დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 08.09.2026
საქმის ნომერი
ას-153-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-153-2026 8 სექტემბერი, 2026 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „თ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 ნოემბრის განჩინებით შპს „თ–ის“ (შემდეგში: მიმწოდებელი ან მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „თ. ჯ–ის“(შემდეგში: შემსყიდველი ან მოსარჩელე) სარჩელი შპს „თ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6 815 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2023 წლის 19 მაისს მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება N30-260 გაფორმდა (შემდეგში - ხელშეკრულება). მიმწოდებელმა ვალდებულება აიღო, შემსყიდველს გზის საშრობი მანქანები (გზის საშრობი მანქანა ერთი ერთეული და გზის ხელის საშრობი მანქანა ერთი ერთეული) მიაწოდოს. შესყიდვის ობიექტი (კომბინირებული სპეც. ავტომანქანები) უნდა იყოს ახალი, არ უნდა იყოს ექსპლუატაციაში ნამყოფი, არ უნდა იყოს აღდგენილი ან მეორადი;

2.2. ხელშეკრულების 4.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებელი პასუხისმგებლობას კისრულობს, რომ მოწოდებული საქონელი შეესაბამება ყველა მოქმედ თანამედროვე ტექნიკურ სტანდარტებს და ნორმებს, ხოლო რაოდენობა წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს;

2.3. ხელშეკრულების 4.3. მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის ქარხნული საგარანტიო ვადაა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წელი ან 100 სამუშაო საათი, რომელიც უფრო ადრე შესრულდება;

2.4. ხელშეკრულების 4.4. მუხლის მიხედვით საგარანტიო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან ახლით შეცვლა, შეტყობინებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავდროულად, შეტყობინებიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამკვეთისთვის იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე (იხ., ტ.1. ს.ფ. 22, 23);

2.5. ხელშეკრულების 8.3.4 მუხლის მიხედვით მიმწოდებელი ვალდებულია, აუნაზღაუროს შემსყიდველს ის ზიანი, რაც გამოწვეულია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, ხოლო 8.3.5 მუხლით საკუთარი ხარჯებით შეცვალოს შემსყიდველის მიერ გამოვლენილი უხარისხო შესყიდვის ობიექტი ან აღმოფხვრას ნაკლი;

2.6. ხელშეკრულების 9.1 მუხლის მიხედვით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით;

2.7. ხელშეკრულების 9.3 მუხლით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არასრულად ან არაჯეროვნად შესრულებისთვის მიმწოდებელი ჯარიმდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით;

2.8. ხელშეკრულების სხვა პირობებს შორის, მხარეებმა აღნიშნეს, ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონული ფორმით, რომელსაც აქვს ელექტრონული ხელმოწერა როგორც შემსყიდველის, აგრეთვე მიმწოდებლის მხრიდან. ხელშეკრულებაში მხარეთა რეკვიზიტებს შორის მითითებულია მიმწოდებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი;

2.9. მოპასუხის (პრინციპალი) მიერ მოსარჩელის (ბენეფიციარი) წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე გაიცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია;

2.10. 2023 წლის 7 ივნისს, მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიაწოდა: 1. გზის საშრობი მანქანა, ZIROCCO M100, ფასი 592 600 ლარი, 2. გზის ხელის საშრობი მანქანა, ZIROCCO HAMMER JET, ფასი 88 900 ლარი. შესყიდული საქონლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 681 500 ლარით;

2.11. 2023 წლის 13 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

3. სააპელაციო პალატამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის საკითხზე იმსჯელა და დადგენილად მიიჩნია, რომ 2023 წლის 29 ნოემბრის N62-01233333255 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ მანქანა-დანადგარი ZIROCCO M100 დაზიანდა და სთხოვა ხელშეკრულების 4.4 მუხლის შესაბამისად ხარვეზი აღმოეფხვრა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ელექტრონული ფოსტით 2023 წლის 30 ნოემბერს გაეგზავნა. წერილის პასუხად მოპასუხემ მოსარჩელეს 2023 წლის 08 დეკემბერს აცნობა, რომ წერილში მითითებული ხარვეზი გამოსწორებული იყო.

4. სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დაზიანებული მანქანა-დანადგარი მოსარჩელე კომპანიამ მოპასუხეს 2023 წლის 7 დეკემბერს მიუტანა. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მანქანა-დანადგარის დაზიანებას ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.8.4);

5. საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2023 წლის 6 დეკემბრის N62-01233403737 წერილით მოსარჩელე კომპანიის საგზაო მონიშვნის სამსახურის უფროსმა ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსს აცნობა, რომ საგზაო მონიშვნის სამსახურმა მოპასუხეს 2023 წლის 30 ნოემბერის N62-01233333255 წერილით მიმართა მანქანა-დანადგარის დაზიანებასთან დაკავშირებით, შეტყობინება გაიგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც, თუმცა, რეაგირება არ მოჰყოლია;

6. მოსარჩელე კომპანიის საგზაო მონიშვნის სამსახურის უფროსმა 2023 წლის 11 დეკემბერს წერილობით მიმართა მოსარჩელე კომპანიის დირექტორ დ.ფ–ას და აცნობა, რომ 2023 წლის 29 ნოემბერს (N62-01233333255 წერილი) საგზაო მონიშვნის სამსახურმა მიმართა მოპასუხე კომპანიას მანქანა-დანადგარის დაზიანებასთან დაკავშირებით. დამატებით შეტყობინება გაიგზავნა კომპანიის კუთვნილ ელექტრონულ ფოსტაზეც, თუმცა, რეაგირება არ მოჰყვა. მოგვიანებით, მოპასუხის წარმომადგენელი დაუკავშირდა სამსახურს და 2023 წლის 8 დეკემბერს მანქანა-დანადგარი გადაეცათ შეკეთების მიზნით. მანქანა-დანადგარი შეკეთდა ხელშეკრულების პირობების დარღვევით და აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურის უფროსმა დირექტორს სთხოვა საჭირო ღონისძიებების გატარება. ასევე, აცნობა, რომ მანქანა-დანადგარს შეეცვალა აალების სანთელი. შემსრულებელი კომპანიის თქმით, აღნიშული წარმოადგენს სახარჯ მასალას და შემდგომში არ შეიცვლება საგარანტიო პირობების ფარგლებში, რასაც სამსახური არ ეთანხმება;

7. მოსარჩელემ, 2024 წლის 12 თებერვლის წერილით, მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულების საფუძველზე, 2023 წლის 30 ნოემბერს ელექტრონული ფოსტით მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნათ 29 ნოემბრის წერილი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ხელშეკრულების 4.4. მუხლის შესაბამისად საგარანტიო ვადაში ხარვეზი უნდა აღმოეფხვრათ და ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციების მქონე მანქანა-დანადგარი უნდა მოეწოდებიდათ არსებული დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე. ვინაიდან დაზიანების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მოპასუხემ რეაგირება 8 დეკემბერს მოახდინა, ხოლო მანამდე იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციების მქონე მანქანა დანადგარი არ მიუწოდებია, დარღვეულია ხელშეკრულების 4.4. მუხლის მოთხოვნები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების 9.3. პუნქტის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო, მოპასუხეს ეცნობა, რომ ეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5% - 34 075 ლარი.

8. 2023 წლის 29 ნოემბრის N62-01233333255 წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა მანქანა-დანადგარის დაზიანება და ხელშეკრულების 4.4. მუხლის შესაბამისად ხარვეზის აღმოფხვრა სთხოვა, ასევე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარი დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე მიწოდების ვალდებულება აცნობა. წერილი მოპასუხეს ელექტრონული ფოსტით 2023 წლის 30 ნოემბერს გაეგზავნა. 2023 წლის 8 დეკემბრის წერილით მოსარჩელის 2023 წლის 29 ნოემბრის წერილის პასუხად მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ წერილში მითითებული ხარვეზი გამოსწორებული იყო და მანქანა-დანადგარი იმყოფებოდა მუშა მდგომარეობაში. მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დაზიანებული მანქანა-დანადგარი მან მოპასუხესთან 2023 წლის 7 დეკემბერს მიიტანა.

9. უარყოფილი იქნა აპელანტის ის განმარტება რომ გაურკვეველია შემსყიდველის რომელი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან უნდა განხორციელებულიყო გზავნილი ოფიციალურ გაგზავნად რომ ჩათვლილიყო, რამდენადაც მოსარჩელე კომპანიის ელექტრონული ფოსტის ოფიციალური მისამართია „info@tbsg ge“, მტკიცებულებად წარმოდგენილი მასალების მიხედვით კი, წერილები .s.@tbsg.ge - ელექტრონული ფოსტის მისამართიდანაა გაგზავნილი.

10. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, ხელშეკრულების სხვა პირობებში მითითებულია, რომ ხელშეკრულება შედგენილია ელექტრონული ფორმით, რომელსაც აქვს მხარეთა ელექტრონული ხელმოწერა. ამასთან, მხარეთა რეკვიზიტებში მხოლოდ მიმწოდებლის/მოპასუხის ელექტრონული ფოსტის მისამართია (t.@gmail.com) მითითებული (იხ., ტ.1. ს.ფ. 29). იმ მოცემულობაში, როცა შემსყიდველის/მოსარჩელის ელ. ფოსტა ხელშეკრულებაში მითითებული არ არის აპელანტის შედავება გაზიარებული არ იქნა და დადგენლად იქნა მიჩნეული რომ მოპასუხეს ხელშეკრულებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე: t.@gmail.com გაეგზავნა და ჩაბარდა შეტყობინება, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული.

11. აპელანტი დავობდა, რომ იგივე მწარმოებლის ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მოწოდების ვალდებულება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე წარმოიშობა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ შესაკეთებელი მანქანა-დანადგარის დაზიანებაზე ვრცელდება საგარანტიო პერიოდში შეკეთების პირობები. შესაბამისად, დაზიანებისას დასადგენია მისი გამომწვევი მიზეზი და, თუ საგარანტიო შეკეთებას დაქვემდებარებული შემთხვევა აღმოჩნდება, მხოლოდ მაშინ აქვს ვალდებულება 2 დღის ვადაში უზრუნველყოს იგივე მწარმოებლის ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე. მოპასუხე უთითებდა, რომ მანქანა-დანადგარი მას მიეწოდა 2023 წლის 8 დეკემბერს. მისი შეკეთება იმავე დღეს განახორციელდა. ვინაიდან დაზიანებული მანქანა დანადგარის შეკეთდა მოწოდებიდან დაუყოვნებლივ - 1 დღეში, იგივე მწარმოებლის ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მოწოდების ვალდებულება მოპასუხეს არ წარმოშობია.

12. აპელანტის ზემომითითებული პრეტენზიები სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და აღნიშნა, ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად საგარანტიო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით, შეტყობინებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში. ამავდროულად, შეტყობინებიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამკვეთისთვის იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში შეთანხმდა, რომ შეტყობინებიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღის ვადაში ამავდროულად, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამკვეთისთვის იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო დაზიანების აღმოფხვრამდე შეტყობინებისთანავე და იმავდროულად უზრუნველეყო მოსარჩელე იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარით. შესაბამისად, მოპასუხეს არ ჰქონდა დაყოვნების უფლება და დანადგარის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე უნდა მიეწოდებინა დაზიანებული დანადგარის სანაცვლო ანალოგიური დანადგარი მოსარჩელისთვის, რაც მის მიერ არ განხორციელებულა.

13. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ შეტყობინების მიღებიდან 2023 წლის 30 ნოემბრიდან 30 კალენდარულ დღეში - იმავე წლის 08 დეკემბერს შეაკეთა დაზიანებული დანადგარი, თუმცა, შეტყობინებიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღის ვადაში ვერ უზრუნველყო დამკვეთისთვის იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე. შესაბამისად, მოპასუხემ/აპელანტმა ხელშეკრულების პირობა დაარღვია, რის გამოც, პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა წარმოეშვა. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო პირველი ინსტანციის სასამართლომ 5-ჯერ შეამცირა - მისი ოდენობა 6 815 ლარით განსაზღვრა.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე აპელანტმა საკასაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

15. კასატორი აცხადებს, რომ 2023 წლის 29 ნოემბრის წერილი მისთვის 30 ნოემბერს გახდა ცნობილი. ხოლო წერილის ფოსტით ჩაბარებამდე, მანქანა-დანადგარის დაზიანების თაობაზე მხარეებს შორის 07 დეკემბერს შედგა პირველი სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც, მოპასუხემ შეიტყო, რომ წერილი ელექტრონული ფოსტითაც ყოფილა გამოგზავნილი. მოპასუხემ მყისიერად მოახდინა რეაგირება, რის შედეგადაც, მანქანა-დანადგარი მოსარჩელემ მოპასუხის მისამართზე წარმოადგინა 08 დეკემბერს, ერთი დღის ვადაში შეაკეთა იგი და აღნიშნულის თაობაზე 08 დეკემბერს მოსარჩელეს აცნობა.

16. კასატორი სადავოდ ხდის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წერილის მიღება- ჩაბარების წესს. ასევე, იმ გარემოებას, თუ რომელი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან უნდა გაეგზავნა შემსყიდველს წერილი.

17. დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდების ვალდებულებასათან მიმართებით კასატორი აღნიშნავს, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე ასეთი ვალდებულება წარმოიშობა მას შემდეგ რაც დადგინდება, რომ შესაკეთებელი მანქანა-დანადგარის დაზიანებაზე ვრცელდება საგარანტიო პირობები. ამდენად, ჯერ დასადგენია დაზიანების გამომწვევი მიზეზი და თუ, საგარანტიო შეკეთებას დაქვემდებარებული შემთხვევა აღმოჩნდება, მხოლოდ მაშინ წარმოიშობა 2 დღის ვადაში იგივე მწარმოებლის ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდების ვალდებულება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე. განსახილველ შემთხვევაში, მანქანა-დანადგარი მოსარჩელემ 2023 წლის 08 დეკემბერს მიაწოდა, რომელიც იმავე დღეს შეაკეთა მოპასუხემ. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგივე მწარმოებლის ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდების ვალდებულება, მოპასუხე კასატორს არ წარმოშობია, რამდენადაც მანქანა-დანადგარი შეკეთდა მიწოდებიდან დაუყოვნებლივ - 1 დღეში.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

20. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

22. ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევა მოსარჩელეს სურს - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაკისრება - სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

23. გასაჩივრებული განჩინებით უცვლელადაა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის 6 815 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაეკისრების შესახებ, რასაც კასატორი სადავოდ ხდის და აცხადებს, რომ მანქანა-დანადგარი მოსარჩელემ 2023 წლის 08 დეკემბერს მიაწოდა, რომელიც იმავე დღეს შეაკეთა კასატორმა და ამდენად, იგივე მწარმოებლის ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდების ვალდებულება, მოპასუხეს არ წარმოშობია (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).

24. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა ვალდებულების დარღვევასთანაა დაკავშირებული. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

25. ამასთან, უფლება პირგასამტეხლოზე აქცესორული ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება.

26. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ., სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26, 2019წ.).

27. პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ., გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებათა სისტემა, თბილისი, 2010წ., 232).

28. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა (იხ., ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93; შდრ: სუსგ-ები: №ას-157-2023, 07 მარტი, 2023 წელი; №ას-213-2023, 11 აპრილი, 2023 წელი).

29. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ შეტყობინების მიღებიდან 2023 წლის 30 ნოემბრიდან 30 კალენდარულ დღეში - იმავე წლის 08 დეკემბერს, შეაკეთა დაზიანებული დანადგარი, თუმცა შეტყობინებიდან არაუმეტეს 2 კალენდარული დღის ვადაში ვერ უზრუნველყო დამკვეთისთვის იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული ანალოგიური ან მსგავსი ფუნქციის მქონე მანქანა-დანადგარის მიწოდება დაზიანების სრულად აღმოფხვრამდე. შესაბამისად, მოპასუხემ/აპელანტმა ხელშეკრულების პირობა დაარღვია, რის გამოც, მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

30. საკასაციო საჩივრის სხვა პრეტენზიებს რაც შეეხება ისინი კასატორს მითითებული ჰქონდა თავის სააპელაციო საჩივარშიც, რასაც ამომწურავად გაეცა პასუხი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, რომლის წინააღმდეგ დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს არ წარმოუდგენია, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

31. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „თ–სს“ (ს.კ: ......) დაუბრუნდეს გ. ქ–ის მიერ 23.02.2026წ. საგადასახადო დავალებით N6847 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 340.75 ლარის 70% – 238.52 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე