმოდგენილ ხელშეკრულების არაოფიციალურ თარგმანს (არ არის დამოწმებული). კასატორი ამტკიცებს, რომ პალატას არ უნდა გაეზიარებინა შეჯიბრებითობის პრინციპის უგულებელყოფით წარდგენილი მტკიცებულება და უნდა ეხელმძღვანელა ხელშეკრულების ინგლისურენოვანი ვერსიით, საიდანაც ნათელი გახდებოდა, რომ ხელშეკრულება არბიტრსა და მომრიგებელს არ აიგივებს, არამედ ცალ-ცალკე ადგენს თითოეულ მათგანთან დავის განხილვისა და გასაჩივრების წესებს. კასატორი ხაზგასმით მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს ამგვარი განმარტება ეწინააღმდეგება საქმის მასალებში წარმოდგენილ, კანონიერ ძალაში შესულ N2ბ/9384-19 გადაწყვეტილებას, ვინაიდან სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მომრიგებელს, როგორც დავების განმხილველ ინსტიტუტს საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს, შესაბამისად გაურკვეველია მისი როლი და სამართლებრივი სტატუსი დავების განხილვის პროცესში. კასატორის აზრით, იმ შემთხვევაში თუ გასაჩივრებული განჩინება ძალაში დარჩება, ერთი და იგივე სამართლებრივ საკითხზე იარსებებს სააპელაციო სასამართლოს სხვადასხვანაირი განმარტება, რაც არაერთგვაროვანი და კანონშეუსაბამო პრაქტიკის ჩამოყალიბების საწინდარია.

6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ ტენდენციურად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორად და არასაკმარისად მოიძია და განმარტა მატერიალურსამართლებრივი ნორმები და აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოდ დააბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში იმ მიზეზით, რომ დასადგენი იყო ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო მტკიცებულებები შესაფასებელი. ამასთან, კასატორის აზრით, თუ სააპელაციო პალატა თვლიდა, რომ გამოსაკვლევი იყო გარკვეული სახის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, მას, როგორც ფაქტების დამდგენ სასამართლოს თავად უნდა ემსჯელა და მიეღო გადაწყვეტილება. ამის საწინააღმდეგოდ, მან აარიდა თავი მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულებას და მოსარჩელეს მისცა კიდევ ერთი შანსი, რა დროსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს ირიბად მიუთითა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო პალატამ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ვინაიდან საკასაციო საჩივრის პრეტენზია, ძირითადად საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების მართლზომიერებას შეეხება.

12. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა, თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: Nას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; Nას-1167-2019, 22.07.2020წ; Nას-942-2021, 11.03.2022წ; Nას-1147-2021, 31.03.2023წ; N ას-785-2022, 6.04.2023წ; Nას-824-2022, 25.05.2023წ; Nას-1136-2023, 16.112023წ; Nას-1303-2023, 226.01.2024წ.).

13. სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ; №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ; №ას-209-196-2015, 30.07.2015წ; №ას-825-791-2016, 12.06.2017წ; №ას-8-2023, 25.05.2023წ.).

14. როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო კოდექსის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ.; №ას-173-2021, 31.01.2021წ). აღნიშნულს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი, ფაქტობრივი გარემოებების დამდეგნი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც თვითონ მას რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება მხარეთა შეჯიბრების პრინციპის დასაცავად (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-657-618-2012, 10.12.2012წ.; №ას-1308-1234-2012, 4.02.2013წ.; №ას-1136-2023, 16.11.2023წ).

15. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (სუსგ Nას-1167-2019, 22.07.2020წ.)

16. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, საფუძვლად დაუდო ის გარემოებები, რომ სადავოდ გამხდარი მომრიგებლის გადაწყვეტილება არ წარმოადგენდა აღსრულებას დაქვემდებარებულ აქტს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა მომრიგებლის გადაწყვეტილების აღსრულება, არამედ მოსარჩელე ითხოვდა ვალდებულების აღიარებას, რა დროსაც სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო მხარეთა ნება, განემარტა სახელშეკრულებო პირობა, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის პირობებში და შეასრულეს კიდეც. ამასთან, იმას, რომ სასამართლოს არ უმსჯელია მომრიგებლის გადაწყვეტილებაზე, არა როგორც აღსრულების ქვემდებარე აქტზე, არამედ როგორც ფაქტზე, რომელსაც საფუძვლად დაედო მხარეთა ნება და დადასტურდა დავის პროცედურების დაწყებით. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებას საფუძვლად დაუდო ის გარემოებაც, რომ მართალია მომრიგებლის ინსტიტუტი არ წარმოადგენდა სამოქალაქო ბრუნვის პროცესში მხარეებს შორის წარმოშობილი დავის სამართლებრივ ინსტრუმენტს, თუმცა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით, მეტად გონივრული იქნებოდა, თუ სადავოდ გამხდარი შეთანხმება აღქმული და შეფასებული იქნებოდა, როგორც მხარეთა ნების საფუძველზე, შეთანხმებული დავის გადაწყვეტის იმგვარ მექანიზმად, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში, მხარეებმა ივალდებულეს. და ბოლოს, სააპელაციო პალატამ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ყურადღება მიაპყრო აღძრული სარჩელის სახეს და მიუთითა, რომ საქმის ხელახლა განხილვისას პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა შეემოწმებინა რამდენად რეალიზდა დავის წარმოშობის შემთხვევაში მხარეებს შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო დათქმის ყველა ეტაპი და ხომ არ იყო სახელშეკრულებო პირობების ფარგლებში რაიმე სხვა დამატებით შეთანხმებული დავის გადაწყვეტის ინსტრუმენტი. ასევე, ჯეროვნად უნდა შეფასებულიყო რამდენად შეესაბამებოდა აღძრული სარჩელი მოსარჩელის სამართლებრივ ინტერესს და შეძლებდა თუ არა მოსარჩელე თავისი ნამდვილი მიზნის, მიკუთვნებითი სარჩელით უფრო იოლად მიღწევას. თუ სასამართლო დადებითად გადაწყვეტდა ამ საკითხს, მაშინ სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე უნდა მიეცა შესაძლებლობა განეხორციელებინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო უფლებები.

17. კასატორის მთავარი პრეტენზია მიემართება იმას, რომ სააპელაციო პალატამ, როგორც ფაქტების დამდგენმა სასამართლომ არამართებულად დააბრუნა საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში, მან აარიდა თავი მისთვის კანონით დაკისრებული ფუნქციის შესრულებას და მოსარჩელეს მისცა კიდევ ერთი შანსი, რა დროსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს ირიბად მიუთითა მიღებული გადაწყვეტილების შეცვლისკენ. ასევე კასატორი ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატის მითითებები, სრულიად ეწინააღმდეგება ამავე საქმეზე სააპელაციო პალატის მიერ 2021 წლის 19 ნოემბერს მიღებულ და კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, სადაც პალატამ განმარტა, რომ მომრიგებელს, როგორც დავების განმხილველ რაიმე ფორმის ინსტიტუტს ქართული კანონმდებლობა არ იცნობს, მაშინ როდესაც გასაჩივრებული განჩინებით ფაქტობრივად მომრიგებლის ინსტიტუტის გადაწყვეტილებას სამართლებრივი ძალა მიენიჭა. კასატორის შემდგომი არგუმენტი მიემართება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლო გასცდა მისთვის კანონით მინიჭებულ საქმის განხილვის ფარგლებს და არასწორად დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა არა მომრიგებლის გადაწყვეტილების ნამდვილობის აღიარება, არამედ ზოგადად სამინისტროს მიერ ვალდებულების აღიარებას მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე. შედეგად, სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს უნდა ემსჯელა არა მხოლოდ მომრიგებლის გადაწყვეტილების კანონიერებაზე, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულების შინაარსზეც.

18. საკასაციო საჩივრის, გასაჩივრებული განჩინებისა და საქმეზე წარდგენილი სარჩელის კვლევის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და, პირველ რიგში, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად) და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის (სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი) თანახმად, საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება, ისევე, როგორც საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააპელაციო სასამართლოს უფლებაა და არა ვალდებულება. ამასთან, ამ დროს სასამართლო არ არის შებოჭილი მხარის მოთხოვნით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეეძლო საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად და, მიუხედავად აპელანტის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნისა, სააპელაციო სასამართლოს საქმის უკან დაბრუნებით დისპოზიციურობის პრინციპი არ დაურღვევია. უფრო მეტიც, პალატის მოსაზრებით, სწორედ მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით დაბრუნდა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, თუ სააპელაციო სასამართლო დავის განხილვისას მიიჩნევს, რომ ამ საქმის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სარჩელში აღნიშნულისაგან განსხვავებული ნორმები და ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად განსხვავებულად უნდა შეფასდეს, მან ასევე უნდა შეაფასოს, გამოიწვევს თუ არა, ამგვარი ცვლილება მეორე მხარის ინტერესების დარღვევას და თუ წარმოიშობა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოპასუხეს, შეიძლება, შეეზღუდოს შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა, საქმე ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დაბრუნდეს (იხ. სუსგ №ას-1350-1275-2012, 25 მარტი, 2013 წელი).

19. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლო ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლოა, მის მიერ საქმის ხელახლა განსახილველად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების საკანონმდებლო მოწესრიგება სწორედ იმას ისახავს მიზნად, რომ დავა მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით წარიმართოს, მხარეებს მიეცეთ საკუთარი პოზიციის დამტკიცების და მოწინააღმდეგის მტკიცების გაბათილების შესაძლებლობა იმ ეფექტური საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობით, რაც კანონმდებლობითაა დადგენილი და, სულ მცირე, ორი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან საქმის არსებითად განხილვას გულისხმობს, რადგან საკასაციო სამართალწარმოება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხოლოდ სამართლებრივი დასაბუთებულობის კვლევისა და შემოწმების საპროცესო ეტაპია.

20. იქიდან გამომდინარე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი შეფასება, რაც საქმის ხელახლა განხილვისას მხედველობაში უნდა მიიღოს საქალაქო სასამართლომ ძალიან კომპლექსურია და ეხება არა მხოლოდ საქმეზე დასადგენ ფაქტებს და მათ სამართლებრივ შეფასებას, ასევე მიმართულია პროცესუალური უფლების დაცვისკენ, საკასაციო პალატის აზრით, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება გამართლებული იყო და არ ლახავდა მხარეთა უფლებებს. სახელდობრ, სააპელაციო პალატის მითითება შეეხება სასარჩელო მოთხოვნის სასამართლოს მიერ არასწორად აღქმას, საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტების არასწორად დადგენას და მათთან მიმართებით განხორციელებული სამართლებრივი შეფასების სისწორეს, რაც ერთობლიობაში ნიშნავს, რომ საქმე განხილვას საჭიროებს მოსამზადებელი სხდომიდან, რათა თანაბარზომიერად იქნეს დაცული პროცესში მონაწილე ყველა პირის უფლებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია, სააპელაციო პალატის მითითება აღიარებითი სარჩელის, როგორც უფლების დაცვის საუკეთესო საშუალების შეფასებასთან მიმართებით, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო უფლებების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმეზე მოსამზადებელი სხდომის დასრულებამდე. ამგვარი შესაძლებლობის გამოყენება კი, სწორედაც რომ საქმის განხილვის გაჭიანურებისა და ერთი და იმავე საკითხზე დუბლირებული სარჩელების აღძვრის გამორიცხვისკენაა მიმართული, რაც უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში.

21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განუხორციელებია პირველი ინსტანციის სასამართლოს. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ №ას-1529-1443-2012, 9.12.2013წ.; დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 .03.2017 წ., §187; ).

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ დამამტკიცებელ ან გამაქარწყლებელ მტკიცებულებებზე მითითებას სწორედ მხარეთა მიერ. სასამართლოში საქმის წარმოებისას მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, წარადგინონ მოწინააღმდეგის პოზიციის გამაბათილებელი მტკიცებულებები და გაამყარონ საკუთარი მტკიცება. შესაბამისად, უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, რომ დავის საგნიდან გამომდინარე, საქმეში მოთავსებული მტკიცებულებათა ყოველმხრივი გამოკვლევისა და მოსარჩელის მოთხოვნის არსის გაგების გარეშე, შეუძლებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. “სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“...( იხ. სუსგ-ები N ას-471-450-2015, 30.10.2015წ; N ას-973-922-2015, 16.02.2016წ; N ას-151-147-2016, 19.04.2016წ; N ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ; N ას-942-2021, 11.03.2022წ.).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა კანონის წინაშე თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით, მართებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი სწორად გამოიყენა სააპელაციო სასამართლომ.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე დასადგენია რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისგან, დამატებით არის გამოსაკვლევი საქმეში არსებული მტკიცებულებები და დასადგენია სხვა გარემოებებიც, რომელთა გარეშე შეუძლებელია საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება ამასთან შესაფასებელია სარჩელის სახე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო უფლებების გამოყენების შესაძლებლობები.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მსგავს საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა არსებობს, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი