დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ა-1520-შ-38-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1520-შ-38-2025

30 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით

შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქ. მინსკის ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ–ი“

წარმომადგენელი - გ.ს–ი

განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 26.09.2024 წლის განჩინება სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 26.09.2024 წლის განჩინებით: მიღებულ იქნა ქალაქ მინსკის ზავოდსკის რაიონის პროკურორის მიერ წარდგენილი სარჩელის უარყოფა, რომელიც შეტანილი იყო ღია სააქციო საზოგადოების „მინსკის საავტომობილო ქარხნის“ (ბელარუსის რესპუბლიკა) მიერ შპს „ბ–ის“ (საქართველო) წინააღმდეგ, 1 091 198 რუსული რუბლისა და 09 კაპიკის დაკისრების თაობაზე; შეწყდა საქმის წარმოება. ეკონომიკურ სასამართლოში იგივე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელახალი მიმართვა დაუშვებელია; შპს „ბ–ის“ ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 1 907 ბელარუსული რუბლი და 04 კაპიკი, რაც ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კურსით განჩინების გამოტანის დღისთვის შეადგენდა 54 891 რუსულ რუბლსა და 49 კაპიკს.

2. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქ. მინსკის ინსპექციამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 26.09.2024 წლის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი ცნობებით ირკვევა, რომ განჩინება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში 2024 წლის 18 ოქტომბრიდან და ექვემდებარება აღსრულებას.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქ. მინსკის ინსპექციის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

5. საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინების ასლი შუამდგომლობასთან ერთად გაეგზავნა და ჩაჰბარდა შპს „ბ–ის“ დირექტორს - გ.ჩ–ძეს, 2025 წლის 01 ივლისს.

6. შპს „ბ–ის“ წარმომადგენელმა გ.ს–მა, 2025 წლის 4 ივლისს, ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქ. მინსკის ინსპექციის შუამდგომლობაზე წარმოადგინა მოსაზრება და მოითხოვა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.

7. შპს „ბ–ის“ წარმომადგენლის განმარტებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შპს „ბ–ის“ უცხო ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე შეტყობინება არ მიუღია, მას არ ჩაჰბარებია საქმის მასალები და მონაწილეობა არ მიუღია სასამართლო პროცესში („სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 52-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

8. შპს „ბ–ის“ წარმომადგენლის განმარტებით, თუ მოხდება ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 26.09.2024 წლის განჩინების, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, ცნობა-აღსრულებით დაირღვევა საქართველოს სახელმწიფოს საჯარო წესრიგი, საქართველოს სახელმწიფო ინტერესები და საერთაშორისო ვალდებულებები, რადგან ბელარუსის რესპუბლიკა, მისი სახელმწიფო სტრუქტურები და, ასევე, მიმღები ბანკი მოქცეულია საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ამასთან, საქართველოს ბანკების მიერ ბელარუსბანკში თანხის გადარიცხვა არ ხდება.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2026 წლის 28 აპრილს, 12:30 საათზე, საქმეზე დაინიშნა ზეპირი მოსმენა.

10. 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო სხდომაზე შპს „ბ–ის“ წარმომადგენელმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ თუ ბელარუსბანკში თანხას ჩარიცხავს, ისიც სანქციების ქვეშ მოექცევა. ადვოკატის განმარტებით, უცხო ქვეყნის სასამართლოს განჩინების ცნობა-აღსრულება საქართველოს სახელმწიფოს საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. 70-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

12. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს. შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.

13. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.

15. revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას. ცნობისა და აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს/არბიტრაჟის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ №ა-2761-შ-69-2016, 07.07.2017წ.,პუნ.13; №ა-6902-შ-167-2024, 18.09.2025წ.).

16. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია როგორც კონვენციის 55-ე მუხლში (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; გ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს), ისე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

17. შპს "ბ–ის" წარმომადგენელი, წერილობითი პოზიციის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების ერთ-ერთ დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ შპს "ბ–ის" უცხო ქვეყნის სასამართლო უწყება და საპროცესო დოკუმენტები არ ჩაჰბარებია.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შუამდგომლობას ერთვის უცხო ქვეყნის სასამართლოს მოხელის მიერ გაცემული ცნობა, რომ შპს „ბ–ი“ სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, თუმცა მას საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.

19. საკასაციო სასამართლოს განმარტებების თანახმად, სასამართლო აქტის მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ იგი არ იყო სათანადოდ ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ, არასაკმარისი მტკიცებულებაა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლებას დასაბუთებული მტკიცებულება სჭირდება. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას, როდესაც შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიცავს მკაფიო მითითებას კანონით დადგენილი წესით მოპასუხის ინფორმირების თაობაზე, მოპასუხეა ვალდებული ამტკიცოს, რომ მას არ მიუღია მონაწილეობა საქმის განხილვაში, იმის გამო, რომ კანონით დადგენილი წესით არ გადასცეს უწყება სასამართლოში გამოძახების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება თავისი პოზიციის დასადასტურებლად და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულების გასაბათილებლად, არ წარმოუდგენია (შდრ. სუსგ. №ა-4687-შ-141-2021, 29.09.2022წ., №ა-3096-შ-83-2025, 09.10.2025წ.).

20. შესაბამისად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს "ბ–ის" წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ მოპასუხე არ იყო ჯეროვანი წესით ინფორმირებული სასამართლო განხილვის შესახებ. ასევე, დაუსაბუთებელია პოზიცია, რომ მოპასუხეს არ ჩაჰბარებია საპროცესო დოკუმენტები.

21. რაც შეეხება შპს „ბ–ის“ მიერ წარმოდგენილ შედავებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დაკისრებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურება გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში, აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს და საჯარო წესრიგს, საკასაციო პალატა, სანამ უპასუხებს წარმოდგენილ პრეტენზიას, ყურადღებას გაამახვილებს "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის სამართლის ნორმები არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. აღნიშნულში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა საკუთრების, ხელშეკრულებისა, მეწარმეობის თავისუფლებანი და ა.შ. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ზიანს აყენებს პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს.

22. საკასაციო სასამართლოს განმარტების თანახმად (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6.7.2015 წ.). საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში გავრცელება ჰპოვა აგრეთვე ე.წ. „სარკისებური ასახვის პრინციპმა“, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების მცნობ სასამართლოს სარკისებურად გადააქვს თავისი ქვეყნის წესები გადაწყვეტილების მიღების კომპეტენციის შესახებ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე. ამ მხრივ, სახელმწიფოთა მიერ სხვა ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაზე უარის თქმის საუკეთესო საშუალებად აღიარებულია დათქმა „საჯარო წესრიგის შესახებ“. კანონის ყველა ნორმის დარღვევა ან/და ადგილობრივ კანონთან ყველა შეუსაბამობა არ წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას. გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულებით უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ დადგენილი იმპერატიული ნორმების დარღვევა. ცნობა-აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს არ მოეთხოვება განსაზღვროს, მთელი გადაწყვეტილება არღვევს თუ არა საჯარო წესრიგს, არამედ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება თავისი ხასიათით წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას.

23.„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველო კანონით გათვალისწინებული საჯარო წესრიგის ნორმების მოქმედების სფერო არ შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტალური პრინციპების დაცვით, არამედ, ასევე, საჯარო სამართლის (მაგალითად ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, პოლიტიკური უფლებების) დაცვაში. ამრიგად, საჯარო წესრიგის ნორმები მოწოდებულია, დაიცვას ცნობა-აღმსრულებელი სასამართლოს ქვეყნის მართლწესრიგი უცხო ქვეყნის სამართლებრივი ნორმების მოქმედებისგან, რომლებიც ფუნდამენტურად შეუთავსებელია მასთან _ ეკონომიკური, მორალური თუ პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. სასამართლო მოწოდებულია, უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ზემოთ აღნიშნული ფუნდამენტური სამართლებრივი პრინციპების ხელშეუხებლობა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. სწორედ ასეთი მიდგომაა გათვალისწინებული ზემოთ მოხმობილი„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით.

24. საჯარო წესრიგის დიფერენცირება ხდება, ასევე, მისი ბუნებიდან გამომდინარე. საჯარო წესრიგი ქვეყნის კანონმდებლობის იმპერატიული ნორმების ერთობლიობას მოიცავს. საპროცესო-სამართლებრივი საჯარო წესრიგი დარღვეულად ითვლება, როცა სასამართლო წარმოების დროს დარღვეულია იმ ქვეყნის საპროცესო სამართლებრივი იმპერატიული ნორმები, სადაც, გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება არის მოთხოვნილი. საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული იმპერატიული ნორმების დარღვევა წარმოადგენს საჯარო წესრიგის დარღვევას.

25. საპროცესო სამართლებრივი საჯარო წესრიგი წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართლებრივი ყველა ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპის ერთობლიობას. სახელმწიფო გადაწყვეტილების აღსრულებისას შებოჭილია საპროცესო სამართლებრივი საჯარო წესრიგის იმპერატიული ნორმებით და ვალდებულია, დაიცვას „საპროცესო სამართლიანობის ფუნდამენტალური ნორმები“.

26. ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი შეფასებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო, მოწინააღმდეგე მხარის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ აღსასრულებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილია სასამართლო ხარჯების ანაზღაურება და იმ პირობებში, როდესაც ბელორუსში ოპერირებენ სხვადასხვა კომერციული ბანკები, მხარე ვერ ასაბუთებს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების არსებობას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს, არ არსებობს მის ცნობაზე და აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გადაწყვეტილება საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას და დაექვემდებაროს აღსრულებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბელარუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და მოსაკრებლების სამინისტროს ქ. მინსკის ინსპექციის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 26.09.2024 წლის განჩინების, სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის ეკონომიკური სასამართლოს 26.09.2024 წლის განჩინება, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, რომლითაც მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო შეწყდა საქმის წარმოება შპს „ბ–ის“ მიმართ; ბელარუსის რესპუბლიკის ბიუჯეტის სასარგებლოდ შპს „ბ–ის“ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 1907 ბელარუსული რუბლი და 4 კაპიკი, რაც ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კურსით განჩინების გამოტანის დღისთვის შეადგენდა 54 891 რუსულ რუბლსა და 49 კაპიკს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი