დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1569-2025
6 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.შ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „კ.დ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.შ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „კ.დ–ის“ მიმართ, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის შესახებ მოთხოვნით.
- სარჩელის თანახმად, 2018 წლის 21 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ნასყიდობის ფასი გადახდილ იქნა სრულად, კერძოდ, მოსარჩელემ მოპასუხის ანგარიშზე სრულად ჩარიცხა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 100 000 ლარი, თანხა გადახდილია 2018 წლის 21 აგვისტოს. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა შემდეგი უძრავი ქონება - ფართი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ......... და თბილისი ........ N16-ის მიმდებარედ ბინა N31ა ფართობით 66.7 კვ.მ, ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, გამყიდველის განცხადებით წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მიმდინარეობს იმ შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ნასყიდობის საგანი. შენობა-ნაგებობა შენდება მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია ........ და რომელზეც გამყიდველი შეზღუდული საკუთრების უფლების საფუძველზე აშენებს შენობა-ნაგებობას. ამავე ხელშეკრულების 11.1 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ნასყიდობის საგანი აშენებულ უნდა იქნას 2018 წლის 24 დეკემბერამდე, აშენებაში იგულისხმება შენობა-ნაგებობის მიყვანა პროექტით გათვალისწინებულ მდგომარეობამდე. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს შენობა-ნაგებობის (რომლის ნაწილიც უნდა იყოს ნასყიდობის საგანი) ექსპლუატაციაში მიღების დადგენილი ვადის ამოწურვიდან ოცდაათ კალენდარულ დღეში. მოპასუხემ მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 20 მარტს და მოითხოვა უძრავი ქონების ს/კ .......... ექსპლუატაციაში მიღება, წარადგინა შპს ,,კ.დ–ის“ გადაწყვეტილება და მოითხოვა შპს ,,კ.დ–ის“ საკუთრებაში არსებული 859 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........... (...........) ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ბრძანების საფუძველზე მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ინდივიდუალური საკუთრების საგნების განსაზღვრა და მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ვინაიდან 2023 წლის 08 დეკემბრის ბ17-01233428 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული შეთანხმებული პროექტის ცვლილებით განხორციელებული მრავალბინიანი სახლი. რადგან განშლის ოქმში არ იყო ბინა 31ა, სარეგისტრაციოდ აუცილებელია, მოპასუხის განშლის ოქმში მიეთითოს ძველი ნუმერაცია 31ა და ახალი 32, რაც აღინიშნა სხვა შემთხვევებში (სხვა მობინადრეებზე). კერძოდ, განშლის ოქმში მითითებული ძველი ნუმერაციის გასწვრივ წერია ახალი ბინის ნომერი, სართულ 5-ის შემთხვევაში არის მხოლოდ ახალი ნომერი ბინა 32 და ფართი 65.70 კვ.მ. (რაც არის წინარე ხელშეკრულებით ნაყიდი მოსარჩელის მიერ), ხოლო წინარე ხელშეკრულებაში მითითებულია ბინა 31ა - 66.7 კვ.მ., რაც არის ხელის შემშლელი წინარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის. განშლაში უნდა იყოს მითითებული N31ა ბინა და ფართი 66.7 კვ.მ., რაც შეიცვალა N32 ბინით, ფართი - 65.70 კვ.მ, მომავალ მესაკუთრედ უნდა იყოს მითითებული მოსარჩელე. აღნიშნული გახდა სარჩელის აღძვრის საფუძველი, ვინაიდან მოპასუხე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, მოსარჩელეს შესრულებული აქვს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და თანხა სრულად აქვს მოპასუხისთვის გადახდილი. მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს წინარე ხელშეკრულების რეგისტრაციის მოთხოვნით, რაზეც უარი მიიღო, ვინაიდან მოპასუხის მიერ წარდგენილ განშლის ოქმში არ იყო მითითებული ბინის ნომერი 31ა, რაც შეუძლებელს ქმნის წინარე ხელშეკრულების რეგისტრაციას.
2. მოპასუხე შპს ''კ.დ–მა'' სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება გაფორმდა უკანონოდ, შესაბამისად, იგი არ არის სამართლებრივი ძალის. ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის შპს ,,კ.დ–ის“ გაყიდვების მენეჯერი იყო კ.ჩ–ძე, მოსარჩელე გ.შ–ის სიძე, რომელიც, შპს ,,კ.დ–ის“ დირექტორ მ.ო–თან ახლობლობით და განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა, ფაქტობრივად ერთპიროვნულად განაგებდა კომპანიის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს, მათ შორის - სახელშეკრულებო პირობების შედგენასაც. კ.ჩ–ძის მითითების საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულებები იდებოდა იმ დროისათვის შპს ,,კ.დ–ის“ იურისტ შ.ა–ძის წარმომადგენლობის საშუალებით, რამდენადაც კ.ჩ–ძემ იცოდა, რომ შ.ა–ძეს ჰქონდა შპს ,,კ.დ–ის“ დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობა. სწორედ ეს მოხდა გ.შ–თან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაშიც. ასეთი ხელშეკრულებები იყო კ.ჩ–ძისა (გარდაიცვალა 2024 წლის 08 მარტს) და შ.ა–ძის მიერ თვითნებურად გაფორმებული, არსებითად ლახავდა კომპანიის ინტერესებს და ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტს. სწორედ ამ ფაქტებთან დაკავშირებით 2023 წლის 23 მარტს მოპასუხემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი გამოძიების დაწყების მოთხოვნით და ამჟამად, მიმდინარეობს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ.შ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე მხარე გ.შ–ი ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდზე N.......... განშლის ოქმით დადგენილ სართული N5, ბინა N32, ფართი N65.70 კვ.მ.-ის მესაკუთრედ; 3. მოპასუხე შპს ,,კ.დ–ის“ მოსარჩელის გ.შ–ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 3050 ლარის გადახდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინება, რომლითაც მოპასუხე შპს „კ.დ–ი“-ს (ს/ნ ..........) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე: ..........., საკადასტრო კოდზე ........ განშლის ოქმში მითითებული სართული 5, ბინა N32, ფართი - 65.70 კვ.მ. საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, შპს ,,კ.დ–ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ.შ–ის სარჩელი შპს ,,კ.დ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა; გ.შ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 4000 ლარის, ანაზღაურება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2018 წლის 21 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი იქნება უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ქუჩა ........ და ქ. თბილისი, ....... N16-ის მიმდებარედ, ბინა N31ა, ფართობი - 66.7 კვ.მ, რომელზეც გამყიდველის საკუთრების უფლება დასტურდება 2017 წლის 10 ივლისს მიღებული კრების ოქმით.
- ამავე ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად, ,,გამყიდველის განცხადებით წინამდებარე ხელშეკრულების დადების მომენტისთვის მიმდინარეობს იმ შენობა - ნაგებობების მშენებლობა, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ნასყიდობის საგანი.
- შენობა-ნაგებობა შენდება მიწის ნაკვეთზე, რომლის საკადასტრო კოდია .......... და რომელზეც გამყიდველი, შეზღუდული საკუთრების უფლების საფუძველზე, აშენებს შენობა-ნაგებობას.
- ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 100 000 ლარად. ნასყიდობის ფასი გადახდილია სრულად.
- ხელშეკრულების 11.1. პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ნასყიდობის საგანი, აშენებულ უნდა იქნას 2018 წლის 24 დეკემბერამდე, აშენებაში იგულისხმება შენობა-ნაგებობის მიყვანა პროექტით გათვალისწინებულ მდგომარეობამდე.
- ხელშეკრულების 11.2. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს შენობა-ნაგებობის (რომლის ნაწილიც უნდა იყოს ნასყიდობის საგანი) ექსპლუატაციაში მიღების დადგენილი ვადის ამოწურვიდან ოცდაათ კალენდარულ დღეში.
6.2. 21.08.2018 წლის ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტით, რომ გ.შ–ის მიერ შპს ,,კ.დ–ის“ საბანკო ანგარიშზე სს ,,ს.ბ–ში“ ჩარიცხულია ბინის თანხა - 100 000 ლარი.
6.3. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადების დროს, განშლის ოქმში არ იყო მითითებული ბინა N31ა - 66.7 კვმ, რის გამოც მოსარჩელეს უარი ეთქვა წინარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება მოსარჩელის განცხადებაზე სადავო უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობის მოთხოვნით, ირკვევა, რომ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად მარეგისტრირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით მოთხოვნილია ქ. თბილისში, .........., 66,7 კვმ რეგისტრაცია დაინტერესებულ პირზე, 892023391298 განაცხადით რეგისტრაცია შეწყვეტილია, რადგან მასზე და 882017553328 განაცხადზე წარმოდგენილ განშლის ოქმში არ არის მითითებული ბინა N31ა.
6.4. დადგენილია, რომ 2024 წლის 20 მარტს მოპასუხემ, ექსპლუატაციაში მიღების შესახებ მოთხოვნით, მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა შპს ,,კ.დ–ის“ გადაწყვეტილება და მოითხოვა შპს ,,კ.დ–ის“ საკუთრებაში არსებულ 859 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ. თბილისი, .......... (........), ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ბრძანების საფუძველზე მომხდარ მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ინდივიდუალური საკუთრების საგნების განსაზღვრა და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ვინაიდან 2023 წლის 08 დეკემბრის ბ17-01233428 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული შეთანხმებული პროექტის ცვლილებით განხორციელებული მრავალბინიანი სახლი.
6.5. 2024 წლის 20 მარტის შპს ,,კ.დ–ის“ გადაწყვეტილებაში (შენობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ) მითითებულია - ეცნობოს საჯარო რეესტრს:
1. - 3.26 ნიშნულზე ავტოსადგომების სართულზე წარმოიშვა კომერციული ფართობები. რეგ. საოფისე ფართი (ს/კ .........) გახდა კომერციული ფართი N1;
2. მე-4 სართულის შემდეგ ჩაემატა ერთი სრული სართული რამაც გამოიწვია რეგისტრირებული ფართობების სართულის და ბინის ნომრების ცვლილება;
3. რეგისტრირებული ავტოსადგომები ადგილმდებარეობის და ნომრების მიხედვით დარჩა უცვლელი;
4. მე-5 სართულზე ბინა N29, ბინა N30, ბინა N35 და ბინა N36 გაერთიანდა, შეიცვალა სართულიანობა გახდა მე-6 სართული და ბინის ნომერი 38;
5. მე-7 სართულზე ბინა N48 და ბინა N49 გაერთიანდა, შეიცვალა სართულიანობა გახდა მე-8 სართული და ბინის ნომერი N55;
6. ავტოსადგომების ნომრები დარჩა იგივე.
6.6. გადაწყვეტილებას ერთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 08 დეკემბრის Nბ17-01233428 და 2024 წლის 22 თებერვლის Nბ17-01240533 ბრძანებით ექსპლუატაციაში მიღებული შენობის განაწილება ძველი და ახალი მდგომარეობით, რომლითაც დგინდება, რომ მე-5 სართულზე +12.80 ნიშნულზე, ბინა N32, რომლის ფართია 65.70 კვ.მ. მისი ფართი არ შეცვლილა და არის შპს ,,კ.დ–ის“ სახელზე.
6.7. ამჟამად, უძრავი ქონება, მდებარე: თბილისში, ......., სართული 5, ბინა 32 და ფართი 65.70 კვმ რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე.
6.8. დადგენილია, რომ 2023 წლის 23 მარტს შპს ,,კ.დ–ის“ დირექტორმა, მ.ო–მა, განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, კომპანიის თანამშრომლების მხრიდან, კომპანიის კუთვნილი თანხების სავარაუდო მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, თუმცა საქმის მასალებით არ დგინდება, რა ეტაპზეა გამოძიება.
7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიდა მესაკუთრედ ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს.
8. პალატამ იმსჯელა სამოქალაქო სამართალში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მიუთითა მტკიცების ტვირთის სტანდარტებზე, ყურადღება გაამახვილა მოპასუხის მიერ შესაგებელში დაფიქსირებულ პოზიციაზე, სადაც მოპასუხე მხარემ უარყო სარჩელით მოთხოვნილ უძრავ ქონებაზე მხარეთა შორის ხელშეკრულების არსებობა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მე-5 სართული, რომელზეც განთავსებულია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ბინა N32, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის საერთოდ არ არსებობდა და იგი, 2023 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით დაემატა, ექსპლუატაციაში მიღებული, შეცვლილი პროექტის მიხედვით განხორციელებული მშენებლობისას. პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან ამგვარი შედავების განხორციელების პირობებში, მოსარჩელეს წარმოეშვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება (ბინა N31ა, ფართობი - 66.7 კვმ) წარმოადგენდა სარჩელით მოთხოვნილ ბინა N32-ს (ფართით 65.70 კვმ).
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები და ხომ არ იყო ნასყიდობის (ნარდობის) საგანი გვაროვნული ნივთი, რაც მოსარჩელის მოთხოვნას პერსპექტიულად აქცევდა. 2018 წლის 21 აგვისტოს ხელშეკრულებაში განსაზღვრული ნასყიდობის საგნის მახასიათებლების მიხედვით, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება ინდივიდუალურ და არა გვაროვნულ ნივთზე.
10. სააპელაციო სასამართლომ, მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (ას-49-48-2014, 28 ივლისი, 2014 წელი) და იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სადავო ხელშეკრულების არსებითი პირობით, მხარეები შეთანხმდნენ N31ა-ს ბინის (ფართობი - 66.7 კვმ) გადაცემაზე, ხოლო წარმოდგენილი სარჩელით კი მოთხოვნილი იყო ბინა N32-ის (ფართობი - 65.70) გადაცემა, განმარტა, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ფარგლებში ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები (განშლის დოკუმენტი, ნახაზი ან სხვა), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2018 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინა N31, ამჟამად არის სწორედ ბინა N32 და რომ სარჩელით მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენდა სადავო ხელშეკრულების საგანს.
11. ამდენად, ზემოაღნიშნულმა ფაქტობრივმა და სამართლებრივმა გარემოებებმა სააპელაციო სასამართლოს საფუძველი შეუქმნა დასკვნისათვის, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მხარეთა შორის სადავო უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულების არსებობის ფაქტი. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით, მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა სარჩელი.
12. მოსარჩელის იმ არგუმენტთან დაკავშირებით კი, რომ მან გადაიხადა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური, პალატამ მიუთითა, რომ წინამდებარე საქმეში დავის საგანს წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და ვინაიდან წინამდებარე საქმეში არ დადგინდა მხარეთა შორის უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, ხოლო მოსარჩელეს სხვა საფუძვლით სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი შედეგი, მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის საფასური გადახდას განსახილველი დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელობა არ აქვს. მოსარჩელის მიერ ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტი შესაძლოა სხვა დავის ფარგლებში შესაფასებელ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენდეს.
13. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, გ.შ–მა წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
14. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:
14.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საქმეში წარმოდგენილია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში მითითებულია ნასყიდობის საგანი, სადაც კონკრეტულად აღწერილია ხელშეკრულების საგანი. მოსარჩელემ სადავოდ გახადა სწორედ ხელშეკრულების ჯეროვანი და კეთილსინდისიერი შესრულების ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მას შესრულებული აქვს ხელშეკრულების პირობა, მოპასუხის ქმედების გამო, საკუთრების უფლებას ვერ ირეგისტრირებს, რის გამოც წარმოეშვა მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნის უფლება. სადავო არ არის, რომ მშენებლობის პროექტმა განიცადა ცვლილება, სადავო არ არის და დასტურდება, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით, ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა სანებართვო პირობების დარღვევით აშენებული ობიექტი, თავად მოპასუხის 2024 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სამშენებლო პროექტის სხვა ცვლილებებთან ერთად მითითებულია, რომ მე-4 სართულის შემდეგ მოხდა სართულის ჩამატება, რამაც გამოიწვია რეგისტრირებული ფართობების სართულისა და ბინის ნომრების შეცვლა. წარმოდგენილია ახალი 2024 წლის 4 ნოემბრის განშლის ოქმიც, სადაც ასახულია სწორედ მე-4 სართულის შემდეგ მე-5 სართულზე დასარეგიტრირებელი ფართები, რომლებიც 2017 წლის 23 ივნისის განშლის ოქმში ასახული არ იყო და ვერც იქნებოდა, რადგან იმ დროისთვის არსებული სამშენებლო პროექტი აღნიშნულ სართულსა და შესაბამის ფართებს არ ითვალისწინებდა, ამიტომ დასჭირდა ლეგალიზება. ამას ადასტურებს ისიც, რომ განშლის ოქმი არ შეიცავს მითითებას წინა განშლის ოქმით ნიშნული +12.80-ზე განლაგებული საცხოვრებელი ფართების შესახებ. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით, საცხოვრებელი ბინის სართულიანობა განსაზღვრული არ ყოფილა, ხელშეკრულება შეიცავს მხოლოდ ბინის ნომრისა და ფართის შესახებ მითითებას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით კი, დასტურდება, რომ სამშენებლო პროექტის ცვლილებამ გამოიწვია ბინის ნომრის ცვლილება. რაც შეეხება გადასაცემ ფართს, ახალი განშლის ოქმით მოსარჩელისათვის გადასაცემი ბინის ფართით (65.70 კვმ) +12.80 ნიშნულზე, მე-5 სართულზე რეგისტრირებულია ბინა N32, რომლის ფართია 65.70 კვმ, მესაკუთრეს კი წარმოადგენს მოპასუხე და მესამე პირის მოთხოვნის უფლება ან სხვა უფლებრივი შეზღუდვა უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. გამომდინარე აღნიშნულიდან, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი და ობიექტური შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ 2018 წლის 13 მარტს დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკუთრების მოთხოვნის უფლება წარმოეშვა მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ............, ს/კ ..........., 2024 წლის 4 ნოემბრის განშლის ოქმში მითითებული სართული N5, ბინა N32, საცხოვრებელი ფართი 65.70 კვმ. მოსარჩელემ დაძლია მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი, ხოლო საწინააღმდეგოს დადასტურების ვალდებულება მოპასუხეს ჰქონდა, რომელსაც არ აქვს წარმოდგენილი საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
14.2. კასატორი შუამდგომლობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 იანვრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, გ.შ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
16. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 19. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
20. საკასაციო პალატის განსჯით, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.
22. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
23. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.).
24. წინამდებარე საქმეში დადგენილი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები (განშლის დოკუმენტი, ნახაზი ან სხვ.), რომლითაც დადასტურდებოდა, რომ 2018 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინა N31, დღეის მდგომარეობით არის ბინა N32 და რომ სარჩელით მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენდა სადავო ხელშეკრულების საგანს.
25. საკასაციო სასამართლო, მითითებულ მსჯელობას სრულად იზიარებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელეს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
26. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ, კასატორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ მშენებლობის პროექტმა განიცადა ცვლილება, კერძოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 8 დეკემბრის ბრძანებით, ექსპლუატაციაში იქნა მიღებული, სანებართვო პირობების დარღვევით წარმართული მშენებლობა, ხოლო 2024 წლის 04 ნოემბრის გადაწყვეტილებით შეთანხმებულ მშენებლობის პროექტში შევიდა ცვლილება, მე-4 სართულის შემდეგ ჩაემატა ერთი სართული, რამაც გამოიწვია რეგისტრირებული ფართების, სართულისა და ბინის ნომრების ცვლილება, ახალი განშლის ოქმით მოსარჩელისათვის გადასაცემი ბინის ფართია (65.70 კვმ) +12.80 ნიშნულზე, მე-5 სართულზე რეგისტრირებული ბინა N32, რომლის ფართია 65.70 კვმ, მესაკუთრეს კი წარმოადგენს მოპასუხე და მესამე პირის მოთხოვნის უფლება ან სხვა უფლებრივი შეზღუდვა აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
27. საკასაციო პალატა თავდაპირველად აღნიშნავს, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მახასიათებლებიდან გამომდინარე, მხარეთა შორის შეთანხმება ეხებოდა ინდივიდუალურ და არა გვაროვნულ ნივთს. ვინაიდან მხარეებმა დაადგინეს შესრულების საგნის ინდივიდუალური ნიშნები (ბინის ნომერი, ფართის მოცულობა). აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას და მიუთითებს, რომ სსკ-ის 382-ე მუხლის თანახმად, თუ შესრულების საგანია ნივთი, რომლის შეცვლაც შეიძლება (გვაროვნული ნივთი), მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს. გვაროვნული ნივთი გვაროვნული ნიშნებით განსაზღვრული ნივთია, კერძოდ რაოდენობით, წონით, ზომით და ა.შ. ინდივიდუალური ნივთები ინდივიდუალური ნიშნებით განსაზღვრული ნივთებია. ამ თვისებათა გამო გვაროვნული ნივთები შეცვლადი ნივთებია, ინდივიდუალური კი - არა. ამიტომაცაა, რომ როცა შესრულების საგანია გვაროვნული ნივთი, შესრულების სივრცე (ფარგლები) მოიაზრება მოცემული გვარის ყველა ნივთით. მოვალეს შეუძლია ნებისმიერი ნივთი შესთავაზოს კრედიტორს მოცემული გვარიდან. აქ არა გვაქვს კონკრეტული ნივთი, რომელსაც შემცვლელი არ მოეპოვება. გვაროვნული ვალდებულება მოვალეს შესრულების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ვიდრე მოცემული გვარის ნივთები სამოქალაქო ბრუნვაშია, მანამ არსებობს მისი შეძენის ობიექტური შესაძლებლობა. პირმა ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს (იხ. ბ.ზოიძე,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 327, 329). მისი ეს ვალდებულება მაშინ ქარწყლდება, როდესაც მოცემული გვარის ნივთები სამოქალაქო ბრუნვიდან საერთოდ გაქრება, ანდა მათი შეძენა დაკავშირებული იქნება უზომოდ დიდ დანახარჯებთან, რაც სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე მიუღებელი იქნება (იხ: ქ. მესხიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019, ველი 7), (იხ. საქმე №ას-409-2022, 8 ივნისი, 2022 წელი; №ას-1098-1018-2017 30 ივლისი, 2019 წელი). საკასაციო პალატა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად, მიუთითებს ერთ-ერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე, სადაც პალატამ აღნიშნა, ,,რომც გავიზიაროთ ის მოსაზრება, რომ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი წარმოადგენს გვაროვნულ ნივთს, გვაროვნული თვისებები დაიკარგა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელშეკრულებით დაადგინეს შესრულების საგნის ინდივიდუალური ნიშნები - სართული, ბინის ნომერი, ფართის მოცულობა. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა, მისთვის გადასაცემი გასხვისებული ბინების ნაცვლად მოპასუხისთვის სხვა ბინების გადაცემის დავალდებულების თაობაზე, დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი (იხ. ას-49-48-2014, 28 ივლისი, 2014 წელი).
28. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიაზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 2018 წლის 21 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა „უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება“ (ნარდობის ხელშეკრულება), რომლის 4.1. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ობიექტად განისაზღვრა უძრავი ქონება, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ......... და თბილისი, ....... N16-ის მიმდებარედ ბინა 31ა, ფართობით 66.7 კვ.მ. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დადების დროს, განშლის ოქმში არ იყო მითითებული ბინა N31ა - 66.7 კვმ, რის გამოც, მოსარჩელეს უარი ეთქვა წინარე ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 7 მარტის გადაწყვეტილებით, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება მოსარჩელის განცხადებაზე სადავო უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის წარმოშობის მოთხოვნით, ირკვევა, რომ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტაციის შესწავლისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ,,წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებით მოთხოვნილია ქ. თბილისში, ............, ბინა 31ა, 66,7 კვმ რეგისტრაცია დაინტერესებულ პირზე, 892023391298 განაცხადით წარმოდგენილი ექსპლუატაციაში მიღების განაცხადი შეწყდა, რადგან მასზე და 882017553328 განაცხადზე წარმოდგენილ განშლის ოქმში არ არის მითითებული ბინა N31ა. დადგენილია, რომ მოპასუხის 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით შეთანხმებული მშენებლობის პროექტის ცვლილების მიხედვით განისაზღვრა ახალი განშლა, კერძოდ: 1. - 3.26 ნიშნულზე ავტოსადგომების სართულზე წარმოიშვა კომერციული ფართობები. რეგ. საოფისე ფართი (ს/კ 01.10.14.026.033.01.03.001) გახდა კომერციული ფართი N1; 2. მე-4 სართულის შემდეგ ჩაემატა ერთი სრული სართული, რამაც გამოიწვია რეგისტრირებული ფართობების სართულისა და ბინის ნომრების ცვლილება; 3. რეგისტრირებული ავტოსადგომები ადგილმდებარეობისა და ნომრების მიხედვით დარჩა უცვლელი; 4. მე-5 სართულზე ბინა N29, ბინა N30, ბინა N35 და ბინა N36 გაერთიანდა, შეიცვალა სართულიანობა, გახდა მე-6 სართული და ბინის ნომერი 38; 5. მე-7 სართულზე ბინა N48 და ბინა N49 გაერთიანდა, შეიცვალა სართულიანობა გახდა მე-8 სართული და ბინის ნომერი N55. 6. ავტოსადგომების ნომრები დარჩა იგივე. გადაწყვეტილებას ერთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 08 დეკემბრის Nბ17-01233428 და 2024 წლის 22 თებერვლის Nბ17-01240533 ბრძანებით ექსპლუატაციაში მიღებული შენობის განაწილება ძველი და ახალი მდგომარეობით. მოსარჩელის (კასატორის) განმარტებით, შეთანხმებულ მშენებლობის პროექტში შევიდა ცვლილება, მე-4 სართულის შემდეგ ჩაემატა ერთი სართული, რამაც გამოიწვია რეგისტრირებული ფართობების, სართულისა და ბინის ნომრების ცვლილება და ახალი განშლის ოქმით, მისთვის გადასაცემი ბინის ფართი არის +12.80 ნიშნულზე, მე-5 სართულზე რეგისტრირებული ბინა N32, რომლის ფართია 65.70 კვმ.
29. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი აქვს 2018 წლის 21 აგვისტოს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება და შპს „კ.დ–ის“ 2024 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება. 2018 წლის 21 აგვისტოს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით, მხარეთა შეთანხმების საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონება - ფართი, რომლის მისამართია: ქ. თბილისი, ......... 14ა და თბილისი .......... 16-ის მიმდებარედ 66.7 კვ.მ ბინა N31ა. აღნიშნული შეთანხმება არ შეიცავს ხელშეკრულების საგნის ზუსტი მახასიათებელების შესახებ მონაცემებს (არ არის მითითებული უძრავი ქონების სართული, სადარბაზო, ბინის ნიშნული და სხვა), არ ქმნის შესაძლებლობას, ზუსტად განისაზღვროს რომელ კონკრეტულ უძრავ ნივთზე იყო მიმართული მხარეთა ნება. საკასაციო პალატას მიჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასება არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ სამშენებლო პროექტში განხორციელებული ცვლილების შედეგად 21.08.2018წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბინას (ბინა N31ა) შეეცვალა ნომერი და ხელშეკრულების ობიექტს წარმოადგენს მოპასუხის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში მე-5 სართულზე არსებული ბინა N32, ანუ საცხოვრებელი სახლის განშლის ახალ ოქმში მითითებული ბინა N32 წარმოადგენს სწორედ ხელშეკრულებით მოსარჩელისათვის გადასაცემ ბინა N31ა-ს. ამდენად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და ვერ უზრუნველყო იმ გარემოების დადასტურება, რომ 2018 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინა N31ა, ამჟამად არის ბინა N32 და სარჩელით მოთხოვნილი უძრავი ქონება წარმოადგენს სწორედ სადავო ხელშეკრულების საგანს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ქმნის სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის საფუძველს.
30. საკასაციო პალატა იმსჯელებს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე კასატორის შუამდგომლობაზეც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი ზეპირი განხილვის გარეშე გადაწყვიტოს. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სასამართლო საქმის განხილვის ფორმის გადაწყვეტაში არ არის შეზღუდული და ზეპირ მოსმენას დანიშნავს მხოლოდ ისეთ შემთხვევაში, როდესაც საქმის სირთულიდან გამომდინარე, სხვაგვარად შეუძლებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობების გამორკვევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება და ვერც შუამდგომლობის ავტორი ვერ ასაბუთებს ზეპირი მოსმენის აუცილებლობას. შესაბამისად, კასატორს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.
31. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
36. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.შ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. გ.შ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის 70% - 3500 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150, საგადახდო დავალება #31401274175, გადახდის თარიღი 13.01.2026);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე