არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 31.07.2026
საქმის ნომერი
ას-233-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-233-2026 31 ივლისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „ო.ა-ს–ო“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „გ.ს–ი“ (მოპასუხე, ს/ნ ........)

თავდაპირველი მოპასუხეები - შპს „გ–ი“ (ს/ნ …......), გ.მ–ი

განმცხადებლის მოთხოვნა – საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ.ს–ის“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, ს/ნ ........), შპს „გ–ისა“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, ს.ნ. ........) და გ.მ–ის (შემდეგში - მესამე მოპასუხე) წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში შპს „ო.ა-ს–ომ“ (შემდეგში - მოსარჩელე ან განმცხადებელი) შემდეგი მოთხოვნებით წარადგინა:

- მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს 391 539.62 ევროს გადახდა დაეკისროს;

- ბათილად იქნეს ცნობილი პირველ მოპასუხესა (ს/ნ ..........) და შპს „გ–ს“(ს.ნ. .......) შორის 2016 წლის 19 აპრილს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები და მეორე მოპასუხესა (ს.ნ. .........) და მესამე მოპასუხეს შორის 2019 წლის 6 დეკემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე:

· თეთრიწყარო, ........., ბლოკი N241, ნაკვეთი N001 (ს.კ. ..........);

· თეთრიწყარო, ........., ბლოკი N252, ნაკვეთი N001 (ს.კ. .........);

· თეთრიწყარო, ........., ბლოკი N254, (ს.კ. .........);

· გარდაბანი, სოფელი თელეთი (ს.კ. ..........).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

2.1. თანხის დაკისრების შესახებ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 178 692.77 ევროს, პროცენტის - 116 363.46 ევროსა და პირგასამტეხლოს - 9 648.33 ევროს გადახდა;

2.2. ზემომითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

5. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი პირველმა მოპასუხემ წარმოადგინა.

6. ს–ოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 29 ივნისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში მიიღო.

7. 2026 წლის 14 ივლისს, საქარველოს უზენაეს სასამართლოს მოსარჩელემ საკასაციო შესაგებლით მომართა, რომელშიც წინამდებარე საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ იშუამდგომლა.

- შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ სარჩელით მოთხოვნილი ნასყიდობის ხელშეკრულებები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილადაა ცნობილი. შესაბამისად, თუკი ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება და მოპასუხეები მას საჯარო რეესტრში წარადგენენ, ძალადაკარგულად გამოცხადდება ბათილი გარიგებების საფუძველზე შესრულებული საჯარო რეესტრის ყველა სარეგისტრაციო წარმოება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის ჩარევისა და მისი ინფორმირების გარეშე, ზემომითითებული ქონებები კვლავ პირველი მოპასუხის საკუთრებად აღირიცხება. ასეთ შემთხვევაში კი, არსებობს ამ უკანასკნელის მიერ იმგვარი ქმედების განხორციელების რისკი, რამაც საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების გართულება ან/და შეუძლებლობა შეიძლება გამოიწვიოს. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ მესამე მოპასუხის წინააღმდეგაა მიმართული, რის გამოც საკუთრების უფლების პირველი მოპასუხისთვის დაბრუნების მომენტიდან იგი ძალას კარგავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის შესწავლის, განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, გადაწყვეტილების (სარჩელის) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

9. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი საკასაციო პალატის არაერთ განჩინებაშია განმარტებული.

სსსკ-ის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივ გარანტიაა. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა, ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია, მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში, კერძოდ კი, იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას.

ყველა საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის რეალურ საშიშროებაზე.

მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. იხ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020; №ას-1302-2019, 26.12.2019).

ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოთხოვნის თაობაზე წარდგენილი განცხადება მინიმალური სტანდარტით მაინც საჭიროებს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.

პალატის დასკვნით, სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.

ამავდროულად, მხოლოდ დარღვეულ უფლებასა თუ კანონიერ ინტერესზე აპელირება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველს არ წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი და დასაბუთებული ეჭვი ვალდებულების მომავალში შეუსრულებლობასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველია, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები გადაწყვეტილების აღუსრულებლობის, ან მისი აღსრულების გართულების არგუმენტაციაში უნდა მდგომარეობდეს.

10. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადების საქმის მასალებთან ერთობლიობაში შეფასება მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის.

საქმის მასალებიდან გამომდინარე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად წინამდებარე საქმეზე საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება უკვე გამოყენებულია, კერძოდ:

მოსარჩელის განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მესამე მოპასუხეს აეკრძალა შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკის უფლებით დატვირთვა: - თეთრიწყარო, ........., ბლოკი N241, ნაკვეთი N001 (ს.კ. ..........); - თეთრიწყარო, ........., ბლოკი N252, ნაკვეთი N001 (ს.კ. ...........); - თეთრიწყარო, ........., ბლოკი N254 (ს.კ. ...........); - გარდაბანი, სოფელი .......... (ს.კ. ...........).

ის გარემოება, რომ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება მესამე მოპასუხის მიმართაა გამოყენებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ ფაქტორად ვერ განიხილება. საკასაციო პალატის დასკვნით საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელით შედავებულ ქონებაზეა გამოყენებული და მოსარჩელის საბოლოო წარმატების პირობებში მოგებული მხარე იმ უფლებით აღიჭურვება, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამისი სააღსრულებო წარმოება წამოიწყოს; პალატა ხაზს უსვამს, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის დანაწესიდან გამომდინარე გადაწყვეტილების აღსრულება ერთიანი პროცესია და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღსრულება ერთდროულად მიმდინარეობს, აღნიშნული კი აქარწყლებს შუამდგომლოს ავტორის მოსაზრებას სავარაუდოდ (საბოლოოდ კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ) აღსასრულებელი გადაწყვეტილების ერთი ნაწილის (ქონების თავდაპირველი მესაკუთრისთვის დაბრუნება) აღსრულებისას თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების აღსრულების დაბრკოლების შესახებ.

ამავდროულად, საგულისხმოა, რომ სსსკ-ის 198-ე მუხლის (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები) დანაწესიდან გამომდინარე კონკრეტული მოპასუხის მიმართ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ამ სახის გამოყენებისთვის ქონება სწორედ მის საკუთრებაში უნდა ირიცხებოდეს. განსახილველ შემთხვევაში უძრავი ნივთები შპს „გ.ს–ის“ (მოპასუხე, ს/ნ .........) სახელზე არაა რეგისტრირებული რაც ზემომითითებულ ქონებაზე საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების შესაძლებლობას აბსოლუტურად გამორიცხავს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 194-ე, 406-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო.ა-ს–ოს“ განცხადება საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია