დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 23.07.2026
საქმის ნომერი
ას-1381-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1381-2025

23 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შუახევის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ჯ.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მენარდე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“, „შემკვეთი“) მიმართ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 26 306.26 ლარის გადახდა. სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2020 წლის 30 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №20 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით მენარდეს დაბა ....... უნდა აეშენებინა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი და სახელოვნებო სკოლა;

6.2. ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 597 005.45 ლარი. 2020 წელს ასათვისებელი თანხა შეადგენდა 48 105 ლარს, ხოლო 2021 წელს გათვალისწინებული იყო 548 900.45 ლარის ათვისება. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 30 ოქტომბრამდე პერიოდი, ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერის მომენტიდან და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 31 მარტი;

6.3. ხელშეკრულების მეშვიდე მუხლით, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებზე უარის თქმის და ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით. შემსყიდველმა აიღო პასუხისმგებლობა ანგარიშსწორების ვადის დარღვევისათვის მიმწოდებელს, პირგასამტეხლოს სახით, გადაუხდიდა გადასახდელი თანხის 0,1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი გადააცილებს მის მიერ წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპის ვადას, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ეტაპის ღირებულების 0.05%-ის ოდენობით. შემსყიდველთან შეთანხმების გარეშე ქვეკონტრაქტორის აყვანის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 2,5%-ის ოდენობით;

6.4. ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, აღნიშნული საჯარიმო სანქცია გავრცელდება მიმწოდებელზე მთელი საგარანტიო პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს ოდენობა მიაღწევს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 1%-ს, შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;

6.5. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებულია სს „ს.კ.ჯ.ჰ–ის“ 2020 წლის 24 ნოემბერს გაცემული ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა (საბანკო გარანტია) FG/20 022224 – 29851 ლარზე, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბერი (ჩათვლით);

6.6. ხელშეკრულების მეათე მუხლით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებზე. ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არ შესრულება ან/და არაჯეროვნად შესრულება, ასევე, თუ მიმწოდებელი სამუშაოებს გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული რომელიმე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 80%-ზე ნაკლებს შეასრულებს;

6.7. 2020 წლის 4 დეკემბერს მენარდემ შემკვეთს აცნობა, რომ მშენებლობის დაწყებამდე მათ მიერ მოხდა საპროექტო ნიშნულებისა და პროექტის გადამოწმება, რის შედეგადაც გამოიკვეთა რიგი შეუსაბამობები, კერძოდ:

6.7.1. არსებული შენობის დემონტაჟი 20X10X6,5-ის ნაცვლად არის 30X12X8, რაც 75%-ით მეტია, ვიდრე ხარჯთაღრიცხვითაა წარმოდგენილი;

6.7.2. სამშენებლო ნარჩენების დატვირთვა და გატანა პროექტით წარმოდგენილია 120 ტ. (სავარაუდოდ 10-11 დატვირთული „კამაზი“), რეალურად არის 50-60 დატვირთული „კამაზი“;

6.7.3. პროექტში არ არის კარ-ფანჯრის ზღუდარები, რომლის გაუკეთებლობის შემთხვევაში კედლები დაიწყებს სკდომას;

6.7.4. პროექტით ვიტრაჟებზე მოსაწყობია 100X50X3 მმ. მილკვადრატები, რისთვისაც საჭიროა ფილის ჩასხმისას ჩაიდოს ჩასატანებელი დეტალი (ე.წ. ზაკლადნოი), 288 ცალი 10X15X05 ზომის;

6.7.5. სადემონტაჟო შენობაშია დასაწყობებული სკოლის ინვენტარი, რაც ხელს უშლით მუშაობის დაწყებაში. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიმწოდებელმა მოითხოვა მერიის მხრიდან დროული რეაგირება და პროექტში ცვლილებების განხორციელება;

6.8. შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის 2020 წლის 24 დეკემბერს შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ 2020 წლის 30 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №206 ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 10,88 %;

6.9. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასა და მენარდეს შორის მენარდის 2021 წლის 15 თებერვლისა და 25 მარტის წერილების საფუძველზე, 2021 წლის 1 აპრილს გაფორმდა №1 შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულების პირველი მუხლში, რომლის მიხედვით, „ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგენს 594 747,52 ლარს. 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 48 105 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო 2021 წელს - 546 642,52 ლარის ღირებულების სამუშაოები“;

6.10. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასა და მენარდეს შორის 2021 წლის 29 აპრილს გაფორმდა №2 შეთანხმება, რომლითაც დაკორექტირდა ხელშეკრულება 2021 წლის 1 აპრილს განხორციელებული ცვლილებით. ამ ცვლილების მიხედვით, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით შეადგენს 593 655.18 ლარს. 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 48 105 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო 2021 წელს - 545 550.18 ლარის ღირებულების სამუშაოები;

6.11. 31.01.2021 წლიდან 09.05.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 30 000 ლარი), 15.02.2021 წლიდან 09.05.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 10 000 ლარი) და 01.05.2021 წლიდან 09.05.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 67 140 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 2 207.13 ლარის ოდენობით;

6.12. შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის 2021 წლის 21 მაისს შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 16,64%-ით, თანხით - 33 809,52 ლარი;

6.13. შემკვეთსა და მანარდეს შორის 2021 წლის 13 ივლისს გაფორმდა №3 შეთანხმება, რომლითაც მენარდის 2021 წლის 15 თებერვლისა და 8 ივლისის წერილებისა და 2021 წლის 29 აპრილს გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, 2021 წელს განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა-გრაფიკი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა - 545 550,18 ლარით;

6.14. 31.05.2021 წლიდან 13.07.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 28 590,54 ლარი), 14.07.2021 წლიდან 20.07.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 69 140 ლარი) და 30.06.2021 წლიდან 20.07.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 62 000 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 1 093,12 ლარის ოდენობით;

6.15. შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის 2021 წლის 27 ივლისს შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 23,47%-ით, თანხით - 40 549,46 ლარი;

6.16. 21.07.2021 წლიდან 01.08.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 69140 ლარი), 20.07.2021 წლიდან 01.08.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 62000 ლარი) და 30.07.2021 წლიდან 01.08.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 62 000 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 879,84 ლარის ოდენობით;

6.17. შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის 2021 წლის 23 აგვისტოს შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 28,27%-ით, თანხით - 28471,17 ლარი;

6.18. 02.08.2021 წლიდან 30.08.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 62 000 ლარი), 02.08.2021 წლიდან 30.08.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 62000 ლარი) და 30.08.2021 წლიდან 30.08.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 75 000 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 1835,50 ლარის ოდენობით;

6.19. 2022 წლის 2 სექტემბერს მენარდემ განმარტა, რომ მერიის გადაწყვეტილებით სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის თებერვალში, მარტსა და აპრილში იყო შეჩერებული, ამ პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების მოცულობები გადანაწილებული იყო სხვა თვეებზე, რის გამოც სექტემბერ-ოქტომბრის თვის სამუშაოების მოცულობა გაიზარდა 2-ჯერ, რამაც გამოიწვია შესრულების ვადის გადაცილება, რისთვისაც კომპანიას ერიცხება პირგასამტეხლო და ითხოვა პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლება და სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება 2 თვითა და 15 დღით. ვადის გაგრძელებაზე კომპანიას უარი ეთქვა;

6.20. შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის 2021 წლის 6 სექტემბერს შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 34,24%-ით, თანხით - 35 463,99 ლარი;

6.21. 31.08.2021 წლიდან 07.10.2021 წლამდე ვადაგადაცილებისთვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 62000 ლარი), 31.08.2021 წლიდან 07.10.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 62000 ლარი), 31.08.2021 წლიდან 07.10.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 75000 ლარი) და 29.09.2021 წლიდან 07.10.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 115000 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 4298,50 ლარის ოდენობით;

6.22. 2021 წლის 12 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ 2020 წლის 30 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №206 ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 48,59%-ით, თანხით - 85 146,82 ლარი;

6.23. 08.10.2021 წლიდან 25.10.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 75 000 ლარი) და 08.10.2021 წლიდან 25.10.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 115 000 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 1 710 ლარის ოდენობით;

6.24. 2021 წლის 29 ოქტომბერს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასა და მენარდეს შორის, მენარდის 2021 წლის 28 ოქტომბრის წერილის საფუძველზე, გაფორმდა №4 შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტში და სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 30 ნოემბრამდე;

6.25. 2021 წლის 8 ნოემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ 2020 წლის 30 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №206 ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 53,83%-ით, თანხით - 31134,81 ლარი;

6.26. 26.10.2021 წლიდან 16.11.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 75 000 ლარი) და 26.10.2021 წლიდან 16.11.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 115 000 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 1 995 ლარის ოდენობით;

6.27. 2021 წლის 26 ნოემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 59,80%-ით, თანხით - 35 440,29 ლარი;

6.28. 17.11.2021 წლიდან 28.12.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 75000 ლარი), 17.11.2021 წლიდან 28.12.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 115000 ლარი) და 01.12.2021 წლიდან 28.12.2021 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 115000 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 5 703.74 ლარის ოდენობით;

6.29. 2021 წლის 22 დეკემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასა და მენარდეს შორის, მენარდის 2021 წლის 26 ნოემბრის წერილის საფუძველზე, გაფორმდა №5 შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 593 094.45 ლარით;

6.30. 2021 წლის 28 დეკემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასა და მენარდეს შორის, მენარდის 2021 წლის 6 ნოემბრის წერილის საფუძველზე, გაფორმდა შეთანხმება №6, რომლითაც ცვლილება შევიდა ხელშეკრულების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, ცვლილების შედეგად ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 593 546.58 ლარით;

6.31. 2021 წლის 29 დეკემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმღებ კომისიასა და მენარდეს შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი იმის შესახებ, რომ 2020 წლის 30 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №206 ხელშეკრულებით გათვალისწინებული (დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა) სამუშაოები შესრულებულია 76,97%-ით, თანხით - 101 864.39 ლარი;

6.32. 2022 წლის 28 თებერვალს მენარდემ წერილით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და სამშენებლო მასალების ღირებულების მკვეთრად გაზრდის გამო მოითხოვა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა 30 000 ლარით;

6.33. 2022 წლის 29 მარტს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიასა და მენარდეს შორის, მენარდის 2022 წლის 22 მარტის წერილის საფუძველზე, გაფორმდა №7 შეთანხმება, რომლითაც ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 დეკემბრამდე;

6.34. 29.12.2021 წლიდან 09.01.2022 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 115000 ლარი) და 29.12.2021 წლიდან 09.05.2022 წლამდე ვადაგადაცილებისათვის (შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება 122 410 ლარი) მენარდეს დაეკისრა პირგასამტეხლო 8769,06 ლარის ოდენობით;

6.35. 2022 წლის 08 აგვისტო მენარდემ წერილით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და სამშენებლო მასალების ღირებულების მკვეთრად გაზრდის გამო მოითხოვა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა 30 000 ლარით;

6.36. 2022 წლის 11 აგვისტოს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ მენარდეს წერილით აცნობა, რომ კომპანიას არ დაუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, მშენებლობა შეჩერებულია და მოითხოვეს მშენებლობის გაგრძელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვეტდნენ ხელშეკრულებას. ასევე აცნობეს, რომ კომპანიას წარსადგენი ჰქონდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის ექსპერტიზის დასკვნა;

6.37. 2022 წლის 17 აგვისტოს მენარდემ წერილით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობეს, რომ არ ეთანხმება მერიის 2022 წლის 11 აგვისტოს წერილში მითითებულ ფაქტებს და მიუთითა იმ გარემოებებზე, რამაც შეაფერხა სამუშაოების დროულად დასრულება და მოითხოვა კუთვნილი თანხის ანაზღაურება;

6.38. 2022 წლის 5 სექტემბერს მენარდემ წერილით მიმართა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას და აცნობა, რომ ვინაიდან არ ერიცხებათ შესრულებული სამუშაოებისათვის თანხა, კომპანია განიცდის ფინანსურ პრობლემებს, ამასთან ყოველდღიურად ერიცხებათ პირგასამტეხლო, იძულებულნი არიან 2022 წლის 07 სექტემბრიდან ცალმხრივად შეწყვიტონ ხელშეკრულება;

6.39. შუახევის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 20 სექტემბრის №ბ100.100222635 ბრძანებით ვადამდე შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ მენარდეს დაუკვეთა დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა;

6.40. 2022 წლის 22 სექტემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ მენარდეს წერილით აცნობა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი ფორმა ორის შესაბამისად არ არის სამუშაოები შესრულებული, მათ მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც ერიცხებათ პირგასამტეხლო, ამასთან თუ შესრულებულია ისეთი სამუშაო, რომელიც მათ მიერ არ არის ანაზღაურებული, უნდა წარმოადგინონ საბოლოო ანგარიშსწორებისათვის ექსპერტიზის დასკვნა;

6.41. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2022 წლის 25 ნოემბრის №3773 განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისათვის მენარდეს მიეცა გაფრთხილება, რაც კომპანიის მიერ გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში;

6.42. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი არ ხდის სადავოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესასრულებელი სამუშაოების შესრულების მიღების ფაქტს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს (სააპელაციო სასამართლოს 28.01.2025 სხდომის ოქმი, 13:39:13-13:39:58), თუმცა მიუთითებს, რომ დარჩენილი სამუშაოების დასასრულებლად მუნიციპალიტეტმა ახალი ტენდერი გამოაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი იყო 91000 ლარის ღირებულების სამუშაო, ახალი ტენდერის პირობებში დარჩენილი სამუშაოების ღირებულებამ 121000 ლარი შეადგინა. აპელანტის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ ღირებულების ზრდა შესრულებული სამუშაოების უხარისხობით იყო გამოწვეული, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე ვერ მიუთითა და არც დარჩენილი სამუშაოებისთვის შესასრულებლად ტენდერის გამოცხადების შესახებ რაიმე მტკიცებულებაა საქმეში წარდგენილი. მოსარჩელის განმარტებით კი, ღირებულების შესაძლო მატება სამშენებლო მასალების ღირებულების მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული და მიმწოდებელი ხელშეკრულების შეწყვეტამდე დამკვეთისგან ითხოვდა სამუშაოების ღირებულების 30000 ლარით გაზრდას, რაც 8.09.2022 წლის წერილითაც დასტურდება;

6.43. აპელანტის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისთვის დაკისრებული თანხის - 26 306,28 ლარის დაკავება შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესით. ხელშეკრულების 4.10 მუხლით, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და მენარდე შეთანხმდნენ ასანაზღაურებელი და შესაჩერებელი თანხის ოდენობაზე და იგი შეადგენს არანაკლებ 5%-ს. შეჩერებული თანხის ანაზღაურება მოხდება საბოლოო ანგარიშსწორებისას ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით. აღნიშნული წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიას. მისი მოქმედების ვადაა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი წელი;

6.44. ხელშეკრულება 2022 წლის 20 სექტემბერს შეწყდა, რის გამოც საბოლოო ანგარიშსწორება არ მომხდარა და შესაბამისად, წარდგენილი არ ყოფილა ექსპერტიზის დასკვნა. საყურადღებოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებულ რაიმე პრეტენზიას არ შეიცავს. აპელანტის მითითებით, ხარისხის გარანტიის ფარგლებში დაკავებული თანხის ოდენობა 26 306.28 ლარს შეადგენს;

6.45. მიუხედავად იმისა, რომ მერიის მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე მიღებულია სამუშაოთა ის მოცულობა, რომელთა ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული იყო მითითებული თანხა, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია მოპასუხეს არ წარუდგენია (სააპელაციო სასამართლოს 28.01.2025 წლის სხდომის ოქმი, 14:22:25), დამკვეთის მიერ დაკავებული თანხა შემსრულებლისთვის დაბრუნებული არ არის და ვინაიდან ხარისხზე შედავება არც წარდგენილი შესაგებლით განხორციელებულა, სააპელაციო სასამართლო ასკვნის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესრულებული სამუშაოები ხარვეზების გარეშე შესრულდა, შესაბამისად, დამკვეთს გააჩნდა ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული თანხის დაბრუნების ვალდებულება.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის სადავოა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხარისხის გარანტიისთვის დაკავებული თანხის დაბრუნება.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულების 4.10 მუხლის თანახმად, შუახევის მუნიციპალიტეტის მერია და მენარდე შეთანხმდნენ ასანაზღაურებელი და შესაჩერებელი თანხის ოდენობაზე და იგი შეადგენს არანაკლებ 5%-ს. შეჩერებული თანხის ანაზღაურება მოხდება საბოლოო ანგარიშსწორებისას ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით. აღნიშნული წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიას. მისი მოქმედების ვადაა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთი წელი. აღნიშნული ხარისხის გარანტიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მიერ დაკავებული თანხის ოდენობაა 26 306,28 ლარი. ხელშეკრულება შეწყდა 2022 წლის 20 სექტემბერს, შესაბამისად, ვერ შედგა საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი და ექსპერტიზის დასკვნა.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ არსებობს ხელშეკრულების 4.10. მუხლით გათვალისწინებული ხარისხის გარანტიისთვის დაკავებული თანხის დაყოვნების საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში არ დადასტურდა შესრულებული სამუშაოების ხარისხის ხარვეზი, რომლის გამოსწორების გარანტიას წარმოადგენს დაკავებული თანხა 5%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ გარანტიით უზრუნველყოფილი სამუშაოები მერიის მიერ მიღებულია და მის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ წარდგენილა. სამუშაოები შესრულებულია, რაც მერიამ მიიღო და სამუშაოების ხარისხზე არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს. არ დგინდება ვალდებულების ნაწილის დაგვიანებით შესრულების გამო, რაიმე სახის ზიანის წარმოშობის ფაქტი. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამკვეთს ხელშეკრულების 4.10. მუხლიდან გამომდინარე, გააჩნდა ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული თანხის დაბრუნების ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის 26306,28 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

11.1. სასამართლო 6.4.42; 6.4.44 და 6.4.45 პუნქტებში არასწორად უთითებს თითქოს შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას პრეტენზია არ განუცხადებია მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მოცულობაზე. სამუშაოების ხარისხისა და მოცულობის ავკარგიანობაზე მუნიციპალიტეტი ვერ იმსჯელებდა, რადგან ამისათვის საჭიროა კომპეტენტური პირის/ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში კი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელიც სამუშაოების შემსრულებელს არ წარმოუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენის ვალდებულება მას გააჩნდა ხელშეკრულების 4.10 პუნქტის შესაბამისად. მენარდეს არ წარმოუდგენია ხელშეკრულების 4.10 პუნქტით გათვალისწინებული, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს საექსპერტო დასკვნა, რომლის გარეშეც ვერ შედგებოდა შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, ამ უკანასკნელის გარეშე კი მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი არ იყო სრულად მოეხდინა ანგარიშსწორება;

11.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს რამდენიმე პირობა კუმულატიურად, კერძოდ: მოპასუხის გამდიდრება, მოპასუხის გამდიდრების შესატყვისად მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი, მატერიალურ სიკეთეთა ამგვარი გადანაცვლების უსაფუძვლობა ქონების გადაცემის ფაქტი, რასაც არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნული 3 პირობიდან მოცემულ შემთხვევაში ორი არ არის დამდგარი, კერძოდ, (1) სამუშაოები ფინანსდებოდა აჭარის ა. რ. რესპუბლიკის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერის სახით. შემსრულებელზე ასანაზღაურებელ თანხას სამინისტრო მერიას ურიცხავდა მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის შემდეგ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ოდენობით, ოღონდ აჩერებდა 4.10 პუნქტით გათვალისწინებულ თანხას. ბუნებრივია, მუნიციპალიტეტი ვერ შეძლებდა ამ თანხის შემსრულებელზე ჩარიცხვას, რადგან ის დღემდე არ გადმოგვცემია; (2) ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ფინანსური სიკეთის ამდაგვარი გადანაცვლების საფუძველი არსებობდა ხელშეკრულების 4.10 პუნქტიდან გამომდინარე.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე სხვა საკითხებთან ერთად ითხოვდა შემკვეთის/მოპასუხის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სახით დაკავებული თანხის 26 306.28 ლარის დაბრუნებას. საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარმოდგენილი პრეტენზიების გათვალისწინებით სწორედ ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერებაა შესაფასებელი.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილია ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა (სსკ-ის 629-ე, 648-ე მუხლები). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, (იხ. სუსგ-ები: №ას-1142-2021, 2022 წლის 10 ნოემბერი; №ას-1315-2020, 2021 წლის 9 სექტემბერი; №ას-764-2019, 2019 წლის 2 მარტი). „ნარდობა დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან – შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს, შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით, შესრულებული სამუშაოს შედეგი. შემკვეთი მოვალეა, გადაუხადოს მენარდეს საზღაური, როგორც წესი, სამუშაოს შესრულების შემდეგ“ (იხ. ზურაბ ძლიერიშვილი, „ნარდობის ხელშეკრულება“ (თეორია და პრაქტიკა, თბილისი, 2016წ., გვ.288).

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში - „სსკ“) 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

20. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის ფარგლებში შემკვეთი თანხის დაკავების მართლზომიერებას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მენარდის მიერ არ წარდგენილა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც შესრულებული სამუშაოების ხარისხს დაადასტურებდა.

22. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.10 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგნის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესრულებული სამუშაოების ხარისხი, მოცულობა, ღირებულება და მათი შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი აქტების (ფორმა N2) გათვალისწინებით უნდა დადასტურდეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საექსპერტო დასკვნით ან სხვა აკრედიტებული პირის დასკვნით. დასკვნის მოპოვებამდე შემსყიდველი უფლებამოსილია შესრულებულ სამუშაოზე შეაჩეროს მიღება-ჩაბარება და საბოლოო ანგარიშსწორება. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები გაფორმდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოების შესახებ ინფორმაციების გათვალისწინებით, რომლებშიც მხარეთა შეთანხმებით მითითებული იქნება ასანაზღაურებელი და შესაჩერებელი თანხების ოდენობა, არანაკლებ 5%-სა. შეჩერებული თანხების ანაზღაურება მოხდება საბოლოო ანგარიშსწორებისას ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით ან/და შემდგომი შუალედური ანგარიშსწორებისას მიღება-ჩაბარების აქტებში გათვალისწინებული ოდენობით.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სამართლის სუბიექტთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის შეფასებისთვის, მისი სადავოობისას, გადამწყვეტია ამ სუბიექტთა ნამდვილი ნების გამოვლენა, რომლის საფუძველზე დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასება სასამართლოს კომპეტენციაა.

24. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსენსუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსი, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა.

25. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება.

26. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ საქმე Nას-574-2021, 9 სექტემბერი, 2021 წელი).

27. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულების 4.10 მუხლის, როგორც სიტყვა-სიტყვითი, ასევე აზრობრივი განმარტებიდან, დგინდება დაკავებული თანხის მიზნობრიობა, კერძოდ, აღნიშნული ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით უნდა მომხდარიყო. მოცემულ შემთხვევაში, შემკვეთის მიერ სწორედ ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული თანხის უკან დაბრუნებაა სადავოდ გამხდარი, რომელიც მენარდის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულების ასანაზღაურებელი თანხიდან დაკავდა.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის ფარგლებში სადავო არ არის, რომ მენარდეს ხელშეკრულებით ნაკისრი სამუშაოები სრულად არ შეუსრულებია და შემკვეთმა შუახევის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 20 სექტემბრის №ბ100.100222635 ბრძანებით ვადამდე შეწყვიტა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც შუახევის მუნიციპალიტეტის მერიამ მენარდეს დაუკვეთა დაბა ....... მოსწავლე ახალგაზრდობის სახლისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს დადგენილი აქვს გარემოება, რომლის თანახმად, მერიის მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტებით, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე მიღებულია სამუშაოთა ის მოცულობა, რომელთა ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული იყო მითითებული თანხა, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია მოპასუხეს არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქმის განხილვის დროს აპელანტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მუნიციპალიტეტი არ ხდის სადავოდ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესასრულებელი სამუშაოების შესრულების მიღების ფაქტს და შესრულებული სამუშაოების ხარისხს (იხ. წინამდებარე განჩინების 6.42 და 6.45 პუნქტები). საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით კვალიფიციური შედავება არც საკასაციო საჩივრის ფარგლებში წარმოდგენილა. მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის ვალდებულება, რის შემდგომაც მოხდებოდა საბოლოო ანგარიშსწორება. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მენარდის ვალდებულება წარედგინა ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს (იხ. ტ.2, ს.ფ. 37-47, ასევე ხელშეკრულების 4.10 მუხლი, მუხლი 6 რომლითაც განსაზღვრულია მიმწოდებლის ვალდებულება). ასეთ პირობებში, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს (მოპასუხეს) ეკისრება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1324-2019, 12 მარტი, 2021 წელი; საქმე №ას-58-2020, 11 მარტი, 2020 წელი). მას ევალება სპეციალურ მტკიცებულებაზე მითითებით (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა) დაამტკიცოს მენარდის მხრიდან ნაკლიანი შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია სამუშაოები სრულად არ დასრულებულა, თუმცა შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით პრეტენზიის არარსებობის, გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტების პირობებში, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ დამკვეთს გააჩნდა ხარისხის უზრუნველსაყოფად დაკავებული თანხის დაბრუნების ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში ის გარემოება, რომ შემკვეთმა მენარდის მიერ განხორციელებული ნაკლის გამო პრეტენზია განაცხადა, მენარდეს დამატებითი ვადა დაუწესა - საქმეში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმის მასალებით არც ის ფაქტი დგინდება, რომ ნაკლიანი შესრულება შემკვეთმა არ მიიღო.

29. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხეს (კასატორი) რაიმე პრეტენზია ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებით არ გააჩნდა. მას ამ თვალსაზრისით, კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია და არც საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულება ადასტურებს, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოები ხელშეკრულების მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. მართალია უდავოა, რომ მხარეთა შორის ნაკისრი ვალდებულებები მენარდის მიერ სრულად არ დასრულებულა, თუმცა მოპასუხის მიერ წარდგენილი პოზიციიდან არ ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული სამუშაოების შესწორება, მისი მოშლა და სამუშაოების თავიდან ჩატარება გახდა საჭირო. ახალმა მენარდემ მხოლოდ ის დაუმთავრებელი სამუშაო დაასრულა, რომლის ვადაში დასრულებაც ვერ მოხერხდა. მითითებული ცხადყოფს, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულდა, რომლის ხარისხის შემოწმებაც შემკვეთის ვალდებულება იყო, რაც შემკვეთმა არ განახორციელა. მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების უხარისხობის ფაქტი კი, საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება.

30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

32. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-574-2021, 9 სექტემბერი 2021 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

3.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

ლევან ნემსაძე