დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 29.04.2026
საქმის ნომერი
ას-1558-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1558-2025

29 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე - უცხოური საწარმოს ფილიალი „გ.კ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოსარჩელე - შპს ,,ს.გ.წ.კ–იამ” სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - სს ,,ს.კ.ა–ის’’ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

- სარჩელის თანახმად, შპს "ს.გ.წ.კ–იასა" და უსფ "გ.კ–ს" შორის, 2017 წლის 29 სექტემბერს, დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ NT-092903 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ....... წყალმომარაგების სისტემის ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულების ჯამმა შეადგინა 2 978 393.61 ლარი; ხელშეკრულების 4.4 მუხლის შესაბამისად, კონტრაქტორმა შემსყიდველს წარუდგინა სს "ა.დ–ის" 2017 წლის 13 ოქტომბრის NAPB/17-991600 ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. გარანტიის თანხა შეადგენდა 839 500.00 ლარს, რომლის ძალითაც გარანტი კისრულობდა ვალდებულებას, ბენეფიციარის წინაშე, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, გადაეხადა საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა 10 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არა უმეტეს გარანტიის თანხისა, პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში და მისი შეუსრულებლობის ოდენობით. 2018 წლის 22 ნოემბრის №7 ცვლილებით, საავანსო უზრუნველყოფის გარანტიის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 თებერვალი; ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, კონტრაქტორმა წარადგინა სს ,,ა.დ–ის’’ 2017 წლის 29 სექტემბრის NCPB/17-995015 ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია 148 920.00 ლარის ფარგლებში. 2018 წლის 22 ნოემბრის №7 ცვლილებით, ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საბოლოო ვადად განისაზღვრა 2019 წლის 20 თებერვალი; კონტრაქტორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში), სამუშაოები ვერ დაასრულა, რის გამოც 2019 წლის 11 თებერვლის №1641/1 და 2019 წლის 15 თებერვლის №1953/1 წერილებით მოსთხოვა ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხის - 148 920.00 ლარის და საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის - 110 525.40 ლარის მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა; მოპასუხის 2019 წლის 22 თებერვლის №1/19-0245 წერილით ეცნობა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, დაკმაყოფილდა უსფ "გ.კ–ის" განცხადება და გამოყენებულ იქნა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, რის საფუძველზეც, მოპასუხეს აეკრძალა საბანკო გარანტიის თანხების მისთვის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოპასუხე აჩერებდა საგარანტიო შემთხვევის რეგულირების პროცესს სასამართლო დავის დასრულებამდე; ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება მან გაასაჩივრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში და მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება, რაც 2019 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა უსფ "გ.კ–მა". ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 2019 წლის 23 მაისის განჩინებით საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმე განსახილველად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს; თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 2019 წლის 29 ივლისის 2ბ/4309-19 განჩინებით, არ დააკმაყოფილა უსფ "გ.კ–ის" საჩივარი და ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 08 ოქტომბერს გაეგზავნა მხოლოდ საჩივრის ავტორს - უსფ "გ.კ–ს", ხოლო თვითონ, როდესაც კითხულობდა საჩივრის შესახებ ინფორმაციას, სასამართლოში პასუხობდნენ, რომ არ იყო ნამსჯელი. უფრო მეტიც, რაიონული სასამართლოს მოსამართლეც კი არ იყო ინფორმირებული, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ამ უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება, ასევე არ იყო ინფორმირებული პროცესის მონაწილე მხარე, მესამე პირი - სს ,,ა.დ–ა’’; ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება მიიღო 2023 წლის 24 თებერვალს, რაც გასაჩივრდა უსფ "გ.კ–ის" მიერ. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო 2024 წლის 27 ივლისის განჩინებით, სააპელაციო სასამართლომ საჩივარზე საქმის წარმოება შეწყვიტა; საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების შემდგომ, სს "ა.დ–ას" (ამჟამინდელი სახელწოდება: სს "ს.კ.ა–ი") 2024 წლის 05 მარტის №4633/1 და 11 მარტის №4900/1 წერილებით მოსთხოვა საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის (110 525.40 ლარისა და 148 920.00 ლარის) ჩარიცხვა. მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინება და არსებითი გადაწყვეტილება; 2024 წლის 21 მარტის №5943/1 და №5944/1 წერილებით, მოპასუხეს გადაუგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტები. სს "ა.დ–ას" 2024 წლის 28 მარტის №ბ/24-0256 წერილით უარი ეთქვა საგარანტიო თანხების ჩარიცხვაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით.

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. შესაგებელში განმარტებულია, რომ შპს „ს.გ.წ.კ–იასა’’ და უსფ „გ.კ–ს’’ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაზე გარანტიის სახით გაცემული თანხა მცირდებოდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების გარანტისათვის წარმოდგენის საფუძველზე. ბენეფიციარის მოთხოვნაში უნდა აღნიშნულიყო პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის ოდენობა, აღნიშნული ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტების თანდართვით; ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბენეფიციარისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი. გარანტიის თანხა შეადგენდა 148 920 ლარს. გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 20 თებერვლამდე. ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მიხედვით, უზრუნველყოფილ იქნა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბენეფიციარისათვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი; 2019 წლის 11 თებერვლის შეტყობინებით ეცნობა საგარანტიო თანხის გადახდის შესახებ. მოთხოვნილ იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის თანხა - 148 920.00 ლარის მოთხოვნა. 2019 წლის 15 თებერვლის წერილით ეცნობა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულდა 2 593 615.30 ლარის სამუშაოები, საიდანაც ხელშეკრულების 4.6. პუნქტის მიხედვით, ავანსად მიღებული თანხიდან დაუკავდა 782 974.60 ლარი, ხოლო გარანტისათვის მოთხოვნილ იქნა 110 525.40 ლარის ანაზღაურება. ხელშეკრულების 4.6. პუნქტის მიხედვით, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ავანსის პროპორციულად დაქვითვა მოხდება ეტაპობრივად თითოეული სამუშაოების აქტის წარმოდგენის შემდგომ. ამასთან, შესრულებული სამუშაოების აქტის წარმოდგენის შემდგომ მიმწოდებელს დაექვითება ავანსის თანხის დარჩენილი ნაწილი სრულად; საგარანტიო მოთხოვნის შემდგომ, მყისიერად ეცნობა პრინციპალს, რომელმაც დაიწყო დავა მოსარჩელის მიმართ და წარმოადგინა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება, ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, აეკრძალა საგარანტიო თანხის გადახდა, რაც გასაჩივრა მოსარჩელემ. ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინებით, დაკმაყოფილდა მოთხოვნა და გაუქმდა გამოყენებული ღონისძიება, რაც გაეგზავნა თავად საჩივრის ავტორს 2019 წლის 04 აპრილს. ამავე წლის 30 მაისს მხარეს ეცნობა ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინების შესახებ, რომელიც ეხებოდა უსფ „გ.კ–ის’’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს. განჩინების შესაბამისად, საჩივარი გადაგზავნილ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიღებიდან 5 დღის ვადაში; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმე დაბრუნდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, რომლის შემდეგაც გაგრძელდა საქმის განხილვა. ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, როგორც სარჩელი, ისე - შეგებებული სარჩელი და დადგინდა, რომ პრინციპალს ბენეფიციარისაგან მისაღები აქვს თანხის ნაწილი, რომელიც უნდა მიეღო საბოლოო ანგარიშსწორების ეტაპზე. ასევე, განისაზღვრა დაკავებული თანხის ბედი. შესაბამისად, ხელშეკრულების 4.6. მუხლის შესაბამისად, უნდა მომხდარიყო ავანსის სრულად გაქვითვა; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება სრულად ვერ განხორციელდა. ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ იქნა 2 583 768.23 ლარის სამუშაოები, რომელთან დაკავშირებითაც დადგინდა მთელი რიგი გარემოებები ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით. ხელშეკრულების შეწყვეტამდე საბოლოო ანგარიშსწორება არ განხორციელებულა; 2024 წლის 14 მარტის წერილით ეთხოვა საგარანტიო თანხის გადახდა, რაზედაც მან უარი განაცხადა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. მოსარჩელე ვალდებული იყო, მოემართა სასამართლოსათვის სასარჩელო მოთხოვნით, იმ თარიღიდან, როცა მან გაიგო ან უნდა გაეგო მოთხოვნის არსებობის შესახებ. გარანტიის გაცემასთან დაკავშირებით, მოთხოვნის ვადის დინება შეჩერდა 2019 წლის 20 თებერვლის განჩინების მიღებიდან და მისი დენა განახლდა 2019 წლის 29 ივლისს. მოსარჩელეს სარჩელი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლამდე არ წარმოუდგენია, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ს.გ.წ.კ–იის’’ სარჩელი სს ,,ს.კ.ა–ის’’ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით, შპს „ს.გ.წ.კ–იის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2017 წლის 29 სექტემბერს შპს „ს.გ.წ.კ–იას’’ (შემსყიდველი) და უცხოური საწარმოს ფილიალ „გ.კ–ს’’ (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემის პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ჯამმა შეადგინა 2 978 393.61 ლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენებოდა სს „ა.დ–ის’’ მიერ 2017 წლის 29 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტია, საგარანტიო თანხით - 148 920.00 ლარი, მოქმედი 2018 წლის 1-ელი მარტის ჩათვლით. გარანტია გამოიყენებოდა ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგებოდა შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

6.2. 2017 წლის 29 სექტემბერს სს „ა.დ–ას’’ მიერ გაიცა უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლითაც მოპასუხემ იკისრა პასუხისმგებლობა ბენეფიციართან (მოსარჩელესთან) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით პრინციპალის (უსფ „გ.კ–ის’’) მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში აენაზღაურებინა საგარანტიო თანხა 148 920.00 ლარი. გარანტიის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2018 წლის 01 მარტის ჩათვლით პერიოდი.

6.3. 2017 წლის 13 ოქტომბერს სს „ა.დ–ამ’’ გასცა უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლითაც მოპასუხემ იკისრა პასუხისმგებლობა ბენეფიციართან (მოსარჩელესთან) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით პრინციპალის (უსფ „გ.კ–ის’’) მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გადაეხადა მისთვის საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადასახდელი თანხა 10 სამუშაო დღის ვადაში, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა. საბანკო გარანტიის ვადა - 13.10.2017-დან 01.03.2018-ის ჩათვლით. გარანტიის თანხა შეადგენდა 893 500.00 ლარს, რომელიც მცირდებოდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებული შუალედური მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტების გარანტისათვის წარდგენის საფუძველზე. ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა ყოფილიყო წერილობითი ფორმის, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და გარანტს უნდა წარდგენოდა საგარანტიო ვადის დაცვით. მოთხოვნის წარდგენის დღედ მიიჩნეოდა უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე. დაუშვებელი იყო მოთხოვნის ელექტრონულად, ფაქტით ან სხვა საშუალებით წარდგენა.

6.4. 2018 წლის 14 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა ხელშეკრულების 7.1. პუნქტში და დადგინდა, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენებოდა სს „ა.დ–ის’’ მიერ 2017 წლის 29 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტია, თანხით - 148 920.00 ლარი, მოქმედი 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. მიმწოდებელი ვალდებული იყო ამ გარანტიის არაუმეტეს 2019 წლის 12 თებერვლის ჩათვლით გადაწევის დამადასტურებელი ცვლილება შემსყიდველისათვის წარედგინა არაუგვიანეს 2018 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებელი იღებდა ვალდებულებას სს „ა.დ–ას’’ მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადის 2019 წლის 12 თებერვლის ჩათვლით გადაწევის დამადასტურებელი ცვლილება შემსყიდველისათვის წარედგინა არაუგვიანეს 2018 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. მისი წარუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება.

6.5. 2018 წლის 22 ნოემბერს ცვლილება შევიდა სს „ა.დ–ის’’ მიერ გაცემულ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადებში და გარანტიის პერიოდი გაიზარდა 2019 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.

6.6. მოსარჩელემ 2019 წლის 11 თებერვალს განცხადებით მიმართა სს „ა.დ–ას’’ და მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის შესაბამისად, მისგან მოითხოვა 148 920.00 ლარის გადახდა.

6.7. მოსარჩელემ 2019 წლის 15 თებერვალს განცხადებით მიმართა სს „ა.დ–ას’’ და მიმწოდებლის მიერ საავანსო გადახდის საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების გამო, 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმებული საავანსო გადახდის საბანკო გარანტიის შესაბამისად მოითხოვა 110 525.40 ლარის გადახდა.

6.8. სს „ა.დ–ამ’’ დავალიანების გადახდის შესახებ შეტყობინებები პრინციპალს - უსფ „გ.კ–ს’’ გადაუგზავნა 2019 წლის 14 თებერვალს და 2024 წლის 18 თებერვალს. პრინციპალმა გარანტს 2019 წლის 21 თებერვალს წარუდგინა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს განჩინება.

6.9. სს „ა.დ–ამ’’ 2019 წლის 25 თებერვალს მოსარჩელეს აცნობა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით, უსფ „გ.კ–ის’’ განცხადების საფუძველზე გამოყენებული იყო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ა.დ–ას’’ აკრძალული ჰქონდა CPB/17-995015 საბანკო გარანტიის თანხის - 148 920.00 ლარის და APB/17-991600 საბანკო გარანტიის თანხის - 110 525.40 ლარის გადახდა სს „ს.გ.წ.კ–იისათვის’’, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოპასუხემ მიუთითა, რომ იგი აჩერებდა საგარანტიო შემთხვევების რეგულირების პროცესს, სასამართლო დავის დასრულებამდე.

6.10. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2019 წლის 26 თებერვალს.

6.11. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით, შპს „გ.წ.კ–იის’’ საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ამავე სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, სს „ა.დ–ისათვის’’ 2017 წლის 29 სექტემბერს გაცემული საბანკო-საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულების CPB/17-995015 საფუძველზე შპს „გ.წ.კ–იის’’ სასარგებლოდ 148 920.00 ლარის და 2017 წლის 13 ოქტომბერს გაცემული საბანკო-საგარანტიო უზრუნველყოფის ხელშეკრულების APB/17-991600 საფუძველზე 110 525.40 ლარის გადახდის აკრძალვის თაობაზე. აღნიშნული განჩინება შპს „გ.წ.კ–იას’’ ჩაჰბარდა 2019 წლის 4 აპრილს.

6.12. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით, შპს „გ.კ–ის ფილიალი გ.კ–ის’’ საჩივარი ამავე სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდა და საჩივარი გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აღნიშნული განჩინება შპს „გ.წ.კ–იას’’ ჩაჰბარდა 2019 წლის 30 მაისს.

6.13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით, შპს „გ.კ–ის ფილიალი გ.კ–ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინება.

6.14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინების ასლი მოსარჩელეს გადაეგზავნა მისი 2024 წლის 4 მარტის განცხადების საფუძველზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის მიმართვით.

6.15. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს 2024 წლის 25 აპრილს წარდგენილი განცხადების პასუხად აცნობა, რომ 2019 წლის 29 ივლისის განჩინება საჩივრის ავტორთან გაგზავნილი იყო 2019 წლის 8 ოქტომბერს. აღნიშნული მიმართვა მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2024 წლის 15 მაისს.

6.16. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალი „გ.კ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ს.გ.წ.კ–იას’’ უსფ „გ.კ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 258 376.823 ლარი (პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%) და 140 772.48 ლარი (შესრულებული სამუშაოს ღირებულებასა და ანაზღაურებული თანხის სხვაობა), სულ 339 149.303 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს.გ.წ.კ–იის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. უსფ „გ.კ–ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის 17 052.04 ლარი და ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის 89 278.44 ლარი, სულ 106 330.48 ლარი. დაკისრებული თანხების გაქვითვის შედეგად შპს „ს.გ.წ.კ–იას’’ უსფ „გ.კ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 292 818.823 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით უსფ „გ.კ–ის’’ მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.

6.17. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მოსარჩელეს, მისი 2024 წლის 25 იანვრის განცხადების საფუძველზე, გადაეგზავნა 2024 წლის 25 იანვარს. გზავნილი მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2024 წლის 29 იანვარს.

6.18. მოსარჩელემ 2024 წლის 05 მარტს განცხადებით მიმართა სს „ა.დ–ას’’ და განმეორებით მოითხოვა 2019 წლის 15 თებერვლის წერილით მოთხოვნილი საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის სახით საავანსო თანხის - 110 525.40 ლარის გადახდა.

6.19. მოსარჩელემ 2024 წლის 11 მარტს განცხადებით მიმართა სს „ა.დ–ას’’ და განმეორებით მოითხოვა 2019 წლის 11 თებერვლის წერილით მოთხოვნილი ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის სახით 148 920.00 ლარის გადახდა.

6.20. მოსარჩელის მიერ 2024 წლის 5 მარტისა და 11 მარტის განცხადებების პასუხად მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებისა და არსებითი გადაწყვეტილების წარდგენა. მოსარჩელემ 2024 წლის 21 მარტის განცხადებით მოპასუხეს გადაუგზავნა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

6.21. 2024 წლის 28 მარტს სს „ა.დ–ამ’’ მოსარჩელეს უარი უთხრა საავანსო უზრუნველყოფისა და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიიდან გამომდინარე თანხის ანაზღაურებაზე, ვინაიდან საგარანტიო თანხის მოთხოვნა ხანდაზმული იყო. აღნიშნული მიმართვა მოსარჩელეს ჩაბარდა 2024 წლის 29 მარტს.

6.22. სს „ა.დ–ას’’ საფირმო სახელწოდების ცვლილების შემდეგ ეწოდა სს „ს.კ.ა–ი’’.

7. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული, შემდეგი გარემოებებისა და მოსაზრების გამო: დადგენილია, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს სს „ა.დ–ას’’ მიერ გაიცა უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლითაც მოპასუხემ იკისრა პასუხისმგებლობა ბენეფიციართან (მოსარჩელესთან) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით პრინციპალის (უსფ „გ.კ–ის’’) მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე მოთხოვნისთანავე აენაზღაურებინა საგარანტიო თანხა - 148 920.00 ლარი. 2017 წლის 13 ოქტომბერს სს „ა.დ–ამ’’ გასცა საბანკო გარანტია და იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე საავანსო ანგარიშსწორების წესით გადაეხადა 893 500.00 ლარი, რომელიც მცირდებოდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებული შუალედური მიღება- ჩაბარების (შესრულების) აქტების გარანტისათვის წარდგენის საფუძველზე. მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ კონტრაქტორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სამუშაოების დასრულება ვერ განახორციელა. რის გამოც 2019 წლის 11 თებერვლის და 2019 წლის 15 თებერვლის წერილებით მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხის - 148 920.00 ლარისა და საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის - 110 525.40 ლარის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა. სს „ა.დ–ამ’’ 2019 წლის 25 თებერვალს მოსარჩელეს აცნობა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით უსფ „გ.კ–ის’’ განცხადების საფუძველზე გამოყენებული იყო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ა.დ–ას’’ აკრძალული ჰქონდა CPB/17- 995015 საბანკო გარანტიის თანხის - 148 920.00 ლარისა და APB/17-991600 საბანკო გარანტიის თანხის - 110 525.40 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა. ამ განჩინებით გაუქმდა სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით გარანტისათვის დადგენილი აკრძალვა. განჩინება შპს „გ.წ.კ–იას’’ ჩაჰბარდა 2019 წლის 4 აპრილს. ასევე დადგენილია, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინება გასაჩივრდა უსფ „გ.კ–ის’’ მიერ, რაც სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აღნიშნული განჩინება შპს „გ.წ.კ–იას’’ ჩაჰბარდა 2019 წლის 30 მაისს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით, შპს „გ.კ–ის ფილიალი გ.კ–ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 მარტის განჩინება. დადგენილია, რომ მოსარჩელეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინების ასლი გადაეგზავნა მისი 2024 წლის 4 მარტის განცხადების საფუძველზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის მიმართვით.

8. ხანდაზმულობის საკითხის გადასაწყვეტად სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 138-ე, 139-ე და 140-ე მუხლებით, კერძოდ, 139.1-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის შესაბამისად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.

9. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის 29 ივლისიდან 2024 წლის 11 მარტამდე (გარანტისათვის განმეორებით მიმართვის თარიღი) მოსარჩელეს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, დაინტერესების შემთხვევაში, მოეთხოვა და მიეღო ინფორმაცია თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის მიმდინარეობისა და მისი შედეგის შესახებ. შპს „ს.გ.წ.კ–ია’’ დროულად უნდა დაინტერესებულიყო სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განხილვის შედეგით და მოეთხოვა შესაბამისი განჩინების გადაცემა. ამასთან, პალატამ მიუთითა, რომ პრინციპალის მიერ წარმოებული სასარჩელო წარმოება არ უზღუდავდა (მას შემდეგ, რაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება) ბენეფიციარს საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან საბანკო გარანტია არააქცესორული და ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობიდან დამოუკიდებელია. შესაბამისად, ის ფაქტი რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საქმეზე არსებითი გადაწყვეტილება მიიღო 2023 წლის 24 თებერვალს, გავლენას ვერ მოახდენდა ხანდაზმულობის ვადების ათვლაზე.

10. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის ვადის დენა თავიდან დაიწყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების (2019 წლის 29 ივლისი) მიღების მომენტიდან, როდესაც ვალდებულების შესრულების შემზღუდავი კანონიერი დაბრკოლება აღარ არსებობდა. სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა უფლება შემსყიდველ კომპანიას მიემართა სადაზღვევო კომპანიისთვის (გარანტისთვის), საგარანტიო თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. შპს „ს.გ.წ.კ–იამ’’ კი თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით სს „ს.კ.ა–ის’’ მიმართა 2024 წლის 5 მარტს და 2024 წლის 11 მარტს, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული და განმარტა, რომ აღნიშნული მოთხოვნა წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნას და მასზე ვრცელდება 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, სარჩელი კი აღძრულია 2024 წლის 04 სექტემბერს, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე შპს „ს.გ.წ.კ–იამ“ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

13. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

13.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი, არ მოახდინა კანონის კონკრეტული ნორმის შესაბამისობის დადგენა სასარჩელო მოთხოვნასთან და სათანადო შეფასების გარეშე დატოვა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა შეესაბამება გარანტიის პირობებს და პირველი მოთხოვნა წარდგენილ იქნა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრებამდე. აღსანიშნავია, რომ ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო საქმე, სადაც მოსარჩელე მხარეს/ შეგებებული სარჩელით მოპასუხეს წარმოადგენდა უსფ „გ.კ–ი’’, ხოლო მოპასუხე/შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს შპს „ს.გ.წ.კ–ია’’, მესამე პირს წარმოადგენდა სს ,,ა.დ–ა’’, დავის საგანს - თანხის დაკისრება. საქმეზე მიღებული 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, დადგენილია, რომ უსფ „გ.კ–მა’’ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადის დაცვის ვერ შეასრულა შეთანხმებული სამუშაო, რაც საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გამოთხოვის სამართლებრივი საფუძველია.

13.2. კასატორის მითითებით, მიმდინარე დავის ფარგლებში სს ,,ს.კ.ა–ი’’ ჩართული იყო მესამე პირად და იგი სასამართლო განხილვის პროცესში მონაწილეობდა, რადგან, მისი მტკიცებით, მიღებული გადაწყვეტილება სს ,,ა.დ–აზე’’ იქონიებდა გავლენას, საბანკო გარანტიების შესრულების ნაწილში. ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინების თაობაზე, ცნობილი არ იყო კომპანიისთვის. კომპანიის არაერთ მცდელობაზე, რომ შეეტყო მიღებული იყო თუ არა განჩინება სასამართლოს მიერ, პასუხობდნენ, რომ არ იყო ჯერ განხილული. ამასთან იკვეთება სადაზღვევო კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ვინაიდან, როდესაც საგარანტიო თანხის ჩარიცხვაზე პირველი მოთხოვნა განხორციელდა ვადებში და როდესაც სადაზღვევო კომპანიისთვის ცნობილი იყო რომ ამკრძალავი ღონისძიება აღარ არსებობდა, იგი ვალდებული იყო თავადვე შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, რაც მან არ განახორციელა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით, შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი.

21. კასატორის პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, უპირველესად შეეხება საბანკო გარანტიის, როგორც, დამოუკიდებელი, არააქცესორული ვალდებულების არსს.

22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს. 881-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე, მათ შორის, ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

23. აღნიშნული მუხლების ნორმატიული შინაარსის მიხედვით, საბანკო გარანტია წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამოუკიდებელ საშუალებას, რომლის საფუძველზეც, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. სწორედ აღნიშნული დამოუკიდებლობა განასხვავებს საბანკო გარანტიას ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან და განაპირობებს გარანტის ვალდებულების ავტონომიურ ხასიათს.

24. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (ს.უ.ს.გ. საქმე Nას-562-871-09, 20 ოქტომბერი, 2009 წელი; Nას-781-996-08, 17 მარტი, 2009 წელი). პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას (სუსგ. საქმე Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი).

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნება გულისხმობს გარანტსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულების ავტონომიურობას ძირითადი სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან. ეს თავისებურება უზრუნველყოფს ბენეფიციარის უფლებას, გარანტიით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მიიღოს შესაბამისი თანხა გარანტისაგან ძირითადი ვალდებულების არსებობისა თუ შესრულების საკითხზე სასამართლო დავის დასრულების მოლოდინის გარეშე. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლით განმტკიცებული დამოუკიდებლობის პრინციპი.

26. განსახილველ საქმეზე უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ 2017 წლის 29 სექტემბერს სს „ა.დ–ას’’ მიერ გაიცა უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლითაც მოპასუხემ იკისრა პასუხისმგებლობა ბენეფიციართან (მოსარჩელესთან) გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით პრინციპალის (უსფ „გ.კ–ის’’) მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში აენაზღაურებინა საგარანტიო თანხა - 148 920.00 ლარი. 2017 წლის 13 ოქტომბერს სს „ა.დ–ამ’’ გასცა საბანკო გარანტია და იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე საავანსო ანგარიშსწორების წესით გადაეხადა 893 500.00 ლარი, რომელიც მცირდებოდა პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებული შუალედური მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტების გარანტისათვის წარდგენის საფუძველზე. სადავო არ არის, რომ კონტრაქტორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების მიხედვით (მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სამუშაოები ვერ დაასრულა, რის გამოც 2019 წლის 11 თებერვლის და 2019 წლის 15 თებერვლის წერილებით, მოითხოვა ხელშეკრულების შესრულების უპირობო და გამოუთხოვადი უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხის - 148 920.00 ლარის და საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის - 110 525.40 ლარის კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა. სს „ა.დ–ამ’’ 2019 წლის 25 თებერვალს მოსარჩელეს აცნობა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით უსფ „გ.კ–ის’’ განცხადების საფუძველზე, გამოყენებული იყო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სს „ა.დ–ას’’ აკრძალული ჰქონდა CPB/17- 995015 საბანკო გარანტიის თანხის - 148 920.00 ლარის და APB/17-991600 საბანკო გარანტიის თანხის - 110 525.40 ლარის გადახდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. დადგენილია, რომ 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ, რაც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით გაუქმდა სასამართლოს 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით გარანტისათვის დადგენილი აკრძალვა. განჩინება შპს „გ.წ.კ–იას’’ ჩაჰბარდა 2019 წლის 4 აპრილს. ასევე დადგენილია, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინება გასაჩივრდა უსფ „გ.კ–ის’’ მიერ, რაც სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს. აღნიშნული განჩინება შპს „გ.წ.კ–იას’’ ჩაჰბარდა 2019 წლის 30 მაისს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით, შპს „გ.კ–ის ფილიალი გ.კ–ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განჩინება. დადგენილია, რომ მოსარჩელეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინების ასლი გადაეგზავნა მისი 2024 წლის 4 მარტის განცხადების საფუძველზე, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 6 მარტის მიმართვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელეს, 2024 წლის 25 აპრილს წარდგენილი განცხადების პასუხად აცნობა, რომ 2019 წლის 29 ივლისის განჩინება საჩივრის ავტორთან გაგზავნილი იყო 2019 წლის 8 ოქტომბერს. აღნიშნული მიმართვა მოსარჩელეს ჩაჰბარდა 2024 წლის 15 მაისს. დადგენილია, ასევე რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით უცხოური საწარმოს ფილიალი „გ.კ–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ს.გ.წ.კ–იას’’ უსფ „გ.კ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 258 376.823 ლარი (პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%) და 140 772.48 ლარი (შესრულებული სამუშაოს ღირებულებასა და ანაზღაურებული თანხის სხვაობა), სულ 339 149.303 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს.გ.წ.კ–იის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. უსფ „გ.კ–ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის 17 052.04 ლარი და ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის 89 278.44 ლარი, სულ 106 330.48 ლარი. დაკისრებული თანხების გაქვითვის შედეგად შპს „ს.გ.წ.კ–იას’’ უსფ „გ.კ–ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 292 818.823 ლარის გადახდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ივლისის განჩინებით უსფ „გ.კ–ის’’ მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.

27. საკასაციო სასამართლო ხანდაზმულობასთან მიმართებით იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იკვეთება მოთხოვნის შემაფერხებელი გარემოებები, კერძოდ: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

28. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება.

29. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია, საკუთარი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1 მუხლი). სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე (სუსგ №ას-1191-2019, 04.12.2019წ.).

30. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ აღდგენის სტიმულირებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; სუსგ №ას-986-2019, 16.10.2019წ.).

31. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, მასზე სსკ-ის 129.2 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა ვრცელდება (ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან, სამი წელია).

32. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს, 2019 წლის 29 ივლისს, როდესაც ვალდებულების შესრულების შემზღუდავი კანონიერი დაბრკოლება აღარ არსებობდა, უკვე შეეძლო მიემართა გარანტისათვის, საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის მოთხოვნით. შპს „ს.გ.წ.კ–იამ’’ კი, ამგვარი მოთხოვნით, სს „ს.კ.ა–ს’’ მიმართა 2024 წლის 5 მარტს და 2024 წლის 11 მარტს, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

33. საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის ის არგუმენტი, რომ მისთვის არ იყო ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განჩინების თაობაზე. პალატის განმარტებით, მართალია, სასამართლო ვალდებულია, უზრუნველყოს გადაწყვეტილების (განჩინების) მხარისათვის ჩაბარება, რითაც გარანტირებულია მისი პროცესუალური უფლებები. თუმცა, სათანადო კანონიერი დაინტერესების შემთხვევაში, მოსარჩელეს, სრული შესაძლებლობა ჰქონდა, დაუბრკოლებლად მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის და მიეღო საჩივრის განხილვის მიმდინარეობისა და მისი შედეგის შესახებ ინფორმაცია. მით უფრო, რომ საჩივრის განხილვის სამართლებრივი შედეგი სწორედ ბენეფიციარის (მოსარჩელის) ინტერესის სფეროს განეკუთვნებოდა.

34. პალატა აქვე მიუთითებს ს.ფ. 63-ზე არსებულ მიმართვაზე, საიდანაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელეს, 2024 წლის 25 აპრილს წარდგენილი განცხადების პასუხად აცნობა, რომ 2019 წლის 29 ივლისის განჩინება საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2019 წლის 8 ოქტომბერს, აღნიშნული მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ამ დროისთვის სასამართლოს უსფ „გ.კ–ის’’ საჩივარზე უკვე მიღებული ჰქონდა გადაწყვეტილება და შესაბამისი განჩინებაც უკვე მომზადებული იყო.

35. საკასაციო პალატა, ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე პრინციპალის მიერ წარმოებული სასარჩელო წარმოება არ უზღუდავდა (მას შემდეგ, რაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება) ბენეფიციარს, საგარანტიო თანხის მოთხოვნის უფლებას.

36. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა უცილობლად ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტს, რასაც ვერ აქარწყლებს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტაცია. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიების წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.

37. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

38. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

40. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. შპს „ს.გ.წ.კ–იას“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადახდო მოთხოვნა #95990, გადახდის თარიღი 25/12/2025);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე