საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-917-2025
23 ივლისი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ე–მა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“, „შემკვეთი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ე–მას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს 204 601.17 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 26 ოქტომბერს დადებული №652 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა შემცირებული პირგასამტეხლოს - 20 460.17 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ე–მას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 74 596.20 ლარის ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. 2018 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N652 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის საგანსაც წარმოადგენდა საძილე ტომრების შესყიდვა; ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 976 615 ლარს;
6.2. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება შესაძლებელი იყო ეტაპობრივად, ამასთან, იგი უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ საკუთარი ხარჯებით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის ვადაში, 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით;
6.3. მხარეთა შეთანხმებებით ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენიმეჯერ შეიცვალა. საბოლოოდ, N652/6 შეთანხმებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 17 თებერვლის ჩათვლით პერიოდი;
6.4. ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში (მათ შორის, ვადის დარღვევით, უხარისხო, არასრული მოცულობით, საჭირო დოკუმენტაციის გარეშე შესრულების შემთხვევაში), მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
6.5. ხელშეკრულების 16.7 პუნქტის შესაბამისად, დღეების მიხედვით პირგასამტეხლოს დარიცხვა შეწყდებოდა მხარის მიერ ვალდებულების შესრულების შემდეგ ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ იმის მიხედვით, თუ გარემოებიდან რომელი უფრო ადრე დადგებოდა;
6.6. ხელშეკრულების 11.2 პუნქტის შესაბამისად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში, საქონლის მიწოდების თარიღად ჩაითვლებოდა შემსყიდველისათვის საქონლის დროებით შენახვაზე გაფორმებული მიღების აქტის თარიღი;
6.7. ხელშეკრულების 16.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვანი) შესრულებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით;
6.8. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად და დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება. კომპანიას საძილე ტომრები უნდა მოეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში ანუ 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით, ღირებულებით 976 615,20 ლარი. კომპანიამ 587 682,48 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განახორციელა ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით, ხოლო 388 932,72 ლარის ღირებულების საქონელი საერთოდ არ მიუწოდებია. მითითებულის გათვალისწინებით დაანგარიშდა პირგასამტეხლო, რომლის ოდენობამაც, ჯამში, 204 601,17 ლარი შეადგინა. პირგასამტეხლოს ზუსტი დაანგარიშება წარდგენილია მოსარჩელის 2020 წლის 7 აგვისტოს N652-1 აქტში, რომლის საფუძველზეც დგინდება, რომ 204 601,17 ლარიდან 165 707.9 ლარი არის ხელშეკრულების 16.1.1 პუნქტის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო - პროდუქციის ვადის დარღვევით მიწოდების გამო, პროდუქციის ღირებულების 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, ხოლო 38 893.27 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულების 16.8 პუნქტის საფუძველზე დაკისრებულ პირგასამტეხლოს - მიუწოდებელი საქონლის ღირებულების - 388 932,72 ლარის 10%-ს (დეტალური დაანგარიშება იხ: ტ.1, ს.ფ. 47);
6.9. საქმეში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე, პალატას დადასტურებულად მიაჩნია გარემოება, რომ მოსარჩელეს სს „პ.ბ–საგან“ სრულად აქვს მიღებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა 19 533 ლარის ოდენობით (იხ. ტ.1. ს.ფ. 353). აღნიშნული გარემოება მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. აპელანტის მიერ სადავოდ არის გამხდარი მხოლოდ სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა შეაფასა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა.
8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ხელშეკრულება ვალდებულების დარღვევის სამ სხვადასხვა შემთხვევაში ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. კერძოდ: 1) ხელშეკრულების 16.1.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო შესრულების ვადის დარღვევისათვის, ვადაგადაცილებით მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2) ხელშეკრულების 16.8 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის ან მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ (არაჯეროვნად) შესრულებისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო მიუწოდებელი შესყიდვის ობიექტის ღირებულების 10%-oს ოდენობით და 3) ხელშეკრულების პირობების სრულად შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების ორი სხვადასხვა წინაპირობა - მიწოდების ვადაგადაცილება (16.1.1 მუხლი) და ნაწილობრივი შეუსრულებლობა (16.8 მუხლის პირველი ნაწილი). დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობამ მიწოდების ვადაგადაცილებისათვის შეადგინა 165 707.9 ლარი, ხოლო ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის - 38 893.27 ლარი (მიუწოდებელი საქონლის ღირებულების - 388 932,72 ლარის 10%).
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორივე მითითებული შემთხვევიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა - 204 601,17 ლარი, ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი 10-ჯერ შეამცირა, რასაც სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოსარჩელე არ მიუთითებს ასეთ გარემოებაზე), პალატა მიიჩნევს, რომ მიწოდების ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო 165 707.9 ლარის ოდენობით უნდა შეფასდეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად, იგი უნდა შემცირდეს 3-ჯერ და განისაზღვროს 55 236 ლარით.
11. რაც შეეხება ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს ოდენობას (38 893.27 ლარი), ამ ნაწილში პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გათვალისწინებული არ ყოფილა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა 19 533 ლარი, რომელიც მოსარჩელეს სრულად აქვს მიღებული. შესაბამისად, აღნიშნული თანხა უნდა გამოაკლდეს ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს თანხას - 38 893.27 ლარს და შედეგად, ხელშეკრულების 16.8 მუხლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 19 360.2 ლარით.
12. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს, ჯამში, 74 596.20 ლარით (55 236 + 19 360.20), რაც უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სამინისტროს მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება.
14. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
14.1. მართალია, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გაზარდა, თუმცა მხარეთა შორის ხელშეკრულების საფუძველზე, თავისუფალი ნების პირობებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა შეამცირა;
14.2. წინამდებარე დავის ფარგლებში სადავო არ არის, რომ ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა, შესაბამისად, არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების კანონისმიერი საფუძველი;
14.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, როდესაც ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტია მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს. შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის;
14.4. მოპასუხე კომპანია წარმოადგენს სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილ სუბიექტს და აქვს კვალიფიციური იურიდიული მომსახურების მიღების შესაძლებლობა. თავის მხრივ, ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო;
14.5. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება არ არის საერთო სტანდარტი. ამასთან, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისთვის არ არის მიზანშეწონილი სასამართლოს მხრიდან ავტომატურად შემცირდეს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, რამდენად მართლზომიერად განსაზღვრა ქვედა ინსტანციის სასამართლომ მოპასუხისათვის/მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლო უპირველესად ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების ორი სხვადასხვა წინაპირობა - მიწოდების ვადაგადაცილება (16.1.1 მუხლი) და ნაწილობრივი შეუსრულებლობა (16.8 მუხლის პირველი ნაწილი). დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობამ მიწოდების ვადაგადაცილებისათვის შეადგინა 165 707.9 ლარი, ხოლო ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის - 38 897 ლარი (მიუწოდებელი საქონლის ღირებულების - 388 932,72 ლარის 10%). ამასთან, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით (სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ოდენობას გამოაკლო ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის სახით გაცემული თანხა 19 533 ლარი) კასატორს კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი გაუხდია სადავოდ, რომლის შესაბამისად, საქმეში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიაჩნია გარემოება, რომ მოსარჩელეს სს „პ.ბ–საგან“ სრულად აქვს მიღებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა 19 533 ლარის ოდენობით (იხ. ტ.1. ს.ფ. 353). საკასაციო პრეტენზიები მიმართულია პირგასამტეხლოს ოდენობის სსსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე შემცირებისკენ, შესაბამისად, სწორედ მიწოდების ვადაგადაცილებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებაზე იმსჯელებს საკასაციო პალატა.
20. კასატორი დავობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვადაგადაცილებით მოხდა, ხოლო მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელთანაც პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა ნამდვილი ნების საფუძველზე განხორციელდა, არ არსებობს მისი ოდენობის შემცირების საფუძველი.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე Nას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი; Nას-1520-2018, 28 დეკემბერი, 2018 წელი).
22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 6 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი; Nას-31-2021, 7 ივლისი, 2022 წელი).
24. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
25. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი მიწოდების ვადები. კერძოდ, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სრულად და დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდება. კომპანიას საძილე ტომრები უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 კალენდარული დღის განმავლობაში ანუ 2019 წლის 25 მარტის ჩათვლით, ღირებულებით 976 615,20 ლარი. კომპანიამ 587 682,48 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განახორციელა ეტაპობრივად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილებით, ამ ნაწილში შემკვეთის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 165 707,9 ლარის ოდენობით (იხ. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით დეტალური გაანგარიშება ტ. 1, ს.ფ. 46,47). შესაბამისად, სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება არამართებულად მოხდა.
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (იხ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604-605.).
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (იხ: სუსგ №ას-189-2022, 16 სექტემბერი 2022 წელი; №ას-1206-2023, 17 ნოემბერი 2023 წელი).
30. პირგასამტეხლოს ძირითადი არსის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოს მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულება, ასევე, ამ თვალსაზრისით პრევენციული ფუნქციის განხორციელების მიზნით, ხოლო დარღვევის შემთხვევაში - კრედიტორს მისცეს შესაძლებლობა, მტკიცების გარეშე, დარღვევის ფაქტიდან გამომდინარე, მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს დარღვევის ხასიათი და სიმძიმე. სასამართლოსათვის სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მოითხოვს იმგვარ დასაბუთებას, რომ კრედიტორს სიმბოლურად კი არ მიეკუთვნოს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის გამო განცდილი ზიანის ანაზღაურება, არამედ - როგორც კონკრეტულ, ისე განზოგადებულ შემთხვევაში, მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა რეალურად - ფინანსური სახით შეუსრულებელი ვალდებულების გამო.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესის გამოყენებისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს კონტრაჰენტთა, როგორც ხელშემკვრელ პირთა, სტატუსი და როდესაც საკითხი მეწარმე სუბიექტის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებას ეხება, მას ფიზიკური პირისაგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით უნდა მოეთხოვოს შეუსრულებელი ვალდებულების გამო მხარისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია.
32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ საქმე Nას-888-2020, 10 დეკემბერი 2020 წელი).
33. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23, საქმე Nას-330-2023, 31 ოქტომბერი 2023 წელი).
34. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, მეწარმე სუბიექტია, ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, საძილე ტომრების შესყიდვა უნდა მომხდარიყო. სამინისტროს (მოსარჩელის) ფუნქციებისა და საქმიანობის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადაში შესრულების ინტერესი ცალსახად გამომდინარეობს ხელშეკრულების საგნიდან. ამასთან, ვადაგადაცილება სხვადასხვა ღირებულების შემთხვევაში განსხვავებული იყო, თუმცა დაახლოებით ვადაგადაცილებული დღეების ოდენობა 231 დღიდან 325 დღემდე მერყეობდა (იხ. ტ. 1, ს.ფ 46,47), რაც დარღვევის მაღალ ხარისხზე მიუთითებს. წინამდებარე დავის ფარგლებში, წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში, მოპასუხე მიუთითებდა პირგასამტეხლოს შემცირებაზე იმ საფუძვლით, რომ ვადის დარღვევა მცირე იყო და მოსარჩელეს ზიანი არ განუცდია. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის დასახელებული შედავება არაკვალიფიციური და არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტებიდან.
35. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „მეწარმე სუბიექტი“, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).
36. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებული დღეების ნაწილში 55 236 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც სამინისტროს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა.
37. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 185 068.17 ლარის (165 707.9 + 19 360.27) ოდენობით.
38. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 16 303.71 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს ე–მას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 185 068.17 ლარის გადახდა;
5. შპს ე–მას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის – 16 303.71 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე